იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

1949 წ.

ყველაფერი შეძლებისდაგვარად უნდა გააკეთო. ხორციელ მოთხოვნებს მთელ ძალებს სწირავენ, სულისათვის კი რამდენიმე სიზმრისეული წუთიღა რჩებათ. განა ასე შეიძლება? უნდა გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები: „პირველად ეძიებდით სასუფეველსა ღვთისასა...“ და სხვა. ეს ისეთივე მცნებაა, როგორიც „არა კაც ჰკლა“, „არა იმრუშო“ და სხვა. ამ მცნების დარღვევა ხშირად უფრო მეტად ვნებს სულს, ვიდრე შემთხვევითი დაცემა. ის შეუმჩნევლად აცივებს სულს, ხდის მას უგრძნობელს, ხშირად სულიერი სიკვდილსაც კი იწვევს: „აცადენ მკუდარნი დაფლუად თვისთა მკუდართა“, სულიერად მკვდარნი, სულიერად უგრძნობელნი, მცნებათა გულმხურვალების გარეშე აღმასრულებელნი არიან არც ცხელნი და არც ცივნი, რომელთაც უფალი ემუქრება „განგდებით“ პირისაგან თვისისა. დღეში თუნდაც ერთხელ, რამდენიმე წუთით, წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი ღვთის სამსჯავროს წინაშე, წარმოვიდგინოთ, თითქოს გარდავიცვალეთ, მეორმოცე დღეს ვდგავართ უფლის წინაშე და ველოდებით, თუ რას წარმოთქვამს ჩვენს შესახებ, წარმოვიდგინოთ თავი ღვთის წინაშე სასჯელის მოლოდინში, ვიტირებთ და შევსთხოვთ სახიერ უფალს შეწყალებას, ჩვენი გადაუხდელი ვალის პატიებას. ყველას ვურჩევ სიკვდილამდე ამის გამუდმებით კეთებას. უკეთესია საღამოს, სხვა დროსაც შეიძლება, მთელი გულისყური მოიკრიბეთ, შეევედრეთ უფალს, მოგიტევოთ და შეგიწყალოთ. უკეთესი იქნება, თუ დღეში რამდენიმეჯერ გააკეთებთ ამას. უფლისა და წმინდა მამათა მცნებაა, რომ ცოტათი მაინც ვიზრუნოთ ჩვენი სულებისათვის. ყოველივე წარმავალია, სიკვდილი ახლოსაა, ჩვენ კი არ ვფიქრობთ, თუ რით წარვდგებით სამსჯავროზე და რას გვამცნობს სამართლიანი მსაჯული, რომელმაც იცის, რომელსაც ახსოვს ჩვენი სულისა და სხეულის ყოველი უმნიშვნელო მოძრაობაც კი სიყმაწვილიდან სიკვდილამდე. რა უნდა ვუპასუხოთ? წმინდა მამებიც ხომ იმიტომ ტიროდნენ და სთხოვნდნე უფალს შენდობას ამქვეყნად, რომ არ ეტირათ სამსჯავროზე მარადიულად. თუკი მათთვის საჭირო იყო ტირილი, მაშინ ჩვენ, წყეულნი, რატომ ვთვლით ჩვენს თავს კარგებად და რატომ ვცხოვრობთ ასე უზრუნველად, რატომ ვფიქრობთ მხოლოდ წუთისოფელზე?..

შემინდეთ და ილოცეთ თქვენთვისაც და ჩემთვისაც.

მოკითხვა და ღვთის წყალობა ყველას.

 

წინა

შემდეგი