შენც და შენი მოხუცი დედაც მართლმადიდებელი რწმენის ერთგულნი ხართ. მას შემდეგ, რაც თქვენ მარხვის, ლოცვის, მოწყალებისა და ზიარების მცნებათა დაცვა იწყეთ, ჭეშმარიტების საიდუმლონი უფრო ხშირად იხსნებიან თქვენთვის. ჭეშმარიტად, ეს მართებული გზაა: შეცნობილში ვარჯიშს შეუცნობლის შეცნობამდე მივყავართ. მდუმარე და ხანგრძლივ ლოცვაში გამოავლენს ჭეშმარიტება საკუთარ თავს. მაგრამ გული შენი სურვილით იწვის, რომ სხვა მრავალნიც დააყენოს ჭეშმარიტების გზაზე. თუმცა ადამიანები მაინც ადამიანები არიან. ვიღაცას გონება სიცრუით აქვს დაბნელებული, ვიღაცას ვნებამ გული გაუქვავა და შენ არაფერი გამოგდის. აუცილებელია განწმენდის ხანგრძლივი გზა. ერთმა მუშამ შეკითხვით გაგაოცა: „ვინ დამიმტკიცებს, რომ ღმერთი არსებობს?!“ შენ კი დაბნეულმა არ იცი, მას რა უპასუხო. თავდაპირველად ილოცე მისთვის, შემდეგ კი ასე უთხარი: ბალახი დაგიმტკიცებს, თუკი მტკიცებულებას ეძებ, ის შენს ფეხქვეშაა. მოწმე მწვანე ბალახია „და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ“ (შეად. დაბ. 1,11) (წაიკითხე წიგნი დაბადებისა 1 გვერდი).
დაგიმტკიცებენ მზე, მთვარე და ვარსკვლავნი, თუკი მოწმეებს თავს ზევით ეძებთ, დაგემოწმებიან ნათელი მზე, წყნარი მთვარე და ვარსკვლავთა გუნდი. მიჰყევი მათ წარმოშობას, - დასასრულს ვერ იპოვი მანამ, ვიდრე იმ დღესა და საათამდე არ მიხვალ, როდესაც უკუნისა და ქაოსის თავზე გაისმა სიტყვა უფლისა: „იქმენინ მნათობნი სამყაროს შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი“ (შეად. დაბ. 1,14,16).
დაგიმტკიცებს მთელი სამყარო, დაგიმტკიცებს ჰაერი. ეძებ კი მოწმეებს შენს ირგვლივ?! დაგემოწმებიან - ზღვა და ჰაერი, მთები და მუხნარი, ჭიანჭველათა ბუდეები და ფუტკრის სკები, ყოველი მაცხოვრებელი წყლისა და ხმელეთისა, მთები და ტყეები. მიჰყევი მათ წარმოშობას, არ გადაუხვიო არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, მაგრამ თითოეულ მათგანს გზა ჰკითხე და იმ სადღესასწაულო საათამდე მიხვალ, როდესაც ზეციდან გაისმა ხმა სიყვარულისა: „იქმენინ, და იქმნა ეგრეთ“ (შეად. დაბ. 1).
დაგიმტკიცებენ სახედარი და ხარი, წინასწარმეტყველის სიტყვებით, რომელიც ღაღადებს: „იცნა ხარმან მომგებელი, და ვირმან ბაგა უფლისა თჳსისა; ხოლო ისრაელმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო“ (ეს. 1,3).
მითხარ ძმაო, ცისქვეშეთში არსებული რომელი არსებათაგანი არ ამტკიცებს უფლის არსებობას?! ას წელიწადს გაძლევ უნაყოფო ტანჯვისა, რათა მოძებნო თუნდაც ერთი ბალახის ღერი, რომელიც საკუთარი შემოქმედის დიდებულ ყოფიერებას არ ამოწმებს. მაგრამ, ამაო ძებნის დრო რომ შეგიმცირო, დაგეხმარები მოძებნო ის, ვინც არ ამტკიცებს უფლის არსებობას, - ერთადერთი მთელს სამყაროში, ერთადერთი - ცოდვით წახდენილი ადამიანი!
ამტკიცებს წესრიგი და საზომი, რიცხვები და ღვთაებრივი ჰარმონია, მთელი სამყაროს არსებათა ცეცხლი. მოწმობს გონი და სინდისი ყველა წმიდა და მართალი სულისა. მაგრამ ყველასა და ყველაფერზე მოწმობს თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელშიც უდიდესი და მარადიული ღმერთი განკაცდა, ხორცშესხმული გამოგვეცხადა, ადამიანებთან მივიდა, გაგვიმხილა საიდუმლონი. გვიჩვენა გზა, სამოთხე გვიჩვენა. მას ვისაც სურდა, რომ თვალითაც ეხილა ღმერთი და ყურითაც გაეგონა მისი, თხოვნა შეუსრულა, როდესაც მოევლინა ქრისტე, ხედავდნენ კიდეც, ესმოდათ კიდეც და ახალი სიცოცხლითაც აღივსნენ.
შეგიძლია, ასე უპასუხო იმ საწყალ სულს, რომელიც ღმერთს ეძებს და მისი ნახვა და მოსმენა სწყურია, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რისი თქმაც შეიძლება. ეს მხოლოდ ერთი თაიგულია უფლის დიდი მინდვრიდან, რომელზეც ყველაფერი შემოქმედის შესახებ მეტყველებს და იმისათვის იზრდება, რათა მის შესახებ დაამოწმოს: დაე წავიდეს და იხილოს! შენ კი, შვილო, სათნოებაში განმტკიცდი, არ გადაიხარო არც მარჯვნივ და არც მარცხნივ ხსნის გზიდან. ახლოა საათი სიკვდილისა, იქ კი სიკვდილის შემდგომ - სამსჯავრო უფლისა იმის შესახებ, თუ როგორ ვამოწმებდით ჩვენ, მორწმუნენი ღმერთს და იმ სამსჯავროზე ადამიანთა ორი სახის ჯარი იქნება: ერთი - უფლის დიდებით შემკული, რომელსაც არ შერცხვა ქრისტესი, ხოლო მეორე - მისგან განზე მდგომი - რომელსაც ერცხვინება მისი - „ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა“ (მარკ. 8,38).
„მისიონერული წერილები“ (წერილი 99), თბილისი, 2005 წ.