მამა პაისი მთაწმინდელი

ნაწილი მეოთხე - ზეცაზე დამოკიდებულება

„საღვთო შეწევნას ვერ დააბრკოლებენ ვერც ადამიანები, ვერც ეშმაკები, ღმერთისთვის და წმიდა ადამიანებისთვის ძნელი არაფერია,
დაბრკოლება მხოლოდ ჩვენი ადამიანური მცირედმორწმუნეობაა. მცირედმორწმუნეობით დიდებული საღვთო ძალების მოახლოებას ვაბრკოლებთ“

 

თავი პირველი - ღმერთი ფიქრობს ადამიანზე

„ეძიებდით უპირველესად სასუფეველსა ღვთისასა“ [1]

– წმიდაო მამაო, ამბა მაკარი ამბობს, რომ ღმერთი მოგვცემს ზეციურ სიკეთეებს [2] და ჩვენ გვწამს ეს. უნდა ვიწამოთ ისიც, რომ იგი მოგვცემს მიწიერ სიკეთეებსაც, რაც ესოდენ არსებითი არ არის?

– რომელ მიწიერ სიკეთეებს?

– იმას, რაც გვჭირდება.

– აი, ეს კი სწორად თქვი. ღმერთს უყვარს თავისი ქმნილება. თავისი ხატი და ზრუნავს იმაზე, რაც მას ესაჭიროება.

– ეს უნდა გვწამდეს და არ ვშფოთავდეთ?

– თუ ადამიანს ეს არ სწამს და თავად ჯახირობს რომ მიწიერი სიკეთეები მოიხვეჭოს, იგი აუცილებლად დაიტანჯება. მაგრამ ადამიანი, რომელიც სულიერად ცხოვრობს, იმ შემთხვევაშიც არ განაწყენდება, თუკი ღმერთი მას მიწიერსა და ნივთიერს არ მისცემს. თუ ჩვენ ვეძიებთ უპირველესად სასუფეველსა ღვთისასა, თუკი ამ სასუფევლის ძიება არის ჩვენი ერთადერთი საზრუნავი, მაშინ სხვა დანარჩენიც გვეძლევა. ნუთუ ღმერთი თავის ქმნილებას ბედის ანაბარა დააგდებს? თუ ისრაელი მეორე დღისთვის იტოვებდა მანანას, რომელსაც ღმერთი აძლევდა უნდაბნოში, მანანა ხრწნას იწყებდა [3]. ღმერთი ასე ყოველივეს იმიტომ აწყობდა, რომ ისინი საღვთო განგებულებას მინდობოდნენ.

სიტყვებიც კი „ეძიებდეთ უპირველესად სასუფეველსა ღვთისას“ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ. ან გვწამს და მივენდობით უფალს ან არ გვწამს და ამიტომაც თავად უნდა ვიზრუნოთ აუცილებელზე. როდესაც საცხოვრებლად სინაზე გავემგზავრე, თან არაფერი წამიღია. თუმცა მე საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე, რა მომივიდოდა უდაბნოში უცნობ ადამიანებთან, რას შევჭამდი და როგორ ვიცხოვრებდი. წმიდა ეპისტიმიას სენაკი, სადაც უნდადავსახლებულიყავი, უკვე დიდი ხნის მიგდებული იყო, ადამიანებისგან მიტოვებული. მე არაფერი მითხოვია მონასტრისათვის, არ მსურდა მათი დამძიმება. ერთხელ მომიტანეს მონასტრიდან პური და უკან დავუბრუნე. რატომ უნდა შევშფოთებულიყავი, როცა ქრისტემ თქვა: „უპირველესად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა“? წყალიც კი ძალიან ცოტა იყო. ხელობა არაფერი ვიცოდი. აი, ახლა კი მკითხე, როგორ ვცხოვრობდი და პურს როგორ მოვიპოვებდი. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მქონდა, მაკრატელი იყო. მე გავყავი იგი ორ ნაწილად, ქვაზე გავლესე, ავიღე პატარა დაფა და ხატების გამოკვეთა დავიწყე. ვმუშაობდი და იესოს ლოცვას ვქმნიდი. მალე გავიწაფე კვეთაში, მთელი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე ხატს ვკვეთდი და ხუთდღიან სამუშაოს თერთმეტ საათში ვასრულებდი. არათუ გაჭირვებას არ ვგრძნობდი, ბედუინებსაც კი ვეხმარებოდი. გარკვეული ხნის განმავლობაში ამ საქმიანობას დღეში რამდენიმე საათს ვუთმობდი, შემდეგ კი ისეთ მდგომარეობამდე მივედი, რომ არ მსურდა, ხელსაქმეს შევდგომოდი, მაგრამ, ამავე დროს, ვხედავდი, თუ რა გაჭირვებას განიცდიდნენ ბედუინები. მათთვის უდიდესი წყალობა იყო, მიღოთ საჩუქრად ქუდი და წყვილი სანდალი. და მე გამიჩნდა აზრი: – „მე აქ იმიტომ მოვედი, რომ ბედუინებს დავეხმარო, თუ იმიტომ, რომ მთელი სამყაროსათვის ვილოცო?“ ამიტომ გადავწყვიტე, შემეწყვიტა ხელსაქმე, რათა ნაკლებად მოვწყვეტოდი ლოცვას და მეტი მელოცა. შენ გგონია, ველოდი, რომ ვინმე დამეხმარებოდა? საიდან? ბედუინებს თავადაც არაფერი ჰქონდათ, რომ ეჭამათ, მონასტერიც შორს იყო, მეორე მხარეს დაუსახლებელი ადგილები იწყებოდა. მაგრამ აი, სწორედ იმ დღეს, როცა მე შევზღუდე სამუშაო, რათა მეტი დრო დამეთმო ლოცვისათვის, ჩემთან ერთი ადამიანი მოვიდა. მაშინ სენაკთან ახლოს ვიმყოფებოდი, დამინახა და მითხრა: „აი, აიღე ეს ასი ოქრო. ბედუინებსაც დაეხმარები და შენს კანონსაც აღასრულებ და ილოცებ“. თავი ვერ შევიკავე, თხუთმეტი წუთით დავტოვე იგი მარტო და წავედი სენაკში. ღვთის განგებამ და სიყვარულმა იმ მდგომარეობამდე მიმიყვანა, რომ ცრემლები ვერ შევიკავე. ხედავ, როგორ აწყობს უფალი ყველაფერს, როცა ადამიანში არის კეთილი მისწრაფება? რამდენის მიცემა შემეძლო მე ამ უბედურებისათვის? ვაძლევდი ერთს, მაშინვე მოდიოდა მეორე: – „მე მამამ არ მომცა“. – შემდეგ მესამე. – „მე მამამ არ მომცა“!...

