ძვირფასო..! მშვიდობა შენდა! 1961 წელი
ჩვენ უკვე მოგვენატრე. როგორ არის შენი საქმეები? არავითარი ყურადრება არ მიაქციო, თუკი შენს მიმართ „მიკერძოებას“ გამოიჩენენ. შენ თანდათან შედიხარ ცხოვრების სიღრმეში, ყველა ადამიანი კი დაცემული არსებაა. ეს დაცემულობა შეუძლებელია არ გამომჟღავნდეს გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. სხვათა შორის, აი, ამიტომ უთხრა უფალმა თავის მოწაფეებს: „აჰა, მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყუენით უკუე მეცნიერ...“, მაგრამ „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა“...
ერთი მხრივ, საკუთარი სიბრძნეც საჭიროა და წინდახედულობაც, მაგრამ მთავარია, შეწევნისათვის მუდამ მიმართო ხორციელი ადამიანისათვის უხილავ, მაგრამ სულისთვის ხილულ ღმერთს, რომელიც თავის მსასოებელთ დაჰპირდა, რომ თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდებათ თავიდან მისი ნების გარეშე.
მისი სასოებით მოციქულებმა ყველაფერი დაითმინეს, მაგრამ დაამარცხეს წუთისოფელი - მცირერიცხოვანმა ცხვარმა დაამარცხა მგლის ურიცხვი ხროვა. განა ეს ღვთის ძალის და მზრუნველობის დამამტკიცებელი არ არის? ერთადერთი უფალი იყო, არის და იქნება უკუნითი უკუნისამდე. ყოველგვარი განსაცდელისა და გასაჭირის ჟამს მიმართე მას და „მან გამოგზარდოს შენ“.
ყოველთვის, როგორადაც არ უნდა ჩქარობდე, შეიძლება, გონებაში უფალს მიმართო და თქვა: „იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილი“, ანდა, როგორც ბარსანოფ დიდი ამბობდა, გაიხსენე მაინც, რომ არსებობს ყოვლისმხილველი უფალი, რომელიც შენ გხედავს, და ეს საკმარისია, რომ გამოხვიდე რთული მდგომარეობიდან. ხოლო, როცა განსაცდელი შეგემთხვევა, ლოცვა კი შვებას არ მოგგვრის, გული არ გაიტეხო, არ იდრტვინო, ურწმუნოება არ დაგეუფლოს; გახსოვდეს, რომ განსაცდელის გარეშე ვერ ცხონდები, უბრალოდ, ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც კი ვერ შეიძენ. მაგრამ რწმენისა და ლოცვის წყალობით განსაცდელს უდიდესი სარგებლობა მოაქვს, ლოცვის გარეშე კი, შეიძლება, დრტვინვა, მცირედმორწმუნეობა დაგეუფლოს, რაც სულისა და ხორცისთვის მავნებელია. აი, ამიტომ უნდა ვისწავლოთ მუდამ ღმერთთან ყოფნა, ის კი ყოველთვის ჩვენთანაა. „ჩვენთან არს ღმერთი! გონს მოდით წარმართნო (ვნებები, ეშმაკები, დაცემული ადამიანები ეშმაკთა იარაღია) და დაგვნებდით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!..
...მეტი არაფერია სიახლე. დღეს, პირველად შობის შემდეგ, ვიყავით ტყეში. ჩვენთვის აუცილებელია ჰაერზე ყოფნა, თორემ ვსუსტდები, ისედაც საჭიროა ტყეში სიარული.
აღმოვაჩინე რუბლიოვის „სამების“ ჩემეული განმარტება. თუ ჩამოხვალ, მოგიყვები. დარწმუნებული ვარ, რომ მართებულია. არ ვიცი, სხვას თუ აქვს ამგვარი განმარტება, ალპატოვს - არა, თუმცა ის უახლოვდება.
მომწერე, როგორ არის შენი საქმეები... არ იდარდო უსიამოვნებათა გამო, „დაუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ“.