– წმიდაო მამაო, ძველ აღთქმაში მაკაბელთა მეოთხე წიგნში ნათქვამია: „ვნებებს იგი (გონება) არ სპობს, არამედმხოლოდ გასაქანს არ აძლევს მათ“ [2]. რას ნიშნავს ეს?
– შეხედე: ვნებები ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენში. მაგრამ კეთილი, ღვთისმოსაური ზრახვა გვეხმარება, რომ არ დავემონოთ მათ. როდესაც ადამიანი გამუდმებით ამუშავებს კეთილ ზრახვებს, თავის ამ კეთილ მდგომარეობაში მტკიცდება და სიმყარეს იძენს. მასში ვნებები აღარ მოქმედებენ და თითქოს აღარც არსებობენ ისინი. ანუ, კეთილი ზრახვები ვერ აღმოფხვრიან ვნებებს, მაგრამ ებრძვიან და მის განრიდებას ახერხებენ. მაკაბელთა წიგნში აღწერილია წამება, რომლის დათმენაც შვიდმა წმიდა ყრმამ შეძლო. მათ დედას – წმიდა სოლომონიდასა და მათ მასწავლებელს – წმიდა ელიაზარს ღვთისმოსაური ზრახვები ჰქონდათ [3].
ერთი კეთილი ზრახვა თავისი ძალით მრავალსაათიან ღამისთევის ლოცვას უთანაბრდება! მას უდიდესი ძალა აქვს. დღეისათვის არსებობს ისეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც ლაზერული სხივებით ასაფრენ მოედანზევე ანადგურებენ მტრის რაკეტას და აფრენის საშუალებას არ აძლევენ. ასეა კეთილი ზრახვებიც: ისინი წინასწარ გრძნობენ ბოროტი ზრახვების აფრენის საშიშროებას – ეშმაკის „აეროდრომიდან“, რომელზედაც მათი „ბაზებია განლაგებული“ და მათ ჰაერში ასვლის საშუალებას არ აძლევენ. ამიტომ, რამდენადაც შეძლებთ, შეეცადეთ, ეშმაკს თქვენში ბოროტი ზრახვების დანერგვის დრო არ მისცეთ. შეეცადეთ, თვითონვე განსაზღვროთ და კეთილი ზრახვები ჩაინერგოთ, რათა გული საყვავილედ გექცეთ და თქვენს ლოცვას თქვენივე გულის კეთილსურნელება სდევდეს თან.
თუ ადამიანი რაიმესთან დაკავშირებით თუნდაც „მცირეოდენ მემარცხენე“, ანუ ბოროტ ზრახვებს ფლობს, რა ღვაწლსაც უნდა აღასრულებდეს იგი, იქნება ეს მარხვა, მღვიძარება თუ რაიმე სხვა, ყველაფერი ამაოდ ჩაუვლის.
რას უშველის მას ასკეზი, თუ ბოროტ ზრახვებს კი არ ებრძვის, არამედ – იწყნარებს?! რატომ არ სურს მას, რომ ჯერ ცხიმის ბინძური ნალექისაგან გაწმიდოს ჭურჭელი, რასაც მხოლოდ საპნით თუ შეძლებს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაასხას მასში სუფთა ზეთი?! რატომ ურევს სუფთას ბინძურში და ამით სუფთასაც აბინძურებს?!
ერთი სუფთა, კეთილი ზრახვა უმეტეს ძალას ფლობს, ვიდრე – ნებისმიერი ასკეტიკური ღვაწლი. მაგალითად, ყმაწვილის წინაშე ეშმაკი უწმიდურ ბოროტ ზრახვებს აღძრავს. მათგან თავის დასახსნელად ყმაწვილი ღამისთევის ლოცვას აღასრულებს, მარხულობს, სამი დღის განმავლობაში საჭმლისა და წყლისგან თავს იკავებს. მაგრამ ერთი სწორად ამუშავებული კეთილი ზრახვა მეტ ძალას ფლობს, ვიდრე – მთელი ეს მღვიძარება და მარხვა და მას გაცილებით ქმედითად ეხმარება.
– როდესაც „წმინდა ზრახვებზე“ საუბრობთ, ამ სიტყვაში მხოლოდ ასკეტიკურ აზრს დებთ, თუ უფრო ვრცელი მნიშვნელობით ხმარობთ მას?
– ვრცელსაც. როდესაც ყველაფერს კეთილი ზრახვით უცქერს, ადამიანი განიწმიდება და ღვთის მადლს იღებს. ხოლო „ბოროტი“, მემარცხენე ზრახვებით კაცი განიკითხავს და უსამართლოდ აწყენინებს ხოლმე სხვებს, ღვთის მადლის მოვლინებას აბრკოლებს, რის შემდეგაც მოდის ეშმაკი და ტანჯავს მას.
– წმიდაო მამაო, ანუ – სხვათა განკითხვით ადამიანი ეშმაკს ნებას აძლევს, რომ ტანჯოს იგი?
– დიახ, ყველაფრის საფუძველი კეთილ ზრახვაშია. სწორედ ის აღამაღლებს ადამიანს და უკეთესობისაკენ ცვლის მას. იმ დონემდე მისვლაა საჭირო, საიდანაც ყველაფერი სუფთად ჩანს. ეს სწორედ ისაა, რის შესახებაც თქვა ქრისტემ: „ნუ სჯით თუალღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ“ [4]. მერე კი ადამიანი ისეთ მდგომარეობაში შედის, როდესაც ყველაფერს ადამიანური თვალით, მაგრამ სულიერი ხედვით ხედავს. იგი, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ყველაფერის გამართლებას პოულობს.
ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეშმაკის მზაკვრული დეპეშები არ მივიღოთ. მათი მიღებით ჩვენ ვბილწავთ საკუთარ თავს, რომელიც არის „ტაძარი... სულისა წმიდისა“ [5]. ღვთის მადლი განგვეშორება და შედეგად – სულიერად ვბრმავდებით. ხოლო, როდესაც თქვენს სულს სუფთასა და უზაკველს ხედავს, სულიწმიდა მოდის დასახლდება მასში. სულიწმიდას ხომ უმწიკვლო სიწმიდე უყვარს, სწორედ ამიტომ მოივლინა იგი მტრედის სახით [6].
– წმიდაო მამაო, როდესაც რაიმე პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი, ძალიან ვღელავ და ძილი მიკრთება.
– შენი უმთავრესი პრობლემა ბევრი ზრახვის ქონაა. ამდენი ზრახვა რომ არ გქონდეს, მორჩილებაზეც და სულიერ ცხოვრებაშიც მეტი წარმატებით იშრომებდი. მაგრამ მე გასწავლი ერთ საშუალებას, რომლითაც ზრახვებს გაექცევი. აი, მომისმინე: მაგალითად, თავში გაგიჩნდა ზრახვა რაღაც საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ხვალისათვის გაქვს გასაკეთებლი, უთხარი საკუთარ ზრახვას ასე: „ეს დღეის საქმე არ არის, მასზე ხვალ ვიფიქრებ“. მაგრამ, თუ გადაწყვეტილება გაქვს მისაღები, თავს ნუ დაიტანჯავ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრით და ნურც გამუდმებით სამომავლოდ გადასდებ მას, აირჩიე რომელიმე, გადადგი გადამწყვეტი ნაბიჯი, ხოლო შედეგზე ზრუნვა ღმერთს მიანდე. შეეცადე, სკურპულოზურ, უზომო მცდელობას ერიდო, რომ თავის მტვრევა არ მოგიხდეს. ღვთისმოსაობით [7] აკეთე ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია. ამასთან, უბრალოდ და ღვთისადმი ნდობით იმოქმედე. თუკი ჩვენს მომავალსა და სასოებას ღმერთს მივანდობთ, გარკვეულწილად ვაიძულებთ მას, რომ დაგვეხმაროს. მრავალი ზრახვისაგან ნორმალური ადამიანიც კი შესაძლოა, სრულიად დაუძლურდეს. თუ ავადმყოფი და ტანჯული დაკარგავს მოსვენებას, მისი გამართლება შეიძლება. მაგრამ თუკი ვინმე ჯანმრთელთაგანი იტანჯება „მემარცხენე“ ზრახვებისაგან, მას მაშინათვე დამამშვიდებელი ხალათი უნდა გადააცვა! განა გონივრული საქმეა, რომ შესანიშნავი