ერთმა კაცმა მკითხა: „რატომ ვგალობთ დიდ ოთხშაბათს „შესძინე მათ ზედა ძვირი, უფალო, შესძინე ძვირი დიდებულთა მათ ზედა ქუეყანისათა?“ [2] ეს ხომ წყევლაა“. მე მივუგე: „როდესაც ბარბაროსები სრულიად უმიზეზოდ თავს ესხმიან რომელიმე ერს, რათა გაანადგურონ ის, ეს ერი ლოცულობს, რომ მათ უბედურება დაატყდეთ თავს - ანუ, რომ დაიმსხვრეს მათი ეტლები, დაცვივდნენ მათი ცხენები, რომ მათ ხელი შეუშალოს რამემ... ცუდია ეს თუ კარგი?! წმიდა წერილი სწორედ ამას გულისხმობს - რომ მათ გზად დაბრკოლება შეხვდეთ. ეს წყევლა არ არის...
- წმიდაო მამაო, როდის აქვს ძალა წყევლას?
- წყევლას ძალა მაშინ აქვს, როდესაც ის უსამართლობაზე რეაგირებას წარმოადგენს. მაგალითად, როდესაც ერთი ქალი სასაცილოდ იგდებს მეორეს - ტანჯულს, ან რაიმე ბოროტებას ჩაიდენს მის მიმართ და დაზარალებული დაწყევლის, რომ წყეული იყოს მისი შთამომავლობა, ვინც უსამართლოდ მოიქცა - აი, ამ წყევლას ძალა აქვს. ღმერთი უშვებს, წყევლას ჰქონდეს ძალა ისევე, როგორც, ვთქვათ, უშვებს იმას, რომ ერთმა ადამიანმა მეორე მოკლას. თუმცა, უსამართლობა რომ არ ყოფილიყო, წყევლა უკან დაუბრუნდებოდა მას, ვისგანაც გამოვიდა.
- წყევლისაგან გათავისუფლება რა გზით არის მესაძლებელი?
- სინანულითა და აღსარებით. მე მრავალი ასდთ შემთხვევა ვიცი. ადამიანებმა, რომლებიც წყევლის გამო იტანჯებოდნენ, როდესაც გააცნობიერეს, რომ ისინი წყევლის ქვეშ იყვნენ, რადგანაც თავს რაღაცაში დამნაშავედ გრძნობდნენ, შეინანეს, აღსარება თქვეს და მთელი მათი უბედურება ამით დასრულდა. თუკი იგი, ვინც დამნაშავეა, იტყვის: „ღმერთო ჩემო, მე ჩავიდინე ასეთი და ასეთი უსამართლობა, შემინდე!“ - და ტკივილითა და გულწრფელობით აღიარებს თავის ცოდვებს აღსარებაზე, მოძღვრის წინაშე, მაშინ ღმერთი შეუნდობს მას. ის ხომ ღმერთია!..
- სასჯელი მხოლოდ მას ეწევა ვისკენაც წყევლაა მიმართული, თუ მასაც, ვისგანაც წყევლის სიტყვები გამოვიდა?
- ის, ვისკენაც წყევლაა მიმართული, ამ ცხოვრებაში იტანჯება, თუმცა იგი, ვისგანაც წყევლა გამოდის, ამქვეყნადაც იტანჯება და იმ ქვეყანაშიც დაიტანჯება, რადგანაც თუ ის არ შეინანებს და აღსარებას არ იტყვის, იქ დაისჯება ღვთისაგან, როგორც ავაზაკი. შეიძლება, ვიღაცამ მართლაც გაგანაწყენა. მაგრამ, როდესაც შენს შეურაცხმყოფელს წყევლი, ეს იგივეა, თოფი აიღო და მოკლა იგი. რა უფლებით აკეთებ ამას? რაც არ უნდა დაგიშაოს მან, მისი მოკვლის ნება მაინც არა გაქვს. როცა ადამიანი ვინმეს წყევლის, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ბოროტება არსებობს. ადამიანი სხვას მაშინ წყევლის, როცა მთელი არსებით სურს მისთვის ბოროტება.
იმ ადამიანის წყევლას, რომელიც მართალია თავისი შეურაცხმყოფელის წინაშე, დიდი ძალა აქვს. განსაკუთრებით ძლიერია ქვრივის წყევლა. მახსოვს ერთ მოხუცს ცხენი ჰყავდა, მას ტყის პირას, საბალახოდ ტოვებდა და რადგანაც ცხენი მფრთხალი იყო, მაგარი თოკით ხეზე აბამდა ხოლმე. ერთხელ ამავე სოფლიდან სამი მეზობელი ქალი შეშის მოსაჭრელად წავიდა. აქედან ერთი მდიდარი იყო, მეორე - ქვრივი, მესამე კი - ობოლი, ძალიან ღარიბი. როცა დაბმული ცხენი დაინახეს, თქვეს: „მოდი, თოკი ავიღოთ და შეშა იმით შევკრათ“. თოკი სამ ნაწილად გაჭრეს და თითოეულმა აიღო თითო ნაწილი, რომ შეშის კონები შეეკრათ. ცხენი კი გაიქცა. როდესაც მოხუცი მივიდა და ცხენი ვეღარსად ნახა, აშფოთდა, დაიწყო ძებნა და მანამ იპოვიდა, ძალიან დაიტანჯა. ბოლოს გულმოსულმა თქვა: „დაე, იმ თოკით დააბან იგი, ვინც ის წაიღო!“ გავიდა დრო... ერთხელ, მდიდარი მეზობლის ძმა ერთობოდა იარაღით, რომელიც იტალიელებისგან დარჩენოდა. ფიქრობდა, რომ თოფი ცარიელი იყო, მაგრამ იარაღი დატენილი აღმოჩნდა, გაისროლა და მის დას კისერში მოხვდა. საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. გადაწყვიტეს, რომ საკაცედ ხის კიბე გამოეყენებინათ, რომ არ ჩამოვარდნილიყო, დაჭრილი მოპარული თოკით, რომელიც იქვე იპოვეს, მიაბეს კიბეზე, მაგრამ თოკი საკმარისი არ აღმოჩნდა, მეზობლებში გაიქცნენ და თოკის დანარჩენი ორი ნაწილიც მოიტანეს. საბრალო ქალი წაიყვანეს საავადმყოფოში. ამგვარად ახდა მოხუცის წყევლა, ის მართლაც „იმ თოკით დააბეს“. ბოლოს საცოდავი გარდაიცვალა. განუსვენე მის სულს, უფალო. ხედავთ, ვისზე იმოქმედა წყევლამ: მდიდარზე, რომელიც მატერიალურ გაჭირვებას არ განიცდიდა. დანარჩენი ორი ქალი ღარიბი იყო და ამიტომ მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქი აღმოჩნდა.
ბევრი სნეულება, რომლის მიზეზებსაც ვერ პოულობენ, შეიძლება, წყევლით იყოს გამოწვეული. ექიმები რა, წყევლას მიაგენებენ?! ერთხელ ჩემთან სენაკში პარალიზებული ადამიანი მოიყვანეს, ჯანმრთელი კაცი იყო, მაგრამ დაჯდომა არ შეეძლო! მისი სხეული ვერ იღუნებოდა, ხესავით იყო გაშეშებული. ერთს ზურგზე ჰყავდა მოკიდებული, მეორეს კი უკნიდან ეჭირა. საცოდავს ორი კუნძი მივუმარჯვე და როგორც იქნა მათ შორის მოთავსდა. მისმა თანამგზავრებმა მითხრეს, რომ იგი ასე 15 წლის ასაკიდან იტანჯებოდა უკვე - 17 წლის განმავლობაში. „განა შეიძლება, ასეთი რამ ტყუილუბრალოდ მოხდეს?! - ვიფიქრე მე. - ასეთი რამ შეუძლებელია. აქ რაღაც მიზეზი იმალება“. გამოკითხვა დავიწყე და გაირკვა, რომ ეს ყმაწვილი ვიღაცამ დაწყევლა. რა მოხდა? აი, რა: ის სკოლაში მიდიოდა, ავტობუსში ავიდა და სავარძელზე მოთავსდა. ერთ გაჩერებაზე ხანში შესული მღვდელი და მოხუცი კაცი ამოვიდნენ და მის ახლოს გაჩერდნენ. ვიღაცამ უთხრა: „ადექი და უფროსებს დაუთმე ადგილი“. მან კი ყურადღება არავის მიაქცია და უკეთესად მოკალათთა. მაშინ გვერდით მდგომმა მოხუცმა უთხრა: „ჩემსავით გაჭიმული დარჩი მთელი ცხოვრება, რომ დაჯდომა ვერ შეიძლო!