– რა კვამლია იქ?
– გამოუსადეგარ რამეებს ვწვავთ, წმიდაო მამაო.
– თქვენ რა, კოცონი ამ ქარში დაანთეთ?
– წმიდაო მამაო, დილით იწვიმა.
– წვიმასაც რომ გადაევლო და წყალდიდობასაც, ქარი თუ ამოვარდება, ყველაფერი დენთივით შრება, შენც ამბობ რა: „წვიმამ გადაიღო“! ადრე თქვენი სისულელის გამო იქ ხანძარი რომ გაჩნდა, უკვე დაგავიწყდათ? თუკი ვინმე ერთხელ გუბეში ჩავარდება, შემდეგ მეტისმეტად ფრთხილად უნდა იყოს. ღმერთი ეხმარება იქ, სადაც საჭიროა მისი დახმარება, იქ, სადაც ადამიანებს ადამიანურად არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ მაგრამ ჩვენს უგუნურებას ის არ დაეხმარება. ასე ხომ ჩვენ წმიდანებსაც კი ქვეყნის სასაცილოდ გავხდით!
– წმიდაო მამაო, განა ყოველთვის ადვილად მიხვდება ადამიანი, სადამდე უნდა იმოქმედოს ადამიანური ძალებით?
– დავიწყოთ იქიდან, ადამიანს იმის გაკეთება რომ სურდეს, რაც შეუძლია, მაგრამ ხელი შეეშალოს და ამის გამო ვერ აკეთებდეს, მძიმე წუთებში ღმერთი დაეხმარება. თუმცაღა, თუკი მას ჰქონდა ძალები, მაგრამ არ ჰქონდა სურვილი, ღმერთი მას არ შეეწევა. მაგალითად, ღამით კარის ურდულით დაკეტვა დაგავლეს, შენ კი გეზარება, არ კეტავ და ამბობ, რომ ღმერთი დაგიცავს. შენ არ კეტავ არა იმიტომ, რომ ღმერთს მიენდობი, არამედ იმიტომ, რომ გეზარება. მაშ, როგორ დაგეხმარება ღმერთი?! განა ის ზარმაცს შეეწევა? თუკი ვინმეს უთხრეს, რომ ურდულით უნდა დაკეტოს, ის კი ამას არ აკეთებს, მხოლოდ მორჩილების დარღვევის გამო უნდა დაისაჯოს. უნდა გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც ადამიანური ძალებით შესაძლებელია და ღმერთს დაუტოვოთ ის, რისი გაკეთებაც ადამიანს არ ძალუძს. თუკი გააკეთებ ოდნავ იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლია, მაგრამ არა – ეგოიზმის გამო, არამედ – ღვთისმოსაობით, თუ თვლი, რომ ჯერ კიდევ არ ამოგიწურავს მთელი შენი ადამიანური ძალები, ღმერთი ამასაც დაინახავს. ასეთი კეთილზნეობა მისთვს სათნო იქნება და იგი ისწრაფებს, დაგეხმაროს. იმისათვის, რომ დაგვეხმაროს, ღმერთს ჩვენი მონდომებაც სურს. აი, მაგალითად, ნოე: ასი წელი იტანჯებოდა, კიდობანს აშენებდა. ხეს ხის ხერხით ხერხავდნენ, მაგარ ხეს პოულობდნენ და იმით ხერხს აკეთებდნენ. რა, განა უფალს არ შეეძლო, სხვა რაიმე ექმნა და კიდობნის მშენებლობა დაეჩქარებინა? შეეძლო, მაგრამ ნოეს და მასთან მყოფთ აუხსნა, თუ როგორ შენდება კიდობანი, ამის შემდეგ კი საამისო ძალებს აძლევდა [1]. ამიტომ გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ შეგვიძლია, რათა ის, რაც ჩვენ არ ძალგვიძს, ღმერთმა გააკეთოს.
ერთხელ ერთი კაცი მოვიდა ჩემთან სენაკში და დამისვა კითხვა: – „რატომაა, რომ ბერები სხედან აქ, და ერში არ გადიან, რათა ხალხს დაეხმარონ?“ „ისინი რომ ერში გასულიყვნენ და ხალხს დახმარებოდნენ, – ვუპასუხე მას – მაშინ მკითხავდი, რატომაა, რომ ბერები ერში დახეტიალობენო. ახლა ისინი არ გადიან ერში და შენ მეკითხები, რატომ არ გადიანო“. შემდეგ ის მეუბნება: „რატომ მიმართავენ ბერები ექიმს? რატომ არ განკურნავს მათ იესო ქრისტე და მათი ღვთისმშობელი?“ – „იგივე კითხვა, – ვუპასუხე მე, – დამისვა ერთმა ებრაელმა ექიმმა“, – „ის ებრაელი არაა“, – გამოექომაგა ჩემს თანამოსაუბრეს ერთი მასთან ერთად მოსული კაცი. – „რა მნიშვნელობა აქვს, რომ ებრაელი არაა, – ვუპასუხე შე, – თავად საკითხი წმინდად ებრაულია. და მე გაგიმეორებთ პასუხს, რომელიც იმ ებრაელს ვუთხარი, რამდენადაც სიტუაციები ერთნაირია“. „შენ, – ვუთხარი მას მაშინ, – ებრაელი ხარ და ძველი აღთქმა ზეპირად უნდა იცოდე. წინასწარმეტყველ ესაიასთან ნათქვამია, თუ მეფე ეზეკიას, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი იყო, როგორ აჩუქა ღმერთმა კიდევ თხუთმეტი წლის სიცოცხლე. ღმერთმა მეფეს ესაია წინასწარმეტყველი გაუგზავნა, რომელმაც უთხრა მას: – „ღმერთი გიძღვნის შენ სიცოცხლის კიდევ თხუთმეტ წელს იმისათვის, რომ შემუსრო კერპთა სამსხვრპლოები, შენი წყლულის შესახებ კი (მეფეს წყლული ჰქონდა) ღმერთი ამბობს, რომ დაიდო ზედ ლეღვის ტყლაპი და გამოჯანმრელდები“. თუკი ღმერთი მას თხუთმეტწლიან სიცოცხლეს ჩუქნიდა, განა არ შეეძლო, მისი წყლულიც განეკურნა? რა თქმა უნდა, შეეძლო, მაგრამ ეს წყლული შეიძლებოდა, განკურნებულიყო ლეღვის ტყლაპით [2], ნუ ვთხოვთ უფალს იმას, რაც შეიძლება, ადამიანების მეშვეობითაც გაკეთდეს. დავმდაბლდეთ კაცთა წინაშე და მათ ვთხოვოთ შემწეობა.
ადამიანი რაღაც გარკვეულ ზღვრამდე ადამიანური ძალით უნდა მოქმედებდეს! შემდეგ კი ყველაფერი ღმერთს მიანდოს, დახმარების მცდელობა იქ, სადაც ეს ადამიანური ძალით შეუძლებელია, ეგოიზმია. ხშირად ვხედავ, რომ ასეთი სიჯიუტე ეშმაკის ზემოქმედებით ხდება იმისათვის, რომ ეს ადამიანი წყობიდან გამოიყვანოს, მე მეტად გაჭირვებით ვხვდები, თუ რა ზღვრამდე უნდა დავეხმარო ადამიანურად და რა მომენტიდან უნდა მიანდო ყველაფერი ღმერთს. ამიტომაც, როცა ვხედავ, რომ ადამიანურად დახმარება ამა თუ იმ მდგომარეობაში შეუძლებელია, ხელებს აღვაპყრობ, რამდენიმე სანთელს ვანთებ, სიძნელეს ღმერთს მივანდობ და ის მაშინვე გადაი ჭრება. ღმერთმა იცის, რომ ამას იმის გამო არ ვაკეთებ, რომ ადამიანურად მოქმედება მეზარება.
ამიტომაც, როცა დახმარებას გვთხოვენ, გონივრულად. უნდა მოვიქცეთ და დავეხმაროთ, რამდენადაც შეგვიძლია, იმაში კი, რაც თავად არ ძალგვიძს, შევეწიოთ თუნდაც ერთი მცირე ლოცვით ან – ყველაფრის უფლისადმი მინდობით, რაც აგრეთვე რაღაც საიდუმლო ლოცვას ნიშნავს.
ღმერთი ბუნებით კეთილია და იგი ყველაფერზე ზრუნავს ჩვენი სიკეთისათვის. თუ რამეს ვითხოვთ მისგან, იგი გვაძლევს, თუკი ის სასიკეთოდ გვემსახურება. ღმერთი ჩვენი სულის ცხონებისა და ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ყოველივე აუცილებელს უხვად გვანიჭებს და მისი კურთხევა გარდამოდის ჩვენზე. ხოლო თუკი ის რამეს არ გვაძლევს, ეს ან იმიტომ ხდება, რომ გამოგვცადოს, ან იმიტომ, რომ ბოროტისგან დაგვიფაროს ამიტომ არა მხოლოდ სიხარულით მივიღოთ იგი, არამედ, განვსაჯოთ ის, რომ მისგან სარგებელი მივიღოთ. მან იცის, როდის და როგორ დაეხმაროს თავის ქმნილებას, მისთვის საჭირო კონკრეტულ დროს. თუმცა ხშირად მის უძლურ ქმნილებას არ ყოფნის მოთმინება. მას სურს, თავისი სათხოვარი იმავე წუთს მიიღოს, პატარა ბავშვივით, რომელიც დედას სთხოვს ფუნთუშას და მის გამოცხობამდე მოცდა არ შეუძლია. ჩვენი საქმეა ვითხოვოთ და ვითმინოთ, ჩვენი კეთილი დედა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი კი მოგვცემს რასაც ვითხოვთ, როცა ის უკვე მზად იქნება.
– წმიდაო მამაო, რა შემთხვევაში გვეხმარებიან წმიდანები?
– ისინი გვეხმარებიან, როცა მართლაც არსებობს ამის საჭიროება. და არა მაშინ, როცა ჩვენ მხოლოდ გვგონია, რომ ამის აუცილებლობაა. ანუ ისინი გვეხმარებიან მაშინ, როცა ეს ჩვენვე გვარგებს. გასაგებია? მაგალითად, ბავშვი სთხოვს მამას მოპედს, მაგრამ მამა არ ყიდულობს. „მინდა მოპედი! – ღნავის ბავშვი, – ფეხით სიარულით ვიღლები, ვიტანჯები“. მაგრამ მამა არ ყიდულობს მისთვის მოპედს, ვინაიდან ეშინია, რომ შვილი დაემტვრევა. – „მე შენ მერე მანქანას გიყიდი“. – პირდება ვაჟს, ფული ბანკში შეაქვს, ხოლო, როცა საკმარისი დაგროვდება, მისთვის მანქანას ყიდულობს. ასევე წმიდანებიც: მათ იციან, როდის უნდა დაეხმარონ ადამიანს.
– წმიდაო მამაო, როგორ შევიგრძნობთ ღვთის წყალობას?
– ღვთის წყალობა – ეს საღვთო ნუგეშია, რომელსაც ჩვენ შინაგანად ვგრძნობთ. ღმერთი ასე იმიტომ აწყობს, რომ სიმშვიდე ვერ ვპოვოთ ადამიანურ ნუგეშში და საღვთო ნუგეშს მივმართოთ. ასე, მაგალითად, ავსტრალიელი ბერძნები, რომლებიც სრულებით მარტონი დარჩნენ, უფრო დაუახლოვდნენ ღმერთს, ვიდრე ისინი, ვინც სხვა ქვეყნებში გაემგზავრა, ვთქვათ, გერმანიაში, სადაც ბერძნები უფრო ახლოს არიან სამშობლოსთან და თანამემამულეთა შორის იმყოფებიან. ავსტრალიაში გამგზავრებულთ თავსდატეხილი სიძნელეები დაეხმარა, ღმერთს ჩაბღაუჭებოდნენ. ისინი ყველანი ერთი ჩემოდნით გაემგზავრნენ, სამშობლოდან შორს აღმოჩნდნენ, სამუშაო უნდა ეშოვნათ, ბავშვებისთვის მასწავლებლები აეყვანათ და სხვა მრავალი რამ. შველას არსაიდან ელოდნენ. ამიტომაც მიმართეს უფალს და შეინარჩუნეს რწმენა. ევროპაში კი ბერძნებს ასეთი სიძნელეები არ განუცდიათ, ამიტომაც ასე ძალიან არც ეყრდნობიან უფალს.
– წმიდაო მამაო, რატომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს შემწეობა, მან ხომ თავადაც იცის, ჩვენ რა გვიჭირს?
– იმიტომ, რომ არსებობს თავისუფლება. და გარდა ამისა, როცა გული გვტკივა მოყვასისათვის და დახმარებას ვთხოვთ უფალს, იგი მეტად მოლმობიერდება ჩვენდამი, რადგან ამ დროს ისე ჩაერევა, რომ ადამიანურ ნებას არ შეეწინააღმდეგება. უფალი განწყობილია ტანჯულ ადამიანთა დასახმარებლად. თუმცაღა იმისათვის, რომ იგი დაეხმაროს მათ, ვინმემ ამის შესახებ უნდა სთხოვოს. ვინაიდან თუკი ღმერთი ვინმეს მაშინ დაეხმარება, როცა ამას არავინ სთხოვს, ეშმაკი უკმაყოფილებას გამოთქვამს და იტყვის: – „რატომ ეხმარები მას და არღვევ ადამიანის თავისუფალ ნებას? იგი ცოდვილია და ესე იგი, მე მეკუთვნის“. აქედან ჩანს ღვთის დიდებული კეთილშობილებაც, რომელიც ეშმაკსაც კი არ აძლევს ნებას, უკმაყოფილება გამოთქვას. ამიტომაც იმისათვის, რომ ჩაერიოს, მას სურს, რომ ჩვენ თავად ვთხოვოთ ამის შესახებ, მას სურს, მაშინვე მოვიდეს დასახმარებლად, თუკი ეს ჩვენ სასიკეთოდ წაგვადგება. მას სურს, დაეხმაროს თავის ქმნილებებს – მათი გაჭირვების შესაბამისად. ყოველ ადამიანთან მიმართებაში იგი განსხვავებულად მოქმედებს – ისე, როგორც მეტად წაადგება თითოეულ მათგანს.
ამგვარად, იმისათვის რომ ღმერთი და წმიდანები ადამიანს დაეხმარონ, ეს მას თავად უნდა სურდეს და ითხოვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ დაგვეხმარებიან. – „გნებავს, რაითა განიკურნო?“ –ჰკითხა განრღვეულს ქრისტემ. თუ ადამიანს არ სურს, მაშინ ღმერთი მის სურვილს პატივს სცემს. და თუკი ვინმეს არ სურს სამოთხეში ყოფნა, ღმერთს იგი ძალით არ მიჰყავს იქ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადამიანი, რომელიც სულიერ უმეცრებაში იმყოფება, უსამართლოდ გაანაწყენეს, მაშინ მას აქვს საღვთო შემწეობის მიღების უფლება. სხვა შემთხვევებში ღმერთს არ სურს ჩარევა. ადამიანი ითხოვს შეწევნას? ღმერთი და წმიდანები მას აძლევენ ამას. თვალის დახამხამებასაც კი ძლივს მოასწრებ, რომ ისინი უკვე გეხმარებიან. ზოგჯერ კი ამასაც კი ვერ ასწრებ, იმდენად სწრაფად აღმოჩნდება ღმერთი შენს გვერდით. „ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ“. – ამბობს წმიდა წერილი. თუ ღმერთს დახმარებას არ ვთხოვთ, სრულ წარუმატებლობას განვიცდით. თუკი ვითხოვთ საღვთო დახმარებას, ქრისტე თოკით მიგვაბამს თავის მადლთან და გვაკავებს. ქარი ხან ერთი მხრიდან ქრის, ხან მეორედან უბერავს, მაგრამ ჩვენ მიბმულნი ვართ და ხიფათი არ გვემუქრება. მაგრამ, როცა ადამიანს არ ესმის, ვის უკავია იგი, იხსნის თოკს, განეშორება ქრისტეს, ყოველი მხრიდან არყევს მას ქარი და იგი იტანჯება. იცოდეთ, რომ ჩვენი მხოლოდ ვნებები და ცოდვებია. რა სიკეთეც არ უნდა გავაკეთოთ – ის ღმერთისგანაა, რა სისულელეებსაც ჩავიდენთ – ისინი ჩვენი საკუთარია. როგორც კი მცირედ მაინც დაგვტოვებს საღვთო მადლი, მაშინვე ჩვენ ყველას არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ფიზიკურ ცხოვრებაში, როგორც კი ღმერთი ჟანგბადს დაგვაკლებს, მაშინვე ვკვდებით. ასევე სულიერ ცხოვრებაშიც: როგორც კი მცირედ მაინც მოგვაკლებს იგი საღვთო მადლს, მაშინვე ყველანი დაღუპულები ვართ. ერთხელ ლოცვის დროს მე სიხარული შევიგრძენი. რამდენიმე საათი ფეხზე ვიდექი და სრულებით არ ვგრძნობდი დაღლას. მთელი ხნის მანძილზე, ვიდრე ვლოცულობდი, რაღაც ტკბილ განსვენებას ვგრძნობდი, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მაგრამ, აი, რაღაც გარკვეული დროის შემდეგ ადამიანური გულისთქმა გამიჩნდა: „მე ორი ნეკნი არა მაქვს და მალე ვცივდები. იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა არ დავკარგო და შევიგრძნო – რამდენ ხანსაც გაგრძელდება, უნდა წავიდე, ავიღო თბილი შალი და მასში გავეხვიო, სხვაგვარად შეიძლება, გავცივდე“. როგორც კი ეს აზრი მივიღე, მაშინვე იატაკზე დავეცი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიწექი, შემდეგ ადგომა შევძელი, წავედი სენაკში და დავწექი. აქამდე, ლოცვაში ჩაღრმავებული, რაღაც ჰაეროვნებას, სიმსუბუქეს, სიტყვით გამოუთქმელ სიხარულს ვგრძნობდი. მაგრამ როგორც კი ეს გულისთქმა მივიღე, მაშინვე იატაკზე დავეცი. ამპარტავანი აზრი რომ მომსვლოდა თავში, მაგალითად, მეფიქრა ასე: – „განა არის თუნდაც ორი-სამი კაცი ამ მდგომარეობაში, როგორშიც მე ვარ?“ – ძლიერად დავზიანდებოდი. ჩემი გულისთქმა ეშმაკისეული არ იყო. მე ვიფიქრე, როგორც ადამიანმა, როგორც კოჭლი ფიქრობს იმაზე, რომ თავისი ყავარჯნები აიღოს. ეს აზრი ბუნებრივი იყო, მაგრამ, ხედავ, მისგანაც კი რა დამემართა!
ბუნებრივი, რაც ადამიანს აქვს, ესაა – განწყობა, და ღმერთი ამ განწყობის შესაბამისად ეხმარება მას. იმიტომაც ვამბობ, რომ ყოველი სიკეთე, რაც გვაქვს, ღვთის ძღვენია. ჩვენი საქმე – არაფერია, და ჩვენი სათნოებები მხოლოდ ნულების მწკრივია. დაე, ვეცადოთ განუწყვეტლივ ვამატოთ ნულები ნულებს და ვთხოვოთ ქრისტეს, ამ ნულების სათავეში ერთიანი დაგვიწეროს. ასე გავმდიდრდებით. თუ ქრისტე არ დაგვიწერს ერთიანს სათავეში, ჩვენს შრომას ჩალის ფასი ექნება.
– წმიდაო მამაო, მოღვაწეობისას სიძნელეებს განვიცდი.
– შემწეობას ქრისტესგან ითხოვ თუ თავად იბრძვი? უთხარი კი ქრისტეს შენი სისუსტის შესახებ? თავს არ იმდაბლებ, ქრისტეს არ სთხოვ შემწეობას, შემდეგ კი ამბობ: – „მოღვაწეობისას სიძნლეებს ვაწყდები“. თუ თავს დაიმდაბლებ და ქრისტეს ცოტაოდენ დახმარებას სთხოვ, იგი გეხმარება. ხშირად მონდომება, რომელსაც ადამიანი იჩენს, ეგოისტურია, სწორედ ამიტომ არ ეხმარება მას ქრისტე. განაგდე შენი „მე“, არაფრად ჩააგდო იგი და შენში ღვთის მადლი დაივანებს. ჩვენ გვსურს სიწმიდის მიღწევა მაგიური საშუალებით უშრომლად, თუმცა ღმერთი არ ეხმარება ადამიანს, რომელსაც არასწორი სულიერი მდგომარეობა აქვს. თუკი სულ მცირედ მაინც ერევა ანგარება, ეს საღვთო შემწეობას აბრკოლებს.
– მაგრამ, თუკი მე გამოსწორება მსურს, განა ღმერთი არ დამეხმარება, რომ გავაცნობიერო ჩემი სისუსტე, რომელიც თავად ვერ დავინახე?
– იმისათვის, რომ ღმერთი დაგეხმაროს, ღვაწლისათვის უნდა იყო განწყობილი. „ღვაწლისადმი განწყობაში“ იმას ვგულისხმობთ, რომ ადამიანმა მცირე მონდომება მაინც მოახმაროს იმას, რომ დასძლიოს თავისი სისუსტე. როგორც კი სულ მცირეოდენ წმიდა მიდრეკილებას დაინახავს, უფალი უხვად ეხმარება ადამიანს, უხვად უგზავნის მას თავის მადლს. ადამიანი ღვთის კალაპოტში შედის.
– წმიდაო მამაო, უფალი რა ზღვრამდე შეგვეწევა სულიერ ბრძოლაში?
– მანამ, ვიდრე ჩვენ თავად ვეხმარებით მას ჩვენს შეწევნაში. როცა თქვენ რამეს სთხოვთ უფალს – ხანგრძლივი დროის განმავლობაში და არ გეხმარებათ, იცოდეთ, რომ ამის მიზეზი – თქვენი ამპარტავნებაა. თუ თქვენ გაქვთ ვნებები, მაგალითად, გემოთმოყვარება, ენის შეუკავებლობა, მრისხანება, შური და ა.შ. და ამასთან ერთად ჩვენში არის ამპარტავნებაც, ღმერთი არ გვეხმარება მისგან გათავისუფლებაში, ვინაიდან ჩვენ თავად ვუშლით ხელს საღვთო მადლს. და თუნდაც ჩვენში იყოს მხოლოდ წინაგანწყობილება ამპარტავნებისადმი, ჩვენ მაინც ვაბრკოლებთ ღმერთის დახმარებას, თუნდაც იმაზე მეტს ვმოღვაწეობდეთ და ვლოცულობდეთ, რამდენიც საჭიროა. შეუძლებელია, რომ ღმერთი არ დაგვეხმაროს, თუკი იმის საშიშროება არ არსებობს, რომ ადამიანი ამას საკუთარ თავს მიაწერს. როგორც კი გაქრება ამპარტავნებისადმი წინასწარ განწყობა და ადამიანი სულიერად გამოჯანმრთელდება, ღმერთი მაშინვე გაათავისუფლებს მას მტანჯველი ვნებისაგან და დააჯილდოვებს გეგმითი ღვაწლისათვის, რომელიც მან გასწია. ამიტომ იმისათვის, რომ მივიღოთ დახმარება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უფალს ჩვენი მდაბალი სიბრძნით. ვუთხრათ ასე: – „ღმერთო ჩემო, მე ასეთი უმაქნისი ადამიანი ვარ! გთხოვ, მაპატიე და შემეწიე“. მაშინ ღმერთი ეხმარება, ვინაიდან სულს, კეთილი და მდაბალი განწყობით თავს თუ მის ხელთ მიანდობს, აქვს უფლება საღვთო შემწეობისა.
უნდა გვწამდეს, რომ ქრისტე და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყოველთვის გვიფარავენ და გვეხმარებიან, ოღონდ კი მდაბალი სიბრძნე გვქონდეს. ჩვენი ღმერთი ყრუ არ არის, რომ ვერ გაიგონოს ჩვენი, და არც ბრმაა, რომ ვერ დაგვინახოს, ის არაა ისეთი, როგორიც – ბაალი [5].
– წმიდაო მამაო, მართალია, რომ ღმერთი ადამიანს ყველაზე მეტად სულიერი ბრძოლის დასაწყისში ეხმარება?
– დიახ, ღმერთი მეტისმეტად ეხმარება ადმიანს, როცა იგი პირველ ნაბიჯებს დგამს სულიერ ცხოვრებაში, მსგავსად იმისა, მშობლები რომ უფრო მეტად მაშინ უფრთხილდებიან ბავშვს, როცა ის პატარაა. როცა ბავშვები იზრდებიან, მშობლები მათზე უკვე ისე ძლიერად აღარ ზრუნავენ, ვინაიდან ბავშვები საკუთარი გონების გამოყენებას იწყებენ. სულიერი ბრძოლის დასაწყისში ადამიანი მკვეთრად გრძნობს ღვთის მადლს, მაგრამ შემდეგ ღმერთი ოდნავ განეშორება მას, რათა მან ღვაწლი გასწიოს და გამამაცდეს. მახსოვს, ჩემთან ბაღში რამდენიმე ბუჩქი პომიდორი დავრგე. თავიდან მათ ყოველდღე ვრწყავდი, შემდეგ მხოლოდ მაშინ ვრწყავდი, როცა ფოთლები გაყვითლებას იწყებდა. წყლის გარეშე პომიდვრებს უჭირდათ და ნესტის საპოვნელად იძულებულნი იყვნენ, ფესვები ღრმად ჩაეშვათ მიწაში, ნაყოფიც გამოიღეს. მე რომ ისინი განუწყვეტლივ მერწყა, მხოლოდ სიმაღლეში გაიზრდებოდნენ, ფესვები კი ზედაპირზე დარჩებოდათ.
– წმიდაო მამაო, თქვენ თქვით, რომ სულიერი ბრძოლის დასაწყისში ადამიანი გრძნობს ღვთის მადლს, შემდეგ კი მადლი ოდნავ შორდება მას.
– დიახ, ღმერთს უკან მიაქვს თავისი მადლი, რათა ადამიანი დამდაბლდეს და გააცნობიეროს მისი შეწევნა.
– განა ასეთი ცვალებადობა მტკივნეული არაა?
– არა, იმიტომ რომ ღმერთი სრულებით არ ტოვებს ადამიანს. როცა ადამიანი იწყებს სულიერ ღვაწლს, ღმერთი აძლევს მას, ვთქვათ... შოკოლადს. ასე, ნელ-ნელა, ადამიანი სწავლობს შრომას და შოკოლადის ჭამას. მაგრამ თუკი ღმერთი აღარ მისცემს ადამიანს ტკბილულს და ის შეწყვეტს შრომას და იწყებს ტირილს: – „ადრე შოკოლადს მივირთმევდი, ახლა კი – ერთიც არა მაქვს!.. ოჰ, რა უბედურება მეწვია!“ – ასეთი ადამიანი ვერ წარემატება. არადა, პირიქით, ადამიანს უნდა უხაროდეს ეს. არ უნდა გვინდოდეს ქრისტესგან იოლი დახმარება, არ უნდა ვთხოვდეთ შემწყნარებლობას, ვინაიდან მაშინ ჩვენ გამოუცდელნი და განუსწავლენნი დავრჩებით. ჯარშიც, ვინც კარგად სწავლობს, ცოცხლები რჩებიან. თუ ადამიანი დაუსრულებლად ღებულობს შეწევნას, საბოლოო ჯამში იგი უმწეო რჩება. ის, რომ ქრისტე გამუდმებით არ გვეხმარება, მე ლმობიერებას აღმიძრავს. თავს ისე ვგრძნობ, როგორც მოსწავლე მომთხოვნი პედაგოგების წინაშე. სულიერი გამოცდების ჩაბარება ძნელია: მოითხოვება, რომ მუდმივად დავუკვირდეთ საკუთარ თავს და ძალისხმევა მოვიხმოთ, მაგრამ ამგვარად ადამიანი სულიერად წარემატება. განა ღმერთისთვის ძნელია მუდმივად ეხმარებოდეს ყოველ ადამიანს? რა თქმა უნდა, ძნელი არაა, ოღონდ ასეთი დახმარება ადამიანს ვერ დაეხმარება. თუკი მშობლები დაუსრულელად კვებავენ განებივრებულ ბავშვს შოკოლადით, თავად ბავშვს უკვე სურს, რომ სულ კვებავდნენ და კვებავდნენ, მაგრამ ასეთი ადამიანი ზარმაცი, მოურჯულებელი, საცოდავი გაიზრდება. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც – თუკი ვინმე გამუდმებით ღებულობს ღვთის დახმარებას და თავად არ შრომობს, იგი ვერასდროს მიაღწევს სულიერ სიმწიფეს. ამიტომაც ღმერთი, როდესაც ადამიანს სულიერი ცხოვრების დასაწყისში ეხმარება, შემდეგ ნელ-ნელა გვერდით დგება, რათა იგი მიხვდეს, რომ თავადაც უნდა აკეთოს ის, რაც მის ძალას არ აღემატება. აი, როცა ბავშვი სიარულს სწავლობს, მშობლები გამუდმებით ხელით არ ატარებენ, საშუალებას აძლევენ, რომ თავადაც სცადოს დამოუკიდებლად გავლა. ხოლო, როგორც კი დაცემას დააპირებს, მაშინვე ხელს სტაცებენ! შემდეგ ბავშვი ხვდება, რომ მისი საკუთარი ძალები საკმარისია მხოლოდ იმისთვის, რომ გაიაროს, როცა რაიმეს ეყრდნობა. ხოლო თუკი ბავშვი მხოლოდ მაშინ დადის, როცა ხელით უჭირავთ, როცა ტოვებენ, არაფერს ეჭიდება, რათა დამოუკიდებელი სიარული ისწავლოს და ნელ-ნელა ძალა მოიკრიბოს, არამედ იატაკზე ჯდება, მაშინ იგი ვერასდროს ისწავლის სიარულს, ვინაიდან მან არ გააკეთა ის, რაც შეეძლო.
– ადამიანი გრძნობს, რომ თავიდან მას ჰქონდა საღვთო შემწეობა, შემდეგ კი მოაკლდა იგი?
– თუ ადამიანი საკუთარ თავს არ აკვირდება, ის ვერც ვერაფერს იგრძნობს.
– წმიდაო მამაო, მრავალი ადამიანი შეშფოთებულია: – „რით დამთავრდება ესა თუ ის სიძნელე, განსაცდელები, რაც სამყაროში ხდება?“
– მისმინე, რას გეტყვი: ახლა ღმერთს, რომც სურდეს ჩვენი დატოვება, ამას ვერ იზამს.
– რა გაქვთ მხედველობაში, წმიდაო მამაო?
– აი, რა: შვილისთვის სიცოცხლის მიმნიჭებელი მშობლები, რაც უფრო მეტად ზრუნავენ მის გაზრდაზე, მით მეტად უყვართ და სტკივათ მის გამო. ასევეა ღმერთიდც: მან მოგვანიჭა სიცოცხლე, იზრუნა, გაგვზარდა, იგი, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაიღალა, როცა ჩვენთვის ყოველივე ამას აკეთებდა და ახლა, რომც მოინდომოს ჩვენი მიტოვება, არ შეუძლია, რადგან მას სტკივა ჩვენს გამო. ოღონდაც თავად ჩვენ მცირეოდენი ღვთისმოსაობა მაინც გვქონდეს. თუ მცირეოდენი ღვთისმოსაობა გვაქვს, სამოთხის გარეთ არ დავრჩებით.
– თქვენ თქვით, წმიდაო მამაო, რომ სახიერი ღმერთი არ მიგვატოვებს.
– დიახ, ღმერთი არასდროს მიგვატოვებს, მას ჩვენ ვტოვებთ. თუ ადამიანი სულიერად არ ცხოვრობს, მას არ აქვს საღვთო შემწეობის უფლება. მას მაშინ აქვს ეს უფლება, თუ სულიერად იცხოვრებს და უფლის სიახოვეს იქნება. და მაშინ რამე თუ მოუვა და მოკვდება, ასეთი ადამიანი მზად იქნება სხვა ცხოვრებისათვის, ასე რომ იგი მოგებული დარჩება აქაც და იმ ცხოვრებაშიც.
ღვთის შემწეობას ვერავინ დააბრკოლებს ვერც ადამიანები, ვერც ეშმაკები. არც ღმერთისათვის და არც წმიდა ადამიანისათვის ძნელი არაფერია. დაბრკოლება მხოლოდ ჩვენი ადამიანური მცირედმორწმუნეობაა. ჩვენი მცირედმორწმუნეობით დიდებული საღვთო ძალების მოახლოებას ვუშლით ხელს. ჩვენს გვერდით ესოდენ დიდი ძალაა, მაგრამ ჩვენში მაღალ დონეზეა ადამიანური საწყისი და არ შეგვიძლია მივაღწიოთ საღვთო საწყისს, რომელიც მთელი სამყაროს ადამიანურ ძალებს აღემატება, ვინაიდან საღვთო ძალები ყოვლისშემძლეა.
ჩვენ ხშირად საათობით უსარგებლოდ ვზივართ, ვცდილობთ, თავად ვიპოვოთ გამოსავალი რაიმე სიტუაციიდან და ამ დროს საკუთარ გამოუცდელობას ვიყენებთ თავი გვიბრუის და თვალები გვიჭრელდება, ვერ ვიძინებთ, ვინაიდან ჩვენში ეშმაკი მოკალათდა და თავის აზრებს გვახვევს. ბოლოს და ბოლოს, ვპოულობთ გამოსავალს, მაგრამ შემდეგ ღმერთი პოულობს ჩვენთვის სხვა გამოსავალს, უკეთესს, იმას, რომელზეც ჩვენ ვერც კი ვიფიქრებდით, ხელში მხოლოდ ატკივებული თავი და უძილო ღამეები შეგვრჩება. თუ ჩვენს წინაშე ღმერთი არაა, ვიღლებით და თავი გვტიკვდება, რაც არ უნდა სწორი იყოს ჩვენი აზრები. ღვთისადმი მინდობილი ლოცვა აღადგენს ადამიანის ძალებს. ამოტომაც, მოდით, რწმენით მივანდოთ უფალს ის, რაც ადამიანურად აღსასრულებლად ძნელია. ნუ დავეყდრნობით ჩვენს საკუთარ ადამიანურ მონდომებას, ის კი გააკეთებს იმას, რაც ყველაზე სასარგებლოა.
ყოველთვის, რის გაკეთებასაც არ უნდა აპირებდეთ, თქვით – „თუ ღვთისთვის სათნო იქნება“, რათა ის არ დაგემართოთ, რაც ერთ თავდაჯერებულ ადამიანს დაემართა. მას ვენახში სამუშაოდ წასვლა სურდა და უთხრა თავის ცოლს: – „ხვალ დილით ადრე ვენახში წავალ“. – „თუ ღვთისთვის სათნო იქნება, წახვალ“, – უთხრა ცოლმა. – „ესათნოვება თუ არა უფალს, – უპასუხა ქმარმა, – მე მაიც წავალ“. დილით, ჯერ კიდევ ბინდი იყო, სახლიდან გამოვიდა, მაგრამ გზაში ისეთი წვიმა წამოვიდა, იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო. მან კარზე დააკაკუნა, – „ვინ არის?“ – ჰკითხა ცოლმა. – „თუ ღვთის ნება იქნება, – უპასუხა მან, – მაშინ ეს მე ვარ, შენი ქმარი“.
– წმიდაო მამაო, რა მოუვათ იმათ, ვისაც აქვთ სიკეთე, მაგრამ არ აქვთ რწმენა?
– შენ გგონია, მათ რწმენა არა აქვთ? კარგი, დავუშვათ, რომ ეს ასეა. მაგრამ განა, როცა ისინი პატარები იყვნენ, დედა არ აზიარებდა მათ? და თუნდაც არ ეზიარებინა, განა მონათლულნი, მირონნაცხებნი არ იქნებიან? განა მართლმადიდებელი და მონათლული მშობლების შვილები არ არიან? აი, დაინახავ, როგორ დაეხმარება ღმერთი ასეთ კეთილ ადამიანებს: განსაცდელით ან ავადმყოფობით, უბედურებით ან მიწისძვრით, ჭექა-ქუხილით, მეხით, წყალდიდობით, ერთი სიტყვით, რითიც გნებავთ – იმით. ბოლოს და ბოლოს, იგი მათ სამოთხეში მიიყვანს. ხშირად ასეთ ადამიანს შეიძლება, წმიდანი ან ანგელოზიც კი გამოეცხადოს, მიუხედავად იმისა, რომ ესოდენ დიდებულ კურთხევას იგი არ იმსახურებს. ქრისტეს, თუ მანამდე სხვა საშუალებებს გამოიყენებს, შეუძლია ამის გაკეთება. მაგრამ ხშირად ასეთ ადამიანებს ამგვარი რამ ემართებათ: ეშმაკი აღაშფოთებს, ატყუებს მათ, მრავალი მათგანი ცდუნდება კიდეც, ვინაიდან ეშმაკი ეუბნება: – „აი, ხედავ, ღმერთმა რა დიდებული სასწაული გიჩვენა, ვინაიდან შენ შეგიძლია, გადაარჩინო სამყარო!“ და ეს უბედური იმის მაგიერ, რომ გული შეიმუსროს, იმის მაგიერ, რომ თქვას: – „ღმერთო ჩემო, როგორ გმადლობდე! მე ღირსი არ ვიყავი ასეთი დიდებული წყალობისა“, იწყნარებს ფიქრს, რომლებიც ეშმაკს მოაქვს მისთის და ამპარტავანი ხდება. შემდეგ მასთან ისევ მიდის ეშმაკი და იწყებს „ტელეგადაცემას“: უჩვენებს ანგელოზებს, წმიდანებს და ეუბნება: – „შენ გადაარჩენ მსოფლიოს“. თუკი ასეთი ადამიანი გონს მოვა, მას ღმერთი ისევ დაეხმარება.
ნებისმიერ შემთხვევაში ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ყველას გვაქვს მემკვიდრეობა, რომელიც ღმერთისგან მოგვეცა. ამიტომაც ყველა ადამიანში არის სიკეთე. თუმცაღა ეშმაკი ყველაფერს წამლავს. ზოგიერთებმა ახლაც, ეკლესიისგან დაშორებისასაც კი შეინარჩუნეს ეს მემკვიდრეობა, ეს სიკეთე. მათ ღმერთი დეხმარებათ. ამიტომაც, თუკი ნახავთ ადამიანს, რომელიც ცოდვილმა ცხოვრებამ ჩაითრია, მაგრამ თანაგრძნობით არის აღსავსე: მაგალითად, თუ ხედავს ავადმყოფს და გულით თანაუგრძნობს, ხედავს ღატაკს და ეხმარება მას, მაშ იცოდეთ, რომ ღმერთი არ მიატოებს ამ ადამიანს, შეეწევა. მას. მაგრამ თუ თქვენ ხედავთ, რომ ის, ვინც ღმერთს დაშორდა, სასტიკია და არა – გულმოწყალე, თანაც სხვა ვნებებიც აქვს, თქვენ დღედაღამ შეუსვენებლად უნდა ილოცოთ იმისათვის, რომ ღმერთმა მის გულში „დესანტი“ გადმოსხას და ეს ადამიანი მოექცეს.
ღვთის სამსჯავრო – უძიროა. მე ერთი რამ ვიცი: ადამიანები, რომლებიც ერულად ცხოვრობენ, ისინი, ვისაც არ მიეცა კეთილი შესაძლებლობა ღვთის შეცნობისა, ის, ვინც ბოროტისგან არის მიტაცებული, ის, ვისაც ამისკენ უბიძგეს, ყველა ეს ადამიანი, თუ ამავე დროს კეთილი განწყობა აქვს, ღმერთს მოალმობიერებენ და იგი ეხმარება მათ. ის აამოქმედებს სხვადასხვა საშუალებებს, რათა ამ ადამიანებმა იპოვონ თავიანთი გზა. ის მათ არ დატოვებს. იგი ისე მოაწყობს, რომ სიკვდილის ჟამსაც კი კეთილ მდგომარეობაში იქნებიან.
1. იხ. შესქ. 6, 13 და შემდეგ.
2. ეს. 38, 4 და შემდეგ.
3. 1. მთ. 7, 7.
4. ინ. 5, 6.
5. იხ. 3 მეფ. 18, 26.