იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

ძვირფასო ს.!

დღეს, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, მივიღე შენი წერილი, რომელიც ისეთი მწუხრებითა და სულმოკლეობითაა აღსავსე, თითქოს ციხეში იყო მოხვედრილი. ციხეშიც კი არ გმართებდა ასეთი სულმოკლეობა. როგორც ბუნებაში იცვლება ამინდი, ასევე თითოეულისთვის გარდუვალია შინაგანი ცვლილებები. განა შეიძლება, შემოდგომის ჭყაპსა და ტალახში უამინდობის გამო სასოწარკვეთილება დაგეუფლოს, თუმცა კი ზოგჯერ ძნელია ამის ატანა. ვითმენთ, რადგან მტკიცედ გვწამს, რომ კვლავ დადგება გაზაფხული, ზაფხული და ა. შ. ასევე შენც მწუხარების სანაცვლოდ მიიღებ სიხარულს. შენს მდგომარეობაში მყოფ ახალბდებს ორგვარი განწყობა აქვთ: 1) ისინი თავს გრძნობენ როგორც სამოთხეში... შემდეგ ცივდებიან, ეწყებათ სიმძიმილი, მოწყინება, რჩევებს არ იზიარებენ, უფროსებს აღარ ემორჩილებიან, განიცდიან იმას, რასაც ახლა შენ განიცდი და ან მიდიან, ანდა დაითმენენ, დამდაბლდებან და, საკუთარი თავის შეცნობის გზით მოიპოვებენ სინანულს, სიმდაბლეს, დაკარგულ სამოთხეს და მაშინ დაუცხრომლად მადლობენ უფალსა და ყველას, ვინც ასეთი განწყობის მოპოვებაში დაეხმარა; 2) სხვებს ემართებათ ის, რაც შენ გჭირს: მოწყინება, გულგატეხილობა, სულმოკლეობა, კადნიერება, მზადყოფნა იმისათვის, რომ ნებისმიერ სხვა ადგილზე წავიდნენ, სძულთ ყოველივე სასულიერო, გარშემო მყოფთა მიმართ უხეშნი არიან, ოცნებობენ და ფიქრობენ წასვლაზე და სხვა და სხვა.

ეს ჩვენი ცხონების მტერია, რომელიც მთელი არამიით თავს ესხმის ახალბდას, რათა არ მიუშვას ღვთის სასუფევლამდე, რომელიც ჩვენშია. იმ მძიმე მდგომარეობის მიხედვით, რომელშიც შენ იმყოფები და რომელიც უმნიშვნელოდ შეგვახსენებს ჯოჯოხეთური ტანჯვის არსებობას, შეიძლება, ვიმსჯელოთ საპირისპირო რამეზე, კერძოდ: რადგან არსებობს ჯოჯოხეთური ტანჯვა, მაშინ არსებობს გამოუთქმელი სიხარული და ნეტარებაც, ისეთი, რომელიც „თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და ადამიანის გულს არ გარდახდომია“, რომელიც ჩვენშია დაფარული და რომელიც არის ღვთის სასუფეველი. პირველ რიგში, მისი ძიება გვმართებს: „უწინარეს იძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა“.

მაგრამ როგორ უნდა ვეძიოთ? ისევე, როგორც სხვები ეძებდნენ: რწმენით, მორჩილებით, შინაგანი და გარეგანი განსაცდელის დათმენით, საკუთარი თავის მიმართ ყურადღებით, საკუთარი თავის მხილებით და განუწყვეტელი სინანულით, რომელიც შობს სიმდაბლესა და მოყვასის გაკითხვაზე უარის თქმას. სიმდაბლეს კი მოჰყვება სიხარული სულიწმიდისა და ცათა სასუფევლის გამო. შენ მწუხარებასა და გულგატეხილობას მისცემიხარ, ეს კარგია, რაც უფრო წინ წაიწევ, მით მეტ შვებას იგრძნობ და მონაპოვარიც განგიმტკიცდება. გარწმუებ, დროდადრო უფლისაგან ნუგეშს მიიღებ, რადგან მას ნებავს, რომ ყველა ადამიანი აცხონოს და ჭეშმარიტებით გაუნათს გონება. უფალი ადამიანს არ მოუვლენს ისეთ დაბრკოლებას, რომლის ტვირთვაც მას არ ძალუძს. გახსოვდეს, რომ მტერი დაგესხა თავს, რათა დასაწყისშივე დაგაბრკოლოს ცხონების გზაზე წინსვლაში, შეებრძოლე მას მოკლე ლოცვით ( უმჯობეისა იესოს ლოცვა), მოთმინებით, შრომით, მორჩილებით. რაც მთავარია, არ შეუშვა შენში ის აზრი, რომ ადრე კარგად ცხოვრებდი, ასე სახლშიც შეგეძლო ცხონება, რომ ისევე წარმართავდი შენს ცხოვრებას, როგორც სხვები და სხვა და სხვა. განაგდე ეს აზრები, რადგან ამგვარი აზრებით გული დაგიმძიმდება. თუ მათი განგდება არ შეგიძლია, მაშინ იფიქრე, რომ, შეიძლება, ციხეში მოხვედრილიყოავი (რაც სავსებით ადვილი შესაძლებელი იყო), ხუთი ან ათი წლით. ცხადად დაუხატე შენს თავს იქაური ცხოვრების სურათი და შენი ახლანდელი მდგომარეობა მასთან შედარებით სამოთხედ მოგეჩვენება. შენს მდგომარეობაში მყოფისთვის ხომ ადვილია შეცდომის დაშვება, მსჯავრდებულად გახდომა და მკაცრ სასჯელს დაქვემდებარება.

ღმერთი გწყალობდა და ახლაც მადლობა შესწირე მას ამისთვის და ყველაფრისთვის, რაც მთავარია, იმისთვის, რომ თავის მეგობრად გამოგირჩია. დაითმინე, ძვირფასო, როცა დამშვიდდები, მაშინ შეძლებ შენი თავისა და შენს გარშემო მყოფთა ნათელი თვალით დანახვას. ამჟამად კი ყველაფერი ისე მცდარად გეჩვენება, როგორც ამას ბოროტი გიჩვენებს. არავინ განკითხო. დაემორჩილე უფროსებს და უდრტვინველად შეასრულე ის, რასაც ისინი დაგავალებენ. თუ თავისუფალი დრო გექნება, ლოცვით იკითხე ფსალმუნები ან სახარება. ყოველ შემთხვევაში, ეს წიგნები მაინც გაქვს. ეცადე, ყოველთვის ყურადღებითა და მთელი გულით წარმოთქვა იესოს ლოცვა. მტრის ერთ-ერთი ეშმაკური ხერხია, რომ შენსავით გულგატეხილს, უღვიძებს სხვათა გაცნობის, მათთან საუბრისა და დროის ფუჭად დაკარგვის სურვილს. მოთმინებით, ლოცვით, სიმდაბლით, უფლისადმი მადლიერიბით დაამარცხე შენი მდგომარეობა. უფალი ახლოსაა. ის ხედავს შენს გულს. შენ ოდნავ მაინც რომ გიყვარდეს იგი, გაგიხარდებოდა, თუ შეძლებდი მისთვის სიცოცხლის მიძღვნას და მზად იქნებოდი ყოველივეს დასათმენად. გაიხსენე იოანე წინამორბედის, მაცხოვრის, ღვთისმშობელი დედის, მოწამეთა და წმინდანთა ცხოვრება. რაღა არ დაითმინეს მათ! განა შეიძლება, ოდნავ მაინც შევადაროთ შენი მდგომარეობა და განცდები მათ ღვაწლსა და განსაცდელს? - წაიკითხე წმინდანთა ცხოვრება, მანდ გექნებათ, და შეადარე შენს მდგომარეობას. დაწვრილებით მომწერე ყველაფერი, მე შეძლებისდაგვარად ვეცდები, გიპასუხო. გული არ გაიტეხო, ძვირფასო. უფალი შენთანაა და არ დაგტოვებს შეწევნისა და ნუგეშის გარეშე.

 

წინა

შემდეგი