მამა პაისი მთაწმინდელი

თავი მეორე - როგორ მოქმედებს ეშმაკი

ეშმაკი ცდილობს, მოღვაწე მწყობრიდან გამოიყვანოს

– წმიდაო მამაო, ზოგჯერ განსაცდელები ერთმანეთს მოჰყვება და ძალა აღარ შემწევს...

– გასწავლი, როგორ გაექცე ცდუნებას, მიიღებ ჩემს ნათქვქმს?

– დიახ.

– განსაცდელის თავიდან არიდების ერთადეთი საშუალება არის ის, რომ ეშმაკის მოკავშირე გახდე! რას იცინი? არ მოგწონს ეს საშუალება? აბა, მოდი და მისმინე...

ვიდრე ადამიანი იბრძვის, მას განსაცდელები და სირთულეები შეხვდება, და რაც უფრო მეტად შეეცდება განსაცდელებს თავია არიდოს, მით მეტად აღდგება მის წინაშე ეშმაკი. ზოგჯერ ჩვენი ცხოვრება სახარებისეული ცხოვრების საპირისპიროა, და ამიტომ, განსაცდელის საშუალებით, თუკი მას სწორად გამოვიყენებთ, შესაძლებელი ხდება, ჩვენი ცხოვრება სახარებისეულს შევუთანხმოთ.

– მე კი, წმიდაო მამაო, წვრილმანებში გავიჭედები ხოლმე და შემდეგ უკვე ამაღლებულისათვის მოღვაწეობა აღარ შემიძლია.

– ეს იგივეა, რაც ნაღმები, რომელთაც მტერი არმიის მწყობრიდან გამოყვანის მიზნით განალაგებს. ეშმაკი მოღვაწის მწყობრიდან გამოყვანას წვრილმანების საშუალებით ცდილობს, როდესაც ხედავს, რომ სხვაგვარად ვერას ავნებს მას. მაგრამ იცოდე, არსებობენ პატარა ეშმაკუნები, რომელთაც მცირეოდენი ბოროტება როდი მოაქვთ. ერთხელ სწორედ ასეთ პატარა ეშმაკუნას ჰკითხეს: „აბა, რისი გაკეთება შეგიძლია?“ „რისი?! – შეუბრუნა მან კითხვა –მკერავებთან და ხარაზებთან დავდივარ, ძაფებს ერთმანეთში ვურევ და მწყობრიდან გამომყავს ისინი!“ უდიდესი საცდურები წვრილმანებიდან წარმოიქმნება და არა მხოლოდ ჩვენს შორის, არამედ ზოგჯერ – სახელმწიფოების ურთიერთმიმართებაშიც კი. სულიერ ადამიანებს სერიოზული ცდუნებების მიზეზები არა აქვთ და მაშინ ეშმაკი საბაბად წვრილმანებს იყენებს, ის ადამიანს სულიერად ანგრევს ბავშვური სისულელეების საშუალებით და მის გულს ისეთად აქცევს, როგორადაც თვითონ სურს, რის შემდეგაც ადამიანი უგრძნობი ხდება.

– წმიდაო მამაო, რატომ ხდება, რომ თავდაპირველად ჩამოვაყალიბებ სულიერი ცხოვრების წესს, მოღვაწეობის განწყობა მაქვს, მაგრამ შემდეგ სწრაფად ვკარგავ კონტროლს საკუთარ თავზე და ძველს ვუბრუნდები?

– განა თავად არ იცი? ეშმაკი წინასწარ შეიტყობს, რომ შენ სულიერად შრომობ და ჩვენს „პროგრამას” მეორეზე „გადართავს“. როდესაც ჩვენთვის რაიმე წესს დავიდგენთ, ერთ კალაპოტში დავიწყებთ მოძრაობას, უეცრად მეორეში აღმოვჩნდებით. და უყურადღებობის გამო ამას მხოლოდ დღეების გასვლის შემდეგ ვხვდებით. აი, რატომაა, რომ მოღვაწე ყოველთვის ეშმაკის საწინააღმდეგოდ უნდა მიდიოდეს, ამის გარდა იგი გამოცდილი მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.

– ებრძვის სატანა იმ ადამიანს, რომელსაც საკუთარ თავზე ყურადღებით არ უმუშავია?

– სატანა საშუალო ადამიანებთან კი არა, არამედ მოღვაწეებთან მიდის, რათა განსაცდელში ჩააგდოს და მწყობრიდან გამოიყვანოს იგი, მტერი დროს არ დაკარგავს იმ ადამიანთან დახვეწილი ბრძოლით, ვინც საკუთარ თავზე თვითონვე არ მუშაობს დახვეწილად. ვინც მახათით კერავს, მახათით მკერავ ეშმაკს მოუვლენს, ხოლო დამწყებებს იგი დამწყებ ეშმაკს უგზავნის.

ფაქიზი სულის მქონე, ღვთისმოსავ და მგრძნობიარე ადამიანებს სიფრთხილე მართებთ, იმიტომ, რომ ეშმაკი თავის კუდს ახვევს მათ გარშემო, რომ კიდევ უფრო მგრძნობიარენი გახადოს ისინი და მოწყინებამდე და ღმერთო დაიფარე და – თვითმკვლელობამდე მიიყვანოს ისინი. თუმცა ეშმაკი გამუდმებით გვიბიძგებს, რომ დავუპირისპირდეთ და ვეჩხუბოთ მოყვასს, მაგრამ თვითონ დაპირისპირებაზე არასოდეს მიდის, დაუდევარს უმეტეს დაუდევრობაში აგდებს, ამშვიდებს მას ასეთი აზრებით: „შენ თავი გტკივადა ავად ხარ, არაფერი დაშავდება, თუ ლოცვაზე არ დადგები“.ღვთისმოსავს ეშმაკი კიდევ უფრო ღვთისმოსავად აქცევს, რომ მისი ამპარტავნება აღძრას და ანდა მის ძალებზე აღმატებული ღვაწლის აღებას აიძულებს, რომ ოდესღაც გულმოდგინე მოღვაწეს ძალები გამოეცალოს, შედეგად კი სულიერი იარაღი დაყაროს და დანებდეს. უწყალო გულის მქონეს ეშმაკი კიდევ უფრო უმოწყალოდ ხდის, ხოლო მგრძნობიარე ადამიანში უზომო მგრძნობელობას ნერგავს.

რამდენი ადამიანია, რომ ზოგი მგრძნობიარობის, ხოლო ზოგი – საკუთარი მორყეული ნერვების გამო უძილობისაგან უძლურდება, აბებს ყლაპავს და უშედეგოდ დადის ერთი საავადმყოფოდან მეორეში. დღეს ძნელად შეხვდები გაწონასწორებულ ადამიანს, ადამიანები აკუმულატორებად იქცნენ, უმრავლესობა პირდაპირ დაელექტროებულია. ხოლო ისინი ვინც აღსარებასაც არ ამბობენ, უმეტესად არიან მოქცეულნი ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ, რაღაც ეშმაკეულ მაგნიტიზმს ფლობენ, იმიტომ, რომ ბოროტი ბატონობს მათზე. მშვიდი გამომეტყველების მქონეს – ცოტას თუ შეხვდები, სულ ერთია ვინ იქნება: ყმაწვილი, გოგონა თუ ხანდაზმული ადამიანი. ეშმაკეულობა! იცი, რა არის ეშმაკეულობა? ეს ისაა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა რომ არ შეგიძლია.

 

