ძვირფასებო... უფლისმიერი მშვიდობა და ცხონება იყოს თქვენთანა.
მივიღე თქვენი წერილი. უფალი, რა თქმა უნდა, იმიტომ გეწვიათ ავადმყოფობით, რომ ეს თქვენი ცხონებისათვის აუცილებელი იყო. მრავალი განსაცდელით გვმართებს ღვთის სასუფეველში შესვლა, ასეთია სულიერი კანონი. მოციქულები, მოწამენი, ღირსი მამები და, საერთოდ, ყველა წმინდანი მხოლოდ მრავალი განსაცდელის შემდეგ შევიდა დიდებაში. „რომელი უყუარს უფალს, ჰსწავლის და ჰსტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“. ცხადია, სასუფევლისკენ მიმავალი გზა, შეუძლებელია, არ იყოს ვიწრო, ჯვრიანი, ამიტომ თქვენ გული არ გაიტეხოთ ავადმყოფობისა და სისუსტის ჟამს, პირიქით, გულით უნდა გიხაროდეთ, გონებით უნდა მშვიდდებოდეთ, რომ უფალი ახლა უფრო მოგიახლოვდათ, მომავალში კი თავის შვილად გაქცევთ, თუკი ბოლომდე მისი ერთგული დარჩებით და უდრტვინველად იტვრითავთ ყველა განსაცდელს, რომელსაც უფალი თქვენი საჭიროებისათვის გამოგიგზავნით. „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“. ხშირად უნდა მოვუხმოთ უფალს, დავდგეთ ღვთის წინაშე და ვთხოვოთ, რომ მოგვმადლოს დათმენის უნარი მაშინ, როცა ძალზე გაგვიჭირდება. როგორც შხამიან გველს, ისე უნდა გავურბოდეთ დრტვინვას. უგუნურმა ავაზაკმა არა მარტო გაამწვავა თავისი ტანჯვა დრტვინვით და გმობით, არამედ სამუდამოდ წარიწყმიდა თავი, ხოლო კეთილგონიერმა კი, იმის შეგნებით, რომ „სამართლიანად ღირსი, რომელი ჰქმნა მიეგების“, ტანჯვაც შეიმსუბუქა და ღვთის სასუფეველიც დაიმკვიდრა. ღირსი მაკარი დიდის დილის ლოცვაში ვკითხულობთ: „ღმერთო, განმწმინდე მე, ცოდვილი, რამეთუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა“. თუკი წმინდანები გრძნობდნენ ამას, ჩვენ რაღას უნდა ვგრძნობდეთ, რისი იმედიღა უნდა გვქონდეს? - მხოლოდ ღვთის წყალობის იმედი. უნდა დავივიწყოთ ყველა ჩვენი კეთილი საქმე და, როგორც მეზვერე, ისე ვევედროთ უფალს მთელი გულით: „უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ, ცოდვილნი!“ და თუკი მეზვერე მხოლოდ ასეთი ლოცვით გამართლდა ღვთის წინაშე, ცხადია, ჩვენც უნდა გვწამდეს, რომ, თუ მთელი გულით და სულით ვილოცებთ, როგორც მეზვერე, უფალი შეგვიწყალებს. უფალი იესო ქრისტეს ამას გვასწავლის: „ილოცეთ და სასოებდეთ ღვთის სახიერებაზედ“. არანაირი ავადმყოფობა ხელს არ შეგიშლის, რომ თუნდაც დღე-ღამეში ერთხელ გულის სიღრმიდან სინანულით მიმართო უფალს.
არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ უფალს მონანულისათვის არ მიეტევოს. უფალი ჩვენ მხოლოდ მაშინ არ გვპატიებს, როცა ჩვენ არ ვპატიებთ სხვებს. ამიტომ შევურიგდეთ ყველას, რათა უფალი შეგვირიგდეს. მივუტევოთ ყველას, რათა უფალმაც მოგვიტევოს.
...ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, მოგმადლოთ მოთმინება და ლოცვა, შემდეგ კი - სულიერი სიხარული, რომელიც ყოველგვარ ხორციელსა და წუთისოფლის ყოველგვარ განსაცდელს აღემატება.