წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე

ჭეშმარიტი სიცოცხლე

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაინც სიმართლეა: ჩვენ ამქვეყნად იმისათვის მოვდივართ, რათა მისგან თავი ვიხსნათ ისევე, როგორც აღამიანები ომში იმიტომ კი არ მიდიან, რომ ამით თავი შეიქციონ, არამედ თავი იხსნან მისგან!

დიდი სიკეთისათვის მიდიან ადამიანები საომრად; მიწიერ სიცოცხლეზე მეტი მადლისათვის, მარადიული და უკეთესი ცხოვრებისათვის ვიბადებით ამქვეყნად.

ჭეშმარიტი ქრისტიანები თავიანთ ცხოვრებას ყოველთვის სამხედრო სამსახურად თვლიდნენ. როგორც ჯარისკაცები ითვლიან თავიანთი სამსახურის თითოეულ დღეს და სიხარულით ფიქრობენ შინ დაბრუნებაზე, ასევე ქრისტიანებს გამუდმებით ახსოვთ თავიანთი სიცოცხლის დასასრული და ზეციურ სამშობლოში დაბრუნება.

თანასწორობა

ღმერთი სიყვარულია, მაგრამ ეს თანასწორობას როდი ნიშნავს; თანასწორობა განდევნიდა სამართლიანობასაც, სიყვარულსაც და ზნეობასაც.

არის თუ არა ცოლქმრული სიყვარული თანასწორი?

არის თუ არა დედაშვილური სიყვარული თანასწორი?

განა მეგობრების სიყვარული თანასწორია?

ღვთისა და ადამიანის სიყვარულის თანასწორობის არარსებობა სამართლიანობის საფუძველია და სიყვარულის გამაღვივებელი.

სანამ სიყვარული არსებობს, თანასწორობაზე არავინ ფიქრობს.

სანამ სამართლიანობა მეფობს, თანასწორობა არავის ახსოვს.

როდესაც სიყვარული ქრება, ადამიანები საუბრობენ სამართლიანობაზე და თანასწორობას გულისხმობენ.

როდესაც სიყვარულთან ერთად თანასწორობაც ქრება, იწყებენ თანასწორობაზე საუბარს და უზნეობას გულისხმობენ, ანუ განდევნილ ზნეობას ბიწიერებას უნაცვლებენ.

სიყვარულის საფლავზე სამართლიანობა ამოიზრდება, სამართლიანობის საფლავზე კი - თანასწორობა.

სიცოცხლის არსი

თუკი ღმერთი გწამს და ფიქრობ, რომ გრძნობიერი და ბუნებრივი მადლი ერთადერთია, რომელიც ადამიანს ღვთისაგან ეძლევა, მაშინ იცოდე, რომ არასწორად ფიქრობ მასზე.

ნებისმიერი გრძნობიერი და ბუნებრივი სიამოვნებანი მწუხარებით მთავრდება. ღმერთი კი მონადირე როდია, რომელიც ტკბილი სატყუარით მიიზიდავს მხეცს ხაფანგში.

გრძნობიერი და ბუნებრივი მადლი ღვთის მეორე ხელიდან ბოძებული საჩუქარია. ღვთის საჩუქარი პირველი ხელიღან სულიერი ნიჭებია.

გრძნობიერ და ბუნებრღვ მადლს ღმერთი ადამიანებს აძლევს ერთადერთი მიზნით - ამით შეახსენოს მათ უმაღლესი, უტკბილესი და მარადიული მადლის შესახებ; ისინი მომავალი მადლის წინაწარმოსახვაა. უგუნურია ის, ვისაც ეს არ ესმის, და ისიც, ვინც ამას ვერ გაითავისებს.

გრძნობიერი და ბუნებრივი მადლი, ისევე, როგორც მთელი თვალუწვდენელი სამყარო, მხოლოდ მეფის მოწოდებაა ნადიმზე. დიდება მას, ვინც ამ მიწვევას ნადიმად არ მიიღებს.

ორმაგად უბედურია ის, ვინც დაკმაყოფილდება მიწვევით და ამაოებასა და პატივმოყვარე უგუნურებაში ზეციურ მეუფეს დაივიწყებს.

სხვადასხვაგვარი მადლი

როდესაც ადამიანის ყოფა ღვთით არაა აღვსებული, არც სიცოცხლითაა სავსე: იგი უნაყოფო და უსიცოცხლო უდაბნოს მსგავსია.

ყოველი არსება სიცარიელე და ვაკუუმია, თუ იგი ღვთით არაა აღსავსე.

ყოველი სული მკვდარია, თუ ღვთით არაა ავსებული. ადამიანები იმდენად არიან ცოცხალნი, რამდენადაც მათში ღმერთი სახლობს, რამეთუ მხოლოდ ღმერთია სიცოცხლე.

ამიტომ ილუზიაა ის, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ცოცხლად ჩათვალო. არიან ცოცხალნი და უსიცოცხლონი, რაც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მკვიდრობს მათში უფალი, სიცოცხლე, რომელსაც ისინი საკუთარ თავში ატარებენ.

შიშით გეუბნები: არსებობენ უსიცოცხლო ადამიანები, ისინი თითქოს არ არსებობენ. მაგრამ ისინი ცოცხალთაგან ისევე განსხვავდებიან, როგორც სიზმრისეული საგნები ცხადისაგან. თუმცა გამოუცდელთ ისინი ასეთივე ცოცხლები ჰგონიათ!

ისინი ხომ არსებობენ! განა არა? - იკითხავ შენ. დიახ, მაგრამ ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კვამლი კიდევ დიდხანს ასდის ნაცარს.

ავსიტყვაობა

რომელ ბოროტებაზე საუბრობენ ადამიანები განსაკუთრებული კმაყოფილებით? - სხვის ცოდვებსა და საკუთარ წარმატებებზე.

ბრძოლა არსებობისათვის

შეხედე, ნუ მიეცემი ილუზიებს, რომელსაც მიღებულია, ერქვას „ბრძოლა სიცოცხლისათვის“. ამ სიტყვებს აზრი აქვს, თუკი ისინი ნიშნავს - „ბრძოლას ღვთისათვის“, სხვაგვარად ისინი უაზროა. მათთვისაც, ვინც თავისი სიცოცხლე ღმერთში ჰპოვა, არ არსებობს არავითარი „ბრძოლა სიცოცხლისათვის“. ღმერთი არავისთან არანაირ ბრძოლას არ აწარმოებს. თვითონ ღმერთის თანამყოფობა გამარჯვებაა.

ბრძოლა არსებობისათვის, საზოგადოდ მიღებული გაგებით, ნიშნავს ბრძოლას მიწაზე სხეულის არსებობის გახანგრძლივებისათვის. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ბრძოლა არსებობისათვის, ეს არის ბრძოლა სხეულისათვის.

ამ დევიზის ილუზიურობა იქიდან ჩანს, რომ ადამიანები, რომლებმაც მის შესახებ არ იციან, რომლებიც საკუთარი სხეულისაგან კულტს არ ქმნიან, ხშირად იმათზე უფრო ხანგრძლივად და ბედნიერად ცხოვრობდნენ, ვინც ამას მისდევდა.

სიცოცხლე შემოქმედისაგან გვეძლევა

წარმოიდგინე, რომ ზეთით სავსე ქოთნებმა ერთმანეთს დაუწყონ ბრძოლა იმის თაობაზე, რომელი იქნეს მათგან შენახული და რომელი - დამტვრეული. რას იზამს მექოთნე? იგი გადმოასხამს მათგან ზეთს, რომელიც ქოთნებზე უფრო ძვირფასია, ცოტა ხნით დააკვირდება ქოთნების თავშესაქცევ ბრძოლას, ბოლოს კი დაამტვრევს მათ და ახლებს გააკეთებს.

მათ, ვინც არ ფიქრობს ღმერთზე, როგორც სიცოცხლის წყაროზე, უფალი ართმევს მის მიერვე ბოძებულ სიცოცხლესა და სულს და ცარიელ ქოთნებს ტოვებს.

ტანჯვის საზომი

მებაღე ტოტებს ჭრის, რათა ხე სწრაფად გაიზარდოს და უკეთესი ნაყოფი მოიტანოს. თუ იგი გადაამეტებს და ზედმეტს მოჭრის, ხე გახმება.

გწამდეს, რომ შენი ტანჯვა არასოდეს გადასცდება საზღვრებს. ღმერთი ნებისმიერ მებაღეზე მეტი მზრუნველობითა და გულმოწყალებით ზრუნავს თითოეულ ადამიანზე.

მოუსმინე, როგორ მსჯელობს ღირსი ნილოს სორელი; „თუ მექოთნემ თიხის ცეცხლში გაჩერების ზომა იცის, რათა იგი არ გასკდეს, ნუთუ ღმერთმა არ იცის ჩვენი ტანჯვის საზღვრები?“ გჯეროდეს, ღმერთს ადამიანზე მეტი განსჯის უნარი აქვს.

საკუთარი თავის ფლობა

ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გულს ვერ ფლობენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ თავიანთი ენის ფლობა.

ადამიანები, რომლებიც საკუთარ გულში მშვიდობას ვერ ინარჩუნებენ, ვერ შეინარჩუნებენ მას სახელმწიფოში.

ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში მშვიდობას ვერ ხედავენ, სამყაროში თავიანთ ადგილს ვერ დაინახავენ.

ადამიანებს, რომლებიც სხვის ტკივილს ვერ გაიზიარებენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ შეიგრძონ სხვისი ბედნიერების სიხარული.

მიღწევები

ყოველგვარი მიღწევა, სწავლასა თუ შრომაში, შრომითა და ძალისხმევით, მაგრამ ღვთის გარეშე მოპოვებული, აძლიერებს მიღწევის წყურვილს. შესაძლოა, შენს მიღწევაში ყველაზე გულმოდგინე შრომა გქონდეს ჩადებული, მაგრამ ღვთის გარეშე იგი მაინც ცოდვაა. ყოველი ცოდვა კი აძლიერებს ახალი ცოდვის წყურვილს.

იგივე, მაგრამ უკვე ღვთის სახელით ქმნილი, ადამიანს ბედნიერს ხდის, რამეთუ წყურვილს აკმაყოფილებს.

ღვთის სახელით

ყოველივეს, რასაც ღვთის გულისათვის დაკარგავ, მოპოვებულია; ყოველივეს, რასაც საკუთარი თავისათვის შეინახავ, დაკარგულია.

ყველაფერი, რასაც ღვთის სახელით გასცემ, ასმაგად აგინაზღაურდება; ყოველივე, რასაც შენი სახელისა და პატივმოყვარეობისათვის გაიღებ, დაკარგულია.

ყოველივე, რასაც მიიღებ ადამიანთაგან უფლის სახელით, სიხარულს მოგანიჭებს; ყოველივე, რასაც ადამიანთაგან ჯილდოს სახით მიიღებ, მხოლოდ საზრუნავს გაგიმრავლებს.

ღვთისადმი დამოკიდებულება

ზოგჯერ ადამიანები ამახინჯებენ თავიანთ დამოკიდებულებას ღმერთთან, რადგან ვერ ხედავენ მასში ერთადერთ რეალობასა და ფასეულობას; ამის შედეგად ისინი ყოველგვარ ადამიანურ ურთიერთობაში ცრუნი ხდებიან. მაშინ ფასეულობად ითვლება წარმოდგენა და გამონაგონი, ცხოვრება კი აჩრდილთა მოძრაობას ემსგავსება, როდესაც მზე ღრუბლებს მოეფარება.

ცრუ თეორიები ღმერთზე დაუყოვნებლივ გაიყოლიებენ თან ცრუ სამეცნიერო, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თეორიებს. ერთი სიცრუე მეორეს ბადებს, პირველი ერწყმის მეორეს, მეორე საშველად მესამეს უხმობს.

მაშინ მოხერხებულობა სათნოებაზე მეტად ფასდება, რაოდენობა ხარისხს აღემატება.

და მაშინ, ბოლოს, ადამიანები ხვდებიან, რომ ისინი იძირებიან სიცრუეში და ყვირიან: ყველგან სიცრუეა! მაგრამ ჭეშმარიტებას არავინ უბრუნდება. ისევე, როგორც ნაპირს დაშორებული მოცურავეები ძალას კარგავენ, ერთმანეთს ებღაუჭებიან და იძირებიან, რადგან დაბნეულობასა და შიშში ავიწყდებათ, საით დარჩა ნაპირი და ვისთან უნდა ეძიონ შველა.

ასეთ დროს სამყაროს დაღუპვისაგან იხსნის ათიოდე მართალი - ღვთის ადამიანები, რომელთა არყოფნამაც სოდომი და გომორი დაღუპა.

ბუნება ჩვენი მეგობარია

ბუნება მეგობარია; იგი იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანისათვის მეგობარი და დამხმარე იყოს და არა მონა ანდა ჯალათი. ადამიანები, რომლებიც ბუნებას მონად აქცევენ, თვითონ ხდებიან მისი მტერნი და ჯალათნი.

ბალკანეთზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ბუნების პატივისცემა და გულმოწყალება. ჯერ კიდევ არსებობს ჩვევა: თუ გლეხს ხის მოჭრა, ბალახის მოთიბვა ანდა საქონლის დაკვლა სურს, იგი პირჯვარს იწერს და ამბობს: „შემინდე, ღმერთო!“

ხალხები, რომლებიც ბუნებას სამკვდრო-სასიცოცხლო ომს უცხადებენ, საკუთარ თავზე უამრავ უბედურებას მოიწევდნენ და მოიწევენ; რამეთუ ის, ვინც ბუნებასთან მშვიდობიან ურთიეროობას დაარღვევს, უცილობლად არღვევს აგრეთვე კეთილ დამოკიდებულებას ღმერთთან.

დისტანცია

ყველგან დისტანცია დაიცავი, სული კი ღმერთს მიუახლოვე.

თუ ცეცხლში წყალს ჩაასხამ, არც ცეცხლი გექნება და არც წყალი.

თუ სხვისას მოისურვებ და შენსას შეიძულებ, ერთსაც დაკარგავ და მეორესაც.

თუ მიეახლები მოსამსახურეს, როგორც ცოლს, არც ცოლი გეყოლება და არც მოსამსახურე.

თუ ხშირად სვამ სხვისი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს, საკუთარს დაკარგავ.

თუ გამუდმებით ითვლი სხვის ფულს, სულ უფრო ნაკლები გექნება საკუთარი.

თუ გამუდმებით ითვლი სხვის ცოდვებს, საკუთარს განამრავლებ.

თუ მელიის მადევარი მას დაეწევი, მამალს დაიბრუნებ; თუ დათვის მადევარი მას დაეწევი, ვერც მამალს დაიბრუნებ და თავსაც დაიღუპავ.

სათნოების დამაბრკოლებელი

ბევრს ეჩვენება, რომ სხვა ადგილას რომ იყვნენ, უკეთესები იქნებოდნენ.

მდიდრებს ეჩვენებათ, რომ სათნოებას ხელს უშლის სიმდიდრე, ღარიბს - სიღარიბე, მეცნიერს - სიბრძნე, უმეცარს - უცოდინრობა, ავადმყოფს - ავადმყოფობა, მოხუცს - მოხუცებულობა და ახალგაზრდას - ახალგაზრდობა.

ეს მხოლოდ თავის მოტყუება და საკუთარი სულიერი დამარცხების აღიარებაა. წარმოიდგინეთ, რომ ცუდი მეომარი თავს იმართლებდეს: ამ ადგილას მე დავმარცხდები, სხვაგან გამიშვით და მამაცი ვიქნები! ნამდვილი მეომარი ყოველთვის ვაჟკაცურია, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს იგი თუ ომში დაეცემა.

წმიდა მეფე ლაზარეს ბრძოლის ველი რომ დაეტოვებინა, დამარცხებულად ჩაითვლებოდა; მაგრამ ცოცხლად დარჩენილი ბოლომდე მტკიცედ იდგა და გაიმარჯვა.

ადამმა სამოთხეში რწმენა დაკარგა, იობმა წყლულებაში განიმტკიცა რწმენა. ილია წინასწარმეტყველს არცერთხელ არ უთქვამს: შიმშილი ღვთის მორჩილებაში ხელს მიშლის! მეფე დავითი არ ამბობდა, სამეფო გვირგვინი ჩემს მორჩილებას ხელს უშლისო.

რწმენა სიყვარულის საფუძველია

რწმენა სიყვარულის საფუძველია. განუწყვყტლივ შეინარჩუნე იგი, შეინარჩუნე სიყვარულის თესლი, რომელიც თავის თავში რწმენას ატარებს, რათა იგი გაიზარდოს და სიხარულის მოტანა შეძლოს; რამეთუ რწმენა თავისთავად, სიყვარულის გარეშე გაყინულია და უსიხარულო.

მაგრამ თუ შენში სიყვარული გაცივდება, სიხარულის ნაყოფს ვერ მოიტანს, გადაარჩინე რწმენა და ელოდე.

ნებისმიერ ფასად გადაარჩინე რწმენა; და ელოდე, ელოდე, სანამ მისგან სიყვარული არ ამოიზრდება. სიყვარულის დაკარგვით ხის ნაყოფს დაკარგავ; რწმენის დაკარგვით კი თვითონ ხეს დაღუპავ.

თუ შიმშილობის წელი დადგება და ყანა მოსავალს არ მოიტანს, მოთმინების მქონე პატრონი მას ორმაგი გულმოდგინებით დაამუშავებს. მეზობლები ეუბნებიან, გაყიდეო იგი. ის კი დუმს და მუშაობს. თუ შემდეგ წელს ყანა მოსავალს კვლავ არ მოიტანს, იგი გულმოდგინებას ზრდის. მეზობლები კვლავ ურჩევენ მის გაყიდვას. ის დუმს და მუშაობს. და როდესაც მესამე წელს ყანას მოსავალი მოაქვს, ის სამმაგად ხარობს. მაშინ მეზობლები დუმილს ამჯობინებენ, ის კი ხარობს. ყანა რომ გაეყიდა, რა უნდა გახარებოდა?

სიყვარულის სიტყვა

ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა „სიყვარული“, რათა მათ ასე დაერქმიათ მისადმი დამოკიდებულებისათვის.

როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და მას თავიანთ მიწიერ დამოკიდებულებას არქმევენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს.

სიტყვები თავიანთ წმიდა და ღვთაებრივ ძალას კარგავენ და თითქოსდა კვდებიან; ისევე, როგორც ჩრდილოეთში გადარგული სამხრეთული ხე ჭკნება და კვდება.

სიბრძნე

როდესაც ადამიანები ხარბად წარსტაცებენ ბუნებას ოქროს, ის მათ ოქროს ნაცვლად შხამს აძლევს.

როდესაც ადამიანები ხარბად გამოსწოვენ ბუნებას ცოდნას, იგი მათ ჭეშმარიტი ცოდნის ნაცვლად ფერად ჩხრიალებს აძლევს.

როდესაც ადამიანები მოკრძალებით, ღვთისა და შემოქმედის სახელით ითხოვენ მათთვის აუცილებელს, ბუნება აძლევს მათ ყველაფერს, რაც ესაჭიროებათ.

გონიერი დედა აძლევს ბავშვს ყველაფერს სასარგებლოს, რასაც იგი სთხოვს; თუ იგი მოითხოვს რაიმეს დაჟინებითა და ახირებით, უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო, დედა მას მოთხოვნის სანაცვლოდ უსარგებლო სამშვენისებს აძლევს.

ასევე იქცევა ღვთის სიბრძნეც ადამიანთა მიმართ.

ისტორიის არსი

ისტორიის მთავარი არსი ადამიანების ღმერთთან დამოკიდებულების განსაზღვრაა. ყველა დანარჩენი მხოლოდ მთავარის ეპიზოდი და ფრაგმენტია.

ისტორიული პერიოდები თითქოს ადამიანისა და ღვთის ურთიერთობის მოქცევასა და მიქცევას გამოხატავენ. მოქცევის დროს დიდი მხატვრები ღვთაებრივ შთაგონებას ღმერთში პოულობდნენ, მიქცევის დროს კი - ბუნებაში. ამას შეიძლება ეწოდოს „ხელოვნება პირველი ხელიდან“ და „ხელოვნება მეორე ხელიდან“, შესაბამისი მითითებით პირველსა და მეორეზე. პირველი უფრო მამაცური და დრამატულია, მეორე კი - ქალური და ლირიული. ისევე, როგორც მამის არყოფნის დროს სტუმრებს დედა ღებულობს და ართობს მათ იმის მოთხრობით, რაც მამისაგან შეიტყო.

თითოეული მიქცევა, ანუ ღვთაებრივით აღფრთოეანების ბუნების აღფრთოვანებით შეცვლა, თან გაიყოლებს ბავშვობაში დაბრუნებასაც. მოქცევა სულიერი სიჯანსაღეა, მიქცევა კი - სულიერი სენი. ბუნებრივია, რომ ზრდასრული ადამიანი ბუნების მომხიბვლელობით აღვსილი, მიისწრაფვის ამაღლებულისაკენ, ბუნებაზე აღმატებულისაკენ, ზეციური სასუფევლისაკენ.

გავიხსენოთ 12 წლის იესოს შემთხვევა: როდესაც დედამ იგი ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იპოვნა, მაცხოვარმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ჰკითხა: „რატომ მეძებდით? განა არ იცით, რომ ჩემი მამის სახლში უნდა ვიყო?“

მდუმარება

მდუმარებისაკენ მიისწრაფოდა ყველა დიდი სული, რამეთუ ღრმად შეიგრძნობდნენ ხალხური სიბრძნის ჭეშმარიტებას: „დუმილი ოქროა“. ყოველ დაფიქრებულ ადამიანს გამოუცდია და იცის, რომ ის არის არა ის, რასაც იგი საკუთარ თავზე ამბობს, არამედ ის, რაც უთქმელი რჩება. არა ის, რაზეც შეგნებულად დუმილს ამჯობინებენ, არამედ ის, რისი გამოთქმაც შეუძლებელია.

ჩვენი საუბარი ადამიანებთან წვრილი ფულია, რომლითაც თავს გამოვისყიდით, მაშინ, როდესაც მსხვილი ჩვენთან რჩება. ანდა ასე: ადამიანებს შორის ყოფნისას ჩვენ ნიღაბს ვიცვლით, მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი სულიერი პორტრეტი დაფარული რჩება.

მდუმარეა ყველა დიდი სტიქია, ყველაზე მეტად მდუმარე კი ღმერთია, მხოლოდ პატარა ქმნილებები არიან მრავალმეტყველნი. და განა გასაკვირია, რომ დიადი სულები სდუმან?

ევა და მარიამი

ევა და მარიამი ჭეშმარიტად გამოხატავენ ჩვენს ხორციელსა და სულიერ სიბრძნეს.

ევამ იმაზე მეტი მოისურვა, ვიდრე ქმარსა და უფალს მისი ზიანის გარეშე შეეძლოთ მიეცათ. იგი უფსკრულში გადაეშვა ეშმაკთან ერთად და თან გაიყოლა მთელი სამოთხე. ეს უფსკრული ისტორიაა. ამ ვნებათა ბობოქარ უფსკრულში როგორც სარეველა, აღმოიზარდა ხე კეთილისა და ბოროტის ცნობისა. მარიამმა თავისი სული ისტორიაზე აღამაღლა და სულიწმიდით შემოსა იგი.

ევას მიერ ეშმაკისათვის დაჯერებას მოჰყვა ის, რომ მისი სიყრმის შვილი მკვლელი გახდა. ქალწულ მარიამის სულიწმიდასთან წინდობის შემდგომ წმიდა გახდა მისი ძე - ღმერთკაცი.

ევამ ცხოვრების ბორბალი ქვემოთ დაატრიალა, მარიამმა კი ზემოთ მიმართა იგი.

ევასა და მარიამის დრამა ჩემთვის და შენთვის, ჩემო მეგობარო, არცთუ მნიშვნელოვანი იქნებოღა, ის რომ მთელი თავისი სიცხადით არ გვიჩვენებდეს ჩვენი საკუთრი სულის დრამას - სულისა და სხეულის ურთიერთდაპირისპირებას.

ჰქმენ და დავიწყე

ნუ ჩაიწერ შენს კეთილ საქმეებს: თუ ჩაიწერ, ჩანაწერი სწრაფად წაიშლება;

თუ დაივიწყებ, ისინი მარადიულობაში ჩაიწერება;

ნუ ჩაიწერ მოყვასის ცოდვებს: თუ ჩაიწერ, მათგან ნახევარი შენ დაგაწვება. დაივიწყე ისინი და უფალი დაივიწყებს შენს შეცოდებებს.

აღსარება

აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს საკუთარი ჩრდილის დანახვაში დაეხმაროს.

აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს იმ სულიერი ჭრილობების გახსნაში, რომელსაც ჯანმრთელობის საფარველით ფარავს.

აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს საკუთარი უძლურების დანახვაში, რომელსაც იგი ძლიერების ნიღბით ფარავს.

აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაანახვოს საკუთარი სულის არარაობა და ბოროტება, რომელსაც იგი ოსტატურად ფარავს კეთილსურნელებით.

აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს ბრწყინვალე რაინდად წარმოიდგენს, დაინახოს ის არარაობა, რომლითაც იგი ღვთის პირისპირ წარსდგება.

არავინ მიდის ექიმთან იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთვლობით იტრაბახოს, არამედ იმისათვის, რომ თავისი წყლულები აჩვენოს მას.

არავინ მიდის მოძღვართან იმისათვის, რათა საკუთარი სიმართლით თავი მოაწონოს მას, არამედ იმისათვის, რომ თავისი სიმართლის სახიფათო ბზარი უჩვენოს.

ადამიანი, რომელიც სამკურნალოდ მიდის, სიამაყეს საავადმყოფოს კარებში ტოვებს; ადამიანი, რომელიც აღსარებაზე მიდის, ამპარტავნებას ეკლესიის კარებში ტოვებს. ბედნიერია ის, ვინც უკან დაბრუნებისას მას დაივიწყებს. ღმერთმა ინებოს, რომ იგი ტაძრიდან გამოსვლის დროს სიამაყის ყავარჯნის ნაცვლად თავმდაბლობის ყავარჯენს ეყრდნობოდეს.

უფასური მონები

რაც შეიძლება, სწრაფად დაივიწყე საკუთარი დამსახურებისა და ღვაწლის შესახებ. გრცხვენოდეს, თუკი ფუტკარი და ჭიაჭველა გაჯობებენ ამაში. საკუთარი დამსახურებებისათვის სიამაყის შედეგი ბოროტება, ჩხუბი და ადამიანთა შორის მტრობაა, რასაც აუცილებლად მოსდევს გრძნობა იმისა, რომ საჭირო არ ხარ, და სასოწარკვეთილება. გინახავს ოდესმე ფუტკარი და ჭიანჭველა სასოწარკვეთილებაში? მართლაც, სამარცხვინოა, თუკი ისინი ადამიანებზე უკეთ აღასრულებენ ქრისტეს მცნებას: „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქვენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ“ (ლუკა 17,10).

მცირე და ბევრი

ვისთვისაც მცირე სიკეთე საკმარისი არაა, მას მეტი სიკეთის სწამს და ეძიებს კიდეც მას.

ვისთვისაც დიდი სიკეთე საკმარისი არაა, მას უდიდესი სიკეთის სწამს და ეძიებს კიდეც მას.

ვისთვისაც არც ესაა საკმარისი, მას სიკეთის არ სწამს და არც ეძიებს მას.

ვისთვისაც უმცირესი მორალი საკმარისი არაა, მას უმაღლესის სწამს და ეძიებს მას.

ვისთვისაც ესეც არაა საკმარისი, უფრო ამაღლებულ მორალს ეძიებს.

ვისთვისაც უმაღლესი მორალი საკმარისი არაა, იგი არანაირს არ ეძიებს.

ვისთვისაც ჭეშმარიტების ნათელი სახე საკმარისი არაა, იგი დიდი სინათლისაკენ მიისწრაფვის.

ვისთვისაც დიდი ნათელი საკმარისი არაა, კიდევ უფრო დიდს ეძიებს.

ვისაც ჭეშმარიტების უნათლესი სახე ეცოტავება, მას არ სწამს ჭეშმარიტების და არც ეძიებს მას.

ამით აიხსნება ის, რომ მათ შორის, ვინც ქრისტიანობა მიიღო, ზოგჯერ უზნეო და უღმერთო ადამიანი მეტია, ვიდრე არაქრისტიანთა შორის, რომლესაც არ დაუკარგავთ ყოველივე იმიტომ, რომ არ გააჩნდათ იგი.

ცოდვის შიში

რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით მეტად ეშინია ცოდვისა; ისევე, როგორც უფსკრულის პირას გამოფხიზლებულ მთვარეულს მის წინაშე საშინელი შიში იპყრობს.

მართლაც, ცოდვილები მორალური მთვარეულები არიან.

ვაი მთვარეულს, რომელიც მეტისმეტად გვიან გამოფხიზლდება, როდესაც ფეხები უკვე უსხლტება ღრმა უფსკრულის პირას; რამეთუ გამოფხიზლება მხოლოდ დაამოწმებს მის ვარდნას უფსკრულში.

ორი მორალი

მოვალეობის მორალი - მსახურისა და მონის მორალია. სიყვარულის მორალი ადამიანის მორალია. სიტყვა „მოვალეობა“ სიყვარულისთვის შეურაცხმყოფელია; სიყვარული არაფერში ვალდებული არ არის. სიყვარული ყველაფერს გაიღებს. მოვალეობის არცოდნა სიყვარულის ერთადერთი უცოდინრობაა. სიყვარული სჩუქნის, მოვალეობა კა ავალდებულებს. სიყვარული თავისი არსით მთელ სამყაროს სწვდება, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი უგუნური და განუსჯელია. მოვალეობა თავისი არსით მოვლენებითა და საგნებით შემოსაზღვრულია, ამიტომ გვეჩვენება, რომ რომ იგი გონივრულია.

სიყვარულის საქმეები დროის საზღვარს სცილდება, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი პასიურია. მოვალეობის საქმეები შემოსაზღვრულია მოვლენებითა და სიტუაციებით, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი შემოქმედებითია.

სიყვარული კეთილისა და ბოროტის გარჩევაზე მაღლა დგას. მოვალეობა დაუცხრომელი გამორჩევაა სიკეთისა და ბოროტებისა.

ღრუბლებიდან ჩამოუღვრელი წვიმა ჯერ კიდევ არაა სუფთა და ჭუჭყიან წყლებად დაყოფილი. მხოლოდ მდინარესა და ნაკადულებში ჩადენილი წვეთები გადაიქცევიან სუფთა და ჭუჭყიან წყლებად. ასევეა სიყვარულიც, დაცემის შემდეგ ყველაფერს სიკეთედ და ბოროტებად ყოფს და ყველაფერს მოვალეობის საზომით აფასებს.

ცოდვა სიყვარულს გამოდევნის მშობლიური სახლიდან და მოვალეობა უცხო სახლში მიაქვს.

ჟანგიანი რკინა

ნუ იდარდებ, რომ უფალმა შენზე აეადმყოფობა დაუშვა. გაიხსენე რომ მან უფრო მძიმე ავადმყოფობანი დაუშვა შენზე უკეთეს ადამიანებზე.

წარმოიდგინე მჭედლის მიერ მივიწყებული რკინის ნაჭერი. რომელიც წლების განმავლობაში სამჭედლოს კუთხეში დგას. ბოლოს და ბოლოს, რკინა მოსთხოვს მჭედელს, რომ იგი გამოიყენოს. მაშინ მჭედელი სწრაფად აიღებს და ცეცხლში ჩააგდებს მას; როდესაც იგი გალღვება, გრდემლზე დადებს. განა რკინა იდარდებს?

ასევე შენი ავადმყოფობაც სასიხარულოა და არა სამწუხარო. შენ ხომ ლოცულობდი, რომ ღმერთმა უკეთესი გაგხადოს? და აი, მან, როგორც მჭედელმა რკინას, ხელი მოგკიდა დასამუშავებლად და დაიწყო შენი გამოწრთობა და გამოჭედვა. უფალმა შენი დამუშავება დაიწყო! გიხაროდეს, მჭედლის მიერ დავიწყებულო დაჟანგებულო რკინავ!

ურჩობის ცოდვა

ურჩობის ცოდვა იმდენად მძიმეა უფლის წინაშე, რომ ადამი მარტოობაში მის შედეგებს ვერ გადაიტანდა და მის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა. უმორჩილებლობის საშინელმა სულმა კარგად იცოდა ამის შესახებ და ამიტომ უბიძგა პირველ ადამიანს ცოდვისაკენ, რომელსაც მეყსეულად მარადიული სიკვდილისაკენ მივყავართ, მაგრამ ბრძენმა შემოქმედმა ურჩობის სულზე მეტი იცოდა. მან გადაწყვიტა, ადამიანთა მოდგმა გაემრავლებინა, რათა მათ შესძლებოდათ, ერთმანეთში გაენაწილებინათ ჩადენილი ცოდვის სიმძიმე; მარადიული სიკვდილი მან დროებითით შეცვალა, - დამცირება კი - სამყაროში სიმართლისა და ბნელეთის არსებობით.

პირველი ადამიანი დიდ, სუფთა სარკეს ჰგავდა, რომელშიც მხოლოდ ღმერთი აისახებოდა. ურჩობის დემონს კი სურდა, მასში თვითონ ასახულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. მაშინ მან გადაწყვიტა, ეს სარკე თავისი შავი, ხშირი ლაქებით დაესვარა, მაგრამ ამ დროს სარკე გატყდა და დემონს საქმე მოემატა, რადგან ადამიანთა მოდგმის გამრავლებით სარკე სულ უფრო და უფრო წვრილ ნაწილებად იმტვრეოდა; დემონი კი მათ შორის აქეთ-იქით აწყდებოდა და უფრო მეტად იღლებოდა. სარკე დღესაც განაგრძობს მსხვრეეას მილიარდობით ნაწილებად, დემონი კი თითოეულ ნაწილს თავისი ჯოჯოხეთური ლაქებით დასდევს. სარკე კი მსხვრევას განაგრძობს იქამდე, სანამ ამ სამყაროს ტრაგედია არ დასრულდება, მანამდე, სანამ ურჩობა საბოლოოდ არ დამარცხდება; მაშინ იგი თავისი პირვანდელი ბრწყინვალებით აღდგება.

ერთხელ, როდესაც დემონი გამარჯვებას ზეიმობდა და ფიქრობდა, რომ სარკე მტვრითაა დაფარული და მისი სამუშაო დამთავრდა, ღმერთმა კვლავ უბოძა სამყაროს სარკე თავისი სრულყოფილი სახით - თავისი ძის, იესო ქრისტეს სახით ამ მოულოდნელობამ დემონი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და უკანასკნელი ბოროტი თავდასხმისაკენ უბიძგა. მაგრამ მისი დღეები დათვლილია, დასასრული ახლოსაა. ეს უკვე ფილოსოფიას არ ჰგავს, ასე არაა? ეს თვითონ ცხოვრებაა, და ეს საკმარისია.

სარკეები

თითოეული ახალშობილი თავისთავად ღვთის ახალ სახებას წარმოადგენს, რომელიც სულ ოდნავაა დასვრილი ურჩობის ცოდვით. ეს პატარა ჩრდილი მის სულზე სხვადასხვა ცუდი მიდრეკილებებია; რამეთუ ღვთის ურჩობის ცოდვა სხვა ცოდვებით, ცუდი ჩვევებით, მანკიერებებითა და ვნებებით გამოიხატება. ეს მცირე ჩრდილი ახალშობილის სულზე გარკვეული მიდრეკილებაა ბოროტებისაკენ. რამდენადაც ამ მიდრეკილებათა რაოდენობა უამრავია, ამდენად მრავალრიცხოვანი და დრამატულია ადამიანის ცხოვრებისეული სიტუაციები.

მაგრამ ღმერთი მოწყალეა თითოეული ადამიანის მიმართ. იცის რა თითოეული სულის სენი, იგი მას ისეთ მდგომარეობაში აყენებს, რომელშიც მალე განიკურნებოდა, ხოლო ჩრდილი, რომელიც მას ფარავს, ნათლით შეიცვლებოდა.

თუ ეს ამპარტავნების ცოდვაა, უფალი ახალშობილ სულს ისეთ მოკრძალებულ ცხოვრებისეულ მდგომარეობას მიუსადაგებს, რომელშიც იგი თავმდაბლობას ისწავლიდა და დამღუპველი სიამაყისაგან განიკურნებოდა.

თუ ეს ჩრდილი ვერცხლისმოყვარეობაა, მაშინ ღმერთი მას ისეთ მდგომარეობაში ჩააყენებს, რომ იგი ადვილად მიიტანს საკუთარ თავს მსხვერპლად სხვათა კეთილდღეობისათვის, იქნება ეს დიდი ოჯახი, საზოგადოება თუ სამშობლო.

თუ სული სასოწარკვეთილებისკენაა მიდრეკილი, მაშინ უფალი მას ყველაზე დაძაბული სამუშაოს ცენტრში აღმოაჩენს, სადაც მას არ ექნება იმის დრო, რომ თავის ვნებებს მიეცეს.

სული, რომელიც დაავადებულია ხორციელი ვნების ცოდვით, აღმოჩნდება იქ, სადაც მას არ ექნება შესაძლებლობა, განავითაროს თავისი ნაკლოვანება.

აი, რატომ გვეჩვენება ხშირად, რომ ყველა თითქოს თავის ადგილას არ იმყოფება, რომ ვაჭარი ხშირად პოლიციელს ჰგავს, პოლიციელი კი - ვაჭარს; ბერი წააგავს ოფიცერს, ოფიცერი კი - ბერს, მსახური - მეფეს და პირიქით.

მაგრამ იმ მდგომარეობის მიუხედავად, რომელშიც ღმერთი სულს აყენებს, იგი ფხიზლად, დაუღალავად ადევნებს თვალყურს თითოეულს, ვინც მზადაა წმიდა მადლმოსილ საიდუმლოებებთან დახმარებისათვის მისასვლელად. რაც უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ადამიანი, მით უფრო მეტის მომცველია ღვთის მადლმოსილი დახმარება.

როდესაც ადამიანები გამოხატავენ უკმაყოფილებას იმ მდგომარეობით, რომელშიც ისინი ღმერთმა ჩააყენა, ამით ადამის ცოდვას - ურჩობას იმეორებენ. მაშინ ვნება, რომლისაკენ მიდრეკილებითაც არიან ისინი შობილნი, ბობოქრად იზრდება და მოიცავს აღამიანს. იმ ზომით, რომლითაც იზრდება ადამიანური ვნება, იგი ზრდის ამავე ვნების განხორციელებას ბუნებაში - კატაში, ძაღლში, მგელში, მელიაში... თუ ვნება მთლიანად მოიცავს ადამიანს, მისი სახება ბუნებაში გადადის.

ამას იმიტომ როდი გეუბნები, რომ უბრალოდ, იცოდე, არამედ იმისათვის, რომ გამოსცადო საკუთარი თავი და აღმოაჩინო შენში ვნება, რომელშიც შობილი ხარ, იმისათვის, რომ შეიმეცნო, როგორ და რა ზომით მიეცი მას შენი დაუფლების საშუალება. რამეთუ, როდესაც უკანასკნელი ჟამი დაჰკრავს და სხეულის ნიღბით შეფარული სული გაშიშვლდება, მაშინ იგი წარმოჩინდება იმ მხეცის სახით, რომელიც საკუთარ თავში აღზარდე.

მართლის სიძულვილი

ადამიანს სძულს ის, ვის წინაშეც იგი შემცოდეა; თავიდან ეშინია, შემდეგ კი სძულს. როდესაც ადამიანი თავისი მეგობრის წინაშე შესცოდავს, მის წინაშე განიცდის შიშს, რომელიც შემდგომ სიძულვილში გადაიზრდება; სიძულვილი კი აბრმავებს.

ადამიანს ეშინია იმისი, ვინც მისი ცოდვები უწყის, შიშს კი სიძულვილი მოსდევს.

როდესაც ადამიანმა იცის, რომ მისი ცოდვა ვინმესთვის ცნობილია, მისი სული შიშით ევსება, რომელიც მალე სიძულვილში გადაიზრდება; სიძულვილი კი აბრმავებს.

იგივე ხდება იმ ადამიანის სულში, რომელმაც იცის თავისი ცოდვა ღვთის წინაშე, იცის ისიც, რომ ღვთისთვის ის ცნობილია. მაშინ ადამიანის სულს იპყრობს ღვთის შიში, რომელიც სიძულვილში გადაიზრდება; ამისგან კი ადამიანის სული ბრმავდება.

ადამიანის მიმართ სიძულვილით გამსჭვალული კაცი მკვლელობას ჩაიფიქრებს. რამდენადაც ღვთის მოკვლა შეუძლებელია, მისდამი სიძულვილით დაბრმავებული ადამიანი მკვლელობის მაგივრად იმასღა მოიფიქრებს, რომ თავს მის თანასწორად თვლის - უარყოფს ღმერთს, რაც ფაქტიურად, თვითმკვლელობის ტოლფასია.

დიდებისმოყვარეობა

კარგი იქნება, თუ ყველა შენს სათნოებას უზარმაზარი სანთელივით დაანთებ მაგრამ, ამასთან ერთად, თუ საკუთარ თავში დიდებისმოყვარეობას ვერ დაამარცხებ, იგი ქარიშხალივით ჩააქრობს ყველა შენს სანთელს. შენ კვლავ აანთებ მათ, მაგრამ ქარი ხელახლა დაუბერავს. ამიტომ თავდაპირველად ქარი უნდა შეაჩერო.

კალენდრის დასაწყისი

ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკის აშენებითა და ნგრევით.

უნდა იშრომო, რათა ერთხელაც შეინარჩუნო თუნდაც რაღაც დაუნგრეველი გუშინდელი დღიდან. ეს შენი ცხოვრების პირველი დღე იქნება.

ბოროტებისაგან განწმედა

ყოველნაირად ეცადე ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან სული განიწმიდო. რამეთუ თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ მხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს.

მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამიანების მიმართ, მეტად დატანე ძალა შენს გამშრალ სულს და წყლის წვეთებივით ყოველთვის გამოადენ სიკეთეს, მტრების გამართლებას, ეს კი ნიშნვს, რომ სიკეთით მათზე სულიერად გაიმარჯვებ.

ნუ დაუშვებ, რომ მზე შენზე კეთილშობილი იყოს, რამეთუ იგი ათბობს ბოროტთაც და კეთილთაც; რატომ შენ არ შეგიძლია სიკეთით გაათბო კეთილნიც და ბოროტნიც?

ნუ დაუშვებ, რომ წყალი შენზე სასარგებლო იყოს, თუკი იგი არწყულებს წმიდათაც და არაწმიდათაც, რატომ არ გიხარია, როდესაც დახმარებისათვის მოგმართავენ ასეთნიც და ისეთნიც? განა წყალი მხოლოდ ხარს მისცემს წყალს და სახედარს - არა?

ნუ დაუშვებ, რომ მიწა შენზე მომთმენი იყოს, როდესაც გლეხი მას ხნავს ანდა გზას ასწორებს. იყავი მასავით მომთმენი, რამეთუ შენთვის უდიდესი ჯილდოა გამზადებული.

ნუ დაუშვებ, რომ ცა შენს სულზე მეტად ბრწყინავდეს; რამეთუ შენში არის ის, ვინც ეს ცა შექმნა და ვისაც მისი მოსპობა ძალუძს. ასე რომ, ძმაო ჩემო, შენ ძე ხარ, ცა კი - ქმნილება!

ღვთის სიყვარული

ღვთის სიყვარული ადამიანის მიმართ აღემატება ადამიანის სიყვარულს უფლის მიმართ.

ვინ იცის, ეყვარებოდა ბავშვს დედა, რომ არ ეგრძნო მისი სიყვარული თავის მიმართ?

ასევე ადამიანსაც არ შეუძლია, აღანთოს თავის თავში ღვთისადმი სიყვარული მანამდე, სანამ არ იგრძნობს ღვთის დაუსრულებელ სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ.

სამი სარკმელი

სულიერი ადამიანისთვის ზეცაში არსებობს სამი სარკმელი: პირველში მორწმუნე გონება იყურება, მეორე სასოების მქონე გულისთვისაა, მესამე კი - მოსიყვარულე სულისათვის.

ის, ვინც მხოლოდ ერთ სარკმელში იყურება, მხოლოდ ზეცის მესამედს დაინახავს, ვინც ერთდროულად სამში იყურება, მისთვის მთელი ზეცაა გახსნილი.

წმიდა ბარბარემ სამი სარკმელი ამოაჭრევინა კოშკში (რომელშიც იგი წარმართმა მამამ დაამწყვდია), რათა ამით გამოეხატა თავისი რწმენა ყოვლადწმიდა სამების მიმართ.

ყოვლადწმიდა სამების ერთ მთლიანობაში აღსაქმელად ჩვენ უნდა შევიცნოთ საკუთარი თავი, როგორც სამება ერთობაში, რამეთუ მხოლოდ სამებას შეუძლია სამების შეცნობა.

ლოცვა

ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის არის ბრძოლა სიკვდილთან და სიკვდილის უარყოფა. ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის სიცოცხლისთვის ბრძოლა და სიცოცხლის დამტკიცებაა.

როგორია ჭეშმარიტი ლოცვა? ის, რომელიც შენ სიკვდილზე ძლიერს გაგხდის, რომელიც სიკვდილის შიშსა და საშინელებაზე გაიმარჯვებს. თუკი ლოცვის შემდგომ საკუთარ თავში ჩაიხდავ და კვლავ წინანდელ სიკვდილის შიშს დაინახავ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი არ იყო. და თუ ლოცვის შემდეგ საკუთარ სულში სიკვდილის მიმართ გულგრილობას შეამჩნევ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი იყო. როდესაც ლოცვის შემდგომ იგრძნობ სურვილს, რაც შეიძლება, სწრაფად შეუერთდე ჭეშმარიტ ცხოვრებას, იცოდე: შენი ლოცვა ძლევამოსილი იყო. მაცხოვარმა ჯერ კიდევ ჯვარცმამდე დაამარცხა სიკვდილი, როდესაც გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა.

გეთსიმანიის ლოცვა სინამდვილეში ერთადერთი სახეა სრულყოფილი ლოცვისა, რომელიც ოდესმე აღსრულებულა ადამიანთა მოდგმაში.

მიწა და რუკა

როგორიცაა მიწა გეოგრაფიულ რუკასთან შედარებით, ისეთივეა სამყაროს ქრისტიანული გაგება კაბინეტურ ფილოსოფისთან შედარებით. ეს სიმართლეა: ზოგჯერ რუკა მიწაზე უფრო ლამაზად გამოიყურება, მაგრამ რუკაზე ვერასოდეს ამოიზრდება თავთავი და ვერასოდეს ამოხეთქავს ანკარა ნაკადული.

საიდუმლოს გასაღები

ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.

ქრისტე აღდგა - მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო, რეალური და მარადიული სამყარო.

ქრისტე აღდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.

ქრისტე აღღგა - მაშასადამე, სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია.

ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ქრისტიანთა სასოება გამართლებულია.

ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ყველა მიწიერი სიძნელეები დაძლეულია.

ყველა სიძნელე დაძლეულია, მთავარი და მტანჯველი საიდუმლოებანი გახსნილია, ბოროტებისა და ტანჯვის ბორკილები დამსხვრეულია, რამეთუ ქრისტე აღდგა!

თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა