მამა პაისი მთაწმინდელი

იმის შესახებ, რომ ჩვენს დროში ეშმაკი არც თუ სახუმაროდ გათამამდა

ცოდვის ქმნით ეშმაკს ჩვენზე უფლებას ვანიჭებთ

დღეს მრავალი ეშმაკეული საქმე არსებობს. ეშმაკი არც თუ სახუმაროდ გათამამდა, რადგან თანამედროვე ადამიანებმა მას დიდი უფლებები მიანიჭეს. ადამიანები საშინელ ეშმაკეულ ქმედებებში არიან დანთქმულნი. ერთმა კაცმა მეტად სწორად ახსნა ეს: „ადრე ეშმაკი ადამიანების ცდუნებით იყო დაკავებული, ეხლა კი ასე აღარ არის. მას ხალხი თავის გზაზე გადაჰყავს და გზას ულოცავს: - აბა, წარმატებას გისურვებ. ადამიანები კი ამ გზაზე თავისით მიეხეტებიან. - ეს საშინელებაა. აბა, შეხედეთ: ღადარინელთა ქვეყანაში ეშმაკებმა ქრისტეს ჰკითხეს, აძლევდა თუ არა ნებას, რომ ღორებში შესულიყვნენ. ქრისტემ მისცა მათ ამის ნება, რათა ებრაელები დაესაჯა, მათ ხომ სჯული ღორის ხორცის ჭამას უკრძალავთ [1].

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი იმასაც ამბობს, ეშმაკი არ არსებობსო.

- დიახ, ერთმა მირჩია, რომ „ღირსი არსენი კაბადოკიელის“ ცხოვრების ფრანგული თარგმანიდან ამომეღო ის ეპიზოდი, სადაც ეშმაკეულებზეა [2], ლაპარაკი. „ევროპელები ამას ვერ გაიგებენ, მათ არ სწამთ, რომ ეშმაკი არსებობს“ - მითხრა მან. ხედავთ, ისინი ყველაფერს ფსიქოლოგიურად ხსნიან.

სახარების ეშმაკეულები რომ ფსიქიატრების ხელში მოხვედრილიყვნენ, მათ მკურნალოპას ისინი ელექტროშოკით დაიწყებდნენ! ქრისტემ ეშმაკს ბოროტების აღსრულება აუკრძალა, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ბოროტების ჩადენას, თუ ადამიანი მისცემს მას ამის ნებას. როცა კაცი ეკლესიის საიდუმლოებებში არ მონაწილეობს, ბოროტს აძლევს ამ უფლებებს და ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ ექცევა.

- წმიდაო მამაო, და კიდევ რა სახით შეიძლება ამგვარი უფლება მისცეს ადამიანმა ეშმაკს.

- ლოგიკა [3] ბილწსიტყვაობა, სიჯიუტე, თვითნებობა, ურჩობა, უსირცხვილობა. ყველა ეს ეშმაკის განმასხვავებელი ნიშნებია. ადამიანი იმდენად ხდება მისაწვდომი ბოროტისათვის, რამდენადაც ამ ზემოთჩამოთვლილ თვისებებს ფლობს. ერთი მხრივ, როცა კაცის სული განიწმინდება, მასში სულიწმიდა იმკვიდრებს და ადამიანი მადლით აღმოივსება. თუკი პიროვნება საკუთარ თავს მომაკვდინებელი ცოდვებით შებღალავს, მასში არაწმიდა სული ჩასახლდება, ხოლო თუ ის ცოდვები, რომლითაც იგი საკუთარ სულს აბინძურებს, მომაკვდინებელი არ არის, მაშინ იგი ბოროტი სულის ზემოქმედებას გარედან განიცდის.

საუბედურიად, ჩვენს დროში ადამიანებს არ სურთ, მოიკვეთონ ვნებები, საკუთარი თვითნებობა. ისინი სხვების რჩევებს არ იღებენ. ამის შემდეგ ისინი უსირცხვილო ლაპარაკს იწყებენ და ღვთის მადლს განიშორებენ. ბოლოს - ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს იგი, ვეღარაფერში წარმატებას ვერ აღწევს, რადგან იგი ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ადამიანი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, რადგან გარედან მას ეშმაკი მართავს. ეშმაკი მასში კი არ არის!.. - ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ მას გარედანაც შეუძლია მართოს იგი.

ღვთის მადლს განშორებული ადამიანი ეშმაკზე უარესია. რადგან ეშმაკი ყველაფერს თვითონ კი არ აკეთებს, არამედ ბოროტებისკენ უბიძგებს ადამიანებს. მაგალითად, ის თვითონ არ აღასრულებს ბოროტმოქმედებას, მაგრამ ადამიანებს კი აქეზებს ამისკენ. და ამის გამო ადამიანები ეშმაკეულნი ხდებიან.

 

აღსარება ეშმაკს ადამიანებზე ზეგავლენას ართმევს

ადამიანები, უკიდურეს შემთხვევაში, მოძღვართან რომ დადიოდნენ და აღსარებას ამბობდნენ, ეშმაკეული ზემოქმედება განქარდებოდა და ისინი ფიქრს კვლავ შეძლებდნენ. ეხლა ხომ ბოროტის გავლენით მათ ტვინებს აზროვნებაც აღარ შეუძლიათ. სინანული, აღსარება ეშმაკს ადამიანებზე გავლენას უკარგავს. ცოტა ხნის წინ [4] წმიდა მთაზე ერთი ჯადოქარი მოვიდა. რაღაც მოჯადოებული პალოებითა და ბადეებით მან ერთ ადგილს მთლიანად დაფარა ჩემი სენაკისაკენ მომავალი გზა. აქეთ რომ გაევლო ისეთ ადამიანს, ვისაც ცოდვები მონანიებული არ ჰქონდა, აუცილებლად დაშავდებოდა, ოღონდ ისე, რომ მას ამის მიზეზი არ ეცოდინებოდა. როცა გზაზე ეს ჯადოქრული ბადე დავინახე, ჯვარი გადავისახე და მათ შორის შევაბიჯე - ყველაფერი დაირღვა. შემდეგ სენაკში თვითონ ჯადოქარი მივიდა. მან ბოროტი ზრახვები აღიარა და თავისი წიგნები დაწვა.

ეშმაკს არანაირი ძალა არა აქვს მორწმუნე ადამიანზე, რომელიც ეკლესიაში დადის, ცოდვებს აღიარებს და ეზიარება. ასეთებს იგი მხოლოდ უკბილო ძაღლივით უყეფს. მეორე მხრივ, მას დიდი გავლენა აქვს ურწმუნო ადამიანზე, რომელიც მას საკუთარ თავზე უფლებას მიანიჭებს. ბოროტს ასეთი ადამიანის დაგლეჯაც კი შეუძლია - ასეთ შემთხვევაში მას კბილები აქვს და საბრალოს მათი საშუალებით აწამებს. ეშმაკს იმდენი ძალაუფლება აქვს სულებზე, რამდენადაც ნებას მისცემენ.

როდესაც სულიერად გაწონასწორებული ადამიანი გარდაიცვლება, მისი სულის ცად აღსვლა ჩქარ მატარებელს მიაგავს. მყეფარე ქოფაკები მისდევენ ვაგონს, ყეფით იღრჩობიან, ცდილობენ, წინ გადაუსწრონ, მატარებელი კი მიჰქრის და მიჰქრის და მყეფარებს არაფრად აგდებს. თუ ისეთი ვინმე კვდება, ვისი სულიერი მდგომარეობაც სასურველია, უკეთესი ყოფილიყო, მისი სული თითქოს ჯახირით მიმავალ მატარებელში იმყოფება, მას სწრაფი სვლა არ შეუძლია რადგან გაუმართავი ბორბლები აქვს, ძაღლები ღია კარში ხტებიან და კბენენ ადამიანებს.

იმ შემთხვევაში, თუ ეშმაკმა ადამიანზე დიდი ძალაუფლება მოიპოვა, საჭიროა, იპოვონ ამის მიზეზი, რათა ეს უფლებები წაერთვას მას. სხვაგვარად, სხვებმა რაც არ უნდა ბევრი ილოცონ მისთვის - მტერი არ დატოვებს მას. ბოროტი ტანჯავს ადამიანს. მღვდელი კითხულობს და კითხულობს „განსხმის“ [5] ლოცვას, საბოლოოდ კი საბრალო უფრო ცუდად ხდება, რადგან ეშმაკი ადრინდელზე მეტად ესხმის თავს. ადამიანმა უნდა შეინანოს, აღსარება თქვას, ჩამოართვას ეშმაკს ის უფლებები, რომელიც თვითონ მიანიჭა. მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებს ბოროტი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტანჯვა არ ასცდება. მთელი დღე, ორი დღის ან ორი თვის, წლების განმავლობაშიც რომ უკითხონ „განსხმის“ ლოცვები - ეშმაკს უფლება აქვს იმ საბრალოზე და არსად წავა.

 

ღვთის წმიდა ქმნილებას ეშმაკი არ ეკარება

- წმიდაო მამაო, როგორ ხდება, რომ ვნებებს ვემონები?

- ადამიანი, რომელიც ვნებებს ემონება, ეშმაკს საკუთარ თავზე ძალაუფლებას ანიჭებს. მთელი შენი ვნებები სახეში მიახალე ეშმაკს. ეს უნდა ღმერთსაც, ეს თვით შენს პირად ინტერესებშია. ანუ მრისხანება, სიჯიუტე და მისი მსგავსი ვნებები მტრის წინააღმდეგ მიმართე, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, შენი ვნებები მას მიჰყიდე, აღებული თანხით კი რიყის ქვა იყიდე და დაუშინე ეშმაკს, რომ შენთან მოახლოებაც ვერ გაბედოს. ჩვეულებრივ ჩვენ, ადამიანები, უყურადღებობით ან ამპარტავნული აზრებით თვითონვე ვაძლევთ მტერს იმის ნებას, რომ ბოროტება შეგვამთხვიოს. მას შეუძლია, ერთი უბრალო აზრი ან სიტყვაც კი გამოიყენოს. მახსოვს იყო ერთი, ძალიან მეგობრული ოჯახი. ერთხელ ქმარმა ცოლს ხუმრობით უთხრა: „არა, უნდა გაგეყარო!“ ცოლმა ხუმრობითვე მიუგო: „შენ კი არა - მე უნდა გაგცილდე“. ისე ამბობდნენ, ყოველგვარი აზრის გარეშე, მაგრამ იქამდე მივიდნენ, რომ ეშმაკმა ისარგებლა. მან მცირე უთანხმოება წარმოშვა და ისინი უკვე სერიოზულად იყვნენ მზად გაყრისათვის, არც ბავშვები ახსოვდათ და არც - სხვა რაიმე. საბედნიეროდ. გამოჩნდა ერთი სასულიერო პირი, ესაუბრა მათ, რას შვრებითო - უთხრა - გაყრა ამ სისულელის გამო როგორ შეიძლებაო.

თუ ადამიანი საღმრთო მცნებებისაგან გადაიხრება, მას ვნებები ებრძვიან. და თუ ადამიანმა ვნებებს მასთან ბრძოლის საშუალება მისცა, უკვე ეშმაკი საჭიროც აღარ არის. ბოროტ სულთა შორისაც ხომ არსებობს „სპეციალიზაცია“. ისინი უკაკუნებენ ადამიანს, არკვევენ, სად „სტკივა“, ცდილობენ „დახმარება აღმოუჩინონ“ და ამგვარად სძლიონ მას. ყურადღებით უნდა ვიყოთ, დავხუროთ კარი და ფანჯარა, ანუ - ჩვენი გრძნობები. ბოროტისათვის მცირე ნაპრალიც კი არ უნდა დავტოვოთ ღია, საშუალება არ უნდა მივცეთ, მათი საშუალებით შიგნით შემოაღწიოს. ეს ნაპრალები და ბზარებია ჩვენი სუსტი წერტილები. სულ მცირე შემოსაძრომითაც კი შემოაღწევს მტერი ჩვენში და რაიმეს გვავნებს. ეშმაკი იმ ადამიანში შედის, რომლის გულიც დაბინძურებულია. ღვთის წმინდა ქმნილებას ბოროტი ვერ მიუახლოვდება. თუ ადამიანის გული ჭუჭყისაგან განიწმინდება, ეშმაკი გარბის და კვლავ მოდის ქრისტე. როგორც ღორი, თუ ტალახს ვერ მიაგნო, იღრუტუნებს და წავა, ასევე ეშმაკიც ვერ მიეკარება უწმინდურებისაგან თავისუფალ გულს. რა დარჩენია მას წმინდა და მდაბალ გულში? ამგვარად, თუ ვნახავთ, რომ ჩვენი გული მტრის სადგომად, ქათმისფეხებიან ქოხად იქცა, ის სასწრაფოდ უნდა დავანგრიოთ, რათა დაგვტოვოს ბოროტმა მობინადრემ - ეშმაკმა. რადგან თუ ცოდვა დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს კაცში, ბოროტი მასზე უდიდეს უფლებებს მოიპოვებს ხოლმე.

- წმიდაო მამაო, თუ ადამიანი ადრე დაუდევრად ცხოვრობდა და ამით მაცდურს დიდ უფლებას ანიჭებდა საკუთარ თავზე, ახლა კი სურს, გამოსწორდეს და ყურადღებით მოეკიდოს თავის ცხოვრებას, კვლავ ებრძვის მას ბოროტი?

- ღვთისკენ მოქცევისას ადამიანი მისგან იღებს ძალას, განათლებასა და ნუგეშს, რომელიც გზის დასაწყისისათვის აუცილებელია. მაგრამ როგორც კი ადამიანი სულიერ ბრძოლას შეუდგება, მტერი მის წინააღმდეგ სასტიკ ომს აცხადებს. აი, მაშინ კი აუცილებელია ცოტაოდენი თავშეკავების გამოჩენა, სხვაგვარად როგორ აღმოფხვრი ვნებებს? როგორ აღესრულება განძარცვა ძველი კაცისა? როგორ დაგვტოვებს ამპარტავნება? მაგრამ როდესაც კაცი მიხვდება, რომ თავად, საკუთარი ძალით არაფერი შეუძლია, ის სიმდაბლით და მორჩილებით ითხოვს ღვთის მადლს და მასთან მოდის სიმდაბლე და მორჩილება. იგივე ხდება, როცა ადამიანს სურს მავნე ჩვევები მოიშოროს. მაგალითად: თამბაქოს წევა, ნარკოტიკები, ლოთობა. თავდაპირველად ის სიხარულს გრძნობს და ტოვებს ამ ჩვევას. შემდეგ ხედავს, როგორ ეწევიან, ლოთობენ, ნარკოტიკებით სარგებლობენ სხვები და ძლიერი ბრძოლა ეწყება. თუ ადამიანი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, მაშინ უკვე მისთვის ძნელი აღარ არის ამ ვნებაზე თქვას უარი, ზურგი აქციოს მას. საჭიროა ცოტაოდენი ღვაწლიც, ბრძოლაც. მაცდური თავის საქმეს აკეთებს, - ჩვენ რად არ ვაკეთებთ ჩვენსას?!

 

ნუ გავუბამთ საუბარს ეშმაკს

ყოველ ჩვენგანს აქვს მემკვიდრეობითი ვნებები, მაგრამ თავისთავად ისინი არ გვვნებენ ჩვენ. ვთქვათ, ადამიანი დაიბადა, მაგალითად, სახეზე ხალით, რომელიც ალამაზებს მას, მაგრამ თუ ამ ხალს გააღიზიანებენ, შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნე განვითარდეს. არ უნდა დავანებოთ ბოროტს, რომ მან გააღიზიანოს ჩვენი ვნებები, თუ მას ამის საშუალებას მივცემთ, სულიერი კიბო დაგვეწყება.

სულიერ სიმამაცეს უნდა ვფლობდეთ, არად უნდა ვუგდებდეთ ბოროტს და მის ზრახვვბს - „დეპეშებს“, საუბარი არ უნდა გავუბათ მას. ერთად თავშეყრილი მთელი მსოფლიოს ადვოკატებიც კი ვერ შეძლებენ, დაჯაბნონ ერთი პატარა ეშმაკუნა. მაცდურთან საუბრის შეწყვეტა მასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტასა და საცდურისგან განრიდებაში დაგვეხმარება. რაიმე შეგვემთხვა? უსამართლოდ მოგვექცნენ? გაგვლანძღეს? შევამოწმოთ, თვით ჩვენვე ხომ არა ვართ დამნაშავენი ამაში. თუ დამნაშავენი არა ვართ, სასყიდელი გველის! ამაზე უნდა შევჩერდეთ. ჩაღრმავება საჭირო არ არის. თუ კაცი მაცდურთან საუბარს აგრძელებს, იგი ისეთ ამბებს მოქსოვს [6], ისეთ ორომტრიალს მოუწყობს!.. მაცდური ჩააგონებს, მოვლენებს მისი მაცდური „სიმართლით“ მისდიონ და ადამიანის გული სრულ გასასტიკებამდე მიჰყავს.

მახსოვს, როდესაც იტალიელთა ჯარები, საბერძნეთიდან წასვლის შემდეგ, გროვებად ტოვებდნენ ხელყუმბარებს კარვებში. ხალხი აგროვებდა ამ კარვებს და ყველაფერ იმას, რაც მათში იყო. ბაშვები ყუმბარებით თამაშობდნენ და იცით, რამდენი საბრალო ბავშვი დაიღუპა?! განა ყუმბარებით თამაში შეიძლება? ასევე ჩვენც... განა შეიძლება ეშმაკთან თამაში?

 

ეშმაკი უძლურია

- წმიდაო მამაო, საკუთარი აზრები მეუბნება, რომ ეშმაკი უდიდეს ძალას ფლობს, განსაკუთრებით ჩვენს დღეებში.

- ეშმაკი ძალას კი არ ფლობს, არამედ - ბოროტებასა და სიძულვილს. ყოვლადძლიერი საღვთო სიყვარულია. სატანას სურს, თავი ყოვლადძლიერად მოგვაჩვენოს, მაგრამ ამ როლს ვერ ასრულებს. ის ძლიერი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში სრულიად უძლურია. მისი დამანგრეველი გეგმების უმრავლესობა სათავეშივე ნადგურდება. განა რომელიმე კეთილი და კარგი მამა მისცემდა საშუალებას ვიღაც ვიგინდარას - დაეხოცა მისი შვილები?

- მე კი მეშინია ეშმაკებისა, წმიდაო მამაო.

- და რად გეშინია მათი? ეშმაკებს არანაირი ძალა არა აქვთ, ქრისტე ყოვლადძლიერია, მაცდური კი - უაღრესად მპალი. განა სამკერდე ჯვარს არ ატარებ? ეშმაკის იარაღები უძლურაა. ქრისტემ ჩვენ თავისი ჯვრით აღგვჭურვა. მტერი მხოლოდ მაშინ იკრებს ძალას, როცა საკუთარი ნებით ჩავაბარებთ სულიერ იარაღს. იყო შემთხვევა, რომ ერთმა მართლმადიდებელმა მღვდელმა ჯადოქარს პატარა ჯვარი დაანახა და ამით შეაძრწუნა ეშმაკი, რომელიც ჯადოქარმა თავისი მისნობით მოიხმო.

- და რატომ ეშინია მას ასე ძალიან ჯვრისა?

- იმიტომ, რომ, როდესაც ქრისტემ ყვედრება, ყვრიმლისცემა და გვემა მიიღო, მაშინ შეიმუსრა ძალა და ხელმწიფება ეშმაკისა. რა გასაოცარი გამარჯვება მოიპოვა მათზე ქრისტემ! „არგანმა შემუსრა სკიპტრა ეშმაკისა“, - ამბობს ერთი წმიდანი. ანუ ეშმაკის ძალაუფლება შეიმუსრა, როდესაც ქრისტეს თავში უკანასკნელად სცეს არგანით. უნდა ითქვას, რომ თავდაცვითი სულიერი საშუალება ეშმაკის წინააღმდეგ მოთმინებაა, ხოლო მასთან საბრძოლო იარაღი - მორჩილება და სიმდაბლე. ეშმაკის შემუსვრა არის ის აღმადგინებელი ბალზამი, რომელიც ქრისტემ მოგვანიჭა თავისი მსხვერპლშეწირვით ჯვარზე. - ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ეშმაკი უშხამო გველს, კბილებდაცლილ ძაღლსა ჰგავს, ეშმაკს მისი შხამიანი ძალა წაერთვა, ძაღლებს ანუ დემონებს შეემუსრათ კბილები. ისინი ახლა განიარაღებულნი არიან, ჩვენ კი - ჯვრით შეიარაღებულნი. ეშმაკები ვერ შეძლებენ, საბოლოო ჯამში რაიმე დაუშავონ ღვთის ქმნილებას, თუ ჩვენ თავად არ მივცემთ მათ ამის უფლებას. მათ მხოლოდ დებოშის ატეხვა შეუძლიათ, - ძალაუფლება კი არა აქვთ.

ერთხელ პატიოსანი ჯვრის სენაკში ცხოვრებისას მე საოცარი ღამისთევის ლოცვა ჩავატარე. ღამით სხვენში ეშმაკების სიმრავლემ მოიყარა თავი. თავდაპირველად ისინი დიდი უროებით სცემდენ რაღაცას. შემდეგ კი ისე ახმაურდნენ, თითქოს სხვენზე დიდი ხის მორები დაგორავდნენ. მე ჭერს ჯვარი გადავსახე და ვიგალობე „ჯვარსა შენსა თაყვანისვსცემთ, მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“ [7]. როცა გალობა დავამთავრე, მათ ჯირკების გორაობა განაგრძეს. „ახლა - ვუთხარი მე - ორ გუნდად გავიყოთ, თქვენ მანდ ზევით აგორავეთ ჯირკები, მე კი აქ, ქვემოთ, ვიგალობებ“. როცა გალობას ვიწყებდი, ისინი ჩერდებოდნენ. მე ხან „ჯვარსა შენსას...“ ვგალობდი, ხან „უფალო, ჯვარი შენი...“ [8] გალობაში უბედნიერესი ღამე გავატარე. როგორც ვჩერდებოდი, მაშინვე ჩემს გახელებას იწყებდნენ. და რა საოცრად ფართო რეპერტუარი ჰქონდათ! ყოველ ჯერზე რაღაც ახალს იგონებდნენ.

- პირველად რომ იგალობეთ ტროპარი, ისინი არ წავიდნენ?

- არა. როგორც კი მე ვამთავრებდი, ისინი იწყებდნენ. როგორც ჩანს, საჭირო იყო, ორ გუნდს ეგალობა. მშვენიერი ღამისთევა იყო. მე გრძნობით ვგალობდი. საოცარი იყო ის დღეები...

- წმიდაო მამაო, როგორ გამოიყურება ეშმაკი?

- იცი რა „ლამაზია“ იგი?! ვერც ზღაპარში ნახავ და ვერც აღწერ. ერთხელ რომ მაინც შეგეხედა მისთვის!.. დიდი და ყოვლადბრძენი სიყვარული ღვთისა ადამიანს ეშმაკის ნახვის საშუალებას არ აძლევს. აბა, დაფიქრდი, ადამიანებს მისი ქმედებების დანახვა რომ შეეძლოთ, რომ ენახათ, რა „წარმტაცი“ რამ არის იგი! მართლაც ბევრმა სასიამოვნო გასართობი მოიწყო ამისგან, როგორც... დამავიწყდა რას უწოდებენ ამას?! „კინოს“ - არა?! თუმცა ასეთი „კინო“ ძვირი ღირს და მიუხედავად მაღალი ფასისა, მისი ნახვა უბრალო საქმე არ არის.

- კუდი და რქები აქვს ეშმაკს?

- აქვს, აქვს, რქებიც, კუდიც და სხვა ნიშნებიც.

- წმიდაო მამაო, ეშმაკები ისინი იმ საშინელნი დაცემის შემდეგ გახდნენ, მას მერე, რაც ანგელოზებისაგან დემონებად იქცნენ?

- რა თქმა უნდა, შემდეგ. ახლა ისეთები არიან, თითქოს მეხი დაეცათო, მეხი რომ ხეს დაატყდება, განა ის თვალის დახამხამებაში გადამწვარ კუნძად არ იქცევა? ეხლა ისინი სწორედ ისეთები არიან, თითქოს მეხი დაატყდათ თავს. იყო დრო, მაცდურს ვეუბნებოდი: „მოდი, რომ დაგინახო და შენს ბრჭყალებში არ მოვექცე! ეხლა უბრალოდ - გიყურებ და ვხედავ, რა საშინელი ხარ, შენს ხელში რომ ჩავვარდე, წარმომიდგენია, მაშინ რა მელოდება!“

 

ეშმაკი უგუნურია

- წმიდაო მამაო, იცის მაცდურმა რა არის ჩვენს გულში?

- კიდევ რა უნდა! ეგღა გვაკლია, რომ ის ადამიანის გულებს ხედავდეს! გულს მხოლოდ ღმერთი ხედავს და მხოლოდ ღვთის ადამიანებს გაუხსნის ხოლმე იგი ზოგჯერ ჩვენს სასარგებლოდ, თუ რა არის ჩვენს გულებში. მაცდურმა მხოლოდ ცბიერება და ბოროტება იცის, რომლითაც ის თავად ატკბობს მათ, ვინც მას ემსახურება. ჩვენი კეთილი ზრახვები მისთვის ცნობილი არ არის. მხოლოდ გამოცდილებით ხვდება ზოგიერთ რამეს და უმეტეს შემთხვევაში მარცხს განიცდის! და თუ ღმერთმა არ დაუშვა, რომ ეშმაკმა შეიტყოს რამე, მაცდური გამუდმებით შეცდება. ეშმაკი ხომ ეს საშინელი წყვდიადია! „მხედველობა - ნოლზე“! ვთქვათ, მე რაიმე კეთილი განზრახვა მაქვს, ეშმაკმა ეს არ იცის; თუ ბოროტი ზრახვა მაქვს, ეს იცის, იმიტომ, რომ მან თვით შთამაგონა. თუ მე ახლა მსურს, რომ სადღაც წავიდე და რაიმე სიკეთე გავაკეთო, მაგალითად, გადავარჩინო რომელიღაც ადამიანი, ეშმაკმა ამის შესახებ არ იცის. მეორე მხრივ, თუ ბოროტმა თვით უთხრა ადამიანს: „წადი და გადაარჩინე ვინმე“, ანუ ასეთი აზრი ჩაუნერგა, ის თვით აღძრავს მის ამპარტავნებას და ამიტომ იცის, თუ რა აქვს ამ ადამიანს გულში.

ეს ყველაფერი მეტად მოხერხებულადაა მოწყობილი [9]. გახსოვს, რა შეემთხვა ამბა მაკარის? ერთხელ მას გზად უახლოესი უდაბნოდან მომავალი ეშმაკი შემოხვდა. იგი იქაური ბერების გამოსაცდელად ყოფილიყო: ეშმაკმა ამბა მაკარის უთხრა: „ყველა ძმა მკაცრად მექცევა, ერთი ჩემი მეგობრის გარდა, რომელიც მისმენს და ჩემს დანახვაზე თითისტარივით ბზრიალებს“. - „რომელია ეს ძმა?“ - იკითხა მაკარიმ. - „მას თეოპემტი ჰქვია“. - მიუგო ეშმაკმა. ღირსი მამა უდაბნოში ჩავიდა და ეს ძმა იპოვა. ძალიან ტაქტიანად აღიარებინა მას თავისი აზრები და სულიერადაც დაეხმარა. როდესაც კვლავ შეხვდა ეშმაკს, ამბა მაკარიმ მას იმავე უდაბნოს საძმოს შესახებ გამოჰკითხა. - „ყველანი მეტად მკაცრად მეპყრობიან, - მიუგო ეშმაკმა - და რაც ყველაზე უარესია, ის ვინც ადრე მეგობრობდა ჩემთან, არ ვიცი რატომ, მეტად შეიცვალა და ეხლა ყველაზე სასტიკად მეპყრობა“. ეშმაკმა არ იცოდა, რომ ამბა მაკარიმ ის ძმა მოინახულა და გამოასწორა მისი სულიერი მდგომარეობა, ეს იმიტომ, რომ ღირსი მამა სიყვარულის კარნახით, სიმდაბლით მოქმედებდა. ეშმაკს უფლება არ ჰქონდა, წმ. მამის კეთილი ზრახვები სცოდნოდა. მაგრამ ღირსი მაკარი რომ გაამპარტავნებულიყო, ამით განეშორებოდა სულიწმიდის მადლს და ეშმაკი მიიღებდა ამ უფლებებს. მაშინ მას ღირსი მამის განზრახვა ეცოდინებოდა, რადგან მაშინ მაცდური მის ამპარტავნებაზე თვით იმოქმედებდა.

- და თუ ადამიანმა გამოთქვა კეთილი განზრახვა, ეშმაკს შეუძლია, მოისმინოს და შემდეგ განსაცდელი მოუვლინოს მას?

- როგორ მოისმენს, თუკი ნათქვამში ეშმაკისაგან არაფერი არ არის? თუმცა თუკი ადამიანი თავის განზრახვას ამპარტავნების გამო ავლენს, მაშინ საქმეში ერევა ეშმაკიც, ე. ი. თუ ადამიანს ამპარტავნებისკენ აქვს მიდრეკილება და სიამაყით აცხადებს: „წავალ და გადავარჩენ ამას და ამას...“ მაშინ ეშმაკი ერთვება. ასეთ შემთხვევაში მან იცის კაცის განზრახვა, მაშინ, როდესაც, თუ სიყვარულით აღძრული ადამიანი სიმდაბლით მოქმედებს, ეშმაკმა ამის შესახებ არაფერი იცის. საჭიროა ყურადღება. ეს მეტად ფაქიზი საქმეა. ტყუილად კი არ უწოდებენ წმ. მამები სულიერ ცხოვრებას „მეცნიერებათა მეცნიერებას“.

- წმიდაო მამაო, ასეც ხომ ხდება: ჯადოქარი უწინასწარმეტყველებს სამ ქალიშვილს, რომ ერთი გათხოვდება, მეორეც - მაგრამ უბედური იქნება, მესამე გაუთხოვარი დარჩება და ეს ახდება ხოლმე. რატომ?

- ეშმაკს გამოცდილება აქვს. მაგალითად, როდესაც ინჟინერი ავარიულ სახლს ხედავს, შეუძლია თქვას, რამდენ ხანს გაძლებს იგი. ასევე, ეშმაკი ხედავს, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი და გამოცდილებით ასკვნის, თუ როგორ დაასრულებს იგი.

ეშმაკს არა აქვს მახვილი გონება, ის მეტად უგნურია. ის ერთიანად დაბნეულია, თავსა და ბოლოს ვერ უპოვი. ხან ჭკვიანივით მოქმედებს, ხან - სულელივით. მისი თაღლითობა ნაჯახითაა გამოჩორკნილი. ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ჩვენ შეგვიძლია, მას მივუხვდეთ, ამპარტავნებამ მეტისმეტად უნდა დაგვიბნელოს გონება, რომ მისი მიხვედრა ვერ შევძლოთ. თუ სიმდაბლე გვექნება, შევძლებთ, რომ ეშმაკის ბადეები ამოვიცნოთ, იმიტომ, რომ თავმდაბალი ადამიანი განათლებულია და ღვთის მეგობარი. სიმდაბლე ეს ის თვისებაა, რომელიც ეშმაკს აუძლურებს.

 

რატომ უშვებს ღმერთი, რომ ეშმაკმა გამოგვცადოს

- წმიდაო მამაო, რად უშვებს ღმერთი, რომ ეშმაკმა ჩვენ გამოგვცადოს?

- იმისათვის, რომ თავისი შვილები გამოარჩიოს. „ჰქმენი ეშმაკო, ყველაფერი, რაც გსურს“! - ამბობს ღმერთი. რადგან რაც არ უნდა მოიმოქმედოს ეშმაკმა, საბოლოოდ ხომ მაინც დაიმტვრევს კბილებს თავკიდურ ლოდზე, რომელიც არის ქრისტე და თუ ჩვენ ეს გვჯერა, რომ მაშინ აღარაფერი უნდა გვაშინებდეს.

ღმერთი არ უშვებს განსაცდელს, თუ მას რაიმე კარგის მოტანა არ შეუძლია. როდესაც ხედავს, რომ სიკეთე მეტი მოაქვს რაიმე განსაცდელს, ვიდრე - ბოროტება, ღმერთი ნებას აძლევს ეშმაკს, რომ თავისი საქმე აკეთოს- გახსოვთ ჰეროდე? მან 14 ათასი ყრმა გაწყვიტა და ზეციური მხედრობა 14 ათასი მოწამე ანგელოზით შეავსო. ეშმაკმა კბილები დაიმტვრია! ქრისტიანების მწარედ მტანჯველი დეოკლიტიანე ეშმაკის თანამოღვაწე იყო, მაგრამ თავისივე სურვილის წინააღმდეგ მან სიკეთე გაუკეთა ქრისტიანულ ეკლესიას, წმიდანებით გაამდიდრა იგი. მას ეგონა, რომ ყველა ქრისტიანს მოწყვეტდა, მაგრამ ვერაფერს მიაღწია - მხოლოდ ის შეძლო, რომ ჩვენთვის თაყვანისსაცემად მრავალთა წმიდათა ნაწილები დაეტოვებინა და გაეძლიერებინა ეკლესია ქრისტესი.

ღმერთს დიდი ხნის წინ შეეძლო ეშმაკს გასწორებოდა. ის ხომ ღმერთია. და ეხლაც, საკმარისია მოინდომოს, მას შეუძლია, ეშმაკს თხის რქები შეუკრას და საუკუნოდ ჯოჯოხეთურ სატანჯველში გადააგდოს. მაგრამ ღმერთი ამას ჩვენი სიკეთისათვის არ იქმს. განა ის ნებას მისცემდა ეშმაკს, რომ ეტანჯა და ეწამებინა თავისი ქმნილება? და მაინც გარკვეულ საზღვრებში და გარკვეული დროით მას ამის უფლება მისცა, რათა ეშმაკი თავისი ბოროტებით დაგვხმარებოდა, რათა გამოვეცადეთ მას და ჩვენ ღმერთისთვის მიგვემართა. ღმერთი ნებას აძლევს მაცდურს, რომ ჩვენ გამოგვცადოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს სიკეთეს მოგვიტანს, ღმერთი ყველაფერს ჩვენს სასიკეთოდ უშვებს. ეს უნდა გვწამდეს. ღმერთი ბოროტის ქმნის უფლებას აძლევს ეშმაკს, რათა ჩვენ ვიბრძოლოთ, ეშმაკს რომ არ გამოვეცადეთ, შეიძლება, თავი წმიდანებად წარმოგვედგინა. ამიტომ უშვებს ღმერთი, რომ მან თავისი ბოროტებით მოგვწყლას ჩვენ. დარტყმებით ხომ ბოროტი მთელ ნაგავს ამოფერთხავს ჩვენი გაჭუჭყიანებული სულიდან და იგი იწმინდება. ანდა ღმერთი უშვებს, თავს დაგვესხას და დაგვკბინოს ბოროტმა, რათა მას მივმართოთ, ღმერთი გამუდმებით გვიხმობს, მაგრამ, როგორც წესი, ჩვენ ვშორდებით მას და კვლავ მას ვუბრუნდებით მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე საშიშროებას ვიგრძნობთ. როცა ადამიანი ღმერთს უკავშირდება, მაშინ მაცდურის ადგილი აღარ რჩება, ამის გარდა უკვე ღმერთსაც აღარაფერში სჭირდება ასეთი ადამიანის გამოცდა. რადგან განსაცდელს იმისთვის უშვებს იგი, რომ განსაცდელში მყოფმა მას მიმართოს. მაგრამ, ასე თუ ისე, მაცდურს ჩვენთვის სიკეთე მოაქვს - გვეხმარება, რომ განვიწმინდოთ, ამის გამო უთმენს მას ღმერთი.

ღმერთმა თავისუფლება მისცა არა მარტო ადამიანებს, არამედ - ბოროტ სულებსაც, რამდენადაც ისინი ვერაფერს ავნებენ კაცის სულს, იმ შემთხვევის გარდა, როცა თვით კაცი მოისურვებს საკუთარი სულის ვნებას. „თუ არ გამოიცადა, ადამიანი ვერ გადარჩება“ [10] - ამბობდა ერთი ამბა. რას ამტკიცებს იგი ამით? იმას, რომ განსაცდელს ცოტა სიკეთე როდი მოაქვს. და არა იმიტომ, რომ ოდესმე ეშმაკს სიკეთის ქმნა შეეძლო? არა! - იგი ბოროტია. მას ჩვენთვის თავის გატეხვა სურს და ქვას გვესვრის, მაგრამ კეთილი ღმერთი... ხელთ იპყრობს ამ ქვას და ჩვენ გვაწვდის, ხოლო მეორე ხელის მუჭში კაკალს გვიდებს, რათა იმ ქვით კაკალი გავტეხოთ და მივიღოთ! ანუ ღმერთი ჩვენ გამოცდას იმიტომ კი არ უშვებს, რომ ეშმაკი გაბატონდეს ჩვენზე, ის ამგვარი გამოცდის უფლებას იმიტომ აძლევს, რომ ჩვენ იმქვეყნიურ ცხოვრებაში მისაღები გამოცდები ჩავაბაროთ და ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს გადაჭარბებული პრეტენზიები არ ვიქონიოთ. ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ, რომ თვით ეშმაკს ვეომებით და ეს ომი ამქვეყნიდან წასვლამდე გაგრძელდება. ვიდრე ადამიანი ცოცხალია, ბევრი უნდა იშრომოს, რომ საკუთარი სულიერი მდგომარეობა გააუმჯობესოს. ვიდრე ცოცხალია მას სულიერი გამოცდების ჩაბარების უფლება აქვს. თუ ადამიანი მოკვდა და ორიანი მიიღო, იგი გამოსაცდელთა სიიდან ამოიშლება, გადაბარება აღარ მოხდება.

 

ეშმაკს სინანული არ სურს

სახიერმა ღმერთმა ანგელოზები შექმნა, თუმცა მათი ნაწილი ამპარტავნებისაგან დაეცა და ეშმაკად გადაიქცა. ღმერთმა შექმნა სრულყოფილი ქმნილება - ადამიანი - რათა მას ანგელოზთა დაცემული დასი შეეცვალა. ამიტომ ეშმაკს განსაკუთრებით შურს ადამიანის - ღვთის ქმნილებისა. ეშმაკები ღრიალებენ: „ჩვენ ერთი დანაშაული მოვიმოქმედეთ და ასე გვტანჯავ, ხოლო ადამიანებს, რომელთა ანგარიშზეც ამდენი ცოდვაა - შეუნდობ“. დიახ, შეუნდობს! მაგრამ ადამიანები ნანობენ, ხოლო ყოფილი ანგელოზები ისე ღრმად დაეცნენ, რომ ეშმაკებად იქცნენ და სინანულის ნაცვლად კიდევ უფრო ცბიერნი გახდნენ, კიდევ უფრო ბოროტნი. გამძვინვარებულნი ისინი ღვთის ქმნილების განადგურებას ცდილობენ. „დენიცა“ ყველაზე ნათელი ანგელოზის ხარისხი იყო!.. და სადამდე დავიდა იგი... ამპარტავნებამ ეშმაკები ღმერთს ათასობით წლების წინ განაშორა და ამპარტავნების გამო მას შემდეგ კიდევ უფრო შორდებიან მას და სინანული არ შეუძლიათ. მათ რომ შეძლონ, თქვან ერთი: „უფალო, შემიწყალე!“ მაშინ ღმერთი რაიმეს მოიმოქმედებდა მათ სახსნელად. მათ რომ შეძლონ თქვან ერთი: „ვცოდე“... მაგრამ, რომ არ ამბობენ ამას?! „ვცოდე“ რომ ეთქვა, ეშმაკი კვლავ ანგელოზი გახდებოდა. ღვთის სიყვარული უსაზღვროა, მაგრამ ეშმაკი სიჯიუტითა და ეგოიზმითაა სავსე, მას უკანდახევა და ცხონება არ სურს. ეს საშინლებაა. ის ხომ ოდესღაც ანგელოზი იყო!

- წმიდაო მამაო, თუ ახსოვს ეშმაკს თავისი ძველი მდგომარეობა?

- ამას კითხვა უნდა? მას - ერთიანად ცეცხლად და მძვინვარებად ქცეულს არ სურს ანგელოზებად იქცნენ სხვები, რათა მისი ძველი ადგილი არ დაიკავონ... და თანდათანობით უფრო და უფრო საშინელი ხდება იგი. ის ბოროტებითა და შურით იზრდება. ჰოი, ადამიანს რომ იმ მდგომარეობის წარმოდგენა შეეძლოს, რომელშიც ეშმაკი იმყოფება, ის დღე და ღამე იტირებდა! რომელიმე კეთილი და კარგი ადამიანი უარესისკენ რომ შეიცვლება, ვთქვათ, დამნაშავე ხდება, ესეც კი ძნელი სანახავია და რაღა ითქმის, როდესაც ანგელოზის დაცემას ხედავ?!

ერთხელ, მოხდა, რომ ერთი ბერი მეტად შეაწუხა ეშმაკების მდგომარეობამ [11]. მან მუხლი მოიდრიკა, პირქვე დაემხო და შემდეგი სიტყვებით ილოცა ღვთის მიმართ: „შენ ღმერთი ხარ და საკმარისია მოინდომო. შეგიძლია, იმის საშუალება მონახო, რომ ეს უბედური ეშმაკები გადაარჩინო, რომლებიც თავდაპირველად ამდენად დიდებულნი იყვნენ, ახლა კი მთელი ქვეყნის ბოროტებასა და სისაძაგლეს ფლობენ, და რომ არა შენი შემწეობა, მთელ კაცობრიობასაც დაღუპავდნენ“. - ბერი მტკივნეული გულით ლოცულობდა. როდესაც ეს სიტყვები წარმოსთქვა, თავის გვერდით დაინახა დრუნჩი ძაღლისა, რომელიც ენას უყოფდა და დასცინოდა მას. როგორც ჩანს, ღმერთმა დაუშვა ეს, რადგან სურდა ბერს შეეტყო, რომ იგი მზადაა შეიწყნაროს ეშმაკები, თუკი ისინი შეინანებენ. მაგრამ მათ თავად არ სურთ გადარჩენა. ადამის დაცემა დედამიწაზე ღმერთის მოსვლით - განკაცებით განიკურნა, ხოლო ეშმაკის დაცემა, მისი საკუთარი დამდაბლების გარდა ვერაფრით განიკურნება. ეშმაკი არ გამოსწორდება იმიტომ, რომ მას ეს არ სურს. იცით, როგორ გაიხარებდა ქრისტე, ეშმაკს რომ გამოსწორება მოსურვებოდა? ადამიანიც ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოსწორდება, თუ მან თვითონ ინდომა ეს.

- წმიდაო მამაო, მაშ ასეა? მაშ ეშმაკმა იცის, რომ ღმერთი სიყვარულია, რომ ღმერთს უყვარს იგი და ამისდა მიუხედავად, თავისას აგრძელებს?

- როგორ არ იცის, მაგრამ განა ამპარტავნება თავის დამდაბლების ნებას მისცემს? და ამის გარდა ის ცბიერიც არის. ახლა მას სურს, მთელი სამყარო დაიპყროს. „თუ მე მეტი მიმდევარი მეყოლება - ამბობს იგი, - მაშინ ღმერთი იძულებული გახდება, დაინდოს ყველა თავისი ქმნილება და მეც მის ამ გეგმაში შევალ“ - ამგვარად სჯის იგი. ამიტომ სურს, რაც შეიძლება მეტი ხალხი მიიმხროს. ხვდებით, საით მიდის იგი?! ჩემს მხარეს იმდენი ადამიანია, რომ ღმერთი იძულებული გახდება, მეც შემიწყალოს!“ - ამბობს იგი. მას სურს, სინანულის გარეშე გადარჩეს. და განა იგივე არ მოიმოქმედა იუდამ? მან იცოდა, რომ ქრისტე გარდაცვლილებს ჯოჯოხეთიდან დაიხსნიდა. „მე ჯოჯოხეთში ქრისტეზე ადრე ჩავალ, რომ სხვებთან ერთად მეც გამათავისუფლოს“. - თქვა მან. ხედავ, როგორი ცბიერებაა?! იმის მაგიერ, რომ ქრისტესთვის შენდობა ეთხოვა, მან ყულფში გაყო თავი, და შეხეთ, უფლის კეთილწიაღობამ მოდრიკა ლეღვის ხე, რომელზედაც იგი ჩამოეკიდა, ხოლო იუდამ, რომელმაც ცოცხლად დარჩენა არ ისურვა, ფეხები აიკეცა, რათა ისინი მიწას არ შეხებოდნენ. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეთქვა ერთადერთი სიტყვა - „შემინდე!“ რა საშინელებაა! ასევე ეგოიზმის სათავეს - ეშმაკს არ სურს თქვას - „ვსცოდე!“ მაგრამ მთელი არსებით იბრძვის, რომ, რაც შეიძლება მეტი ხალხი მიიმხროს.

 

სიმდაბლეს შეუძლია დაფერფლოს ეშმაკი

სიმდაბლეს უდიდესი ძალა აქვს. სიმდაბლეს ეშმაკის ფერფლად ქცევა შეუძლია. სადაც სიმდაბლეა, ეშმაკი იქ ადგილს ვერ პოულობს. და თუ ეშმაკს ადგილი არა აქვს სადმე, იქ არც განსაცდელია. ერთხელ, მოხდა, რომ ერთმა მოღვაწემ აიძულა ეშმაკი ეთქვა „წმიდაო ღმერთო...“ - „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო...“ - წაილუღლუღა მაცდურმა და ამაზე შეჩერდა. „შეგვიწყალენ ჩვენ“... აღარ თქვა. - „თქვი - შეგვიწყალენ ჩვენ“... მაგრამ რას იტყვის! ეს სიტყვები რომ ეთქვა, ის ხომ კვლავ ანგელოზად იქცეოდა. მაცდურს ყველაფრის თქმა შეუძლია, გარდა სიტყვისა - „შეგვიწყალე“, რადგან ამ სიტყვის წარმოსათქმელად სიმდაბლეა საჭირო. ვედრებაში „შეგვიწყალე“ არის სიმდაბლე და ღვთისგან დიდი წყალობის მთხოვნელი სული მიიღებს სათხოვარს.

რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, სიმდაბლე აუცილებელია. ეს ისეთი მარტივია! ჩვენ კი თვითვე ვართულებთ საკუთარ სულიერ ცხოვრებას. შევეცადოთ, გავართულოთ ცხოვრება ეშმაკისა და გავაიოლოთ ადამიანის ცხოვრება. ძნელია ეშმაკისათვის და ადვილია ადამიანისათვის სიყვარული და სიმდაბლე. თვით სუსტი, სნეული და ღვაწლისათვის სრულიად უძლური ადამიანი შეძლებს, დაამარცხოს ეშმაკი სიმდაბლით. ადამიანს შეუძლია ერთ წუთში ან ანგელოზად იქცეს - ან ეშმაკად. როგორ?! სიმდაბლით ან ამპარტავნებით. განა დიდი დრო დასჭირდა დენიცას, რომ იგი ანგელოზისაგან ეშმაკად ქცეულიყო? მისი დაცემა რამდენიმე წამში მოხდა. ცხონების ყველაზე ადვილი საშუალება სიყვარული და სიძდაბლეა. ამიტომ ჩვენ სიყვარულითა და სიმდაბლით უნდა დავიწყოთ და მხოლოდ შემდეგ გადავიდეთ დანარჩენზე.

ევედრეთ ქრისტეს, რომ გამუდმებით ვახარებდეთ მას და განვარისხებდეთ ეშმაკს, რადგან მას ასე მოსწონს ჯოჯოხეთის სატანჯველი და სინანული არ სურს.

 


[1] - შედ. ლუკ. 8,26-33

[2] - რუსული თარგმანი გამოიცა წმ. სერგის ლავრაში - 1997 წ.

[3] - „ლოგიკაში“ აქ ბერი რაციონალიზმს გულისხმობს.

[4] -  ეს მოხდა 1985 წ. ივნისში, როცა ბერი პანაჰუდას სენაკში ცხოვრობდა.

[5] - ბოროტ სულთა განდევნისთვის - „განსხმისათვის“ - დადგენილია საგანგებო საეკლესიო მსახურება, რომლის დროსაც ღვთისმსახური კითხულობს საგანგებო „კვეთებულის“ ლოცვებს და ბოროტი სულით შეპყრობილ ადამიანთაგან ეშმაკს განდევნის. ბერი ხაზს უსვამს, რომ ვინც „კვეთებულისთვის“ მიმართავს მოძღვარს, აუცილებლად აღსარებას უნდა ამბობდეს, ეზიარებოდეს და ქრისტინული ცხოვრების გადაწყვეტილება მიიღოს. დაწვრილებით ამის შესახებ საუბარია მამა პაისის წიგნის - „სიტყვების“ III ტომში.

[6] - ანუ მაცდური ადამიანს „ფაქიზ ხელსაქმეს“ გამოუჩენს, ჩააგონებს, რომ გამუდმებით დაკავებული იყოს, დაძაბულობაში იმყოფებოდეს და სულიერი შრომა ვერ შეძლოს. ამგვარად ეშმაკი კიდევ უფრო ასუსტებს კაცს.

[7] - პატიოსანი ჯვრის ტროპარი.

[8] - სააღდგომო დასდებელი მე-8 ხმის „აქებდითზე“.

[9] - ძველი პატერიკი.

[10] - ამბა ევაგრე „добротолюбие“ 1992 წ.

[11] - როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ბერი თვით მამა პაისი იყო.