ჯანმრთელობა გქონდეს და ამავე დროს საკუთარი ზრახვები გტანჯავდნენ?! ჩვენი ეპოქის უსაშინლესი ავადმყოფობა ერის ადამიანების ქაოსური ზრახვებია. მათთან, რასაც მოინდომებ, ყველაფერს იპოვი, გარდა – კეთილი ზრახვებისა. სწორედ იმიტომ იტანჯებიან, რომ მოვლენებთან სულიერი მიდგომა არ შეუძლიათ. მაგალითად, ადამიანი სადღაც მიდის მანქანით: გზაში ძრავა ახმაურდება და იგი დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას მცირედ აყოვნებს. კეთილი ზრახვა რომ ქონდეს, დაგვიანებული იტყოდა: „ჩანს სახიერმა ღმერთმა შემთხვევით არ დამაყოვნა. ვინ იცის, იქნებ ეს დაყოვნება რომ არა, ავარია შემმთხვეოდა. ღმერთო, მადლობა როგორ გადაგიხადო იმისათვის, რომ საფრთხისაგან მიხსენი“?! და ეს ადამიანი ღმერთს ადიდებს. ხოლო იგი, ვისაც კეთილი ზრახვები არ აქვს, მომხდარს სულიერად ვერ მიუდგება და ღმერთის დადანაშაულებასა და გმობას დაიწყებს: „ეს რა უიღბლობაა, ადრე მისვლის მაგიერ დავაგვიანე! კველაფერი უკუღმაა! აბა, ღმერთს სამართალი აქვს?!“
როდესაც ყოველივეს – თავსგადახდენილს ადამიანი კეთილიზრახვით შეხედავს, იგი შეწევნას იღებს. ხოლო, თუ „მემარცხენედ“ მუშაობს, იტანჯება, ძალებისაგან იფიტება, წონასწორობას კარგავს. მახსოვს, მრავალი წლის წინ როგორ ჩამოვედით წმიდა მთიდან ურანოპოლისში და კიდევ უფრო შორს – სალონიკში წასვლას ვაპირებდით. მოგვცეს სატვირთო, რომელიც უკვე ათასი ხარახურით იყო სავსე: აქ იყო ჩემოდნები, ფორთოხლები, თევზი, ცარიელი და ჭუჭყიანი კალათები, ამავე ძარაზე ამოვიდა ხალხი: ათონიადის [9] მოსწავლეები, ბერები, ერისკაცები. ვინც შეძლო, ფიცრებზე ჩამოსხდნენ, დანარჩენები კი ფეხზე იდგნენ. ერთი მოღუშული ერისკაცი ჩემს ახლოს სკამზე მოთავსდა, სივიწროვემ ძალიან შეაწუხა და უკმაყოფილება ხმამაღლა გამოთქვა: „ეს რა უმსგავსობაა“! მოშორებით კი იდგა ბერი, რომელიც ერთიანად მყრალ, თევზით სავსე კალათებში იყო ჩაფლული, საბრალოს იქიდან მხოლოდ თავი მოუჩანდა. სატვირთო მანქნა დანგრეულ გზას დაადგა, ოღროჩოღრო შარაზე ინჯღრეოდა და რახრახებდა. ერთმანეთზე შედგმული კალათები ბერს თავზე დააცვივდა, ის მოგერიებას ცდილობდა, ხელებს იქნევდადა თავიდან ირიდებდა, რომ არ გასტეხოდა. ჩემი მოღუშული მეზობელი კი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ცოტა ვიწროდ იჯდა. მე შევუძახე: „რას ყვირი, ნახე ერთი, შენი მეზობელი რა დღეშია! მანდ როგორ ხარ, მამაო“? „ჯოჯოხეთში უარესია, წმიდაო მამაო“, – ღიმილით მომიგო მან. ერთი იჯდა და მიუხედავდ ამისა – იტანჯებოდა, მეორე კი ხარობდა, მიუხედავად იმისა, რომ თავზე თევზის კალათების გროვები ეყარა. გზა კი შორი იყო – დაახლოებით ორი საათის სავალი. ერისკაცმა წარმოიდგინა, რამდენად კომფორტულად იმგზავრებდა ავტობუსით და მზად იყო, ყველაფერი გაეცამტვერებინა. ბერი კი ხარობდა, როდესაც წარმოიდგენდა, თუ რამდენად მძიმეა ჯოჯოხეთის სატნჯველი: „ორ საათში ადგილზე მივალთ და ამ გროვიდან თავს დავიხსნი, ხოლო საბრალო ცოდვილები ჯოჯოხეთში საუკუნოდ იტანჯებიან. ჯოჯოხეთის სატანჯველთან ხომ ეს კალათები და ხალხის ზედახორა ახლოსაც ვერ მოვა. დიდება შენდა ღმერთო! აქ ისე ცუდი არ არის, როგორც – იქ“.
– წმიდაო მამაო, რა არის მიზეზი იმისა, რომ მაგალითად, ორ მორჩილს მოძღვრისადმი სხვადასხვა ზომის ნდობა აქვს?
– მიზეზი ზრახვებშია. შესაძლოა, ნებისმიერ ვინმეზე ან რამეზე გქონდეს ავი ზრახვები. თუ ადამიანს კეთილი ზრახვები არ აქვს და ყოველი მოქმედებიდან პირად „მეს“ არ გამორიცხავს, ანუ – თუ თვითნებურად მოქმედებს, მას წმიდანიც ვერაფერს არგებს. მოძღვრად წმიდა მამა ან წმიდა დედა რომ ჰყავდეს, თავად ანტონი დიდი რომ იყოს მისი მოძღვარი, ანდა – ქვეყანაზე არსებული ყველა წმიდანი – ერთად, მას ვერავინ დაეხმარება. მიუხედავად დიდი სურვილისა, მას თვით ღმერთიც კი ვერ უშველის. თუ ადამიანს საკუთარი თავი უყვარს, ანუ თვითმაამებლობითაა შეპყრობილი, ის ყველაფერს პირადი „მეს“ გემოვნებისა და ჩვეულების მიხედვით განმარტავს. თანდათანობით ამგვარი უგუნური განმარტებები ადამიანისათვის „ბუნებრივი“ ხდება. და როგორც არ უნდა მოექცე, ასეთი ადამიანები მაინც ცდებიან.
ზოგიერთი კი, საკმარისია, მისდამი მცირედი ყურადღება გამოავლინო, ან კეთილი სიტყვა უთხრა, ფრთაშესხმულივით ფრენს. მაგრამ, თუ ყურადღებას არ მიაქცევ, განაწყენდება და უკიდურესობაში ვარდება. ეს უკიდურესობა მტრისაგან არის. მაგალითად, ასეთი ადამიანები შეამჩნევენ სრულიად უმნიშვნელო რამეს, ამაზე ააგებენ ყოვლად უსაფუძვლო ეჭვებს, რომელზედაც საკუთარ განწყობას აფუძნებენ. მერე კი თანდათან რწმუნდებიან, რომ ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც ისინი ვარაუდობდნენ. მაგალითად, როდესაც ვინმეს ფიქრში წასულს ნახავენ, ისინი ფიქრობენ, რომ ეს ადამიანი მათზეა ნაწყენი; ამდროს შესაძლოა, მას თავისი საფიქრალი აქვს. რამდენიმე დღისწინ ერთი ადამიანი მესტუმრა და თავისი ნაცნობის შესახებ მკითხა: „რატომაა, რომ ადრე ყოველთვის მესაუბრებოდა, ახლა კი – აღარ? იქნებ შენიშვნა რომ მივეცი, იმიტომ“? მე ვუპასუხე: „იცი, შეიძლება, შემოგხედა და უბრალოდ – ვერ გიცნო, ან იქნებ ახლობელი ავად გაუხდა და იმაზე ფიქრიშია, თუ სად იპოვოს ექიმი, ან იქნებ საზღვარგარეთ წასვლას აპირებს და ფიქრობს, სად იშოვოს ფული, რამდენი მიზეზი შეიძლება, იყოს?!“ მართლაც აღმოჩნდა, რომ ის ადამიანი, ვისზედაც ვსაუბრობდით, ძალიან შეწუხებული იყო ახლობლის ავადმყოფობით. მის ნაცნობს კი სურდა, რომ აუცილებლად შეჩერებულიყო მასთან სასაუბროდ, შედეგად კი – მრავალი ზრახვით იტანჯავდა თავს.
