მამა პაისი მთაწმინდელი

გარეგან ხმაურზე და შინაგან უშფოთველობაზე

ადამიანებმა მშვიდი ბუნება შეცვალეს

ტექნიკურ საშუალებათა უმრავლესობა, რომლითაც დღეს ხალხი სარგებლობს, რათა მოხერხებულად მოეწყონ, ხმაურს იწვევს. ვაი რომ, ამ ხმაურით ადამიანებმა მშვიდი ბუნება ჭკუიდან შეშალეს, მთელი ამ ტექნიკით მათ ის შეცვალეს და დაანგრიეს. არადა როგორი სიჩუმე იყო წინათ! როგორ ცვლიდა და ცვლის ადამიანი ირგვლივ ყველაფერს ისე, რომ ვერც კი ამჩნევს.

დღეს ყველა მიეჩვია, რომ ხმაურთან ერთად უნდა იცხოვროს. ბევრ თანამედროვე ბავშვს უყვარს კითხვის დროს როკ-მუსიკას მოსმენა, ანუ მათ მეტად მოსწონთ მუსიკის ფონზე კითხვა, ვიდრე - სიჩუმეში. მათ მოუსვენრობა ასვენებთ, რადგანაც მოუსვენრობაა მათ არსებაში ჩაბუდებული. ყველგან ხმაურია. აბა, უსმინე! ეს გესმის გამუდმებით: „ვუ-უ-უ... ვუ-უ!“ კვამლი იფრქვევა - „ვუ-უ“... ხეებს წამლიან საწამლით, მაშინაც - „ვუ-უ“... შემდეგ მოდიან სხვა შემასხურებლები - თვითმფრინავების მსგავსი, რათა უფრო მეტად იხმაურონ და თქვან: „ეს შემასხურებლები უკეთესია იმიტომ, რომ ხეებს ქვევიდან ზევით კი არა, ზევიდან ქვევით წამლავს და არც ერთი ბოჭკო არ რჩება ხელუხლებლად“. უნდა ვეძებოთ ასეთი შემასხურებლები და სიხარულს გვანიჭებდეს ისინი. ადამიანს უნდა ერთი პატარა ნახვრეტის გაკეთება ლურსმნისათვის და ამისთვის ისევ მანქანას მომართავს - რისთვის? რათა წყალი ნაყოს!? თანაც უხარია ეს და საოცარია, ამაყობს კიდეც! სუფთა ჰაერის ერთი ყლუპი რომ ჩაყლაპოს, ამისთვის ვენტილატორს ყიდულობს და მის ხმაურს ისმენს. ადრე, სიცხის დროს ხელით ინიავებდნენ, ეხლა კი ცოტაოდენი გრილი ჰაერისთვის ყურებს იყრუებენ. ზღვაზეც დიდი ხმაურია შექმნილი. ოდესღაც ზღვებზე უხმაუროდ დაცურავდნენ აფრიანი ნავები, ეხლა კი ყველაზე პატარა ძრავაც კი საშინლად ხმაურობს. მალე ადამიანების უმრავლესობა თვითმფრინავებით იწყებს ტრიალს მიწის პირზე! და იცით, სად მიგვიყვანს ეს?! მიწა ხომ ცოტა მაინც ახშობს ხმაურს, ხოლო ჰაერში ისეთი ამბები დატრიალდება, რომ ღმერთო, შენ გვიშველე!..

 

ადამიანებმა თვით უდაბნოების წმინდა ადგილებიც კი გაანადგურეს

ჩვენი ეპოქის მსოფლიო სულმა, თავისი ფსევდო-ცივილიზაციით უდაბნოების ის წმიდა ადგილებიც კი გაანადგურა, რომლებიც ამშვიდებენ და განანათლებენ სულებს. მოუსვენარი ადამიანი ვერსად ისვენებს. ადამიანებმა წყნარი ადგილი არსად დატოვეს. თვით წმიდა მიწაც კი... - რად გადააქციეს დღეისათვის იგი?! ფოტინე მეუდაბნოეს [1] ცხოვრებაშიც მოხსენებულია, რომ იმ უდაბნოში, სადაც იგი მოღვაწეობდა, მოგვიანებით დადგეს კიოსკები და სასადილოები გახსნეს. იმ გამოქვაბულებსა და სენაკებში, სადაც ამდენი ბერი, ამდენი წმიდანი მოღვაწეობდა, გამაგრილებელი სასმელების სავაჭროები გახსნეს ინგლისელებმა. მორჩა, უკვე აღარ არსებობს უდაბნო! ის აივსო სახლებით, რადიომიმღებებით, მაღაზიებით, ატელიეებით, აეროპორტებით! ჩვენ იმ დროს მივაღწიეთ, რომლის შესახებაც წმიდა კოსმა ეთოლიელი [2] ამბობს: „მოვა დრო და სადაც დღეს ვაჟკაცები თავის იარაღს კიდებენ, ბოშები ჩამოკიდებენ მუსიკალურ საკრავებს“. მე მინდა ვთქვა, რომ სწორედ აქამდე მივაღწიეთ ჩვენ: იქ, სადაც ადრე ბერები მოღვაწეობდნენ, იქ, სადაც ადრე მათი სკვნილები ეკიდა, ეხლა რადიომიმღებების ხმა ისმის და გამაგრილებელი სასმელები ჩქეფს!.. დიახ, ცხადია, გაივლის კიდევ რამდენიმე წელი და ყოველივე ეს საჭირო აღარ იქნება. საერთოდ, ყველაფერი იქიდან, რაც ხდება, ერთი დასკვნა გამოდის: ცხოვრება დასასრულს უახლოვდება. სიცოცხლის და ამ ქვეყნიერების აღსასრული დადგება.

