მოციქულმა გემოთმოყვარე ქვრივის შესახებ სამართლიანად თქვა: „რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივე მკუდარ არს“ (1ტიმ. 5,6). ეს რომ კარგად შეიცნო, ყურადრებით დავაკვირდეთ, რომელი ქცევა ახასიათებს ცოცხლებს და რომელი - მკვდრებს. ცოცხლები იმას იქმან, რაც მომავალ, ჭეშმარიტ ცხოვრებასთან არის კავშირში. ხოლო რომ შეიტყო არის კავშირში მომავალ ცხოვრებასთან, რომელზეც მუდამ უნდა ვზრუნავდეთ, ისმინე რას ამბობს ქრისტე: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასუთ მე“ (მთ. 25,34,35). ცოცხლები მკვდრებისგან მარტო იმით არ განსხვავდებიან, რომ მზეს ხედავენ და ჰაერს ჩაისუნთქავენ, - არა ამით, ვამბობთ ჩვენ, არამედ იმით, რომ სიკეთეს აღასრულებენ. თუკი ამას არ იქმან, მაშინ მიცვალებულებზე უკეთესები არაფრით არიან. ეს რომ კარგად შეიმეცნო, ისმინე, რომ მკვდარსაც შეუძლია იცოცხლოს. რამეთუ ნათქვამია: „არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ“ (მთ. 22,32). შენ ისევ ამბობ, რომ ეს გამოცანაა. ამიტომ ისიც ამოვხსნათ და სხვაც. ყველა ცოცხალი მკვდარი ხდება, როდესაც ცხოვრებას განცხრომით ატარებს. რატომ? იმიტომ, რომ ის მხოლოდ სტომაქისთვის ცხოვრობს, ხოლო დანარჩენ გრძნობებს უგულებელყოფს. ის იმას ვერ ხედავს, რასაც უნდა ხედავდეს, არ ესმის ის, რაც უნდა ესმოდეს, არ ამბობს იმას, რასაც უნდა ამბობდეს, საერთოდ არ აკეთებს იმას, რასაც ცოცხლები აკეთებენ. მავანის მსგავსად, რომელსაც სარეცელზე გაწოლილს თვალები დაუხუჭავს, და ვერაფერს გრძნობს, რაც მის გარშემო ხდება, ესეც ასევეა ან უფრო სწორია თუ ვიტყვით, ბევრად უარესად არის. პირველი უგრძნობია კეთილის მიმართაც და ბოროტის მიმართაც, უკანასკნელი კი მხოლოდ ერთს გრძნობს, კერძოდ - ბოროტებას, ხოლო სიკეთისადმი პირველის მსგავად უგრძნობია. შესაბამისად მკვდარიც ხდება. მას მომავალი ცხოვრების არანაირი სიკეთე არ აღელვებს. ხოლო მემთვრალეობა, რომელსაც თავის წიაღში ჰყავს დატოვებული, როგორც ბნელ და პირქუშ თავშესაფარში და გამოქვაბულში, მუდმივად აიძულებს მიცვალებულივით წყვდიადში იბრუნოს. რადგანაც დროს ქეიფსა და მემთვრალეობაში ატარებს, წყვდიადში არ არის? ნუთუ ის მკვდარი არ არის? დილითაც კი, როდესაც გამოფხიზლებულია, სრულად გამოფხიზლებული არც მაშინ არის, ნაწილობრივ იმის გამო, რომ წინაღამინდელი ღვინო ჯერ კიდევ არ აორთქლებულა, ხოლო ნაწილობრივ იმიტომ, რომ მას მომავალი სიამოვნების ძლიერი სურვილი იპყრობს, ის დილას და შუადღეს მუდამ ნადიმებში ატარებს, ხოლოდ ღამისა და დილის უმეტეს ნაწილს ღრმა ძილში. მითხარი, ასეთი შეიძლება ცოცხლებს მივათვალოთ? ვის შეუძლია ის საშინელი ქარიშხალი აღწეროს, რომელიც ნაყროვანებით იშვება და ეკვეთება როგორც სულს, ასევე სხეულს. როგორც სქელი ღრუბელი მზის სხივებს გამობწრყინების საშუალებას არ აძლევს, ასევეა ოხშივარი, რომელსაც ღვინო