– წმიდაო მამაო, რატომაა რომ ჩვენ, რომლებსაც მრავალჯერ განგვიცდია ღვთის ყოვლადძლიერება, ვერ ვხედავთ მის განგებას ჩვენზე?

– ეს ეშმაკის მახეა! ეშმაკი თვალებში ნაცარს აყრის ადამიანს იმისთვის, რომ მან ვერ დაინახოს ღვთის განგება. თავად ადამიანმა რომ დაინახოს იგი, მაშინ მისი გრანიტის გული დარბილდება, მგრძნობიარე გახდება და ღვთის დიდებას მოისურვებს... ეს კი ეშმაკს არ აწყობს.

 

ადამიანი ხშირად ცდილობს, ყველაფერი ღვთის გარეშე მოაგვაროს

ერთმა კაცმა თევზის მოშენება დაიწყო და მთელი დღეები ამბობდა: – „დიდება შენდა, ღმერთო!“ – იმიტომ, რომ გამუდმებით ხედავდა ღვთის განგებას. იგი მიყვებოდა, რომ თევზს, განაყოფიერებისთანავე, როდესაც ჯერ კიდევ ქინძისთავივით პაწაწინაა, აქვს პატარა ტომარა სითხით, რითაც იგი იქამდე იკვებება, ვიდრე გაიზრდება და შეძლებს, დამოუკიდებლად ჭამოს წყლის მიკროორგანიზმები. ანუ თევზი იღებს ღვთისაგან „მშრალ ულუფას“! თუკი ღმერთი პატარ თევზზეც კი ასე ფიქრობს, რამდენად მეტად ზრუნავს იგი ადამიანზე! მაგრამ ხშირად ადამიანი ყველაფერს აწყობს და წყვეტს უფლის გარეშე. „მე, – ამბობს იგი, – მეყოლება ორი შვილი და მეყოფა“. ღმერთს ანგარიშს არ უწევს. ამიტომაც ხდება ამდენი უბედური შემთხვევა და ამდენი ბავშვი იღუპება. ოჯახთა უმრავლესობაში მხოლოდ ორი ბავშვი იბადება. მაგრამ ერთ ბავშვს მანქანა გაიტანს, მეორე ავად ხდება და კვდება, მშობლები კი უშვილონი რჩებიან.

როდესაც მშობლებს, ღვთის თანაშემოქმედებს, მიუხედავად ძალისხმევისა, უჭირთ შვილების უზრუნველყოფა, ხელები ზეცად უნდა აღაპყრონ, სიმდაბლით ეძიონ დიდებული შემოქმედის შეწევნა. სწორედ მაშინ ხარობს შემწე უფალი და მისი შეწევნის მიმღები ადამიანი. სტომიონის მონასტერში მყოფმა ერთი მრავალშვილიანი მამა გავიცანი. იგი მინდვრის დარაჯად მუშაობდა ეპირის ერთ სოფელში, მისი ოჯახი კი კონიცაში ცხოვრობდა, ფეხით ოთხსაათნახევარი გზა ჰქონდა გასავლელი. მას ცხრა შვილი ჰყავდა. იმ სოფლისაკენ გზა მონასტერზე გადიოდა. სამსახურში წასვლისას და სახლში დაბრუნებისას დარაჯი სავანეში შემოდიოდა. უკან დაბრუნებისას იგი ჩემგან ნებართვას ითხოვდა, რომ კანდელები თავად აენთო. მიუხედავად იმისა, რომ ანთებისას იგი ბევრ ზეთს ღვრიდა იატაკზე, ამის ნებას ვაძლევდი, ვამჯობინებდი, მერე იატაკი მომეწმინდა, ვიდრე იგი გამენაწყენებინა. მონასტრიდან გამოსვლისას სამას მეტრს რომ გაივლიდა, იარაღიდან ერთს გაისვრიდა ხოლმე. ამის ახსნა რომ ვერ შევძელი, გადავწყვიტე, შემდეგ ჯერზე დავკვირვებოდი იმ მომენტს, თუ როგორ შემოვიდოდა ტაძარში და მანამდე მეთვალთვალა, ვიდრე კონიცის გზაზე გავიდოდა. ასე გავიგე, რომ თავიდან იგი ანთებდა კანდელებს ტაძარში, შემდეგ გამოდიოდა ნარტეკსში [4] და გასვლისას კანდელს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლოის ხატის წინ ანთებდა. შემდეგ იღებდა თითით ზეთს კანდელიდან, მუხლებზე დგებოდა, ხელებს ხატისკენ აღაპყრობდა და ამბობდა: – „დედაო ღვთისა, მე ცხრა შვილი მყავს. გამოუგზავნე მათ ცოტა ხორცი!“ ამის თქმისთანავე, იგი ზეთს უსვამდა თითით სამიზნეზე, იარაღის ლულაზე და მიდიოდა. მონასტრიდან სამას მეტრში, ერთ თუთასთან, იგი ველურ თხას ელოდა. როგორც უკვე გითხარით, ესროდა, კლავდა მას, გამოქვაბულში შეჰქონდა, რომელიც ცოტა მოშორებით იყო, იქ ატყავებდა და ხორცი შვილებთან მიჰქონდა. ეს ყოველ ჯერზე ხდებოდა, როცა სახლში ბრუნდებოდა. მე აღტაცებული ვიყავი ამ მინდვრის დარაჯის რწმენით და დედა ღვთისას განგებულებით. ოცდახუთი წლის შემდეგ იგი მთაწმიდაზე ჩამოვიდა და მე მომძებნა. საუბრისას უნებურად ვკითხე მას: – „როგორ არიან შენი შვილები? სად არიან ისინი?“ პასუხად მან თავიდან ხელით ჩრდილოეთისკენ მიმითითა და მითხრა: – „ერთი გერმანიაშია“, შემდეგ ხელი სამხრეთისკენ გაიშვირა და დასძინა: – „სხვები კი ავსტრალიაში. დიდება ღმერთს, ჯანმრთელად არიან“. ეს ადამიანი უღმერთო იდეოლოგიისაგან სიწმიდით იცავდა თავის რწმენასაც და საკუთარ თავსაც, ამიტომ ღმერთმა არ მიატოვა იგი.

