ხდება, რომ ახლობლის გარდაცვალების გამო ადამიანები სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, მათი გამხნევება და ნუგეში კი მხოლოდ გულწრფელ თანაგრძნობას ძალუძს. წმინდა სერგის ლავრის ბერების ეს წერილები შვებას მოჰფენს ყოველ დამწუხრებულ ადამიანს და ღვთის უსაზღვრო მოწყალების იმედით აღავსებს მის გულს.
მივიღე თქვენი წერილი, რომლიდანაც შევიტყვე, რომ დიდი მწუხარება გეწვიათ და საყავრელი ვაჟი გარდაგეცვალათ. გულით ვიზიარებ თქვენს ტკივილს და გულის წუხილს, მთელი სისავსით განვიცდი მას, ადამიანური უძლურებითა და მონათესავე სევდით აღძრული. ესოდენ ახლობელი და საყვარელი ადამიანის დაკარგვამ შეუძლებელია, გულის ძლიერი ტკივილი არ გვაგრძნობინოს და თუმცა მოვალენი ვართ, თანალმობით მოვიხადოთ ვალი ჩვენი სიყვარულის საგნის წინაშე, მეორეს მხრივ, უნუგეშო დრტვინვასა და წუხილს არ უნდა მივცეთ თავი. მაგრამ სჩანს, თქვენ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეჰფერის, თქვენი სულისათვის ნუგეშს ჩვენს წმინდა სარწმუნოებაში ეძიებთ, ღვთის სახიერებას სასოებთ და ჩვენდა – ცოდვილთა მიმართ მის უსაზღვრო სიყვარულს და მისივე წმიდა ნებას მინდობილხართ. ურწმუნოთა შორის ოჯახური ბედნიერება დიდხანს ვერ იხარებს, რადგანაც როდესაც ვინმე გარდაიცვლება, ის სამუდამოდ მკვდრად ითვლება. შორეული მარადისობიდან იმედისა და ნუგეშის სხივი არასოდეს გამობრწყინდება მათთვის, მათი სიხარული წამიერია, მწუხარება კი – უნუგეშო. როდესაც მხოლოდ ამქვეყნიურ, წარმავალ ცხოვრებაზე ვამყარებთ იმედს და ამა სოფლის, ან ნათესავებისა და მეგობრების ნუგეშისცემას ვეძიებთ, როცა არ შეგვიძლია, რწმენის სახედველით შევხედოთ მომავალ მარადისობას, მაშინ ცხადია, რომ ყოველგვარი ცხოვრებისეული ცვლილების ან ახლობლების დაკარგვისას ვეღარაფრით ვნუგეშობთ. მაგრამ ქრისტიანი, რომელიც ღვთის განგებულების მოქმედებაშია დარწმუნებული, ემორჩილება მის წმიდა ნებას, რომელიც მხოლოდ სასიკეთოდ წარგვიმართავს გზას და იგი აღიარებს, რომ ამქვეყნიურ ჭირ-ვარამში მხოლოდ მწირია, რომელიც თავის მშობლიურ მხარეში მიემგზავრება და იმქვეყნად წასულ ახლობლებსა და მეგობრებს აცილებს, როგროც იმ ადამიანებს, რომელთაც შემოქმედის მიერ მათთვის განსაზრვრული მიწიერი ყარიბობა დაასრულეს და იმედოვნებს, რომ ოდესმე, ღვთის მადლით, ნეტარ მარადიულობაში თვითონაც მათ შეუერთდება. სწორედ ეს რწმენა აღხოცავს ჩვენს გულებში საყვარელ ადმიანებთან განშორების სევდას. სწორედ ეს რწმენა მოსჩანს წმინდა პავლე მოციქულის სწავლებიდან თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში: „არა გვნებავს უმეცრება თქვენი, ძმანო, შესვენებულთა მათთვის, რათა არა სწუხდეთ, ვითარცა იგი სხვანი, რომელთა არა აქვს სასოება. რამეთუ უკეთუ გვწამს, ვითარმედ იესუ მოკვდა და აღსდგა, ეგრეცა ღმერთმან შესვენებულნი იგი იესუს მიერ მოიყვანნეს მის თანა“ (თეს. 4, 13-14), ე.ი. მიცვალებულნი მარადიული ცხოვრების სასოებით აღსდგებიან. მიიღეთ ჩემი რჩევები თქვენი მწუხარების სანუგეშოდ და იმედი იქონიეთ, რომ თქვენი საყვარელი ვაჟი, წმიდა საიდუმლოთი გზადალოცვილი, ნეტარ მარადიულობას მიემთხვა. თუ თქვენ ის გაწუხებთ, რომ იგი უდროოდ წავიდა, ეს ყოვლადბრძნული და გამოუკვლეველი განგების საქმეა.
ჩვენი შემოქმედის გულმოწყალებას მიენდეთ, მის წმიდა ნებას დაემორჩილეთ და თავი ინუგეშეთ
იმით, რომ თქვენი ძვირფასი შვილი დროებითი ცხოვრებიდან გადავიდა მარადიულში, სადაც
ოდესმე ჩვენც მოგვიხმობენ. მის წინაშე ვალი შეგიძლიათ გამოხატოთ საეკლესიო მსახურებში
მისი ხშირი მოხსენიებით და მისივე სახელზე მოწყალების გაცემით. თქვენ უნდა გენუგეშებოდეთ
ღვთის უსაზღვრო მოწყალება, რომ უფალმა ღირს-ჰყო იგი ასეთი მოხსენებისა. სწორედ ეს
არის მის მიერ მაქვეყნად დატოვებული საუკეთესო მემკვიდრეობა, რომელიც მარადიულობაშიც
გაჰყვება თან. თქვენი წერილის მიღების შემდეგ ჩვენს სავანეშიც განუწყვეტლივ იხსენიება
იგი: ლიტურგიაზე (წირვაზე), კვეთისას, კვერექრებში, პანაშვიდზე და ფსალმუნებისას.
ცათა სასუფეველში განუსვენოს უფალმა მის სულს და საუკუნოდ იყოს ხსენება მისი. გისურვებთ,
გულმოწყალე ღმერთმა ნუგეში-სცეს თქვენს მწუხარებას. მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
მოგმადლოთ თქვენ და თქვენს ოჯახს.