და ნაყროვანება გამოსცემენ, ფრიალო კლდესავით, ტვინს ეკვეთება და იქ სქელ ნისლს წარმოქმნის, გონებას საშუალებას არ აძლევს, უფრო მეტი სივრცე მოიპოვოს და უკუნ წყვდიადში ძირავს. წარმოიდგინე, როგორი ქარიშხალი აღიძვრება იმის სულში, ვისაც ამგვარი რამ ემართება, როგორი შინაგანი შფოთი აქვს. მისი შინაგანი ზრახვები აღშფოთებული არიან და უდიდესი ნაღველით ივსება. სულის გარეთ გამოყვანა და ხორციელი თვალით ხილვა რომ შეგვეძლოს, მაშინ გემოთმოყვარის სულს დაკნინებულს, დანაღვლიანებულს, შეწუხებულსა და დაუძლურებულს ვნახავდით. სხეული რაც უფრო მეტად იკვებება და სუქდება, სული მით უფრო იფიტება და უძლურდება. პირველი რაც უფრო მეტად ნებივრობს, მეორე მით უფრო ღრმად ეფლობა მიწაში. როდესაც საგანს სქელი საფარი ფარავს და თვალისათვის მისი დანახვა შეუძლებელია, იმიტომ, რომ სინათლის სხივი მას ვერ განჭოლავს და ამის გამო ხშირად ბნელდება კიდეც, ასევეა სხეულიც, როდესაც მუდმივად იკვევება, როგორც ჩანს, ზედმეტი ქონით იფარება.
სხეული როგორ არის მკვდარი მაშინ, როდესაც ჭამს და სვამს? იკითხავ შენ. ადამიანის სიცოცხლის ნიშანი ეს სულაც არ არის. პირუტყვიც ჭამს და სვამს. როდესაც სული მკვდარივით წევს, რა სარგებლობა მაქვს მისთვის ჭამა-სმას? როდესაც ის მუდმივად გემრიელ საჭმელზე, მზარეულებზე, სუფრის მომსახურეებზე, ხაბაზებზე ლაპარაკობს, ღმრთის მოშიშებაზე კი არასოდეს საუბრობს, ნუთუ მკვდარი არ არის? თუმცა, ვნახოთ, რას წარმოადგენს ადამიანი. ფილოსოფოსები ამბობენ: ადამიანი გონიერი ცხოველია, გონებითა და შემეცნების ნიჭითი დაჯილდოებული მოკვდავია. მაგრამ განმარტებას ჩვენ მათ არ დავესესხებით. მაშ ვის? წმიდა წერილს მივმართავთ. კერძოდ რომელ საკითხავში განმარტავს ის ადამიანის რაობას? ისმინე, რა არის იქ ნათქვამი: „იყო კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთის მსახურ, განყენებულლ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა“ (იობ. 1,1); სხვა კიდევ ამბობს: „დიდ არს კაცი და პატიოსან კაცი მოწყალე“ (იგ. 20,6). ხოლო ვინც ასეთი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ გონებაც აქვთ და უკიდეგანო ცოდნაც, წმიდა წერილი მათ ადამიანებად არ ცნობს, არამედ ძაღლებს, ცხენებს, იქედნეს, გველებს, მელიებს, მგლებსა და სხვა ამგვარს უწოდებს, რაც ცხოველებს შორის ყველაზე საძაგელი შეიძლება იყოს. თუკი არამიანი ასეთი უნდა იყოს, ცხადია, გემოთმოყვარე ადამიანი არ არის. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ის, ვინც ასეთზე არაფერზე არ ზრუნავს?იმიტომ, რომ გემოთმოყვარებისა და სიფხიზლის შეერთება შეუძლებელია, - ერთ-ერთ მათგანს მეორე ანადგურებს. ფილოსოფოსებიც იგივეს ამბობენ - სქელი ფაშვიდან ნატიფი გონება არ იშვება. ამას გარდა, წმინდა წერილი ზოგჯერ ადამიანებს უსულოებს უწოდებს: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც“ (დაბ. 6,3). მართალია, მათ სულები ედგათ, მაგრამ მკვდარი, ამიტომაც ეწოდათ ხორცი. როგორც სათნო ადამიანზე ვამბობთ - მთლად სული და გულია, მიუხედავად იმისა, რომ ხორცი ასხიათ, ბიწიერ ადამიანზე საპირისპირო უნდა ითქვას. პავლე ამიტომ ამბობს: „თქვენ არა ხართ ჴორცთა შინა“ (რომ. 8,9), რადგანაც ისინი ხორციელ საქმეებს არ აღასრულებდნენ. შესაბამისად, გემოთმოყვარეებს არც სული აქვთ, არც სამშვინველი. „რომელი-იგი იშუებდის, ცოცხლივე მკუდარ არს“. ისმინეთ იმათ, ვინც დროს მუდმივად ნადიმებსა და მემთვრალეობაში ატარებთ და უპოვრებს უგულებელყოფთ, რომლებიც შიმშილით იტანჯებიან და კვდებიან, მაშინ, როდესაც თქვენ მუდმივად სიამოვნების მიღებით კვდებით. თქვენ ორგვარი სიკვდილის მიზეზი ხდებით: ერთია იმ საცოდავებს რომ მოეწევათ, ხოლოდ მეორე თქვენ გკლავთ, ამასთან ერთიცა და მეორეც ზომაგადასულობის შედეგია. თქვენ თქვენი ნამეტნავისაგან მათი უქონლობა რომ შეგევსოთ, ორივე სიცოცხლეს იხსნიდით. მუცელს მეტისმეტი სიმაძღრით ქანცავ, ღატაკს კი სიღარიბით აძაბუნებ? ერთს უზომოდ ასუქებ, ხოლო მეორეს უზომოდ აუძლურებ? ზომიერად კვებე შენი სხეული, მას კი ნუ აძაბუნებ. საკვებს ასე სწორედ იმიტომ ეწოდება, რომ სხეული გამოვკვებოთ, და არა წარვწყმიდოთ. შენი აზრით, რას უნდა გრძნობდეს გონება, რომელსაც ოხშივარი მუდმივად ბინდავს? ჩვენ ასე იმიტომ ვიქცევით, რომ მას ვუმზერთ არა როგორც ღირსად პატივცემულ მეფეს, არამედ როგორც ბინძურ ძაღლს. ღმერთმა საჭმლის მომნელებელი ორგანოები მოშორებით იმიტომ მოათავსა, რომ მათგან არც ერთი სხვა ორგანო არ დაზიანდეს. მაგრამ ჩვენ ამის საპირისპიროდ ვიქცევით და ყოველივეს ზომიერების არ გონის გამო წავახდენთ. ამიტომაც სამართლიანია მოციქულის სიტყვები: „რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივე მკუდარ არს“. ის განებივრებული, მოდუნებული, მფრთხალი, შებოჭილი, მშიშარა, მძვინვარე, უგუნური, მლიქვნელი, ცხარე, მცონარე ხდება, - ყოველგვარი ვნებით ივსება და მათი საპირისპირო სათნოებები უცხოა მისთვის. ამის გამო ეუბნება მოციქული ტიმოთეს: „ამას ამცნებდ, რაჲთა უბრალო იყვნენ“ (1 ტიმ. 5,7). ხედავ, ეს მცნება კანონის სახეს იღებს? ის ამას თითეულის ნებაზე არ ტოვებს, არამედ ამბობს: ამცნე, რომ გემოთმოყვარებას არ მიეცნენ, იმიტომ, რომ ეს აშკარა ცოდვაა; ასე, რომ ვინც ფუფუნებით ცხოვრობს, შეუძლებელია და სრულიად უადგილოც საიდუმლოებების თანაზიარი იყოს. სიმშვიდეს აქ ნუ ვეძებთ, რათა ის მომავალ ცხოვრებაში ვპოვოთ. სიამეებს აქ ნუ მივეცემით, რათა ჭეშმარიტი სიამე იქ ვიგემოთ, რომელიც არანაირ ზიანს არ მოგვაყენებს და ურიცხვ სიკეთეს შეიცავს.
მთარგმნელი: თამარ ერისთავი
წიგნიდან: „ცხოვრება და რჩეული თხზულებანი
წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა,
კონსტანტინოპოლელ მთავარეპისკოპოსისა“,
თბილისი, 2007 წ.