მამა პაისი მთაწმინდელი

უსირცხვილობის და უპატივცემულობის შესახებ

თავისუფალი მოქცევა დევნის კეთილშობილებას

- წმიდაო მამაო, საიდან მოდის თავისუფალი ქცევა?

- პარიზიდან... [1] თავისუფალი ქცევა - ეს უსირცხვილობაა. ის შორს განდევნის ღვთის შიშს, როგორც კვამლი, რომელსაც ფუტკრებს ვუღრჩოლებთ, რომ ისინი სკიდან გამოფრინდნენ.

- წმიდაო მამაო, როგორ გავერიდოთ თავისუფალ ქცევას?

- საკუთარი თავი ყველაზე უმდაბლესად წარმოიდგინე, დიდი სიმდაბლეა საჭირო, შენ, როგორც უმცსრომა, დების მიმართ პატივისცემა და ღვთისმოსაობა გამოავლინე. შენი აზრი სიმდაბლით გამოთქვი და თავს ყოვლისმცოდნედ ნუ წარმოადგენ. მაშინ ღმერთი თავის მადლს მოგანიჭებს და წარმატებასაც მიაღწევ. თავისუფალი ქცევა მორჩილის უბოროტესი მტერია, იმიტომ, რომ ის ღვთისმოსაობას განდევნის. ჩვეულებრივ თავისუფალ ქცევას დაუმორჩილებლობა მოსდევს, შემდეგ კი - უგრძნობლობა, თავდაპირველად - მცირე ცოდვების მიმართ, რომელთაც თანდათანობით შეგუების შემდეგ, უკვე ბუნებრივად თვლის, მაგრამ სულის სიღრმეში მას მოსვენება არა აქვს და იმის მიხვედრა, თუ რა ემართება, კაცს უკვე აღარ შეუძლია. იმიტომ, რომ შიგნიდან გული ქონიანდება და ვეღარ გრძნობს იმას, რაც ხელიდან გაუსხლტა.

- წმიდაო მამაო, რა კავშირია თავსუფალ ქცევასა და უბრალოებას შორის?

- უბრალოება ერთია და თავისუფალი ქცევა - მეორე. უბრალოებაში არის ღვთისმოსაობაც და რაღაც - ბავშვურობაც, თავისუფალ ქცევაში კი - თავხედობა.

ხშირად უსირცხვილობა პირდაპირობის ნიღბით იფარება, თუ ადამიანი უყურადღებოა პირდაპირობასა და უბრალოებაში უსირცხვილობას მალავს. „მე პირდაპირი ვარ“, ან „მე უბრალო კაცი ვარ“. - ამბობს იგი უსირცხვილოდ და თვითონაც ვერ გაუგია, რომ უბრალოება ერთია და უსირცხვილობა - მეორე.

- წმიდაო მამაო, რა არის სულიერი თავდაჭერილობა?

- სულიერი თავდაჭერილობა ეს ღვთის შიშია - ამ სიტყვის კარგი გაგებით. ამ შიშს, ამ შებოჭილობას ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვთ, ისინი მის გულში თაფლს გადმოადინებენ: სულიერი თაფლი! შეხედე რომელიმე მოკრძალებულ ბიჭს. ის პატივს სცემს მამას, თავი კარგად უჭირავს და დიდი მოკრძალების გამო, მას შეხედვასაც ვერ უბედავს. როცა რაღაცის კითხვა უნდა, წითლდება. ასეთი ბიჭი შეიძლება პირდაპირ კანკელზე დახატო. სხვა ბავშვი კი ფიქრობს: „ეს ხომ მზოლოდ და მხოლოდ ჩემი მამაა“, თავისუფლად და თავხედურად იქცევა მასთან და როდესაც რაიმე სჭირდება, ითხოვს, როგორც კუთვნილს, ფეხებს აბაკუნებს და იმუქრება.

კარგ ოჯახებში ბავშვები თავისუფლად იქცევიან. ასეთ ოჯახებში მშობლებისადმი პატივისცემა არსებობს და ყაზარმული დისციპლინა და მწყობრით სიარული საჭირო არ არის. ბავშვებს დედისა და მამის დანახვა ახარებთ, მათ კი - შვილების. „სიყვარულმა სირცხვილი არ იცის“ [2] - ამბობს ამბა ისაკი. სიყვარულში არის კადნიერება, ამ სიტყვის კარგი გაგებით. ასეთი სახის სიყვარულში არის ღვთისმოსაობა, სხვებისადმი პატივისცემა, ანუ იგი ამარცხებს სიყვარულს. ვიღაცას აქვს მოკრძალება, გაუბედაობა და ამავე დროს - შიში, იმიტომ, რომ ნამდვილი კრძალვა არა აქვს. მეორეს კი აქვს კრძალვა, მაგრამ შიში არა აქვს, რადგანაც მისი მოკრძალება ნამდვილია, სულიერია. როდესაც მოკრძალება სულიერია, ადამიანი სიხარულს გრძნობს. პატარა ბავშვს დედ-მამა კადნიერად უყვარს და არ ეშინია, რომ ისინი მიტყეპენ. მამა შეიძლება ოფიცერი ჰყავდეს, მაგრამ იგი მის ქუდს ეპოტინება, აგდებს მას და უხარია. მასში კეთილი უბრალოებაა, უსირცხვილობა აქ არ არის. მოდი საზღვარი გავავლოთ უბრალოებასა და უსირცხვილობას შორის. თუ პატივისცემა და მოკრძალება გაქრება, ჩვენ თავისუფალ ქცევამდე, უსირცხვილობამდე მივალთ. და მერე შეიძლება გავიგონოთ, როგორ მბრძანებლობს საწოლზე წამოგორებული გოგონა. „დედა, წყალი მომიტანე! თანაც ცივი იყოს. ფუ, ხომ გითხარი ცივი-მეთქი!“ ამით იწყებენ და შემდეგ იქამდე მიდიან, რომ ამბობენ, რატომ უნდა ეშინოდეს ცოლს ქმრის? [3] თუმცა შიშში პატივისცემა იმალება, პატივისცემაში კი - სიყვარული. თუ მე პატივს ვცემ რაიმეს, ის მიყვარს კიდეც და რაც მიყვარს, მას პატივს ვცემ. ცოლი პატივს უნდა სცემდეს ქმარს, ქმარს უნდა უყვარდეს ცოლი. მაგრამ დღეს ადამიანები უკუღმა განმარტავენ სახარებას და ამიტომ ყველაფერს ათანაბრებენ, ამას კი ოჯახების ნგრევა მოსდევს. „ცოლი მორჩილი უნდა იყოს“, - ამბობს ქმარი, მაგრამ თუ სიყვარული არა გაქვს, მორჩილებას კატასაც კი ვერ აიძულებ. თუ სიყვარული არა გაქვს, მაშინ ადამიანს ვერაფერს გააგებინებ და იმასაც ვერ შეძლებ, რომ ჭიქა წყლის მოტანა სთხოვო მას. როცა მოყვასს სცემს პატივს, ადამიანი პატივს სცემს საკუთარ თავს, მაგრამ ამავე დროს ამ საკუთარ თავს ანგარიშს არ უწევს. სხვების პატივისცემა არის სიყვარული. თუ ადამიანის მზრუნველობა საკუთარი თავისკენაა მიმართული, ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარული მასში არ არის.

 

უფროსების პატივისცემა

- წმიდაო მამაო, ზოგჯერ მე უხეშად ვეპყრობი უფროსებს. მესმის, რომ ცუდად ვიქცევი და ამ ცოდვას აღსარებაში ვამბობ.

- რადგან ეს გესმის და აღსარებაში ამბობ, ესე იგი, შენ ნელნელა უკვე გეთაკილება შენი საქციელი - ამ სიტყვის კარგი გაგებით და თავს იმდაბლებ. ღვთის მადლი მოვა შენზე და ამ ცუდი ჩვეულებისგან გათავისუფლდები.

- მე კი, წმიდაო მამაო, ზოგჯერ დებს ვეხუმრები და სიყვარულით ვაჯავრებ ხოლმე, თუმცა იმისიც მეშინია, რომ თავისუფალ ქცევამდე არ მიმიყვანოს ამან.

- ეს რა საქმეა, შენ ხომ უმცროსი ხარ! ოჯახში, ჩვეულებრივ, უფროსები ხუმრობენ ხოლმე ბავშვებზე და ეთამაშებიან მათ, და არა - პირიქით. ასე ხარობენ დიდებიც და პატარებიც. მაგრამ ბებიასთან და პაპასთან ხუმრობა ბავშვის მხრიდან კარგი არ არის. რა იქნება, რომ უცებ პატარა ბუთხუზა მამას მიახტეს, საყელოში ხელი ჩაავლოს და ღიტინი დაუწყოს! მაგრამ, როდესაც უფროსი უჩქმეტს ბავშს, ეს სულ სხვა საქმეა. მაშინ ბავშვი თავისუფლად იქცევა, ამ სიტყვის კარგი გაგებით, უფროსიც გაბავშვდება და ერთმანეთს ახარებენ.

- წმიდაო მამაო, ზოგჯერ გონება მეუბნება, რომ რაღაც არასწორად ხდება, როდესაც უფროსებს ვუზიარებ აზრს, ისინი მას არ იღებენ. უნდა დავეთანხმო მათ?

- არა, ბოროტებას ნუ დაეთანხმები, სიკეთე, სიმართლე ილაპარაკე, მაგრამ - სწორად და კეთილად: „იქნებ ასე გაკეთება სჯობდეს, ამას ისე გეუბნებით, როგორც ჩემს აზრს“. ან ასე თქვი „მე ასეთი აზრი მომივიდა“. ასეთ შემთხვევაში შენ მაგნიტად იქცევი და ღვთის მადლს მიიზიდავ. ზოგიერთი თავისუფლად ლაპარაკობს ჩვევის გამო და არა იმიტომ, რომ საკუთარი აზრის გამოთქმას ესწრაფის. როგორც არ უნდა იყოს, ყველა შემთხვევაში უმცროსს უფროსებისადმი პატივისცემის გრძნობა უნდა ჰქონდეს თვით უფროსიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოითხოვს, რომ მას პატივს სცემდნენ. და რაღაც ნაკლულოვანება რომ ჰქონდეს კიდეც, სიკეთეც აქვს, თუნდაც - გამოცდილება. როცა გეკითხებიან, თავდამბლურად და პატივისცემით გამოთქვი შენი აზრი, და ამასთან, შინაგანად ნურასოდეს იქნები დარწმუნებული იმაში, რომ საქმე სწორედ ისეა, როგორც შენ წარმოგიდგენია. ხომ შეიძლება, ვიღაც სხვამ იცოდეს ის, რაც ჩვენ არ ვიცით, ან ის, რის შესახებაც შენ არ გიფიქრია. როდესაც ადამიანს ესმის, როგორ განსჯიან ამა თუ იმ საკითხს და ამასთან დაკავშირებით რაღაც აზრი მოუვა - მისი შეხედულებით - უფრო მართებული, მან უნდა თქვას: „ჩემი აზრია“ - თუკი იგი თანატოლებთან საუბრობს, ხოლო თუ უფროსებს ესაუბრება, მაშინ სჯობს თუ იტყვის: „ასეთი უგუნური აზრი მომივიდა“. იმიტომ, რომ სხვების საქმეში ჩარევა უსირცხვილობაა, სწორ აზრსაც რომ გამოვთქვამდეთ.

- როდესაც ამბობთ „პატივისცემა უფროსებისადმი“, აქ ასაკს გულისხმობთ თუ სულიერ განვითარებას?

- ძირითადად - ასაკს. აბა, ასე შევხედოთ: ადამიანი, რომელმაც სულიერ წარმატებას მიაღწია, რომელიც სულიერად აღმატებულ მდგომარეობაში იმყოფება, მასზე უფროსების მიმართ პატივისცემას ამჟღავნებს.

- წმიდაო მამაო, ბუნებრივია, რომ ადამიანს, რომელიც ასაკით უმცროსია, მაგრამ სულიერად წარმატებული მეტ პატივს მიაგებენ, ვიდრე ასაკით უფროსს, მაგრამ სულიერად წარუმატებელს?

- არა, აქ საკითხი არასწორადაა დასმული. რა სულიერ სიმაღლეზეც უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, ასაკის გამო პატივს უნდა სცემდე მას. პატივისცემით მოეპყარ ადამიანებს: ვინც უფროსია - ასაკის გამო, ვინც უმცროსია - მისი ღვთისმოსაობის გამო. თუ პატივისცემა არსებობს, უმცროსი პატივით ეპყრობა უფროსს და უფროსი უმცროსს. პატივისცემაში სიყვარული მოჩანს: „მისცემდით უკვე ყოველთა თანანადებსა“. [4] - ამბობს პავლე მოციქული.

- თუ უმცროსები უფროსებს შენიშვნას აძლევენ, ცუდია?

- ეს ახალი თაობის ტიპიკონია, წმ. წერილში კი წერია: „ამხილე შენი ძმა“. [5] მამა ამხილეო - იქ ნათქვამი არ არის. თანამედროვე ახალგაზრდობა დაობს, შფოთავს, ისე რომ, თვითონაც ვერ ხვდება ამას. საკუთარ გამოხდომებს ისინი ბუნებრივად თვლიან. ისინი უსირცხვილოდ ლაპარაკობენ, შემდეგ კი იტყვიან: „მე მას უბრალოდ ასე ვუთხარი“. ახალგაზრდობა ამა სოფლის სულის გავლენის ქვეშ მოექცა, რომელიც არავის სცნობს და არც პატივს მიაგებს. უმცროსები უფროსებს უპატიოდ ექცევიან და არც ესმით, რამდენად ცუდია ეს. კარგს რას უნდა ელოდე, როდესაც იმისათვის, რომ მკვეთრად ინდივიდუალური გამოჩნდეს, ახალგაზრდა აცხადებს, რომ უფროსებისადმი პატივისცემა დრომოჭმული ჩვეულებაა?! დიდი ყურადღებაა საჭირო. თანამედროვე ერული სული ყმაწვილებს კარნახობს: „ნუ უსმენთ მშობლებსა და მასწავლებლებს“. ამიტომ ახლანდელი ბავშვები, უმცირესი ასაკიდანვე, უარესნი და უარესნი ხდებიან. ყველაზე მეტად კი ის ბავშვები ირყვნებიან, რომელთა მშობლები აღტაცებას გამოთქვამენ თავიანთი შვილების მიმართ, „ვუნდერკინდებს“ უწოდებენ მათ, როცა ისინი უსირცხვილოდ აქებენ და ანებივრებენ.

ერთხელ ჩემთან სენაკში მოვიდა მამა - ცხრა-ათი წლის შვილთან და იმავე ასაკის ძმისშვილთან ერთად. ერთი ბიჭი მარჯვნივ დავისვი, მეორე - მარცხნივ. მათზე ადრე ჩემთან მოვიდა ნაცნობი მხატვარი - ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის შესანიშნავი ოსტატი, რომელსაც ერთ წუთში შეუძლია ნატურიდან ხატვა. „დიონისე, დახატე ბავშვები ისე, როგორც ისინი ჩემს გვერდით სხედან“. - ვთხოვე მე. „ვცდი, - მომიგო მან, - მაგრამ არ ვიცი, როგორ გამომივა, იმიტომ, რომ ისინი აქეთ-იქით ტრიალებენ“, ფურცლის აღება და ხატვის დაწყება ძლივს მოასწრო, რომ ერთი ბავშვი წამოხტა და „პატივი მიაგო“ მას: „ახლა ვნახავთ, შენ ბოთე, რას ხატავ მანდ!“ - ირგვლივ კი ქვეყნის ხალხია! მაგრამ ახალგაზრდა კაცი ოდნავადაც არ შემცბარა. - „ასეთები არიან ახლანდელი ბავშვები, მამაო“, - მითხრა მან და ხატვა განაგრძო. მე სისხლი თავში ამივარდა, ბავშვის მამა კი ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა! შენი შვილები ასე ეთავხედებიან ოცდაათი წლის ადამიანს, რომელიც მათ ხატავს! რა უსირცხვილობა და უპატივცემულობაა! და რამდენი რამ ამის გარდა... რა საშინელებაა! და წარმოიდგინე, რომ ამ ბავშვებიდან რომელიმემ ბერობა მოინდომოს! იმისათვის, რომ ასეთი ბავშვი ნამდვილი ბერი დადგეს, დიდი მუშაობაა საჭირო. დედების უყურადღებობა ანადგურებს შვილებს. ყველაფრის საფუძველი მატერიალურია. რუსეთში რომ ცოტა მაინც შეიცვალა რაღაც, მხოლოდ იმიტომ, რომ დედებმა საიდუმლოდ შეინარჩუნეს რწმენა, ღვთისმოსაობა და ამით ეხმარებიან შვილებს. საბედნიეროდ, ჩვენშიც - ქრისტიანულ ოჯახებში შემორჩა საფუარი. სხვაგვარად დავიღუპებოდით.

- წმიდაო მამაო, ასე გაზრდილი ბავშვები შეძლებენ, მომავალში ბერები გახდნენ, თუკი როდესმე ამის სურვილი გაუჩნდებათ?

- თუ გააცნობიერებენ, რომ ცუდად იქცეოდნენ, ქრისტე შეეწევა მათ. თუ ადამიანში კეთილი მღელვარება იჩენს თავს, შეგვიძლია, საკითხი დახურულად ჩავთვალოთ. მაგრამ რა გამოსწორება შეიძლება ეწოდოს იმას, რომ მას შემდეგ, რაც ეს ბავშვები ბერები ან მონაზვნები გახდებიან, ძველებურად მართლად თვლიან საკუთარ თავს და იღუმენზე ან იღუმენიაზე ამბობენ: „რა დიქტატორი გვყავს! სად ნახულა, რომ ჩვენს ეპოქაში ასეთი რამ ხდებოდეს?!“. ზოგიერთი მონაზონი იქამდეც მიდის, რომ ასეთ სისულელეს მელაპარაკება. თანდათანობით პატივისცემა სრულიად იკარგება, ჩემთან, სენაკში ახალგაზრდა ყმაწვილები მოდიან, სხედან ფეხი ფეხზე გადადებულები და მოხუცებისათვის დასაჯდომი არ არის, სხვებს კი ორ ნაბიჯზე რომ ჯირკი დაინახონ, იქამდე მისვლა და მოტანა ეზარებათ, რომ ჩამოსხდნენ. თვითონ მომაქვს ხოლმე მათთვის დასაჯდომად ჯირკები. თუ ნახავენ, რომ მე მომაქვს, არც კი მოვლენ და გამომართმევენ. წყურიათ და რამდენიმე მეტრს ვერ გაივლიან, რომ თვითონვე აიღონ წყალი, მე თვითონ უნდა მოვბრუნდე მეორე გზაზე და მოვუტანო. არა, ნამდვილად მანცვიფრებს: მოდის ოცდაათი ჯანმრთელი ყმაწვილი, ხედავენ, რომ წელში მოხრილს მომაქვს დიდი ყუთით ტკბილეული, წყალი - ბიდონით, ჭიქები, რომ თვით მათვე დავალევინო და არც ერთი მათგანი არც კი გაინძრევა, რომ მომეშველოს. ხოლო ხანშიშესული გენერალი, მათ გვერდით რომ ზის, მოდის და მეხმარება! ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ათონის სენაკში ისევე უნდა მოემსახურო მათ, როგორც ოფიციანტი რესტორანსა და სასტუმროში. ხუთ-ექვსჯერ ასეთი რამეც ჩავიდინე: წყალი წვალებით ავავსე, ბიდონი მივიტანე და მათ ცხვირწინ დავღვარე. თანაც ვუთხარი: „ყმაწვილებო, წყლის მოტანა შემიძლია, მაგრამ არა მგონია, ეს თქვენთვის სასიკეთო იყოს“.

ქალაქის ტრანსპორტში ნახავ, როგორ სხედან ბავშვები, ხანშიშესულები კი - დგანან. ახალგაზრდები ფეხი-ფეხზე გადადებულები წამომსხდარან, მოზრდილი ადამიანები კი დგებიან, რომ მოხუცებს ადგილი დაუთმონ. ახალგაზრდა თავის ადგილს არ დათმობს. - „ამ ადგილისთვის ფული გადავიხადე“. - ამბობს იგი. სხედან და ყურადღებას არავის აქცევენ. და როგორი სული იყო ძველ დროში! ვიწრო ქუჩების ორივე მხარეს ქალები ისხდნენ და თუ მღვდელი ან ხანშიშესული ადამიანი ჩაივლიდა, ყველა ფეხზე დგებოდა და ბავშვებსაც ამას ასწავლიდნენ.

ხშირად მიპყრობს გულისწყრომა! როდესაც ვუყურებ, როგორ საუბრობენ ხანშიშესული, დამსახურებული ადამიანები, ხოლო ახალგაზრდა თავხედები ერევიან საუბარში, ყოველგვარ სისულელეს ლაპარაკობენ, აწყვეტინებენ საუბარს და ყოველივე ამას მიღწევად თვლიან. ვანიშნებ, რომ შეწყვიტონ, ისინი კი ამას ყურადღებასაც არ აქცევენ. რომ გააჩერო, იძულებული ხარ, ქვეყნის სასაცილო გახადო ისინი. - სხვაგვარად თავისას განაგრძობენ. არც წმ. მამებთან და არც პატერიკებში არსად წერია, რომ ახალგაზრდები ასე უნდა იქცეოდნენ უფროსებთან. ძველ დროში უმცროსები უფროსების თანდასწრებით ჩუმად იყვნენ და უხაროდათ კიდეც ეს. ისინი არც კი სხდებოდნენ იქ, სადაც უფროსები ისხდნენ. იმ ეპოქის ყმაწვილები მორცხვობით, კრძალულებით, ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ, უფროსებთან საუბრისას წითლდებოდნენ. იმ დროის ბავშვებს მშობელი რომ გაელანძღა, ის ბაზარში ვეღარ ჩნდებოდა სირცხვილისაგან! ჩვენთან, წმ. მთაზე კი, თუ ბერს ჯერ წვერი არ გასთეთრებოდა, გუნდურ გალობაში ვერ მონაწილეობდა. ახლა კი გუნდში მორჩილებიც არიან და მორჩილობის კანდიდატებიც... კარგი, რაც არის არის, მაგრამ უფროსებისადმი პატივით და ღვთისმოსაობით მოპყრობა მაინც უნდა ისწავლო.

შეიძლება ასეთი რამ მოისმინო: ათონიადის მოსწავლე ეპისკოპოსის ხარისხში მყოფ რექტორს უცხადებს: „მეუფე რექტორო, მე თქვენ თანასწორად გესაუბრებით“. დიახ, დიახ, აქამდე მიდიან! უარესი კი ისაა, რომ ამ ყმაწვილს ვერ გაუგია, რას აშავებს და ჯიუტობს: „რა ვთქვი ისეთი? არ მესმის“. იმის მაგიერ, რომ მეუფე რექტორს სთხოვოს: „მაპატიეთ, მაკურთხეთ, რომ ერთი მოსაზრება გამოვთქვა, შეიძლება, რასაც ვიტყვი, სისულელეა“... მოზარდი, ვითომც აქ არაფერიაო, აცხადებს: „შენ შენი აზრი გაქვს, მე კი - ჩემი“. გესმით? საუბედუროდ, ამ სულით სულიერი ცხოვრებაც განიმსჭვალა - მონაზვნობაც. გაიგონებ, როგორ ჩივიან მორჩილები: „მე ვუთხარი ამის შესახებ ბერს, მაგრამ მას ჩემი არ ესმის, თუმცა არაერთგზის შევახსენე“. კი მაგრამ, როგორ მოგიბრუნდა ენა, რომ „არაერთგზის“ გაგემეორებინა! შენ თითქმის ამას ამბობ: „ბერი არ გამოსწორდა!“ ეს ძალიან აკვირვებთ: „რა, ჩემი აზრის თქმის ნებაც აღარ მაქვს?!“ როცა ასეთი რამ გესმის, შეიძლება, აღშფოთდე. ბოლოს კი გეუბნება: „რატომ განაწყენდი, მომიტევე“. ე.ი. მე მას ის კი არ უნდა ვაპატიო, რაც თქვა, არამედ ის, რომ სისხლი თავში ამივარდა.

 

ადამიანები იქამდეც მივიდნენ, რომ ღმერთს განიკითხავენ

- წმიდაო მამაო, სხვათა განკითხვის ტრადიცია ყოველთვის არსებობდა, თუ მან მხოლოდ თანამედროვე ახალგაზრდობაში იჩინა თავი?

- არა, ადრე ასე არ იყო. ეს თანამედროვე ეპოქის სულია. ახლა განიკითხავენ ერისკაცებს, პოლიტიკურ და საეკლესიო მოღვაწეებს, მაგრამ არც ეს იკმარებს, წმიდანებსაც კი განიკითხავენ და იქამდე მივიდნენ, რომ უკვე თვით ღმერთის განკითხვა დაიწყეს. ზოგიერთი ამბობს: „ღმერთმა არ უნდა გააკეთოს ესა და ეს საქმე და უნდა გააკეთოს - ესა და ეს. ის ასე უნდა მოქცეულიყო და არა - ისე, იგი არასწორად მოიქცა“. გესმით, რას ტვირთულობენ? „ჩემო ძმაო, ეს შენ აჩვენებ მას რა გააკეთოს?“ „მერე რა, მე ჩემს აზრს გამოვთქვამ“. - გიპასუხებენ უსირცხვილოდ. ერულმა სულმა ბევრი სიკეთე გაანადგურა. ბოროტება ვითარდება და უწმინდურ, დამახინჯებულ მდგომარეობამდე, თვით ღვთისგმობამდეც მიჰყავს ადამიანები. ხალხი განიკითხავს ღმერთს და აზრადაც არ მოსდის, რომ ეს გმობაა. ხოლო ზოგიერთი ყოჩაღი, რომლისთვისაც ღმერთს არაფერი დაუშურებია, თუ ცოტაოდენი განსჯის უნარი მაინც აქვთ, სხვებზე იწყებენ ლაპარაკს: „ეს ვიღა პიგმეია, ეს ვინ ფეხმრუდია, ერთი ამას შეხედეთ!“ - და არავის ანგარიშს არ უწევენ. ერთხელ ჩემთან, სენაკში მოსულმა ერთმა ადამიანმა განაცხადა: - „ღმერთი ამ საკითხში ისე არ უნდა მოქცეულიყო, როგორც მოიქცა“. მე ვკითხე: - „შეგიძლია, ჰაერში თუნდაც ერთი პატარა კენჭი შეაჩერო? ცაზე რომ ვარსკვლავებს ხედავ, ეგენი ხომ სათამაშო ბურთები არ არის, ეგ თავბრუდამხვევი სისწრაფით მოძრავი, უდიდესი ზომის ციური სხეულებია, ამასთან, ისინი ერთმანეთს არ ეჯახებიან და არც კურსიდან გადადიან“. ის კი მპასუხობს: - „მე ვფიქრობ, რომ ამის სხვაგვარად მოწყობა იყო საჭირო“. ერთი უსმინე! განა ჩვენ ღმერთი უნდა განვიკითხოთ? უამრავი ლოგიკა გაჩნდა და ღვთისადმი ნდობა დაიკარგა. ასეთ ადამიანებს რომ უთხრა, მართლები არა ხართო, გიპასუხებენ: - „მაპატიე, მაგრამ ეს ჩემი აზრია. განა მე ამის უფლება არა მაქვს?“ რისი მოსმენა არ უწევს ღმერთს ჩვენგან. საბედნიეროდ, იგი ჩვენ სერიოზულად არ გვიყურებს.

ძველ აღთქმაში ლაპარაკია იმაზე, რომ ღმერთმა უბრძანა ებრაელებს, ქვეყნიდან ყველა ქანაანელი გაეძევებინათ. [6] რადგანაც მან ასეთი რამ ბრძანა, ჩანს, რომ წინასწარ განჭვრიტა რაღაც მაგრამ ებრაელებმა თქვეს: „ეს არ იქნება კაცთმოყვარული საქციელი, მოდი, დავტოვოთ ქანაანელები და ნუ გავწყვეტთ მათ“. მაგრამ დრო გავიდა და ქანაანელთაგან მათ უზნეობა შეითვისეს, კერპთაყვანისცემა ისწავლეს და კერპებისთვის საკუთარი შვილების შეწირვა დაიწყეს, როგორც ფსალმუნში [7] ვკითხულობთ ამას. ღმერთმა იცის, რასაც იქმს. ზოგიერთი კი უსირცხვილოდ კითხულობს: „რატომ შექმნა ღმერთმა ჯოჯოხეთის სატანჯველი?“ ადამიანი განკითხვას იწყებს და მაშინათვე კარგავს სულიერ მდგომარეობას. მას არა აქვს ღვთის მადლი, რომ რაღაცას ღრმად ჩასწვდეს, ანუ მიხვდეს, რატომ შექმნა ღმერთმა ესა თუ ის. განკითხვა ამპარტავნებაა, ეგოიზმი - აი, რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს „რატომ?“ და „რისთვის?“

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი ახალგაზრდა კითხულობს, რა საჭირო იყო ქრისტეს ჯვარცმა, ის რა, ჯვარცმის გარეშე ვერ იხსნიდა კაცობრიობასო?

- დიახ, მან ისინი ჯვარცმით იხსნა და ადამიანებს არ აწუხებთ ეს. მას რომ სამყარო სხვაგვარად ეხსნა? ზოგიერთი იმასაც ამბობს: „მამა ღმერთს არ უტანჯია, ეს ძემ შესწირა თავი მსხვერპლად“. მაგრამ, ჩემი აზრით, ნებისმიერი მამა ამჯობინებს საკუთარი თავი გაიღოს მსხვერპლად, ოღონდ შვილის მსხვერპლად შეწირვა არ გახდეს საჭირო. მამისთვის უმეტესი ტანჯვის მიმნიჭებელია იმის ნახვა, თუ როგორ ეწირება მსხვერპლად მისი შვილი, ვიდრე საკუთარი თავის შეწირვა. მაგრამ რას ეტყვი მას, ვისაც სიტყვა „სიყვარული“ არ ესმის?!

კიდევ ერთი კაცი მეკითხება: „ადამს ორი შვილი ჰყავდა, აბელი და კაენი. კაენის ცოლი საიდან მოვიდა?“ თუმცა, თუ ძველ აღთქმას წაიკითხავ, იქ წერია: „სეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა ძეები და ასულები“. [8] ხოლო კაენი ძმის მოკვლის შემდეგ მთებში გაიქცა, მან არც კი იცოდა, რომ ქალი, რომელიც ცოლად მოიყვანა, მისი და იყო. ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ადამიანები ერთი გვარ-ტომისანი ყოფილიყვნენ, რომ მათ შორის ბოროტება და დანაშაული არ ყოფილიყო, რომ ყველას ეთქვა: „ჩვენ ადამისა და ევას შვილები ვართ“ და ამით ადამიანური ბოროტება ალაგმულიყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, შეხედე, როგორ მტრობენ ერთმანეთს ადამიანები დღეს.

როგორ ვიტანჯები ასეთი ადამიანების გამო, ზემოთ რომ ვახსენე, როდესაც ჩემთან, სენაკში მოდიან ისინი! ბოლოს და ბოლოს (როდესაც ვნახავ, რომ საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს) ვეუბნები: - „თავი მტკივა და ასპირინი არა მაქვს“. ისინი კი გაბრაზებულები და განაწყენებულები მტოვებენ: - „ჩვენ იმხელა გზა გამოვიარეთ, ის კი ამბობს, თავი მტკივაო“. და არ ესმით, რომ თავის ტკივილს ვიმიზეზებ. ზოგი კი მთავაზობს: - „თუ გინდა, ასპირინს მოგიტან“.

 

უსირცხვილობა ღვთის მადლს განდევნის

დიდი ყურადღებაა საჭირო. მოურიდებელი და უყურადღებო საქციელი საღმრთო მადლის მიღებას აბრკოლებს. ადამიანებისადმი უპატივცემულობა ყველაზე დიდი დაბრკოლებაა პიროვნებისათვის, საღმრთო მადლის მისაღწევად. რაც მეტი პატივისცემით მოეპყრობიან ბავშვები მშობლებს, მასწავლებლებს, უფროსებს, მით მეტ საღვთო მადლს მიიღებენ. და თუ მოურიდებლები და გაუგონრები იქნებიან, საღვთო მადლი შესაბამისად დატოვებს მათ. ერულმა თავისუფლებამ განდევნა არა მხოლოდ ღვთისმოსაობა, არამედ ელემენტარული ერული თავაზიანობა. ზოგიერთ ყმაწვილს არ რცხვენია მამას დაუძახოს: „ჰეი, მამილო, სიგარეტი გაქვს? მე გამითავდა“. განა ადრე გაიგონებდი ასეთ „რამეს? მოზარდი თუ ეწეოდა, ამას მალულად აკეთებდა. ახლა კი - ვითომც არაფერი!.. ყოველივე ამის შედეგად როგორ არ დაკარგავენ ბავშვები ღვთის მადლს? თანამედროვე გოგონები მშობლების დასწრებით ყველაზე უკადრისი სიტყვებით ლანძღავენ ძმებს იმის გამო, რომ ისინი ეკლესიაში დადიან. მამა კი მხოლოდ დუმს. თმა ყალყზე დამიდგა, ეს რომ შევიტყვე. შემდეგ, მარტო დარჩენილმა საკუთარ თავს დავუწყე ლაპარაკი.

ერული გარემო და ერული მშობლები ღუპავენ შვილებს. გარემო ბავშვებზე დიდ გავლენას ახდენს. მოკრძალებული ბავშვი ცოტაა, გაბოროტებული, გულქვა ბაშვები კი ასეთებად იმიტომ ჩამოყალიბდნენ, რომ ურცხვად იქცეოდნენ. ძალიან ხშირად მოჰყავთ ჩემთან შვილები - მშობლებს და მეუბნებიან: „მამაო, ჩემს შვილს ეშმაკი დაეუფლა“. ამ დროს ვხედავ, რომ ამ ბავშვში ეშმაკი არ არის. ღმერთმა დაიფაროს?! ძალიან ცოტაა ეშმაკეული ბავშვი. ყველა დანარჩენი ეშმაკეულ ქმედებებს გარედან ითვისებს. მაგრამ ეშმაკი გარედანაც ახერხებს თავისი გააკეთოს. და საიდან იწყება ეს? - უტიფრობიდან, უფროსებთან უტიფარი საუბრით ბავშვები საკუთარი თავიდან ღვთის მადლს განდევნიან. ხოლო როდესაც ღვთის მადლი მიდის, მოდის ეშმაკი და ბავშვები უწესოდ, უმსგავსად იქცევიან. და პირიქით... ღვთისმოსავი, უფროსებისადმი პატივისმცემელი ბავშვები აუცილებლად მიიღებენ საღმრთო მადლს. ასეთ ბავშვებზე ღვთის კურთხევაა გადმოსული. ღვთისადმი რწმენა და უფროსების პატივისცემა იმდენად დიდ მადლს შემოუკრებს ხოლმე ბავშვს, რომ ამ მადლს იგი სხვასაც გადასცემს. ღვთის მადლი არ მიდის პატარა მეამბოხეებთან და უწესო ბავშვებთან, არამედ იგი ღვთისმოსავ, კეთილგონიერ, წესიერ ბავშვებს პოულობს. ბავშვი რომ წესიერი და ღვთისმოსავია, მას ეს ეტყობა. მისი თვალები ბრწყინავს. და რაც მეტ პატივისცემას ავლენენ მშობლებისა და საერთოდ - უფროსების მიმართ, მით მეტად იღებენ საღმრთო მადლს. მაგრამ, რაც უფრო მოურიდებელი და გაუგონარია იგი, მით მეტად კარგავს საღმრთო მადლს.

ბავშვი, რომელიც სხვების მიმართ პრეტენზიულია, რომელსაც ვერაფრით აამებ - ვერც ასე და ვერც ისე, მეამბოხედ, ეშმაკად იქცევა ხოლმე. დენიცას ხომ ის სურდა, რომ თავისი საყდარი ღვთის საყდარზე მაღლა დაედგა. აბა, დააკვირდით, ყველა ბავშვი, რომლის კაპრიზებსაც უსიტყვოდ ასრულებენ მშობლები, პატარა მეამბოხე ხდება. და თუ ისინი არ მოინანიებენ, არ მოინდომებენ, რომ გათავისუფლდნენ ამ მღელვარებისაგან, მათ რომ გონებას უბინდავს და კვლავ ურცხვად მოიქცევიან, მაშინ - ღმერთმა დაიფაროს! საღმრთო მადლი საერთოდ დატოვებს მათ. ისინი იქამდეც მივლენ, ღმერთზე აუგს იტყვიან, რის შედეგადაც მათ მოქმედებას ბნელი ძალები წარმართავენ.

 

„პატიცი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა“ [10]

სადამდე მივიდნენ ახლანდელი ბავშვები! ერთი სიტყვის მოთმენაც კი არ შეუძლიათ და როზგებს ვინ მოითმენს! ბავშვები თავხედები, ძალიან ეგოისტები და ნერვიულები არიან. ისინი ბოროტად იყენებენ თავისუფლებას. ბავშვი მშობლებს ემუქრება, პოლიციაში წაგიყვანთო. სულ ახლახან თხუთმეტი წლის მოზარდი ისე დაბოლდა, რომ მამამ კარგად გაასილაქა. მაშინ ეს ბიჭუნა პოლიციაში გაიქცა, მამას უჩივლა და ისიც გაასამართლეს! სასამართლოზე მან თქვა: - „თქვენ უსამართლოდ იქცევით. მე რომ ის არ დამესაჯა, ხომ ციხეში მოხვდებოდა და მის გამო თქვენ კი არა, მე შევწუხდებოდი“. ამ სიტყვებზე მან ხელი მოჰკიდა ამ ნორჩ „მოსარჩლეს“, ორი სილა სკიცა და თქვა: „აი, ამ სილებისათვის გამასამართლეთ და არა - იმისთვის. ახლა ჩამსვით ციხვში, იმიტომ, რომ ტყუილუბრალოდ ვცემე“.

იმის თქმა მინდა, თუ სადამდე დაეცნენ ბავშვები. ასეთია მათი ამჟამინდელი „მენტალიტეტი“. ადრე მშობლები გვლანძღავდნენ, ქამრითაც აგვაჭრელებდნენ ხოლმე, მაგრამ მათზე ცუდს არ ვფიქრობდით. ქამარსაც კი მშვიდად და მორჩილებით ვიღებდით. იმაზეც კი არ ვფიქრობდით, მართლა ძალიან დავაშავეთ თუ - არა. გვჯეროდა, რომ ეს ქამარიც ჩვენს სასარგებლოდ იყო. ვიცოდით, რომ მშობლებს ვუყვარდით, ისინი ხან გვეფერებოდნენ, ხან გვკოცნიდნენ, არც დასჯას გვაკლებდნენ, მაგრამ ყოველივე ეს სიყვარულიდან მომდინარეობდა. როცა მშობლები ფიზიკურად სჯიან ბავშვებს, მათი გული იტანჯება, ხოლო დასჯისას ბავშვები ტკივილს მხოლოდ ლოყაში გრძნობენ. შეიძლება, გულის ტკივილი უფრო ძლიერიც კია, ვიდრე - სილაქებისაგან. როგორც არ უნდა ექცეოდეს დედა შვილებს - ლანძღავდეს, სცემდეს თუ ეფერებოდეს, ყველაფერი დედის მოსიყვარულე გულიდან გამოდის, ხოლო ბავშვები, როდესაც უტიფრად იქცევიან, მშობლებს წინააღმდეგობას უწევენ და ღრიალებენ, ეს მათგან მადლს განაშორებს. ამის შემდეგ კი კანონზოძიერია, თუკი ისინი ეშმაკეულ ზემოქმედებას განიცდიან.

- წმიდაო მამაო, განა ვაი-მშობლები კი არ არსებობენ?

- კი, არსებობენ, და ასეთი მშობლების შვილებს ღმერთი ეხმარებათ. ღმერთი უსამართლო არ არის. ველური პანტაც ნაყოფითაა სავსე. ათონზე, ჩემი სენაკისკენ მომავალ გზაზე ველური ალუჩა ხარობს. ფოთოლიც კი არ ეტყობა, იმდენი ნაყოფი აქვს. სიმძიმისაგან ტოტები ემტვრევა, ხოლო კულტურული მცენარეები ხშირად ნაყოფს არც კი იძლევიან.

 

განხეთქილება თაობებს შორის

სამყარო საგიჟედ გადაიქცა. პატარა ბაეშვები დასაძინებლად შუაღამისას წვებიან, მაშინ, როცა მათ მზის ჩასვლისთანავე უნდა დაიძინონ. ისინი ცათამბჯენებში, ბეტონის კედლებში არიან გამომწყვდეულები და უფროსების განრიგით ცხოვრობენ. რა ვუყოთ ბავშვებს და რა ვუყოთ მშობლებს? მოდიან ბავშვვბი და მეუბნებიან: „მშობლები ვერ გვიგვბენ“. მოდიან მშობლები და მეუბნებიან: „ჩვენს შვილებს ჩვენი არ ესმით“. მშობლებსა და შვილებს შორის უფსკრფლი გაჩნდა და იმისთვის, რომ ის ამოივსოს, მშობლებმა შვილების ადგილას უნდა წარძოიდგინონ თავი და შვილებმა მშობლების ადგილას. თუ ბავშვები მშობლებს არ გაამწარებენ, როდესაც გაიზრდებიან და თვით გახდებიან მშობლები, აღარც მათი შვილები დატანჯავენ მათ. და პირიქით: ვინც მშობლებს არ უგონებს და ამწარებს მათ, თვითონაც ამგვარადვე დასტანჯავენ მომავალში თავისი შვილები, იმიტომ, რომ აქ საღვთო კანონები ამოქმედდება.

- ზოგიერთი ბავშვი წმიდაო მამაო, ამბობს, რომ ისინი მშობლების გადამეტებულმა სიყვარულმა ააცდინა გზას?!

- ისინი მართალნი არ არიან. თუ ბავშვს ღვთისმოსაობა აქვს, მას მშობლების სიყვარული ვერ გააფუჭებს, მაგრამ თუ მშობლის სიყვარულს ბავშვი ბოროტად იყენებს, იგი ირყვნება და იღუპება. თუ ბავშვს მშობლების სიყვარული აფუჭებს, ე.ი. არსებითად ის უკვე იყო გაფუჭებული. მას მადლობა უნდა ეთქვა ღვთისთვის, რომ მშობლების ასეთი სიყვარული მიემადლა და ამის მაგიერ უკმაყოფილოა, რომ კეთილად ექცევიან. ზოგ ბავშვს ხომ სულ არ ჰყავს მშობლები! როცა შვილს მშობლები კეთილისმყოფელებად არ მიაჩნია და არ უყვარს ისინი, მაშინაც კი, თუ მისი მშობლები ღვთისმოშიშნი არიან, მაშინ როგორღა ეყვარება ღმერთი, რომელიც მისი უდიდესი კეთილისმყოფელი და ყოველი ადამიანის მამაა? ღვთის უდიდესი ქველმოქმედების გაცნობიერება ხომ ბავშვურ ასაკში არც ისე ადვილია?!

 


[1] - აქ საინტერესო სიტყვათა თამაშია „παρρησίμα“ - თავისუფალი ქცევა, „Παρίσμι“ - პარიზი.

[2] - ამბა ისაკ ასურის შემოქმედებიდან.

[3] - შეად. ეფ. 5,33.

[4] - რომ. 13,7.

[5] - მათ. 18,15.

[6] - შეად. მეორ. 2,2 და ქვემოთ.

[7] - შეად. ფს. 105,37. „და დაუკლეს ძენი მათნი და ასულნი მათნი ეშმაკთა“.

[8] - შესაქმ. 5,4.

[9] - შესაქმ. 4,14-15.

[10] - გამოსვლ. 20,12.