 

სასწაულებრივი საღვთო განგებულების კურთხევა

– ზოგჯერ, წმიდაო მამაო, რაღაცის სურვილი მაქვს და ღმერთი მას ჩემი თხოვნის გარეშეც აღასრულებს. ეს როგორ ხდება?

– ღმერთი ზრუნავს ჩვენზე. ის ხედავს ჩვენს საჭიროებებს, სურვილებს და როცა რამე ჩვენ სასიკეთოდ არის, იგი გვაძლევს მას. თუ ადამიანს შეწევნა სჭირდება, ქრისტე და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ეხმარებიან მას. როცა ბერ ფილარეტს [5] ეკითხებოდნენ: – „რით დაგეხმარო, წმიდაო მამაო, რა გჭირდება?“ – იგი პასუხობდა: – „იმას, რაც მე მჭირდება, დედა ღვთისა გამომიგზავნის“. ასეც ხდებოდა. როდესაც ჩვენ თავს უფალს მივანდობთ, იგი, ჩვენი კეთილი უფალი, თვალყურს გვადევნებს და ზრუნავს ჩვენზე. როგორც კეთილი მმართველი, იგი ყოველ ჩვენთაგანს გვაძლევს იმას, რაც გვჭირდება. ის ნაწილობრივ ჩვენ ნივთიერ საჭიროებებშიც კი მონაწილეობს. და იმისათვის, რომ ჩვენ მისი ზრუნვა, მისი განგება გავაცნობიეროთ, ზუსტად იმდენს გვაძლევს, რამდენიც გვჭირდება. თუმცა, ნუ ელი, იმას, რომ თავიდან უფალმა მოგცეს რაიმე, არა, თავიდან შენ თავად მიეცი ღმერთს საკუთარი თავი მთლიანად. იმიტომ, რომ თუკი მუდმივად სთხოვ რამეს ღმერთს, თავად კი ნდობით არ მიანდობ თავს, ცხადი ხდება, რომ შენ საკუთარი სახლი გაქვს, რომ შენ უცხო ხარ მარადიული ზეციური სავანისათვის. ის ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აძლევენ ღმერთს და თავადაც სრულებით მიეცემიან მას, დიდებული ღვთის გუმბათქვეშ საფარველით არიან დაფარულნი, და დაცულნი არიან მისი საღვთო განგებით. ღვთისადმი მინდობა არის დაუსრულებელი საიდუმლო ლოცვა, რაც აუცილებელ მომენტში უხმაუროდ მიიზიდავს საღვთო ძალას იქითკენ, სადაც ამის საჭიროება იქნება. და მაშინ მისი კეთილზნეობრივი შვილები დაუსრულებლად, უსასრულო მადლიერებით განადიდებენ მას.

როდესაც მამა ტიხონი პატიოსანი ჯვრის სენაკში დასახლდა, იქ არ იყო ტაძარი, რომელიც მას სჭირდებოდა. ფულიც არ ჰქონდა მის ასაშენებლად – არაფერი გააჩნდა, გარდა – ღვთისადმი დიდი რწმენისა. ერთხელ, ლოცვის შემდეგ, იგი კარიესისკენ გაემართა იმის რწმენით, რომ ღმერთი დაეხმარებოდა ფულით, რომელიც ეკლესიის ასაშენებლად სჭირდებოდა. კარიესისკენ მიმავალ გზაზე მას შორიდან ილისკის სკიტის წინამძღვარმა დაუძახა. როცა მამა ტიხონი მიუახლოვდა, მან უთხრა: – „ერთმა კეთილმა ქრისტიანმა ამერიკიდან გამოგზავნა ეს დოლარები, რათა მივცე ვინმე მოსაგრეს, რომელსაც არ აქვს ტაძარი. აი, სწორედ შენ არა გაქვს ტაძარი, აიღე ეს ფული და ააშენე“. მამა ტიხონს ლმობიერებისგან ცრემლი მოერია – გულთამხილავი ღვთისადმი მადლიერების გრძნობით, რომელმაც ტაძარზე ჯერ კიდევ მანამ იზრუნა, ვიდრე მამა ტიხონი ამას სთხოვდა – ამგვარად, როცა ამაზე ლოცულობდა, ფული უკვე გამზადებული იყო.

თუ ადამიანი მიენდობა უფალს, მაშინ ღმერთი არ მიატოვებს მას. და, მართლაც: თუ ხვალ ათ საათზე რაიმე დაგჭირდება, და ეს მოთხოვნილება გონიერიების ზღვარს არ აღემატება და ნივთი მართლაც აუცილებელია, ათს რომ თხუთმეტი დააკლდება ან ათის ნახევარზე უფალს ის უკვე მზად ექნება შენთვის მოსაცემად. მაგალითად, ხვალ ათ საათზე შენ ფინჯანი გჭირდება. ცხრას რომ ხუთი დააკლდება, ის უკვე გექნება. შენ გჭირდება ხუთასი დრაქმა, იმ საათზე, როცა ის გჭირდება ჩნდება ზუსტად ხუთასი, თანაც არა – ხუთას ათი ან ოთხასოთხმოცდაათი, არამედ – ზუსტად ხუთასი. შევნიშნე, რომ თუ მე, მაგალითად, რამე ხვალ მჭირდება, ღმერთი ამაზე დღესვე ზრუნავს. ანუ ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე მე ვიფიქრებ, ამაზე უკვე იფიქრა ღმერთმა. მან წინასწარ იზრუნა აუცილებელზე და მაძლევს იმ დროს, როცა ეს საჭიროა. მე გავიგე ეს, როდესაც ვხედავდი, რამდენი დრო იყო საჭირო იმისათვის, რომ რაიმე ნივთი ზუსტად იმ საათზე მოსულიყო ჩემამდე საიდანმე, როცა მჭირდებოდა, ანუ, ღმერთი წინასწარ ზრუნავს ჩვენზე.

როდესაც კეთილზნეობრიობით ვახარებთ ღმერთს ჩვენი ცხოვრებით, იგი გვაძლევს უშურველ კურთხევას თავის კეთილზნეობრივ შვილებს იმ საათზე, როცა მათ სჭირდებათ. შემდეგ მთელი ცხოვრება გადის საღვთო განგების დიდებაში. მე შემიძლია, საათობით მოგითხროთ მაგალითები ღვთის სასწაულებრივი განგებისა.

ომში როდესაც ვიყავი, საბრძოლო ოპერაციებში ვმონაწილეობდი, მე მქონდა სახარება და ვიღაცას მივეცი. შემდეგ ვამბობდი: – „ოჰ, ნეტავ სახარება მქონდეს, როგორ დამეხმარებოდა!“ შობას ჩვენს ნაწილში, რომელიც მაშინ მთებში იმყოფებოდა, გამოაგზავნეს ორასი გზავნილი მესოლონგიდან [6]. ორასი გზავნილიდან სახარება მხოლოდ იმაში იყო, რომელიც მე შემხვდა! ეს იყო ძველად გამოცემული სახარება – პალესტინის რუქით. გზავნილში იყო წარწერა: „თუ სხვა წიგნებიც გჭირდება, მოგვწერე და გამოგიგზავნით“.

ერთხელ, როცა მე უკვე სტომიონის მონასტერში ვიყავი, ტაძრისთვის კანდელი დამჭირდა. ერთ დილას, ცისკარზე, კონიცისკენ წავედი. ერთ სახლთან ახლოს რომ გავიარე, გავიგონე, როგორ ეუბნება გოგონა მამას: – „მამა, ბერი მოდის!“ ის ჩემს შესახვედრად გამოვიდა და მითხრა: – „მამაო, მე აღთქმა დავდე, რომ შემომეწირა დედა ღვთისათვის კანდელი. აიღე ეს ფული და იყიდე თავად“. მან მომცა ხუთასი დრაქმა – ზუსტად იმდენი, რამდენიც კანდელი ღირდა 1958 წელს.

აი, ახლაც, როცა რამის საჭიროება ჩნდება, ღმერთი მაშინვე მაძლევს მას. მაგალითად, მე თუ მინდა დავხერხო შეშა და არ შემიძლია, შეშა ორ წუთში თავად მოდის ჩემთან. იქამდე, ვიდრე თქვენთან ჩამოვიდოდი, მივიღე გზავნილი, რომელშიც ორმოცდაათი ათასი დრაქმა იყო – ზუსტად იმდენი, რამდენიც მჭირდებოდა. აი, კიდევ მაგალითი: ვიღაცას კურთხევის ნიშნად მივეცი ხატი „ღირს არსი“, მეორე დღესვე ჩემთან მოაქვთ „ივერიისა“. ამ ზაფხულს [7] ვიდრე წვიმა გადაივლიდა, წყალი საერთოდ არ მქონდა. ახლა ცოტა წამოწვიმა, და დღეში შეძლებისდაგვარად ქილანახევარ წყალს ვაგროვებ. ყოველდღე იმდენი ხალხი მოდის – სვამენ, იბანენ, ისინი ხომ გაოფლიანებულნი მოდიან, წყლის დონე კი მხოლოდ ოთხ-ხუთ თითზე იწევს! ერთი კასრი – ასორმოცდაათ-ორას ადამიანზე და მაინც არ ცარიელდება! ამასთან, ზოგჯერ ერთი მეტისმეტად აღებს ონკანს, სხვებს მისი დაკეტვა ავიწყდებათ და წყალი მოედინება, ამის მიუხედავად ის არ თავდება!

 

საღვთო განგებულებაზე მინდობა

ადამიანი, რომელიც აკვირდება საღვთო ქველმოქმედების, საღვთო განგებულების მიმართ თავის დამოკიდებულებას სწავლობს. შემდეგ იგი უკვე თავს ისე გრძნობს, როგორც – ჩვილი აკვანში, რომელიც როგორც კი დედა დატოვებს, ტირილს იწყებს და არ ჩუმდება, ვიდრე იგი ისევ არ მიირბენს მასთან. უდიდესი საქმეა – საკუთარი თავის უფლისადმი მინდობა! როდესაც მე მხოლოდ ის-ის იყო მივედი სტომიონის მონასტერში, სამკვიდერებელი არ მქონდა. მთელი სავანე სამშენებლო ნაგვით იყო დაფარული. გალავნის ახლოს ერთი კუთხე ვიპოვე, ზემოდან მცირედ გადავხურე და ღამეებს იქ ვატარებდი მჯდომარე, ვინაიდან მწოლიარე ვერ დავეტეოდი. ერთხელ ჩემთან ერთი ცნობილი მღვდელ-მონაზონი მოვიდა და მკითხა: – „მისმინე, როგორ ცხოვრობ აქ?“ – „მერე რა, – ვკითხე მე პასუხად, – ერისკაცებს ჩვენზე მეტი ჰქონდათ? როცა კანარისმა [8] მოითხოვა მიწა, მას უთხრეს: – „შენ არ გაქვს სამშობლო“, მაშინ მან უპასუხა: – „სამშობლოს ჩვენ დავიბრუნებთ“. თუკი ასეთი რწმენა ჰქონდა ადამიანს, ერისკაცს, მაშ, ჩვენ განა არ უნდა გვქონდეს ღვთის ნდობა? რადგან დედა ღვთისამ აქ მომიყვანა, ნუთუ როცა დრო მოვა, იგი არ იზრუნებს თავის სავანეზე?“ და მართლაც, ნელ-ნელა, ხედავთ, ყველაფერი როგორ მოაწყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა! მახსოვს, როცა ხელოსნები ბეტონს ასხამდნენ დამწვარი სენაკების სახურავზე, ცემენტი თავდებოდა. კიდევ სამი სენაკი იყო გადასახური. ჩემთან მოდიან ხელოსნები და მეუბნებიან: – „ცემენტი თავდება! ბეტონში მეტი ქვიშა და ნაკლები ცემენტი უნდა ჩავყაროთ, რათა ყველაფრის დასაბეტონებლად გვეყოს“. – „არა, – ვუთხარი მათ – არ გააზავოთ, განაგრძეთ, როგორც დაიწყეთ“. მეტი ცემენტის მოტანა შეუძლებელი ჩანდა, ვინაიდან ყველა ჯორი მინდორში იყო. ხელოსნებს კონიცამდე ორი საათი უნდა ევლოთ, შემდეგ კიდევ ორი საათი მინდვრამდე, რომ საძოვარზე ჯორები მოეძებნათ. რამდენ დროს დაკარგავდნენ!... გარდა ამისა, ამ ადამიანებს თავიანთი პირადი საქმეეებიც ხომ ჰქონდათ! მეორე დღეს მოსვლა არ შეეძლოთ. ვხედავ: ორი მესამედი გადახურეს. შევედი პატარა ეკლესიაში და წარმოვთქვი: – „დედოფალო ჩემო, ახლა რაღა ვქნა?! გთხოვ, დაგვეხმარე!“ შემდეგ გამვბრუნდი ტაძრიდან...

– და რა მოხდა შემდეგ, წმიდაო მამაო?

– გადახურვას მორჩნენ, ცემენტი ზედმეტიც კი დარჩა!

– ხელოსნები მიხვდნენ ამას?

– როგორ ვერ მიხვდნენ! რაოდენ დიდებულია ზოგჯერ ღვთისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლს შემწეობა!

 

ღმერთი ყველაფერს სასიკეთოდ გამოიყენებს

– წმიდაო მამაო, ზოგჯერ რაღაც საქმეს ვიწყებთ და უამრავი დაბრკოლება ჩნდება. როგორ გავიგოთ, ღვთისგან არის ეს თუ – არა?

– გამოვიძიოთ, ამაში ჩვენ ხომ არ მიგვიძღვის ბრალი. თუ ჩვენ არ ვართ დამნაშავენი, მაშ, დაბრკოლება ღვთისაგან ყოფილა და იგი ჩვენს სასიკეთოდაა. ამიტომაც გუნება არ უნდა წაგვიხდეს, რომ საქმე არ გაკეთდა ან დასრულება ყოვნდება. ერთხელ რაღაც სასწრაფო საქმეზე მიმეჩქარებოდა და სტომიონის მონასტრიდან კონიცაში ჩამოვდიოდი. გზის ძნელ მონაკვეთზე (ამ ადგილს გოლგოთას ვეძახდი) მონასტრის ერთ ნაცნობს შევხვდი, ბიძია ანასტასის, რომელსაც სამი დატვირთული ჯორი მოჰყავდა. მკვეთრ აღმართზე კურტანი გვერდზე გადაიზნიქა და ერთი ცხოველი ის იყო უნდა ჩავარდნილიყო. – „ღმერთმა გამოგაგზავნა, მამაო“. – გაიხარა ბიძია ანასტასიმ. მე დავეხმარე მას ჯორების დამშვიდებაში, შემდეგ ისინი გზაზე გამოვიყვანეთ. იქ დავტოვე იგი და ჩემი გზა განვაგრძე. გავიარე კარგა მოზრდილი მონაკვეთი, რომ ბილიკი ჩაინგრა. ხეები, ქვები – ყვლაფერი ქვემოთ, მდინარისკენ წაიღო. მე რომ ჯორებთან არ შევჩერებულიყავი, სწორედ იმ დროს აღმოვჩნდებოდი იმ ადგილას. – „ბიძია ანასტასი, – ვუთხარი მე, – შენ მიხსენი, ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი“.

ქრისტე მაღლიდან ხედავს, როგორ მოქმედებს ყოველი ჩვენთაგანი და იცის, თავადაც როდის და როგორ იმოქმედოს ჩვენს სასიკეთოდ. მან იცის, როგორ და სად წაგვიყვანოს, ოღონდ ჩვენ ვთხოვოთ დახმარება, მის წინაშე განვაცხადოთ ჩვენი სურვილები და მივანდოთ მას, თავად განაგოს ყველაფერი. როდესაც ათონის ფილოთეოსის მონასტერში ვიყავი, უდაბნოში გასვლა მინდოდა. ვფიქრობდი უდაბურ კუნძულზე გავსულიყავი და უკვე მოველაპარაკე კიდეც ერთ მენავეს, რათა მოეცურა და წავეყვანე, მაგრამ საბოლოოდ იგი არ მოვიდა. ასე მოაწყო ღმერთმა, ვინაიდან ჯერ კიდევ გამოუცდელი ვიყავი და უდაბურ კუნძულზე კარგა გვარიანად დავზარალდებოდი, მე იქ ეშმაკთა მსხვერპლი გავხდებოდი. მაშინ, როდესაც კუნძულთან დაკავშირებით წარუმატებლობა განვიცადე, მხურვალე სურვილი გამიჩნდა კატუნაკში წავსულიყავი. მომწონდა კატუნაკის უდაბნო, ვლოცულობდი, რომ იქ აღმოვჩენილიყავი და ამისათვის ვემზადებოდი კიდეც. მსურდა, გადავსახლებულიყავი იქ და მაღალი სულიერი ცხოვრების ადამიანთან – ხუცეს პეტრესთან ერთად მოსაგრე ცხოვრებით მეცხოვრა. თუმცაღა ისეთი მოვლენები მოხდა, რომლებმაც მაიძულა წავსულიყავი არა კატუნაკში, არამედ – კონიცაში. ერთხელ საღამოს სერობის შემდეგ სენაკში განვმარტოვდი და გვიანობამდე ვლოცულობდი. დაახლოებით თერთმეტ საათზე დასასვენებლად წამოვწექი. ღამის ორის ნახევარზე მონასტრის ძელზე კაკუნმა გამაღვიძა, რომელიც ძმობას ტაძარში შუაღამიანზე უხმობდა. ადგომას შევეცადე, მაგრამ ვერ შევძელი. უხილავი ძალა მბოჭავდა და განძრევა არ შემეძლო. მივხვდი, რომ რაღაც არაჩვეულებრივი ხდებოდა. შუადღემდე საწოლზე მიჯაჭვული დავრჩი. შემეძლო ლოცვა, ფიქრი, მაგრამ განძრევა საერთოდ ვერ შევძელი. ამ მდგომარეობაში მყოფმა, როგორც ტელევიზორში, დავინახე ერთი მხრივ, კატუნაკი, მეორე მხირვ კი – სტომიონის მონასტერი – კონიცაში. ძლიერი სურვილით თვალი გავუსწორე კატუნაკის მხარეს, და მაშინ რაღაც ხმამ აშკარად მითხრა: „შენ წახვალ არა კატუნაკში, არამედ სტომიონის მონასტერში“. ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხმა იყო. – „დედაო ღვთისა, – ვთქვი მე, – მე უდაბნოში წასვლა გთხოვე, შენ კი ერში მგზავნი?“ და მე ისევ გავიგონე იგივე ხმა, რომელიც მკაცრდ მეუბნებოდა: – „წახვალ და შეხვდები ამა და ამ ადამიანს. იგი ძალიან დაგეხმარება“. მაშინვე გავთავისუფლდი უხილავი ბორკილებისაგან, ჩემი გული საღვთო მადლით აღივსო. შემდეგ წავედი და ყოველივე სულიერი მოძღვარს ვუამბე: – „ეს ღვთის ნებაა, – მითხრა მოძღვარმა, – თუმცაღა – არავის უთხრა ამის შესახებ. თქვი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მე კი მაშინ სწორედ სისხლისდენა მქონდა) ათონიდან უნდა წახვიდე და გაემგზავრე“.

მე ერთი რამ მსურდა, მაგრამ ღმერთს თავისი გეგმები ჰქონდა. მე მაშინ ვფიქრობდი, ღვთის ნება იყო, რომ კონიცის სავანე ამეღორძინებინა. ასე აღვასრულებდი აღთქმას, რომელიც ღვთისმშობელს მივეცი, როცა ომში ვიყავი. – „დედაო ღვთისა, – შევთხოვე მაშინ, – შემეწიე, რომ გავხდე ბერი, მე კი სამი წელი ვიმუშავებ და წესრიგში მოვიყვან შენს დამწვარ სავანეს“. მაგრამ, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მთავარი მიზეზი იმისა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა იქ გამაგზავნა, იყო ის, რომ დავხმარებოდი პროტესტანტიზმში გადავარდნილ ოთხმოც ოჯახს, დაბრუნდებოდნენ მართლმადიდებლობას.

უფალი ხშირად უშვებს, მოხდეს რამე, – მრავალი ადამიანის სასარგებლოდ. ის არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ სიკეთეს, არამედ – სამ-ოთხ სიკეთეს ერთად. ბოროტებასაც არასდროს უშვებს, თუ მისგან მრავალი სიკეთე არ მომდინარეობს. ყველაფერს: შეცდომებსაც, ხიფათსაც იგი ჩვენს სასარგებლოდ იყენებს. სიკეთე და ბოროტება ერთმანეთშია აღრეული. კარგი იქნებოდა, ისინი გამიჯნული ყოფილიყო, მაგრამ ადამიანების პირად ინტერესები მათ ურევენ და ერთმანეთში ხლართავენ. თუმცაღა ღმერთი სარგებელს ამ გაუგებრობიდანაც ამოიღებს. ამიტომ უნდა გვჯეროდეს, რომ ღმერთი მხოლოდ იმას დაუშვებს, რისგანაც სიკეთე გამომდინარეობს, ვინაიდან მას უყვარს თავისი ქმნილება. მაგალითად, მას შეუძლია დაუშვას რაიმე მცირე ცდუნება იმისათვის, რომ დაგვიცვას დიდი საცდურისაგან. ერთხელ ერთი ერისკაცი ტაძრის დღესასწაულზე იმყოფებოდა – მთაწმიდის ერთ მონასტერში. იქ დალია და დათვრა. უკან მონასტრიდან მომავალ გზაზე დაეცა, წამოვიდა თოვლი და დაფარა იგი, მაგრამ ღვინის ოხშივარმა მის ზვავში გარშემო ნაპრალი წარმოიქმნა. ამ ადგილთან ახლოს ერთი გამვლელი მოდიოდა. დაინახა თოვლში ნაპრალი, გაოცებულმა წარმოთქვა: „რა უნდა იყოს? წყარო ხომ არაა?“ და ნაპრალს ჯოხი დაარტყა. „ვაი“! – შესძახა მთვრალმა. ამგვარად არ დაუშვა უფალმა, რომ იგი დაღუპულიყო.

 

ღვთის ქველმოქმედება გულში ნაპრალს აჩენს

– წმიდაო მამაო, რა სურს ღმერთს ჩვენგან?

– ღმერთს სურს ჩვენი ნება, ჩვენი კეთილი მიდრეკილება, რომელიც თუნდაც მცირედ, მაგრამ კეთილზნეობრივი ღვაწლით მჟღავნდება. მას სურს, რომ ვაცნობიერებდეთ ჩვენს ცოდვილობას. ყოველივე დანარჩენს ის გვაძლევს. სულიერ ცხოვრებაში კუნთები საჭირო არ არის. სიმდაბლით უნდა ვმოღვაწეობდეთ, ვითხოვდეთ ღვთის წყალობას და ყველაფრისთვის ვმადლობდეთ უფალს. იმ ადამიანზე, რომელიც ყოველგვარი პირადი გეგმების გარეშე საკუთარ თავს უფალს მიანდობს, ღვთის გეგმა აღესრულება. რამდენადაც ებღაუჭება ადამიანი თავის „მეს“, იმდენად უკან რჩება იგი. სულიერად ვერ წარემატება, ვინაიდან ღვთის წყალობას აბრკოლებს. იმისათვის, რომ წარემატებოდეს, ადამიანს ღვთისადმი დიდი მინდობა სჭირდება.

ყოველწამიერად უფალი თავისი სიყვარულით ეფერება ყველა ადამიანის გულს, მაგრამ ჩვენ ამას ვერა ვგრძნობთ, ვინაიდან ჩვენი გულები ნადებმა დაფარა. თუ გულს გაისუფთავებს, ადამიანი ლმობიერდება, ლბება, დნება, გონებას კარგავს, რადგან ღვთის სიკეთესა და ქველმოქმედებას ხედავს, რომელსაც ერთნაირად უყვარს ყოველი ადამიანი. ამგვარ ადამიანს სტკივა იმათ გამო, ვინც იტანჯება, მათ მიმართ კი, ვინც სულიერ ცხოვრებით ცხოვრობს, იგი სიხარულს განიცდის. თუ კეთილზნეობრივი სული მხოლოდ ღვთის კეთილქმედებებზე იფიქრებს, მათ შეუძლიათ მაღლა აიტაცონ იგი და რაღა ითქმის, მის მრავალრიცხოვან ცოდვებზე და ღვთის კეთილწიაღობრიობაზე?! როდესაც ადამიანის სულიერი თვალი განიწმიდება და ნახავს ღვთის მზრუნველობას როგორც საკუთარი თავის, ასევე – სხვათა მიმართ, მაშინ თავისი მგრძნობიარე, შიშველი გულით განიცდის იგი საღმრთო განგებულებას, ის დნება მადლიერებისაგან და გადაიქცევა შეშლილად, – ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. მოღვაწეები გრძნობენ როგორც საკუთარ ცოდვილობას, ასევე – ღვთის ქველმოქმედებას და თავს მის მარადიულ კეთილწიაღობრიობას ანდობენ, ისინი საკუთარ სულებს სამოთხისაკენ უმეტესი იმედითა და ნაკლები ხორციელი შრომით აღამაღლებენ.

 

ვმადლობდეთ ღმერთს – დიდსა და მცირეზე

– „მე მწამს, რომ ღმერთი შემეწევა!“ – ამბობენ ზოგიერთები, მაგრამ ამასთან ერთად, ცდილობენ, ფული შეაგროვონ, რათა არაფრის დანაკლისი არ იგრძნონ. ასეთი ადამიანები დასცინიან უფალს, ვინაიდან თავს მიანდობენ არა მას, არამედ – ფულს. თუ ისინი არ მიატოვებენ ფულის სიყვარულს და მთელ იმედებს მას მიანდობენ, ვერ შეძლებენ, იმედები ღმერთზე დაამყარონ. მე არ ვამბობ, რომ ადამიანებს არანაირი დანაზოგი არ უნდა ჰქოდეთ – საჭიროებისათვის. არა! მაგრამ მთელი სასოება ფულს არ უნდა მიანდოს, ფულს არ უნდა მისცეს გული, ვინაიდან თუ ასე იქცევა, ის ივიწყებს უფალს. ადამიანი, რომელიც არ ენდობა ღმერთს, საკუთარ გეგმებს აწყობს, შემდეგ კი ამბობს, რომ ასე სურს ღმერთს, თავის საქმეს ეშმაკურად „აკურთხებს“ და მუდამ იტანჯება. ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რამდენად ძლიერი და კეთილია ღმერთი. ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას, იყოს ჩვენი პატრონი, განაგებდეს ჩვენს ცხოვრებას და ამიტომაც ვიტანჯებით.

სინაზე, წმიდა ეპისტიმის სენაკში, სადაც მე ვცხოვრობდი, ძალიან ცოტა წყალი იყო. ერთ გამოქვაბულში, სენაკიდან დაახლოებით ოცი მეტრის მოშორებით, ნაპრალიდან კლდეში წყალი წვეთავდა. გავაკეთე პატარა წყლის ავზი და დღე-ღამეში იქ სამ ლიტრამდე წყალს ვაგროვებდი. წყალზე რომ მივიდოდი, რკინის ქილას ვდგამდი და ვიდრე ივსებოდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაუჯდომელს ვკითხულობდი. მე მცირედ ვისველებდი თავს, მხოლოდ – შუბლს და ეს მეხმარებოდა – როგორც ერთმა ექიმმა მირჩია. ცოტა წყალს ვიღებდი დასალევად და ცალკე ქილით ვაგროვებდი წყალს თაგვებისა და ჩიტებისათვის, რომლებიც ჩემს სენაკში ცხოვრობდნენ. სარეცხისა და სხვა საჭიროებისათვის იმავე წყალს ვიყენებდი გამოქვაბულიდან. რა სიხარულს, რა მადლიერებას განვიცდიდი ამ მცირე წყლის გამო, რომელიც მქონდა! მე ვადიდებდი უფალს იმისათვის, რომ წყალი მომცა.

შემდეგ, როცა წმიდა მთაზე წავედი და მცირე ხნით ივერიის სკიტში დავსახლდი, იქ, ვინაიდან მზის მხარე იყო, წყლის ნაკლებობა არ იგრძნობოდა. იქ ერთი ავზი იყო, რომლიდანაც წყალი ზემოდან გადმოდიოდა. ოჰ! ვიბანდი თავს, ფეხებს, მაგრამ.... ძველი მიმავიწყდა. სინაზე მცირეოდენი წყლისათვის თვალები მადლიერების ცრემლით მევსებოდა, აქ კი, სკიტში, წყლის სიუხვისაგან მე დავიწყებას მივეცი. ამიტომაც წავედი ამ სენაკიდან და ოთხმოცი მეტრით მოშორებით დავესახლე, სადაც პატარა ავზი იდგა. როგორ იბნევა, როგორ ივიწყებს ადამიანი სიუხვისაგან!...

ჩვენ სრულებით, უპირობოდ უნდა მივანდოთ თავი საღვთო განგებულებას, ღვთის ნებას და ღმერთი იზრუნებს ჩვენზე. ერთი ბერი ერთხელ საღამოს მთის მწვერვალისკენ წავიდა, რათა იქ მწუხრი აღესრულებინა. გზაში თეთრი სოკო იპოვა და ამ იშვიათი მონაპოვარისათვის უფალს მადლობა შესწირა. უკან გზაზე მას ამ სოკოს მოჭრა სურდა, რათა თავისთვის ვახშამი მოემზადებინა. „თუ ერისკაცები შემეკითხებიან, ვჭამ თუ არა ხორცს, – გულში ფიქრობდა ბერი, – შემიძლია, ვუთხრა მათ, რომ ვჭამ ყოველ შემოდგომაზე!“ სენაკში დაბრუნებისას დაინახა, რომ ვიდრე მწუხრს კითხულობდა, სოკოზე რაღაც ცხოველს დაუბიჯებია და მხოლოდ ნახევარიღა დარჩენილიყო. – „როგორც ჩანს, – თქვა ბერმა, – სწორედ ამდენი უნდა მეჭამა“. მოკრიფა, რაც დარჩა და ღმერთს მადლობა შესწირა მისი განგებულებისათვის, ნახევარი სოკოსთვის. ცოტა ქვემოთ მან კიდევ ერთი ნახევარი სოკო იპოვა, დაიხარა, რომ მოეჭრა და ვახშმისთვის დანაკლისი შეევსო, მაგრამ დაინახა, რომ სოკო ფუტურო, შესაძლოა შხამიანიც კი იყო. ბერმა დატოვა იგი და ისევ მადლობა მიუძღვნა ღმერთს იმისათვის, რომ მან იგი მოწამვლისაგან დაიფარა. სენაკში დაბრუნებულმა ბერმა ნახევარი სოკოთი ივახშმა. მეორე დღეს, როცა სახლიდან გამოვიდა, თვალწინ არაჩვეულებრივი სანახაობა გადაეშალა. სენაკის გარშემო ყველგან მშვენიერი სოკოები ამოზრდილიყვნენ, მათ დანახვაზე ბერმა ისევ ადიდა უფალი. ხედავთ, მან მადლობა შესწირა ღმერთს მთელ სოკოზეც და ნახევარზეც, კარგზეც და ცუდზეც, ერთზეც და მრავალზეც. იგი ყველაფრისთვის მადლიერი იყო.

სახიერი ღმერთი უხვ წყალობას გვანიჭებს და მისი ქმედება ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ არის მომართული. ყოველივე სიკეთე, რაც კი გაგვაჩნია – ღვთის ძღვენია. ყველაფერი თავისი ქმნილების – ადამიანისადმი სამსახურად დაადგინა. ისე გააკეთა, რომ ყველა: ცხოველებიც, ფრინველებიც, პატარებიცა და დიდებიც, მცენარეებიც კი – საკუთარ თავს მსხვერპლად წირავდნენ მისთვის. თავად ღმერთმაც საკუთარი თავიც კი გაიღო მსხვერპლად, რათა ადამიანი გამოეხსნა. ნუ ვიქნებით გულრგილნი ყოველივე ამის მიმართ, ნუ მივაყენებთ ჭრილობას უმადურობით და უგრძნობელობით, არამედ ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ მას.

 


1. მთ: 6, 33.

2. იხ. ღირსი მაკარი ეგვიპტელი, სულიერი საუბრები.

3. იხ. გამოსვ. 16, 19-20.

4. ნარტეკსი – ტაძრის დასავლეთ ნაწილი, წინკარი.

5. იხ. ბერი პაისი. წმიდა მთის მამები და მთაწმიდის ისტორიები.

6. ქალაქი ცენტრალურ საბერძნეთში.

7. წარმოთქმულია 1990 წელს.

8. კონსტანტინე კანარისი (დაახლოებით 1795-1877). ელადის ეროვნული გმირი, ლეგენდარული მეზღვაური, ბრწყინვალე მებრძოლი საბერძნეთის რევოლუციის დროს თურქების წინააღმდეგ (1821-1830) 1822 წ. 7 ივნისს მამაცთა ჯგუფმა მეთევზეთა ნავებით კ. კანარისისი მეთაურობით აღასრულა თავხედური თავდასხმა თურქულ ესკადრაზე ქიოსის ახლობლად, რის შედეგადაც განადგურებული იქნა ფლამანის გემი თურქული ფლოტისა და დაიღუპა თურქი ადმირალი კარა ალი. შემდეგ კ. კანარისი – ადმირალი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის მინისტრი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი.