სასოს ნუ წარიკვეთთ, მამაო, ყველა ღრუბელს კი არ მოაქვს ჭექა-ქუხილი. თქვენ წერთ, რომ უღმერთოებმა ბულგარეთში თავიანთი კავშირი შექმნეს და ღიად იბრძვიან ქრისტეს რჯულის წინააღმდეგ, შეურაცხყოფენ ქრისტიანულ სიწმიდეებს. ამას თქვენ სასოწარკვეთილებამდე მიჰყავხართ. ღრმად ჩაიხედეთ საკუთარ სულში და შეხედეთ, ძლიერია კი თქვენი პირადი რწმენა? რამეთუ სასოწარკვეთილება - ნაყოფია მცირედმორწმუნეობისა, და არა - ჭეშმარიტი ღვთისმოსაობისა. ღვთისმოსავი მტკიცედ ებრძვის სასოწარკვეთილებას რწმენის უძლეველი იარაღით. განმარტოება - საჯილდაო ქვა გახლავთ. გამოსცადეთ საკუთარი რწმენა განმარტოებისას. რაც უნდა ამაღლდეს უღმერთო ხალხის წინაშე, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი სასოწარკვეთილებაში ვარდება. ხოლო მორწმუნე განმარტოებისას ძალთა მოზღვავებასა და სიხარულს შეიგრძნობს. ნურასოდეს შეგეშინდებათ მათი, ვინც ქრისტეს სიმაგრე მიატოვა და გარედან გესხმით თავს. მათი ყოველი დარტყმა ამტკიცებს დუღაბს ეკლესიისას, ხოლო მათ აუძლურებს.
გაიხსენეთ პავლე მოციქული, მარტოდ დარჩენილი წარმართულ უკუნსა და ებრაულ მძვინვარებას შორის. მას, დევნილსა და დაჭრილს სასო არ წარუკვეთავს. რამდენადაც მისმა სიტყვებმა შეუწყვეს ხელი ქრისტიანობის გარვცელებას, იმდენადვე უწყობდნენ ამას ხელს მტრული დარტყმები. ისინი, ვინც გვეგონა, რომ ანგრევდნენ, უნებლიედ განამტკიცებდნენ; ისინი ვინც აქრობდნენ ღვთაებრიე ცეცხლს, სინამდვილეში აღვივებდნენ მას. ეს საიდუმლო უცხოა უღმერთოთათვის და ისინი ვერასოდეს შეიტყობენ მის შესახებ ისინი ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ უფლის საქმეთა დანგრევა იმავე საშუალებებითაა შესაძლებელი, რაც - ადამიანურის. ქრისტესთან ერთად ზეციდან მიწაზე ჩამოსული სიყვარულის ღვთაებრივი ცეცხლის ჩაქრობას მხოლოდ ღვთიურ ცეცხლზე ძლიერი ცეცხლი შესძლებდა. და სად არის ასეთი ცეცხლი? სად არის უღმერთოს სიყვარული? მათი ზრახვების წყარო მიწიერ სამეფოშია და არა - ზეციურში. ხოლო მიწიერს არ ძალუძს, დაამარცხოს ქრისტე. გაიხსენეთ იულიანე განდგომილი, რომელიც ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ომს წარმართავდა, შეიარაღებული ყოველგვარი მიწიერი იარაღითა და სამეფო ხელისუფლებით. განა შეუშინდნენ მას ბასილი დიდი და ათანასე დიდი? ისინი ეკლესიისაგან განდგომილ მეფეს მოახლოვებულ და სამარცხვინო სიკვდილს უწინასწარმეტყველებდნენ. „გადაივლის ეს ღრუბელი!“ - ეუბნებოდა წმიდა ათანასე თავის მრევლს. და გადაირა კიდეც, ისევე როგორც გადაივლის უღვთოების ყველა ღრუბელი. ღრუბელსა და ნისლს პეტრე მოციქულის სიტყვებით ქარი წაიღებს (იხ. 2 პეტ. 2,17). გაიხსენეთ ზაგორელი მოწამენიც. სტარა-ზაგორა ბალკანური მართლმადიდებლობის სიამაყეა! მათ მოწამეობრივი აღსასრული მიიღეს, მაგრამ დაუმარცხებელნი დარჩნენ და მათ გამარჯვება დღემდე შთააგონებს ბულგარელ ხალხს მამაცობასა და თავგანწირვას რწმენაში; ღირსი იოანე რილელი ძალით აღგვავსებს, ხოლო ტირნოველი წმიდა მამები კი ქრისტეს სასუფევლიდან ღვთის კურთხევას გვიგზავნიან.
თქვენ ახალგაზრდა მღვდელი ბრძანდებით და არ გახსოვთ ბულგარეთა ტანჯვა, რომელმაც თავის დროზე მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს შეუძრა გული და სინდისი. თუმცა ვფიქრობ, ბულგარეთში არცთუ ცოტანი დარჩნენ იმ საშინელების თვითმხილველნი, როცა ულამაზესი მიწა ბულგარეთისა წითლად შეიღება ქრისტიანთა სისხლით. და მაინც, თუკი გაუმაძღარმა ოსმანურმა მახვილმა ვერ შესძლო ბულგარელი ხალხის რწმენის შერყევა, ნუთუ ვიღაცის ფუჭი ლაპარაკი შეარყევს?! განა შეარყევენ მას ფუჭი დაპირებები მიწაზე ზოოლოგიური სამოთხის შესახებ?! დაპირებანი იმ უბედურთა, რომელნიც საკუთარი ხალხის უდიდეს სულს მოწყვეტილნი, გაემგზავრნენ დასავლეთში, უსულოთაგან სული რომ ეყიდათ? მათ იგი იყიდეს, ოღონდ - მკვდარი, ნუთუ ცოცხლები შეუშინდებიან მკვდარს? რა თქმა უნდა - არა.
შეიძლება, ბულგარელმა ხალხმა მოუსმინოს კიდეც ამ ახალ მოძღვრებას, რომელიც უღმერთოდ ბედნიერების შესახებ ქადაგებს, მაგრამ სწრაფად და გადაჭრით ზურგს შეაქცევს მათ, მიმართავს ქრისტეს და პეტრე მოციქულთან ერთად შესძახებს: „უფალო, ვისა მივიდეთ ჩვენ? რამეთუ სიტყვანი ცხორებისა საუკუნოისანი გქონან შენ“ (იოან. 6,68).
მშვიდობა თქვენ და სიხარული უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 86), თბილისი, 2005 წ.