ბავშვები ეს ცარიელი თავსატეხია! მითხრა ერთმა ქალმა, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა. ბავშვები მისთვის სიმძიმე იყო. თუ დედა ამგვარად ფიქრობს, ის არაფრის მაქნისია, ვინაიდან დედისათვის ბუნებრივია სიყვარული. გათხოვებამდე გოგონას შეიძლება დედა დილის ათ საათამდეც კი არ აღვიძებდეს, თუმცა მას შემდეგ, რაც თავად გახდება დედა და იძულებული იქნება, თავის შვილს აჭამოს, დაბანოს და მოუაროს, იგი ღამითაც კი არ დაიძინებს, იმიტომ რომ ძრავი უკვე ჩაირთვება. თუ თავგანწირვა აქვს, ადამიანი არ წუწუნებს და არ წვალობს, არამედ ხარობს. მთელი საფუძველი ესაა: უნდა არსებობდეს მსხვეპლშეწირვის სული. ამ ქალს რომ ეთქვა: „ღმერთო ჩემო, მადლობა როგორ შეგწირო? შენ ხომ არა მარტო ბავშვები მომეცი, არამედ სხვა მრავალრიცხოვანი სიკეთეც. რამდენ ადამიანს სულ არაფერი აქვს, მე კი რამდენიმე სახლი მაქვს, მამის მემკვიდრეობა დამრჩა, ქმარი დიდ ხელფასს იღებს, იჯარასაც ორგან მიხდიან!.. გაჭირვებას არ განვიცდი. როგორ გმადლობდე ღმერთო ჩემო? მე ხომ ყოველივე ამის ღირსი არ ვიყავი“. მას რომ ასე ეფიქრა, დიდებისმეტყველებისგან ბედუკღმართობის გრძნობა გაქრებოდა. ანუ, მას რომ დღედაღამ მადლობა შეეწირა ღვთისათვის, ესეც იკმარებდა.
– მსხვერპლს, წმიდაო მამაო, სიხარული მოაქვს.
– ო, რა სიხარულია! ამ თავგანწირვის სიხარულის გემო ახლანდელ ხალხს არ უგემია და სწორედ ამიტომ არიან ასე გაწამებულნი. მათ არა ჰყავთ იდეალები, მათ თვით ცხოვრება ამძიმებთ. ღვაწლი, თავგანწირვა ადამიანის მამოძრავებელი ძალაა. თუკი ეს ძალა არ არსებობს, ადამიანი იტანჯება. ძველად სოფლებში ღამღამობით, უხმაუროდ, ისე, რომ არავის დაენახა, ადამიანებს გაჰყავდათ რომელიმე გზა იმისათვის, რომ სიკვდილის შემდეგ სხვებს გაეხსენებინა ისინი. ახლა თავგანწირვის ეს სული იშვიათადღა გვხვდება. ერთხელ ათონზე ლიტანიობისას დავაკვირდი, ბილიკზე მიმავალ ბერ-მონაზვნებს ბუჩქნარის ტოტზე ეხეოდათ მანტიები, მაგრამ ერთმაც კი არ მოამტვრია ის, რომ უკან მიმავალთა გზა შეემსუბუქებინა; ყველანი იხრებოდნენ, რომ არ დაჩხაპნილიყვნენ. ეს იგივე იყო, თითქოს ბუჩქს თაყვანს სცემდნენ! ეს რომ მაყვალი შეუწველი ყოფილიყო, კიდევ ჰო! მაგრამ ყოველი მათგანი ფიქრობდა: „დაე, ეს სხვა ვინმემ გააკეთოს. მე კი ოღონდ თავად გავაღწიო“. მაგრამ რატომ არ უნდა გააკეთო ეს შენ, თუკი შენ პირველმა დაინახე ტოტი. ასე ხომ ის ერისკაცნი იქცევიან, რომლებსაც ღმერთი არა სწამთ. რად მინდა ასეთი ცხოვრება, ამას სიკვდილიც ათასჯერ სჯობია. მიზანი ისაა, სხვა ადამიანზე, მის ტკვილზე იფიქრო.
სამყარომ უკვე დაკარგა საკუთარ თვზე კონტროლი. ადამიანებს განეშორა კეთილზნეობა, თავგანწირვა. ოდესღაც გიყვებოდით, თუ როგორ მდგომარეობაში ვიყავი მე, როცა წმიდა მთაზე, სენაკში მყოფს თიაქარი ჩამეჭედა. მაშინ ვიღაც აკაკუნებდა კუტიკარზე, მე კი თოვლში და სიცივეში გამოვდიოდი გასაღებად. თუ ადამიანს სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაშინ ჩემს ტკივილს არც კი ვგრძნობდი, თუმცა მანამდე საწოლზე ვიყავი მიჯაჭვული. რამით ვუმასპინძლდებოდი მომსვლელს. ერთი ხელით ვუმასპინძლდებოდი, მეორით კი თიაქარი მეჭირა. მთელი ხნის განმავლობაში, ვიდრე ვსაუბრობდით, მიუხედავად ძლიერი ტკივილისა, მე არაფერს ვეყრდნობოდი, რათა სტუმარი არ მიმხვდარიყო, რომ ტკივილი მტანჯავდა. ხოლო როცა მნახველი მიდიოდა, ტკვილისაგან ისევ ორად ვიკეცებოდი. განა მანამდე ტკივილი მიყუჩდებოდა, ან სასწაულებრივად გამოვკეთდებოდი ხოლმე? არა! მე ვხედავდი, რომ სხვას სტკიოდა და საკუთარ ტკივილს ვივიწყებდი. სასწაული ხდება, როდესაც სხვის ტკივილს გრძნობ. მთავარი ისაა, რომ ადამიანი ძმად შეიგრძნო და მის გამო გტკიოდეს. ეს ტკვილი შეძრავს უფალს და ხდება სასწაული. იმიტომ, რომ სხვა არაფერი უყვარს უფალს ისე, როგორც კეთილშობილი სულგრძელობა, ანუ თავგანწირვა. მაგრამ ჩვენს ეპოქაში სულგრძელობა იშვიათობაა, იმიტომ რომ ჩვენში შესახლდა თავისმოყვარება, ანგარება. იშვიათობაა ადამიანი, რომელიც იტყვის: „ჩემს რიგს სხვას დავუთმობ, მე კი მოვიცდი“. რაოდენ ცოტანი არიან ასეთი კურთხეული სულები, რომლებიც სხვაზე ფიქრობენ! სულიერ ადამიანებშიც კი ბუდობს ეს საძაგელი სული სული გულგრილობისა.
სიკეთე მხოლოდ მაშინაა სიკეთე, თუ მისი აღმასრულებელი რაიმეს გაიღებს მსხვერპლად: ძილს, სიმშვიდეს და ამის მსგავს რამეს. სწორედ ამიტომ ბრძანა ქრიტემ: „თავის უარყოფით“. როდესაც სიკეთეს აღვასრულებ, თუკი ის დამქანცველი არ არის ჩემთვის, მაშინ ძვირად აღარ ფასობს. თუმცაღა, მაგალითად, თუ დაღლილი ვარ, მაგრამ გამოვდივარ, რათა გზა ვუჩვენო ვინმეს, ვინც ამას მთხოვს, ეს უკვე ძვირადღირებულია. როცა მე, წინასწარ გამოძინებული, ღამეს უძილოდ ვატარებ იქ, სადაც ჩემი დახმარება სჭირდებათ, ამას დიდი ფასი არ აქვს. თანაც თუ, ამავე დროს, საუბარიც ჩემს გემოზე მიდის; ამის გაკეთება ხომ სულაც იმიტომ შემიძლია, რომ ურთიერთობით ვისიამოვნო და ცოტა გავერთო. მაგრამ მაშინ, როცა დაღლილი ვარ, მაგრამ მსხვეპლს ვიღებ იმისათვის, რომ სხვას დავეხმარო, სამოთხისეულ ნეტარებას განვიცდი. მაშინ მე ვპურდები ღვთაბერივი კურთხევით.
