მამა პაისი მთაწმინდელი

თავი მესამე - სიმამაცე ღმერთზე მინდობისაგან იშვება

სიმამაცეში არ არის ბარბაროსობა

საგმირო საქმეებს ისინი კი არ აღასრულებენ, ვინც ტანად დიდია, არამედ ისინი, ვისაც სიმამაცე და ფართო გული აქვს და თავის გაწირვა გადაუწყვეტია. მას, ვისაც სიმამაცე არ აკლია, ომშიც კეთილია და სხვებს არ კლავს, ვინაიდან სიმამაცეში ბარბაროსობა არ არის. ასეთი ადამიანები მტრის მიმართულებით კი არა, მის გარშემო ისვრიან და აიძულებენ, დანებდეს. კეთილი ადამიანი ამჯობინებს, თავად იყოს მოკლული, ვიდრე კლავდეს. ამგვარად განწყობილი ადამიანი საღვთო ძალას ღებულობს. ბოროტი ადამიანები კი მხდალნი და სულმოკლენი არიან, შიშს უტიფრობით ნიღბავენ, სხვებისაც ეშინიათ და საკუთარი თავისაც, ამიტომ შიშის გამო განუწყვეტლივ ისვრიან. სამოქალაქო ომის დროს, როდესაც სამხედრო სამსახურს გავდიოდი, ერთხელ ერთ სოფელში შევედით. – „ბანდიტებიდან აქ არავინ დარჩენილა გვითხრა ადგილობრივმა მოსახლეობამ, – ყველანი წავიდნენ. მხოლოდ ერთი გიჟი ქალიღა დარჩა“. ერთმა ჩვენთაგანმა შორიდანვე დაინახა ეს ქალი და ტყვიამფრქვევიდან ორი ჯერი მიუშვა. – „რა დაგიშავეთ?“ – დაიყვირა უბედურმა ქალმა და მიწაზე დაეცა.

– ეს შიშის გამო ჩაიდინა?

– კი, შიშისგან. ამგვარი ტიპის ადამიანები იოლ გამოსავალს ეძებენ. – „უკეთესია მტერს ბოლო მოუღო!“ – ამბობენ ისინი, რათა ეჭვი აღარ გეპარებოდეს. ნაკლებად მშიშარა ადამიანი ნაკლებად ბოროტი იქნება. ის შეეცდება, მტერი წყობიდან გამოიყვანოს, მაგალითად, ხელი ან ფეხი დაუზიანოს, მაგრამ მის მოკვლას არ ეცდება.

სიმამაცე, გაბედულება ერთია, გაბოროტება, კრიმინალი კი – სრულებით სხვაა. მტრის ტყვედ აყვანა იმ მიზნით, რომ ყელი გამოჭრა, სიმამაცე არაა. ნამდვილი ვაჟკაცობა ის იქნება, მტერი დაიჭირო, თოფი გაუტეხო, თავად კი გაათავისუფლო. მამაჩემი ასეც იქცეოდა. როდესაც ჩეტებს [1] იჭერდა, რომლებიც ფარასაზე თავდასხმებს აწყობდნენ, თოფებს ართმევდა, უმტვრევდა და ეუბნებოდა: „თქვენ დედაკაცები ხართ და არა კაცები!“ ამის შემდეგ კი ათავისუფლებდა. ერთხელ კი მდიდრულ სამოსელში შეიმოსა, მივიდა მათ ბანაკში და მეთაური მოითხოვა. წინასწარ მოელაპარაკა თავის ბიჭებს, რომ თავდასხმა თავიდანვე კი არ დაეწყოთ, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა პირობით სიგნალს გაიგონებდენ. როდესაც ჩეტებმა მეთაურთან მიიყვანეს, მამამ უთხრა: „დაე, თქვენი კაცები გავიდნენ და ჩვენ ორნი დაგვტოვონ“. როგორც კი პირისპირ დარჩნენ, მამაჩემმა მეთაურის თოფს ხელი სტაცა, გადაუტეხა და ყაჩაღს მიმართა: „ახლა შენ დედაკაცი ხარ, მე კი – ეზნეპიდისი“ [2] შემდეგ პირობითი სიგნალით ანიშნა, მისი ვაჟკაცები თავს დაესხნენ და ჩეტები სოფლიდან განდევნეს.

იმისათვის რომ წარვემატებოდეთ, დაუდგრომელი ჟინი უნდა გვქონდეს – ამ სიტყვის კარგი გაგებით. იმის მიხედვით, ადამიანი როგორ გამოიყენებს ამ დაუდგრომელ ჟინს, იგი ან წმიდანი გახდება ან – გმირი. თუმცაღა, თუკი ასეთი ადამიანი გზას აცდება და მას ბოროტება გაიტაცებს, შეიძლება, დამნაშავედაც იქცეს. ის, ვისაც არა აქვს დაუდგრომელი ჟინი, ვერც წმიდანი გახდება და ვერც გმირი. ამიტომაც უნდა ჩაირთოს ჩვენი შინაგანი ძრავა, უნდა ავამუშაოთ გული, სიმამაცე. გული უნდა გახდეს განუსჯელი. მე ბევრ გადამდგარ ოფიცერს ვიცნობ და გულგატეხილნი ადგილს ვერ პოულობენ. ზოგ მათგანს სურს, ომი დაიწყოს, რომ საქმეში ჩაერთოს – იმგვარად არიან ანთებულნი. ზოგიერთი კი, როგორც კი გაწვევის ცნობას ღებულობს, მაშინვე შიშისგან კანკალებს, ზოგი კი საერთოდ თავს მოიგიჟიანებს, რათა ჯარში არ მოხვდეს. რამდენ გადამდგარს უთქვამს ჩემთვის, რომ ბოსნიაში უნდათ წასვლა საბრძოლველად! ისინი სიმამაცეს სულიერ ცხოვრებაში არ იყენებენ მაშინ, როცა, როგორც კი ომის შესახებ შეიტყობენ, ხარობენ, რადგან შესაძლებლობა მიეცათ, რომ იბრძოლონ. იცი, რა გმირობებს ჩაიდენდნენ, როგორ სულიერ ბრძოლას გამართავდნენ ეს ძლევამოსილი ადამიანები, სულიერი ცხოვრება რომ შეეცნოთ? ისინი ხომ წმიდანები გახდებოდნენ!

 

როგორი სიმამაცე იყო ძველად

– წმიდაო მამაო, ერთხელ რაღაცას გვიყვებოდით თქვენი ბებიის შესახებ...

– ჩემი ბებია ძალიან მამაცი ადამიანი იყო. ყოველ შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნით ყოველთვის თან ჰქონდა იატაგანი [3], ქვრივი ქალი ორი შვილით, გარშემო თურქები არიან, როგორღაც ხომ უნდა ეცხოვრა... ძნელი წლები იყო მაშინ... მისი ყველას ეშინოდა. ძალიან ყოჩაღი იყო! ერთხელ ერთი ყაჩაღი გადაძვრა მის ვენახში, რომელიც სასაფლაოს სიახლოვეს მდებარეობდა. მისი რომ შეშინებოდათ, გრძელი, თეთრი პერანგი გადაიცვა, რომელიც მიწამდე დასთრევდა. შემდეგ როდესაც ვენახიდან გამოვიდა, როგორც იყო თეთრ პერანგში შემოსილი, სასაფლაოზე გადავიდა და იქ დაიწყო ხეტიალი. სწორედ ამ დროს შემთხვევით სასაფლაოზე ბებიაჩემი მიდიოდა. როდესაც ყაჩაღმა ქალი დაინახა, მიწაზე გაიშხლართა და თავი მკვდრად მოაჩვენა, რათა ბებიაჩემს ვამპირი ჰგონებოდა და შეშინებოდა. ბებია კი მიუახლოვდა მას და უთხრა: „შენ წესიერი კაცი რომ ყოფილიყავი, მიწა დიდი ხნის წინ მიგიღებდა!“ ეს უთხრა თუ არა, ბოროტმოქმედს მაშინვე იატაგანის ბლაგვი მხრით ცემა დაუწყო. დაასახიჩრა. არც კი იცოდა, ვინ იყო. უკვე შემდეგ, მოგვიანებით, სოფელში გაიგო, რომ თურმე ესა და ეს კაცი ვიღაცას დაუსახიჩრებია და მხოლოდ მაშინ მიხვდა, ვინც ყოფილა.

ჩვენს ეპოქაში სიმამაცე იშვიათობაა. ადამიანები წყალწყალები არიან. ამიტომაც თუკი, ღმერთმა დაგვიფაროს, ომი დაიწყო, ისინი შიშისაგან დაიხოცებიან, სხვები კი მცირედი განსაცდელის გამოც კი ყურებს ჩამოყრიან, ვინაიდან კარგ ცხოვრებას მიეჩვივნენ. ძველად კი, ეჰ, როგორი სიმამაცე იყო! მცირე აზიაში ფლავიანურ მონასტერში თურქებმა ერთი ქრისტიანი დაიჭირეს და მოკლეს. შემდეგ მის ცოლს უთხრეს: – „ან უარყოფ ქრისტეს, ან შვილებსაც დაგიხოცავთ“. – „ჩემი ქმარი, უპასუხა ქალმა, ქრისტემ წაიყვანა, ჩემს შვილებს ქრისტეს ვაბარებ, თავად კი ქრისტეს არ უარვყოფ“. როგორი სიმამაცეა! თუ ადამიანში ქრისტე არ იცხოვრებს, მაშინ როგორ იცხოვრებს მასში სიმამაცე? დღეს კი ადამიანები ქრისტეს გარეშე, ნაგავზე აგებენ თავიანთ ცხოვრებას.

იმ წლებში მეტად ყოჩაღები იყვნენ დედები, ყოჩაღები იყვნენ ბავშვებიც. მახსოვს, კონიცაში ჩვენი მეზობელი ფეხმძიმედ იყო და მინდორში მარტო წავიდა სიმინდის მოსაგროვებლად. ფეხით საათნახევარი უნდა ევლო. იქ გაუჩნდა შვილი, კალთაში ჩაიწვინა და სოფელში დაბრუნდა. – „მე ჩვილი მყავს“, – დაიტრაბახა მან, როცა ჩვენს კარებთან გაიარა. ოკუპაცია იყო, მძიმე წლები. ახლა კი ისეთი ქალები არიან, რომლებიც ერთი ბავშვის გასაჩენად, შიშისგან 6-7 თვეს ლოგინში ატარებენ. რა თქმა უნდა, ეს იმათ არ ეხება, რომლებიც ავადმყოფობის გამო იქცევიან ასე.

 

ბუნებრივი შიში მუხრუჭია

– წმიდაო მამაო, მე ძალიან მშიშარა ვარ. არ ვიცი, რას ვიზამ, თუკი რთულ სიტუაციაში მოვხვდები. შიში საიდან ჩნდება?

– ვინმეს შეიძლება, ბავშვობაში შეემთხვა რამე და ამის გამო ეშინია. ხშირად შიში შეიძლება, ბუნებრივიც იყოს, მაგრამ შეიძლება, შიში რწმენის უკმარისობის, ღვთისადმი ნდობის უკმარისობის გამოც არსებობდეს. თუმცა შიში აუცილებელი მუხრუჭიცაა, იმიტომ, რომ იგი ადამიანს ეხმარება, ღმერთთან მიირბინოს. შიშის დროს, როცა ადამიანი ხელჩასაჭიდს ეძებს, იგი იძულებული ხდება, უფალს მოეჭიდოს. აი, ცხელ ქვეყნებში, სადაც ველურები ცხოვრობენ, გარეული ცხოველებიც არიან, დიდი ცხოველები, გველები და ასე შემდეგ. ეს იმიტომ, რომ ადამიანები იძულებულნი გახდნენ, საშველი ღმერთთან ეძიონ, მისკენ ისწრაფონ, მასში ჰპოვონ თავიანთი ორიენტირი. ეს რომ არ ყოფილიყო, ამ ადამიანებს რა შეაკავებდა? ყველაფერში, რაც კი ღმერთმა მოაწყო, რაღაც აზრია.

– ისინი, ვინც ჭეშმარიტი ღმერთი არ იციან და დახმარებას შიშის გამო ითხოვენ, მაინც ღებულობენ შეწევნას?

– ხედავ: ისინი თავს ზემოთ სწევენ, ეს კი უკვე რაღაცას ნიშნავს. შიში პატარა ბავშვებისთვისაც მუხრუჭად იქცევა. არსებობენ ისეთი ბავშვები, რომლებიც, თუ ცოტათი არ შეაშინე, არავის უსმენენ – არც დედას, არც მამას. როდესაც პატარა ვიყავი, მეც მეუბნებოდნენ: „ახლა გუდიანი კაცი მოვა“. ბავშვებისთვის ბუნებრივია შიში. მაგრამ იმისდა მიხედვით, რომ ბავშვი იზრდება, მისი გონებაც მწიფდება და შიში უკან იხევს. ბუნებრივი შიში მხოლოდ ბავშვურ ასაკში ეხმარება ადამიანს. თუ ზრდასრულ ადამიანს ცარიელი ადგილის ეშინია, მაშინ იგი სიბრალულის ღირსია. ჩემთან სენაკში მოდის ვინმე სულიერი ადამიანი და მეუბნება: – „აი, ჩვენთან მახლობლად ვიღაც გარდაიცვალა და ამის გამო მუდმივად შიშს განვიცდით“. ისინი მთხოვენ, ვილოცო, რომ შიში განშორდეთ. „აქ ხომ ადამიანები ცდილობენ, სიკვდილის ხსოვნა ჰქონდეთ ვპასუხობ მათ, – შენს გვერდით ვიღაც მოკვდა, შენ კი გსურს, ეს შიში განდევნო?!“

ქალებს ბუნებრივი შიში ცოტა მეტად აქვთ განვითარებული. ისეთი ქალები, რომლებსაც არ ეშინიათ, ძალიან ცოტაა. თუმცა ასეთებს შეუძლიათ, ოჯახში პრობლემები წარმოქმნან, ვინაიდან მორჩილნი არ არიან. ასევე შეიძლება კადნიერი გახდეს მამაკაცი, თუ ბუნებით მშიშარა არ არის და გულში სიმამაცეს ატარებს. ზოგი ქალი კი საშინლად მშიშარაა. დიდი საქმეა, თუ ბუნებრივი შიშის მქონე ქალი მოღვაწეობას დაიწყებს და სიმამაცეს მოიხვეჭს. ქალს ბუნებაში აქვს მსხვერპლშეწირვის უნარი და ამიტომ დიდი თავგანწირვაც შეუძლია, რაც მამაკაცებს, მიუხედავად ბუნებრივი სიმამაცისა, არ გააჩნიათ.

 

სიკვდილს იმისი ეშინია, ვისაც არ ეშინია სიკვდილის

– წმიდაო მამაო, რით განიდევნება შიში?

– სიმამაცით. რაც უფრო ეშინია ადამიანს, მით უფრო მეტად აცდუნებს მას მტერი. ის ადამიანი, ვისაც გულში სიმხდალე აქვს, უნდა ეცადოს, განდევნოს იგი. როცა პატარა ვიყავი, კონიცაში სასაფლაოს გვერდით გავლისა მეშინოდა. ამიტომ სასაფლაოზე სამი ღამე ვიძინე და შიში გამეცალა. მე პირჯვარს ვიწერდი და ისე შევდიოდი იქ, ფანარსაც კი არ ვანთებდი, რათა არავინ შემეშინებინა. თუ ადამიანი არ იღვაწებს იმისათვის, რომ მამაცი გახდეს და ნამდვილ სიყვარულს არ მოიხვეჭს, მაშინ, როგორც კი რაიმე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, მასზე ქათმებიც კი ატირდებიან.

– ანუ, წმიდაო მამაო, შეიძლება საკუთარ თავში გმირული სული აღმოვაჩინოთ და შიში დავძლიოთ?

– უნდა გიხაროდეს, როცა კვდები იმისათვის, რომ სხვები არ დაიხოცონ. თუ საკუთარ თავს ამგვარად განაწყობ, მაშინ საშიში არაფერია. ბევრი სიკეთის, სიყვარულისა და თავგანწირვისაგან იშობა სიმამაცე. მაგრამ დღეს ადამიანებს სიკვდილის შესახებ გაგონებაც კი არ უნდათ. გავიგე, რომ ისინი, ვინც დაკრძალვებზე მუშაობენ, თავიანთი დაწესებულების აბრაზე აწერენ არა „დამკრძალავი ბიურო“, არამედ „რიტუალური მომსახურება“, რათა ადამიანებს სიკვდილი არ გაახსენონ. თუმცა, თუკი ადამიანებს სიკვდილი არ ახსოვთ, ისინი რეალობის მიღმა ცხოვრობენ. მათ, ვისაც სიკვდილის ეშინიათ და ამაო ცხოვრება უყვართ, მიკრობებსაც კი უფრთხიან. ისინი განუწყვეტლივ მარცხდებიან შიშისგან, რომელიც მათ სულიერ უძრაობაში ამყოფებს. გამბედავ ადამიანებს კი არასდროს ეშინიათ სიკვდილის და ამიტომ კეთილზნეობითა და თავგანწირვით მოღვაწეობენ. მუდამ თვალწინ აქვთ სიკვდილი და ყოველდღე ფიქრობენ მასზე, ამით ისინი სულიერად ემზადებიან და დიდი მოშურნეობით მოღვაწეობენ. ასე ამარცხებენ ამაოებას და უკვე აქვე იწყებენ ცხოვრებას მარადიულობასა და სამოთხისეულ სიხარულში. დაე, მან, ვინც ომში თავისი იდეალებისათვის, რწმენისა და მამულისათვის იბრძვის, პირჯვარი გადაიწეროს, ნუ შეშინდება, მას ხომ მწედ თავად უფალი ჰყავს! თუ ადამიანი პირჯვარს გადაიწერს და თავის სიცოცხლეს ღვთის ხელს მიანდობს, მაშინ ღმერთი თავად გადაწყვეტს, უნდა იცოცხლოს ამ ადამიანმა თუ – უნდა მოკვდეს.

– შეიძლება, ადამიანი შიშს დაუდევრობის გამო არ განიცდიდეს?

– ეს ბევრად უარესია, ვინაიდან რაიმე სახიფათო სიტუაციაში ასეთი ადამიანი შეიძლება, სერიოზულად გარდაიქმნას და თავისი წინდაუხედაობისთვის ზღოს. ამიტომ ის, ვისაც ცოტათი ეშინია, ყურადღებიანია და უგუნურად თავს საფრთხეში არ იგდებს. თავი უნდა ვაიძულოთ, ღვთივსათნოებით რომ ვაკეთოთ სიკეთე, მაგრამ უნდა მივენდოთ უფალს და არა – საკუთარ თავს.

 

მეოხებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს

ექსტრემალურ სიტუაციაში ყველაზე დიდი ზიანი მოაქვს ატეხილ პანიკას. ხიფათისას ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაიბნე. როგორ უტევს კრუხი არწივს და ზედ აფრინდება! როგორ ებრძვის ძაღლს კატა, როცა კნუტებს იცავს! ის კუდს აპრეხს და მუქარით აიფოფრება! ცხოველი ვა-ბანკზე მიდის, ადამიანი კი მხდალი აღმოჩნდება ხოლმე!..

პანიკას ნუ აჰყვებით. განსაკუთრებით ადვილად ჰყვებიან პანიკას ქალები. მახსოვს, ოკუპაციის დროს ჩვენ ერთ ადგილას მივედით – კონიციდან ორი საათის სავალზე. ბიჭები ცოტათი წინ წავიდნენ, იპოვეს იქ ბერძნული ჯარისკაცული ჩაფხუტები და ფარაჯები, შეიმოსნენ და წმიდა კონსტანტინეს სამლოცველოში წავიდნენ. მეც იქ მივედი, რათა ხატებისათვის თაყვანი მეცა. მაშინ თხუთმეტი წლისა ვიყავი როგორც კი სამხედრო ფორმაში გამოწყობილები დედებმა შორიდან დაგვინახეს, ყვირილი დაიწყეს: „იტალიელები მოდიანო“ და გასაქცევად მოემზადნენ. კარგად არც კი დააკვირდნენ, თუ ვინ იყვნენ ისინი! ცელქებმა ბერძნული ჩაფხუტები დაიხურეს, შეშინებულ დედიკოებს კი ბავშვები იტალიელები ეგონათ და საკუთარ შვილებს გაურბოდნენ!

დიდია მოშურნეობის მნიშვნელობა. თუკი ადამიანი ფიზიკურად ჯანმრთელია, მაგრამ მხდალი და ეტყვი: „ვაი, რა გაყვითლებული ხარ, რა მოგივიდა?“ მაშინვე ექიმთან გაიქცევა, სინამდვილეში კი ის შეიძლება, გაყვითელებული იმიტომ იყოს, რომ ან კარგად ვერ გამოიძინა, ან კბილი სტკიოდა და სხვა ამდაგვარი. ბრძენი ან წინ გაიჭრება ან პანიკას ატეხს. მხდალი არაფერში გამოდგება. ომში მხდალი არავის სჭირდება, მას არ ენდობიან. ასეთი ადამიანები საომარ ოპერაციაზე არ მიჰყავთ, არც წინა ხაზზე გაჰყავთ, რათა პრობლემები არ შექმნან. ერთმა მშიშარა ჯარისკაცმა, თუკი საომარი მოქმედებების გეგმას არ იცნობს, შეიძლება, ისეთი პანიკა ატეხოს, რომ მთელი დივიზია დაშალოს! შიში აღაგზნებს მხდალის წარმოსახვას და მან შეიძლება იყვიროს: „აი, ისინი! ვაი, მოდიან, ვაიმე, უკვე აქ არიან, გვესვრიან! ვაიმე, სად გავიქცეთ? ყველგან მტრებია! ისინი ხომ მოგვსპობენ!“ ასეთი ადამიანი უამრავ ბოროტებას ჩაიდენს, იმიტომ რომ ადამიანები ადვილად ექცევიან სხვისი ზეგავლენის ქვეშ. მამაცი კაცი კი, როგორც კი მტერს დაინახავს, მხოლოდ გადააფურთხებს და იტყვის: „ფუ, განა ესენი ადამიანები არიან? რაღაც ჭიანჭველებია!“ და დანარჩენები ამ სიტყვების გაგონებისას ასევე გაბედულად გადავლენ შეტევაზე. ამიტომაც ჯარში ამბობენ, რომ ძნელი დავალება უმჯობესია ცივი გონებით აღასრულოს ხუთმა გამბედავმა, ვიდრე ოცმა მშიშარამ.

– ესე იგი, წმიდაო მამაო, მძიმე მდგომარეობაში გარეგნული ხიფათი არც ისე საშინელია, როგორც შინაგანი?

– დიახ, სწორედ ასეა. სულის [5] თურქები ვერ აიღებდნენ, პილი იუსს რომ არ გაეცა იგი, რომელიც თავადაც სულიდან იყო. მან თურქები საიდუმლო ბილიკით მიიყვანა. აი, როგორ მოხდა ეს: ხუთი სოფელი მეგობრულად ცხოვრობდა და გაერთიანებულები თავად ალი-ფაშას [6] უმკლავდებოდნენ, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ სულთანის წინააღმდეგაც კი გამოვიდა [7]. სულიოტები ალი-ფაშას ყურის ძირში ჰყავდა, თუმცა კარგ ცეცხლს შეუნთებდნენ ხოლმე. რაოდენ მამაცი და დარაზმულნი იყვნენ იქაური ქალები! კარაბინებს ისინიც ჰკიდებდნენ ხელს...

 

დისციპლინა

– წმიდაო მამაო, თუ კოლექტივში ჩვეულებრივ მდგომარეობად არის ქცეული უდისციპლინობა, შეძლებენ კი მისი წევრები დისციპლინის გამოვლენას იმ მომენტში, როცა რთული მდგომარეობა შეიქმნება?

– ხანძრის დროს ყოველი ადამიანი იმას კი არ აკეთებს, რაც თავში მოუვა, არამედ, ყველანი ბრძანების მიხედვით მოქმედებენ. ის, ვინც პასუხისმგებელია, სიტუაციას აკვირდება და სხვებს ეუბნება, რა გააკეთონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანები შეიძლება, პანიკაში ჩავარდნენ და იმის მაგივრად, რომ ხანძარი ჩააქრონ, მას უფრო მეტად გააღვივებენ. ერთხელ წმიდა მთაზე ვბრუნდებოდი. როდესაც ჩვენი ხომალდი ვატოპედსა და პანტოკრატორის მონასტრებს შორის იმყოფებოდა, ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარმა დაქროლა და ატყდა შტორმი. ბოცმანმა გემი ტალღების საპირისპირო მხარეს მიმართა, ვინაიდან სხვაგავარდ უფსკრულისაკენ დავეშვებოდით. ერთმა მხზდალმა კაცმა იერისოსიდან [8], რომელიც ვერც გემებში და ვერც ზღვაოსნობაში ვერ ერკვეოდა (მას ჯორები ჰყავდა), ყვირილი დაიწყო: – „რას აკეთებ, რას? ასე ხომ დაგვახრჩობ! თქვენ, რა, ვერ ხედავთ? ასე ხომ კავალამდე [9] ჩაგვიყვანს. მაშინ წამოვარდა ყველა მგზავრი და ბოცმანს ალყა შემოარტყეს, ის კი საწყალი, მხოლოდ ამას იმეორებდა: – „თავი დამანებეთ, ჩემი საქმის მე ვიცი“. საბედნიეროდ, ერთ-ერთი მგზავრი მეზღვაური აღმოჩნდა და დანარჩენები დაამშვიდა: – „თავი დაანებენთ, მან თავისი საქმე იცის! ასე უნდა ვიაროთ, რათა ტალღები გადავჭრათ“. ეს მეზღვაური რომ არ ყოფილიყო, ხომალდი ჩაიძირებოდა, იმიტომ რომ მგზავრები ბოცმანს საშუალებას არ მისცემდნენ, თავისი საქმე ეკეთებინა. ხედავ: ერთი მხდალი გამოდგა, ატყდა პანიკა, ყველანი, ვინც იქ იყვნენ, წამოხტნენ და შეიძლება, ხომალდი ფსკერისკენ გაესტუმრებინათ. გარდა ამისა, ასეთი შემთხვევებისთვის ხომ ყოველთვის არის ხოლმე მეორე მექანიკოსიც, რომელიც საჭესთან დგება, თუკი ბოცმანს მართლაც არ შუძლია გემის მართვა.

ბერძნები საერთოდ ადვილად არავის ემორჩილებიან. რომის კათოლიკებს სწამთ პაპის უცოდველობა, ჩვენ, ბერძნებს კი გვწამს ჩვენი პირადი მოსაზრება და გამოდის, რომ თითქოს ჩვენ ვფლობთ უცოდველობას! რატომ ითვლება, რომ თურქებს კარგი პოლიტიკა აქვთ? იმიტომ, რომ მათ შორის ჭკვიანი ბევრი არაა, მათი უმრავლესობა ნაკლებად საზრიანი ხალხია. ამიტომაც თურქებში მეთაურებად ის მცირედნი გამოდიან, რომლებიც ჭკვიანები არიან; დანარჩენები კი მათ ემორჩილებიან. ბერძენთაგან კი, ვინაიდან ყველანი, უმეტესობა მაინც, ძალიან ჭკვიანები არიან, ყველას სურს, სხვებს მართავდეს და განკარგულებებს იძლეოდეს, დამორჩილებით კი ძნელად თუ ემორჩილებიან. იტალიელებიც ამბობდნენ: „ათი ბერძენიდან ხუთს უნდა, მეთაური იყოს“. დავუშვათ, სადმე წასასვლელად ვიკრიბებით. ერთმა შეიძლება, იცოდეს მოკლე ბილიკი, მეორემ სხვა, საპირისპირო მხარეს, მესამემ – კიდევ ერთი... „არა, აქეთ წავიდეთ. ასე უკეთესია“. დაიჟინებს ერთი. „არა ასე წავიდეთ“. დაიწყებს მეორე. საბოლოო ჯამში, ვიდრე ვინმე არ გასცემს ბრძანებას, საათების, დღეების განმავლობაშიც კი ადგილიდან დაძვრა არ შეუძლიათ და ერთსა და იმავე ადგილას იქნებიან. თუმცაღა თუკი ის ერთი, ვინც გზა იცის, განკარგულებას გასცემს, თუნდაც მისი არჩეული გზა სხვებზე გრძელი იყოს, ოდესღაც მაინც მიაღწევენ მიზანს. რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთესია, თუკი მას, ვინც მეთაურობს, უმოკლესი გზა ეცოდინება. მაგრამ თუნდაც გზა, რომელიც მისთვის ნაცნობია, ყველაზე გრძელიც იყოს, სულ ერთია, როდესაც მგზავრები ბრძანებას დაემორჩილებიან, მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.

 

ღმერთი ადამიანის შინაგან განწყობას უცქერს და ეხმარება მას

– თუკი დრო სერიოზული პრობლემების წინაშე დაგვაყენებს, სულიერი წესრიგი კი არ არსებობს, შეძლებ, გაუძლო მხოლოდ კეთილი განწყობის საშუალებით?

– როგორ ვერ შეძლებ? ღმერთი უყურებს ადამიანის შინაგან განწყობას და ეხმარება მას. გარდა ამისა, ხშირად მძიმე წუთებში დიდ სიმამაცეს იჩენენ ის ადამიანებიც, რომლებშიც თავიდან თითქოსდა სიმამაცე არ ჩანს. მახსოვს, ჩვენთან ჯარში იყო ერთი ლეიტენანტი, რომელიც არასდროს ავლენდა არც თავგანწირვას და არც სიმამაცეს. მაგრამ ერთხელ, როცა ამბოხებულებს ტყვედ უნდა ჩავეგდეთ, იგი სამლოცველოს უკან დაიმალა და ერთი ავტომატით აკავებდა მათ, ვიდრე უკან არ დავიხიეთ. ამგვარად, ჩვენ გადავრჩით. ის იქიდან წყვეტილად ისროდა ზევით-ქვევით, მარცხნივ-მარჯვნივ და ამბოხებულებს წინ წასვლის ნებას არ აძლევდა. შემდეგ გაიქცა, რომ არ დაგვენახა. და მერე არც კი უთქვამს: „ისინი მე შევაკავე და ამიტომ გადარჩითო..“, რომ თავისი გმირობით ეტრაბახა. მაშინ ყველანი ვამბობდით: „ერთმა ავტომატმა გადაგვარჩინა“. ისიც სხვებივით ამბობდა, მაგრამ შემდეგ ჩვენ გამოვთვალეთ: დავიწყეთ გახსნება, ვინ იყო მაშინ ჩვენთან ერთად. ესა და ეს იყო, ისიც იყო, და მივხვდით, რომ მხოლოდ ეს ლეიტენანტი არ ყოფილა ჩვენს გვერდით. ასე გამოვარკვეთ, რომ სწორედ ის იყო. იცი, რა მოუვიდოდა, ტყვედ რომ ჩავარდნილიყო ამბოხებულებთან? ისინი არ შეიბრალებდნენ, მასზე მთელ რისხვას გადმოანთხევდნენ, იტყოდნენ ალბათ: „რამდენი ზიანი მოგვაყენე! აბა, მოდი აქ, ფრჩხილებს მარწუხებით დაგაძრობთ ...“ ერისკაცი იყო, მაგრამ როგორ მსხვერპლზე წავიდა! თავი უფრო მეტ ხიფათში ჩაიგდო, ვიდრე ჩვენ, ყველამ. თქვენ კი, განა მზად ხართ ასეთი მსხვერპლისათვის? ამ ლეიტენანტს არც წმიდა მამები წაუკითხავს, არც სულიერი ცხოვრება იცოდა. მე მას ვიცნობდი, მასში იყო უბრალოება, პატიოსნება. იყვნენ სხვებიც: ისეთნი, რომლებიც მოკლულ ამბოხებულს რომ იპოვიდნენ, თავს აჭრიდნენ, სოფელ-სოფელ დაატარებდნენ და ყოყოჩობდნენ მხოლოდ სიმამაცე არ კმარა, ადამიანში უნდა იყოს თავგანწირვის სული, რათა სიმამაცეს სულში საიმედო საფუძველი ჰქონდეს.

 

საფრთხეს სულიერად აღუვდგეთ წინ

კრიტიკულ წუთებში ყოველთვის აუცილებელია მოსაზრებულობა და სიმამაცე. ოკუპაციის დროს იტალიელები ხუთი-ექვს ჯორს იყვანდნენ, ჩვენს მინდორზე გადიოდნენ და თავიანთ ჯორებს ნესვებით ტვირთავდნენ. ერთხელ ვუთხარი: „ეს ნესვები სათესლედ დავტოვეთ. უკეთესია, თუ სხვებს წაიღებთ“. მაშინ ერთმა იტალიელმა თავისი მათრახი აღმართა და მკითხა: – „ხედავ ამას?“ მე მათრახი ხელით მოვსინჯე, დავაკვირდი და ვუთხარი: – „ბონე!“ ანუ „კარგი მათრახია“. თითქოს ის იმიტომ მიჩვენებდა, რომ მენახა, რა ლამაზი ნივთი ჰქონდა! იტალიელს მაშინვე გაუქრა რისხვა, გაიცინა და წავიდა. მახსენდება კიდევ ერთი, სამოქალაქო ომის დროინდელი შემთხვევა. ორი ჩვენი ჯარისკაცი მოვიდა ბაღჩაში, რათა პატრონისთვის ნესვი და პომიდორი ეთხოვა. თავიანთი თოფები გვერდით დატოვეს, თავად კი ბაღჩაში შევიდნენ. პატრონმა, როგორც კი შორიდან შეამჩნია ისინი, იარაღს ხელი სტაცა და დაუმიზნა. მაშინ ერთმა ჯარისკაცმა წითელი პამიდორი აიღო და ყვირის: „დააგდე იარაღი, თორემ ახლავე ხელყუმბარას ავაფეთქებ!“ მან დააგდო იარაღი, წამოხტა და გაიქცა.

– როგორი მოსაზრებულობა და სიმამაცეა!

– მეორე ჯარისკაცმა კი თავისი ფარაჯა ველურ მსხალზე ჩამოკიდა. მალე მთიდან მეამბოხე ჩამოვიდა და ამ ჯარისკაცის მოტაცება გადაწყვიტა. მაშინ ჯარისკაცი იმ მხარეს მიბრუნდა, სადაც მოშორებით ფარაჯა ეკიდა და დაიყვირა: „მეთაურო, რა ვუყო ამას?“ და შემდეგ, თითქოს მეთაურისგან ნიშანი მიიღო, ყაჩაღს დაუყვირა: „დაყარე იარაღი!“ ბანდიტს თოფი წაართვა და განაიარაღა.

– წმიდაო მამაო, მეთაური ფარაჯა იყო?

– ჰო, ფარაჯა! ზედავ, როგორაა: ჯარისკაცი მარტო იყო და მხოლოდ ერთი ფარაჯა ჰქონდა, შეიარაღებულ კაცს კი თოფი წაართვა! მან ამგვარად მეამბოხეებს მთელი გროვა თოფები წაართვა. სიმამაცე საჭიროა! მახსოვს ერთი რუსი მესენაკე ბერი წმიდა მთაზე. ერთხელ მასთან ყაჩაღები მივიდნენ გასაძარცვად. როდესაც კედელზე მიძვრებოდნენ, ის ზევით ახტა და დაიყვირა: – „აბა, კოლტიდან გესროლოთ თუ ნაგანიდან?!“ ისინი ისე გადაირივნენ, ფეხებს კეფაზე ირტყამდნენ. მეორე ბერმა კი, როცა მასთან, სენაკში მძარცველები მივიდნენ, ტაფა აიღო და ისეთი სახე მიიღო, თითქოსდა სადღაც ტელეფონით რეკავდა: „ალო, მძარცველები დამესხნენ თავს“... და ასე შემდეგ. მათ ეგონათ, რომ პოლიციაში რეკავდა და გაიქცნენ. აი, კიდევ ასეთი შემთხვევა მოხდა: ბუღასავით ჯანმრთელი კაცი, ნამდვილი გიგანტი, ყელში სწვდა ერთ მწყემსს, რომ მოეხრჩო. საწყალმა მწყემსმა შიშისგან თვალები ისე გადმოკარკლა, რომ ბუღამ ჰკითხა: „ასე ველურად რატომ მიქაჩავ თვალებს?“ ,,გიყურებ და ვფიქრობ, რომელ ხეზე აგაგდო“, – ამოიხრიპინა მწყემსმა, ბოროტმოქმედს შეეშინდა და გაუშვა!...

ამიტომ ვამბობ, რომ კაცი არ უნდა დაიბნეს. ცივი გონებით უნდა გამაგრდეს და ტვინით მუშაობდეს. იმიტომ, რომ თუ ტვინი არ მუშაობს, უბრალოდ, შეიძლება, სულელურად გამცემლობაც კი ჩაიდინო. რაც არ უნდა ხდებოდეს, უნდა ილოცო, იფიქრო და იმოქმედო. ყველაზე საუკეთესო ისაა, რომ ყოველთვის ეცადო, სულიერად გაუმკლავდე მძიმე სიტუაციას. თუმცა დღეს სიმამაცე აღარ არის – არც ერთი და აღარც მეორე სახის. არც სულიერი სიმამაცეა, რომელიც სიწმიდითა და ღვთისადმი მოშურნეობით იშვება და ადამიანს ეხმარება სულიერად დაძლიოს სიძნელეები და არც ბუნებრივი სიმამაცეა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ სახიფათო სიტუაციაში სიმხდალე არ გამოიჩინო. იმისათვის, რომ რაიმე დიდი ბოროტება შეაკავო, დიდი სიწმიდე უნდა გქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოროტების დასაძლევად ვერანაირი საფუძველი ვერ მოიძებნება. თუკი მონასტრის საძმოში ვინმეს აქვს სულიერი სიმამაცე, მაშინ, აი, ნახავ, ადგილზევე მიაჭედებს ბოროტი მიზნით მოსულს: ერთი ფეხით მონასტრის ეზოში, მეორით კი – მის გარეთ! ის თავში „ესვრის“ ბოროტმოქმედს სულიერად: არა პისტოლეტიდან, არამედ სკვნილიდან: ლოცვას დაიწყებს თუ არა, ბოროტმოქმედი უძრავად დარჩება. გაშეშდება, როგორც გუშაგი [10]. თუ საძმოში ვინმე მაღალ სულიერ მდგომარეობაშია, მაშინ ბოროტსაც ამუხრუჭებს, ადამიანებსაც ეხმარება და სავანის მცველადაც დგას. მენელსაცხებლები არავის აქცევდნენ ყურადღებას, იმიტომ რომ მაღალი სულიერი მდგომარეობა ჰქონდათ და ქრისტეს ენდობოდნენ. მათ რომ სულიერი მდგომარეობა არ ჰქონდათ, განა მიენდობოდნენ მას და გააკეთებდნენ იმას, რაც გააკეთეს?

სულიერ ცხოვრებაში ყველაზე მხდალმაც კი შეიძლება, დიდი სიმამაცე მოიხვეჭოს, თუ თავის თავს ქრისტეს საღვთო შემწეობას მიანდობს. ის მოწინავე ხაზზე გასვლას შეძლებს, შეძლებს, შეერკინოს მტერს და გაიმარჯვოს კიდეც. რაც შეეხება იმ საცოდავ ადამიანებს, ბოროტების ჩადენა რომ სურთ, ეშინიათ, მაშინაც კი, თუნდაც სიმამაცე ჰქონდეთ. იმიტომ, რომ ისინი დანაშაულს გრძნობენ და მხოლოდ საკუთარ ბარბაროსობას ეყრდნობიან. ღვთის კაცს კი საღვთო ძალები აქვს, სამართალიც მის მხარეზეა. აი, პატარა ძაღლი დაიყეფებს თუ არა, მგელი უკვე გარბის. ეს იმიტომ, რომ იგი თავის დანაშაულს გრძნობს. ღმერთმა ასე მოაწყო, რომ მგელსაც კი ეშინია პატარა ფინიასი, იმიტომ რომ პატრონის სახლში სამართალი მის მხარეზეა. მით უფრო ეშინია ადამიანს, რომელსაც ბოროტების გაკეთება სურს მისთვის, ვისაც ქრისტე ჰყავს საკუთარ თავში! ამიტომ გვეშინოდეს მხოლოდ ღმერთის, და არა ადამიანების, რაოდენ ბოროტნიც არ უნდა იყვნენ ისინი. ღვთის შიში ყველაზე მხდალსაც კი ყოჩაღად აქცევს. ადამიანს, რამდენადაც უფალს უერთდება, იმდენად არაფრის ეშინია.

ასეთ კაცს სიძნელეების ჟამს ღმერთი ეხმარება. მაგრამ იმისათვის, რომ უფალმა მოგვცეს საღვთო ძალა, საჭიროა, რომ ადამიანმა მისცეს მას ის მცირედი, რისი მიცემაც თავად შეუძლია.

 


1. თურქი ყაჩაღები. იხ. აგრეთვე წიგნში: „მამა პაისი მთაწმიდელი. ღირსი არსენი კაპადოკიელი“.

2. მამა პაისის გვარი.

3. დიდი მოღუნული თურქული ხანჯალი.

4. შდრ. მთ. 11, 12.

5. სული – რამდენიმე სოფლის კავშირი ეპირში (საბერძნეთის ოლქი), რომელიც დამოუკიდებლობას ფლობდა თურქების ბატონობისას და 1790-1893 წლებში. იგი მართავდა შეიარაღებულ ბრძოლას დამპყრობლების წინააღმდეგ.

6. ალი ფაშა (ტეპელენლი) 1714-1820) ცნობილი ფაშა იანინის, ყაჩაღების მეთაურის ველისის შვილი, რომელიც სასტიკ ომს აწარმოებდა სულიოტების წინააღმდეგ. იგი კონფლიქტში იყო სულთანთან და 1820 წელს მოკლეს.

7. სულთანი (თურქეთის მმართველი) – თავიდან ოტომანების იმპერიის ბელადის და შემდგომ ნებისმიერი მუსულმანური სახელმწიფოს მეთაურის ტიტული.

8. იერისოსი – პორტია ქალკედიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელთანაც მიმაგრებულია სამგზავრო კატერი, რომელიც ათონის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე კურსირებს.

9. კავალა ქალაქი და პორტი ჩრდილოეთ საბერძნეთში, წმიდა მთის პირისპირ. 10. იხ. მამა პაისი მთაწმიდელი – „ღირსი არსენი კაპადოკიელი“.