ხდება, რომ ახლობლის გარდაცვალების გამო ადამიანები სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, მათი გამხნევება და ნუგეში კი მხოლოდ გულწრფელ თანაგრძნობას ძალუძს. წმინდა სერგის ლავრის ბერების ეს წერილები შვებას მოჰფენს ყოველ დამწუხრებულ ადამიანს და ღვთის უსაზღვრო მოწყალების იმედით აღავსებს მის გულს.
ღრმად პატივცემულო ქალბატონო ნ. თქვენ აღმიწერეთ მწუხარება და დარდი, რომელსაც შვილების დაკარგვის გამო განიცდით და ამ გრძნობათა გამოხატვით ჩემგან - უძლურისაგან - ნუგეშისცემასა და განმტკიცებას ითხოვთ. ასევე გსურთ, დაბეჯითებით გქონდეთ იმის იმედი, რომ ოდესმე მარადიულ ცხოვრებაში კვლავ შეხვდებით თქვენს ყრმა-შვილებს.
თქვენ, რაღა თქმა უნდა, მტკიცედ გჯერათ, რომ ჩვენი მოსვლა და წასვლა, სიცოცხლე და სიკვდილი ღვთის ნებაა. ღმერთმა დაგვბადა, იგი გვფარავდეს ამქვეყნიური ცხოვრებისას და თითოეულისათვის განსაზღვრულ ჟამს მარადისობაში გადაგვასახლებს. ამგვარად ჩვენ: „გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ. და გინა თუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით“ (რომ. 14, 8).
ამქვეყნიური ცხოვრება, როგორადაც არ უნდა გახანგრძლივდეს, ბოლოს მაინც სიკვდილით თავდება, ჩვენი ყოფა კი ამით არ წყდება, სიკვდილი მხოლოდ დაუსრულებელ მარადისობაში გადაგვასახლებს.
ღვთის წინაშე დღე ერთი - ვითარცა ათასი წელი, და ათასი წელი - ვითარცა ერთი დღე. მისი ნებით მოხდა, რომ ამ მწუხარე, ჭირ-ვარამითა და ცრემლით სავსე ცხოვრებიდან ისინი სრულიად ნორჩ ასაკში გავიდნენ მანამ, სანამ ამქვეყნიურ სიტკბოებასა და სიმწარეს გამოცდიდნენ და სულზე ცოდვილ ვნებათა ნაკვალევი დააჩნდებოდათ. განა ღვთაბრივი სიყვარულის გამოვლინება არ არის მათ მიმართ, რომ მარადიული ნეტარებით ტკბებიან? „მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხებათ“ (სიბრძნ. 3, 1).
ქვეყნისთვის შეუცნობელია განგება ღვთისა. პავლე მოციქული შესძახებს: „ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ, ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33); ამიტომ ჩვენი გამოსაძიებელი როდია, თუ რად გაიყვანა ისინი უფალმა ამ ქვეყნიდან სიყრმის ასაკში. გვქონდა კი იმედი, რომ მათ კეთილზნეობრივებს, საზოგადოებისთვის გამოსადეგებს ვნახავდით და მომავალშიც ნუგეშს გვცემდნენ?! ვის შეუძლია დაგვარწმუნოს, რომ ეს ნამდვილად ასე იქნებოდა. ხშირად ვხედავთ, რომ ჩვენი იმედები არ მართლდება და მრავალი მშობელი ნუგეშის ნაცვლად შვილებისაგან მწუხარებასა და ტკივილს იღებს და ეს, რა თქმა უნდა, დიდი სასჯელია მშობლებისათვის. თქვენ კი ეს არ გამოგიცდიათ, მხოლოდ მათი დაკარგვის სიმწარე განიცადეთ - თქვენივე უძლურებისა და სულმოკლეობის გამო. როცა რწმენასა და სასოებას მოიპოვებთ, მაშინ სასიხარულო ნუგეშს გცემთ იმაზე ფიქრი, რომ ისინი მარადიულ ნეტარებას მიემთხვივნენ და ცხოვრებისეული ცვლილებები და დაბრკოლებები ვეღარას ავნებთ. წერილი ამბობს: „სიგლახაკისაკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა“ (სიბრძნ. 4, 12); იმისათვის მიიღო უფალმა თავის წიაღში თქვენი შვილები, „რათა მათი გონება ბოროტებას არ შეეცვალა, ან მზაკვრობას არ შეეცდინა მათი სული“ (სიბრძნ. 4, 11); ღვთისათვის ხომ ყოველივე აშკარაა, თვით აღუსრულებელი საქმენიც კი, ამიტომ მადლიერებით მიმართეთ მას იმისათვის, რომ „ვითარცა ძღუენი პატიოსანი“. შეიწირა ნაყოფი თქვენი - მარადიულ ნეტარებაში. წაიკითხეთ წმიდა მოწამე უვარიოსის (19 ოქტომბერი) ცხოვრება, იქ ნახავთ, რომ დედა, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა, წმიდანმა თავისი გამოცხადებით ანუგეშა.
ხოლო თქვენ ყოველივე ზემოთქმულით ინუგეშეთ თავი, გწამდეთ, თუმცა არ გიხილავთ და როცა მადლიერების გრძნობით აღივსებით, უფალი მწუხარებას შეგიმსუბუქებთ და სულიერ შვებას მოგანიჭებთ. გსურთ იცოდეთ, თუ რა საშუალებით შეიძლება დაიმსახუროთ მათთან ზეციური შეხვედრა? ჩვენ მხოლოდ ამას კი არ უნდა ვესწრაფვოდეთ, არამედ იმას, რომ ღვთის ბრწყინვალე სახე ვიხილოთ და იქვე ყველა, ვინც სიყვარულითვე შეერთვება სიყვარულს ღვთისას. ხოლო თუ როგორ მიიღწევა ყოველივე ეს, თითოეულ ქრისტიანს სიტყვა ღვთისა და მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის: მცნებები აღასრულეთ და მთელი სასოება დაამყარეთ არა პირად დამსახურებაზე, არამედ ქრისტე მაცხოვარზე, რომელმაც თავისი ჯვარითა და ტანჯვით მარადიული ცხოვრება მოგვანიჭა. მისმა ყოვლადწმიდა ბაგემ წარმოსთქვა სიტყვები: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყვარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“ (იოან. 14, 21).
თქვენი მწუხარებით გულმოწყლულმა, როგორც შევძელი, ისე შევეცადე ნუგეში მეცა და გამემხნევებინეთ. მაგრამ ნუგეშისცემა და სულიერი განმტკიცება მხოლოდ ერთ ღმერთს ძალუძს. ამიტომ უგალობდეთ: „განვჰფინო მის წინაშე ვედრებაჲ ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა“ (ფს. 14, 13); „კიდითგან ქუეყანისათ შენდა ღაღად-ვჰყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა“ (ფს. 60, 3); და ფსალმუნის სხვა სიტყვებით მიმართეთ მას.
თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა