იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

ძვირფასო..!

ხვალ შენი რეფერატია. დიუშენი ამხილე, როგორც საჭიროა, და სხვებიც მიაყოლე. ეს ძალზე თანამედროვე იქება! შენ, რა თქმა უნდა, წაიკიხე ალექსანდრე ოსიპოვის სტატია „პრავდის“ 5-12 ნომერში. შენი და ყველა გონიერი ადამიანის დამოკიდებულება გასაგებია. მე კი ძალიან მსურს, უკეთ და დაწვრილებით გავიგო მოსწავლეთა დამოკიდებულება. გასაგებია კი მათთვის, რომ ეს უბედური იმ თავისი ზნეობრივი არარაობით ( რაც მთავარია, თავად ვერ გრძნობს ამას), რასაც ის სტატიაში ავლენს, მკითხველზე იმის საპირისპირო ზემოქმედებას ახდენს, რაც ავტორს სურდა. მან ვერც თავი გაიმართლა და რელიგიასაც ვერაფერი ავნო, არამედ აჩვენა, რომ უფალი დროულად ააშკარვებს ხოლმე ფარულ იუდებს და ეკლესიიდან აგდებს მათ.

მიაქციე თუ არა ყურადღება, რომ განყოფილებაში „ლოცვის შესახებ“ სიტყვა „ღვთისმსახურების“ წინ მრავალწერტილია დასმული. ეჭვი არ მეპარება, რომ აქ რომელიღაც უხამსი სიტყვა იყო, დაახლოებით, როგორიცაა „ლოცვითი ბილწსიტყვაობა“. რედაქციამაც კი შეუძლებლად ჩათვალა მისი დაბეჭდვა. სულმა, რომელმაც მას ხელში კალამი ააღებინა, მთელი თავისი ბოროტება ღვთისმსახურებასა და იესოს ლოცვაზე გადმოანთხია. მიაქციე ამას ყურადღება! დაცემული ადამიანი ლოცვის დროს გულწრფელი და მართალია სამყაროს შემოქმედთან ურთიერთობაში, მისგან იღებს უდიდეს წყალობასა და ძალას, რომ განაგდოს ძლიერი სული, რომელსაც თავი ღვთის ტოლი ჰგონია. როგორ შეიძლება ამ დამცირების მოთმენა! და, აი, ისიც მთელ თავის ბოროტებასა და სიძულვილს ლოცვისა და ღვთისმსახურების მიმართ ანთხევს. დაე, ყველამ გაიგოს ლოცვის ძალა და მნიშვნელობა, ასევე ჩვენ, ცოდვილთა, მიმართ, ღვთის სიყვარული! უბედურმა ალექსანდრემ თავისი სიტყვებით ლოცვის შესახებ გვიჩვენა, რომ მას არასდროს, ერთხელაც კი არ ულოცავს და, მაშასადამე, არც არასდროს ყოფილა ღვთის მორწმუნე. ის განუდგა არა ღმერთს, არა ქრისტიანობას, არამედ იმ წარმოდგენას ღმერთსა და რელიგიაზე, რომელიც მას გააჩნდა. მისი განდგომა არ არის გულწრფელი ეჭვებისა და ძიებების შედეგი. არა. მის მიერ დასახელებული განდგომის მიზეზები საკმაოდ უსუსურია. ჩანს, რომ ის საკმაოდ პრაქტიკული ადამიანია, ამ წუთისოფლის კაცია. ვიდრე მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მყარი იყო. ვიდრე რიგიანი ჯამაგირის მიღება შეიძლებოდა, ის მორწმუნის ნიღაბს ატარებდა, მისთვის საძულველ მღვდელმთავართა ხელებს ეამბორებოდა და „ყმაწვილებს სამოძღვრო მოღვაწეობისთვის ამზადებდა“. როცა მისი მდგომარეობა შეირყა, მაშინ მან გადაწყვიტა, სხვა სფეროში განემტკიცებინა თავისი თავი. ჯერ კიდევ შეეძლოთ მისი განდგომის გამოყენება და ამის გამო თავიანთ ბანაკში მისი მიღება, მანაც სასწრაფოდ გააკეთა ეს, სანამ გვიანი არ იყო.

როცა იესო ქრისტემ, ხუთი ათასის დაპურების შემდეგ, საუბარი ცხოვრების პურზე დაიწყო, მაშინ მას ბევრი ჩამოშორდა, იმიტომ რომ არ შეძლოთ მისი სიტყვების მიღება. ისინი პატიოსნად მოიქცნენ. მათ ხორციელ სიბრძნეს არ შეეძლო სულიერ ჭეშმარიტებამდე ამაღლება. მაგრამ იუდამ არ მიატოვა იესო ქრისტე, იმიტომ რომ ფულის ყულაბას ატარებდა და ამით სარგებლობდა. მას უფრო მეტის იმედი ჰქონდა. სხვების მსგავსად, ისიც მესიის გამეფებას ელოდა, რაც მისთვის ასევე სასარგებლო იქნებოდა. მაგრამ, როცა გაიგო, რომ უფალს სიკვდილი ელოდა, ესეც თავის სასარგებლოდ გამოიყენა: ის გადავიდა უფლის მტრების ბანაკში, გასცა ქრისტე და ოცდაათი ვერცხლი მიიღო. ის ხომ მაინც უნდა მოკვდეს!

დღეს ქრისტეს უარმყოფელებს ტყუილად როდი ადარებენ იუდას. ეს კეთდება არ უარმყოფელთა შეურაცხყოფისათვის (ისინი მხოლოდ უდიდეს სიბრალულს იმსახურებენ), არამედ იმისათვის, რომ ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს საერთო სულიერ მდგომარეობას: რწმენის გარეშე, სარგებლისათვის შეუდგნენ ქრისტეს, სარგებლოსთვისვე გასცეს იგი.

ოღონდ, მოღალატეები არსად და არასდროს იმსახურებდნენ ნდობას და, მითუმეტეს, პატივისცემას. „მავრმა გააკეთა თავისი საქმე, მავრს შეუძლია წავიდეს“...

ალექსანდრე არც განდგომამდე ყოფილა გულახდილი და არც განდგომის შემდეგ. ის ფსიქოლოგიურად „უგნურია“, რომელმაც შენობა ქვიშაზე ააგო. მცირე განსაცდელმა ის დასცა და დაცემა მისი იყო დიდი ფრიად.

ველი შენს წერილს. ყინვიან ამინდში ფოსტაში არ წახვიდე. იქნებ, ჩამოსულიყავი ნიკოლში?

უფალი იყოს შენი მფარველი.

 

წინა

შემდეგი