ოღონდ მიილტვოდე მისკენ

(ოპტელი ბერის წერილი სულიერი შვილისადმი)

აი, კიდევ ერთი წელიწადი მიილია, კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ჟამს, როცა დავტოვებთ ამ ცრუ სოფელს...

ყოველი ახალი წლის დამდეგს გულისტკივილი მეუფლება. ვფიქრობ: დრო გადის, ყოველივე იცვლება, მხოლოდ მე ვრჩები იგივე, მხოლოდ მე არ ვხდები უკეთესი. ალბათ, თქვენც გაგივლიათ გულში ასეთი ფიქრი. ჩვენდა ნუგეშად გთავაზობთ ერთ ამონარიდს ოპტელი მამის წმიდა მოსეს წერილიდან: „ჩვენნაირი“ ფიქრებით შეწუხებულ თავის მონაზონ ბიძაშვილს რომ გაუგზავნა.

„მისმინე, დაო. - წერს ღირსი მამა, - ნუ იშფოთებ სულს იმაზე ფიქრით, რომ უძლური ხარ და გამოსწორება არ ძალგიძს. შესაძლოა, სულიერად დიდად არ წარმატებულხარ, მაგრამ მწამს, რომ გაქვს მრავალი მცირე, გარეგნულად უმნიშვნელო კეთილი საქმე, რომლებიც სრულიად საკმარისი იქნება შენი სულის სახსნელად. მსურს, ჩამოვთვალო ზოგიერთი ის სიკეთე, რომლებიც შენთვის უცხო არ არის და აღასრულებ კიდევაც.

იცოდე:

თუ ოდესმე ვინმეს შეიწყალებ, შეწყალებული იქნები.

თუ მწუხარებაში მყოფთან ერთად შენც შეწუხდები (მცირედი ხომ არ გგონია ეს!), მოწამეთა შორის შეირაცხები.

თუ შეუნდობ შეურაცხმყოფელს, ამის გამო ყველა ცოდვა მოგეტევება და ზეციური მამის ასული გახდები.

თუ გულით ილოცებ, თუნდაც მცირედ, და უფალს სთხოვ, გიხსნას, გადარჩები.

თუ ღვთის წინაშე ამხელ საკუთარ თავს და ცოდვათა გამო დაისჯი, უფალი განგამართლებს.

თუ აღიარებ ცოდვებს ღვთის წინაშე, მისგან მიტევებას მიიღებ.

თუ დამწუხრდები ცოდვების გამო, შეგემუსრება გული, ატირდები ან ამოიოხრებ, ამოოხვრა შენი არ დაიკარგება ღვთის წინაშე. „არ დაიფარვის მის წინაშე, - ამბობს წმინდა სვემეონი, - წვეთი ცრემლისა და იმ წვეთის მცირე ნაწილიც კი“, - ხოლო წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, თუ გულით ატირდები საკუთარ ცოდვათა გამო, ამას შენი ხსნის მიზეზად მიითვალავს უფალიო.

ხედავ, რამდენ რამეში წარმატებულხარ და ეს არ იცი?! თუმცა შენთვის უკეთესია, უძლურებით იკვებებოდე და არ კეკლუცობდე საკუთარი წარმატებით. დაე, ეს ყოვლადმართალმა მსაჯულმა შეაფასოს, ჩვენ კი მხოლოდ ჩვენს ცოდვებს ვჭვრეტდეთ, მათ ვინანიებდეთ მთელი ცხოვრება, მიტევებაზე კი არ ვიფიქროთ.

თუმცა უძლური ხარ ჩემსავით, ნუ გეშინია, სასოს ნუ წარიკვეთ, არამედ მადლობა შესწირე უფალს ყველაფრისათვის. ის შენი სულის ხსნაზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე გიფიქრია. ის გაცხოვნებს, ოღონდ კი მიილტვოდე მისკენ სიმდაბლითა და სასოებით.

აღასრულე სიკეთე, ერთი შეხედვით თუნდაც მცირე - უფალი ამ მცირესაც, მისი გულისთვის ჩადენილს, დიდ ფასს დაადებს. მინდა, გწამდეს მისი ხელგაშლილობის. ის მოიხსენებს შენს მცირე მსხვერპლს და დიდად მიითვალავს. „მცირეა შენი სინანული, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - მაგრამ დიდია უფლის კაცთმოყვარეობა. მას ყველას ხსნა სურს და ამისთვის მცირე მიზეზსაც კი ეძიებს, თუნდაც მხოლოდ სულის კეთილ მოძრაობას“.

მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 1, 2005 წ.