ძვირფასო ლ.ვ.,მინდა მოგწეროთ თქვენს ფრაზასთან დაკავშირებით, „ლ-მ გადადო თავისი საგნების ნაწილი, ამოისუნთქა, მეცადინობა ანგარიშში ცუდად მიმდინარეობს“. მახსოვს, მეც გწერდით რაღაცას ამ საგანთან დაკავშირებით. მოგწერთ არა ჩემს მოსაზრებას. თუკი ყველა მცნება გამოიხატება ორში - ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, ხოლო სიყვარული სახარებაში მოცემულ მცნებათა აღსრულებით მიიღწევა, მაშინ უნდა მოვიპოვოთ ცოდნა, რომელიც უმოკლესი და უადვილესი გზით მიგვიყვანს ამ მცნებათა აღსრულებამდე. წუთისოფლის ადამიანს შეუძლია მხოლოდ ხორცეილი მოღვაწეობით შემოიფარგლოს, ხოლო ვინც ამაზე მეტს ეძიებს, მისთვის შინაგანი ღვაწლი აუცილებელია. თავად უფალმა ორი სიტყვით გადმოგვცა, თუ რას ნიშნავს ეს და ყველაზე მეტად რაა საჭირო განსაცდელის ჟამს (მარკ. 13.33): „მღვიძარე იყუენით და ილოცევდით“. არ არის ნათქვამი, ამა თუ ამ დროსო, არამედ - ყოველთვისო. მღვიძარედ ყოფნა ნიშნავს, რომ თვალყური ვადევნოთ საკუთარ თავს, საკუთარ აზრებს, სიტყვებს, გრძნობებს; თვალყური ვადევოთ და, რაც სახარებას ეწინააღმდეგბა, განვაგდოთ იესოს ლოცვით, რითაც აღვასრულებთ მეორე სიტყვას „ილოცევდით“. თუ ამას ვიქმთ, მაშინ ეს ყველაფრის შემცვლელი იქნება, თუმცა შვება რომ ვიგრძნოთ, სხვა ღვაწლიც არ უნდა გამოვრიცხოთ. საკუთარი თავის იძულება იესოს ლოცვის წარმოსათქმელად არის საუკეთესო დადასტურება იმისა, რომ ადამიანს სურს უფალთან ყოფნა, სურს მისი მცნების აღსრულება.
ღვთისმსახურების დროსაც კი მეზვერემ მხოლოდ ხუთი სიტყვა აღმოთქვა და გამართლებული წავიდა. წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველა ლოცვა, შეიძლება, მხოლოდ იესოს ლოცვით შეიცვალოს.
ეს ლოცვა მართებულად მაშინ აღესრულება, როცა იგი მტკიცედ დაუკავშირდება სინანულს, იქნება გულშემუსვრილობის გამომხატველი, რომელსაც იწვევს საკუთარი უღირსებობის, ცოდვილობის შეგნება, იმის შეგნება, რომ განუწყვეტლივ ვარღვევთ სახარების მცნებებს. ამგვარი გულშემუსვრილობის გამომხატველი იყო მეზვერის ლოცვაც. მხედველობაში გქონდეს ეს. შედეგს იძლევა იესოს ლოცვის არა ბაგეებით გამეორება, არამედ ლოცვა, რომელიც შემუსვრილი გულიდან მოედინება. მაშინ ის მალე გამოიწვევს ლმობიერებას, გულის გათბობას, რაც აადვილებს ლოცვას და სხვა. სახარების მცნებათა შეძლებისდაგვარად აღსრულება, შინაგანი და გარეგანი სიფხიზლე და იესოს ლოცვის გულშემუსვრილი წარმოთქმა არის იარაღი, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია. ამასთანავე, ეს არის ჩვენს დროში ხელმისაწვდომი, მე ვიტყოდი, ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალება. ამგვარი ღვაწლი ადამიანს უნარჩუნებს შინაგან შემართებას. მას არ აკავშირებს არც წიგნებთან, არც ცხოვრებისეულ პირობებთან, ჯანმრთელობასთანაც კი არა. იგი ყველგან და ყოველთვის მისაწვდომია (განა მხოლოდ მაშინ, როცა რომელიმე ისეთ საგანს ჩაუღრმავდები, რომელსაც დიდი ყურადღება ესაჭიროება).
გისურვებთ, რომ გაიგოთ ეს და დაისწავლოთ. დაუდგინეთ თქვენს თავს კანონი, რომლის შესრულებასაც შეძლებთ თქვენი მდგომარეობისა და შესაძლებლობების მიხედვით, ხოლო დანარჩვენ დორს, დღისით და ღამით, ყოველთვის, შეძლებისდაგვარად, შეასრულეთ უფალ იესო ქრისტეს კანონი: „მღვიძარე იყუენით და ილოცევიდთ“, რადგან ამგვარი ღვაწლით შეძლებთ, თავი დააღწიოთ მომავალ მატერიალურ და სულიერ განსაცდელს.
მომიტევეთ, ძვირფასო ლ.ვ. მომწერეთ.