მამა პაისი მთაწმინდელი

თავი მეორე

ქრისტიანის ყოფნა უკვე რწმენის აღმსარებლობაა

- წმიდა მამაო, რა სიკეთის გაკეთება შეუძლია ქრისტიანს სხვადასხვაგვარი საპროტესტო მოძრაობების დროს?

– თავად ქრისტიანის ყოფნა იქ, ეს უკვე რწმენის აღმსარებლობაა. შესაძლოა, ვიღაც უფრო მეტად დაეხმარებოდა ლოცვით, მაგრამ მის დუმილს გამოიყენებენ და იტყვიან: – „მავანმა და მავანმა არ გამოხატა პროტესტი, შესაბამისად, იგი ჩვენს მხარესაა, ისინი გვეთანხმებიან. თუ ვინმე ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას არ იწყებს – ე.ი. არ დაიწყებს იმის მხილებას, ვინც მორწმუნეებს აცდუნებს, ბოროტება კიდევ უფრო გაიზრდება. ამით კი მართალნი მცირედით მხნევდებიან. მართლაც, ვინც ებრძვის ეკლესიას, გაუჭირდება. ეკლესია მათი სასეირნო კატერი არაა, იგი ქრისტეს ხომალდია. ეს ადამიანები სასჯელს იმსახურებენ. მათ ერთადერთი ინტერესი მაღალი ხელფასის ქონა, მდიდრული მანქანა, გასართობებზე სირბილია... ამიტომაც იღებენ ისინი კანონებს სამოქალაქო ქორწინების შესახებ, აკანონებენ აბორტებს [1]. რა თქმა უნდა, უფალი არ დაუშვებს ბოროტის გამარჯვებას, მაგრამ ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ.

ისინი ღვთისმგმობელ ფილმებსაც იმიტომ უჩვენებენ, რომ ქრისტე შეურაცხყონ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თქვან: – „შეხედეთ, როგორი იყო ქრისტე! მესია მოვა ახლა!“ – და შემდეგ გამოაჩენენ თავიანთ „მესიას“. აქეთკენ მიჰყავთ მათ საქმე.

– ხალხს კი, წმიდაო მამაო, ამისი სჯერა და ირყვნება!

– ირყვნება გარყვნილი. ხოლო იმიტომ სჯერა ამის, რომ იმის გამართლება უნდა, რასაც გამართლება არ აქვს, რომ საკუთარი სინდისი დაამშვიდოს. ღვთის ამგვარი გმობით მიილტვიან, რომ გაამართლონ ზნეობრივი უწესობა. მათ ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბეს. მორწმუნეებმა საჩივარი შეიტანეს, რადგან ფილმი „ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი“ [2] შეურაცხყოფს რწმენას, პროკურორები კი ამბობენ: – „საშიში არაფერია“! მსგავს ღვთისგმობას ხომ ადრე ვერც გაიგონებდი. ჩვენთვის ამ ღვთისგმობი ფილმის მიმართ პროტესტი რწმენის აღმსარებლობა იყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, მთელი ამ ღვთისგმობიდანაც რაღაც კარგი ხდება: ღვარძლი გამოირჩევა ხორბლისაგან, მსოფლიო იცრება საცერში.

– წმიდაო მამაო, იქნებ ერთ შემთხვევაში თავს უნდა ვიცავდეთ, იქნება ეს პირადი თუ – საზოგადო, ხოლო მეორეში – არა? მაგალითად, თქვენ როცა გითხრეს, რომ ერეტიკოსი ხართ, უპასუხეთ, ხოლო სხვა ბრალდებებზე დადუმდით.

– ასე წმიდა მამები ლაპარაკობენ და არა – მე. ნებისმიერი სხვა ბრალდება სულიერ ცხოვრებაში მეხმარება, მაშინ, როცა ერეტიკოსაბში დადანაშაულება ქრისტეს მაშორებს“ [3].

 

ხალხი ცდილობს, მიიძინოს

– წმიდაო მამაო, როგორ გამოსწორდებიან ადამიანები იმ ყველაფერის გათვალისწინებით, რაც დედამიწაზე ხდება?

– ის, ვისაც გამოსწორება სურს, უმნიშვნელოთიც გამოსწორდება. მაგალითად, მიწისძვრა ჭაღს გააქანებს, ან თვითონ მას შეაჯანჯღარებს გვარიანად და ამ გზით ადამიანი გონს მოდის. ურწმუნოებს კი, როცა ესმით, რომ ომი ან რაიმე კატასტროფაა მოსალოდნელი, უფრო უარესები ხდებიან და ამბობენ: – „აბა, მოდი, მოვილხინოთ, სულ ერთია, მაინც მოვკვდებით“. და ეფლობიან სრულ თავაშვებულობაში. ძველ დროს თვით გულგრილი ადამიანებიც კი როდესაც იგებდნენ რომ ომი იქნებოდა, გონს მოდიოდნენ და თავიანთ ცხოვრებას ცვლიდნენ. დღეს ასეთები ძალიან ცოტანი არიან. ძველად ჩვენი ერი სულიერად ცხოვრობდა, ამიტომ ღმერთი აკურთხებდა მათ და წმიდანები სასწაულებრივად გვეხმარებოდნენ. ჩვენ ვიმარჯვებდით მტრებზე, რომლებიც რიცხვობრივად ყოველთვის აღგვემატებოდნენ. ახალ ვამბობთ, რომ მართლმადიდებლები ვართ, თუმცაღა, სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ „მართლმადიდებლის“ სახელს ვატარებთ და მართლმადიდებლური ცხოვრებით არ ვცხოვრობთ.

ერთ მოძღვარს, რომელიც საზოგადოებრივი საქმიანობით იყო დაკავებული, ვკითხე: „იცი, რაიმე ღვთისმგმობელ ფილმზე?“ მან მიპასუხა: – „არაფერი ვიცი“. არაფერი იცოდა, არადა, თავად დიდ ქალაქში მსახურობდა. ისინი ხალხს აძინებენ, ტოვებენ მას ისე, როგორც არის, რათა მან არ ინერვიულოს და გაერთოს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა, რომ ომი ან მეორედ მოსვლა იქნება და ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ, ვაითუ ხალხი განერვიულდეს! ანდა – ის მოხუცი ქალები, რომლებიც ისე ცხოვრობენ თითქოს სიკვდილი სულაც არ ელოდეთ, მოთქვამენ: – „არ ილაპარაკოთ სიკვდილზე, მხოლოდ – დღესასწაულებზე და ნათლობებზე“. და ამ გზით ცრუ სიხარულს განიცდიან. ისინი რომ დაფიქრდნენ იმ მოხუცზე, რომელიც აქვე ცხოვრობდა და გუშინ გარდაიცვალა, ანდა ზეგ რომ ვიღაც უფრო ახალგაზრდის დაკრძალვაა, მაშინ ისინი იფიქრებდნენ სიკვდილზე და იტყოდნენ: – „აღსარება უნდა ვთქვა, სულიერად უნდა მოვემზადო, იმიტომ, რომ შესაძლებელია, მეც მალე მიმიხმოს ქრისტემ საიქიო ცხოვრებაში“. თუ არა და, მოდის სიკვდილი და ისინი განუმზადებელნი მიჰყავს. სხვები არასწორად გაგებული სიკეთით ამბობენ: – „არ უთხრათ ერეტიკოსებს, რომ ისინი ხიბლში იმყოფებიან, რათა დავანახოთ ჩვენი სიყვარული“. და ასე ათანაბრებენ ყველაფერს. მათ რომ ქრისტიანობის პირველ წლებში ეცხოვრათ, ჩვენ არც ერთი წმინდანი არ გვეყოლებოდა! მაშინ ქრისტიანებს ეუბნებოდნენ: – „მხოლოდ საკმეველი დააგდე ცეცხლზე, ქრისტეს კი ნუ უარყოფ“. ქრისტიანები ამას არ აკეთებდნენ: – „თავი ისე დაიჭირე, თითქოს აგდებ“. მაინც არ აკეთებდნენ. – „არაფერი თქვა ქრისტეზე და წადი, სადაც გინდა, თავისუფალი ხარ!“ ქრისტიანები არც ამას იღებდნენ. დღეს კი, ხედავ, ხალხი წყალზე გადაირია! ის საფუარი აღარაა.

– წმიდაო მამაო, პავლე მოციქული სიტყვებიში: „ნაყოფი სულისა არს: სიყუარული, სიხარული““ იმას გულისხმობს, რომ სიხარული მართალი ცხოვრების დამამტკიცებელია?

– დიახ, იმიტომ, რომ არსებობს საერო სიხარული და არსებობს საღვთო სიხარული. როცა რაიმე არასულიერია, უსუფთაოა, გულში არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი სიხარული და სიმშვიდე. სიხარული, რომელსაც სულიერი ადამიანი განიცდის, ეს ის სიხარული არაა, რომელსაც დღეს მრავალი მიელტვის. არაა საჭირო სხვადასხვა რამის აღრევა. ჰქონდათ წმიდანებს ისეთი სახის სიხარული, რომელსაც ახლა ჩვენ ვეძიებთ? განა ღვთისმშობელს ჰქონდა ასეთი სიხარული? ქრისტე განა იცინოდა? რომელმა წმიდანმა იცხოვრა ამქვეყნად ტკივილის გარეშე? რომელ წმიდანს ჰქონდა ისეთი სიხარული, რომლისკენაც მიისწრაფის ჩვენი დროის მრავალი ქრისტიანი, რომელთაც არავითარი მტკივნეულის გაგონებაცკი არ სურთ? თუ მე გავურბივარ მღელვარებას, იმისათვის, რომ მხიარულად ვიყო, იმისათვის, რომ არ დამერღვას სიმშვიდე, იმისათვის, რომ მსუბუქად ვიყო, მაშინ მე გულგრილი ვარ! სულიერი სიმშვიდე ერთია, ხოლო გულგრილობის სიმსუბუქე – სულ სხვა. ზოგიერთები ამბობენ: – „მე ქრისტიანი ვარ და ამიტომ მხიარული და წყნარი უნდა ვიყო“. მაგრამ ეს არაა ქრისტიანობა. გასაგებია? ეს გულგრილობაა, ეს მიწიერი სიხარულია. ის, ვისშიც იმყოფება ეს მიწიერი საწყისი, არასულიერი ადამიანია. სულიერი ადამიანი თავიდან ბოლომდე ტკივილია, ანუ მას სტკივა იმის გამო, რაც ხდება, მას სტკივა ხალხის გამო. მაგრამ ამ ტკივილის ნაცვლად მას მიეცემა საღვთო ნუგეში. იგი გრძნობს ტკივილს, მაგრამ თავის თავში ასევე გრძნობს საღვთო ნუგეშს, რადგან უფალი სამოთხიდან გადმოუგდებს მის სულს კურთხევას და ადამიანი საღვთო სიყვარულისგან ხარობს. აი, რა არის სიხარული, სულიერი სიხარული – გამოუთქმელი და გულის წამლეკი.

 

მაგალითი თავად მეტყველებს საკუთარ თავზე

– წმიდაო მამაო, შეიძლება სულიერმა ადამიანებმა, რომლებიც ერში ცხოვრობენ, ურწმუნოთა წინაშე აჩვენონ, რომ მარხულობენ?

– თუ საუბარია ჩვენი ეკლესიის მიერ დადგენილ იმ მარხვებზე, როგორიცაა ოთხშაბათი, პარასკევი, მრავალდღიანი მარხვები, მაშინ – მართებთ, რადგან ეს რწმენის აღმსარებლობაა. თუმცაღა, სხვა მარხვები, მოსაგრეობით შესრულებული ქრისტეს სიყვარულის ან იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილ იქნას რაიმე სათხოვართან დაკავშირებით, საიდულმოდ უნდა აღესრულოებოდეს.

მიზანი ისაა, რომ მართლმადიდებლურად იცხოვრო და არა უბრალოდ მართლმადიდებლურად წერო ან ისაუბრო. ამიტომაც ხედავ, თუ მქადაგებელს არ აქვს პირადი გამოცდილება, მისი ქადაგება ვერ აღწევს გულამდე, ვერ ცვლის ადამიანებს.

– წმიდაო მამაო, ხოლო თუ მსმენელს ან მკითხველს კეთილიგანწყობა აქვს?

– ეჰ, მაშინ მას უკვე აქვს საღვთო მადლი და სწორდ ამიტომ იღებს სარგებელს. თუმცაღა, ის, ვისაც არ აქვს კეთილი განწყობა, მქადაგებლის სიტყვების გარჩევას დაიწყებს და ვერავითარ სარგებელს ვერ მიიღებს. მართლმადიდებლურად ფიქრი იოლია, მაგრამ იმისათვის, რომ მართლმადიდებლურად იცხოვრო, აუცილებელია შრომა.

როგორღაც ერთმა ღვთისმეტყველმა მოუწოდა ხალხს სისხლის ჩასაბარებლად წასულიყვნენ, რადგან ამის აუცილებლობა იყო. და მართლაც: მისმა ქადაგებამ მრავალი გამოაფხიზლა და ბევრი სისხლი ჩააბარეს. თავად მან, თუმცაღა არც ერთი წვეთი არ ჩაუბარებია, სისხლი კი, პირდაპირ ვთქვათ, ყელამდე ჰქონდა. ადამიანები მოხიბლა. – „მე, – უთხრა მაშინ მათ ღვთისმეტყველმა, – ჩემი ქადაგებით გამოვაფხიზლე ხალხი სისხლის ჩასაბარებლად, ეს იგივეა, თითქოს მე ჩამებარებინოს ყველაზე მეტი სისხლი!“ ასე იმშვიდებდა იგი სინდისს. ჯობდა, მას კი არ ექადაგა, არამედ წასულიყო, უხმაუროდ თავად ჩაებარებინა ცოტაოდენი სისხლი!

ცხოვრების წესს თავისი ღირსება აქვს. ერთმა ადამიანმა, რომელიც საერთოდ არ იყო ეკლესიასთან ახლოს, მითხრა: – „მე მემარჯვენეთაგანი ვარ!“ – „თუ პირჯვარს არ იწერ, ეს რა სიკეთეს მოგიტანს?“ – ვუპასუზე მე. – „რა ხეირია იმაში, რომ ხელი ითვლება მარჯვენად, თუ ის პირჯვარს არ იწერს? რითი განსხვავდება იგი მარცხენასაგან, რომელსაც პირჯვრის წერა არ შეუძლია და როგორც არ უნდა ეცადო, მას მაინც ვერ გააკეთებს. თუ შენ მემარჯვენეთაგანი ხარ, მაგრამ პირჯვარს არ იწერ, მაშ რით განსხავდები მემარცხენეებისაგან? მიზანი ისაა, რომ სულიერი ადამიანი იყო, ქრისტესთან ახლოს იცხოვრო. მაშინ სხვებსაც დაეხმარები.“

თუ ადამიანი მართალ ცხოვრებას ეწევა, მაშინ მისი საქმეები თავად მეტყველებენ. ერთ ქალაქში პროტესტანტი ცხოვრობდა, რომელიც ყველას განიკითხავდა: მღვდლებსაც და მეუფეებსაც. მახლობელ მონასტერში კი ერთი ბერი მოსაგრეობდა. ერთხელ მოხდა, რომ ათეისტმა ჰკითხა პროტესტანტს: – „ჰო, კარგი, ყველა მეუფეს, ყველა მოძღვარს განიკითხავ, ამ ბერზე რაღას იტყვი?“ –„ამ ბერს ვეთანხმები, – უპასუხა მან, – რადგან იგი ისეთი არაა, როგორიც დანარჩენები“. როგორ ეხმარება მორწმუნე ადამიანი სხვებს, სადაც არ უნდა იყოს, თუ იგი მართებულად ცხოვრობს! მახსოვს, ერთი ჩემი ნაცნობი იუგოსლავიელი პოლიციელი მსახურობდა საბერძნეთში. მეორე მხარეს იყვნენ სერბი კომუნისტები, რომლებიც უბრალო ვინმეები კი არ გახლდნენ, არამედ სწორედ უღვთოები – პარტიის ყველაზე უმეტესი ნდობით აღჭურვილი პირები. როდესაც საზღვარს მოძღვრები კვეთდნენ ხოლმე, ეს პოლიციელი მათ ხელებს უკოცნიდა. კომუნისტებმა ეს შეამჩნიეს. – „ბერძენი პოლიციელი და ხელებს უკოცნის სერბ მოძღვრებს! ამან კომუნისტებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და ისინი რწმენაზე დაფიქრდნენ.

ხოლო როგორ ეხმარებიან სხვებს ისინი, ვინც რაღაც საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებენ და ამასთან ქრისტიანული პრინციპების ერთგულნი არიან! ამიტომაც მე, როდესაც ზოგიერთი „დიდი ადამიანი“ ჩამოდის, ვცდილობ შვხვდე მას, რათა დავეხმარო იმიტომ, რომ მას პირადი მაგალითით შეუძლია სხვებზე ძალიან სასიკეთოდ იმოქმედოს. ერთი ჩემი ნაცნობი მარშალი მართლაც სამაგალითოა. რასაც არ უნდა აკეთებდეს იგი, ყველეფერი შინაგანიდან, გულიდან მოდის, არაა გარეგნული. სხვები მას რომ ხედავენ, ფიქრდებიან და გამოსწორდებიან ხოლმე.

იყო დრო, როდესაც ცნობილ წრეებშიც ჰქონდათ კეთილი საწყისი, რწმენა. იცით, რა უთხრა ერთ ქალაქში ვიღაც განათლებულმა ქალბატონმა პარლამენტის რომელიღაც წევრს? ქალი თავის მუღლესთან ერთად იყო სადილზე. მიძინების მარხვა იყო, სუფრაზე კი მოჰქონდათ ხორცი, თევზი... დიდგვაროვანი ქალი მარხულობდა და ამიტომ არაფერს ჭამდა. დეპუტატმა ეს შეამჩნია დათქვა: – „უძლურები და მოგზაურები მარხვას არ იცავენ“. – „რა თქმა უნდა, – უპასუხა ქალმა, – და განასაკუთრებით ისინი, ვინც ეტლით მოგზაურობენ“. მაინც არ მიკარებია საჭმელს. სადილზე სხვებთან ერთად ერთი ეკლესიის მსახურიც იყო, რომელმაც მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა: – „ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა“ და ა.შ. ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, უამრავი საქები რამ თქვა. მაშინ ქალის ქმარმა მას გააწყვეტინა და უთხრა: – „ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაი“. – იმიტომ, რომ ეს ადამიანი მათ წინაშე მლიქვნელობდა. მეორედ იმავე ქალმა უნივერისტეტის ღვთისმეტყველების ერთ პროფესორს უთხრა: „ნუ დაწვრილმანდებით და ნუ დატვირთავთ მოძღვრებს გამოცდებზე. ეცადეთ, რომ მათ ჩააბარონ ისინი, იმიტომ, რომ ეპარქიებში მღვდლები არ კმარა!“ მინდა ვთქვა, რომ ძველად ადგილობრივი დიდკაცობა წუხდა ეკლესიის გამო, ის ხალხისთვის მაგალთი იყო.

დღეს ხალხზე დადებით ზეგავლენას მოახდენს ჩვენი საკუთარი ქრისტიანული მაგალითი და ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. ქრისტიანები სულიერი მამაცობითა და ღირსეულობით, თავგანწირვით უნდა გამოირჩეოდნენ. ამიტომ ვეუბნები ერისკაცებს: –„გიყვარდეთ ქრისტე, გქონდეთ თავმდაბლობა, აღასრულეთ თქვენი ვალი და ქრისტე განაცხადებს თქვენს კეთილ საქმეებს ხალხში“. სათნოებას ერთი წესი აქვს: გათქვას ადამიანი, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი. თუნდაც იგი ქრისტესთვის სალოსობას ეფარებოდეს და მისი საშუალებით იმალებოდეს, გასცემს მას – მოგვიანებით მაინც და მის მიერ დაგროვილი საგანძური, რომელიც უკვე მთელი სისავსით გაიხსნება ყველას თვალწინ, კიდევ ერთხელ დაეხმარება უამრავ სულს და შეიძლება, იგი მათ კიდევ უფრო მეტად შეეწიოს.

 

ღმერთი ჩვენ გვითმენს

დღეს უფალი ითმენს იმას, რაც ხდება. ითმენს იმისათვის, რომ ბოროტ ადამიანს არ შეეძლოს გამართლება. ზოგიერთ შემთხვევაში უფალი ერევა კიდეც - თავად და დაუყოვნებლივ! სხვა შემთხვევებში იგი იცდის და მაშინვე არ აჩვენებს გამოსავალს. იგი ელის ადამიანთაგან თავმდაბლობას, ლოცვას, ბრძოლას. რაოდენი კეთილშობილება აქვს უფალს! ნებისმიერი ადამიანი ავიღოთ: რამდენი კაცი დიაჭრა სამოქალაქო ომში? და დღემდე ცოცხალია! იმქვეყნად უფალი ეტყვის მას: – „მე გაცხოვრე შენ უფრო დიდხანს, ვიდრე კეთილი ადამიანიები!“ ასეთ ადამიანს ცოდვის შემამსუბუქებელი მდგომარეობები აღარ ექნება.

- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ზოგჯერ ასეთი ადამიანები, ძალიან მძიმედ დასნეულებულები, არ კვდებიან?

– ჩანს, მძიმე ცოდვები აქვთ და ამიტომაც არ კვდებიან. უფალი ელის, იქნებ მათ შეინანონ.

- იმ ხალხს რა ეშველება, ვისაც ისინი ტანჯავენ?

- ისინი, ვინც უდანაშაულონი არიან და იტანჯებიან, შემნახველი სალაროს წიგნაკისთვის ინახავენ თანხას. ხოლო ისინი, ვინც დამნაშავენი არიან, ვალებს იხდიან.

– წმიდაო მამაო, რას ნიშნავს: „უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძვირესისა მიმართ, აცთუნებდნენ და სცთებოდიან” [7].

– შეხედე: არიან ერთგვარი ეგოიზმით შეპყრობილი ადამიანები და უფალი უბიძგებს მათ, რომ ქვევით გადაინაცვლონ. სხვა ადამიანებს ეგოიზმი ცოტა უფრო მეტად აქვთ, და უფალი მათ კეფაში უბიძგებს, რათა კიდევ უფრო დაბლა დაეშვან. თუმცაღა მათ, ვისაც სატანური სიამაყე აქვს, უფალი არ ეხება. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ეს ადამიანები ჰყვავიან, მაგრამ რა აყვავებაა ეს? ეს შავი აყვავებაა. და შემდეგ ისინი ეცემიან არა უბრალოდ დაბლა, არამედ პირდაპირ უფსკრულში, ღმერთო დაგვიფარე!...

 

მართლის დაცვა

– წმიდაო მამაო, ერთ საგალობელში იგალობება: „იღვაწებენ მართალნი მრისხანებითა...“ [8]

– გალობენ და მრისხანებენ ჭეშმარიტი ტკივილისაგან, როდესაც აწყენინებენ სხვებს, – ეს „მართებული რისხვაა“. მრისხანება, როდესაც თავად შენ გაწყენინებენ, – ეს არაწმინდა მრისხანებაა. თუ ხედავ, რომ ვიღაც სიწმინდის კარნახით იტანჯება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას საღვთო შური აქვს. ქრისტესთვის სალოსს ამით გამოიცნობ. თუ ვინმე აიღებს, მაგალითად, ხატს და მის წინაშე თავდაყირა დადგება, ეს ქრისტესთვის სალოსი მაშინვე მივარდება მას! ასეთი „ტესტი“ სალოსებისთვისაა. ასე რომ, მართებულიც არის, ღვთისთვის აღშფოთება და მხოლოდ ასეთი აღშფოთებაა ადამიანში გამართლებული. როდესაც მოსემ დაინახა, როგორ წირავდ ამსხვერპლს ხალხი ოქროს ხბოს, იგი განრისხდა, მიწაზე დაანარცხა მცნებებიანი ფილები, რომელიც მას უფალმა მისცა და ისინი დაიმსხვრა [9]. ფინეზმა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შვილიშვილმა, ორი მკვლელობა ჩაიდინა, უფალმა კი დაადგინა, რომ მისი გვარიდან ისრაელის მღვდლები გამოსულიყვნენ! როდესაც ფინეზმა დაინახა, როგორ სცოდავდა ებრაელი ზამვრია მიდიანელ ხაზვიასთან მოსეს და ყველას წინაშე, მან თავი ვეღარ შეიკავა. ხალხის მიერ აღძრულმა დახოცა ისინი და უფლის რისხვა დაწყნარდა. მას რომ ორივე არ დაეხოცა, მაშინ ღვთის რისხვა მთელ ებრაელერზე მოაწევდა [10]. რა საშინელებაა! მე, როდესაც ფსალმუნში ვკითხულობ საგალობელს: – „დადგა ფინეზ და ლხინება-ჰყო და დააყენა სრბაი“! მრავალჯერ ვეამბორები მის სახელს. და ქრისტემაც, როდესაც დაინახა, რომ ტაძრის ეზოში ყიდდნენ ცხვრებს, მტრედებს, ხარებს, დაინახა გადამცვლელები, რომლებიც ფულს ცვლიდნენ, შოლტი აიღო და განდევნა ისინი [12].

როდესაც სულიერი ადამიანი აღშფოთებული მიილტვის, დაიცვას საკუთარი თავი რაიმე პირად საკითხთან დაკავშირებით, ეს მთლიანად ეგოისტურია, ეს ეშმაკის მოქმედებაა. ასეთი ადამიანი გარედანვე ემორჩილება ეშმაკის ზემოქმედებას. თუ ვინმეს აწყენინებენ ან ვინმეს დასცინიან, მას უნდა იცავდნენ სხვები; სამართლიანობის გამო დაიცვან და არა – პირადი სარგებელისათვის. ღმერთმა ნუ ქნას, საკუთარი თავისთვის იჩხუბო! სხვა საქმეა, წინ აღუდგე მაწყენართ, რათა დაიცვა სერიოზული სულიერი საკითხები, ის, რაც ეხება ჩვენს რწმენას, მართლმადიდებლობას. ეს შენი ვალია. სხვებზე იფიქრო და წინააღმდეგობა გაუწიო იმისათვის, რომ ისინი დაიცვა, - ეს სუფთაა, რადგან ეს სიყვარულით კეთდება.

ერთხელ როდესაც სინაზე ჩავედი, კვირაში ერთი-ორჯერ საზიარებლად მონასტერში დავდიოდი ხოლმე. იქ დიკეოსი [13] ძალიან უბრალო ადამინი იყო. ერთხელ იგი მეუბნება: – „არა, არა, ყოველ კვირას არ შეიძლება. ბერები წელიწადში ოთხჯერ უნდა ეზიარებოდნენ“. მაშინ მათ წესად ჰქონდათ, იშვიათად ზიარებულიყვნენ. მე კუნკულზე თავსაბურს ვიხურავდი. – „კუნკულიც არ ატარო“, - მითხრა მან. იგი კუნკულს მხოლოდ დღესასწაულის დროს იხურავდა, – „როგორც მაკურთხებთ“. – ვუპასუხე მე და თავსაბურს მხრებზე მოხურულს, შარფივით ვატარებდი. მეტად ეს საკითხი აღარ მაღელვებდა. ამის გამო, განა უნდა მეჩხუბა? მაგრამ წმიდა ზიარებისათვის ყოველთვის ვემზადებოდი და ეკლესიაში მივდიოდი. როდესაც მღვდელი წარმოთქვამდა: „შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით...“ – მე თავს ვხრიდი და ვამბობდი: –„შენ, ქრისტე ჩემო, იცი, როგორი წყურვილი მაქვს შენს საიდუმლოსთან ზიარებისა...“ და მე განვიცდიდი ესოდენ საგრძნობ ცვლილებას, რომ არ შემეძლო დაბეჯითებით მეთქვა, შემეძლო კი მე განმეცადა ის იმ შემთხვევაში, თუ ვეზიარებოდი. გავიდა რამდენიმე თვე, მონასტერში მოვიდა ოთხი თუ ხუთი ყმაწვილი, რომლებიც სინაზე ჩემს გამო ჩამოვიდნენ. მათაც უთხრეს, არ ზიარებულიყვნენ. აი, მაშინ კი მე ავლაპარაკდი ამაზე და საკითხიც მოგვარდა.

 

ენაბილწობის საწინააღმდეგოდ

– წმიდაო მამაო, წმიდა წერილი გვასწავლის, რომ სულიწმიდის გმობა არ მიეტევება ადამიანს [14]. რა გმობაა ეს?

– სულიწმიდის გმობა – ეს არის სიძულვილი, ყოველივე იმის მიმართ, რაც საღვთოა, (რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი საღ გონებაზე იმყოფება). ეს დანაშაულია. მაგალითად, როდესაც ერთმა მითხრა: – „წადი შენი ღმერთებიანად...“ – მე მას ხელი ვკარი და საკადრისადაც მოვცხე, რადგან ეს ღვთისგმობა იყო. ანდა, მაგალითად, ჩაივლიან ეკლესიასთან ორნი. ერთი პირჯვარს იწერს დამეორეს ეუბნება: – „მეგობარო, შენც გადაიწერე...“. ის კი ეწინააღმდეგება: „თავი გმანებე, გამომივიდა მასწავლებელი, რა პირჯვარი უნდა გადავიწერო!“ ასეთია სიძულვილი – გმობა. შესაბამისად, ღვთისმოსავი ადამიანი გმობაში არ ჩავარდება. უტიფრობა – ესეც ღვთისგმობაა. იმისათვის, რომ თავისი დაცემა გაამართლოს, უტიფარი ამახინჯებს ან ფეხქვეშ თელავს რაიმე, მაგალითად, სახარებისეულ ჭეშმარიტებას. იგი არ სცემს პატივს ჭეშმარიტებას, არ სცემს პატივს სინამდვილეს, იგი შეგნებულად აფუჩეჩებს მას, იგი სიწმიდეს ნაგავში მალავს. და ნელ-ნელა ეს უკვე მისი მდგომარეობა ხდება. შემდეგ ამის გამო მას მადლი განეშორება, და ადამიანი იწყნარებს ეშმაკისეულ ზემოქმედებას. სადამდე მივა იგი, თუ არ შეინანებს!... ღმერთო დაგიფარე!... თუ ვინმე მრისხანებით დაგმობს თუნდაც სულიწმიდას, მაშინ ეს ღვთისგმობა არ გვევლინება შეუნდობლად, რადგან ადამიანს თვითონაც არ სჯეროდა იმ ლანძღვისა, რაც მან წარმოთქვა. მან იგი თქვა იმიტომ, რომ იმწამში – მრისხანებაში, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. მონანიებით იგი ამას ასევე მაშინვე ინანიებს. ხოლო უტიფარი ტყუილს იმიტომ ამართლებს, რომ გაამართლოს თავისი დაცემა. ის, ვინც ამართლებს თავის დაცემას, ამართლებს ეშმაკს.

– წმიდაო მამაო, თავის დაცემას როგორღა ამართლებს იგი?

– მას შეუძლია, ათი წლის წინ სხვა საბაბით ნათქვამი რაიმე გაიხსენოს და ის თავის გამართლების მაგალითად მოიყვანოს. იმ წამში ეშმაკიც კი – უდიდესი ადვოკატი – ვერ შეძლებდა მსგავსი რამ მოეფიქრებინა.

– და რას გრძნობს ასეთი ადამიანი?

– რას გრძნობს? მას არანაირი მოსვენება არ აქვს. ასეთ დროს მასაც კი, ვინც მართალია და ცდილობს, თავი გაიმართლოს, არ აქვს მოსვენება. მით უმეტეს, თუ იგი არ არის მართალი და თავს უსირცხვილოდ იმართლებს. ამიტომ, რამდენადაც შესაძლებელია, მოვერიდოთ უტიფრობას და ზიზღს და – არა მარტო საღვთოსადმი, არამედ ჩვენი ახლობლებისადმიც, რადგან ჩვენი ახლობელი - უფლის ხატია. უტიფარი ადამიანები სულიწმიდის გმობის პირველ სტადიაში იმყოფებიან. მეორე სტადიაში ისინი არიან, ვისაც ეზიზღება საღვთო. მესამე სტადიაში ეშმაკები იმყოფებიან.

– წმიდაო მამაო, რა უნდა გავაკეთოთ, როცა რაიმეს ამბობენ ეკლესიის ან მონაზვნობის წინააღმდეგ და ა.შ?

– დავიწყოთ იქიდან, რომ თუ ვინმე ცუდად ლაპარაკობს, მაგალითად, შენზე, როგორც პიროვნებაზე, ეს არაა საშიში. დაფიქრდი: „ქრისტეს, რომელიც იყო ქრისტე, შეურაცხყოფდნენ და იგი არ პასუხობდა, და რისი ღირსი ვარ მე ცოდვილი?“ პირადად ჩემი შეურაცხყოფა რომ ნდომებოდათ, ეს საერთოდ არ ამაღელვებდა. მაგრამ როდესაც შეურაცხმყოფენ როგორც ბერს, ამით შეურაცხოფენ მონაზვნობის მთელ ინსტიტუტს, რომლის განუყოფელი ნაწილიც მე ვარ, ამ შემთხვევაში არ უნდა ვდუმდე. ასეთ შემთხვევებში შეურაცხმყოფელთ უნდა მისცე საშუალება ცოტა ილაპარაკონ, ხოლო შემდეგ ერთი-ორი სიტყვა უთხრა. ერთხელ ავტობუსში ერთი ქალი ლანძღავდა მღვდლებს. მე მას ვაცალე ლაპარაკი, როდესაც გაჩერდა, ვუთხარი: – „ჩვენ ბევრი პრეტენზიები გვაქვს მღვდლებთან, მაგრამ ისინი ხომ უფალს ზეციდან პარაშუტით არ გადმოუყრია? მათ ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეები აქვთ. მაგრამ აი, რა მითხარი: ისეთი დედა, როგორიც შენ ხარ – შეღებილი და ქორისფრჩხილებიანი, როგორ ბავშვს გააჩენს და როგორ გაზრდის მას? და როგორი მოძღვარი ან ბერი გახდება იგი, როცა გაიზრდება, თუ საერთოდ გახდება?“ მახსოვს, მეორედ, როდესაცს ავტობუსით ვმგზავრობდი ათენიდან იანინაში, ერთი კაცი მთელის გზა განიკითხავდა მიტროპოლიტს, რომელმაც მაშინ იქ რაღაც ჩაიდინა. მე მას ერთ-ორი სიტყვა ვუთხარი, შემდეგ კი ვილოცე. იგი თავისას აგრძელებდა. როდესაც იანინაში ჩავედით და ავტობუსიდან ჩამოვედით, იგი გვერდზე გავიხმე და ვუთხარი: – „იცი, ვინ ვარ?“ – „არა“ – მიპასუხა მან. – „მაშ, რას დამჯდარხარ და ყბედობ? იქნებ მე იმათზე უარესი ვარ, ვისაც ახლა ლანძღავდი, იქნებ სულაც წმიდანი ვარ? ზიხარ ჩემს წინ და ისეთ რამეებს ამბობ, რის ჩადენასაც ერისკაცების მხრიდანაც კი ვერ დავუშვებ, შეეცადე, რომ გამოსწორდე, თორემ სხვაგვარად მაგრად დაგკრავს ტვინში – ღვთისაგან! ისევ შენს სასარგებლოდ, რა თქმა უნდა. ვუყურებ და ვხედავ, რომ ერთიანად კანკალებს. როგორც იქ ამტყდარი აურზაურიდან მივხვდი, სხვებმაც შეიგნეს რაღაც.

სხვა შემთხვევაში ხედავ, როგორ შეურაცხყოფენ სიწმიდეს, გარშემომყოფნი კი დუმან. ერთხელ, მთაწმინდიდან გამოსული, შევხვდი გემზე ერთ უბედურს, რომელიც ფსიქიტრიულიდან გამოქცეულიყო წმიდა მთაზე. იგი გაუჩერებლად ყვიროდა და ლანძღავდა ყველას: ამასოფლის ძლიერთ, ხელისუფალებას, ექიმებს... – „რამდენი წელია, – ყვიროდა იგი – მაწვალებდნენ ელექტროშოკით და აბებით. თქვენ კი კარგად ხართ! რაც გინდათ, გაქვთ, მანქანები გაქვთ! მე კი თორმეტი წლისა გამაგზავნა დედაჩემმა ერთ კუნძულზე და მას შემდეგ უკვე ოცდახუთი წელია საგიჟეთიდან საგიჟეთში დავწანწალებ!“ იგი ლანძღავდა ყველა პარტიას, შემდეგ კი ქრისტეს და ღვთისმშობლის გმობა დაიწყო. ავდექი და ვუთხარი: – „გეყოფა! ნუთუ აქ ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არაა?“ ვხედავ: მისი თანამგზავრი ანერვიულდა, როგორც ჩანს – პოლიციელი და ოდნავ ჩამოქაჩა. ამ საწყალმა ყვირილითა და გმობით მთელი თავისი უბედურება ამოთქვა. და მე მის გამო გული მეტკინა. შემდეგ მომიახლოვდა, ხელზე მაკოცა და მეც ვაკოცე. იგი მართალი იყო. ჩვენ ყველანი – ვინ მეტად, ვინ ნაკლებად – პასუხისმგებელნი ვართ ამაზე. მეც ვიყავი ამ უბედურის გმობის მიზეზი. მე რომ სულიერი ადამიანი ვყოფილიყავი, მას განვკურნავდი.

როგორი იმედგაცრუებულნი იყვნენ ფარასელები [15], როდესაც გაცვლის დროს საბერძნეთში მიცურავდნენ გემით [16]. ორი მეზღვაური ერთმანეთში ილანძღებოდა და ქრისტესა და ღვთისმშობელს გმობდა. ფარასელებს ეს ძალიან უმძიმდათ. „ქრისტიანი ბერძნებიდა ქრისტესა და ღვთისმშობელს გმობენ?!“ მათ შეიპყრეს ღვთისგმობელნი და ზღვაში გადაყარეს. საბედნიეროდ, მათ ცურვა იცოდნენ და გადარჩნენ. ის კი არა, როდესაც ვიღაც ადამიანს შეურაცხყოფენ, ჩვენ მისი დაცვა გვმართებს, და მითუმეტეს – ქრისტესი! ერთხელ ჩემთან სენაკში მოვიდა ერთი ბიჭუნა – იგი კოჭლობდა, მაგრამ სახე განათებული ჰქონდა. „აქ, საქმე მთლად უბრალოდ არაა, რახან ასე აცისკროვნებს საღვთო მადლი!“ ვიფიქრე მე და ვკითხე მისი ამბავი. მან მიამბო, თუ რა დაემართა: ერთი უზარმაზარი პირუტყვი, თავს რომ ჭერს ურტყამდა, ქრისტესა და ღვთისმშობელს გმობდა, ბიჭი გასაჩუმებლად მივარდა, ამ მხეცმა კი ძირს დასცა, ფეხით გათელა და ფეხებიც დაუსახიჩრა. ამის გამო საწყალი დაკოჭლდა. აღმსარებელი! და რას უძლებდნენ აღმსარებელნიდა მარტვილნი!

– წმიდაო მამაო, ჯარში ზოგიერთ ღვთისმოსავ ახალგაზრდას უჭირს მათთან, ვინც ილანძღება. რა უნდა ქნან?

– აუცილებელია კეთილგონიერება და მოთმინება. უფალი დაეხმარება. ერთი რადისტი, რომელთან ერთადაც ვმსახურობდი, ყოფილი ექიმი, ურწმუნო იყო – ღვთისგმობი. იგი ყოველდღე მოდიოდა სამმართველო განყოფილებაში – ჩემთვის ტვინის გასაწყალებლად. მიყვებოდა დარვინის თეორიებს და მსგავს საძაგლობას – თავიდან ბოლომდე ღვთისგმობით გამსჭვალულს. ერთხელ დავალებაზე ვიყავით. ერთი დიდი ჯორი დატვირთული გვყავდა რაციებითა და საკაცეებით. როდესაც ძალიან მოლიპულ დამრეცზე ჩავდიოდით, მე ჯორის კუდზე მეკიდა ხელი, ექიმი კი აღვირში ქაჩავდა მას. და აი, რაღაც წამში საკაცეები ჯორს ყურებზე აწვება, და იგი – ერთიც! – და მაგრად მირტყამს უკანა ტლინკებით და უცებ მივფრინავ... მალე გონს მოვედი და მივხვდი, რომ ქვევით ვვარდები! მახსოვს მხოლოდ ის, რომ მოვასწარი დაყვირება: „დედოფალო ჩემო!” და მეტი არაფერი. დაცემის შედეგად აი, აქ – მთელი მკერდი გაშავებული მქონდა, ისე მაგრად დამარტყა ჯორმა. ექიმმა, უკან დაბრუნებული რომ დამინახა, თვალები დააჭყიტა. გავაგრძელეთ გზა. ცოტა მოშორებით ექიმმა ფეხი იღრძო ქვაზე, დავარდადა ადგომა არ შეეძლო. მაშინ აყვირდა: „დედოფალო ჩემო, ქრისტე ჩემო!“ მას ეშინოდა, რომ მტრებს არ შეეპყრო: – „ახლა მე ყველა დამტოვებს, მორჩა, დამთავრდა, რაღა მეშველება, ვინღა დამეხმარება?! – „არ ინერვიულო, – ვუთხარი მე, – მე დავრჩები შენთან.თუ დამიჭერენ, შენც დაგიჭერენ. შემდეგ საწყალი დაფიქრდა: „არსენს ჯორმა წიხლი ჩაარტყა, მას კი არაფერი დაემართა, მე კი ოდნავ წავიბორძიკე და უკვე სიარული აღარ შემიძლია!“ მალე იგი წამოდგა, მაგრამ კოჭლობდა და სიარულში ვეხმარებოდი. დანარჩენები წინ წავიდნენ. მან მიიღო გაკვეთილი და ამის შემდეგ გონს მოეგო. ადრე ყოველდღე გმობდა ღმერთს, ხოლო საშიშროების წუთებში ყვირილი დაიწყო: „დედოფალო ჩემო, დედოფალო ჩემო!“ მაშინვე დედოფალი გაახსენდა. აი, მეორე კი მოტოციკლეტისტი იყო ჯარში, ორჯერ მოიტეხა ფეხი და კვლავ აგრძელებდა ღვთისგმობას.

– თქვენ მას არაფერს ეუბნებოდით, წმიდაო მამაო?

– რა უნდა მეთქვა? მე არც ვამბობდი არაფერს, ის კი არჩერდებოდა, გმობდა ქრისტეს და ღვთისმშობელს – განგებ, რათა ჩემთვის ტკივილი მოეყენებინა. შემდეგ ამას მივხვდი და მხოლოდ ვლოცულობდი. და აი, – თუ ადრე ის და სხვები ბილწსიტყვაობდნენ არაფრის გამო, შემდეგ, როდესაც მათ რაღაც არ გამოსდიოდათდა უნდოდათ ლანძღვა, ენას იკვნენტდნენ! თუ ადამიანი ურცხვად ბილწსიტყვაობს, ღვთისმგმობელია, მაშინ უმჯობესია მოაჩვენო, რომ რაღაცით ხარ დაკავებული და არ გესმის მისი, თავად კი ილოცო. რადგან თუ იგი მიხვდება, რომ აკვირდები, შეუძლია, გაუჩერებლად იბილწსიტყვაოს. და შენ, ამრიგად, მისი უწმიდური სულით შეპყრობის მიზეზი გახდები. თუმცაღა, თუ ბილწსიტყვაობს არა უსირცხვილო, არამედ ადამიანი, რომელსაც სინდისი აქვს, და ბილწსიტყვაობს მავნე ჩვევის გამო, მაშინ შეგიძლია, მას რაიმე უთხრა. მაგრამ თუ მას აქვს არა მარტო სინდისი, არამედ ბლომად აქვს ეგოიზმიც, მაშინ ფრთხილად იყავი. არ ელაპარაკო მკაცრად, არამედ, რამდენადაც შეგიძლია – სიმდაბლითა და თანაგრძნობით. რას ამბობდა წმიდა ისაკი: – „შენი სათნოებების ძალით ამხილე შენი კეთილისმყოფელნი... შეუკარი მათ ბაგეები შენი მშვიდობით და შენი საკუთარი ბაგეების სიმშვიდითა და კრძალულებით, თავაწყვეტილები ამხილე შენი კეთილი ქმედებით, ხოლო უსირცხვილოთა გრძნობები შენს თვალთა შეკავებით“ [17].

 


1. 1980 წლის შუალედამდე საბერძნეთში ოფიციალურად მხოლოდ საეკლესიო ქორწინება ითვლებოდა.

2. მარტინ სკორსეზეს მიერ 1988 წელს გადაღებული ღვთისგმობელი ფილმი „ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი“ გარკვეული ხანი ათენის კინო-თეატრებში გადიოდა და ელადის ეკლესიის მორწმუნეთა მხრიდან საპროტესტო ქარიშხალი გამოიწვია, ისინი ფილმის აკრძალვას მოითხოვდნენ. მიუხედავად იმ ტკივილისა, რომელიც თიაქარის გამო სტანჯავდა, ბერი სხვა მთაწმინდელებთან ერთად ათონიდან თესალონიკში ჩავიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო საპროტესტო მიტინგში და მორწმუნეებს თავისი იქ ყოფნით ამხნევებდა.

3. იხ. წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი).

4. გალ. 5,22.

5. ფს. 145.

6. სამოქალაქო ომი 1946-1949 წლებში საბერძნეთის სამთავრობო ჯარსა და კომუნისტ მეამბოხეებს შორის.

7. ტიმ. 3,13.

8. ტროპარი პირველი მსოფლიო კრების მამათა მსახურების „აქებდითიდან“.

9. გამოსვლა 32, 1-20.

10. რიცხვ. 25, 1-15.

11. ფს. 105,30.

12. იოან. 2, 14-15.

13. სინას წმიდა ეკატერინეს მონასტერში დიკეოსი ჰქვია წმიდა ტაძარში უხუცეს ბერს, რომელიც ცვლის მთავარეპისკოპოსს მისი არყოფნის დროს.

14. მათ. 12,31.

15. ფარასი – კაპადოკიის დიდ სოფელი (მცირე აზია, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაა.

16. საუბარი ეხება მოსახლეობის გაცვლას 1924 წელს, რომლის შედეგადაც მცირე აზიიდან ბერძნები საბერძნეთში გადასახლდნენ, ხოლო საბერძნეთში მცხოვრები თურქები დაბრუნდნენ თურქეთში). ღირსი არსენი კაპადოკიელის და ბერი პაისის სამშობლო.

17. წმიდა ამბა ისააკ ასური. თხზულებანი.