ხოლო თუ ადამიანი წუხდება არა მხოლოდ იმით, რომ სხვას ეხმარება, არამედ იმითაც კი, თუ რაიმეს საკუთარი თავისათვის აკეთებს, მაშინ ის დასვენებისაგანაც იღლება. ის კი, ვინც მოყვასს ეხმარება, დაღლილობისგანაც ისვენებს. თუ ადამიანში არის თავგანწირვის სული, როდესაც დაინახავს ადამიანს, მაგალითად, ფიზიკურდ უძლურს, მშრომელსა და დაღლილს, ეტყვის მას: „დაჯექი, ცოტა დაისვენე“ და მის საქმეს თვითონ გააკეთებს. ის, ვისაც ქანცი გასწყდა შრომით, სხეულით დაისვენებს, ის კი, ვინც მას დაეხმარა, სულიერ მოსვენებას განიცდის. რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, გულით უნდა იქმოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სულიერად არ შეიცვლება. ის, რაც გულით კეთდება, არ გღლის. გული ეს თითქოს თვითგამანათებელი მოწყობილობაა: რაც მეტს მუშაობს, მით უფრო მეტად იტენება. აი, მაგალითად, ელექტროხერხი; როდესაც ფუტურო ხეს ეხება, ფრუტუნებს და ჩერდება, მაგრამ, როდესაც მყარ ხეს ეხება, შრომაში ეფლობა, უტევს, ზუზუნებს, კარგად ეჭიდება და ხერხავს. და არა მხოლოდ საქმეში, არამედ იმ შემთხვევაშიც, როცა რამე უნდა ავიღოთ, საკუთარ თავზე არ უნდა ვიფიქროთ, არამედ ყოველთვის ვესწრაფოთ, რომ სხვის სულს მივანიჭოთ სიმშვიდე. ჩვენში არ უნდა იყოს სიხარბე. არ უნდა გვეგონოს, რომ უფლება გვაქვს ავიღოთ იმდენი, რამდენიც გვინდა, სხვას კი თუნდაც არაფერი დარჩეს.
– წმიდაო მამაო, ყველაფერი ისევ თავგანწირვის სულს უბრუნდება.
– ეს ხომ სწორედ ყოველი ადამიანის სულიერი ცხოვრების საფუძველია! და იცი, როგორ სიხარულს გრძნობს ადამიანი, როდესაც თავს მსხვეპლად სწირავს? მას განცდილი სიხარულის გამოხატვა არ ძალუძს. ყველაზე აღმატებული სიხარული მსხვერპლის გაღებიდან მომდინარეობს. მხოლოდ მსხვერპლშეწირვით არის ადამიანი ქრისტესთან ნათესაობაში, ვინაიდან ქრისტე არის მსხვერპლი. ადამიანი ჯერ კიდევ აქ, დედამიწაზე იწყებს სამოთხის ან ჯოჯოხეთის განცდას. ის, ვინც სიკეთეს აკეთებს, ხარობს, ვინაიდან მას ამისათვის საღვთო ნუგეშით მიეზღვება. ბოროტის ჩამდენი კი ტანჯვას განიცდის.
– წმიდაო მამაო, როგორ შეძლებს თავის გაწირვას ადამიანი, თუ მას თავგანწირვის სიხარული ჯერ არ უგემია?
– მაშინ, როდესაც საკუთარ თავს სხვის ადგილზე წარმოიდგენს. ჯარში რომ ვიყავი, ჩვენი სანგარი ხშირად წყლით ივსებოდა. გადამცემისთვის აკუმულატორები უნდა გამოგვეცვალა, ეს კი ძალიან ძნელი საქმე იყო, ვინაიდან ხაზი გადატვირთული იყო. მე ქამრამდე სველი ვიყავი და მუნდირი ხშირად უნდა გამეწურა. თუმცაღა, იმისათვის, რომ სხვები არ გატანჯულიყვნენ, ვამჯობინებდი ეს საქმე მე მეკეთებინა, და როცა ამას ვაკეთებდი, მიხაროდა. მეთაური მეუბნებოდა: „როცა ამ საქმეს ასრულებ, მშვიდად ვარ და არ ვღელავ, მაგრამ შენ მეცოდები. თქვი, რომ ეს სხვა ვინმემ გააკეთოს“. „არა, ბატონო მეთაურო, ვპასუხობდი მას, მე ამით ვხარობ“! ჩვენს ნახევარბატალიონში იყო ასევე ერთი რადისტი, მაგრამ, როდესაც ოპერაციაზე მივდიოდით, საფრთხეში რომ არ ჩავარდნილიყო, მას არც აკუმულატორს და არც გადამცემს არ ვატარებინებდი, თუმცა ძალიან მიჭირდა. ის მთხოვდა ამას, სწყინდა კიდეც და მეკითხებოდა: „რატომ არ მაძლევ?“ „შენ ცოლშვილი გყავს, ვპასუხობდი მე, შენ რომ მოგკლან, ამისათვის ღვთის წინაშე ვაგებ პასუხს“. და ასე უფალმა ორივე დაგვიცვა: არ დაუშვა, რომ მოვმკვდარიყავით.
მგრძნობიარე ადამიანისათვის უმჯობესია, ერთხელ თავად მოკვდეს, როცა სხვას იცავს სიყვარულის სახელით, ვიდრე უყურადღებობა ან სიმხდალე გამოიჩინოს და მთელი დარჩენილი ცხოვრება მუდმივად სინდისის ქენჯნას განიცდიდეს. ერთხელ სამოქალაქო ომში ამბოხებულთა მანევრმა ერთ სოფელში დანარჩენ ძალებს მოგვწყვიტა. ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, კენჭი ეყარათ, ვინ წავიდოდა სოფელში პროდუქტებისათვის. „მე წავალ“, ვთქვი მე. ვინმე გამოუცდელი და უყურადღებო რომ წასულიყო, შეიძლება, მოეკლათ, მე კი მერე სინდისი შემაწუხებდა. „უკეთესი იქნება, თუ მე მომკლავენ, ვფიქრობდი მე, ვიდრე ვინმე სხვა მოკლან, მე კი მერე მთელი ცხოვრება სინდისი მომკლავს. ამას როგორ გადავიტან?“ „შენ შეგეძლო, გადაგერჩინა, მეტყვის მერე ჩემი სინდისი, მაშ, რატომ არ გადაარჩინე იგი?“ ამასთან, მე ხომ ვმარხულობდი და მშიერი ვიყავი... საერთოდ, კმარა. მეთაური კი მე მეუბნება: „მეც ვამჯობინებდი, რომ შენ წასულიყავი, შენ ხომ წყლიდანაც მშრალი ამოხვალ. ოღონდ შეჭამე, რომ ძალა გქონდეს“. ავიღე ავტომატი და გზას გავუდექი. ამბოხებულებმა თავისიანად მიგულეს და გამატარეს. მივედი სოფელში, შევედი ერთ ორსართულიან სახლში. იქ ერთი მოხუცი ქალი დამხვდა, მან მომცა პროდუქტი და ჩემიანებთან დავბრუნდი.
უდიდეს სიხარულს განვიცდიდი ზამთარში მთებში, თოვლში. მახსოვს, ერთხელ ღამით გავიღვიძე. ყველას ეძინა, ჩვენი კარვები კი ზვავს გადაეთელა. მე გამოვძვერი კარვიდან, ხელი ვტაცე გადამცემს და მისგან თოვლის გადმოყრა დავიწყე. ვხედავ: მუშაობს. მივირბინე მეთაურთან და მოვუყევი, რაც ხდებოდა. იმ ღამეს თოხით ამოვთხარე ოცდაექვსი გაყინული კაცი. ქრისტესთვის მე არაფერი გამიკეთებია. მე რომ ქრისტესთვის გამეკეთებინა თუნდაც ათი პროცენტი მაინც მათ შორის, რასაც ომში ვაკეთებდი, ახლა სასწაულებს ჩავიდენდი! აი, რატომაა, რომ შემდეგ, მონაზვნურ ცხოვრებაში, ხშირად ვამბობდი: „ჯარში ასეთი ტანჯვა-წამება დავითმინე სამშობლოსათვის, ქრისტესთვის კი რას ვაკეთებ?“ სხვა სიტყვებით, იმ ტანჯვასთან შედარებით, რაც მე ჯარში გადავიტანე, მონაზვნურ ცხოვრებაში თავს უფლისწულად ვთვლიდი, აქ უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, მქონდა რაიმე, თუნდაც ორცხობილა, თუ არა. ვინაიდან იქ, ოპერაციის დროს, იცი, როგორ მარხვას ვიცავდით? თოვლს ვჭამდით! სხვები კი მაინც ეძებდნენ გარშემო, პოულობდნენ საჭმელად ვარგის რამეს, მე კი გადამცემთან ვიყავი მიჯაჭვული არ შემეძლო მისი მიტოვება. ერთხელ 13 დღე დავრჩით საჭმლის გარეშე: მხოლოდ თითო ჯარისკაცული პური და ნახევარი ქაშაყი მოგვცეს. წყალს ჩლიქების ნაკვალევიდან ვსვამდი და ისიც სუფთა წვიმის წყალს კი არა, არამედ ტალახში არეულს. ერთხელ კი „ლიმონათის“ გასინჯვაც მომიხდა. მაშინ წყურვილისგან მე უკიდურეს ზღვარს გადავცდი და იქვე ჩლიქების ნაკვალევი დავინახე, წყლით სავსე ყვითელი! მე კი მას ვსვამდი და ვსვამდი! ამიტომ მერე, მონაზვნურ ცხოვრებაში წყალი, თუნდაც ის ნებისმიერი უწმინდურობით ყოფილიყო სავსე, უდიდეს ღვთის წყალობად მეჩვენებოდა. ის ყოველ შემთხვევაში, წყალს მაინც ჰგავდა.
ერთხელ საღამოს კავშირის საკაბელო ხაზი გაწყდა. 1948 წლის დეკემბერი იდგა. ირგვლივ თოვლია ნამქერი. შუადღის 4 საათზე ბრძანებას გვაძლევენ: წავიდეთ სოფელში! ეს კი ფეხით ორი საათის სავალია, უნდა აღვადგინოთ ხაზი და უკან დავბრუნდეთ. ორ საათში სიბნელე ჩამოწვება. ჯარისკაცები დაღლილობისაგან მკვდრებივით იყვნენ და საკუთარ თავში სიმამაცეს ვერ პოულობდნენ, რომ წასულიყვნენ. თანაც, ან კაბელს როგორ იპოვი ამ ნამქერში.
– თქვენ რა, წმიდაო მამაო, გზა არ იცოდით? არც ის, კაბელი როგორ იყო ჩადებული?
– ეჰ, გზა კი დაახლოებით ვიცოდი, მაგრამ ღამემ მაინც გზაში მოგვისწრო. მოკლედ რომ ვთქვათ, რამდენიმე კაცი მომცეს და წავედით. თავიდან ჯერ კიდევ ჩვენი ნაწილთან ახლოს ნიჩბებით გავწმინდეთ გზა თოვლისგან, რათა მეთაური დაგვემშვიდებინა და ნელ-ნელა წინ წავედით. შემდეგ მათ ვეუბნები: „ვიაროთ-ვიაროთ, ჩვენ ხომ უკანაც უნდა დავბრუნდეთ“. მე პირველი წავედი, იმიტომ რომ დანარჩენები სულ წუწუნებდნენ. „ელადა ხომ არ დაიღუპება, მეუბნებოდნენ ისინი, აი, ჩვენ კი ვიღუპებით“. როგორც თავიდან წამოიწყეს საქმე, მერეც უკვე ისე მივიწევდით წინ: მე თოვლში ვეფლობოდი, ისევ ამოვყავდი.. მე ხმალი მქონდა და სიარულისას წინ თოვლში ვარჭობდი, რათა დასაბიჯებელი ადგილი მეპოვა, გამუდმებით საჭირო იყო შემოწმება. მე პირველი მივიწევდი წინ და მათ ვეუბნებოდი: „მოდით, მოდით, აქ საქონელი არ დადის და კაბელს ვერ გაწყვეტდა. რომელიმე ხრამამდე მივაღწიოთ, სადაც კაბელი მიწაზე ზემოდან იქნება და მხოლოდ იქ შევამოწმოთ“. როგორც იქნა მივედით ერთ სოფლამდე, რომლის მიმდებარე ტერასებს თოვლის ნამქერები თვალისთვის შეუმჩნეველს ხდიდა. მე პირველივე ტერასაზე ქვემოთ, თოვლში ჩავვარდი. დანარჩენებს წინსვლისა და ჩემი ამოყვანისა შეეშინდათ. ბოლოს ქვემოთ ჩავედით, ერთი ტერასიდან მეორეზე გადავდიოდით, უმჯობესია, ნუ მკითხავ როგორ: და გვიან საღამოს სოფელში შევედით. რომელიღაც ხრამში, ერთ-ორ ადგილას გაწყვეტილი ადგილი ვიპოვე, კაბელი შევაერთეთ და მეთაურს დავუკავშირდით. „უკან დაბრუნდით“! გვეუბნება მეთაური. მაგრამ, როგორ გინდა, აქედან დაბრუნდე? ის არ კმარა, რომ დაღამდა, ტერასებიდან როგორღაც ზემოთ უნდა ავფორთხდეთ. ჩასვლით კი კოტრიალით ჩავგორდებით... და ან გზას როგორ იპოვი?! – „კი მაგრამ როგორ დავბრუნდებით? ვეკითხები მეთაურს, ჩასვლით როგორღაც ჩავედით, მაგრამ ახლა როგორ ამოვალთ? მოდით, უკეთესია ხვალ დილით დავბრუნდებით: სოფლის მეორე ბოლოდან გამოვალთ და წრეს დავარტყამთ“. „არავითარი, მოდით“, – გვეუბნება მეთაური, დღესვე! ჩვენს ბედად, ეს საუბარი მეთაურის ადიუტანტმა გაიგონა და ნებართვა გამოსთხოვა, რომ ღამით სოფელში დავრჩენლიყავით. ასე დავრჩით კიდეც. ერთ სახლში მოგვცეს ორი-სამი სქელი შალის გადასაფარებელი. კანკალმა ამიტანა: მე ხომ პირველი მივდიოდი, გზას ვწმენდდი და სულ სველი ვიყავი. ამხანაგებს შევეცოდე, იმიტომ რომ მე, ასე ვთქვათ, სხვებზე მეტი წვალება მომიწია, და შუაში ჩამაწვინეს. ერთი ნაჭერი ჯარისკაცული პურით ვივახშმეთ. არ მახსოვს, რომ ჩემს ცხოვრებაში ოდესმე უფრო მეტი სიხარული მეგრძნოს, ვიდრე მაშინ.
იძულებული ვიყავი, ეს მაგალითები მომეყვანა, რათა მიმხვდარიყავით, თუ რა არის მსხვერპლი. ეს იმიტომ კი არ მოგიყევით, რომ ჩემთვის ტაში დაგეკრათ, არამედ იმიტომ, რომ გაგეგოთ, თუ საიდან მოდის ნამდვილი სიხარული.
შემდეგ კი კავშირგაბმულობის განყოფილებაში, თანამშრომლები ხშირად მატყუებდნენ. – „მამაჩემი ჩამოდის, უნდა წავიდე და ვინახულო, დაჯექი ჩემს მაგივრად, გეთაყვა!“ მეუბნებოდა ერთი. – „მე კი და ჩამომივიდა“, – ცრუობდა მეორე, სინამდვილეში კი ის ქალი მისთვის არანაირი „და“ არ იყო. ვიღაცას კიდევ რაღაცის გამო სჭირდებოდა წასვლა და მე მსხვერპლს ვიღებდი: სულ მორიგედ ვიჯექი, ხან ერთის მაგიერ, ხან მეორესი. მორიგეობის მერე ვხვეტდი, ყველაფერი წესრიგში მომყავდა. კავშირგაბმულობის შენობაში სხვებს ეკრძალებოდათ შესვლა, თუნდაც სხვა განყოფილების ოფიცრები ყოფილიყვნენ, ამასთან, ომის პერიოდი იყო. ასე რომ, დამლაგებლის აყვანა არ შეგვეძლო. ვიღებდი ცოცხს და ვხვეტდი მთელ ნაგებობას. სწორედ იქ ვისწავლე ხვეტა. „აქ, ვამბობდი მე, – სამსახურეობრივი შენობაა, გარკვეულწილად კურთხეული ადგილია, მისი დაულაგებლად დატოვება არ შეიძლება“. მე ვალდებული არ ვიყავი, დამელაგებინა, თანაც, ამის გაკეთება არც ვიცოდი: სახლში ცოცხი ხელში ერთხელაც კი არ ამიღია. ეს რომც მომენდომებინა, ჩემი და იმავე ცოცხით მიმტყეპავდა „დამლაგებელო“! მაბრაზებდნენ ჩემი თანამშრომლები, „მარადიული მსხვერპლი“ ხარო. ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ამას ვაკეთებდი არა იმიტომ, რომ „მადლობა“ გამეგონა, არამედ იმიტომ, რომ ამის აუცილებლობას ვგრძნობდი და მიხაროდა.
– თქვენ წმიდაო მამაო, სულ არ გქონდათ გულისთქმა „მარცხნიდან“? მაგალითად, არ ფიქრობდით: „ესა თუ ის სეირნობს, სინამდვილეში თავის დას სულაც არ ხვდება?“
– არა, ასეთი აზრები არ მქონდა. იმ მომენტიდან, როცა ვინმე მეტყოდა: „გთხოვ, იქნებ ცოტა ხანს ჩემს მაგივრად დაჯდომა შეძლო?“ მორჩა, საკითხი დახურული იყო. და კიდევ ერთმა ფული მთხოვა, თითქოსდა თავისი შვილებისათვის, თუმცაღა, არათუ ბავშვებს არ გაუგზავნა, არამედ ცოლსაც აქეთ მოსთხოვა ფული, რომ თავისთვის დაეხარჯა. გასაგებია? მე ამას იმიტომ კი არ ვაკეთებდი, რომ ეთქვათ „ყოჩაღ“! ამას აუცილებლობად მივიჩნევდი. ნაწილიდან არ გამოვდიოდი, სხვები ამით სარგებლობდნენ და მთელ სამუშაოს მე მაკისრებდნენ. მთელი ოცეულს სამუშაოს შესრულება მე მიწევდა. მთელი გროვა ბრძანებები გაუჩერებლად მოდიოდა... მაშინ ნამსხვრევებად ვიქეცი. რამდენიმე ხანი ტემპერატურა ოცდაცხრამეტი და ხუთი მქონდა, მაგრამ ამას არავის ვეუბნებოდი. თუმცა მერე გადაღლილობის გამო დავვარდი, გონება დავკარგე. დამაგდეს საკაცეზე, ამ დროს თანამშრომლების ხმა მესმოდა: „რა ბენედიქტე? [1] წავედით კაპიტალურ რემონტზე? ახლა საკაცით იქ წაგიყვანთ, სადაც ძველ ავტომობილებს აკეთებენ“. და მათ ჰოსპიტალში წამიყვანეს. იქ უპატრონოდ ვიყავი ვის ეცალა ჩემთვის! ყველანი დაჭრილებით იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ სიხარულს ვგრძნობდი. იმ სიხარულს, რომელიც მსხვერპლის გაღებას მოაქვს, ვინაიდან ჩემი პირადი სიმშვიდე იქიდან იშვება, რომ სხვას ვანიჭებ სიმშვიდეს.
ის, ვისშიც არის თავგანწირვა და რწმენა ღვთისა, საკუთარ თავს არაფრად მიიჩნევს. თუ ადამიანი საკუთარ არსებაში თავგანწირვის სულს არ ჩამოაყალიბებს, ის მხოლოდ საკუთარ თავიზე ფიქრობს და სურს, რომ სხვებმა გაიღონ მისთვის მსხვერპლი. მაგრამ ის, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, ადამიანებისგანაც და ღვთისგანაც იზოლირებული აღმოჩნდება. იგი ორმაგ იზოლაციაშია და საღვთო მადლს ვერ ღებულობს. ასეთი ადამიანი უსარგებლოა. შეხედეთ: იმ ადამიანს, ვინც მუდამ მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ სიძნელეებზე ფიქრობს, მძიმე წუთებში მხარში ხომ არავინ დაუდგება ადამიანურადაც კი. ღვთაბრივ მხარდაჭერას რომ ვერ მიიღებს, ეს ისედაც აშკარაა, მაგრამ ადამიანურ მხარდაჭერასაც რომ ვერ მოიპოვებს?! შემდეგ ასეთი ადამიანი დახმარების ძიებას აქა-იქ დაიწყებს, ანუ დაიტანჯება, რომ ადამიანებისაგან დახმარება ჰპოვოს, მაგრამ მის პოვნას ვერ შეძლებს. და პირიქით: იმ ადამიანზე, ვინც საკუთარ თავზე არ ფიქრობს და მუდმივად, ამ სიტყვის კარგი გაგებით, სხვებზე ფიქრითაა დატვირთული, მუდმივად ფიქრობს ღმერთი. გარდა ამისა, სხვა ადამიანებიც ფიქრობენ მასზე. რაც მეტად ივიწყებს ადამიანი საკუთარ თავს, მით უფრო მეტად ახსოვს იგი ღმერთს. აი, მაგალითად, თანაცხოვრებულთა მონასტერში ის, ვინც კეთილზნეობრიობით გამოირჩევა, საკუთარ თავს მსხვეპლად სწირავს, საკუთარ თავს სხვებს ანაცვალებს. თქვენ გგონიათ, სხვები ამას ვერ ამჩნევენ? განა შეუძლიათ არ იფიქრონ ამ სულზე, რომელიც სრულებით სწირავს თავს სხვებს, საკუთარ თავზე კი არ ფიქრობს?! და განა ღმერთს შეუძლია, ამ სულზე არ იფიქროს? დიდებული საქმეა! ამაში ჩანს ღვთის კურთხევა, ჩანს საღვთო ქმედების სახე.
როდესაც მძიმე სიტუაციში მოხვდება, ადამიანი გამოცდას აბარებს. ქმედითი სიყვარული, თავგანწირვა ასეთ წუთებში მჟღავნდება. როდესაც ვამბობთ, რომ ესა თუ ის ადამიანი თავგანწირულია, მხედველობაში გვაქვს ის, რომ ხიფათის ჟამს ის საკუთარ თავს არაფრად აგდებს და სხვებზე ფიქრობს. ანდაზაც ხომ გვეუბნება: „მეგობარი ჭირში იცნობა“. თუ ახლა, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგალითად, ჭურვები დაიწყებს ცვენას, მაშინვე აშკარა იქნება, ვინ ფიქრობს სხვებზე და ვინ საკუთარ თავზე. ის, ვინც მიჩვეულია, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქროს, მძიმე წუთებში ისევ საკუთარ თავზე იფიქრებს, და ღმერთი ამ ადამიანზე ფიქრს აღარ დაიწყებს. და თუ ვინმე წინასწარ მიჩვეულია არა საკუთარ თავზე, არამედ სხვებზე ფიქრს, მაშინ ხიფათის დროს ის ისევ სხვებზე იფიქრებს. მაშინ აშკარა გახდება, ვისშია ჭეშმარიტი თავგანწირვა და ვისში თავისმოყვარება.
თუ ქრისტიანი უკვე ახლავე არ დაიწყებს რაიმე მსხვერპლის (რომელიმე თავისი ჟინის, ეგოიზმის) გაღებას, მაშ, როგორ მიაღწევს იმას, რომ მძიმე წუთებში მსხვერპლად გაიღოს თავისი სიცოცხლე?! და თუ ახლა მას შრომის ეშინია და იმაზე ზრუნავს, რომ სხვაზე მეტი არ იმუშაოს, როგორ მიაღწევს ისეთ მდგომარეობას, რომ ესწრაფოდეს, სხვის მაგივრად გაწიროს სიცოცხლე? თუკი ახლა საკუთარ თავისთვის ამაო საზრუნავით არის დაკავებული, მაშინ როგორ იფიქრებს სხვაზე იმ წუთებში, როცა მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება? მაშინ ხომ უფრო ძნელი იქნება. თუკი დადგება რთული წლები და ასეთი ადამიანი დაინახავს თავის მეზობელს, რომელიც ციებ-ცხელებით გათანგული გზაზე აგდია, იქვე დატოვებს, წავა და იტყვის: „უკეთესია, წავიდე და ლოგინში ჩავწვე, რომ მეც არ დავეცე“.
ომში კი მიმდინარეობს ბრძოლა სიცოცხლეებს შენი და კიდევ ვინმეს სიცოცხლეს შორის. სიმამაცე ისაა, რომ სხვა ადამიანის დასახმარებლად ისწრაფოდე, მაგრამ თუ თავგანწირვა არ არის, მაშინ ყველა საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს. მაგრამ, აი რა შეიმჩნევა: ომში ჭურვი ან ნაღმი სწორედ იმას პოულობს, ვინც გამოძვრომას ცდილობს. ამგვარ ადამიანს თითქოსდა სურს, საფრთხეს გაექცეს, მაგრამ მით უფრო მალე მოიტეხს კისერს. ამიტომ არ უნდა ვეცადოთ, საფრთხეს ხელიდან დავუძვრეთ, განსაკუთრებით კი სხვების ხარჯზე. მახსოვს ერთი შემთხვევა, რომელიც ალბანეთის ომში მოხდა? ერთ ჯარისკაცს ქვის ფილა ჰქონდა და ტყვიებისა და ნამსხვრევებისაგან თავს მის ქვეშ მალავდა. როცა რაღაცაზე გვერდით გასვლა დასჭირდა, ფილა სანგრის ძირას დადო კედელთან მიაყუდა. მისმა მეზობელმა ეს რომ დაინახა, მაშინვე ხელი სტაცა ამ ფილას და მიითვისა. „ახლა ხელსაყრელი შემთხვევა ჩამივარდა, რომ ის ჩემი გახდეს“, გაიფიქრა მან. თუმცაღა ზუსტად იმ მომენტში ჭურვი დაეცა? და მისგან სველი ადგილიც კი არ დარჩენილა. როცა ხედავდა, რომ გარშემო ჭურვები ფეთქდებოდა, უბედურმა აიღო ეს ფილა, მაგრამ ფილის პატრონი რომ დაბრუნდებოდა, ამაზე არც უფიქრია. მან მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნა და თავის საქციელს გამართლება მოუძებნა: „რადგან ის გავიდა, მაშ, შემიძლია ავიღო მისი ფილა ჩემთვის“. წასვლით კი წავიდა, მაგრამ ფილა ხომ მისი საკუთრება იყო?! და კიდევ იყო ერთი ადამიანი სულ თავიდან ირიდებდა ჯარში სამსახურს, ვიდრე ომი მიმდინარეობდა. არავისზე ფიქრობდა. სხვები სამშობლოსთვის სიცოცხლეს სწირავდნენ ის კი სახლში იჯდა. უკანასკნელ დრომდე, ვიდრე მდგომარეობა გართულდებოდა, იგი ცდილობდა, ხიფათს გაქცეოდა. შემდეგ როცა ინგლისელები მოვიდნენ, მან მათი ჯარების კეთილგანწყობის მოპოვება მოინდომა, წარსდგა ზერვასის [4] ანტიფაშისტური მოძრაობის „ნაციონალური ბერძნული დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი, რომელიც ნაცისტების წინააღმდეგ მოქმედებდა ეპირში და საბერძნეთის სხვა ოლქებში და ვინაიდან ამერიკის მოქალაეობაც ჰქონდა, შემთხვევით ისარგებლა და ამერიკაში გაიქცა. როგორც კი ამერიკას მიაღწია, მაშინვე გარდაიცვალა! საცოდავი მისი ცოლი ამბობდა: „ღვთისაგან სურდა გაქცევა“. ამგვარად, ის მოკვდა. მაშინ, როცა სხვები, რომლებიც ომში იბრძოდნენ, ცოცხლები გადარჩნენ.
მახსოვს, ჯარში ყველას ერთი საერთო მიზანი გვქონდა. მეც ვცდილობდი, მაგრამ თავგანწირვის გრძნობა სხვებსაც ჰქონდათ იმისგან დამოუკიდებლად, სწამდათ თუ არა მომავალი მარადიული არსებობა. „რატომ უნდა მოკვდეს ეს ადამიანი, ის ხომ ოჯახის უფროსია“! ამბობდნენ ისინი და სახიფათო დავალების შესასრულებლად თავად მიდიოდნენ. იმ მსხვერპლს, რასაც ეს ადამიანები იღებდნენ, უფრო დიდი ფასი ჰქონდა, ვიდრე იმას, რაზეც მორწმუნე ადამიანი მიდიოდა. მორწმუნეს სწამდა საღვთო სიმართლე, საღვთო საზღაური, მაშინ როცა ურწმუნოებმა არ იცოდნენ, რომ ის მსხვერპლი, რომელიც გაიღეს, ამაო არ იყო, და რომ მათ სხვა ცხოვრებაში მიეზღვებოდათ.
ოკუპაციისას, დავაკისის დროს [5], იტალიელებმა დააპატიმრეს ახალგაზრდა ოფიცრები, ხომალდზე აიყვანეს, შემდეგ კი ჩაძირეს. ამის შემდეგ სამოქალაქო პირების დაკავებაც დაიწყეს. მათ, ვინც პირველი დაიჭირეს, აწამებდნენ, რათა იძულებით დაესახელებინათ მათი სახელები, ვისაც სახლში იარაღი ჰქონდათ. ნეტავ გენახათ მაშინ, როგორ თავგანწირვას ავლენდნენ ერისკაცები! კონიცაში, ჩვენი სახლის სიახლოვეს, იქ, სადაც ახლა წმიდა კოზმა ეთოლიელის ტაძარი ააშენეს, ადრე მეჩეთი იდგა. დაპატიმრებულები მეჩეთში გამოკეტეს და მთელი ღამე ეკლებიანი კაბელებით სცემდნენ: გამოჰყავდათ გარეთ მავთული, ბოლოში აბამდნენ ტყვიის ნაჭერს და ამ მავთულებით სცემდნენ ადამიანებს. რკინის მავთული კანს აძრობდა. იმისათვის, რომ მათი ყვირილი არავის გაეგო, იტალიელები მღეროდნენ ან მუსიკას რთავდნენ. აქედან მოდის გამოთქმა: „ტყავის გაძრობა მუსიკის თანხლებით“. გარდა ამისა, უბედურებს ფეხებით თავდაღმა ჰკიდებდნენ, პირიდან სისხლი სდიოდათ, მაგრამ ისინი დუმდნენ, იმიტომ რომ ფიქრობდნენ: „თუ ვაღიარებთ (მათ ხომ იცოდნენ, ვის ჰქონდა იარაღი), მაშინ ასევე სცემენ დანარჩენებსაც, რათა მათაც აღიარონ“. ამიტომ, მათ, ვინც პირველები აიყვანეს, გადაწყვიტეს: „უმჯებესია, ჩვენ მოვკვდეთ, რათა დავამტკიცოთ, რომ დანარჩენებს იარაღი არა აქვთ“. სხვები კი ერთ ან ხუთ ოკა [6] ფქვილზე გამოუტყდებოდნენ მტრებს, თუ ვის ჰქონდა დამალული იარაღი. შიმშილობა იყო და ადამიანები გამცემლები ხდებოდნენ. ზოგიერთი იტალიელი იმ ბატალიონიდან, რომელიც უპატრონო ბავშვებისაგან შედგებოდა, ნამდვილი ბარბაროსი იყო ბარბაროსული კომპლექსებით აღსავსე. გაბოროტებას ისინი სხვებზე ანთხევდნენ. პატარა ბავშვებს იყვანდნენ, ტანზე ხდიდნენ, საწყლებს გახურებულ რკინის ეკლებზე სვამდნენ და ფეხით ქელავდნენ, რომ მთელი სხეული დამწვარიყო. ისინი ბავშვებს იმიტომ აწამებდნენ, რომ მშობლები გამომტყდარიყვნენ, თუ ვის ჰქონდა იარაღი. „მე არა მაქვს, მე არა მაქვს!“ ყვიროდნენ დიდები, ჯალათები კი მათ შვილებს წვავდნენ. მინდა ვთქვა, რომ ბევრმა სიკვდილი ამჯობინა, თუმცა ერისკაცები იყვნენ, იმისათვის, რომ სხვები არ ეწამებინათ და მოეკლათ. ამით მათ მრავალი ადამიანი იხსნეს. ამგვარად, რამდენიმე გმირის გამო ჩვენ, როგორც ერი, გადავრჩით.
ისინი, ვინც გმირულად იღუპებიან, არ კვდებიან. და თუ გმირობა აღარ არსებობს, მაშინ კარგს ნურაფერს ელი. იცოდეთ აგრეთვე, რომ მორწმუნე ადამიანი მამაციც იქნება! მაკრიანისი [7] საწყალი, რამდენი გადაიტანა! თანაც, როგორ წლებში!
– მან ერთხელ თქვა, გერონდა: „ჩემი თვალები გაიმჭვარტლა“.
– დიახ, მას თვალები გაემჭვარტლა. დაძაბულობისა და შფოთის გამო, რომელსაც განიცდიდა, მისი თვალები თითქოსდა კვამლით ივსებოდა რთულ დროში ცხოვრობდა და ტკვილისა და სიყვარულისაგან განუწყვეტლივ წირავდა თავს. საკუთარ თავზე არ ფიქრობდა, სათვალავში არასდროს აგდებდა თავის თავს. სამშობლოსათვის ბრძოლისას სიკვდილის არ ეშინოდა. ის რომ მონაზონი გამხდარიყო, ვფიქრობ, ანტონი დიდისგან დიდად განსხვავებული არ იქნებოდა. მიუხედავად თავისი ჭრილობებისა და სახიჩრობისა, იგი დღეში სამიათას მეტანიას ასრულებდა. როდესაც ამას აკეთებდა, ჭრილობები ეხსნებოდა, შიგთავსი გარეთ გამოდიოდა და თავად აბრუნებდა ადგილზე. სამი ჩემი მეტანია მის ერთ მეტანიას უდრის. მის წინაშე იატაკი ცრემლით იყო სველი. ჩვენ რომ მის ადგილზე აღმოვჩენილიყავით? მაშინვე საავადმყოფოში გავიქცეოდით, რათა სამედიცინო დახმარება მიგვეღო. ერისკაცები განგვსჯიან ჩვენ!
– წმიდაო მამაო, ომში ხიფათს თქვენც აწყდებოდით?
– ჰოი, განა მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ?! ეს ახლა ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ მეხმარებოდა ღმერთი და ძლიერ ვღელავ. მაშინ კი ამას არ ვფიქრობდი. განსაკუთრებით სიკვდილზე... მასზე ხომ სრულებით არ ვფიქრობდი! როცა სიკვდილზე მიდიხარ, მაშინ არაფრის გეშინია. სიკვდილის გადაწყვეტილება თავისი ძალმოსილებით ათას მცველს უდრის. სიკვდილი ეს უსაფრთხოებაა. ომში ღვთივკურთხეული მოხალისეების რაზმის ემბლემა თავის ქალა იყო. ეს ნიშნავს: მათ გადაწყვიტეს მომკვდარიყვნენ! ის, ვინც სხვა ადამიანის სასიკეთოდ ან სერთო სიკეთისათვის საკუთარ თავს ივიწყებს, საღვთო ძალას ღებულობს. შეხედეთ, თუ ადამიანს თავგანწირვა ამოძრავებს, მას ღმერთი იფარავს. მახსოვს, ერთხელ როგორ ჩავსხედით სანგარში ერთ კლდესთან. მე ამოვთხარე მცირე სანგარი და ოდნავ შევეფარე მას. მოძვრება ერთი: „მეც შემომიშვი“! მოძვრება მეორე: „მეც“. მე ნება მივეცი, სანგარში შემომძვრალიყვნენ, იმიტომ, რომ მათ მთხოვეს ეს, თავად კი გარეთ დავრჩი. ღამით, როდესაც ძლიერი საარტილერიო ცეცხლი დაიწყო, ერთმა ნამსხვრევმა თავთან გამკრა. ჩაფხუტი არ მქონდა, მხოლოდ ერთი კაპიშონი მეხურა თავზე „ბიჭებო, ნამსხვრევი მომხვდა“! ხელით ვისინჯავ თავს სისხლს ვერ ვგრძნობ, ისევ ვისინჯავ არაფერიც არაა! ნამსხვრევმა ოდნავ გამიარა თავთან და მხოლოდ თმები ამიტრუსა შუბლიდან. თავზე ექვსი სანტიმეტრის სიგანის ზოლი დამიტოვა!
თქვენ არ გიცხოვრიათ მძიმე წლებში, ოკუპაციის დროს, თქვენ არ გინახავთ ომი, მტერი, უბედურება. მე გისურვებთ, რომ ეს ყოველივე არასდროს გენახოთ, მაგრამ სწორედ ამიტომ არ გესმით, თუ რას ნიშნავს ეს. თუმცაღა ჩვენი წლები მდუღარე იყო და მსტვინავ ქვაბს ჰგავდა. აუცილებელია წრთობა, გმირობა და სიმამაცე. თუ რამე მოხდება, ეცადეთ, რომ სრულებით მოუმზადებელი არ აღმოჩნდეთ. ემზადეთ უკვე ახლავე, რათა შეძლოთ სიძნელეების გადალახვა. ქრისტემაც თქვა: „იყვენით განმზადებულ“? განა ასე არ არის?! დღეს, როცა ასეთ მძიმე წლებში ვცხოვრობთ, ჩვენ არა უბრალოდ მზად უნდა ვიყოთ, არამედ, მეტი რომ არ ვთქვათ, სამმაგად მზად, შეიძლება, ჩვენ არა მხოლოდ უეცარი სიკვდილი მოგვეწიოს, არამედ სხვა ხიფათებიც შეგვხვდეს. ამგვარად, განვიშოროთ მოხერხებულად მოწყობის მისწრაფება! დაე, ჩვენში იღვაწოს კეთილზნეობამ და იყოს სული თავგანწირვისა!
ახლა ვხედავ, როგორ მზადდება რაღაც. აი-აი, უნდა მოხდეს და მუდმივად სხვა დროისთვის გადაიდება. სულ მუდამ ცოტ-ცოტა გადავადებაა?! ვინ გადასწევს ამ ვადებს? ღმერთი ხომ არ გადაანაცვლებს მას? აბა, კიდევ ერთი თვე, აბა, კიდევ ორი!... ასე მიდის ყველაფერი? მაგრამ რადგან არ ვიცით, რა გველის, მაშ, აღზარდეთ საკუთარ თავში სიყვარული, რამდენადაც შეგიძლიათ. ეს ყველაზე მთავარია: რათა თქვენს შორის არა ცრუ, არამედ ჭეშმარიტი, ძმური სიყვარული იყოს. თუ კეთილი ინტერესია, ტკივილი, სიყვარული, ადამიანი ყოველთვის სწორად იქცევა. სიკეთე, სიყვარული ეს ძალაა. რამდენადაც შეგიძლიათ, დაიცავით საიდუმლო და ნუ გაამჟღავნებთ მას: თუკი საიდუმლო გვეცოდინება „მხოლოდ შენ და მე, და მას და სვიმეონ ზვონარს?“, აქედან რაღა გამოვა? თუნდაც უბრალო სისულელისგან თქვენ დიდი ბოროტების ჩადენა შეგიძლიათ, შემდეგ კი კედელს ურტყით თავი. ნეტავ განახათ, როგორ იცავენ საიდუმლოს ჯარში! თუ ხვდებოდი, რომ ტყვედ ჩავარდებოდი, პირველ რიგში, სამხილი უნდა გაგენადგურებინა: ჩანაწერი ნაგლეჯებად გექცია და გადაგეყლაპა. ერთხელ, სახიფათო სიტუაციაში აღმოჩენილი ასეც მოვიქეცი, ვინაიდან თუ სამხილი ამბოხებულთა ხელში აღმოჩნდებოდა, ისინი გაიგებდნენ, თუ რომელ ადგილას იმყოფებოდნენ ჩვენი ჯარები და ასევე, რომ მათ არ ჰქონდათ პროდუქტები და ა.შ. და მაშინ ისინი რადიოგრამას გაგზავნიდნენ ჩვენს ცენტრში, რათა მოფრენილიყო ჩვენი ავიაცია და პროდუქტები ჩამოეგდო მათთვის, ჩვენს თავებზე კი ბომბები. გასაგებია? თუ სამხილი ეცოდინებოდათ ისინი დაუკავშირდებოდნენ ცენტრს მთავრობის ჯარის სახელით. შენ თუ რადისტი ხარ და ტყვედ ვარდები, მაშინ, იმისათვის, რომ სამხილი გასცე, ფრჩხილებს გაძრობენ. ამჯობინებდი დამძვრალი ფრჩხილებით დარჩენილიყავი, მაგრამ არ ყოფილიყავი გამცემი. ერთ რადისტს იმისათვის, რომ რადიოგრამის შინაარსი მოეყოლა, იღლიებში ცეცხლს უნთებდნენ, ის კი არ გამოტყდა, თითქოს დამუნჯდა. მან მტერს საიდუმლო არ ამცნო და ამიტომ აღმსარებელი გახდა. ქალებს კი არმიისთვის ჯორების უნაგირით დოკუმენტები გადაჰქონდათ და მზად იყვნენ სიკვდილისათვის.
ომში სიკვდილს შეუძლია, სრულებით მოალბოს უფალი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც მამაცური სიკვდილით დაეცა, თავს სწირავს, რათა სხვები დაიცვას. ისინი ვინც წრფელი სიყვარულით მხვერპლად სწირავენ თავის სიცოცხლეს იმისათვის, რომ თანამოძმეები დაიცვან, ქრისტეს ბაძავენ. ეს ადამიანები უდიდესი გმირები არიან, მათი შიშით ძრწის თავად სიკვდილიც, იმიტომ რომ სიყვარულის გამო სძულთ სიკვდილი და ამგვარად მოიხვეჭენ უკვდავებას, საფლავის ქვაში პოულობენ მარადიულობის გასაღებს და უშრომელად შედიან მარადიულ ნეტარებაში.
ბერის მთელი ცხოვრება ბუნებრივად ეხმარება მას, რომ ჰქონდეს სიყვარული, თავგანწირვა. ის ამ გზას იმიტომ შეუდგა, რომ ქრისტესათვის მომკვდარიყო. ეს ნიშნავს, რომ იგი გზას მსხვერპლისთვის შეუდგა. ბერს არ აქვს ერისკაცების მოვალეობები, ამიტომაც მან აუცილებლად უნდა განავითაროს თავის თავში თავგანწირვა. ერისკაცი არ აპირებდა ქრისტესთვის სიკვდილს, და, გარდა ამისა, მას საერო მოვალეობებიც აქვს: ის ზრუნავს თავის ოჯახზე, შვილებზე, ამიტომ მას ისე მკაცრად არ მოეთხოვება, მას გამართლება აქვს. მაგალითად, დაოჯახებული ადამიანი ომში ცდილობს, საფრთხეს გაერიდოს, რათა მისი შვილები ქუჩაში არ დარჩნენ. ხოლო იმის შესახებ, რომ თუკი თვითონ თავიდან აირიდებს საფრთხეს, შეიძლება სხვა მოკლან, ის ვისაც მასავით შვილები ჰყავს, არ ფიქრობს. მაგრამ, ეს კიდევ არაფერი: აქ, ყოველ შემთხვევაში, საკუთარ ოჯახზე ზრუნვა მაინცაა: „მე შვილები ქუჩაში დამრჩება“. – იტყვის ასეთი კაცი. მას შეიძლება, სართოდ არ სწამს სხვა ცხოვრება და ცდილობს, გადაარჩინოს ეს ცხოვრება.
– ანუ, წმიდაო მამაო, ბერი მუდმივად მსხვეპლად უნდა სწირავდეს საკუთარ თავს?
– ჩვენ ხომ უკვე ვთქვით, რომ ბერის მთელი ცხოვრება მსხვერპლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ვხდებით ბერები? თუ ბერი ამ მხრივ მოიკოჭლებს, ის ბერი არაა. ამის მერე რანაირ სულიერ ბრძოლაზე შეიძლება ლაპარაკი? თუ მსხვერპლი არ არის, მაშინ სულიერი ბრძოლისათვის ადგილი არ რჩება. და თუ არ არის მსხვერპლი, რამდენიც არ უნდა ეცადოს ბერი, რომ სულიერად იცხოვროს, ყველაფერი ამაო იქნება. წმიდა მთაზე ამბობენ, რომ ამგვარი სულიერი ცხოვრება ბაღის საფრთხობელას ჰგავს: ბერი, რომელიც ასეთ სულიერ ცხოვრებას ეწევა, არათუ ეშმაკთა განდევნას ვერ შეძლებს, ყვავები რომ დააფრთხოს, ესეც კი დიდი მიღწევა იქნება მისთვის. როდესაც ადამიანი ამ ცხოვრებაში მხურვალე მოღვაწეობას შეუდგება, მაშინ საღვთო ცეცხლი ანთია მასში თუკი ეს საღვთო ცეცხლი არ არის, ის არაფერის მაქნისია. ეს ცეცხლი აძლევს მას სიხარულს, აძლევს სიმამაცეს, აძლევს კეთილზნეობას. ამის შესახებ თქვა უფალმა: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაი მნებავს, რაითა აწვე აღეგზნეს“ [10] როდესაც არის ეს საღვთო ცეცხლი, მაშინ ფსალმუნთა გალობასაც, ბერის ლოცვასაც, იქნება ეს საკუთარი თავისთვის თუ სხვებისთვის გაღებული, შედეგი ექნება. განსაკუთრებით კი ქალის გული: როდესაც განიწმიდება, დიდ ძალას ფლობს და ძალიან წარემატება ლოცვაში, ხდება „გამტარი“. ის კი, ვისაც არა აქვს კეთილი ზნეობა, მსხვერპლშეწირვის ძალა, მას ან ამქვეყნიური სიხარული ექნება ან – ამქვეყნიური მწუხარება. სულიერ სიხარულს კი ასეთი ადამიანი ვერ შეიგრძნობს.
სწორედ ამიტომ გეუბნებით თქვენ: აღასრულეთ თავგანწირვა, ძმური სიყვარული. დაე, ყოველმა თქვენგანმა მიაღწიოს სულიერ მდგომარეობას, რათა რთულ სიტუაციაში მოხვედრილმა, შეძლოს თავად დააღწიოს თავი. თუ სულიერი მდგომარეობა არ ექნება, ადამიანს შიში სდევს, იმიტომ რომ მას უყვარს საკუთარი თავი. მან შეიძლება, უარყოს კიდეც ქრისტე, შეიძლება გასცეს იგი. თქვენ უნდა სიკვდილზე წახვიდეთ იქ, აი, ერისკაცები, რომლებსაც სამოთხისაც კი არ სწამთ, თავს სწირავენ, ჩვენ კი გვჯერა, რომ ამაოდ არაფერი ჩაივლის, რომ ჩვენს მსხვერპლში აზრია. ერისკაცები, რომლებიც სრულ უმეცრებაში იმყოფებიან, თავს წირავენ, საკუთარ სიცოცხლეს ხიფათში აგდებენ იმისათვის, რომ სხვა დაიცვან, განა ბერები კი არ გასცემენ საკუთარ თავს მსხვერპლად?! ჩვენ ამ გზას შევუდექით იმისათვის, რომ მოვკვდეთ ქრისტეს სიყვარულისთვის. ერისკაცთა მოვალეობები ჩვენ არ გვაქვს და თუ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოგვიპოვებია თავგანწირვა, მაშინ საერთოდ რაღას ვაკეთებთ?! ჩვენ ხომ ჭიანჭველებიც კი დაგვცინებენ?! ხედავ, როგორ დასცინიან ადამიანებს? ზარმაცებს დასცინიან!
– წმიდაო მამაო, შეიძლება ასეთი რამ: მე მზად ვარ, რომ სხვებს დავეხმარო, მაგრამ მამოძრავებელი მოტივები წმიდა არ არის?
– ეს ყოველთვის ჩანს. როცა მოტივები წმიდა არ არის, სული სიმშვიდეს ვერ ჰპოვებს, მას ესმის ეს და ცდილობს, განიწმიდოს. ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ერთი ქალის სულმა, რომელიც ამ დღეებში მოვიდა ჩვენთან. როდესაც იგებს, რომ ვიღაც ავადაა და იტანჯება, მას არ შეუძლია დაიძინოს: იტანჯება და ტირის. თავად კი ერში ცხოვრობს. მან ერთს გაუზიარა, თუ რა მოსდის, და პასუხად მიიღო: „შესაძლოა, ეს მტრის საცდურია?“ განა შეიძლება, ასეთი რამ საცდურისგან მოსდიოდეს? ეშმაკს ადამიანის მოტყუება მხოლოდ იმ შემთხვეაში შეუძლია, თუ იგი ასეთ რამეს საჩვენებლად აკეთებს, მაშინ განცდები ცრუ იქნება.
გააძევეთ ქმედებიდან თქვენივე „მე“. ადამიანი, რომელიც თავისი „მედან“ გამოდის, გამოდის მიწიდან, მოძრაობს სხვა ატმოსფეროში. ვიდრე ადამიანი საკუთარ თავში რჩება, მას არ შეუძლია, გახდეს ზეციური ადამიანი. სულიერი ცხოვრება მსხვერპლის გარეშე ვერ იქნება. გახსოვდეთ, თუნდაც მცირედ მაინც, რომ არსებობს სიკვდილი. და თუკი ერთხელ მაინც მოვკვდებით, საკუთარ თავს მეტისმეტად ნუ მოვუფრთხილდებით. ისე კი არა, რომ თავს ჯანმრთელობის საზიანოდ არ მოვუფრთხილდეთ, მაგრამ არც ისე, რომ მუხლი მოვუდრიკოთ განცხრომას. მე არ მოგიწოდებთ, სახიფათო თავგადასავლებში გადაეშვათ, მაგრამ, ჩემო ძმაო, ცოტა სიმამაცე უნდა გქონდეს. ომის დროს ამგვარი სიმამაცით ხვდებოდნენ გმირები სიკვდილს! ერთი ბერი, რომელიც კონდილისთან [11] ერთად იბრძოდა, (კონდილისი პატრიოტი გმირი იყო), მიყვებოდა რომ, როდესაც მცირე აზიის ომში კონსტანტინეპოლის სიახლოვეს ბერძნები საზღვაო დესანტს სხამდნენ, კონდილისი ხომალდზე იმყოფებოდა და როგორც კი შორიდან კონსტანტინეპოლი დაინახა, გიჟივით იქცეოდა. „აბა, ბიჭებო, ყვიროდა იგი, თუ ვკვდებით, მოვკვდეთ, გინდა დღეს, გინდა ხვალ! სიკვდილს ვაჟკაცურად შევხვდეთ, ბიჭებო! სამშობლოსათვის გმირებად დავიხოცოთ!“ მან ისიც კი ვერ შეძლო, რომ მოეთმინა, ვიდრე ხომალდი ხმელეთს მიადგებოდა. დაძაბულობისაგან, ძლიერი სურვილისაგან ვერ შეამჩნია, რომ ხომალდი ჯერ კიდევ ნაპირთან არ იყო მისული, გაიქცა და ზღვაში გადავარდა. აი, ასე იწვოდა მასში ყველაფერი! ცურვა არ იცოდა, სხვებმა ამოიყვანეს წყლიდან.
– წმიდაო მამაო, თქვენ თქვით, რომ ყოველი ჩვენი ქმედებიდან უნდა გავაძევოთ ჩვენი „მეს“. ეს როგორ გავაკეთოთ?
– ყველაფერი მზამზარეული გინდათ! რას ნიშნავს გავაძევოთ ჩვენი „მე“? როდის ვაძევებ ჩემს „მეს“? როგორ უნდა გააძევოთ ჩვენი „მე“ ჩვენი სიყვარულისგან? როგორ განვწმიდოთ ჩვენი სიყვარული? იმდენად არაფრად ვაგდებ საკუთარ თავს, რამდენადაც ვაძევებ „მეს“. და ჩვენი ნების უარყოფით, ჩვენი სისუსტის, ჩვენი განცხრომის უარყოფით, ასევე ვაძევებთ ჩვენს „მესაც“. მორჩილებისა და მდუმარების წყალობით ჩვენგან მრავალი რამ ქრება. როდესაც ჩვენი სიყვარული უანგაროა, ჩვენ „მესაც“ ვაძევებთ, მაგრამ ჩვენს სიყვარულში აგრეთვე მსხვერპლიც უნდა იყოს. გასაგებია თქვენთვის? მაგალითად, რომელიმე მონაზონს სურს, მივიდეს დედა-იღუმენიასთან და ხედავს, რომ სხვასაც თავის მხრივ ასევე აქვს ამის სურვილი, თუკი პირველი მათგანი მაშინვე დაუთმობს დას თავის რიგს, თუნდაც იცოდეს, რომ მას განსაკუთრებული პრობლემა არაფერი აქვს, მაშინ ასეთ მონაზონს აქვს სიმდაბლე და თავგანწირვა და ა.შ. და როცა იგი გულით დაუთმობს სხვას და დედა-იღუმენიას არ დაელაპარაკება, მას თავად იესო ქრისტე დაელაპარაკება. თუმცაღა, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ეს აუცილებელია. ეს უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ასე უკარნახა გულმა, და არა უბრალოდ იმიტომ, რომ „ასე ამბობენ წმიდა მამები“. ამგვარად იგი ორმაგად მიიღებს ღვთის მადლს. ამ შემთხვევაში ერთი მონაზონი მიიღებს სულიერ დახმარებას ადამიანურად, მეორე კი დახმარებას მიიღებს საღვთო სახით, უშუალოდ ქრისტესგან.
დაუკვირდით იმ ერისკაცებს, რომლებიც იმგვარ თავგანწირვას ავლენენ, რომელიც ბერ-მონაზვნებსაც კი არა აქვთ. ვამჩნევ, რომ ერში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ არ სწამდეთ, ჰქონდეთ სისუსტე და ვნებები, მათ ღმერთი ამგვარად აწყობს ყოველივეს, აქვთ ლმობიერი გული. ისინი ხედავენ გაჭირვებულს და თუნდაც არ იცნობდნენ, ეხმარებიან. ბევრი ადამიანი, ის, ვისაც შესაძლოა, სამოთხის არსებობაც კი არ სჯერა, როდესაც რაიმე ხიფათს დაინახავს, ბოროტების შესაჩერებლად მიიჩქარის, ცდილობს თავად დაიღუპოს, რათა სხვები გადარჩნენ ცოცხლები, ესწრაფის მისცეს სხვებს თავისი ქონება. მრავალი წლის წინ ერთ ქარხანაში მუშა სამუშაო მანქანას წამოედო და ჩარხმა იგი ჩაიყოლა. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მრავალი მამაკაცი იყო, მის გადასარჩენად ქალი მივარდა. კაცები, კი ესოდენ „მამაცები“, იდგნენ და უყურებდნენ. მან ამოათრია კაცი ჩარხიდან, რომელმაც ახლა მისი კაბა ჩაითრია, ჩარხში ჩაიხვია და ქალი დაიღუპა. აი, მოწამე! ეს დიდებული საქმეა!
საკუთარ თავზე ასეთი ხალხი არ ფიქრობს, ისინი განდევნიან საკუთარ „მეს“. და როცა ისინი „მეს“ აძევებენ, მათში ქრისტე შემოდის.
1. ლკ 21, 4.
2. ასე ერქვა იმ ადგილებში ერთ ცნობილ მღვდელმსახურ-მქადაგებელს და როცა თანამშრომლებს მამა პაისის დაცინვა სურდათ, „ბენედიქტეს“ ეძახდნენ.
3. ალბანეთის ომი – ომი 1940-41 წწ საბერძნეთსა და ფაშისტურ იტალიას შორის.
4. ნაპოლეონ ზერვასი (1891-1957).
5. კონსტანტინე დავაკის (1897-1942) – საბერძნეთის არმიის პოლკოვნიკი, ნიჭიერი საბრძოლო მეთაური, 1940 წლის ნოემბერში პინდსკის ბრიგადის მეთაური. კ. დავაკისის მიერ მიღწეულმა „პინდსკის გამარჯვებამ“ იტალიური სამთომსროლელ დივიზიაზე „ჯულია“ მოხდა ფაშისტური ბლოკის პირველი სერიოზული დამარცხება მეორე მსოფლიო ომში...
6. ოკა – წონის ერთეული, რომელიც 1280 გრამის ტოლია.
7. იოანის მაკრიანისი (1797-1864) – გენერალ-მაიორი, ელადის ეროვნული გმირი. ერთ-ერთი თავგანწირული მებრძოლი საბერძნეთის რევოლუციის დროს – თურქების წინააღმდეგ (1821-1830). რევოლუციისა და განმათავისუფლებელი ბრძოლის შესახებ „მოგონებების“ ავტორი. ი.მაკრიანისის ცხოვრება – თავგანწირვის, ღვთისადმი, მოყვასისა და სამშობლოსადმი ქრისტიანული სიყვარულის შესანიშნავი მაგალითია.
8. მთ. 24, 44, ლკ. 12, 40.
9. წარმოთქმულია 1984 წლის ნოემბერში.
10. ლკ. 12, 49.
11. გიორგი კონდილისი (1879-1936) – საბერძნეთის გამოჩენილი მეომარი და სახელმწიფო მოღვაწე. მცირე აზიაში 1920 წელს მიმდინარე საბრძოლო ქმედებებში აქტიური მონაწილე. უკანასკნელ წლებში ეკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, პრემიერ-მინისტრის პოსტი.