- წმიდაო მამაო, წმიდა მთაზე სადმე თუ მაინც შემორჩა წყნარი ადგილი?

- რომელ წყნარ ადგილზეა ლაპარაკი, თუნდაც წმიდა მთაზე! ათონის ტყეებში დაუსრულებლად გაჰყავთ ახალი და ახალი გზები. ყველგან მანქანები დადიან. თვით იმათაც კი, ვინც ყველაზე უდაბნო და უშფოთველ ადგილებში ცხოვრობენ, მანქანები იყიდეს. მე არ მესმის - რას ეძებენ ეს ადამიანები უდაბნოებში? როდესაც არსენი დიდმა უდაბნოში ნელი სიოს მიერ შერხეული ლერწმის შრიალი გაიგონა, იკითხა: „რა ხმაურია, მიწისძვრა ხომ არ არის?“ [3] წმიდა მამებს რომ ის ენახათ, რაც დღეს ხდება: ძველად თანაცხოვრებულთა მონასტრებში ბერები მორჩილებზე მეტად იღლებოდნენ. განსაკუთრებით - ტრაპეზარი და მესტუმრე. უნდა გაერეცხათ თეფშები, სპილენძის ჭურჭელი გაესუფთავებინათ, დღეს კი იოლია ეს ყველაფერი, ბერებისთვის ხომ მისაწვდომია ყოველგვარი თანამედროვე ტექნიკა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ხმაურს იწვევს. მახსოვს, როგორ მოგვქონდა მონასტერში წყალი წყალსატევიდან და ჯალამბარის საშუალებით გარკვეული ტევადობით მეოთხე სართულზე სრულიად უხმაუროდ ვზიდავდით. ეხლა წყალს ძრავის საშუალებით ქაჩავენ და გამუდმებით მისი ტრახტრახი ისმის. კედლები ირყევა, მინები მოძარობენ, რაიმე ხმის ჩამხშობი მაინც მოეწყოთ. არმიაში, სამოქალაქო ომის დროს, რაციის ბატარეის დატენვისას ხმის ჩამხშობს ვხმარობდი, რომ მტრის მხარეს ხმაური არ გაეგონა.

ერთხელ ჩემთან სენაკში ერთ-ერთი მონასტრის ბერები მოვიდნენ. ისინი ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. „ხმადაბლა ისაუბრეთ, ჩვენ კარგად გვესმის.“ - ვუთხარი ერთ-ერთ მათგანს. ის ყვირილს აგრძელებდა. „ჩუმად ილაპარაკე“. - ხელახლა ვთხოვე მას. „-შეგვინდეთ, წმიდაო მამაო, ჩვენ მონასტერში მივეჩვიეთ ასეთ ღრიალს, ჩვენთან გენერატორი მუშაობს და ამიტომ ხმამაღლა ვლაპარაკობთ, სხვანაირად ვერაფერს გავიგონებთ.“ - მიპასუხა მან. გესმით, რას ამბობენ? იმის მაგიერ, რომ იესოს ლოცვა შეასრულონ და ჩუმად ილაპარაკონ, მათ გენერატორი აქვთ ჩართული და ამიტომ ყვირიან! ზოგიერთი მოზარდი თავის მოტოციკლს ხმის ჩამხშობს აცილებს, რომ მისი ხმა ყველგან ისმოდეს. ცუდია, რომ იგივე სული მსჭვალავს დღეს მონაზვნობას. დიახ - ჩვენ დღეს აქეთკენ მივდივართ - ხმაური ახარებს ბერებს. დღეს დილას მონასტრის ერთ-ერთ დას ვაკვირდებოდი. ის კოსმონავტს ჰგავდა. ფართოფარფლიანი ჩალის ქუდით თავზე და - რესპირატორით - სახეზე. ბენზინის სათიბელით ხელში ის კლდეზე ჩამოდიოდა და თავს იწონებდა. ასტრონავტებს არ უამაყიათ ასე, მთვარიდან რომ ჩამოფრინდნენ! გავიდა ცოტაოდენი დრო და მესმის: „ტრა-ტა-ტა-ტა-ტა“. ვხედავ, დაუწყია ბალახის ჭრა სათიბით, თან ისე, რომ აღარ ვიცოდი, ხმაურს სად დავმალვოდი. როგორც კი მან დაამთავრა, მოვიდა მონასტრის მუშა და კიდევ უფრო ხმაურიანი ტრახ-ტრახათი მიწის დამუშავება დაიწყო. დარბის ტრახტრახა წინ და უკან, წინა და უკან! შემდეგ მან გააჩერა თავისი ბენზინის გუთანი, აიღო მეორე მექანიზმი - დაიწყო მიწის დაფარცხვა. რა მწარე ხვედრი აღარ გვხვდა წილად ჩვენ!

- და მაინც, წმიდაო მამაო, ეს ტექნიკა რადგან არსებობს, შემამსუბუქებელია...

- იცი კი, რამდენნაირი შემამსუბუქებელი ტექნიკა არსებობს?.. თავი აარიდეთ ყოველივე მოტრახტრახეს და მოგრუხუნეს, თავი აარიდეთ ხმაურს. ეს ხმაური მონასტრიდან გვაძევებს. მაშ, რად კიდია თქვენთან, ქვემოთ, ფირფიტა - წარწერით: - „ისიხასტური“ [4]. დააწერეთ, ჯობია, მაგალითად, „ხმაურისტური“ ან „მოუსვენარისტური“. რად გინდათ მონასტერი - საერთოდ, თუ იქ სიწყნარე არ არის?! დააკვირდით და ეცადეთ, შეზღუდოთ ყველაფერი ის, რის შესახებაც ეხლა ვლაპარაკობდით. თქვენ ჯერაც არ გამოგიცდიათ, რა ტკბილია უშფოთველობა. ეს რომ გესმოდეთ, იმასაც უკეთესად გაიგებდით, რასაც მე ვლაპარაკობ და - ზოგიერთ სხვა რამესაც. თქვენ რომ სულიერი უშფოთველობის ტკბილი ნაყოფის გემო იცოდეთ, მაშინ უეჭველია, რომ კეთილად შეშფოთებულნი იქნებოდით და სულიერ ცხოვრებაში წმიდა უშფოთველობისაკენ ისწრაფებდით.

 

უშფოთველობა - ეს საიდუმლო ლოცვაა

მთელი ამ ხმაურიანი ტექნიკით ბერი ლოცვისა და მონასტრული ცხოვრების ყოველგვარ წანამძღვრებს განაგდებს. ამიტომ იგი, რამდენადაც შესაძლებელია, ხმაურიანი ტექნიკური საშუალებებით სარგებლობას უნდა მოერიდოს. ყველაფერი ის, რაც ადამიანებს მოსახერხებლად ეჩვენებათ, უმეტეს შემთხვევაში ბერს თავისი მიზნის მიღწევაში არ ეხმარება. ამ მდგომარეობაში მყოფი ბერი ვერ შეძლებს, მოიპოვოს ის, რისთვისაც მონაზვნობის გზას შეუდგა.

უშფოთველობა დიდი საქმეა. უშფოთველობის დაცვით ადამიანი ულოცველადაც უკვე ლოცულობს, უშფოთველობა საიდუმლო ლოცვაა და ძალიან ეხმარება ლოცვაში, ისევე როგორც ადამიანისთვის კანით სუნთქვას მოაქვს სიკეთე [5]. ის ვინც უშფოთველობით ეძლევა სულიერ საზრუნავს, შედეგად ლოცვაში ჩაიძირება. იცით კი, რა არის ჩაძირვა? დედის მკერდში მიყუჩებული ბავშვი არაფერს ეუბნება მას, ის უკვე განმარტოებულია მასთან დამოკიდებულებაში. ამიტომ, თუ მონასტერი არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობებიდან, ერული ხმაურიდან და ხალხის სიმრავლიდანაა მოწყვეტილი, ეს მას დიდ სარგებლობას მოუტანს.

ერისაგან განდგომის გარეგნული გამოხატულება უშფოთველობაა, რომელიც გონიერ მოღვაწეობასთან და განუწყვეტელ ლოცვასთან უნდა იყოს შეერთებული. ამას ძალიან ჩქარა მიჰყავს ბერი შინაგან უშფოთველობასთან - სულიერ მშვიდობასთან. ეს შინაგანი უშფოთველობა არის აუცილებელი წინამძღვარი ფაქიზი სულიერი ღვაწლისა. აი, სწორედ მაშინ გარეგნული მღელვარება ადამიანს აღარ შეაშფოთებს, რადგან არსობრივად დედამიწაზე მხოლოდ მისი სხეულიღა იმყოფება, მაშინ როდესაც მისი გონება ზეცაშია დაუნჯებული.

 

ესმის თუ არ ესმის ხმაური - თვით ადამიანზეა დამოკიდებული

- წმიდაო მამაო, მაშინ რა ვქნათ, თუ ხმაურიანი მორჩილება გვიწევს, ან მის შესასრულებლად ხმაურიანი მანქანაა საჭირო?

- როდესაც ხელსაქმე ხმაურიანია, ძალიან შველის ჩუმი ფსალმუნება, თუ იესოს ლოცვის შესრულება შეუძლებელია, რაიმე საეკლესიო საგალობელი იგალობეთ. მოთმინებაა საჭირო, გემზე, რომლითაც ათონიდან მოვდივარ, ან იქით მივემგზავრებით, დიდი ხმაურია ხოლმე, მე მივჯდები რომელიმე კუთხეში, თავს მოვიმძინარებ, რომ არავინ შემაწუხოს, თვალებს დავხუჭავ და გალობას ვიწყებ. რას აღარ ვგალობ! რამდენ „ღირს არს...“, რამდენ „წმიდაო ღმერთოს...“ გემის ძრავაც თავისი ხმაურით ძალიან უხდება გალობას. ძრავს უჭირავს ისონი [6], ზუსტად პაპუ ნიკოლოზის „ღირს არსის“ ტონალობაში, „წმიდაო ღმერთოზე“ კი - ნილევსის [7] ტონალობაში, ისე გუგუნებს, რომ მსგავს ვერაფერს ნახავ! მე გონებით ვგალობ და გალობაში გულიც მონაწილეობს.

და მაინც, მე მგონია, რომ გარეგან ხმაურს იმდენი ვნება არ მოაქვს ჩვენთვის, რამდენიც - შინაგან შფოთს. გესმის თუ არა გარეგნული ხმაური, ეს შენზეა დამოკიდებული, მაშინ, როცა შინაგანი შფოთისგან გაქცევა ძნელია. საფუძველი გონებაა. თვალები შეიძლება უცქერდნენ და არ ხედავდნენ. როდესაც ვლოცულობ, შეიძლება რაღაცას ვუყურებდე, მაგრამ - ვერ ვამჩნევდე. შემიძლია, სადღაც წავიდე, შემიძლია, რაიმე პეიზაჟს ვუმზირო, კიდევ სხვა რაღაცას და ვერაფერი ვერ შევნიშნო. თუ ადამიანს ხმაურში იესოს ლოცვის [8] წარმოთქმა უჭირს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან გონება არ გადასცა ღმერთს. ადამიანმა საღმრთო განდგომის მდგომარეობას უნდა მიაღწიოს, რათა შინაგანი უშფოთველობით ცხოვრება შეძლოს და აღარც ხმაური შეაშფოთებს ლოცვის დროს. ამ შემთხვევაში კაცს ის საღმრთო განდგომილება აქვს მოპოვებული, რომლის დროსაც მას ხმაური აღარ ესმის, ან ესმის მხოლოდ მაშინ, როცა მოინდომებს, ან უფრო ზუსტად, როცა მისი გონება ზეცას მოსწყდება. თუ ადამიანი სულიერად იშრომებს, თუ იღვაწებს, მაშინ მიაღწევს ამას. მაშინ იგი შეძლებს, რაღაც ესმოდეს ან არ ესმოდეს, ისე, როგორც თვითონ ისურვებს ამას.

ერთხელ, არმიაში რომ ვმსახურობდი, ერთ ჩემს თანამშრომელს, ღვთისმოსავ ადამიანს განსაზღვრულ ადგილას დავუნიშნე შეხვედრა. „იქ ხომ პირდაპირ ყურებთან გაჰყვირის მეგაფონი“. - მითხრა მან. „- მოუსმენს თუ არა მეგაფონს, თვით ადამიანზეა დამოკიდებული“. - ვუპასუხე მე. განა გვესმის ირგვლივ რა ხდება, როცა ჩვენი გონება რაღაცით არის დაკავებული?! მახსოვს, ათონზე, ჩემი სენაკის პირდაპირ ბენზინის ხერხებით ჭრიდნენ ტყეს, მთელი გორა მოაშიშვლეს. და მაშინ, როცა მე ვკითხულობდი, ან ვლოცულობდი და მთლიანად ამით ვიყავი დაკავებული, არაფერი მესმოდა, მაგრამ როცა სულიერ ვარჯიშს შევწყვეტდი, ხელახლა გავიგონებდი ხოლმე ყველაფერს.

 

სხვათა უშფოთველობას პატივი ვცეთ

თუ ხმაურის მიზეზნი თვით ჩვენ არა ვართ, მაშინ არაფერია, - ღმერთი ყველაფერს ხედავს. მაგრამ საქმე ცუდადაა, თუ ხმაურს თვითონ ვიწვევთ. ამიტომ გამუდმებით ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სხვები არ შევაშფოთოთ. თუ ვინმე თვითონ ვერ ლოცულობს, უკიდურეს შემთხვევაში, სხვებს მაინც ნუ დააბრკოლებს. რომ იცოდეთ, თქვენი ხმაური რა დიდი ზიანის მომტანია მლოცველი ადამიანისათვის, ძალიან ყურადღებით იქნებოდით. რადგანაც, თუ ვერ გააცნობიერე, რომ სიჩუმე პირადად შენთვისაც აუცილებელია და საერთოდ ყველას ეხმარება და ამასთან ის მთელი გულით, სიყვარულით უნდა დაიცვა და არა ჯოხის შიშით, მაშინ კეთილ შედეგს სიჩუმე ვერ მოგიტანს. თუ ადამიანი დაძაბული იცავს სიჩუმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ დისციპლინის წესებს დაემორჩილოს, თუ საკუთარ თავს ეუბნება: „ეხლა ისე უნდა გაიარო, რომ არავინ შეაწუხო, ეხლა ფეხის წვერებზე უნდა იარო“... ეს წმინდა წყლის სატანჯველია. მიზანი ისაა, რომ ამგვარად მთელი გულით, მთელი სიხარულით იქცეოდე. სიჩუმეს იცავდე იმიტომ, რომ ვიღაც ლოცულობს, ვიღაც ღმერთთან ერთობაში იმყოფება. რა დიდი სხვაობაა ამ პირველ და მეორე შემთხვევებში სიჩუმის დაცვას შორის! ის, რასაც ადამიანი გულით აკეთებს, მას ახარებს და ეხმარება. თუ სიჩუმის აუცილებლობას გააცნობიერებ და პატივისცემით განეწყობი მის მიმართ, ვინც ამ დროს ლოცულობს, მაშინ რაღაცნაირი კრძალვა დაგეუფლება. სხვისი პატივისცემით კი ადამიანი საკუთარ თავს სცემს პატივს, მაგრამ საკუთარ თავს არაფრად თვლის, იმიტომ, რომ თავმოყვარეობით კი არა, ღვთისმოყვარეობით მოქმედებს. საკუთარი თავი სხვის ადგილას უნდა წარმოიდგინო, ასე უნდა იფიქრო: „იმ ადამიანის ადგილას რომ ვიყო, როგორ დამოკიდებულებას ვისურვებდი ჩემდამი? დაღლილი რომ ვიყო, ან ვლოცულობდე, მომეწონებოდა, კარს ასე რომ აჯახუნებენ?“ საკუთარი თავის სხვის ადგილზე დაყენება რომ შეგვეძლოს, ბევრი რამ შეიცვლებოდა.

რა შესანიშნავი იყო ადრე თანაცხოვრებულთა მონასტრებში! უშფოთველობაში! ყოველ მეოთხედ საათში ზარი ირეკებოდა, რომ ბერებს იესოს ლოცვის აუცილებლობა გახსენებოდათ. თუ ვინმე ლოცვას მოსწყდებოდა, ყოველ თხუთმეტ წუთში საათის ხმას რომ გაიგონებდა, კვლავ უბრუნდებოდა მას. საათის რეკვას ძალიან დიდი სარგებლობა მოჰქონდა. მამები ლოცვას აღასრულებდნენ და მონასტერში უშფოთველობა, სრული სიჩუმე სუფევდა. წმიდა მთის იმ თანაცხოვრებულთა მონასტერში, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში ვცხოვრობდი, სამოცი ძმა მოღვაწეობდა. შთაბეჭდილება კი ისეთი იყო, რომ სავანეში ერთი ისიხასტი იმყოფებოდა. ყველა იესოს ლოცვას ასრულებდა, ტაძარშიც უმრავლესობა გონიერ ლოცვას იყო მიცემული, ცოტა თუ გალობდა. მორჩილებებზეც იგივე ხდებოდა. ყველგან უვნებელობა სუფევდა. არავინ ლაპარაკობდა ხმამაღლა, არავინ ყვიროდა, ყველა თავისი მორჩილებით იყო დაკავებული. ყველა უხმაუროდ მოძრაობდა - როგორც ცხვრები. ყველაფერი, რაც მონასტერში კეთდებოდა, უხმაუროდ სრულდებოდა. არ იყო ის, რაც სხვა მონასტრებში მოიგონეს: „მორჩილების საათები“, „უშფოთველობის საათები“... ისღა გვაკლია, წყნარი საათი შემოვიღოთ! ადრე თავის დროს ყველა იმის მიხედვით საზღვრავდა, თუ რა მორჩილებას ასრულებდა.

თუ ჩვენ გვსურს, რომ კურთხეული უდაბნო თავისი წმიდა სიცარიელითა და ტკბილი სიმშვიდით დაგვეხმაროს იმაში, რომ ჩვენც დავმშვიდდეთ, ვნებათაგან დავცარიელდეთ და ღმერთს მივუახლოვდეთ, მაშინ ჩვენც უნდა შევიყვაროთ იგი და პატივისცემით მოვეკიდოთ. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ წმიდა უდაბნო ჩვენს ვნებიან „მეს“ არ შევაგუოთ. ეს დიდი უბედურებაა - იგივე, რომ წმ. გოლგოთაზე მუხლისმოსადრეკად საესტრადო სიმღერით წახვიდე.

 

ხმაურის შხამსაწინააღმდეგო - კეთილი ზრახვები

თანამედროვე ადამიანები სამწუხაროდ უმნიშვნელო საქმეებისთვისაც კი ხმაურიან ტექნიკას იყენებენ. ამიტომ, თუ ვინმე დროებით თავს გაარიდებს ხმაურიან ვითარებას, მან საკუთარ თავში კეთილი ზრახვები უნდა ჩაინერგოს. ადამიანებს შენ ვერ აიძულებ, რომ ესა თუ ის ხმაურიანი ტექნიკა არ ჩართონ. ამის მაგიერ შენ თვითონ ჩართე საკუთარ თავში კეთილი ზრახვები. ვთქვათ, შესასხურებლის მუშაობის ხმა გესმის და ის ვეტმფრენის ხმაურს გაგონებს, იფიქრე ასე: „შეიძლება ისე მომხდარიყო, რომ რომელიმე და მძიმედ დაავადებულიყო და ვერტმფრენი საავადმყოფოში მის გადასაყვანად მოფრენილიყო, წარმოიდგინე, რა აღელვებული იქნებოდი მაშინ. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელად ვარო“. გონება და მიხვედრილობაა საჭირო, რომ მოხერხებულად წარმოშვა კეთილი აზრი. ვთქვათ გესმის, როგორ ხმაურობს ბეტონის ამრევი, მუშაობს ამწე, კიდევ რაღაც ხმაურობს: თქვი: „დადება შენდა, ღმერთო, რომ არ გვბომბავენ, რომ სახლები არ ინგრევა! პირიქით, ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ და სახლებს იშენებენ“.

- წმიდაო მამაო, თუ ნერვები გაფუჭებულია, მაშინ რა ვქნათ?

- ნერვები გაფუჭებფლია?! ეს რაღას ნიშნავს? იქნებ ზრახვებია გაფუჭებული?! კეთილ ზრახვაზე უკეთესი არაფერი არსებობს. ერთმა ერის ადამიანმა სახლი წყნარ ადგილას აიშენა. დრო გავიდა და მისი სახლის ერთ მხარეს გარაჟი ააშენეს, მეორე მხარეს გზა გაიყვანეს, მესამე მხარეს კი გახსნეს ბარი - დისკოთეკით. შუაღამემდე უსმინე, როგორ გრიალებენ ინსტრუმენტები! საწყლმა ძილი დაკარგა. ლოგინში ყურსაცობებით იწვა, აბების მიღებაც კი დაიწყო. ცოტაც და გონება დაებინდებოდა. ის წმიდა მთაზე მივიდა, მე მომძებნა და მიამბო: „ასე და ასე მომივიდა, წმიდაო მამაო, სიმშვიდე აღარა გვაქვს, სხვა სახლის აშენებას ვფიქრობ“. კეთილი ზრახვები აამუშავე - მივუგე მე. - აბა იფიქრე, ვთქვათ, ომია, და გარაჟში ტანკებს არემონტებენ, იქვე განლაგებულ ჰოსპიტალში სანიტარულმა მანქანებმა ავადმყოფები მოიყვანეს, შენ კი გეუბნებიან: „ადგილზე იყავით, სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიას გაძლევთ, არავინ შეგეხება, შეგიძლია, მშვიდად გამოხვიდე სახლიდან, მაგრამ მხოლოდ ამ ნაგებობებს შორის უნდა გადაადგილდე, იმიტომ, რომ ტყვია აქამდე არ აღწევს“. ან გითხრან: „ცხვირს ნუ გამოყოფ სახლიდან და არავინ არაფერს გერჩის“. განა ეს შენთვის ცოტა იქნებოდა?! განა ასეთ პირობებს ნამდვილ ლოცვა-კურთხევად არ მიიჩნევდი?! ამიტომ ეხლაც უთხარი საკუთარ თავს: „დიდება შენდა, ღმერთო, რომ არანაირი ომი არ არის, რომ ადამიანები ცოცხლები და ჯანმრთელნი არიან და ყველა თავის საქმეს აკეთებს. გარაჟში არანაირი ტანკები არ არის და ადამიანები საკუთარ მანქანებს არემონტებენ, დიდება შენდა, ღმერთო, რომ არ არის არანაირი ჰოსპიტალი, არც დაჭრილები და სხვა უბედურებები, რომლებიც ომს მოაქვს. გზაზე არ ჩანან სატანკო ნაწილები, არამედ ადამიანები სამსახურში მიდიან მანქანებით“. თუ შენ ამგვარად ჩართავ და აამუშავებ კეთილ აზრებს, მაშინვე ღვთის დიდებას მოჰყვები“.

საბრალო, მიხვდა, რომ მთავარი - ეს მდგომარეობასთან სწორი მიდგომაა და დამშვიდებული წავიდა. ნელ-ნელა მან შეძლო, რომ განსაცდელებისთვის კეთილი აზრები დაეპირისპირებინა, მერე აბებიც გადაყარა და უკვე უპრობლემოდ იძინებდა. ხედავ, ერთ კეთილ აზრს როგორ შეუძლია ადამიანის მოწესრიგება?!

ერთხელ სადღაც მივდიოდი ავტობუსით. კონდუქტორის რადიო ხმამაღლა მუშაობდა. ჩვენს თანამგზავრებს შორის რამდენიმე მორწმუნე ახალგაზრდაც იყო. მათ კონდუქტორს უთხრეს, რომ ავტობუსში ბერი იმყოფებოდა და არაერთგზის ანიშნეს, რომ რადიო გამოერთო. თხოვეს ერთხელ, მეორედ, ის კი ვითომც არაფერი, პირიქით - მოუმატა კიდეც ხმას. „დაანებეთ თავი, - ვუთხარი ბიჭებს, - ეს ხელს არ მიშლის, მე საეკლესიო საგალობელს ვგალობ, რადიო კი მხარს მიბამს, ბანს მაძლევს“ [9]. გულში კი ვფიქრობდი: „ღმერთო, დაგვიფარე და სადმე გზაზე ავარია რომ მოხდეს და ჩვენს ავტობუსში დასახიჩრებული ადამიანები ჩასვან, - ერთი მომტვრეული ფეხით, მეორე - გატეხილი თავით, როგორ გავუძლებდი ამ სანახაობას? დიდება ღმერთს, რომ ადამიანები ცოცხალნი და ჯანმრთელნი არიან. აი, მღერიან კიდეც“! აი, ასე მივდიოდი სასულიერო გალობით, შესანიშნავი მოგზაურობა იყო!

კიდევ ერთ მაგალითს მოვიტან, რათა გაიგოთ, როგორ აწესრიგებს ადამიანს ერთი კეთილი აზრიც კი - რაც არ უნდა ხდებოდეს. ერთ ნაცნობთან ერთად იერუსალიმში ვიყავი, ჩვენი იქ ყოფნა რაღაც ადგილობრივ დღესასწაულს დაემთხვა. ხალხი დღესასწაულობდა და გაუჩერებლად გაიძახოდა „ალალ-ახ!“ ამბავი ტრიალებდა - ღმერთო, დაგვიფარე! ხმაური, ღრიალი, შეძახილები. ზეიმობდნენ, როგორც შეეფერებოდა - „წინწილითა ღაღადებისათა“ [10]. მხოლოდ სიტყვების გარჩევა შეუძლებელი იყო. მთელი ღამე ჟრიამული იდგა. ჩემი ნაცნობი განერვიულდა, რაფაზე იჯდა და მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. მე ავამუშავე კეთილი აზრები, ჩვილივით ჩამეძინა: მახსენდებოდა ებრაელების გასვლა ეგვიპტიდან [11] და ამის გამო გულიც კი ამიჩვილდა.

ასევე თქვენც, ნებისმიერი განსაცდელი კეთილი აზრებით უნდა განდევნოთ. ვთქვათ, კარი დაჯახუნდა. უთხარით საკუთარ თავს: „ღმერთო დაიფარე, რომელიმე დას რაიმე რომ შემთხვეოდა, რო დავარდნილიყო და ფეხი მოეტეხა, განა ღამით დაძინებას შევძლებდი?! ეხლა კი კარი გაჯახუნდა, ესე იგი მას რაღაც საქმე ჰქონდა“. თუ მონაზონი განიკითხავს და იტყვის: „აი, როგორი დაბნეულია! კარებს აჯახუნებს, წარმოიდგინეთ, რა თავხედობაა?“ - განა ამის შემდეგ მშვიდი მდგომარეობის შენარჩუნებას შეძლებს იგი?! ვთქვათ ვიღაცის მაღვიძარა დიდხანს რეკს. რეკს - ჩერდება, რეკს - ჩერდება. თუ მონაზონი, რომელიც სხვისმა მაღვიძარამ გააღვიძა, ასე იფიქრებს: „როგორც ჩანს, ეს და ძალიან დაიქანცა, წამოწევაც არ შეუძლია. ჯობია, რომ თავისი სენაკის წესი მან ნახევარი საათით გვიან დაიწყოს.“ - იგი არ შეშფოთდება და ეს მოულოდნელი გამოღვიძება არ განარისხებს. მაგრამ თუ საკუთარ თავზე იფიქრა, რომ „აი, როგორ მაღვიძებენ ვიღაცეების მაღვიძარები“! შეიძლება ისიც თქვას: „და რას გავს ეს? მოსვენებას არ მაძლევენ!“ სწორედ ამიტომ ერთი კეთილი აზრი ისე ეხმარება ადამიანს, როგორც - სხვა არაფერი.

 

ჩვენ შინაგანი უშფოთველობა უნდა მოვიხვეჭოთ

ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა ყველაფრისაგან სულიერი სარგებელი მოიპოვოს. შინაგანი უშფოთველობის მოხვეჭაა საჭირო. სწორი აზროვნების შედეგად ხმაურმაც კი სარგებლობა უნდა მოგვიტანოს. საფუძველი - მოვლენებთან სწორი დამოკიდებულების შერჩევაა. ყველაფერს კეთილი აზრები უნდა დაუპირისპიროთ. თუ ხმაურში შინაგან უშფოთველობას მიაღწევ, ეს ცოტა არ არის. ხოლო თუ ვინმემ შინაგანი უშფოთველობის მოხვეჭა გარეგნულ ქაოსში ვერ შესძლო, ის ვერც გარეგნულად მშვიდ ვითარებაში იქნება მშვიდად. როცა ადამიანს შინაგანი უშფოთველობა ეწვევა, მასში, შიგნით, ყველაფერი ჩუმდება და აღარაფერი აღშფოთებს. თუ იმისათვის, რომ შინაგან უშფოთველობას მიაღწიოს, ადამიანი უშფოთველ გარემოში მოხვედრას ცდილობს, მაშინ, როცა იქ მოხვდება, ის ჯოხს დაიჭერს და დღისით კალიებს დაუწყებს დევნას, ღამით კი - ტურებს, რომ მათ სიმშვიდე არ დაურღვიონ, ანუ ის იმათ გარეკვას მოუნდება, ვისაც მისთვის ეშმაკი შეკრებს. როგორ გგონიათ, სხვას რას აკეთებს ეშმაკი? ის ცდილობს, ხელი შეგვიშალოს ჩვენ, რითაც შეუძლია, მანამ ცოცხლები ვართ.

ერთ სკიტში ორი მოხუცი ბერი ცხოვრობდა, მათ იყიდეს ვირი - ყელზე ეჟვანით. ერთ ახალგაზრდა ბერს, რომელიც ახლოს ცხოვრობდა, დაყუდებისკენ ჰქონდა მიდრეკილება. მას აწუხებდა ეჟვნის ხმა, ამბობდა, რომ ბერებს ვირების ყოლა ეკრძალებათ და ამის დასამტკიცებლად სხვადასხვა კანონები მოჰქონდა, რისი მოძებნაც კი შეძლო! დანარჩენი სკიტების ბერები კი ამბობდნენ, რომ ეჟვანი მათ ხელს არაფერში უშლიდათ. „- მომისმინე, - ვუთხარი ახალგაზრდა ისიხასტს, - ეს მოხუცი ბერები ხომ არანაირად არ გვაწუხებენ მე და შენ სხვადასხვაგვარი სათხოვარით, არამედ ამ ვირის დახმარებით საკუთარ თავს თვითონ უვლიან. განა ეს ცოტაა? აბა, წარმოიდგინე, ვირს რომ ეჟვანი არ ჰქონდეს, დაიკარგებოდა, მის მოსაძებნად წასვლა კი ჩვენ მოგვიხდებოდა! ჩვენ კიდევ ვუჩივით?!“ თუ კეთილი აზრები არ გვექნება, თუ ყველაფრისაგან სულიერ სარგებელს არ მივიღებთ, სულიერ წარმატებებს ვერ მივაღწევთ, წმინდანების გვერდითაც რომ ვცხოვრობდეთ. მაგალითად: მე აღმოვჩნდი არმიაში. მაშინ, ჯარისკაცური გონგის ხმა მონასტრის ზარს შემიცვლის და ავტომატი გამახსენებს სულიერ იარაღს, რომლითაც ბოროტს ვებრძოდი. თუ ყველაფრისაგან სულიერ სარგებლობას არ გამოვწურავთ, ზარიც კი შეგვაშფოთებს. ან ყველაფრისაგან სარგებლობას მივიღებთ ჩვენ, ან ყველაფრით ეშმაკი ისარგებლებს. მოუსვენარი ადამიანი თვით უდაბნოშიც კი თან წაიღებს თავის მოუსვენარ „მე“-ს. სულმა შინაგანი უშფოთველობა უნდა მოიხვეჭოს - ჯერ კიდევ გარეგნული ქაოსის პირობებში. როცა მას მოიხვეჭს, მაშინაც კი უშფოთველი იქნება, როცა სოფელს უშფოთველობისათვის დატოვებს.

 


[1] - ფოტინე - მეუდაბნოე, დაიბადა დამასკოში 1880 წ. ბერძნულ ოჯახში, მოღვაწეობდა იორდანის უდაბნოში, ომის დროს გადავიდა იერუსალიმში, შემდეგ მკვდარი ზღვის დასავლეთით მდებარე უდაბნოში დასახლდა და სიკვდილამდე იქ მოღვაწეობდა.

[2] - მღვდელ-მოწამე, მოციქულთასწორი (1779) დიდხანს მოღვაწეობდა ათონზე, ქადაგებდა თურქებისგან მოოხრებულ საბერძნეთში, აღასრულებდა სასწაულებს, წინასწარმეტყველებდა კაცობრიობის მომავალზე. ებრაელების დაბეზღებით თურქეთის ფაშამ წამებით მოაკვლევინა.

[3] - შეად. ძველი პატერიკები.

[4] - ისიხასტური - განსაკუთრებული ტიპის მონასტერი, სახელწოდება მოდის სიტყვიდან - ისიხასტი, რაც უშფოთველს ნიშნავს.

[5] - ეს მაგალითი ფიზიოლოგიური მონაცემებით დასტურდება. კანის სუნთქვა არეგულირებს ადამიანის სხეულის ტემპერატურას. თუ ხელოვნურად ჩავახშობთ კანის სუნთქვას, დროთა განმავლობაში ეს სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს. ანალოგია - ლოცვასა და უშფოთველობასთან პირდაპირია. „საიდუმლო“, „შინაგანი“ ლოცვა - უშფოთველობა შეუმჩნევლად, მაგრამ გემუდმებით ეხმარება ადამიანს, რომ ჯანმრთელი სულიერი მდგომარეობა შეინარჩუნოს. ხოლო უშფოთველობის მოკლებით ბერი შეიძლება თავდაპირველად თვალისთვის შეუმჩნეველ, მაგრამ სულიერად დამანგრეველ მდგომარეობამდე მივიდეს.

[6] - ისონი - (ერთიანი, ზეომიერი, მსგავსი) ბანი ბიზანტიურ საეკლესიო გალობაში.

[7] - პაპუ ნიკოლოზ ხარლამპუსი - XIX-XX სს-ის ბიზანტიური გალობის შემქმნელი, ნილევს კამარადუსი XIX ს-ის კონსტანტინეპოლელი მგალობელი, ბიზანტიური გალობის თეორეტიკოსი.

[8] - მონაზვნების ლექსიკონში აღნიშნავს მოკლე, რამდენიმესიტყვიან ლოცვას, რომელსაც სკვნილზე მრავალგზის იმეორებენ. ითარგმნება, როგორც „იესოს ლოცვა“.

[9] - ნახ. შენიშვნები - ნაწ. II თავი IV - 6.

[10] - შეად. ფს. 150,5.

[11] - შეად. გამოსვ. 13-15.