– წმიდაო მამაო, რომელია სუსტი ზრახვებისათვის დამახასიათებელი განმასხვავებელი ნიშნები?
– რა გაქვს მხედველობაში? სუსტი ზრახვის არსებობა პირველად გავიგე.
– თქვენ ამბობდით რომ, როდესაც ადამიანი „მემარცხენე“ ზრახვას მიიღებს და ვინმესგან რამე ეწყინება, იგი...
– და ასეთ ზრახვას მე „სუსტი“ ვუწოდე?
– მახსოვს, როგორ სურდა ერთ ადამიანს თქვენთან მორჩილად დარჩენა, თქვენ კი მას მიუგეთ: „ვერ აგიყვან, იმიტომ, რომ სუსტი ზრახვა გაქვს“.
– არა, მე მას ასე ვუთხარი: „მორჩილად არ აგიყვან, იმიტომ,რომ შენ სულიერად საღი არ ხარ“. აი, სწორედ ეს ვუთხარი. „სულიერად საღი რაღას ნიშნავს“? მკითხა მან. მე კი ავუხსენი: „შენ კეთილი ზრახვები არ გაქვს. როგორც ადამიანს, მე შესაძლოა, უამრავი ნაკლი მქონდეს, ხოლო, როგორც ძველ და გამოცდილ ბერს იქნებ, ზოგიერთი სათნოებაც გამაჩნდეს, მაგრამ, თუ შენ კეთილი ზრახვები არ გაქვს, ჩემი ნაკლიც გავნებს და – სათნოებებიც“. შეიძლება, პატარა ბავშვზე თქვა, რომ ვიდრე მოიზრდებოდეს, მას სუსტი ზრახვები აქვს, მაგრამ ზრდასრულ ადამიანზე ამას ვერ იტყვი.
– წმიდაო მამაო, განა ყველა მოზრდილი ადამიანი ზრდადასრულებულია?
– ზოგიერთს ზრდადაუსრულებელი თავი აქვს. აქ საუბარი იმათზე კი არ არის, ვისაც უბრალოდ ტვინი არ გადმოსდის. თუკი ადამიანი უბრალოებით არ იქცევა, მისი ზრახვები ბოროტებისაკენ ისწრაფის და ამიტომ ყველაფერს უკუღმა განმარტავს. ასეთი ადამიანი სულიერ სისაღეს მოკლებულია და სიკეთეც ვერ შველის. თვით სიკეთეც კი მას ტანჯვას აყენებს.
– წმიდაო მამაო, როდესაც მონასტერში რაიმე უწესობა, უწესრიგობა ხდება, აზრი აქვს დამნაშავის ძებნას?
– პირველ რიგში ჯობს, ის გამოიკვლიო, თვითონ შენ ხომ არ ხარ დამნაშავე. ეს ყველაზე კარგი იქნება.
– მაგრამ, წმიდაო მამაო, თუ სხვები თვითონ მაძლევენ მიზეზს, რომ დამნაშავედ ისინი ჩავთვალო?
– შენ თვითონ რამდენჯერ მიგიცია მათთვის ასეთი მიზეზი? როდესაც კარგად გაიაზრებ, მიხვდები, რომ მომხდარისადმი ასეთი დამოკიდებულება შეცდომაა.
– ხოლო, თუკი იფიქრებ: „როგორც ჩანს, მთელი ეს უწესრიგობა ამა და ამ დის გამო მოხდა“. ეს იმას ნიშნავს, რომ „მემარცხენე“ ზრახვებს იღებ?
