დღეს მთელი მსოფლიო, როგორც ერთი ოჯახი, რომელიც ერთი საქმისათვის შეიკრიბა და ყოველდღიური საქმე მიატოვა, ლოცვით ერთიანდება. დღეს არ ჩანან მგზავრები გზაზე, არც ზღვაზე მეზღვაურნი, მიწათმოქმედმა გუთანი და ბარი მიატოვა და საზეიმო სამოსით შეიმოსა, სამიკიტნოები დაცარიელდა, გაქრა ხმაურიანი შეკრებები, როგორც ქრება ხოლმე ზამთარი გაზაფხულის გამოჩენისას. ყოფითი მღელვარება, შფოთი და ქაოსი სადღესასწაულო სიმშვიდემ შეცვალა. ღარიბი მდიდარივით იმოსება, მდიდარი ჩვეულებრივზე უფრო საზეიმოდ იცვამს, მოხუცი ყრმასავით მიიჩქარის ამ დღესასწაულზე, ავადმყოფი სენს სძლევს, ბავშვი სამოსს იცვლის და გრძნობებით ხარობს, რადგან ჯერ კიდევ არ ძალუძს იხაროს სულიერად; ქალწული სულით იხარებს, რადგან თავისი იმედების ნათელ საწინდარს ხედავს, ოჯახის დედა თავის ოჯახობასთან ერთად ზეიმობს: მისი ქმარ-შვილი, მოსამსახურეები და ოჯახის სხვა წევრები ერთად მხიარულობენ. როგორც ახალი, სულ ახლახანს წარმოშობილი ფუტკრის ნაყარი, რომელიც სკიდან პირვლად გამოფრინდა ჰაერზე და ერთად დასხდნენ ხის ერთ ტოტზე, ასევე ამ დღესასწაულზე ოჯახის ყველა წევრი ყოველი მხრიდან ისწრაფვის საკუთარი კერისაკენ. მართლაც, სამართლიანად ადარებენ ამ დღესასწაულს მეორედ მოსვლის დღეს, რადგან ერთიცა და მეორეც ადამიანებს ერთად კრებს. მაგრამ მეორედ მოსვლისას ყველანი ერთად შეიკრიბებიან, ახლა კი ნაწილ-ნაწილ. სიხარულსა და მხიარულებას რაც შეეხება, სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე უფრო ბედნიერია, ვიდრე მომავალი. მაშინ აუცილებლად იგლოვენ ისინი, ვისი ცოდვებიც გამხელილი იქნება, ახლა კი პირიქით, არ არიან ჩვენს შორის მწუხარენი, ახლა მართალიც იხარებს და ისიც, ვინც გული არ განიწმინდა, რადგან იმედოვნებს, რომ სინანულით გამოსწორდება. ეს დღე ყოველგვარ დარდს ამსუბუქებს და არ არსებობს ისეთი მწუხარე ადამიანი, ვინც ვერ იპოვიდა ნუგეშს ამ დღესასწაულში. ახლა თავისუფლდება ტყვე, მოვალეს ვალი შეენდობა, ეკლესიის კეთილი და კაცთმოყვარე მოწოდების გამო მონაც კი თავისუფლებას ღებულობს, თუნდაც მრავალი მძიმე დანაშაული ჩაედინოს. მისი ბატონი, ამ დღის პატივსაცემად, რომელიც სიხარულისა და კაცთმოყვარეობისადმი განგვაწყობს, ფარაონის მსგავსად , რომელმაც მწდე ბნელეთიდან გამოიყვანა, შეიწყნარებს განგდებულსა და შეურაცხყოფილს, რადგან იცის, რომ მეორედ მოსვლის დღეს თავადაც დასჭირდება შენდობა ღმრთისაგან და ამიტომ ამ წყალობის გაღებით, მაგიერს ელის, განაშორეთ მწუხარებით დამძიმებულ სულს დარდი, როგორც უფალმა განარიდა სიკვდილი ჩვენს სხეულს, დაუბრუნეთ პატივი შერცხვენილთ, გაახარეთ მწუხარენი. დაე, ყველასათვის ყვაოდეს ამ დღესასწაულის მშვენიერება. თუკი მიწიერის მეფის დაბადების დღეს გახსნიან ჯურღმულებს, მაშ განა ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვების დღეს არ ანუგეშებენ მწუხარეთ?! ღარიბებო, მიიღეთ სიყვარულით დღე, რომელიც დაგაპურებთ, უძლურნო და საპყარნო, შეეგებეთ განკურნების დღეს, მასში დაფლულია იმედი თქვენი აღდგომისა, რომელიც გიბიძგებთ მოშურნეობის სათნოებისაკენ და მანკიერებათა მოძულებისაკენ. რადგან თუ აღდგომის არსი გაქარწყლდა ჩვენში, მხოლოდ ერთი აზრით ვიცხოვრებთ: „ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკვდებით“ (1 კორ. 15, 32).