“ და ამ წყევლამ იმოქმედა. ბიჭი თავხედი იყო. „რატომ წამოვდგე, - ამბობდა იგი. - მე ხომ ამ ადგილის ფასი გადავიხადე?“ ხომ, მაგრამ სხვამაც ხომ გადაიხადა. ხანში შესული, მოხუცი კაცი დგას, შენ კი ყმაწვილი დამჯდარხარ! „აი, ამის გამო მოხდა ყველაფერი - ვუთხარი მე, - რომ გამოჯანმრთელდე, შეეცადე მოინანიო, შენ სინანული გჭირდება“. როგორც კი საბრალომ თავისი დანაშაული შეიცნო, მაშინვე გამოჯანმრთელდა. რამდენ უბედურებას იწვევს დღესაც წყევლა და გულისწყრომა! იცით, რომ თუ რომელიმე ოჯახში ხშირი სიკვდილიანობაა, ან თუ მთელი ოჯახი იღუპება, ამის მიზეზი ან უსამართლობაა, ან ჯადოქრობა, ან წყევლა. ერთ კაცს ჰყავდა ვაჟი, რომელიც ყოველდღიურად გადიოდა სახლიდან და არავინ იცის, სად დაეხეტებოდა. ერთხელ განრისხებულმა მამამ შეუტია მას: „ნეტა ერთხელ ისე მოხვიდე, რომ აღარ გახვიდე?“ და აი, სწორედ იმ საღამოს, როდესაც ახალგაზრდა სახლში ბრუნდებოდა, ზუსტად მათი სადარბაზოს გასწვრივ ავტომანქანა დაეჯახა და სასიკვდილოდ დაშავდა. როგორც დავარდა მიწაზე, ისე ეგდო, ვიდრე მეგობრებმა არ მიიყვანეს სახლში. ამის შემდეგ მამამისი წმიდა მთაზე მოვიდა, ჩემთან სენაკში. იგი ტიროდა და ამბობდა: „შვილი პირდაპირ ჩემი სახლის ზღურბლზე მომიკლეს“. დაიწყო მოყოლა. შემდეგ კი ამბობს: „მანამდე მე მას რაღაც ვუთხარი“. - „რა უთხარი?“ - „ის ღამღამობით აქეთ-იქით დაეხეტებოდა და ერთხელ განრისხებულმა ვუთხარი: „ნეტა ერთხელ ისე მოხვიდე, რომ აღარ გახვიდე!“ იქნებ ამიტომ მოხდა ეს უბედურება?“ „და აბა სხვა რის გამო! - მივუგე მე. - შეეცადე, მოინანიო, აღსარება თქვი“. ხედავთ, როგორ ხდება: შენ ეუბნები, ბავშვი კი მკვდარი მოაქვთ. მერე ტირის მამა, თმებს იგლეჯს.
იცით, რომ მშობლების წყევლა და გულისწყრომაც კი ძალიან ძლიერად მოქმედებს. მაშინაც კი, როცა მშობლები კი არ წყევლიან, მხოლოდ აღშფოთდებიან და წყრებიან შვილებზე, შემდეგ ამ უკანასკნელთ ერთი ნათელი დღე აღარ აქვთ ხოლმე: მთელი მათი ცხოვრება ერთ უწყვეტ ტანჯვად გადაიქცევა. შემდეგ ასეთი ბავშვები მთელი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებიან. რა თქმა უნდა, იმ ქვეყნად მათ უადვილდებათ, რადგან ამქვეყნიური ტანჯვით ბევრ ცოდვას გამოისყიდიან. ხდება ის, რასაც წმ. ისაკი ამბობს: „იგემებს თავის ჯოჯოხეთს“ [3] ანუ აქ, ამქვეყნად ტანჯვით ადამიანი ამცირებს თავის ჯოჯოხეთურ ტანჯვას, რადგანაც ამქვეყნიური ტანჯვა ჯოჯოხეთური სატანჯველის განცდას ნიშნავს. ანუ მაშინ, როდესაც სულიერი კანონების სფეროში შედის, ადამიანი რამდენადმე თავისუფლდება გენიის, ტანჯვისაგან.
