მამა პაისი მთაწმინდელი

თავი მესამე - სარგებლობა, რომელიც კეთილ ურთიერთობებს მოაქვს

ძმური ურთიერთობები

– წმიდაო მამაო, მე ვღელავ, როდესაც ამბობთ, რომ მძიმე წლები მოგველის.

– ერთმანეთში მეგობრობა და თანხმობა იქონიეთ, სულიერად მომზადებულები და მამაცები იყავით, იყავით ერთ სხეული და ნურაფრისა შეგეშინდებათ. ღმერთი შეგეწევათ, მოიხვეჭეთ სულიერი სიყვარული, ისეთი, როგორსაც დედა შვილებისადმი განიცდის. დაე, თქვენ შორის ძმური ურთიერთობა იყოს, დაე, თქვენში მსხვერპლის გაღების სული ცხოვრობდეს. ხოლო მძიმე წლებს რამენაირად გადავიტანთ. ჩვენ – ბერები გასაგებია, რომ მივდივართ სოფლიდან, ვტოვებთ ნაცნობებსა და ახლობლებს იმისათვის, რომ ადამიანისა და ღვთის დიდი ოჯახის წევრები გავხდეთ. მაგრამ ერისკაცისათვის აუცილებელია, რომ ურთიერთობა ჰქონდეს იმ ნაცნობებთან და ნათესავებთან, რომლებიც სულიერად ცხოვრობენ, რათა ისინი ერთმანეთს შეეწეოდნენ. თუკი ერში მცხოვრებ ქრისტიანს სულიერ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, ე.ი. მისთვის დასაყრდენი არსებობს. რაც არ უნდა სულიერად ცხოვრობდე, კეთილი წრე ახლობლებისა მაინც აუცილებელია (განსაკუთრებით – ჩვენს დროში). კეთილ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან (თვით სულიერ კითხვაზე მეტად) ეხმარება ქრისტიანს, იმიტომ, რომ სულიერი კავშირის ეს სიხარული მასში სულიერ მოღვაწეობის საღვთო შურს აღძრავს. კარგია, ასევე, თუ სამუშაოზე და სამსახურში სულიერი ადამიანები იცნობენ ერთმანეთს, რათა ერთმანეთს ეხმარებოდნენ. მაგალითად, შესაძლოა, თანამშრომელთა შორის რაიმე პრობლემამ იჩინოს თავი და თანადგომა აუცილებელი შეიქნას. თუ სულიერი ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ, ისინი ვერც ერთმანეთში მოლაპარაკებას შეძლებენ.

– წმიდაო მამაო, მაგალითად, ვინმემ ოდესღაც დახმარებაზე უარი მითხრა და ახლა ვეღარ გადამიწყვეტია, რომ დახმარებისათვის ისევ მას მივმართო, ეს სწორი საქციელია?

– არავითარ შემთხვევაში! იქნებ მას მაშინ დახმარების შესაძლებლობა არ მიეცა. ეს იგივეა, რომ შენ სამკერდე ჯვარს მთხოვ და მეც გაძლევ, მეორედ შესაძლოა, ჯვარი ისევ მთხოვო, მაგრამ მე ვეღარ მოგცე, იმიტომ, რომ არ მქონდეს და ცხადია, რომ ვერც მოგცემ, მერე მივდივარ და ჯვრებს ვყიდულობ, რომ საჩუქრად დავარიგო, შენ კი არ მოდიხარ და არ მთხოვ, მაშინ, როდესაც მე მათი გაცემის შემთხვევას ვეძებ.