ეშმაკი გამაყუჩებელ ნემსს გვიკეთებს

ერთ ექიმს, რომელიც ქირურგიული ოპერაციის დროს ანესთეზიის თემაზე საუბრობდა, ვუთხარი: „ეშმაკის ანესთეზიას ადამიანისათვის უმძიმესი შედეგები მოჰყვება, ხოლო ის, რომელსაც თქვენ აკეთებთ, ეხმარება მას“. ეშმაკის ანესთეზია იგივეა, რაც შხამი, რომლითაც გველი იწვევს ჩიტის ან კურდღლის პარალიზებას, რომ შემდეგ წინააღმდეგობის გარეშე შესანსლოს იგი. როდესაც ეშმაკს ადამიანის დამარცხება სურს, ის თავდაპირველად აგზავნის დემონ „ანესთეზიოლოგს“, რომ მან პირველ რიგში ადამიანი გააუგრძნობელჰყოს. შემდეგ უკვე თვით ეშმაკი მოდის და ნაწილ-ნაწილ ჭრის მას, რასაც უნდა იმას უზამს. მაგრამ ყველაფერს„ანესთეზიოლოგი“ იწყებს, რომელიც ნემსს გვიკეთებს და ჩვენს გულმავიწყობას იწვევს. მაგალითად, როგორც ბერებმა ჩვენ აღთქმა დავდეთ, რომ მოგვეთმინა დამცირება და ყვედრება, დავდეთ სხვა წმიდა აღთქმებიც, მაგრამ შემდეგ ხდება, რომ ეშმაკი შეგვაცდენს და იმის საწინააღმდეგოს ვაკეთებთ, რაც აღვუთქვით. ჩვენ ერთით ვიწყებთ და მეორეთი ვამთავრებთ. გავემართებით ერთი ადგილისაკენ და მეორე ადგილზე მივდივართ. ჩვენ უყურადღებონი ვართ. განა თქვენთვის ასეთი მაგალითები არ მომიტანია?

ადრე კონიცაში ბანკი არ იყო. ადამიანები სესხის ასაღებად იანინაში დადიოდნენ. მიმდებარე სოფლებიდან შეიკრიბებოდა რამდენიმე ადამიანი და სამოცდათორმეტ კილომეტრს ფეხით გადიოდნენ, რომ სესხი აეღოთ და მაგალითად – ცხენი ეყიდათ. მაშინ ცხენი თუ ჰყავდა კაცს, ოჯახის შენახვა შეეძლო: შეაბამდნენ ცხენს სხვის ცხენთან ერთად და ხნავდნენ. აი, სწორედ ამგვარად წავიდა ერთი გლეხი იანინაში, რომ ცხენი ეყიდა, მიწა მოეხნა და თოხზე მუშაობით აღარ გატანჯულიყო. მან მიიღო სესხი ბანკში და მერე ევროპულ სავაჭროებთან დაიწყო ყიალი. ერთმა ებრაელმა დაინახა იგი და შიგნით შეითრია. „აბა, ბიძაჩემო, შემოდი, ნახე, რა სილამაზეა!“ დაიწყო ებრაელმა ქსოვილების გადმოლაგება: „აიღე, კარგი ქსოვილებია, შენი ბავშვებისათვის იაფად გაგატან“. ეუბნებოდა ის. გამოვარდა ეს ყეყეჩი ერთი სავაჭროდან და მეორეში შევიდა. ახლა მეორე ებრაელმა დაუწყო: „აბა, ბიძაჩემო, შემოდი, შენთვის ყველაფერი იაფად მაქვს“. გადმოუდო წინ მთელი ხვეულები, გადაუშალა, უტრიალა. ბოლოს ამ ჩვენს დოყლაპიას თავბრუ დაეხვა, ამასთან, ცოტაოდენი ზნეობაც ჰქონდა: „აბა, რაღას ვიზამ, რაკიღა თაროებიდან გადმოიღო ქსოვილები, გახსნა კიდეც... და თითქოს ბავშვებისთვისაც იაფად მაძლევს“. მისცა ებრაელს ბანკში აღებული ფული და იყიდა მთელი ხვეულა ქსოვილი, მაგრამ ის დამპალი აღმოჩნდა. რად უნდოდა მთელი ხვეულა ქსოვილი?! ხვეულებით ქსოვილს მდიდრებიც კი არ ყიდულობენ, იმდენს იღებენ, რამდენიც სჭირდებათ. ბოლოსდაბოლოს დაბრუნდა სახლში დამპალი ქსოვილის ხვეულათი ხელში. ეკითხებიან: „სად არის ცხენი?“ ის კი პასუხობს: „მე ბავშვებისათვის ქსოვილი ჩამოვიტანე“. რა უნდა ექნათ ამდენი ქსოვილისათვის? ბანკშიც ფული დაევალა და არც ცხენი უყიდია. არაფერი, გარდა – ერთი ხვეულა გაფუჭებული ქსოვილისა! დაიწყო ყველაფერი ისევ ძველებურად: მიწის თოხნა, ტანჯვა, ვალის გადახდა. ცხენი რომ ეყიდა, მასზე ამხედრებული დაბრუნდებოდა, ოჯახისთვისაც რაიმეს იყიდდა და აღარც თოხნით მოიკლავდა თავს. მაგრამ, ხომ ნახეთ, რა დამართა ევროპულ სავაჭროებში ყიალმა?! ამგვარადვე იქცევა ეშმაკი. ცბიერი მოვაჭრის მსგავსად ხან ერთი მხრიდან გექაჩება და ხან მეორედან. ის შენ კვარცხლბეკებს გიდგამს და საბოლოო ჯამში იმას აღწევს, რომ საითაც უნდა, იქით მიყავხარ. ხოლო, თუ უყურადღებო ხარ, ერთგან წასული შესაძლოა, სულ სხვაგან მოხვდე. ეშმაკი გატყუებს და შენს საუკეთესო წლებს კარგავ.

 

ეშმაკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანმა სარგებლობა ვერ მიიღოს

ეშმაკი მაცდურია. მაგალითად თუ სულიერ ადამიანს საღვთო ლიტურგიაზე ბილწ აზრს მიაწვდის, ის ამას მიხვდება, შეშფოთდება და მას განაგდებს, ამიტომ ეშმაკს მასთან სულიერი აზრები მიაქვს: – „ამა და ამ წიგნში საღვთო ლიტურგიის შესახებ ესა და ეს წერია“. შემდეგ მის ყურადღებას მიაპყრობს მაგალითად სასაკმევლეს და ადამიანი იმაზე დაფიქრდება, თუ ვისი ნამუშევარია ის. ანდა მზაკვარი გაახსენებს მას, რომ ავადმყოფი ჰყავს მოსანახულებელი: – „აი, ეს მესმის, საღვთო ლიტურგიაზე გონება გამინათლა ღმერთმა!“ – ამბობს ეს კაცი, მაშინ, როდესაც მასში ეშმაკია შესული. ადამიანი საკუთარ თავს ესაუბრება და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მღვდელი იტყვის: – „შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით“, ხვდება იგი, რომ საღვთო ლიტურგია დასრულდა, ხოლო თვითონ მასში მონაწილეობა ვერ მიიღო. და, აი აქაც, ტაძარში, როდესაც მონაზონი სანთლის ასანთებად მიდის, ვამჩნევ, რომ ხანში შესული ადამიანების ყურადღებასაც კი ეშმაკი მისკენ გადართავს და ისინი უცქერენ, როგორ ანთებს და სანთლებს. ეს ხომ ნამდვილი ბავშვობაა! მსგავსი რამეები მხოლოდ ბავშვებს ახარებთ! „აინთო!“ – ამბობენ ისინი, პატარა ბავშვების გამართლება ამაში შეიძლება, მაგრამ მოზრდილების?! ანდა, საღვთო ლიტურგიაზე, როდესაც ყოველგვარი მოძრაობა ზედმეტია, წმინდა წუთებში, მზაკვარმა შესაძლოა, რომელიმე დას უბიძგოს, რომ მან ანალოგიაზე წიგნი გადაშალოს, იქმნება ხმაური და სხვა მლოცველების ყურადღებას იპყრობს, რომელთაც შარიშური ესმით და კითხულობენ: – „რა არის ეს?“ მათი გონება ღმერთს შორდება და ეშმაკი ხარობს. ამიტომ ყურადღებით ყოფნა გვმართებს, რომ საღვთო ლიტურგიაზე ჩვენს გამო სხვებს ყურადღება არ დაეფანტოთ. ჩვენ ვვნებთ ადამიანებს ისე, რომ ვერც ვხვდებით ამას. ანდა, საეკლესიო კითხვის დროს, ტაძარში, როგორც კი მკითხველი მიუახლოვდება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხავს, საიდანაც ადმაიანები დიდ სარგებელს მიიღებდნენ, მაშინვე რაღაც ხდება: ან ქარი კარს ძლიერად მოაჯახუნებს, ან ვინმე დაახველებს. ხალხის ყურადღება იფანტება და წაკითხულიდან ვერანაირ სარგებელს ვეღარ ნახულეობენ. ასე აკეთებს თავის საქმეს ეშმაკი.

ვაი, რომ ნახოთ, როგორ მოქმედებს ეშმაკი! თქვენ ის არ გინახავთ და ამიტომ ზოგიერთ რამეს ვერ გაიგებთ. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანმა სარგებლობა არ მიიღოს. მე ამას ვამჩნევ ჩემთან, სენაკში – ხალხთან საუბრისას. საკმარისია, მივიდე იქამდე, რაც იმისათვის მჭირდება, რომ მსმენელს დავეხმარო – საუბრის კულმინაციამდე, რომ მაშინვე ან რაღაც ხმაური ატყდება, ან ვინმე მოვა და შემაწყვეტინებს, ეშმაკი ჩააგონებს მათ, რომ ყეყეჩურად მიაშტერდნენ სკიტს საწინააღმდეგო მხრიდან [1], ანდა ეხმარება, რომ რაღაც საინტერესო შენიშნონ, თანაც დროს ისე გამოითვლის, რომ ისინი საუბრის ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში მოვიდნენ, მე თემა შევცვალო, ხოლო ჩემმა თანამოსაუბრეებმა სარგებლობა ვერ ნახონ. იმიტომ, რომ ეშმაკმა საუბრის დასაწყისშივე იცის, რით დასრულდება ის და – ისიც, რომ თვითონ დაზარალდება, ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში მიგზავნის ვინმეს, რომ შემაწყვეტინოს. „ჰეი, მამაო, შემოსასვლელი საიდან არის?“ – ყვირის მომსვლელი. – „აიღეთ ლუხუმი და წყალი და წადით აქედან!“ – ვპასუხობ მე. იმავე წუთში შემოდიან სხვები და სიტყვას მაწყვეტინებენ, იმიტომ, რომ უნდა ავდგე. და მივესალმო მათ. ცოტა ხნის შემდეგ მესამე მოდის, ისევ უნდა ავდგე! ახლა საუბარს გამიბამენ: „შენ საიდან ხარ?“ და ა.შ. ასე რომ, იძულებული ვარ, ყველაფერი თავიდან დავიწყო – გავიმეორო ის შედარებები, რომელიც უკვე მოვიტანე, ცოტა ხნით მივეფარები და ქვემოდან უკვე ყვირის ვიღაც: – „ჰეი, მამა პაისი, აქ ცხოვრობს? კარი სად არის?“ ადექი და ისევ ქვემოთ ჩადი! აი, განსაცდელი ეს არის! ერთ დღეს ეშმაკმა ექვს-შვიდჯერ მომიწყო ასეთი რამ. ისე რომ, იძულებული გავხდი... გუშაგები დამეყენებინა: – „შენ აქ იჯექი და უყურე, რომ იქიდან არავინ შემოვიდეს. შენ კი აქ დაჯექი, ვიდრე საქმეს დავამთავრებდე“. ასე შეიძლება, ექვს-შვიდჯერ დაიწყო მთელი ისტორია და, როდესაც იმ მნიშვნელოვან ეპიზოდამდე მიხვალ, რომელმაც შეიძლება, ადამიანებს სარგებლობა მოუტანოს, ეშმაკი ისევ წარმოდგენას მოგიწყობს.

ჰოი, განსაცდელი – რას შვრება ეშმაკი! ის გამუდმებით სხვა სიჩქარეზე გადართავს ჩვენს მოწყობილობას! მოღვაწეობისას საკმარისია, ლმობიერებამდე მიხვიდე, რომ ის – „ტკაც!“ – და გადართავს მის განწყობას რაღაცა ისეთზე, რასაც ადამიანის ყურადღების მიტაცება შეუძლია. ისევ გაიხსენებ რაიმეს – სულიერს?! – „ტკაც!“ – და გონებაში ისევ რაღაც სხვა შემოდის. ასე უბნევს ქრისტიანს ეშმაკი თავგზას. თუ ადამიანი მიხვდება, როგორ მუშაობს ეშმაკი, ის ბევრი რამისაგან გათავისუფლდება.

– წმიდაო მამაო, როგორ გავიგოთ ეს?

– დააკვირდი! დაკვირვებით ისწავლი. ვინ არიან საუკეთესო მეტეოროლოგები? მწყემსები. (რატომ?) იმიტომ, რომ ისინი ღრუბლებსა და ქარებს აკვირდებიან.

 

(ადამიანური) ნების ფრთები

ადამიანები ადვილად ექცევიან როგორც კარგი, ისე – ცუდი გავლენის ქვეშ. ცუდი გავლენის ქვეშ მოქცევა უფრო ადვილია, იმიტომ, რომ იქ ეშმაკი კანონარხობს. მაგალითად, მიდი და უთხარი ვინმეს, რომ მოწევა მიატოვოს, იმიტომ, რომ ეს საზიანოა, როგორც კი მიტოვებას განიზრახავს, მასთან ეშმაკი მიდის და ეუბნება: – „აი, ამ სიგარეტში ნაკლები ნიკოტინია, ხოლო ამას გამწმენდი ფილტრი აქვს, ასე, რომ ასეთები მოსწიე, არაფერს გავნებს“. ანუ – ეშმაკი ამ ადამიანისათვის გასამართლებელს მოძებნის. იმისათვის, რომ მან მოწევა არ მიატოვოს, „გამოსავალს“ მოუნახავს. ეშმაკს ხომ ჩვენთვის უამრავი გასამართლებელი მიზეზის გამოძებნა შეუძლია. ხოლო იმ სიგარეტებს, რომელსაც ის გვთავაზობს, უმეტესი მავნებლობის მოტანა შეუუძლიათ, ამიტომ ჩვენ ძლიერი ნება უნდა გვქონდეს. და თუ ახალგაზრდობაშივე ვერ დაძლევ შენს ნაკლოვანებებს, შემდეგ მათი დაძლევა უფრო გაგიჭირდება. იმიტომ რომ, რაც მეტად ბერდება ადამიანი, მით უფრო სუსტდება მისი ნება. თუკი ადამიანს ძლიერი ნება არა აქვს, მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „ნდომასა“ და „არნდომაში“ მდგომარეობს ყოველივე“. ანუ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, უნდა თუ არ უნდა ადამიანს. დიდებული საქმეა! ღმერთი ბუნებით სახიერია და ჩვენთვის მხოლოდ სიკეთე სურს, მაგრამ ისიც საჭიროა, რომ ჩვენც გვინდოდეს, იმიტომ, რომ ადამიანი სულიერად ორი ფრთის საშუალებით ფრენს: ღვთის ნებით და საკუთარი ნებით. ერთი ფრთა – თავისი ნება – ღმერთმა სამუდამოდ მიგვაწება ერთ-ერთ მხარზე, მაგრამ იმისათვის, რომ სულიერად ვიფრინოთ, საჭიროა, რომ მეორე მხარზე მივიწებოთ ჩვენი, საკუთარი ფრთა – ადამიანური ნებისა. თუ ადამიანი ძლიერ ნებას ფლობს, მას აქვს ადამიანური ფრთა, რომელიც საღვთო ფრთის თანასწორია და ის ფრენს. თუ ადამიანის ნება განვითარებული არ არის, მას სურს აფრენა, მაგრამ ამის ნაცვლად ყირამალა გადადის, კვლავ შეეცდებაა ისევ ისე ემართება!

– წმიდაო მამაო, შესაძლოა, ნების ძალა განისაზღვროს?

– განა ჩვენ არ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ყველაფრის განსაზღვრაა შესაძლებელი?! ყველა ადამიანს აქვს ნებისყოფა, ზოგს – ნაკლები, ზოგს – მეტი. როდესაც ადამიანი მოღვაწეობისათვის არის განწყობილი, ლოცულობს და ღმერთს სთხოვს, გაუმრავლოს ნებისყოფა, ღმერთი ეხმარება მას. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თუკი იგი წარმატებას ვერ აღწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ან საერთოდ არ ძაბავს ნებისყოფას, ანდა – საკმარისად არ ძაბავს. ამიტომ დასუსტებული აქვს და მისგან არანაირი ხეირი არ არის.

დავუშვათ, რომ რომელიმე ჩიტს ერთი ფრთა ძლიერი აქვს, მეორეს კი არ უფრთხილდება. ამ ფრთიდან მას ბუმბულები დასცვივა და შედეგად – ჩიტი ვეღარ იფრენს ისე, როგორც საჭიროა. ერთი ფრთა კარგად მუშაობს, ხოლო მეორე გატეხილი სავარცხელივითაა. ჩიტი აფრინდება ამ ფრთით მაგრამ, როგორც კი შემხვედრი ქარი დაუბერავს, ის ფრენას ვერ შეძლებს. ცოტას იხტუნებს და ყირამალა გადავა. იმისათვის, რომ იფრინოს, მეორერთაც მთელი უნდა იყოს.

მინდა ვთქვა, რომ ადამიანსაც, თუკი მას სურს, ყოველთვის სწორად, სულიერად იფრინოს, ყურადღება მართებს, მან არც ადამიანურ ნებას უნდა მოაკლოს ზრუნვა. რას აკეთებს ეშმაკი?! ჩუმად ეპარება და ადამიანის ფრთიდან ნელ-ნელა აძრობს ჯერ რომელიმე პატარა ბუმბულს, შემდეგ – უფრო მოზრდილს, ხოლო შემდეგ, თუ ადამიანი უყურადღებოა, დიდ ფრთასაც აცლის და ამის შემდეგ ადამიანს სურს აფრენა და არ შეუძლია. თუ მტერი რამდენიმე ფრთას მოაცლის, როდესაც ადამიანი გაფრენას შეეცდება, ის უმუხრუმჭოდ იფრენს, იმიტომ, რომ დაზიანებულ ფრთაში ქარი დაქრის. საღვთო ფრთა ყოველთვის სავსეა ბუმბულით, იმიტომ, რომ ის „დაკომპლექტებულია“, ეშმაკს საღვთო ფრთის დაზიანება არ შეუძლია, ადამიანი იმას უნდა აკვირდებოდეს, რომ უზრუნველობამ არ შეიპყროს და საკუთარი ფრთიდან არ მოსტაცოს ბუმბულები ეშმაკმა, როდესაც კაცს ნელ-ნელა სადღაც სიზარმაცე, სადღაც სულმოკლეობა შეიპყრობს, მისი ნება თანდათან ძალას კარგავს. მაგრამ თუ ადამიანს არ სურს სულიერად იშრომოს, ღმერთმა რა უნდა ქნას? ღმერთს ჩარევა არ სურს, იმიტომ, რომ ის ადამიანის თავისუფლებას სცემს პატივს. ასე რომ, ადამიანი საღვთო ფრთასაც ვეღარ იყენებს. მაგრამ, როდესაც ადამიანს ნებისყოფა აქვს, ანუ – როდესაც მისი საკუთარი ფრთა დაზიანებული არ არის, მაშინ სურს ღმერთს და სურს ადამიანს და მაშინ ადამიანი ფრენს.

– წმიდაო მამაო, მაინც რა ფრენაა ეს? თქვენ მხედველობაში გაქვთ, სურვილი წინსვლის, ცხონების სურვილი?

– დიახ, რა თქმა უნდა! როდესაც ფრენაზე ვლაპარაკობ, სულიერ აღმასვლას ვგულისხმობ, აბა, რომელიმე კვიპაროსზე აფრენა კი არ მიგულისხმია!

– წმიდაო მამაო, ადრე თქვენ ამბობდით, რომ შეიძლება, მიწა გათოხნო და დაამუშაო, გააკეთო ყველაფერი, რაც საჭიროა, მაგრამ შედეგად – ერთი მარცვალიც ვერ მოიწიო.

– დიახ, ეს ასეა. უყურადღებო ადამიანის ნაშრომს ეშმაკ იმიიტაცებს, მაგრამ, ვინც ყურადღებიანია და მზურვალედ იბრძვის საკუთარი სულისათვის, მოღვაწეობს, წარემატება, ნაყოფს მოიწევს, სულიერად იკვებება და ანგელოზებრივად ხარობს.

 

 


1. აქ იგულისხმება წმ დიდმოწამე პანტელეიმონის სახელობის სკიტი, რომლის საპირისპირო მხარესაც პანაგუდის სენაკი მდებარეობდა. იოან. 10, 16.

3. მათ. 26,6. და შემდეგ. მარკ. 14.3. და შემდეგ. იოან. 12, 3. და შემდეგ.

4. იოან. 12, 6.

5. რომ. 12, 15.