მაგრამ ის მშობლები, რომლებიც შვილებს სიტყვით ისტუმრებენ „ეშმაკთან“, მათ ბოროტს სწირავენ. ამის შემდეგ ეშმაკი უფლებას იძენს მათზე. იგი ამბობს: „შენ ჩემთან გამოგზავნე ისინი“. ფარასაში [4] ცხოვრობდა ცოლ-ქმარი, ბავშვი მეტად მტირალა ჰყავდათ და მამა ხშირად ეუბნებოდა მას: „ეშმაკმა წაგიღოს!“ და რა ხდება?! მამა ამას ამბობს და ბავშვი აკვნიდან გაუჩინარდა! საცოდავმა დედამ ხაჯეფენდის [5] მიმართა: „გვაკურთხე, ხაჯეფენდი! ჩემი შვილი ეშმაკებმა მოიტაცეს“. ხაჯეფენდი მივიდა მათ სახლში, აკვანთან ილოცა და ყრმა დაბრუნდა. ასე გრძელდებოდა და გრძელდებოდა დაუსრულებლად. „ხაჯეფენდი, გვაკურთხე“. - კვლავ და კვლავ იმეორებდა საწყალი ქალი. ერთხელ მან ჰკითხა: „რით დასრულდება ეს ყველაფერი?“ - „მე თქვენთან სიარული არ მიჭირს - უპასუხა წმიდანმა, შენ გიჭირს მოსვლა და ჩემი დაძახება? ესე იგი ეს ოდესმე მობეზრდება ეშმაკს და შენს შვილს დაეხსნება“. ამ დღიდან ბავშვი აღარ გაუჩინარებულა, მაგრამ როდესაც გაიზარდა, მას „ეშმაკის ნაშიერი“ უწოდეს. ის აფორიაქებდა მთელ სოფელს, მოსვენებას არავის აძლევდა. როგორ იტანჯებოდა ამის გამო მამაჩემი! [6] ეს ყმაწვილი ჯერ ერთთან მივიდოდა და ეტყოდა - იმან შენზე ესა და ეს თქვა, მერე იმ მეორესთან და იმასაც იგივეს გაუმეორებდა. ხალხი ერთმანეთში ჩხუბობდა, საქმე ცემა-ტყეპამდეც კი მიდიოდა. შემდეგ, როცა გაიგეს, რომ ყველა მათგანს ცილს სწამებდა, მოილაპარაკეს, რომ შეეპყრათ ცილისმწამებელი და გასწორებოდნენ. მაგრამ ის ისე ეშმაკურად მოიქცა, რომ ბოლოს ორივემ ბოდიში მოუხადა მას! რა წარმატებას მიაღწია მან ცბიერებაში! ნამდვილი „ეშმაკის ნაშიერი“ იყო! ღმერთმა ეს იმისთვის დაუშვა, რომ როდესაც ადამიანები ბავშვის გაქრობის ისტორიის გაგრძელებას ნახავდნენ, გონს მოსულიყვნენ, თავი შეეკავებინათ და ყურადღებით ყოფილიყვნენ. იმის შესახებ, თუ როგორ განსჯის ამ ადამიანს ღმერთი, ეხლა არაფერს ვამბობთ. გასაგებია, რომ დანაშაულის შემამსუბუქებელი მიზეზი მას აქვს.
უდიდესი საუნჯე, რაც ერში მცხოვრებ ადამიანს გააჩნია, მშობლის კურთხევაა. იმის მსგავსად, როგორც მონასტერში მყოფისთვის უდიდესი კურთხევა ის არის, რომელსაც სულიერი მამა მისცემს. ამიტომ ამბობენ: „ნუ გაუშვებ მშობლების კურთხევას“. მახსოვს ერთ ქალს ოთხი შვილი ჰყავდა. არც ერთი მათგანი არ დაქორწინებულა და არც გათხოვილა. დედა მოსთქვამდა: „დარდისგან მოვკვდები, არც ერთი ჩემი შვილი დაოჯახებული არ არის, ილოცე ჩემთვის“. იგი ქვრივი იყო, შვილები - ობლები. მე შემეცოდნენ ისინი. ვლოცულობდი და ვლოცულობდი, მაგრმ - უშედეგოდ. „აქ რაღაც ისე არ არის“. - ვიფიქრე მე. „ჩვენ გათვალულები ვართ“. - ამბობდნენ შვილები. „არა - ვეუბნები - გათვალვა მაშინათვე გამოჩნდებოდა, ეს გათვალვა არ არის... ან იქნებ დედათქვენმა დაგწყევლათ?“ - „დიახ, მამაო, - მპასუხობენ - ბავშვობაში ძალიან ვცელქობღით და იგი გამუდმებით, დილიდან საღამომდე გვეუბნებოდა: „კუნძებად იქეცით თქვენ“. მაშინ ვუთხარი: „წადით და თქვენი მოუწყობელი ცხოვრების ნამდვილი მიზეზი შეატყობინეთ მას, რათა გონს მოვიდეს. უთხარით, რომ მოინანიოს, აღსარება თქვას და დღეიდანვე გაუჩერებლად გაკურთხევდეთ თქვენ“. და ნახევარი წლის შემდეგ ოთხივემ ოჯახები შექმნა! სრულიად აშკარაა, რომ ამ საცოდავს ის არ ყოფნიდა, ქვრივი რომ იყო და ამის გარდა ხშირად მრისხანებაში და სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა, მოზარდებს მოთმინებიდან გამოჰყავდათ იგი და ისიც წყევლიდა შვილებს.
- თუ მშობლები დაწყევლიან შვილებს და ამის შედეგად გარდაიცვლებიან ისინი, მაშინ როგორღა შეძლებენ შვილები, რომ მშობლის წყევლისგან გათავისუფლდნენ?
- როდესაც დააკვირდებიან საკუთარ თავს, ისინი აუცილებლად მიხვდებიან, აღიარებენ, რომ გამუდმებით აწამებდნენ და აუბედურებდნენ მშობლებს და ამიტომ დაიწყევლნენ. თუ ისინი თავის დანაშაულს გააცნობიერებენ, გულწრფელად მოინანიებენ და ცოდვებს აღიარებენ, მაშინ ყველაფერი მოგვარდება. სულიერი წარმატებებით ისინი გარდაცვლილ მშობლებსაც შეეწევიან.
- როცა მონასტერში მოვდიოდი, წმიდაო მამაო, მეც დამწყევლეს მშობლებმა.
- ეგ ერთადერთი წყევლაა, რომელიც კურთხევად გარდაიქმნება.
- წმიდაო მამაო, სწორია, რომ, როცა ვინმე განარისხებს კაცს, იგი მის შესახებ ამბობს: „ღმერთი მიუზღავს ამ ბოროტების სამაგიეროს“?
- ის, ვინც ამას ამბობს, ბოროტის დასაცინი ხდება. მას არ ესმის, რომ ამ სიტყვებით „კეთილშობილურად წყევლის“ სხვებს. ზოგიერთი ამბობს, რომ თვითონ მგრძნობიარე ადამიანია, სხვათა სიყვარული და სულიერი სიფაქიზე აქვს და იმ უსამართლობის მოთმენა შეუძლია, რომლებსაც სხვები მიაგებენ მას. მაგრამ ამასთან, ისინი თავიანთ განმარისხებლებზე ამბობენ: „ღმერთმა მიაგოს სამაგიერო ამ ბოროტებისათვის“. ამ ცხოვრებაში ყოველი ადამიანი გამოცდას აბარებს, რომ მომავალ, მარადიულ ცხოვრებაში - სამოთხეში გადაინაცვლოს. გონება მეუბნება, რომ ასეთი „კეთილშობილური წყევლა“ გამსვლელ სულიერ ქულაზე დაბლა იმყოფება და ქრისტიანისთვის დაუშვებელია. ქრისტე ხომ ასეთ სიყვარულს არ გვასწავლიდა! „მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.“ - აი, როგორ სიყვარულს გვასწავლის იგი. ამის გარდა, ყველაზე უკეთესი კურთხევა ჩვენთვის ისაა, როცა უსამართლოდ გვწყევლიან და ჩვენ ამას მდუმარედ, სიკეთით ვიღებთ.
თუ ზერელე და ცბიერი ადამიანები - ისინი, ვინც ბოროტებით არიან შეპყრობილნი და ჭეშმარიტებას რყვნიან - გვწყევლიან ან უსამართლოდ გვექცევიან, შევეცადოთ, თუ შევძლებთ, თავის გამართლებას ნუ დავიწყებთ, თუ ეს უსამართლობა პირადად ჩვენ გვეხება. ნუ ვიტყვით - „ღმერთმა მიაგოს!“ - რადგან ესეც წყევლაა.
