იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

ძვირფასო..! მშვიდობა თქვენდა, ვჩქარობ, დაბნელებამდე ორიოდე სიტყვა მოგწეროთ, რადგან შუქს არ გვაწვდიან და ლამპის შუშაც არა მაქვს. წავიკითხე თქვენი აღსარება პატივმოყვარეობასთან დაკავშირებით და ვერაფერი ვნახე მასში ისეთი, რის გამოც თქვენ უნდა „ჩამოგშორდეთ“. განსაკუთრებული თქვენ არაფერი მოგიწერიათ, არც თქვენ და არც არავის არაფერი გაგვაჩნია ისეთი, რის გამოც ნამდვილად შევძლებდით ქედმაღლობას. ჩვენი ცხოვრებით ყველანი შორსა ვართ ღვთისაგან. აბა, რა გაგვაჩნია ისეთი ფასეული, რისი წყალობითაც თავაწეულნი შევძლებთ ღვთის სამსჯავროზე წარდგომას?..

...ყველა ადამიანს იმდენად ახასიათებს პატივმოყვარეობა, რომ ის მთლიანად მსჭვალავს მას გარეგნობიდან დაწყებული, ყველაზე ფარული შრეებით დამთავრებული. ამასთანავე ის არის ყველაზე მომწამვლელი თვისება, რომელიც სულიერ ცხოვრებას არანაირი წინსვლის საშუალებას არ აძლევს. აუცილებელია მისი შესუსტება, შემდეგ კი სავსებით უნდა გავანადგუროთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს თავს განუწყვეტლივ უნდა ვადევნოთ თვალყური და პატივმოყვარეობის ყოველგვარი გამოვლინება გულშემუსვრილობით დავთრგუნოთ (მთელი გულით შევევედროთ უფალს: უფალო, კვლავ წამოყო გველმა თავი), რისხვით უკუვაქციოთ ის და მოვუხმოთ უფალს: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი. არ მინდა პატივმოყვარეობა, არ შევიწყნარებ, განმათავისუფლე მისგან, მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა“. პატივმოყვარეობასთან დაკავშირებით წაიკითხე იოანე კიბისაღმწერელი, განსაკუთრებით 5,6,7,11,14,17,23-26,31,34,38,39,41,43 და 45 თავები; წაიკითხე ამპარტავნების შესახებაც 1,2,5,11,16,17,20,34,38 თავები.

ამხილეთ თქვენი თავი ღვთის მცნებათა უმნიშვნელო დარღვევაშიც კი და არ დაუშვათ არანაირი თავის მართლება. გახსოვდეთ მაცხოვრის მცნება „ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, ჰსთქუთ, ვითარმედ მონანი ვართ უხმარნი“. ჩვენ ყველა მცნებას კი არა, ერთსაც არ ვასრულებთ, როგორც საჭიროა. სიამაყისა და პატივმოყვარეობისათვის კი ყოველი ფეხის ნაბიჯზე მზადა ვართ. უფალი შეგეწიოს ამ გველისაგან თავის დაღწევაში. მაგრამ შრომის, საკუთარი თავისადმი ყურადღების, ღვთისაგან შეწევნის თხოვნის გარეშე, ამ უბოროტეს და უმზაკვრეს მტერს ვერ დაამარცხებთ. ის გამოვლინებანი, რომელთა შესახებაც თქვენ მწერდით, საკმაოდ აშკარა და უხეშია. არსებობს გაცილებით უფრო დახვეწილი ფორმა და, ღვთის შეწევნა რომ არა, შეიძლება სასოწარკვეთილაბამდეც კი მიხვიდეთ. პატივმოყვარეობასთან ბრძოლაში დაეყრდენით სახარებას და თავად უფალ იესო ქრისტეს მაგალითს... არა მარტო დიდ, არამედ წვრილმან საქმეშიც იქონიეთ ღვთის და არა საკუთარი თავის იმედი. ღვთის გარეშე უძლურნი ვართ, რომ ჩვენი თავისთვის რაიმე კეთილი და სასარგებლო გავაკეთოთ, ხოლო რაც, შეიძლება, მოღვაწის სიტყვის მიხედვით, სიკეთედ მოგვეჩვენოს, შემდეგ საზიანო აღმოჩნდება (ე.ი. ყველაფერი, რაც ლოცვისა და ღვთის შეწევნის, მისადმი თხოვნის გარეშე კეთდება).

ის ლოცვაა წმინდა, რომელიც მოკრძალებული, შემუსვრილი და დამდაბლებული გულიდან მოედინება, ფარისევლური (ამაყი და ქედმაღლური) ლოცვა კი არა მარტო არაწმინდაა, არამედ საზიზღრობაცაა ღვთის წინაშე.

მომიტევეთ. იზრუნეთ ცხონებისათვის...

 

წინა

შემდეგი