მამა პაისი მთაწმინდელი

ახალი თაობა

მსხვერპლშეწირვის სულის დაკნინება

დღეს ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის იმ სიხარულის გემო, რომელიც მსხვერპლშეწირვას მოაქვს. ადამიანებს შრომა არ უყვართ. მათ ცხოვრებაში გაჩნდა სიზარმაცე, თბილად მოწყობის სურვილი, მეტი დასვენება. დაკნინდა ღვთისმოსაობა, მსხვერპლშეწირვის სული. თუ ადამიანებს გამოუდით, რომ რაიმე უშრომელად მოიპოვონ და თბილად მოეწყონ, ამას მიღწევად თვლიან. ისინი განაწყენდებიან ხოლმე, თუ ადვილი ცხოვრების მოწყობა ვერ მოახერხეს. მაგრამ ყოველივე ამას რომ სულიერად უცქერდნენ, სწორედ ეს გაახარებდათ, რადგან ამ შემთხვევაში მოღვაწეობის კარგი შესაძლებლობა ექმნებათ.

დღეს ყველა - მოხუციცა და ახალგაზრდაც - ადვილ ცხოვრებას დაეძებს. სულიერი ადამიანები ისწრაფიან, რომ მცირეოდენი შრომით გაბრწყინდნენ, ერის ადამიანები კი ცდილობენ, რაც შეიძლება, დიდი ფული იშოვონ უშრომელად. ახალგაზრდები გამოცდების ჩასაბარებლად არ ემზადებიან და კაფეებიდან გამოუსვლელად იღებენ დიპლომებს. და იმის შესაძლებლობა რომ იყოს, კაფედან დარეკონ უნივერსიტეტში და ისე შეიტყონ გამოცდების შედეგები, ძალიან ბედნიერად იგრძნობდნენ თავს. დიახ, დიახ, უკვე აქამდეც მივიდნენ! ბევრი ყმაწვილი მოდის ჩემთან, სენაკში და მეუბნება: „ილოცე, რომ უნივერსიტეტში მოვეწყო!“ გამოცდებისთვის არ ემზადებიან და ამასთან ამბობენ: „ღმერთი დამეხმარება!“. მე ვპასუხობ „მოემზადე და ღმერთს დახმარება ლოცვით შესთხოვე“. „რატომ, - უკვირთ, - განა ღმერთს არ შეუძლია მოუმზადებლად დამეხმაროს?“ მერე რა გამოვა, ღმერთი შენს სიზარმაცეს აკურთხებს? ღმერთი იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ ყმაწვილი ცდილობს, კითხულობს, მაგრამ წაკითხულის დამახსოვრებას ვერ ახერხებს. ზოგიერთს იმის დამახსოვრება და გაგება არ შეუძლია, რაც წაიკითხა, მაგრამ მაინც შრომობს. ასეთ მშრომელებს ღმერთი შეეწევა, რომ ბევრისმცოდნენი გახდნენ.

საბედნიეროდ, გამონაკლისებიც არსებობს. ერთმა ყმაწვილმა ქროკედონის უნივერსიტეტში სამ ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები ერთდროულად და ყველგან მოეწყო! [1] თანაც ერთ ფაკულტეტზე მისი გამოცდების შედეგები საუკეთესო იყო, ხოლო სხვაგან მეორე ადგილი მიიღო. მაგრამ მიუხედავად ამისა, არჩია სამუშაოდ წასულიყო, რათა შეშველებოდა მამას, რომელიც ოჯახის სარჩენად მაღაროში მუშაობდა. ამიტომ მან სწავლა აღარ დაიწყო, არამედ სამუშაოზე მოეწყო და ფული სახლში მიჰქონდა. ეს ადამიანი სულზე მალამოსავით დამედო. ასეთი ახალგაზრდებისთვის მე მზად ვარ, მოვკვდე და მიწად ვიქცე. თუმცა ახალგაზრდების უმრავლესობა ამა სოფლის გავლენის ქვეშაა მოქცეული და ამან გარყვნა და დაავადა ისინი. მათ ისწავლეს, რომ მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებდეთ, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრონ. მოყვასზე ისინი წუთითაც კი არ დაფიქრებულან. და რაც არ უნდა ბევრს ეხმარებოდე მათ, მით მეტად ზარმაცდებიან.

ვხედავ, რა მდგომარეობაშია დღევანდელი ახალგაზრდობა. ერთს ისინი განიკითხავენ, მეორეს წესებს უდგენენ, მესამე ყელში ამოუვიდათ. მაგრამ ადამიანის გული ხომ არ იღლება და არ ბერდება არასდროს. ისინი კი... ბერობა მათთვის ძნელია, დაქორწინება - საშინელი. ჯანმრთელი ყმაწვილები მოდიან წმიდა მთაზე, უკან მიდიან და კვლავ ბრუნდებიან. „ბერობაც ხომ ძალიან ძნელია, - ამბობენ ისინი. - ყოველ ღამე გაუთენებელზე ადექი, თანაც ერთი და ორი დღე კი არა, - მთელი ცხოვრება“. ერში ბრუნდებიან, მაგრამ ისიც არ მოსწონთ. „რა უნდა ვაკეთო ამ საზოგადოებაში, როგორ ადამიანს უნდა დავუკავშირო ჩემი ბედი, თუ დავქორწინდები? მარტო ხლაფორთი და მოუსვენრობაა“. - ამბობენ ისინი, როდესაც კვლავ წმ. მთაზე დაბრუნდებიან, მაგრამ აქაც ცოტა ხანს იცხოვრებენ და ისევ იმას გაიძახიან: „მძიმეა“.

ამჟამინდელი ახალგაზრდები ახალ მანქანებს გვანან, რომელთა ძრავებში სიცივემ ზეთი გაყინა. იმისათვის, რომ ეს მანქანები ამუშავდეს, ზეთი უნდა გაცხელდეს - სხვაგვარად არაფერი გამოვა. საბრალო ყმაწვილები - ისინი ჩემთან სენაკში მოდიან - ერთი და ორი კი არა, - უამრავი მათგანი და მეკითხებიან: „როგორ მოვიქცე, მამაო! რაში დავხარჯო ეს დრო? მოწყენილობა მაწუხებს“. „ჩემო ძმაო, წადი, რაიმე სამუშაო მონახე“. - ვეუბნები, პასუხად კი მესმისა „საქმე ამაში არ არის. ფული მაქვს და სამუშაო რისთვის მჭირდება?“. მე კვლავ ვუხსნი „მაგრამ პავლე მოციქული წერს „უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ“ (2 თეს. 3,10) [2]. თუნდაც ფულის პრობლემა არ გქონდეს, მაინც უნდა იშრომო, სამუშაო ადამიანს თავისი ძრავის გახურებაში ეხმარება. სამუშაო - ეს შემოქმედებაა. ის ადამიანს სიხარულს ანიჭებს და ავიწყებს სულიერ სიმძიმეს, ნაღველს. აი ასე, მაძღარო მეგობარო! მოძებნე სამუშაო, რომელიც ოდნავ მაინც მოგეწონება და შრომა დაიწყე. სინჯე და ნახავ, როგორ შეიცვლება ყველაფერი!“

ზოგიერთი ახალგაზრდა იღლება, მაგრამ დაღლილობა მათ ძალებს აღადგენს. მოდიან ჩემთან, სენაკში ახალგაზრდა ყმაწვილები, სხედან ეზოში და ჯდომისაგან იღლებიან, სხვები კი პატივისცემით მეკითხებიან - „რა გავაკეთოთ, რა მოვიტანოთ შენთვის?“ მე არასოდეს არ ვთხოვ დახმარებას რაიმე საქმეში. საღამოს, სტუმრების წასვლის შემდეგ ფარანს ვანთებ და ყველაფერს თვითონ ვაკეთებ: მომაქვს შეშა, ზამთარში ორ ღუმელს ვანთებ, ვაწესრიგებ სახლსა და ეზოს. ბევრი მომსვლელი აქაურობას უწესრიგოდ ტოვებს - ანაგვიანებენ, ეზოში ჭუჭყიან წინდებს ყრიან. ხალხი თხელ წინდებს მიგზავნის, მე მათ მომსვლელებს ვჩუქნი. ისინი კი იცვლიან და საკუთარ ჭუჭყიან წინდებს, სადაც მოხვდებათ, იქ ყრიან. მე ხელსაწმენდებსაც კი ვაძლევ, რომ იმაში შეახვიონ და წაიღონ, მაგრამ მაინც ურჩევნიათ, რომ აქვე დაყარონ.

სამჯერ ვთხოვე ადამიანებს რაღაც სამსახურის გაწევა - ცხოვრებაში. ერთ ახალგაზრდას ერთხელ ვუთხარი: „ორი კოლოფი ასანთის მოტანა მინდა კარიესის მაღაზიიდან“ [3]. მაშინ ოთხი სანთებელა მქონდა, მაგრამ მას ეს იმიტომ ვუთხარი, რომ გამეხარებინა. ის გახარებული გაიქცა, სულს ძლივს ითქვამდა, მომიტანა ის ასანთები და დაღლილობამ აღუდგინა ძალა, რადგან ის სიხარული იგემა, რომელიც მსხვერპლის გაღებას ახლავს თან. მეორე კი ამ დროს ერთ ადგილს იჯდა და ჯდომისაგან დაიღალა. ხალხს სიხარულის შეგრძნება სურს, მაგრამ სიხარულის გრძნობა რომ გეწვიოს, ამისთვის საკუთარი თავი უნდა გაიღო მსხვერპლად. სიხარულს მსხვერპლი ბადებს. ნამდვილი სიხარული ღვთისმოსაობიდან მოდის. და თუ ღვთისმოსაობა მოიპოვა, მაშინ ადამიანი დღესასწაულობს, ზეიმობს. ეგოიზმი, თავისმოყვარეობა - ეს ადამიანის მტანჯველი თვისებებია, იგი სწორედ აქ „იჭედება“.

ერთხელ, მოხდა, რომ ათონზე ორი ახალგაზრდა ოფიცერი მოვიდა. მათ მითხრეს: „ჩვენ ბერობა გვსურს“. „და რატომ გსურთ ბერობა? - ვკითხე. - ან რამდენი ხანია, რაც ეს სურვილი გაგიჩნდათ?“ - „აი, ახლახანს გაგვიჩნდა სურვილი, წმიდა მთაზე ექსკურსიაზე მოვედით და ვფიქრობთ, რომ აქ სამუდამოდ დავრჩეთ. იქ ერში, ვინ იცის, შეიძლება, ისევ ომი დაიწყოს“. - „თქვენ სირცხვილი არა გაქვთ. - მივუგე მე. - იქნებ ისევ ომი დაიწყოს! - როგორ შეძლებთ, რომ არმიიდან წამოხვიდეთ?“ - „რამეს მოვიმიზეზებთ“. რა უნდა მოიმიზეზონ? ან სულით ავადმყოფებად მოაჩვენებენ თავს, ან რაიმეს - ამის მსგავსს მოიფიქრებენ. მათ ვუთხარი: „თუ თქვენ ბერად ასეთი მიზეზების გამო მიდიხართ, მაშინ ჩათვალეთ, რომ უკვე წარუმატებლად იწყებთ“. სხვებს ხელს არაფერი უშლით, რომ დაქორწინდნენ, ოჯახი შექმნან, მაგრამ ისინიც მოდიან ჩემთან და მეუბნებიან: - „რატომ უნდა შევქმნა ოჯახი? განა დაქორწინება და ბავშვების რჩენა ადვილია ამ რთულ დროში?!“ მე ვეუბნები - „კარგი, მაგრამ განა დევნის დროს ცხოვრება შეჩერდა, განა არ მუშაობდნენ და არ ქორწინდებოდნენ? იქნებ უბრალოდ ოჯახის შექმნა გეზარება?!“ - „მე ბერობა მინდა!“ - მესმის პასუხად. - „მაგრამ მიზეზი ხომ შენი სიზარმაცეა, განა შეიძლება, შენგან კარგი ბერი დადგეს?“ გასაგებია?! თუ გოგონას მონაზვნობა სურს და ასევე ფიქრობს „რისთვის დავრჩე ერში, გავთხოვდე, შვილები გავაჩინო? ხათაბალა და შფოთია. ჯობს, მონასტერში წავალ. რასაც მეტყვიან, გავაკეთებ, არავითარი პასუხისმგებლობა... როდესაც ლანძღვას დამიწყებენ, თავს დაბლა დავხრი. აბა, მიდი და სცადე, ერში შენი საკუთარი ოჯახი შექმნა. მონასტერში კი ყველაფერი, რაც აუცილებელია, მექნება - ტანსაცმელი, ცალკე სენაკი, საჭმელი და ასე შემდეგ“. ამგვარად, თუ ქალიშვილი ასე ფიქრობს, მან უნდა იცოდეს, რომ წარუმატებლობისთვისაა განწირული.

ეს უცნაურად გეჩვენებათ? ნუ გაგიკვირდებათ, ასეთი ადამიანები ნამდვილად არიან. იცით, რომ მონდომებული ადამიანი ყველგან წარმატებულია. მონდომებული მეოჯახე მონაზვნობაშიც წარმატებას მიაღწევდა, ხოლო წარმატებული ბერი - ერული გზა რომ აერჩია და დაოჯახებულიყო - კვლავ წარმატებული იქნებოდა.

ერთი ახალგაზრდა მონასტერში მორჩილად მოვიდა, მაგრამ აღკვეცაზე უარი თქვა. „რატომ იკავებ აღკვეცისაგან თავს, შვილო?“ - ვკითხე მე. „იმიტომ, რომ მონაზვნის სკუფია ჯარისკაცის ზუჩს მაგონებს“. - მიპასუხა. ერთი მოუსმინე!.. მას არ უნდოდა მონაზვნობა იმიტომ, რომ მონაზვნის სკუფია არ ეტარებინა, ზუჩს აგონებდა თურმე! კი მაგრამ, ეს ზუჩი თუ დაუხურავს სადმე და ოდესმე? თუ დაუხურავს, მხოლოდ რამოდენიმეჯერ არმიაში - მეცადინეობის დროს - და ესეც საკითხავია! ან ომის სუნი სად უნდა ეყნოსა? წარმოგიდგენიათ? ზუჩს მიამსგავსა გესმით, რა ხდება? აბა, მონაზვნობაში რაღა დარჩენია? მითხარით ერთი, როგორი ბერი დადგება ადამიანისგან, რომელიც მონაზვნურ გზას ამგვარად იწყებს?

ბოლოს და ბოლოს ეს საცოდავი სადღაც აღკვეცეს ბერად, მაგრამ სკუფიას მაინც არ ატარებდა.

სხვა დროს ჩემთან სენაკში ორი ახალგაზრდა კაცი მოვიდა. ორივეს თმა ლამის ქამრამდე სწვდებოდა. ძალიან მინდოდა გამეკრიჭა მათი ფაფარი, მაგრამ არ მიმიშვეს. სადღაც მეჩქარებოდა და გრძელი საუბრის გაბმა ვერ შევძელი - მხოლოდ გავუმასპინძლდი. ეზოში კატა დასეირნობდა. ერთმა ამ გრძელთმიანმა დაინახა კატა და მკითხა „შეიძლება ავიყვანო?“ აიყვანე-მეთქი, ვუთხარი. კატა წაიყვანა და წავიდნენ ივერიის მონასტერში - ერთი საათის სავალზე წვიმა წამოვიდა, მაგრამ იგი კატასთან ჩახუტებული მივიდა მონასტერში. არქონდარიკში ავიდა და ღამის გასათევი ითხოვა. „კატის შემოკვანა არ შეიძლება“. - უპასუხეს იქ. და იგი მთელი ღამის განმავლობაში, წვიმაში, კატასთან ერთად დარჩა! არმიაში სულ ერთი ღამით ყარაულში რომ გაეგზავნათ, იტყოდაა „არა, არ შემიძლია!“ არადა, მთელი ღამე იჯდა ქუჩაში - კატით. აი, ბატონო, რა ხდება.

ერთი არმიაში გაიწვიეს, ის კი გამოიქცა და წმიდა მთაზე მოვიდა. სენაკში მესტუმრა და მეუბნება: „მინდა, რომ ბერი გავხდე“. ვეუბნები: „წადი, დაბრუნდი და შენი ვადა მოიხადე“. მაგრამ მპასუხობს: „არმია... შენ ეს მშობლიური სახლი ხომ არ გგონია?“ „დიდი მადლობა, ძალიან დამავალე, რომ ეს შემატყობინე! აი, თურმე როგორი ყოფილა. ადრე ამას ვერ ვხვდებოდი. ახლა კი სხვებსაც ვეტყვი!“ ჭაბუკის ახლობლები კი ამ ხნის განმავლობაში დაეძებდნენ მას. რამდენიმე დღის შემდეგ იგი კვლავ მოვიდა ჩემთან, სენაკში. თომას კვირა იყო, ადრიანი დილა. „შენ მჭირდები“. - მეუბნება „აბა, რა გსურს? - ვეკითხები. - ლიტურგიაზე სად იყავი“. „არსად“. - მპასუხობს. „დღეს თომას კვირაა, მონასტრებში ღამისთევა სრულდებოდა და შენ არსად არ დასწრებიხარ? და ბერობა გსურს“ სად დაეხეტებოდი?“ „მე სასტუმროში გავათენე, იქ სიმშვიდე და სიწყნარეა, მონასტერში კი მთელ ღამეს ისეთი აურზაურია“. „ახლა რას აპირებ?“ - კვლავ ვკითხე. „მე სინაზე მინდა წასვლა იმიტომ, რომ მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისაკენ მაქვს მისწრაფება“. „აბა, ცოტა ხანს დამიცადე“ - ვეუბნები. სენაკში შევედი, ავიღე სააღდგომო კულიჩი, რომელიც ვიღაცამ მომიტანა, უკან გამოვბრუნდი და ვეუბნები „აჰა, დაიჭი! ეს კულიჩი ძალიან რბილია, სწორედ რომ მკაცრი და ასკეტური ცხოვრებისთვის გამოდგება, შენ რომ ასე ესწრაფი. აიღე და წადი“. აი, ასეთია ახლანდელი ახალგაზრდობა. თვითონაც არ იციან, რა უნდათ. ოდნავი შევიწროების ატანაც არ სურთ. ამის შემდეგ როგორღა შეძლებენ ისინი მსხვერპლად შეწირვას?

მახსოვს, რომ არმიაში თუ იმის აუცილებლობა დადგებოდა, რომ ვინმე რაიმე სახიფათო საქმეზე წასულიყო, მხოლოდ ეს ისმოდა „ბატონო მეთაურო, მე წავალ მის მაგიერ! მას ოჯახი ჰყავს და რომ მოკლან, ბავშვები ქუჩაში დარჩებიან!“ ჯარისკაცები მეთაურს სთხოვდნენ, რომ სახიფათო დავალების შესასრულებლად სხვის მაგივრად წასულიყვნენ. ისინი ბედნიერები იყვნენ, თუ თვითონ მოკვდებოდნენ და რომელიმე ოჯახის თავი ცოცხალი დარჩებოდა, არ დაობლდებოდნენ მისი შვილები. ახლა? სადმე შეხვდები, რომ ადამიანი ამგვარ მსხვერპლზე მიდიოდეს? თუ შეხვდები - ძალიან იშვიათად. მახსოვს, ერთხელ, როგორღაც უწყლოდ დავრჩით. მეთაურმა რუკაზე მიაგნო ახლომახლო ადგილს, სადაც წყალი იყო, მაგრამ იქ მოწინააღმდეგე იყო. მეთაური გვეუბნება „ახლოს წყალია, მაგრამ სინათლის ანთება არ შეიძლება და გზაც სახიფათოა, ვინ წავა, რომ რამდენიმე მათარა აავსოს?“ ჯერ ერთი ჯარისკაცი წამოხტა: „მე წავალ, ბატონო მეთაურო!“ მერე მეორე: „მე“! მას მესამე მიჰყვა. ანუ ყველამ გამოთქვა წასვლის სურვილი. ეზოში წყვდიადია, უსინათლოდ მეტად საშიშია, ყინვა კანს გვიჩხვლეტავს. მეთაური დაიბნა კიდეც: „ყველას წასვლა ხომ შეუძლებელია!“ იმის თქმა მინდა, რომ საკუთარ თავზე არავინ ფიქრობდა. არც ერთ ჩვენგანს რაიმეს მომიზეზება არ უცდია, მაგალითად - „ბატონო მეთაურო, ფეხი მტკივა“, ან „თავი მტკივა“, ან „დავიღალე“. ჩვენ ყველას გვსურდა წყალზე წასვლა და საფრთხეში რომ ვიგდებდით თავს, ამაზე არ ვფიქრობდით.

ამჟამინდელი სულია - სული ნელთბილობისა. ვაჟკაცობა და მსხვერპლი აქ სრულიად გამორიცხულია. ამჟამინდელი ზადიანი ლოგიკით ადამიანებმა ყველაფერი სხვა სისტემების განზომილებაში გადაიტანეს. და ხედავ, როგორია იგი: ადრე ხალხი არმიაში მოხალისედ მიდიოდა, ახლა კი - სამსახური არ სურთ და წიგნაკებს იღებენ, რომ სულით ავადმყოფები არიან. ყოველ ძალას ხმარობენ, რომ არმიაში არ წავიდნენ. განა ადრე იყო რაიმე ამის მსგავსი? ჩვენთან არმიაში ერთი ლეიტენანტი იყო - სულ 23 წლის. მაგრამ რა საოცარი ვაჟკაცი იყო! ერთხელ მამამისმა, გადამდგარმა ოფიცერმა, დაურეკა და უთხრა, რომ განზრახული ჰქონდა, ვიღაცისთვის ეთხოვა და ეს ყმაწვილი წინა რიგებიდან ზურგში გადაეყვანათ. ოი, როგორ იყვირა ლეიტენანტმა, როდესაც მან ეს უთხრა - „როგორ არ გრცხვენია, მამაჩემო, რომ ამას მეუბნები?! ზურგში ხომ მუქთახორები გადადიან“. ამ ადამიანში გულწრფელობა და პატიოსნება იყო და ამასთან - იმდენად განსაკუთრებული, რომ ყოველგვარ საზღვრებს გადადიოდა. - შეტევაზე ის პირველი გარბოდა. მისი მუნდირი ტყვიებით იყო დაცხრილული, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ცოცხალი გადარჩა. როცა გათავისუფლდა, ის მუნდირი სახსოვრად წაიღო.

 

განუსჯელი სიყვარული ბავშვებს ყოვლად უვარგისებად აქცევს

შევნიშნე, რომ ახლანდელი ბავშვები, განსაკუთრებით ისინი, ვინც შემდეგ უნივერსიტეტში მიდიან, ჯერ კიდევ მშობლების სახლში ირყვნებიან. ადრე კარგი შვილები - თანდათანობით სრულიად უვარგისნი ხდებიან. ისინი არაფერზე ფიქრობენ და რაღაცნაირად უგრძნობელნი არიან. მათ ღუპავენ და აფუჭებენ მათივე მშობლები, რომელთაც თვითონ მძიმე წლები გადაიტანეს და სურთ, რომ მათმა შვილებმა რაიმეს ნაკლებობა არ გამოსცადონ. მშობლები შვილებში რწმენას არ ნერგავენ, რომ მათ ახარებდეთ რაიმეს მოკლება. დიახ, ბავშვებს უაზროდ გაუჭირვო ცხოვრება - ბარბაროსობაა. მაგრამ - დაეხმარო შვილებს, რომ მათ მოიხვეჭონ მონაზვნური სინდისი - ანუ შემდეგ ისინი თვითონვე ხარობდნენ, როცა რაიმეს ნაკლებობას განიცდიან, კარგი საქმეა. დღეს მშობლებს, საკუთარი სიკეთით, ამ განუსჯელი სიკეთით გამოტვინებამდე მიჰყავთ შვილები. მშობლები შვილებს ყველაფერს სინით მიართმევენ, - პირდაპირ ხელში, წყალიც კი მათ მიაქვთ. აჩვევენ ამას, იმიტომ, რომ ბავშვებმა გაკვეთილები მოამზადონ და არაფრით გაერთონ. სწორედ ამგვარად ყველაფრისათვის გამოუსადეგარად აქცევენ მათ - ბიჭებსაც და გოგონებსაც. ამიტომაცაა, რომ ბავშვებს შემდეგაც ყველაფერი მზამზარეული და სინით მირთმეული უნდათ, მაშინაც, როცა გაკვეთილებს არ ამზადებენ. ეს ბოროტება კი დედიდან იწყება: „ისწავლე, შვილო, ისწავლე, მე წინდებს მოგიტან, ფეხებს დაგბან! ჭამე საყვარელო, ყავა დალიე“. ბავშვები არ შრომობენ და ამიტომ არ იციან, როგორ იღლება დედა, რომელიც მათ ემსახურება. შემდეგ კი იწყება: ერთჯერადი თეფშები, ერთჯერადი ტანსაცმელი (პიცერიები, მაკდონალდსები). შეახვევენ პიცის ნაჭერს ქაღალდში და ამასაც ვერ ახერხებენ. ამგვარად ბავშვები უვარგის ადამიანებად ყალიბდებიან. და აი, მაშინ თვით სიცოცხლეც კი უმძიმთ. თასმა გაიხსნა: „დედა, შემიკარი თასმა!“ და ვიდრე დედა არ შეუკრავს, შვილი გახსნილი თასმით დადის და ზედ აბიჯებს. რა წარმატებებს უნდა ველოდეთ ასეთი ბავშვებისგან? ისინი არც მონაზვნური და არც ოჯახური ცხოვრებისთვის არ გამოდგებიან. ამიტომ ვურჩევ მშობლებს: „ნებას ნუ მისცემთ ბავშვებს, რომ მთელი დღეები იკითხონ, ისინი სულ კითხულობენ და კითხულობენ და თავბრუ ეხვევათ. დაე, კითხვისას თხუთმეტწუთიანი, ნახევარსაათიანი შესვენებები გააკეთონ და სახლში რაიმე საქმე შეასრულონ. თავი ცოტა მაინც გაუგრილდებათ და ნორმალურ მდგომარეობაში იქნებიან“.

ამჟამინდელი ახალგაზრდობის ეს ცუდი ჩვევა მონაზვნობაშიც გავრცელდა. ახლა ხედავ, რომ მონასტრის კანცელარიაში ზის შვიდი მდივანი - ბერი, ყველა ახალგაზრდა და განათლებული. მათთან ერთად ზის მოხუცი ბერიც, რომელიც ამ მორჩილებას ადრეც ასრულებდა. ადრე მონასტერში ერთი მდივანი იყო. მისი განათლება ხშირად საშუალო სკოლის ორი კლასით განისაზღვრებოდა, ამასთან, იგი მარტო უძღვებოდა მთელ სამუშაოს. ახლა კი შვიდნი არიან და ყველა მათგანი ისე იღრჩობა სამუშაოში, რომ მონაზვნური წესების შესრულებასაც ვერ ახერხებენ! ამ მოხუც მდივანსაც რომ არ უშვებენ... მას უხდება მათთან ერთად ჯდომა და მათი დახმარება.

 

ბნელი ძალები ახალგაზრდობას ბოროტებისაკენ აქეზებენ

საბრალო ბავშვებს ახლა სხვადასხვაგვარი თეორიებით ანადგურებენ. ამიტომ არიან ისინი ასე აფორიაქებულნი, ასე თავბრუდახვეულები. ბავშვს ერთის გაკეთება უნდა, მაგრამ მეორეს აკეთებს. ბნელმა ძალებმა საშინელი პროპაგანდა წამოიწყეს. სწორედ ისინი მიმართავენ ბოროტებისკენ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც გონიერება არ ჰყოფნით. სკოლაში ზოგიერთი მასწავლებელი ბავშვებს ეუბნება: „იმისათვის, რომ ინიციატივიანი პიროვნებები იყოთ, პატივს ნუ სცემთ მშობლებს, ნუ დაემორჩილებით მათ“. ამგვარად, ისინი რყვნიან ბავშვების სულებს. შემდეგ ბავშვები არ უჯერებენ არც მშობლებს და არც მასწავლებლებს და ისინი დამნაშავენი არ არიან, რადგან ჰგონიათ, რომ სწორედ ასე უნდა იქცეოდნენ. ამაში მათ სახელმწიფოც უჭერს მხარს, ამისკენ უბიძგებს. ხოლო ისინი, ვისაც არც სამშობლოს ეკითხება ვინმე და არც - ოჯახს, ამგვარ ახალგაზრდობას თავისი გეგმებისათვის იყენებენ. ყოველივე ამან ბევრი ბოროტება მოუტანა თანამედროვე ახალგაზრდობას! იქამდე მივიდა საქმე, რომ რქიანი ეშმაკი ახალგაზრდობას თავის ლიდერად ესახება. სატანის თაყვანისცემა ძალიან გავრცელდა. ზოგიერთ დისკოთეკაზე მთელი ღამეები მღერიან: „სატანა, თაყვანს გცემთ შენ! ჩვენ ქრისტე არ გვინდა, შენ ყველაფერს გვაძლევ“. რა საშინელებაა ეს! გესმით კი, საბრალო ბავშვებო, რას გაძლევთ, ან რას გართმევთ იგი?

პატარა ბავშვები უკვე გაბოროტებულნი არიან - ყავით და სიგარეტით. განა მათ სახეებზე შენიშნავ ნათელ გამოხედვას - ღვთის მადლს? რა მართალი იყო ერთი არქიტექტორი, რომელმაც ახალგაზრდების ჯგუფს მიმართა, როდესაც მან წმიდა მთაზე მოიყვანა ისინი: „ჩვენ - მე და თქვენ მკვდარი თევზის თვალებით ვიყურებით“. ამ არქიტექტორს 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ახლდნენ ათონზე, სულ ათნი იყვნენ. თვითონ იგი ადრევე მოიქცა ღვთისაკენ, ამიტომ ებრალებოდა ის ახალგაზრდები, გარყვნილებაში რომ ცხოვრობდნენ, ზოგიერთი უბედურთაგანი მან დაიახლოვა, დაარწმუნა, რომ წმიდა მთაზე წამოსულიყვნენ და გზის ხარჯებიც თვითონ გაიღო. ისინი ჩემთან სენაკში მოდიოდნენ, მე კი სწორედ მაშინ სადღაც ვაპირებდი წასვლას და ერთმანეთს ბილიკზე შევხვდით. მე ვუთხარი, რომ მივდიოდი და შევთავაზე, რომ, სადაც შევხვდით, ცოტა ხნით იქვე ჩამოვმსხდარიყავით. ის იყო დავსხედით, რომ ჩემთან სენაკში მომავალი ბავშვების სხვა ჯგუფი გამოჩნდა, ისინი „ათონიადის“ [4] აღსაზრდელები იყვნენ. „თქვენც ჩვენთან ერთად დასხედით“. - ვეუბნები მე. ისინიც დასხდნენ. აი, სწორედ ამ დროს არქიტექტორი თავის ყმაწვილებს ეუბნება: „თქვენ ვერაფერს ამჩნევთ?“ მათ გაუკვირდათ. და მან კვლავ უთხრა, „აბა, ჯერ ერთმანეთს შეხედეთ თვალებში და შემდეგ ამ ბავშვების სახეებს დააკვირდით. ნახეთ, როგორ უბრწყინავთ მათ თვალები! და მერე ჩემსა და თქვენს თვალებს მიაქციეთ ყურადღება. ისინი მკვდარი თევზის თვალებს ჰგავს“. და ეს მართალი იყო! როდესაც თვალი გადავავლე, მივხვდი, რომ მან მიზანში მოარტყა. მათ მართლაც მკვდარი თევზის თვალები ჰქონდათ: მღვრიე, არაბუნებრივი... ათონიადის ბავშვების თვალები კი გაბრწყინებული იყო. ათონიადის აღსაზრდელები ხომ მეტანიას აღასრულებენ და ღვთისმსახურებაში მონაწილეობენ. „თვალები სულის სარკეა“. ამიტომაც თქვა ქრისტემ, რომ „სანთელი გვამისა არს თვალი“ [5]. რამდენი ახალგაზრდა მოდის წმიდა მთაზე და სხვა მონასტრებში. ისინი ბერები ხდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მონასტრული ცხოვრება შაქარი არ არის. ისინი ისეთი სიხარულით არიან აღსავსენი, რომ სინათლეს ასხივებენ, ხოლო ერში ახალგაზრდებს აქვთ ყველაფერი, რასაც ისურვებენ, მაგრამ ისინი ეწამებიან და ჯოჯოხეთურ ტანჯვას განიცდიან, ყოველი მხრიდან ჩვენში სხვადასხვანაირი ქარები ქრიან, აღმოსავლეთიდან ინდუიზმი და სხვა ოკულტური რელიგიები, ჩრდილოეთიდან კომუნიზმში, დასავლეთიდან სხვადასხვაგვარი სწავლებების მთელი გროვა. სამხრეთიდან აფრიკელებისაგან - ჯადოქრობა, მაგია და სხვადასხვა ჭირიანობის სიმრავლე, ერთხელ ჩემთან სენაკში ამ ქარიშხალში მოხვედრილი ერთი ახალგაზრდა მოვიდა, მე მივხვდი, რომ იგი ჩემთან დედამისის ლოცვებმა მოიყვანა. დიდხანს ვისაუბრეთ და მერე ვუთხარი „აი, რა, ყმაწვილო, მოძებნე მოძღვარი და აღსარება უთხარი, შემდეგ ის წმიდა ზეთს გცხებს და ამჯერად, ვიდრე სულიერ ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს გადადგამდე, ეს დაგეხმარება. ცხება იმისთვის არის საჭირო, რომ შენ უარყავ ქრისტე“. ამას რომ ვეუბნებოდი, საბრალო ბიჭი ტიროდა. „ილოცე, მამაო, რადგანაც მე ამ ჭაობიდან გამოსვლა არ შემიძლია. მე ტვინი გამომირეცხეს. ვხვდები, რომ აქ დედაჩემის ლოცვებმა მომიყვანა“. რა დიდია დედის ლოცვის ძალა! საბრალო ბავშვები! მათ ამ სწავლებებით უბნევენ გზას და ყოვლად უმაქნის ადამიანებად აქცევენ. შემდეგ მათ შიში, სულიერი შფოთი იპყრობთ და შვებას ნარკოტიკებსა და მის მსგავს სისაძაგლეებში ეძებენ. ერთი უფსკრულიდან - მეორეში. დაე, აღმართოს მარჯვენა თვისი ღმერთმა და შეაჩეროს ეს ბოროტება.

- წმიდაო მამაო, რაიმე სიკეთეს მოიტანს ამ საბრალოებისთვის იმის ახსნა, რომ ეს სწავლებები სატანურია?

- აბა, რა! რა თქმა უნდა, მოიტანს. ოღონდ ამის შესახებ ლმობიერად უნდა ვესაუბროთ.

- ასეთი ახალგაზრდობა როგორ შეძლებს ქრისტეს შეცნობას?

- ქრისტეს შეცნობას როგორ შეძლებენ, როდესაც მართლმადილდებლობა ვერ შეუცვნიათ და ინდოეთში მიდიან გურუებთან. მათ შორის ცხოვრობენ. 2-3 წლის განმავლობაში ისინი სხვადასხვაგვარი ჯადოქრული მოქმედებების შედეგად მთლად გამოთაყვანდებიან ხოლმე, შემდეგ, იქ ცხოვრებისას შეიტყობენ, რომ მართლმადიდებლობაში არსებობს საიდუმლო მისტიკური ცხოვრება და აქ ჩამოდიან, სურთ, იხილონ შეუქმნელი ნათელი, გამოსცადონ უმაღლესი სულიერი მდგომარეობა და ამის მსგავსი. თუ შეეკითხები: „რამდენი წელია არ ზიარებულხარ?“ გიპასუხებენ: „არ მახსოვს ზუსტად, შეიძლება დედაჩემმა მაზიარა, პატარა რომ ვიყავი“. „აღსარება თუ გითქვამს ოდესმე“. „- ეს საკითხი არ მაინტერესებს“. კარგს რას უნდა ელოდე ამის შემდეგ?! მართლმადიდებლობაზე მათ არაფერი იციან.

- წმიდაო მამაო, როგორ დავეხმაროთ მათ?

- როგორ უნდა დავეხმაროთ მას შემდეგ, როცა იმასაც კი ამბობენ, რომ „ეკლესიამ თავისი დრო მოჭამა“? როგორც კი ადამიანისაგან ამის მსგავს რაიმეს გაიგებ, მაშინვე უნდა მიხვდე, რა ურთიერთგაგებასაც მიაღწევ მასთან თუმცა, ის ახალგაზრდები, ვინც კეთილად არიან განწყობილნი, დახმარებას იღებენ და უახლოვდებიან ეკლესიას.

 

„არ გაბედოთ და არ შეეხოთ ბავშვებს!“

- წმიდაო მამაო, რა გამოვა იმ პატარა ბავშვებისაგან, უდისციპლინოდ რომ იზრდებიან?

- ზოგიერთი დანაშაულის შემამსუბუქებელი მდგომარეობა მათ აქვთ. მათ მშობლებს ბავშვობიდანვე არ ესმოდათ, რა საჭიროა დისციპლინა და ამიტომ ახლა შვილებს თავისუფლებას ანიჭებენ და ამგვარად, პატარა ხულიგნებად აყალიბებენ მათ. სიტყვა რომ უთხრა, ხუთს გიპასუხებენ და თანაც - რა უსირცხვილოდ! ასეთი ბავშვები შეიძლება დამნაშავეებად ჩამოყალიბდნენ. დღეს ბავშვები სრულიად მიშვებულები არიან.

„თავისუფლება!“ „არ გაბედოთ ბავშვებთან შეხება!“ ხოლო ბავშვები ძალიან ხარობენ ამით: „სად ნახავ სხვაგან ასეთ სახელმწიფო წყობილებას?“ - ამბობენ, ანუ ზოგიერთი ცდილობს, ბავშვები ჩამოაყალიბოს მეამბოხეებად, რომლებსაც არც ის სურთ, რომ მშობლებზე იყვნენ დამოკიდებულნი, არც - მასწავლებლებზე და არც ის, რომ ვინმეს უსმინონ. ეს ხელს აძლევს ზოგიერთს, მეამბოხე ბავშვები დაეხმარებიან მათ ჩანაფიქრის განხორციელებაში. თუ ბავშვებს მეამბოხეებად არ გაზრდი, მერე როგორღა შესძლებ, რომ მათ ყველაფერი ნაკუწ-ნაკუწ დაამსხვრევინო? ახლა კი ვხედავთ, თუ საცოდავი ბავშვები როგორ გახდნენ ლამის ეშმაკეულები.

თუ თავისუფლება სულიერ ცხოვრებაშიც კი არ გამოიყენება შესაფერისად, როგორღა მოიხმარენ მას სწორად ერულ ცხოვრებაში?! რა უნდა უყო მას - ასეთ თავისუფლებას? ამგვარი თავისუფლება კატასტროფაა. ამიტომაა, რომ სახელმწიფოშიც ხდება ყველაფერი ის, რასაც ახლა ვხედავთ. შეძლებენ თანამედროვე ადამიანები, რომ სწორად გამოიყენონ მათთვის მინიჭებული თავისუფლება? თუ ადამიანები შესაფერისი ფორმით არ გამოიყენებენ მას, თავისუფლება კატასტროფად მოგვევლინება. ერულმა ევოლუციამ ამ ცოდვილ თავისუფლებასთან კავშირში ადამიანს სულიერი მონობა მოუტანა. სულიერი თავისუფლება არის სულიერი მორჩილება ღვთის ნებისადმი. ხედავ, რომ მორჩილება თავისუფლებაა, თუმცა მტერი თავისი ბოროტებით ცდილობს, ის მონობად წარმოადგინოს. და ბავშვები - ჩვენი ეპოქის მეამბოხე სულით განსაკუთრებულად მოწამლულნი - შფოთს იწყებენ. აშკარა საქმეა. ისინი ხომ ამავე დროს დაიღალნენ კიდეც XX საუკუნის სხვადასხვა სისტემებისაგან, რომლებიც, საუბედუროდ, უფრო და უფრო ამახინჯებენ როგორც ბუნებას - საჩუქარს ღვთისას, ასევე ადამიანებს - ღვთის ქმნილებას. ეს სისტემები ადამიანთა სულებში მშფოთვარებას ნერგავენ, სიხარულს სტაცებენ მათ და ღმერთს განაშორებენ.

იცით, რისი გადატანა მოგვიხდა, როდესაც არმიიდან გაგვათავისუფლეს და თადარიგში გადაგვიყვანეს? ჩვენს ნაცვლად რომ ამჟამინდელი ახალგაზრდობა ყოფილიყო, ყველაფერს მტვრად და ნაცრად აქცევდა! ეს 1950 წელს მოხდა. ის იყო სამოქალაქო ომი დასრულდა, ჩვენ - სხვადასხვა გაწვევების ჯარისკაცები ყველა ერთად თადარიგში გადაგვიყვანეს. ერთი ოთხნახევარი წელი იბრძოდა, მეორე - ოთხი, მესამე - სამნახევარი. და წარმოიდგინეთ: ომში ამდენწლიანი ტანჯვის შემდეგ ჩამოვედით ლარისში [6] და გამოვცხადდით დემობილიზებულთა განმკარგულებელ პუნქტებში, ვხედავთ, რომ ისინი სხვა ფრონტელებითაა სავსე. სასტუმროებში გვითხრეს: „ჯარისკაცები! განა შეიძლება მათი სადმე შეშვება? მთელ ადიელებს დასვრიან“. ჩვენ ხომ ღამის გასათევის გადახდას ვაპირებდით! გარეთ მარტის თვეა, ყინავს! ჩვენდა საბედნიეროდ ერთმა ოფიცერმა გვიხსნა, ღმერთმა კარგად ამყოფოს! ის წავიდა რკინიგზის სადგურში, გაიგო, როდის მოდიან და მიდიან მატარებლები, როდის მანევრირებენ, მოელაპარკა რკინიგზის ხელმძღვანელობას და ღამის გასათევად ცარიელ ვაგონებში შეგვიშვეს. ოფიცერმა გაგვაფრთხილა: „ღამით მატარებლები მანევრირებენ, აქეთ-იქით მიდი-მოდიან, მაგრამ არ შეშინდეთ, ხვალ დილამდე, ამა და ამ დრომდე ისინი სადგურში დარჩებიან“. ასე რომ, მთელი ღამე მიმოსვლაში გავატარეთ. ბოლოს და ბოლოს, მივაღწიეთ სალონიკს, ვინც ახლოს ცხოვრობდა, სახლებში წავიდნენ. ჩვენ კი - დანარჩენები, კვლავ გამანაწილებელ პუნქტში მივედით, მაგრამ იქ ნემსის ჩასაგდები ადგილიც არ იყო. მახსოვს, სასტუმროში ვთხოვე: „სკამი მომეცით, რომ მთელი ღამე ვიჯდე და საწოლის ღირებულებაზე ორჯერ მეტს გადავიხდი“. „- არა, არ შეიძლება“. - მიპასუხეს. მათ ეშინოდათ, ვინმეს არ დაებეზღებინა, რომ სასტუმროში ჯარისკაცი სკამზე ათევდა ღამეს. ანუ იდექი მთელი ღამე ქუჩაში - ფეხზე სასტუმროს წინ და მიეყუდე კედელს! და მართლაც საბრალო ჯარისკაცები ფეხზე მდგომნი ათევდნენ ღამეს - ტროტუარზე, კედელს მიყრდნობილნი. ყველა ტროტუარი ჯარისკაცებით იყო გაჭედილი - როგორც აღლუმზე, წარმოგიდგენიათ? იქ რომ თანამედროვე ახალგაზრდობა ყოფილიყო, გადაწვავდა ლარისს და ზედ თესალიასაც მიაყოლებდა მაკედონიასთან [7] ერთად! ისინი ხომ ახლაც, როდესაც არანაირი გაჭირვება არ ადგათ, ამას შვრებიან! ხმაურობენ, იპყრობენ სკოლებს, უნივერსიტეტებს. მაშინდელ საბრალო ყმაწვილებს კი ამგვარი რამ თავშიც არ მოუვიდოდათ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიმწარე ნახეს, მაგრამ ამის გამო სამაგიეროს გადახდა და რაიმე ბოროტების გაკეთება აზრადაც არ მოსვლიათ. მათ ხომ ომში, თოვლში ამდენი ტანჯვა გამოსცადეს! საწყლები ომით იყვნენ დახეიბრებულნი - რა მსხვერპლშეწირვაა! და ბოლოს მათ ცისქვეშ ღამისთევით გადაუხადეს მადლობა“. დიახ, უკანასკნელი „მადლობა“! აი, ახლა ვადარებ, როგორი იყო მაშინდელი ახალგაზრდობა და სადამდეა ამჟამად მისული. ორმოცდაათი წელიც არ გასულა და ადამიანები ასე შეიცვალნენ!..

ამჟამინდელი ახალგაზრდა ჩლიქებიან ბოჩოლას ჰგავს, რომელიც მინდორზე დაბმული ძოვს, ის გამუდმებით თოკს ჭიმავს და აგდებს პალოს, რომელზედაც დაბმულთ, გაქცევა უნდა, მაგრამ რაღაც აკავებს, ბოლოს მთლად თავბრუ ეხვევა და მხეცების ლუკმა ხდება. ბავშვის „დამუხრუჭება“, დაკავება მაშინაა საჭირო, როდესაც ჯერ კიდევ პატარაა. მაგალითად, შენ ხედავ, როგორ მიძვრება პატარა ბავშვი მესერზე და შეიძლება, ჩამოვარდეს და დაშავდეს. შენ ეძახი: „ჩამოდი, ჩამოდი!“ და მუჯლუგუნსაც უთავაზებ. მეორეჯერ ბავშვი იმას მაინც არ იფიქრებს, არ დავშავდეო, მაგრამ გატყეპვა ემახსოვრება და ამიტომ ყურადღებით იქნება. მაგრამ დღეს სკოლაშიც აღარ სჯიან ფიზიკურად, არც არმიაში სცემენ ჯოხებით. ამიტომაა, რომ ყმაწვილები ტანჯავენ მშობლებსაც და ხალხსაც. წარსულში კი, რაც უფრო მკაცრი იყო მეთაური „სწავლებაზე“, მით მეტ სიმამაცეს იჩენდნენ ჯარისკაცები ომში.

ყმაწვილებს სულიერი ხელმძღვანელი სჭირდებათ, მას უნდა მიენდონ და რჩევები მისგან მიიღონ, იმისათვის, რომ სულიერებაში წინ წავიდნენ, საფრთხეს, შიშსა და ჩიხს განერიდონ. რაც უფრო იზრდება ადამიანი, რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს იგი, მით მეტი გამოცდილებით მდიდრდება - როგორც თავისი, ისე - სხვისი. ახალგაზრდებს ეს გამოცდილება არა აქვთ. მოზრდილი ადამიანი როგორც საკუთარ, ისე სხვათა გამოცდილებას იმისთვის იყენებს, რომ გამოუცდელი ახალგაზრდა საფრთხეს განარიდოს. თუ ახალგაზრდა უფროსებს არ უსმენს, იგი საკუთარ თავზე ატარებს ექსპერიმენტს, მაგრამ თუ ემორჩილება მათ, იგი სულიერად მდიდრდება.

ერთხელ ჩემთან, სენაკში, ერთ-ერთი ქრისტიანული საძმოდან [8] ახალგაზრდები მოვიდნენ. ისინი ხმის ჩახლეჩამდე, თავდაჯერებულად გაჰყვიროდნენ: „ჩვენ არავინ გვჭირდება, ჩვენ თვითონ მოვძებნით გზას“. ვინ იცის, რატომ გახდნენ ისინი ასეთები? ჩანს, რომ სერიოზული ზეწოლა იყო და იმიტომ შფოთავდნენ. წასვლა რომ დააპირეს, მკითხეს, რომელი გზით უნდა წასულიყვნენ ივერიის მონასტერში. „- საით წავიდეთ?“ - მეკითხებიან. „- კარგით, ძმებო, - ვუპასუხე - თქვენ ამას არ ამტკიცებდით ცოტა ხნის წინ, რომ არავის დახმარება არ გჭირდებათ? ეს გზა კიდევ არაფერი, რომ ვერც იპოვოთ, ცოტას გაწვალდებით, მერე მოშორებით ვინმე შეგხვდებათ და ის მიგასწავლით, როგორ მიხვიდეთ იქამდე. მაგრამ როგორ შეძლებთ, რომ თქვენით, ყოველგვარი ხელმძღვანელობის გარეშე მოძებნოთ ის გზა, რომელიც მაღლა, ზეცისკენ მიდის?“ მაშინ ერთი ამბობს, „ძმებო, აი, ეს ბერი მგონი რომ, საბოლოო ჯამში, მართალია“.

 

„ახალგაზრდებმა გამოცდა უმანკოებაში უნდა ჩააბარონ“

დღეს სტუდენტები მეწვივნენ და მეუბნებიან: „ილოცე, მამაო, რომ გამოცდები ჩავაბაროთ“. ამაზე ვუპასუხე: „ვილოცებ, რომ უმანკოების გამოცდები ჩააბაროთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ შეიძლება, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ“. სწორად ვუთხარი თუ არა? დიახ, დღეს თუ ახალგაზრდების სახეებზე მოკრძალება და უმანკოება იხატება, ეს დიდი საქმეა. ძალიან დიდი საქმე!

რა საბრალო, დამახინჯებული ქალიშვილები მოდიან დღეს ჩემთან! ისინი უწესოდ, ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობენ სოლიდურ ადამიანებთან, ვერ ხვდებიან, რომ ცხოვრების წესი, რომელსაც ისინი მისდევენ, უწმინდურია. და ამგვარად ეს საწყლები სახიჩრდებიან. „რა გავაკეთო, მამაო?“ - მეკითხებიან. და მეც ვპასუხობ: „- სამიკიტნოს პატრონი, თუმცა ლოთთან მეგობრობს, მაგრამ ქალიშვილს მას ცოლად არ გაატანს. შეწყვიტე ცოდვილი ურთიერთობა, თუ მას, ვისთანაც სცოდავ, ნამდვილად უყვარხარ, შესაფერისად შეაფასებს ამას. ხოლო თუ მიგატოვებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ არ უყვარხარ და მაშინ ტყუილუბრალოდ დროს აღარ დაკარგავ“.

მაცდური სარგებლობს ახალგაზრდული ასაკით, რომელშიც ყველაფერთან ერთად ახალგაზრდული ხორციც ამბოხებულია და ცდილობს, ახალგაზრდობა იმ რთულ პერიოდში გარყვნას, რომელშიც ისინი იმყოფებიან. მათი გონება ჯერ მომწიფებული არ არის, სრულიად გამოუცდელი არიან და სულიერი სიფრთხილე არ გააჩნიათ. ამიტომ ყმაწვილებმა ამ კრიტიკულ ასაკში უნდა იგრძნონ, რომ მათთვის გამუდმებით უფროსების რჩევებია საჭირო. ეს რჩევები სჭირდებათ მათ იმისათვის, რომ ერული დაცემის ტკბილ გორაკზე ფეხი არ დაუსხლტეთ, რაც იმით ემუქრებათ, რომ შედეგად მათი სული შფოთით აღივსება და სამუდამოდ განეშორებიან ღმერთს.

მესმის, რომ ფიზიკურად ჯანმრთელი ყმაწვილის ან გოგონასთვის ადვილი არ არის ახალგაზრდულ ასაკში ისეთი სულიერი მდგომარეობა ჰქონდეს, რომ არ არჩევდეს მამაკაცს დედაკაცისგან, [9] ამიტომ სულიერი მამები ურჩევენ, რომ გოგონები და ბიჭები არ მეგობრობდნენ ერთმანეთთან, რაც არ უნდა სულიერნი იყვნენ ეს ბავშვები. იმიტომ, რომ თავისთავად ასაკი სიძნელეებს ქმნის და მათი სიყმაწვილით მაცდური სარგებლობს. ამიტომ ყმაწვილისათვის უკეთესია, რომ მისი სულიერი კეთილგონიერებისა და სიწმინდისათვის გოგონებს ის სულელად მიაჩნდეთ (ანდა გოგონას თვლიდნენ ყმაწვილები სულელად) და ასე ატაროს მან მძიმე ჯვარი. ამ მძიმე ჯვარში ხომ სწორედ ღვთის ძალა და სიბრძნე იმალება. და მაშინ ყმაწვილი სამსონზე [10] უძლიერესი და ყოვლადბრძენ სოლომონზე [11] უბრძნესი იქნება. ქუჩაში რომ მიდის, ყმაწვილისთვის უკეთესია, ლოცულობდეს და აქეთ-იქით არ იცქირებოდეს, თუნდაც ეს საქციელი ნაცნობებმა და ნათესავებმა არასწორად გაიგონ და განაწყენდნენ, როცა ჩათვლიან, რომ იგი მათ არად აგდებს და იმიტომ არ ესაუბრება. ეს უკეთესია, ვიდრე ყოველ მხარეს ცნობისმოყვარეობით იცქირებოდეს და ეს არასწორად გაიგონ თვით ერის ადამიანებმაც კი, რომლებიც, როგორც წესი, მზაკვრულად აზროვნებენ. ეკლესიაში ღვთიმსახურების შემდეგ ყმაწვილისთვის გაცილებით უკეთესია, თუ საერთოდ, ყოველგვარი ურთიერთობისგან შეიკავებს თავს, რათა შეინარჩუნოს სულიერი მდგომარეობა და ის სიკეთე, რომელიც ეკლესიაში მიიღო, ვიდრე იქ დარჩეს და ქალების ბეწვის საყელოების ცქერით დატკბეს (ან გოგოები - მამაკაცების ყელსახვევების ცქერით) და სულიერად გასასტიკდეს იმის გამო, რომ მტერი შეუბორკავს გულს.

ქვეყნიერება რომ გაიხრწნა - ეს სამწუხარო ჭეშმარიტებაა. და ადამიანი, რომელიც ცდილობს, სიწმინდე შეინარჩუნოს, სადაც არ უნდა აღმოჩნდეს, ყველგან გაისვრება. თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ღმერთი არ მოითხოვს თანამედროვე ადამიანისგან ისეთ სიწმინდეს, რასაც უძველეს ეპოქაში მოითხოვდა იმ ქრისტიანისგან, რომელსაც უმანკოებაში სურდა ეცხოვრა. საჭიროა ცივსისხლიანობა, ყმაწვილმა უნდა გააკეთოს ის, რასაც შესძლებს: იღვაწოს და ცოდვის მიზეზებს გაექცეს. დანარჩენში ქრისტე დაეხმარება, სულში დანთებული საღმრთო მოშურნეობა იმდენად ცეცხლოვანია, რომ ძალა შესწევს, სხვა ყველა დანარჩენი სურვილი და უღირსი სახე დაწვას. როცა ადამიანში ეს ცეცხლი აალდება, მაშინ იგი იმ საღმრთო სიტკბოებასაც შეიგრძნობს, რომელიც ვერ გაუტოლდება ნებისმიერ სხვა სიტკბოებას. იგი, ვინც ეს ზეციური მანანა იგემა, ველური „ხისა მის რქისა“ (ლუკ. 15,16), ნაყოფის სიტკბოებას არაფრად ჩააგდებს. ამიტომ ახალგაზრდამ მაგრად უნდა ჩასჭიდოს ხელი საჭეს, პირჯვარი გადაისახოს და შიში არაფრისა ჰქონდეს.

მამა ავგუსტინე [12] მიამბობდა, თუ როგორ მოეწყო იგი მორჩილად ერთ-ერთ მონასტერში, თავის ქვეყანაში - რუსეთში. მონასტრის თითქმის ყველა ძმა მოხუცი იყო და ამიტომ მას აგზავნიდნენ, რომ მონასტრის მეთევზეს თევზაობაში დახმარებოდა, რადგანაც სავანე ძირითადად თევზჭერით ცხოვრობდა. ერთხელ მდინარის ნაპირას, სადაც ისინი შრომობდნენ, მოვიდა მეთევზის ქალიშვილი და მამას უთხრა, რომ რაღაც სასწრაფო საქმისთვის დაუყოვნებლივ შინ წასულიყო. თვითონ კი მორჩილის დასახმარებლად დარჩა. იმ საბრალოს ეშმაკის განსაცდელი ეწვია და ისე, რომ ვერც გააცნობიერა, თუ რას აკეთებდა, მივარდა და გადაეხვია მას - ცოდვილი განზრახვით. თავდაპირველად ანტონი - ასე ეძახდნენ მამა ავგუსტინეს ერში, - დაიბნა, რადგანაც ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, მაგრამ შემდეგ პირჯვარი გადაისახა და შესძახა: „ჯობია დავიღრჩო, ვიდრე შევცოდო!“ და ნაპირიდან შუა მდინარეში გადახტა. მაგრამ, როდესაც მოწყალე ღმერთმა ამ წმიდა ყმაწვილის მოშურნეობა იხილა, უმანკოების დაცვა რომ სურდა, წმ. მარტინიანეს [13] მაგალითი გაიმეორა, წყლის ზედაპირზე ისე შეაჩერა, რომ არც კი დასველებულა. - „წყალში თავდაღმა გადავხტი - მიამბობდა შემდეგ ბერი, - და მიუხედავად ამისა, ვერც გავიგე, როგორ აღმოვჩნდი წყლის ზედაპირზე - გამართულად მდგარი, ტანსაცმელიც კი არ დამისველდა!“ იმ წუთებში იგი შინაგან სიმშვიდეს და გამოუთქმელ სიტკბოებას გრძნობდა, რომელმაც სრულიად განდევნა ყოველგვარი ცოდვილი აზრი და ხორციელი განხურვება, რომელიც თავდაპირველად აღძრა მასში ქალიშვილის თავშეუკავებელმა ქმედებამ. ხოლო მან, როდესაც წყლის ზედაპირზე ამართული ანტონი იხილა, შეძრულმა ამ დიდი სასწაულით, ქვთინი დაიწყო და მოინანია თავისი ცოდვა.

ქრისტე დიდს არაფერს ითხოვს ჩვენგან იმისათვის, რომ მოღვაწეობაში დახმარება გაგვიწიოს. ის ითხოვს ყველაზე მცირეს. ერთი ყმაწვილი მიყვებოდა, რომ, როდესაც იგი მომლოცველობით მოგზაურობაში იყო პატმოსზე, [14] ეშმაკმა მახე დაუგო მას. როდესაც კუნძულზე მიდიოდა, ერთი ტურისტი ქალი კისერზე ჩამოეკიდა და ხვევნა დაუწეო, მაშინ ყმაწვილმა ძალით მოიშორა იგი და შესძახა: „ქრისტე ჩემო, მე იმისათვის მოვედი აქ, რომ სიწმინდეებს ვცე თაყვანი და არა იმიტომ, რომ ასეთი სიბინძურეები აღვასრულო“. - და იგი გაიქცა. ღამით, სასტუმროში, ლოცვის დროს, მან შეუქმნელი ნათლით გაბრწყინებული ქრისტე იხილა. ხედავთ, რისი ღირსი გახდა იგი მხოლოდ იმიტომ, რომ მაცდური ძალით მოიშორა?! ვიღაც წლების განმავლობაში მოღვაწეობს, უდიდეს ღვაწლს აღასრულებს და საკითხავია, ეღირსება თუ არა რაიმე - ამის მსგავსი. უმანკო ყმაწვილმა ქრისტე იხილა მხოლოდ იმის გამო, რომ განსაცდელს წინ აღუდგა. რა თქმა უნდა, ამ მოვლენამ იგი სულიერად დიდად განამტკიცა. ამის შემდეგ მან ორ-სამჯერ კვლავ იხილა წმიდანები: წმ. მარკელაოსი, წმ. რაფაელი, წმ. გიორგი. ერთხელ იგი ჩემთან მოვიდა და მთხოვა: „ილოცე, მამაო, რომ კვლავ ვიხილო წმ. გიორგი, ნუგეში მჭირდება და ამქვეყნად სანუგეშოს ვერაფერს ვხედავ“.

და ამ დროს შეხედეთ ზოგიერთ მის თანატოლს - სადამდე მიდიან ისინი! ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი ყმაწვილი ბიძასთან ერთად მოვიდა და მთხოვა: „ილოცე ერთი ქალიშვილისთვის, მან საავტომობილო ავარიაში ხერხემალი დაიზიანა; საჭესთან მამამისი იყო. მან ჩათვლიმა და ვიღაცას შეასკდა, თვითონ სასიკვდილოდ დაშავდა, ეს კი დახეიბრდა. მოიცა, მის ფოტოსურათს მოგცემ“. „არ არის საჭირო“, - ვეუბნები, მაგრამ მას ძალიან უნდოდა, რომ მენახა. ვიღებ ფოტოსურათს და ვხედავ გოგონას - იატაკზე გაშხლართულა და აქეთ-იქიდან ორ ყმაწვილს უჭირავს. „ეს ვინ არის?“ - ვეკითხები ყმაწვილს და ერთ-ერთზე ვუთითებ. „მეგობარი. - მპასუხობს იგი. - „და მეორე, ისინი დაქორწინებას აპირებენ?“ - „არა, უბრალოდ ხვდებიან ერთმანეთს“. ბიძა კი ამბობს - „ნუ ბრაზობ ყმაწვილებზე, რას იზამ, ასეთია ახლანდელი ახალგაზრდობა“. - „რა თქმა უნდა, ვილოცებ. - ვიფიქრე ჩემთვის, - მაგრამ არა იმისთვის, რომ ხერხემალი გაუსწორდეს, არამედ იმისთვის, რომ განიკურნოს მისი თავი - მაგ შენს თავთან ერთად, შე, დაღუპულო ადამიანო!“ სად დაიკარგა წესიერება? ბიძას კარგად უნდა გამოელანძღა თავისი ძმისშვილი! „სულიერი“ ახალგაზრდობა!.. მოძღვარი ჰყავთ და ამ მდგომარეობამდე არიან მისულნი! ერთ-ერთს, ფოტოზე გამოსახული ორი ჭაბუკიდან, კიდეც რომ ჰქონოდა ამ საბრალოს ცოლად შერთვის განზრახვა, ესეც დაუშვებელი იქნებოდა, ისე იყო ეს ქალიშვილი გართხმული ორ ბიჭს შორის. ან რა საჭირო იყო იმ სურათის ჩვენება? ახალგაზრდამ არც კი იფიქრა, რომ ეს კარგი არ არის. მე ეს ვერას მავნებს, მაგრამ ეს ხომ ცუდი საქციელია? როგორ ოჯახებს ქმნიან ეს ახალგაზრდები? ღმერთმა გაანათლოს ის გოგონა, რომ გონს მოვიდეს!

რა საოცარი მსხვერპლის ფასად ინარჩუნებდნენ სიწმინდეს ქალიშვილები ძველ დროში! მახსოვს, ომის დროს ჩვენი ხელმძღვანელობა სხვადასხვა სოფლებიდან მოსახლეობას კრეფდა და ავალებდა, რომ მათ არმიისთვის ჯორებით გადაეზიდათ ტვირთი. დიდი თოვლი მოვიდა და ეს ადამიანები ერთ-ერთ მთაზე ჩაკეტილები აღმოჩნდნენ. კაცებმა ნაძვის ტოტები მოამტვრიეს და ნაძვების დათოვლილი ტოტების ქვეშ რაღაც საფარი მოაწყვეს, რომ სიცივისგან ოდნავ მაინც დაეცვათ თავი. იქ მყოფი ქალებიც იძულებულნი იყვნენ, რომ ამ საფარის ქვეშ მოწყობილიყვნენ და თანასოფლელებისთვის დახმარება ეთხოვათ, იმათთვის, ვისაც იცნობდნენ. აქ იყვნენ გოგონა და მოხუცი ერთ-ერთი სოფლიდან. მათაც ასეთ საფარში მოუწიათ თავშეფარება, მაგრამ სამწუხაროდ არსებობენ ისეთი ურწმუნო და მშიშარა ადამიანები, რომლებიც ომსაც კი ვერ მოჰყავს გონზე. მათ არ აწუხებთ იმ ახლობლების ბედი, ვინც კვდება ან სახიჩრდება, არამედ შესაფერის დროს ეძებენ, რომ შესცოდონ, იმის შიშით, რომ მოკლავენ და ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღებას ვერ მოასწრებენ. იმის მაგიერ, რომ სინანული იგრძნონ - საფრთხის დროს მაინც. და აი, ერთი ასეთი მხდალი, რომელიც სინანულზე კი არ ფიქრობს, არამედ - ცოდვის ჩადენაზე, აღმოჩნდა იმავე საფარში, სადაც გოგონა და მოხუცი იყვნენ. ის ისე თავხედურად ცდილობდა გოგონასთან სიახლოვეს, რომ იგი იძულებული გახდა, გაქცეულიყო. ამჯობინა, თოვლში გაყინულიყო და მომკვდარიყო კიდეც, ოღონდ პატიოსნება დაეცვა. საბრალო მოხუცმა, როდესაც ნახა, რომ გოგონა წავიდა და აღარ ბრუნდებოდა, მის კვალს მისდია და იგი ნახევარი საათის სავალზე - წმ. იოანე ნათლისმცემლის სამლოცველოში იპოვა. პატიოსანმა წინამორბედმა შეიფარა გოგონა, რომელიც თავის სიწმინდეს იცავდა და მიიყვანა სამლოცველომდე, რომლის არსებობაც მან არ იცოდა. და რა აღასრულა წმ. წინამორბედმა ამის შემდეგ? იგი ერთ ჯარისკაცს [15] გამოეცხადა სიზმრად და უბრძანა, რომ სასწრაფოდ მის სამლოცველოში წასულიყო. ჯარისკაცი წამოხტა და სამლოცველოსკენ გაემართა. იმ ღამეს თოვლი სინათლეს გამოსცემდა და მან დაახლოებით ისიც იცოდა, საით უნდა ევლო. რა სანახაობა წარმოუდგა ჯარისკაცს თვალწინ! მოხუცი და გოგონა, მუხლამდე თოვლში, სიცივისგან უკვე გალურჯებულიყვნენ და გაფიჩხულიყვნენ. ჯარისკაცმა ეკლესიის კარის გაღება მოახერხა, საბრალოები შიგნით შევიდნენ და როგორღაც მოვიდნენ გონს. ჯარისკაცს შარფის გარდა თბილი თან არაფერი ჰქონდა, ისიც მოხუცს მისცა და ხელთათმანებიც და უბრძანა, მორიგეობით გაეთბოთ ხელები, შემდეგ საწყლებმა უამბეს მას იმ განსაცდელის შესახებ, რომელმაც ისინი სამლოცველოში მიიყვანა. ჯარისკაცმა გოგონას ჰკითხა: „კარგი, მაგრამ როგორ გაბედე გაქცევა ღამით, ნამქერში, უცნობ გზაზე?“ მან კი მიუგო - „სხვა რისი გაკეთება შემეძლო? მწამდა, რომ დანარჩენში ქრისტე დამეხმარებოდა“. მაშინ ჯარისკაცმა სრულიად უნებურად შესძახა: „მორჩა, დამთავრდა თქვენი ტანჯვა, ხვალ უკვე სახლში იქნებით“. ეს სიტყვები მას თავისთავად აღმოხდა - გულისტკივილით და არა მათთვის სანუგეშებლად. და როგორ გაახარა ისინი ამ სიტყვებმა! დასთბათ კიდეც! და მართლაც, მეორე დღის დილას სამთო-სატრანსპორტო ბატალიონმა გზა გაწმინდა და ჯორებიანად ადგილამდე ჩავიდა. მაშინ ის საწყლები სახლებში გაუშვეს. საბერძნეთის ასეთი ახალგაზრდა ასულებით, რომლებიც საღმრთო მადლისგან განშიშვლებულები კი არ არიან, არამედ მოსავთ იგი - აღტაცებულნი უნდა ვიყოთ და ვამაყობდეთ. ხოლო ის პირუტყვი, - ღმერთმა მაპატიოს, - მივიდა მეთაურთან და მოახსენა, რომ „ამა და ამ ჯარისკაცმა სამლოცველო შეამტვრია და იქ სატრანსპორტო საშუალებები შეიყვანაო“. - ანუ ჯორები - „არა, - მიუგო მეთაურმა, - ის ამას არ იზამდა“. ბოლოს და ბოლოს ეს კაცი ციხეში მოხვდა.

 

ჭეშმარიტი სიყვარული საკუთარ თავს თვითონ უცხადებს ახალგაზრდობას

- წმიდაო მამაო, ვისაც საზოგადოების დანგრევა სურს, მის საფუძველს - ახალგაზრდობას უტევენ სწორედ. მათ გარყვნეს ახალგაზრდები.

- ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ბოროტება საკუთარ თავს დაანგრევს. რუსეთში ყველაფერი დააქციეს, მაგრამ ნახეთ, რა ხდება იქ ამჟამად, მას შემდეგ, რაც სამი თაობა გამოიცვალა! ღმერთი ადამიანს ბედის ანაბარა არ ტოვებს. და თანამედროვე ახალგაზრდობის ცოდვებს იგი ისევე არ განსჯის, როგორც ძველი, ჩვენი დროის ახალგაზრდებისას.

- წმიდაო მამაო, ხდება, რომ ახალგაზრდები, ერული ცხოვრებით რომ ცხოვრობენ, სარწმუნოებაზე საუბრისას, ძალიან მართებულ პასუხებს იძლევიან. რატომ?

- ეს ახალგაზრდები კეთილად განწყობილნი იყვნენ, მაგრამ საკუთარი თავის შეჩერება ვერ შეძლეს და ერულმა ცხოვრებამ გაიტაცა ისინი. ამ კეთილი განწყობილების გამოა, რომ სარწმუნოებასთან დაკავშირებით მართებულ პასუხებს გვაძლევენ. მე მინდა გითხრათ შემდეგი: ადამიანს გარკვეული გზით წასვლა სურს, მაგრამ არ შეუძლია. ამიტომ იმისადმი, ვინც ამ გზაზე დგას, პატივისცემითაა განმსჭვალული. ღმერთი არ ტოვებს ასეთ ადამიანებს, იმიტომ, რომ მათში ბოროტება არ არის. დრო მოვა და წინსვლის ძალას იპოვიან.

- წმიდაო მამაო, როგორ უნდა მივუდგეთ გზასაცდენილ ყმაწვილებს?

- მათ სიყვარულით უნდა მივუდგეთ. თუ ნამდვილი, მადლმოსილი სიყვარული არსებობს, ის მაშინვე იჩენს თავს ახალგაზრდების წინაშე და განაიარაღებს მათ. ჩემთან სენაკში მოდიან ახალგაზრდები - ათასი განსხვავებული მინდვრის ნაყოფი, - სხვადასხვაგვარი პრობლემებით. მე კეთილი სიტყვით ვუხვდები, ვუმასპინძლდები რაიმეთი, ვესაუბრები და ჩქარა ვმეგობრდებით. ისინი გულს მიხსნიან და საპასუხოდ ჩემგან სიყვარულს იღებენ. ზოგიერთი საბრალო ისეთ ნაკლოვანებას განიცდის. მათ სიყვარული სწყურიათ. იმთავითვე აშკარაა, რომ მათ არც დედისგან და არც მამისგან სიყვარული არ უგრძვნიათ. მათ არ შეუძლიათ, სიყვარულით გაძღენ. და თუ გული გეტკინება მათთვის, თუ მათ შეიფარებ, ავიწყდებათ თავიანთი პრობლემები, ავიწყდებათ ნარკოტიკებც კი, სნეულებისაგან იკურნებიან და უწესობას თავს ანებებენ, შემდეგ კი წმიდა მთაზე მოდიან, როგორც ღვთისმოსავი მომლოცველები. ეს იმიტომ, რომ მათ რაღაცნაირად ღვთის სიყვარული ეუწყებათ ხოლმე. და ჩანს, რომ მათ ჰქონიათ კეთილშობილება, რომლითაც შენს გულში შემოსასვლელს ნახულობენ. მათ მატერიალურად უჭირთ, მაგრამ ფულად დახმარებას არავისგან იღებენ, არჩევენ, სამუშაო იშოვონ და თავი ირჩინონ, საღამოს კი ისწავლონ. ასეთი ახალგაზრდებისთვის ღირს დახმარება. სალონიკში რკინიგზის სადგურთან არის სახლი, სადაც ერთად ცხოვრობენ მოზარდები - გოგონებიც და ბიჭებიც. ერთ სამადგილიან ოთახში ისინი თხუთმეტნი ცხოვრობენ. ყველანი დანგრეული ოჯახებიდან არიან. ერთნი ქურდობენ, მეორეები კი პატიოსნების გამო ამას ვერ აკეთებენ. რამდენი წელი ვთხოულობდი, რომ დავახლოებოდი ამ ბავშვებს, დავხმარებოდი მათ! მე ვითხოვდი, ტაძარი აეშენებინათ, რომ იქ შემეკრიბა ეს საწყლები. ახლა სადგურში წმ. მოციქულ ფილიპე-დიაკონის სახელობის პატარა ეკლესია გაიხსნა - რკინიგზელთა მფარველის.

ასე თუ ისე, მე მივხვდი, რომ თუ ადამიანი ახალგაზრდობის ასაკიდანვე არ გამოიყენებს იმ შესაძლებლობებს, რომელიც მას ეძლევა, მის გამოყენებას ეშმაკი იწყებს. ტყუილად როდი ამბობს ანდაზა- „დაჰკარ რკინას - სანამ ცხელია“. იმიტომ, რომ ადრე მჭედლები ისე კი არ აწრთობდნენ რკინას, როგორც ახლა: ყველა ეს შემადუღებელი საშუალებები მაშინ არ იყო. მჭედლები ცეცხლში აწრთობდნენ რკინას, ცხელ წყალსა და ბორს [16] ასხამდნენ. რკინები მაშინვე უნდა მიეწებებინათ ერთმანეთისთვის, როგორც კი ცეცხლიდან გამოიღებდნენ - გავარვალებული, ნაპერწკლებს რომ ისროდნენ, რადგან თუ ისინი გაციებას მოასწრებდნენ, აღარაფერი გამოვიდოდა. მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ყმაწვილები გულგრილად მოეპყრობიან იმ შესაძლებლობებს, რომელიც კეთილად მიეცათ მათ, შემდეგ კი სხვა ადამიანებს განკითხვასა და განსჯას დაუწყებენ - ღვთის მადლი დატოვებს მათ და იგივე დაემართებათ, რაც გაციებულ რკინას მოსდის. იმ დროს, ვიდრე ღვთაებრივი სითბო არსებობს, იგი - თუ, რა თქმა უნდა, ყურადღებით იქნება - წარმატებას მიაღწევს. ამიტომ მშობლები მოვალენი არიან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დაეხმარონ შვილებს, ვიდრე ისინი ჯერ კიდევ პატარები არიან. ბავშვები მაგნიტოფონის სუფთა კასეტებს გვანან. თუ მათზე ქრისტეს ჩაწერ, ის მუდამ მათთან იქნება. თუ არა, მაშინ ათგზის უფრო ადვილია მათი ბოროტებისკენ გადახრა, როდესაც გაიზრდებიან. თუ ადამიანმა ბავშვობაში სულიერი შეწევნის ძალა გამოსცადა, ის აუცილებლად გონს მოვა მერეც, გარკვეული დროით გზიდანაც რომ გადასცდეს. თუ ხე ოლიფითაა გაჟღენთილი, იგი არ ლპება. თუ ცოტა მაინც გამოვკვებავთ ბავშვებს ღვთისმოსაობით, ღვთის შიშით, ეს მათ მთელი ცხოვრების მანძილზე დაეხმარება.

 


[1] - ადრე საბერძნეთის უნივერსიტეტში აბიტურიენტებს შეეძლოთ, რამდენიმე ფაკულტეტზე ერთად ჩაებარებინათ. ახლა მხოლოდ ერთზეა შესაძლებელი.

[2] - 2 თეს. 3,10.

[3] - კარიესი - ათონის წმ. მთის ადმინისტრაციული ცენტრი, სადაც განლაგებულია წმ. კინოტი, გუბერნატურა, პოლიცია, ფოსტა, მაღაზიები.

[4] - ნახ. შენიშვნები ნაწილი I, თავი IV - 10.

[5] - ლუკ. 11,34.

[6] - ქალაქი ცენტრალურ საბერძნეთში.

[7] - საბერძნეთის ოლქი.

[8] - XX ს-ის II ნახევარში ჩამოყალიბდა „არაეკლესიური ორგანიზაციები“ ანუ „საძმოები“. ამ პროტესტანტულ მიმდინარეობებს მონაზვნობა ეკლესიისათვის უცხოდ მიიჩნევს. მათ მიერ წმ. მამები, განსაკუთრებით ისინი, ვინც სულიერი სიღრმეების შესახებ წერდა, მათ დაივიწყეს. 60-70-იან წლებში ამ იდეოლოგიამ თავისი თავის ამოწურვა დაიწყო და წმ. მამათა ტრადიციებს დაუბრუნდა.

[9] - გალ. 3,8.

[10] - ნახ. მსაჯ. 14,15 და შემდეგ.

[11] - ნახ. 3 მეფ. 3,9-12.

[12] - ბერი ავგუსტინეს შესახებ „მთაწმინდელი მამები და მთაწმინდის ისტორიები“ - ბერი პაისი.

[13] - წმიდათა ცხოვრება, თებერვალი, 13. ღირსი მარტინიანეს და წმ. დედათა ზოიასა და ფოტინეს ცხოვრება.

[14] - კუნძული ეგეოსის ზღვაში.

[15] - ეს ჯარისკაცი იყო არსენი ეზნეპიდისი - ბერი პაისი. ეს ამბავი სამოქალაქო ომის დროს, 1944-48 წლებში მოხდა.

[16] - ნატრიუმის მარილი ბორის მჟავის.