კარგია, თუ მთელი გულით შევუნდობთ მათ, ღმერთს შევთხოვთ, რომ გაგვაძლიეროს ამ წყევლის სიმძიმის ტვირთში და შევეცდებით, როგორც შესაძლებელია, შეუმჩნევლად გავაგრძელოთ სულიერი ცხოვრება. დაე, ვისაც წესად აქვთ სხვების განსჯა და განკითხვა, უსამართლოდ მოგვექცნენ, ისინი ხომ ამით დაუღალავად გვიმზადებენ ოქროს გვირგვინებს ჭეშმარიტი ცხოვრებისათვის. რა თქმა უნდა, ღვთისნიერად მცხოვრები ადამიანები არასოდეს დასწყევლიან სხვებს, რადგან მათში ბოროტება არ არის. ბოროტება, რომელსაც ამ განწმენდილ ადამიანებს სხვები მიაგებენ, სიკეთედ გადაიქცევა. ხოლო თვით ღვთისნიერი ადამიანები ამ დროს უდიდეს, სხვათათვის შეუმჩნეველ სიხარულს გრძნობენ.
შენში არსებული შურითა და ბოროტებით შეიძლება სხვასაც ავნო, სწორედ ეს არის გათვალვა - ეშმაკეული ქმედება.
- წმიდაო მამაო, განა ეკლესია გათვალვას სცნობს?
- დიახ, საგანგებო ლოცვაც არსებობს „ბოროტი თვალისაგან დასაცავად“ [8]. „ავი თვალი“ ვნებს მაშინ, როდესაც ადამიანი შურით ლაპარაკობს.
- წმიდაო მამაო, ჩვენ ხშირად გვთხოვენ ავგაროზს, რომელიც თვალისგან დაიცავს შვილებს. შეიძლება ამ ავგაროზების ტარება?
- არა, არ შეიძლება. მშობლებს უთხარით, რომ შვილებს ჯვარი დაკიდონ მკერდზე.
- წმიდაო მამაო, თუ ვინმე რაიმე შესანიშნავ ნივთს გააკეთებს, მეორე მას შეაქებს, ხოლო პირველი ამპარტავნებით მიიღებს ამ ქებას. შემდეგ კი ამ ნივთს რაიმე ცუდი დაემართება, ეს გათვალვაა?
- არა, ეს გათვალვის ბრალი არ არის. ამ დროს მოქმედებას იწყებს სულიერი კანონები. ღმერთი ადამიანს თავის მადლს ართმევს და ამიტომ ზიანდება იგი. გათვალვა იშვიათ შემთხვევაში მოქმედებს. ჩვეულებრივ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოროტ შურს ატარებენ - და ასეთები ცოტანი არიან - შეუძლიათ გათვალონ სხვები, მაგალითად შურიანი ქალი ხედავს დედას მშვენიერ ყრმასთან ერთად და შურით ამბობს: „რატომ მე არ მყავს ასეთი ბავშვი, ღმერთმა მას რად მისცა?“ ასეთ შემთხვევაში პაწიას შეიძლება, რაიმე ევნოს: არ დაეძინოს, ატირდეს, დაიტანჯოს, რადგანაც ეს მან ბოროტებით თქვა, ეს ბავშვი რომ ავად გამხდარიყო და მომკვდარიყო, ასეთი ბოროტი ქალი, გაიხარებდა კიდეც. ვიღაც მაგალითად ხედავს სხვის ბოჩოლას, ძალიან უნდა, რომ ის ბოჩოლა მისი იყოს და ცხოველი ძალიან მალე გაითვალება.
თუმცა ხშირად დედა თვით არის დამნაშავე, რომ მისი ბავშვი იტანჯება. მაგალითად, დედა ხედავს სხვის გამხდარ ბავშვს და ამბობს: „აი, სიგამხდრე, რომ იტყვიან ძვალი და ტყავია!“ თავისი მოსწონს, სხვისას კი - ზევიდან უცქერის. მაგრამ სიტყვები, რომლებიც სხვის შვილზე ითქვა, მის პირმშოს უბრუნდება. და უცოდველი ბავშვი მშობლის გამო იტანჯება. საბრალო ყრმა თვალდათვალ დნება - მშობლის დასასჯელად, რათა მან თავისი დანაშაული შეიგრძნოს. რა თქმა უნდა, თვით ბავშვი ამ დროს მოწამეთა შორის ითვლება. ღვთის განგებულება ხომ გამოუკვლეველია.
აი, ეხლა მეც გაგთვალავთ თქვენ: „ღმერთმა აღავსოს თქვენი გულები თავისი მადლითა და თავისი სიყვარულით იმ ზომამდე, რომ გონება წაგერთვათ, რომ გონი თქვენი წარიტაცოს მიწიდან და ამიერიდან მის სიახლოვეს, ზეცაში მკვიდრობდეს, ამგვარად იქმნათ უგუნურნი ღვთაებრივი სიყვარულის საღრმთო უგუნურებით! დაე, თავისი სიყვარულით ფერფლად აქციოს ღმერთმა თქვენი გულები!..“ აი, როგორ გაგთვალეთ თქვენ და ნუ მაიძულებთ, გავიმეორო იგი, - ჩემი კეთილი „წყევლა“ ხომ ჩემივე გულიდან მოდის და ამიტომ ფლობს ძალას. ჯერ კიდევ სანატორუიმში [9] რომ ვიმყოფებოდი, მებრალებოდით თქვენ. ზოგიერთი თქვენგანი რვა წელიწადი ელოდა. ამბობდით: „დავაარსებთ მონასტერს!“ მონასტერი კი არ იყო და არ იყო. საცოდავებო, გული მთლად გადაგელიათ! მაშინ გითხარით: „როგორც კი საავადმყოფოდან გამომიშვებენ, მონასტერი ისე უცებ ამოიზრდება, როგორც სოკოები იზრდებიან ნაწვიმარზე, ერთი წლის შემდეგ უკვე მონასტერში იქნებით!“ და ხომ ასეც მოხდა: ერთ წელიწადში დაარსდა მონასტერი. მაშინ, სანატორიუმში, მე ამას გულით ვამბობდი, ხოლო თქვენ გქონდათ კეთილი განწყობა და ამიტომაც ღმერთმა არ დაგტოვათ. სხვა ახსნას ამას ვერ მოვუძებნი.
თუ გული გტკივა ადამიანის გამო, რომელსაც სიმდაბლე აქვს და მთელი გულით გთხოვს, რომ მისთვის ილოცო, მაგალითად იმისათვის, რომ რომელიმე მტანჯველი ვნებისაგან გათავისუფლდეს, და თუ შენ ეტყვი მას: „ნუ გეშინია, შენ უკეთესად გახდები“. მაშინ შენ ამით ღვთის კურთხევას აძლევ მას. ამ კეთილ განწყობაში ბევრია სიყვარული, ბევრია ტკივილი და ამიტომ მას დიდი ძალა აქვს. ეს ღვთისთვის სათნოა და ამიტომ იგი ამ კურთხევას ასრულებს. ესე იგი, თავისთავად ტკივილი, რომელსაც ერთი ადამიანი მეორის მიმართ განიცდის - ეს იგივეა, რაც თავად კურთხევა.
ერთხელ, როდესაც ომში ვიყავი, ჩვენმა უფროსმა გამგზავნა, რათა შემესრულებინა პირობა, რომელიც იოანე ნათლისმცემელს აღვუთქვით მას შემდეგ, რაც იგი ბრძოლაში დაგვეხმარა. ჩვენ დავპირდით, რომ იოანე ნათლისმცემლის სახელობის პატარა ეკლესიისათვის ორ დიდ სასანთლეს ვიყიდდით. ამგვარად, მე უნდა მეყიდა სასანთლეები და ამავე დროს ქალაქ ნავპატკში“ [10] გამეცილებინა ერთი ჩვენი თანამშრომელი, სადაც მას სამხედრო ტრიბუნალს გადასცემდნენ. მახსოვს სხვა ოფიცრები ეუბნებოდნენ ჩვენს უფროსს - „კარგი გამყოლი კი გამოუძებნე!“ საბრალო, რომლის გაცილებაც მე მევალებოდა, წარმოშობით ეპირიდან [11] იყო, პროფესიით - მუსიკოსი. ცოლშვილიანი, ღარიბი. მას ბრალად ედებოდა საკუთარი თავის დაჭრა იმ მიზნით, რომ ზურგში გაეგზავნათ. „ჯობია ერთი ფეხით ვიცხოვრო, ვიდრე მომკლან“. - მსჯელობდა იგი. თავდაპირველად მასთან ერთად ქალაქ აგრინიოში [12] ჩავედი, სადაც მას ნაცნობები ჰყავდა. „წამოდი, მოვინახულოთ ისინი“. - მითხრა მან. „კარგი, მოვინახულოთ“. - მივუგე მე. „აქ წავიდეთ... იქ წავიდეთ...“ რას ვიზამდი, ყველგან დავყვებოდი. ჰოი, რა საზვერეები იყო! თანაც მას არ უნდოდა, რომ ტრიბუნალისთვის გადამეცა. მეც მებრალებოდა საწყალი, მის გამო ძლიერ მტკიოდა გული და ვუთხარი: „აი, ნახავ, ყველაფერი გაივლის და ყველაზე უკეთ იქნები! ჩვენი უფროსი შენს საქმესთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებით წერილს გამოგზავნის და შენ სადმე წყნარ ადგილას მოეწყობი ისე, რომ შვილების დახმარებასაც შეძლებ და შენს სიცოცხლესაც საფრთხე არ დაემუქრება“. ბოლოს, როცა ნავპატკში ჩავაღწიეთ, შევიტყვეთ, რომ ჩვენი უფროსის წერილი უკვე მოსვლოდა ტრიბუნალს და ჩვენი დამნაშავის საქმეც დახურულიყო. მას ხომ დახვრეტა ელოდა. - მეტად მძიმე დრო იყო, ომი... უფროსმა შეიბრალა იგი, როგორც ოჯახის უფროსი და ახალწვეულების გამანაწილებელ ცენტრში მზარეულად დანიშნა. მისი ოჯახი ამ ცენტრის ახლოს გადმოვიდა და ეს ომი მან სხვებზე უკეთ გადაიტანა. და რადგანაც ჯარისკაცები ზოგჯერ სადილად არ მოდიოდნენ სასადილოში, მას საჭმელი რჩებოდა და თავის ბავშვებს ასაზრდოებდა. ომის შემდეგ ყველა ეუბნებოდა: „შენ ყველაზე უკეთ იყავი იმიტომ, რომ ჩვენ მთებში, თოვლში ვისხედით“. ჩემი მისდამი სიბრალული სათნო იყო ღვთისთვის, ამიტომაც შეისმინა მან ჩემი ლოცვა. მახსოვს კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა სტომიონის სავანეში, კონიცაში ჩემი ყოფნისას რომ მოხდა. 8 სექტემბერი სავანის ტაძრის დღესასწაულია - შობა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. დღესასწაულის შემდეგ მომლოცველებმა ყველაფერი თავდაყირა დატოვეს. ნელ-ნელა მოწესრიგება დავიწყე. ვხედავ, რომ ჩემი და და კიდევ ერთი ქალიშვილი ჩემს დასახმარებლად დარჩნენ. ამ ქალიშვილს კიდევ ორი და ჰყავდა, ერთი უფროსი, მეორე - უმცროსი. ორივე და უკვე გათხოვილი იყო, ხოლო ის ჯერაც გასათხოვარი დარჩენილიყო. რა დიდი ღვთისმოსაობა იყო მასში! დასახმარებლად დარჩა და როცა ყველაფერი დავალაგეთ და გავწმინდეთ, მითხრა: „მამაო, თუ არის კიდევ სამუშაო, ჩვენ დავრჩებით და რაც საჭიროა, ყველაფერს გავაკეთებთ“. „რა ღვთისმოსაობაა“ - ვიფიქრე მე, ტაძარში შევედი და მთელი გულით ამოვთქვი: „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, თვით განაგე მისი ბედი. მე არაფერი მაქვს, რომ მივცე“. რომც მქონოდა რაიმე, ის მაინც არაფერს აიღებდა. და აი, იგი დაბრუნდა სახლში, სადაც მას ერთი ჩემი ძველი თანამშრომელი ელოდა - ყმაწვილი კი არა, ნამდვილი ოქრო, ძალიან კარგი პიროვნება, კარგი ოჯახიდან. ისინი დაქორწინდნენ და შესანიშნავად ცხოვრობდნენ. ხედავთ, როჯორ დააჯილდოვა იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა!
[1] - რომ 12,14.
[2] - იხ. 26,15.
[3] - ისააკ ასური „Слова Подвижническая“ მ. 1993. ს. 365.
[4] - ერთ-ერთი მთავარი ბერძნული დასახლება კაბადოკიის კესარიაში. არსენი კაბადოკიელის და მამა პაისის სამშობლო.
[5] - ასე უწოდებდნენ ღირს არსენი კაბადოკიელს ფარასის მცხოვრებნი.
[6] - ბერი პაისის მამა სოფლის მამასახლისი იყო.
[7] - ლუკ. 23,34.
[8] - მამა პაისი არაერთგზის აღნიშნავდა, რომ ამ ლოცვის წაკითხვა მხოლოდ მღვდელს შეუძლია.
[9] - 1966 წელს.
[10] - ქალაქი და პორტი ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში.
[11] - ეპირი - ოლქი დასავლეთ საბერძნეთში.
[12] - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში.