შენ გსურს, იცოდე, თუ რას აღნიშნავს სამი ასო, რომლებიც მაცხოვრის ხატზე გამოისახება, კერძოდ შარავანდედზე მისი თავის ირგვლივ. ეს გახლავთ სამი ბერძნული ასო - ΟΩΝ.
ეს ბერძნული ასოები აღნიშნავენ „არსებულს“, ანუ „მყოფს“, სერბულ ენაზე სამი სიტყვით ითარგმნება: „ის, რომელიც არის“, ასე ვკითხულობთ ძველ აღთქმაშიც: „და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ, რომელი ვარ. და თქუა: „ესრეთ არქუ ძეთა ისრაელისათა რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა“ (გამოს. 3,14). იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში უფლის სახელის შესახებ შემდეგს ვკითხულობთ: „იოანე შვიდთა ეკლესიათა ასიაჲსათა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისაგან, რომელი არს“. ამ სიტყვით ანუ არსებულით, მარადის მყოფით - გამოხატულია ღვთაებრივი ბუნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მარადიული მამისაგან, მარადიული ძე, ნათელია - მამა, ნათელია ძეც. მამა-ღმერთი და ძეც - ღმერთი. როგორ შეიძლებოდა, სხვაგვარად ყოფილიყო?
იმავე ხატებას ვხედავთ მიწაზეც, მიწიერ, სხეულებრივ არსებებშიც: როგორიცაა ბუნება მშობლისა, ისეთივეა შთამომავლობაც. ხორციელია მშობელი - ხორციელია შთამომავლობაც. მოკვდავია მშობელი - მოკვდავია შთამომავლობა. დროითა და სივრცით შეზღუდულია მშობელი - შეზღუდულია შთამომავლობა. მარადიულობას კი საზღვარი არ აქვს, ამიტომაც მარადიულისაგან ნაშობი - მარადიულია. ძე ღვთისა იმავე ბუნებისაა, როგორისაც მისი მარადიული მამა. თუკი მამა მარადის მყოფი, მარად არსებული, მარად უცვლელია, შვილიც მარადი მამის მსგავსია. ამიტომ ძე ღვთისას შეეძლო, საკუთარ თავზე ეთქვა: „მე და მამაა ჩემი ერთ ვართ“ (იოან. 10,30).
მაგრამ იმის გათვალისწინქბით, რომ ღმერთი სულია, მარადიული დაბადება ძისა სულიერად ასე უნდა გავიგოთ: როგორც წესი, ადამიანთათვის ძნელია, გათავისუფლდნენ დროებითი სიმბოლოებისაგან და წარმოდგენებისაგან მიწიერ დაბადებასთან დაკავშირებით, როდესაც ღმერთსა და მის ძეზე ფიქრობენ. მაგრამ წარმოიდგინე, თუ როგორ შობს სიყვარული სიბრძნეს: ეს დაგეხმარება ამოუწურავი ზეციური საიდუმლოებების შეცნობაში. წმინდა სიყვარულის მომხვეჭი ადამიანი ჭეშმარიტ სიბრძნესაც მოიხვეჭს. ადამიანს, რომელსაც სიყვარული არ აქვს, არც სიბრძნე გაენდობა.
მაგრამ მარადიულ ზეციურ საიდუმლოთა კვლევისას ზომა და სიმშვიდეა ბაჭირო. განა საკმარისი არ არის ჩვენთვის, რაც უფლის წყალობით გაგვენდო? ჩვენ კი ის გაგვენდო, რომ ძე ღვთისა ხორცშესხმული მოგვევლინა დედამიწაზე, ყოვლადწმიდა მარიამისაგან შობილი. მან საკუთარი სულიერი, ღვთაებრივი არსება ადამიანური სულითა და ხორცით აღჭურვა და ადამიანთა შორის განკაცდა მაგრამ ამასთანავე იგი ერთი წამითაც არ გამოყოფილა მარადიულობისაგან და არც თავისი მარადიული მშობლისაგან. მას არ შეუწყვეტია არსებობა როგორც ჭეშმარიტს, უცვლელს, მარადიულს. იგი, როგორც ადამიანი, ცვლილებებისადმია მიდრეკილი: იზრდებოდა, შიმშილობდა, იტანჯებოდა, აღესრულა, მაგრამ, როგორც ღმერთი უცვლელი რჩებოდა: სრული ღმერთი და სრული კაცი.
ერთ ძველ ხალხურ ლეგენდაში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ უწინ თურმე მერცხლებს აციებისას თბილ მხარეში გაფრენა არ შეეძლოთ. როცა ჩამოთოვდა და ყინვა დაჰკრავდა, ისინი ტანჯვით იღუპებოდნენ. ამის შემხედვარე ერთ გულმოწყალე ადამიანს მერცხლები ებრალებოდა და ყველაფერს აკეთებდა, რაც იცოდა და შეეძლო, რომ მათთვის სამხრეთისაკენ ფრენა ესწავლებინა. იგი ფრინველებს ნიშანს აძლევდა - მერცხლები მათ ვერ იგებდნენ. კაცი საკვებით სამხრეთისაკენ იტყუებდა - არ შველოდა, აშინებდა და სდევნიდა მათ - ამაოდ. არაფერი გამოსდიოდა. მაშინ იგი შეევედრა ღმერთს, რომ თავადაც მერცხლად ექცია. უფალმა მისი თხოვნა შეასრულა და კაცი მერცხლად აქცია, რომელსაც შეეძლო, ადამიანის მსგავსად ეაზროვნა და შეეგრძნო. ადამიანმა-მერცხალმა ადვილად გააგებინა მერცხლებს და შემოდგომით ისინი თბილი ქვეყნებისაკენ წაიყვანა. მას შემდეგ მერცხლებმა სამხრეთისკენ ფრენა ისწავლეს. რათქმაუნდა, ეს მხოლოდ პოეტური გამონაგონია, მაგრამ დაე იგი შენ დაგეხმაროს თუნდაც მცირეოდენ მაინც, გაიგო თუ - მარადიულია სიბრძნე, ნაშობი მარადიული სიყვარულისაგან როგორ განსხეულდა და იქცა კაცად ადამიანთა შორის, რათა ისინი, შერყეულნი მიწიერი მწუხარებისაგან, ახალი გზით წაეყვანა თბილ ქვეყნებში, უფლის სამეფოში, „სადაც არ არის არც ავადმყოფობა, არც მწუხარება, არც ტანჯვა“. მაგრამ თვით მცირე ადამიანურ სხეულშიც დიდებული უფალი ჭეშმარიტი, უცვლელი და მარადიული რჩებოდა.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 93), თბილისი, 2005 წ.