დღეს ადამიანები ერთ მრავალსართულიან სახლში ცხოვრობენ და ერთმანეთს არ იცნობენ, ადრე კი არსებობდა მეზობლობა, რომელიც ადამიანების ურთიერთგაცნობას ეხმარებოდა და საჭიროების შემთხვევაში ისინი ერთმანეთს მხარში ედგნენ. მაგალითად, ვინმე სადღაც ფორნით მიდიოდა, შეხვდებოდა ნაცნობს, ჰკითხავდა: – „საიდან მოდიხარ და ახლა საით გაგიწევია, მეც იქით მაქვს გზა, დაჯექი, ერთად წავიდეთ“. ანდა თუ ვინმე ცხენით აპირებდა სადმე წასვლას, მივიდოდა მეზობელთან და ჰკითხავდა: – „წასვლას აპირებ? სამ საათში მე ცხენით მივდივარ, შეგიძლია, დამელოდო და შენც წაგიყვან“. ანდა ეტყოდა: – „ხვალ აქა და აქ მივდივარ, წამოდი, ღამე ჩემთან გაათიე, რომ ადრე დილით ერთად გავიდეთ“. ადამიანები ახლობლებზე ფიქრობდნენ და როდესაც ერთმანეთის დახმარების შესაძლებლობა მიეცემოდათ, ამას თავს არ არიდებდნენ. ადამიანებს კეთილი ინტერესი ჰქონდათ და ყოველი შემთხვევისათვის მიაკითხავდნენ ხოლმე ერთმანეთს, რომ ხელი გაემართათ.

– წმიდაო მამაო, რა სიკეთე მოაქვს იმას, რომ სულიერი ადამიანები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი?

– ჩვენს დროში სულიერ ადამიანებს ერთმანეთთან კავშირი რომც არ სურდეთ, ამ კავშირს მათ ეშმაკი აიძულებს. დღეს ეშმაკის შური ადამიანთათვის უდიდესი სიკეთის მომტანია, თუკი მაგალითად, მორწმუნე მამას თავისი შვილებისათვის საშინაო მასწავლებლის პოვნა უნდა, ის იძულებულია, კარგი და მორწმუნე ადამიანი ეძებოს, იმიტომ, რომ მის სახლში შეყვანას აპირებს. თავის მხრივ, მორწმუნე მასწავლებელი, რომელსაც სამუშაო არ აქვს და კერძო გაკვეთილების აღება სურს, კარგ ოჯახს ეძებს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ანდა, რომელიმე საქმის ოსტატს, რომელიც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ელექტროშემკეთებელი იქნება თუ – მღებავი, კარგ ოჯახში სურს მუშაობის დაწყება, იმიტომ, რომ ერულ სახლში მას მრავალი უსიამოვნება ელის. ქრისტიან ოჯახის უფროსსაც ასევე, სახლში სამუშაოს შესასრულებლად კარგი ოსტატი და მორწმუნე კაცი უნდა. როგორც პირველი, ისე – მეორე ეძებს სულიერ ადამიანს, რომელთან თანამშრომლობაც შესაძლებელი იქნება. და ასე, ნელ-ნელა სხვადასხვა პროფესიისა და ხელობის მქონე სულიერი ადამიანები ერთმანეთს ეცნობიან.

საბოლოო ჯამში, თავისდაუნებურად ეშმაკი შურით სიკეთეს აკეთებს: თხებსა და ცხვრებს ერთმანეთისაგან განყოფს, ცხვრები გამოეყოფიან თხებსა და ერთ სამწყსოდ, ერთ მწყემსთან ცხოვრობენ. ადრე, სოფლებში გლეხები ცხვარსა და თხას მწყემსს მიაბარებდნენ ხოლმე: ზოგი – ხუთს, ზოგი – ათს და თხებსა და ცხვრებს ერთად მწყემსავდნენ, იმიტომ, რომ იმ დროში თხები გონიერები იყვნენ და ცხვრებს რქებით არ ერჩოდნენ. ახლა კი თხა მეტისმეტად გასასტიკდა და ძლიერ ერჩის ქრისტეს ცხვრებს. ცხვრები კეთილ მწყემსს ელიან და სურთ, რომ იქცნენ ფარად, რომელშიც მხოლოდ ცხვრები იქნებიან. იმიტომ, რომ ის, რადაც დღეს ქვეყანა გადაიქცა, მხოლოდ მას თუ გამოადგება, ვინც ცოდვაში ცხოვრობს. ამიტომ ადამიანები იყოფიან, ცხვრები და თხები ცალ-ცალკე იქნებიან: ვისაც სულიერი ცხოვრება სურთ, გამუდმებით ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებენ, ისინი მათივე მსგავსი ადამიანებისა და სულიერი მოძღვრის პოვნას შეეცდებიან და კიდევ უფრო მეტად განერიდებიან ცოდვას. აი, სწორედ ამ სიკეთეს აკეთებს დღეს თავისდაუნებურად ეშმაკი, დღეს მარტო ქალაქებში კი არა – სოფლებშიც ნახავ, რომ ერთნი გასართობ ცენტრებში მიიჩქარიან და განურჩევლად ცხოვრობენ, ხოლო, მეორენი ღამისთევაზე, პარაკლისზე, სულიერ შეკრებებზე ისწრაფიან და ეს ადამიანები ერთმანეთთან შედულღაბებულები არიან.

მძიმე წლებში ძალიან ძლიერი ძმური ურთიერთობები ყალიბდება. ომში ჩვენ – ერთი ნახევარბატალიონის ჯარისკაცები – ორი წლის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით და ძმებზე მეტად ვიყავით ერთმანეთთან შეკავშირებულები, იმიტომ, რომ სირთულეებსა და საფრთხეს ერთად ვუძლებდით. ჩვენ ისე ვიყავით შედუღაბებულები, რომ ერთმანეთს „ძმას” ვეძახდით. ისინი ერის ადამიანები იყვნენ – ერული აზროვნებით, არც სახარებას კითხულობდენენ, არც – სულიერ წიგნებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთმანეთთან განშორება არ უნდოდათ. ადამიანებს ჩვეულებრივი, საერო (ამ სიტყვის კარგი გაგებით) განათლება ჰქონდათ, მაგრამ ისინი ფლობდნენ იმას, რაც ყველაფერზე აღმატებულია – სიყვარულს, ძმობას! ცოტა xნის წინ ერთი ჩვენი თანამშრომელი გარდაიცვალა და მისი თანარაზმელები ქვეყნის ყველა მხრიდან ჩამოვიდნენ დაკრძალვაზე. ცოტა ხნის წინ აქაც, ჩემს სანახავად მოვიდა ჩემი თანარაზმელი. როგორ ჩამიკრა გულში! თავი ვეღარ დავაღწიე... ამჟამად ჩვენ ეშმაკს ვებრძვით, ამიტომ შევეცადოთ, რომ კიდევ უფრო შევკავშირდეთ, უფრო მეტად ვეძმოთ ერთმანეთს. ასე – ერთად ვიაროთ ჩვენს მიერ არჩეული გზით. ერთად ავიდეთ ტკბილ გოლგოთაზე დაგრეხილი ბილიკებით.

 

სულიერი ნათესაობის შესახებ

– წმიდაო მამაო, გუშინ თქვით, რომ იმ ადამიანებს, ვისაც წარსულში შეხვედრიხართ, ძმებად თვლიდით. რა არის სულიერი ნათესაობა?

– ხორციელად ჩვენ ყველა ადამიანის ძმები ვართ, ყველანი ძმები ვართ და ჩვენ ღვთის მონები ვართ, გარდა ამისა, ღვთის მადლით, ხომ ჩვენ, მორწმუნეები ქრისტეს საღვთო სიხლით ვართ გამოსყიდულნი. სულიერ ცხოვრებაში ჩვენ ადამს ხორციელად ვენათესავებით, ქრისტეს კი – სულიერად. სულიერად მცხოვრები ადამიანები ერთმანეთში ამ სულიერ ნათესაობას გრძნობენ. ისინი ერთ რამეზე ფიქრობენ, ისინი ერთ რამეს ესწრაფიან, ერთ მიზანს მისდევენ. ხოლო, შენ ხორციელი და რომ გყოლოდა და მას ერული ცხოვრება აერჩია, მისდამი ვერანაირ სულიერ ნათესაობას ვერ იგრძნობდი.

– შეიძლება, სულიერი ნათესაობა დაირღვეს?

– როდესაც ადამიანი სულიერ ცხოვრებას წყვეტს, სხვა – სულიერად მცხოვრებ ადამიანებთან მისი ნათესაობა ირღვევა. ამ დროს სულიერად მცხოვრები კი არ განეშორება, არმედ ის, ვინც სულიერი ცხოვრება შეწყვიტა, განაშორებს თავს მისგან. სწორედ ისევე, როგორც: რამდენადაც ღვთისნიერად ცხოვრობს ადამიანი, იმდენად უახლოვდება იგი ღმერთს, ხოლო, რაც უფრო განეშორება ღვთისნიერ ცხოვრებას, მით მეტად შორდება მას. და როგორც საღვთო მადლი გვევლინება დიდ მანძილზე მოქმედ ძალად, რომელიც ადამიანებს გადაეცემა, ასევე ეშმაკეული ენერგია მოქმედებს და გადაეცემა დიდი მანძილიდან. თუ მაგალითად, ორი, სულიერად დაკავშირებული სულიდან ერთი მეორეზე ფიქრობს, მათ შორის საღვთო ერთობაა და ერთი სული საღვთო ძალას მეორეს გადასცემს. ასევეა, ორი, ცოდვაში მცხოვრები და ერთმანეთთან რაღაც საერთოს მქონე სული: ერთი მათგანი გამუდმებით იღებს მეორისაგან ეშმაკეულ ზემოქმედებას, ერთისაგან მეორესთან დეპეშები იგზავნება.

– წმიდაო მამაო, ამ ორი – ეშმაკეული კავშირით შეკრული ადამიანიდან ერთი თუ სასიკეთოდ შეიცვლება, ეს მეორეს დაეხმარება?

– დიახ. ის მეორე პასუხს ვეღარ მიიღებს, იმიტომ, რომ ის, ვინც სასიკეთოდ შეიცვალა, თავისი სულიერი „ტელეფონის ყურმილს“ აღარ აიღებს, ხაზი წყდება და კავშირი აღარ მყარდება. ამგვარად არსებობს ალბათობა, რომ უპასუხოდ დარჩენილი ადამიანი დაფიქრდება და თუკი თვითონ მოინდომებს, ეს მას დაეხმარება.

– როდესაც ვნებებით შეპყრობილ ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა და მისი ვნებები ჩვენზე გავლენას არ ახდენს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მის ხასიათზე ვზემოქმედებთ?

– თუ ჩვენ სულიერი მდგომარეობა, სიწმინდე გვაქვს, მის ხასიათზე უდიდეს ზეგავლენას მოვახდენთ, იმიტომ, რომ ამ საშუალებით მასზე ღვთის მადლი მოქმედებს და ჩვენი მოყვასი სარგებლობას იღებს. როდესაც სიყვარულით ვუთმობთ ძმას, ის ხვდება ამას, ასევეა ბოროტებაც: თუკი ის ჩვენში ჩაბუდებულია, ძმა ამასაც მიხვდება, თუნდაც მას გარაგნულად არ გამოვხატავდეთ. სულს რაც თვითონ გააჩნია, სხვა სულს იმას გადასცემს. ვნება გადასცემს ვნებას, შფოთი გადასცემს შფოთს, მრისხანება გადასცემს მრისხანებას. მადლით შემოსილი სულის მადლმოსილი ნიჭი მოყვასს მადლმოსილ ნიჭს გადასცემს.

– როგორც ჩანს, სათნოებებით მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობას დიდი შეწევნა შეუძლია.

– რა თქმა უნდა, შეუძლია. თუ იმ სენაკში შეხვალ, სადაც გამუდმებით საკმეველს აკმევენ, იქიდან გამოსულს შენც საკმევლის სუნი გექნება. ხოლო ერის სახლიდან გამოსული ერულ სურნელს გამოიტან. ბოსლიდან გამოსულს კი ბოსლის სუნი გამოგყვება. მახსოვს, ოკუპაციის დროს ხუთი ჰექტარი სხვადასხვა ჯიშის ნესვი დავთესეთ: ამერიკული ჯიშის – სოფლის მეურნეობის სკოლიდან, აი, ასეთი დიდები, თეთრები და ძალიან ტკბილი, ასევე – „აგრის“ ნესვები – ადგილობრივი ჯიშის და სხვა. თუ ისე მოხდებოდა, რომ ამერიკულ ნესვთან ყაბაყი იყო ამოსული, ნესვის სიტკბო ყაბაყში გადადიოდა, ყაბაყი ტკბებოდა, ნესვი კი გემოს კარგავდა. ასეთი რამე დამტვერვის გამო, ფუტკრებისაგან ხდება, რომლებიც ყვავილიდან ყვავილზე დაფრინავენ, თუ დიდკუჭიან ნესვსს ნახავ, უნდა იცოდე, რომ ის ყაბაყის ახლოს გაიზარდა. თუ „აგრის“ ნესვსს კარგი ნესვის გვერდით მოიყვან, ისიც კარგ სიტკბოს აიღებს. კარგი ნესვი სიტკბოს კარგავს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ის მაინც ნესვად დარჩება. ხოლო თუ ტკბილი ნესვის გვერდით ყაბაყი იზრდება, ის ტკბება და მერე – მომზადებისას მთელი ქოთანი მარილი სჭირდება: ნესვიც კარგავს და არც ყაბაყს არგია. ხოლო თუ ნესვი დათესე ნესვებში, ერთი კარგავს, მაგრამ მეორე ტკბება. იმის თქმა მინდა, რომ თუ სულიერად ნაკლებად წარმატებული ადამიანი სულიერად წარმატებულის გვერდით იმყოფება, უკანასკნელი შეიძლება, დაიქანცოს, მცირეოდენად დაზიანდეს კიდეც, მაგრამ პირველს სარგებლობას მოუტანს. ხოლო თუ სულიერი ადამიანის გვერდით არის ერის, ურწმუნო ადამიანი, პირველის შრომა და დრო ტყუილ-უბრალოდ ჩაივლის. თუკი რამე, სხვებისათვის ნათქვამი სიტვებიდან ერის ადამიანს გულზე მოხვდება, ეს იქნება ყველაზე მეტი, რაც შეიძლება, მოხდეს. მაგრამ იგი გაგონილს თავისი ერული ფილოსოფიით განმარტავს, ანუ – ამას ერის სულით აღიქვამს და სარგებლობას ვერ მიიღებს. ანუ – ყაბაყად დარჩება, თუმცა, გემოთი კი დატკბება.

 

წინდახედულება ურთიერთობებში

არმიაში, საომარ კავშირებში, გვქონდა ამოცნობის სიტემა, რომელიც ზოგიერთ კონკრეტულ ნიშანზე მითითებით არკვევდა, თუ რომელი რადიოსადგური იყო ჩვენი და რომელი – სხვისი; საკუთარ რადიოსადგურებს ჩვენ ვცნობდით. შემდეგ გარკვეულ პერიოდში, რადიომიმღების ტექნიკის საგანგებო მეცადინეობაზე ჩვენ დავამონტაჟეთ სპეციალური შუალედური რადიოსადგური და შევეცადეთ, გაგვერკვია,თუ ვის ეკუთვნოდა უცხო სადგური. ვკითხულობდით: – „რა არის ეს?“ ანდა ვამბობდით: – „ერთი“. და ვუსმენდით, რას გვიპასუხებდნენ, რათა ისინი ამ მეთოდით გამოგვეჭირა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი ვერ მოვახერხებდით, რომ დანამდვილებით განგვესაზღვრა, თუ რომელი რადიოსადგური იყო, მას არ ვენდობოდით და ამოცნობას ვცდილობდით. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც: როდესაც ვხედავთ, რომ რომელიმე „რადიოსადგური“ ჩვენი არ არის, საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ: – „რად მინდა ამ რადიოსადგურთან მუშაობა?! ესღა მაკლდა!“ როდესაც რადისტს ესმის, რომ რადიოსადგური უცხოა და მასთან მუშაობის სურვილი მაინც აქვს, ეს სერიოზული დანაშაულია. მაგრამ, რამდენად სერიოზული ხდება მისი დანაშაული, როდესაც მას ესმის, რომ ეს რადიოსადგური არა მხოლოდ უცხოა, არამედ, ამავე დროს ის მტერს ეკუთვნის და მას მტერთან სურს მუშაობა! იმის თქმა მინდა, რომ საკითხებში, რომელიც სხვა ადამიანთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, განსჯა და წინდახედულებაა საჭირო. ყველაზე საიმედო კი ის იქნება, თუ ყველა საკუთარ მოძღვარს ჰკითხავს რჩევას.

ასევე, ყურადღება გვმართებს საუბრის დროსაც, იმიტომ, რომ მათი უმრავლესობა სულიერ საგნებიდან იწყება და ვიღაცის გასამართლებით თავდება. ადამიანი არა მარტო დროს კარგავს, არამედ, განკითხვით საკუთარ სულსაც კლავს, იმიტომ, რომ ვინმეს განკითხვის უფლება ჩვენ არა გვაქვს. არც იმის განსჯის ნება გვაქვს, რაც ქვეყნად ხდება. თუ შევძლებთ, ტკივილით ვისაუბროთ რაიმეზე, შევეცადოთ, რომ საქმის უარყოფითი მდგომარეობის გამოსწორებისათვის ვიზრუნოთ. არც მიცვალებულთა განკითხვა შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ საბედნიეროდ, ყოველი ადამიანის სული ღვთის ხელში იმყოფება.

ვხედავ, რომ ხშირად ადამიანების უმრავლესობას ერთი უყურადღებო სიტყვაც კი აზრებს უზიანებს. იცით, რა ყურადღებიანები ვიქნებოდით, ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვებისათვის ხარკს რომ გიხდიდეთ?! რომ გვეუბნებოდნენ: – „რამდენ სიტყვასაც იტყვი, იმდენს გადაიხდი“. ჩვენ საკუთარ სიტყვებს დავითვლიდით, ტელეფონზე მე მგონი, სწორედ იმდენს ვლაპარაკობთ, რამდენიც საჭიროა, იმიტომ, რომ გადახდა გვიწევს. ამჟამად სიტყვებზე დიდი დრო იკარგება.

– წმიდაო მამაო, „კიბეში“ წერია, რომ განკითხვა სიძულვილის ნაშობია, უბრალო განსჯაში კი არის შესაძლებელი სიყვარულის არსებობა?

– დიახ. როდესაც ძლიერად გიყვარს რომელიმე სული და ხედავ, რომ სხვებს შურთ მისი, შეიძლება, მის დასაცავდ რაღაც თქვა, რომ სხვები მის მიმართ სიძულვილს არ გრძნობდნენ. ყველაფერი უნდა გამოსცადო. თუმცა იმ ადამიანს, რომელიც დაზარალებული ან დაწყლულებულია, რომელიც თვლის, რომ მას უსამართლოდ ექცევიან და ამიტომ განაწყენებული და აღშფოთებულია და რაღაც მიზეზით თავისი უკმაყოფილების გამოხატვას ცდილობს, შეუძლია სხვათა სულებს ისეთი ზიანი მოუტანოს, როგორსაც თვით ეშმაკიც ვერ შეძლებს. იუდა აღშფოთდა, როდესაც მენელსაცხებლეებმა ზედმეტი ნელსაცხებელი დაღვარეს და თქვა, რომ ეს მირონი უნდა გაყიდულიყო, ხოლო ფული ღარიბებისათვის გაენაწილებინათ. იუდას გავლენის ქვეშ სხვა მადლის მქონე მოციქულებიც მოექცნენ [2]. მათ დაინახეს გარეგნული სიმართლე იმისა, რაც იუდამ თქვა და მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ, იმიტომ, რომ მის ვეცხლისმოყვარე სულს ვერ ხედავდნენ. ხოლო ქრისტემ იუდას ფულის ყუთიც კი ჩააბარა, რომ გაეძღო მისი ვნება და „შთასდებელი მას ჰკიდავნ“ [3].

– წმიდაო მამაო, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთში ვერ თანხმდება და აზრს ეკითხება მესამეს, მან რა პოზიცია უნდა დაიკავოს?

– თუკი მას საქმე აქვს ადამიანებთან, რომელთა უთანხმოება რაიმე კერძო საკითხს ეხება, მან თავისი აზრი ორივეს თანდასწრებით უნდა გამოთქვას. თორემ თითოეული მის სიტყვას ისე გამოიყენებს, როგორც თვითონ აწყობს. თუ სიტყვა იმ ადამიანისა, რომელსაც რჩევა ჰკითხეს, მეტისმეტად წონადია, მას მოწინააღმდეგეები მძიმე არტილერიასავით გამოიყენებენ და ერთმანეთს შეუბრალებლად დაუშენენ, თანაც ისე, რომ თვით მთქმელსაც, მისთვის სრულიად მოულოდნელად, მოხვდება ისინი. ამიტომ, ის კარგს იზამს, რომ რამდენადაც შესაძლებელია, ასეთ ადამიანებს მოერიდოს, იმისათვის, რომ საკუთარ თავში მშვიდობა შეინარჩუნოს დაშეძლოს ამ ადამიანთა შორის მშვიდობის ჩამოგდებისათვის და საერთოდ მთელი ქვეყნიერების მშვიდობისათვის ილოცოს. თუკი იგი ვერ შეძლებს, სრულად განერიდოს საცდურის შექმნის ასეთ მოყვარულებს, მაშინ მრავალმეტყველებას მაინც გაექცეს, რათა ნაკლები განსაცდელი ჰქონდეს. იმას, რომ ზოგიერთში ბოროტება არ არის, მაგრამ არის ზედაპირულობა, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ისინი ზომ ამ ზედაპირულობითაც ქმნიან საცდურებს.

 

დედობრივი სიყვარული

– წმიდაო მამაო, თუ ადამიანი სიყვარულითა და ზრდილობიანი მანერებით გამოირჩევა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სულიერი სიწმიდე აქვს?

– ყველანაირად შეიძლება ხდებოდეს. ხშირად ეს ერული თავაზიანობის გამო ხდება. დიახ, ზოგირეთი ადამიანი კეთილია, თავაზიანი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი სულიერ კეთილშობილებას, მსხვერპლის გაღების უნარს ფლობს. მათში არის კეთილი მიზნები, მაგრამ საუბარი ამჯერად ამას არ ეხება, ვისაც ერული თავაზიანობა აქვს და თვალთმაქცობს, მას ბევრი ბოროტების ჩადენა შეუძლია. იმიტომ, რომ სხვა ადამიანი ამით ტყუვდება, გულს უხსნის მას და საბოლოო ჯამში ღვთისმოსაობით განეწყობა ერის ადამიანის მიმართ, ვინც ისიც კი არ იცის, რა არის ღვთისმოსაობა. ეს იგივეა, ოქროს ლირები მისცე მას, ვინც მხოლოდ ბრინჯაოს მონეტებს ცნობს. არ შეიძლება, ასევე, ტყუილუბრალოდ დროის ფლანგვა და იმ ადამიანების სულიერი განათლება, რომლებიც საერო საუბრებში და საკუთარი აზრის ეგოისტურ წარმოჩინებაში ეძებენ სიამოვნებას.

– წმიდაო მამაო, მაგრამ, როდესაც ვიღაცას რაღაც პრობლემა აქვს, აქ მოდის და დაუსრულებლად ლაპარაკობს მასზედ, თანაც ისე, რომ იმ დროისათვის პრობლემა რამდენადმე მოგვარებულია, მაშინ როგორ მოვიქცეთ?

– როდესაც პირველად მოდის, მისი გამართლება შესაძლებელია, მან უნდა ილაპარაკოს და უფლება აქვს, რომ ბევრი დრო წაგართვას, ამ შემთხვევაში მას უნდა მოუსმინო, თუ არ მოუსმენ, ადამიანი იფიქრებს, რომ თავს გაბეზრებს, ანდა, – მისი არ გესმის .მაგრამ თუ ამის შემდეგაც ერთი და იგივეს ლაპარაკს განაგრძობს, უთხარი: – „საქმე იმაში კი არ არის, რომ შენი მოსმენა არ შემიძლია, არამედ იმაში, რომ ამას შენთვის სარგებლობა არ მოაქვს, შენ ზაფხული ზამთრად გეჩვენება, მაგრამ ახლა უკვე გაზაფხულდა და მალე ზაფხულიც დადგება, შენ კი ზაფხულში ზამთრის სიცივეზე ფიქრობ და საკუთარი აზრებისაგან კანკალებ“. თუმცა, ზოგჯერ თვით სულიერ ადამიანთა შორისაც შეიძლება, ასეთი რამ შენიშნო: ერთი მიდის მეორესთან, რათა სატკივარი უამბოს, მას კი მოსმენა არ სურს, რომ თავისი სიხარული არ მოიკლოს. მან შეიძლება, თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს ეჩქარება, ან სიტყვა ბანზე ააგდოს, ოღონდაც სიმშვიდე არ დაერღვეს. ეს სრულიად სატანური რამ არის: სულ ერთია, რომ ვიღაც ჩემს გვერდით კვდება, მცირედ გავშორდები თუ არა მას, ჩემთვის ვიმღერებ. მაშ სადღაა ტირილი „მტირალთა თანა?“ [4] მითუმეტეს, როდესაც საქმე სერიოზულ საეკლესიო საკითხებს ეხება. თუ ქრისტიანი ამ შემთხვევაშიც კი არ თანაუგრძნობს სხვათა შეშფოთებას, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ეკლესიის სხეულის ნაწილი არ არის.

– მაგრამ თუ სხვა ადამიანების საქციელში რაიმე გამართლებას ვერ ვნახულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ უგულო ვარ?

– სხვებს ვერ ამართლებ და საკუთარ თავს ამართლებ? მაშინსულ ცოტა ხნის შემდეგ ქრისტე შენს გამამართლებელს ვეღარ იპოვის. თუ ადამიანი უყურადღებოა, შეიძლება, მას ერთ დღეში გაუქვავდეს გული. დედობრივი გული მოიხვეჭე?! იცი, რას გრძნობს დედა?! ის ყველაფერს პატიობს და ზოგჯერ ისეთ სახეს იღებს, თითქოს ვერ ამჩნევდეს ცუღლუტობას, მოითმინე და გაამართლე, შეიწყნარე სხვები, რათა ქრისტემ შეგიწყნაროს.

– წმიდაო მამაო, გული როგორღა ფართოვდება?

– ის ფართოვდება, როდესაც შენ გამუდმებით ამართლებ სხვათა უწესობას, ნაკლოვანებებს, სხვათა დაცემულობას და მათ ისე უცქერ, თითქოს სარკეში იყურებოდე. რათქმაუნდა, მზაკვარი ზოგჯერ მოგიტანს ზრახვებს სხვა ადამიანების საქციელთან დაკავშირებით, მითუმეტეს, როდესაც ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ამ ზრახვების მიღება-არმიღება ჩვენზეა დამოკიდებული, როდესაც საკუთარ თავს სხვა ადამიანის ადგილას ვაყენებთ, მას თანაგრძნობით ვეკიდებით და ვამართლებთ. მითუმეტეს რომ, როდესაც რაღაც ბოროტების კი არა, არამედ – თავქარიანობის გამო ხდება, ეს გასაგებია ხოლმე და უარყოფით რეაქციას არ იწვევს. ის, რომ ადამიანური სისუსტეები არსებობს, ბუნებრივია და ისინი ყველასთვისაა დამახასიათებელი. ბოროტება ადამიანების მიმართ ბოროტი განწყობილების ჩამოყალიბებაა.

– თუ ვიღაც ცუდ მდგომარეობაში იმყოფება, მე კი – კარგში, შემიძლია, მასზე გავლენა მოვახდინო?

– მაგრამ თუკი შენ მაცდური გაჩვენებს საქმეს ამგვარად?! საიდან მოიტანე, რომ კარგ მდგომარეობაში ხარ?! იმ წუთიდან, როგორც კი წარმოვიდგენ, რომ სხვაზე უკეთესი ვარ და მის შებრლებას დავიწყებ, უკვე იმის დრო დგება, რომ საკუთარი თავი მებრალებოდეს. მაშინაც კი, როდესაც ქრისტიანი ნახავს, რომ მოყვასს რაღაც ნამდვილად არა აქვს წესრიგში, გაამართლებს მას და დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებას გამოუნახავს, ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვერ პოულობს გამართლებას, ის თავს სხვებზე უარესად ხედავს, მას სტკივა საკუთარი უწმინდურობა. ის აღიარებს, რომ ყოველივე ის, რაც ღმერთმა მიანიჭა, არაფრით გადაუხდია და ამბობს: – „მე ნურაფრად ჩამთვლი, ღმერთო, მე ნურაფრად ჩამაგდებ, მე კარგი არაფერი მიქნია, სხვას შეეწიე“. იგი, ვინც ნამდვილად წარემატება, საკუთარ წინსვლას ვერ გრძნობს, არამედ, მხოლოდ – შემუსვრილებას, სიმდაბლეს და გამოუთქმელ სიხარულს, რომელიც საღვთო სიყვარულს ერწყმის.

 


1. იოან. 10, 16.

2. მათ. 26,6. და შემდეგ. მარკ. 14,3. და შემდეგ. იოან. 12, 3. და შემდეგ.

3. იოან. 12, 6.

4. რომ. 12, 15.