იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

ძვირფასო..! 1962

...წმინდა ეფრემ ასური მეორე სიტყვაში წერს: ეცადე შეხვიდე შენი სულის წიაღში და ზეცის ნაწილს იხილავ, „იმიტომ, რომ ერთიცა და მეორეც ერთი და იგივეა და ერთის დანახვით ორივეს ხედავ. შენში, შენი სულის სიღრმეში, ერთი სამეფოს კიბეა. განიწმინდე თავი ცოდვებისაგან და იპოვი გზას, რომლითაც შეძლებ აღსვლას“.

უფალი კი ამბობს, რომ ცათა სასუფეველი თქვენშია. აი, რატომ ურჩევენ ასე დაჟინებით წმინდა მამები ყველას, რომ შეძლებისდაგვარად ყოველთვის წარმოთქვან იესოს ლოცვა. მისი საშუალებით ადამიანი შეიცნობს თავის თავს. ახლა იმიტომ გწერ ამას, რომ ხანგრძლივი საეკლესიო ღვთისმსახურების დროს, განსაკუთრებით დიდი მარხვისას, სავსებით მოსახერსებელი და ადვილია იესოს ლოცვის წარმოთქმა და თანაც ხანგრძლივად. გულით გირჩევ, არ უგულებელჰყო წმიდა მამათა რჩევა. ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს, რომ ადამიანი ამ საქმეს მოწყვიტოს. ეს უნდა იცოდე, წინააღმდეგობა უნდა გაუწიო მას და უნდა აიძულო შენი თავი, წარმოთქვა ეს საოცარი ლოცვა.

უფალმა ამქვეყნადვე განგვიღო ღვთის სასუფეველში შემავალი კარი, ჩვენ კი მეცნიერებაში, ფოლოსოფიასა და სხვაგან ვეძიებთ ჭეშმარიტების საბრალო ნამცეცებს და არა სახარებასა და წმინდა მამათა შრომებში, რომელთაც თავიანთი ღვაწლით აღასრულეს სახარება. რა საბრალონი ვართ ადამიანები. ჩვენ თავად ვწირავთ ჩვენს თავს უბადრუკი, ნახევრადცხოველური არსებობისათვის და ცხოვრების სიმძიმეს სხვებს ვაბრალებთ. ჩვენთა საქმეთა მიხედვით მოგვეზღვევა.

...როგორ არის მ. პიტირიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა? როგორც ჩანს, ის უყვარს უფალს, რადგან უგზავნის გასაცდელს, რომლის გარეშეც ახლა შეუძლებელია ცხონება. ოღონდ არ უნდა ვიდრტვინვოთ განსაცდელისას... გამახსენდა და გადავწყვიტე კვლავ შეგახსენო: როცა ლექციაზე ზიხარ და მოსმენა არ გინდა, სხვა რამის გაკეთება კი შეუძლებელია, ვითომ რატომ არ უნდა „ივარჯიშო“ იესოს ლოცვაში? სიტყვა „ვარჯიშს“ ადამიანები ძალზე ხშირად იყენებენ, მაგრამ არ იციან, თუ რას ნიშნავს ლოცვა. ადამიანმა ლოცვაში კი არ უნდა ივარჯიშოს, (შეიძლება უფრო შორს წახვიდე და თქვა სიტყვა „წვრთნა“!), არამედ უდიდესი მოწიწებით უნდა წარსდგეს ღვთის წინაშე, და იმის შეგნებით, რომ იგი უფლის სახელის წარმოთქმის ღირსიც კი არ არის, ღვთის მადლსა და მოწყალებას მინდობილმა, ყურადღებითა და შიშით უნდა წარმოტქვას ლოცვის სიტყვები.

სწორი ლოცვა ძალზე მალე დაანეხებს გულს, თუ როგორი უნდა იყოს ლოცვისას... მცნებაც ხომ გვაქვს: „განუწყვეტლივ ილოცეთ“. ლოცვის წყალობით ადამიანი მიწიერებიდან მაღლდება, მიუწვდომელია გველებისათვის, რომლებიც მიწაზე მუცლით დახოხავენ, გალიიდან გაფრენილი ჩიტივით თავისუფალი ხდება. სწორედ ამას ნიშნავს წმინდა მამათა გამონათქვამი: „განერიდე მიწიერებას“.

ჩვენ კი, პირიქით, უფალს განვერიდეთ და მიწას მივეჯაჭვეთ, დავცოცავთ მასზე და მძორით, ე.ი. ვნებებით, ვსაზრდოობთ, ვტანჯავთ ჩვენს თავსაც და სხვებსაც. ღვთიური ნათელი უარვყავით და ჩვენი საკუთარი სინათლით დავდივრთ. სატანამ იესო ქრისტეს მთელი წუთისოფლის მეფობა შესთავაზა, თუკი მას სცემდა თაყვანს, ჩვენ კი, ოსპის შეჭამანდის „სიუხვისათვის“, არა მარტო თაყვანს ვსცემთ, არამედ ვემსახურებით და ფეხქვეშაც ვეგებით მას ისე, რომ ვერც კი ვამჩნევთ ამას. ასე აბრმავებს სულს წუთისოფლის ამაოება. კვლავ მინდა გაგახსენო სიტყვები: „ნუ დაიმძიმებთ გულებს ნაყროვანებით, მემთვრალეობით და წუთისოფლის ამაოებით“.

ვაი, ვაი! რომ „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“.

მიმიტევე, რომ გირჩიე ის, რაც არა გითხოვია. იქნებ შენთვის სასარგებლო იყოს, მე კი „გულს მაინც გადავაყოლებ“, რადგან ვამბობ და არ ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მმართებს. ეს არის ჩემი უბედურება!

 

წინა

შემდეგი