– დარწმუნებული ხარ, რომ და ნამდვილად დამნაშავეა?
– არა, მაგრამ ასეთი რამ მას ადრეც გაუკეთებია.
– თუ დარწმუნებული არ ხარ, ჩანს ეს „მემარცხენე“ ზრახვაა. გარდა ამისა, ეს და ნამდვილად დამნაშავე რომც იყოს, ვინ იცის, როგორ და რატომ მოიქცა იგი სწორედ ამგვარად?!
– წმიდაო მამაო, მაგრამ, თუკი მე ვხედავ, რომ ესა თუ ის და გარკვეული სახის ვნებით არის შეპყრობილი?
– შენ რა, იღუმენია ხარ?! ეს იღუმენია აგებს თქვენზე პასუხს და ამიტომ მოვალეა, თქვენს ვნებებს ადევნოს თვალყური. თქვენ კი რატომ აკვირდებით და იკვლევთ ერთმანეთის ვნებებს?! თქვენ საკუთარ თავზე მუშაობა ჯერაც ვერ ისწავლეთ; ხოლო, თუ გინდათ სწავლა, ნუღარ ეძიებთ, რას აკეთებენ სხვები და ყველაფერი, რასაც მათში დაინახავთ, კეთილი ზრახვების შესაბამისად მიიღეთ. კეთილი ზრახვა საკუთარ თავში სიყვარულს შეიცავს. ის განაიარაღებს ადამიანს და შენდამი კეთილად განაწყობს. გახსოვთ ის მონაზვნები, რომელთაც ყაჩაღი წმიდა მამად მიიჩნიეს? როდესაც ბოლოს და ბოლოს ის ყველაფერში გამოტყდა, მათ ჩათვალეს, რომ იგი ქრისტესთვის სულელი იყო და თავს ყაჩაღად ასაღებდა! და ამის შემდეგ მისდამი პატივისცემა გააორმაგეს. საბოლოოდ კი მონაზვნებმა ეს ყაჩაღიც გადაარჩინეს და მისი თანამზრახველებიც.
– წმიდაო მამაო, მაშინ – თუ და მატყუებს?
– მაგრამ, თუ იგი შენი მიზეზით გახდა იძულებული, რომ ტყუილი ეთქვა?! ან იქნებ რაღაც დაავიწყდა და მისი ნათქვამი სულაც არ არის ტყუილი. მაგალითად, მესტუმრე ეკითხება მზარეულს, ცოტა სალათი ხომ არ გაქვსო, ის უარობს, მესტუმრემ კი დანამდვილებით იცის, რომ აქვს. თუკი მესტუმრეს კეთილი ზრახვები არ აქვს, იტყვის: „აი, ჩერჩეტი“! ხოლო, თუ მას აქვს კეთილი ზრახვები, ასე იფიქრებს: „საწყალი, ამდენი საქმისაგან გადაიღალა და დაავიწყდა, რომ სალათი დარჩა“. ან იქნებ, ამგვარად გაამართლოს და: „შესაძლოა, გადაწყვიტა, სალათი რაიმე უფრო მნიშვნელოვანი შემთხვევისთვის შეინახოს“. შენ კი ასე იმიტომ ფიქრობ, რომ სულიერ სისაღეს ხარ მოკლებული. ასე რომ არ იყოს, არაწმინდასაც კი წმინდად მიიჩნევდი. ერთნაირად შეხედავდი ხეების ნაყოფსაც და ნაკელსაც, რადგანაც ნაკელმა ხეების ნაყოფიერებას შეუწყო ხელი.
კეთილი ზრახვების მქონე სულიერად ჯანმრთელია და ბოროტებასაც სიკეთედ აღიქვამს. მახსოვს, ოკუპაციის დროს ძლიერი ორგანიზმის მქონე ბავშვებს ორივე ლოყა მჭადით ჰქონდათ გამოტენილი და ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ, ხოლო მდიდარი ოჯახების ბავშვები ხორბლის პურს ჭამდნენ, ნაღების კარაქს ატანდნენ და მაინც ავადმყოფობდნენ, იმიტომ, რომ სუსტი ორგანიზმი ჰქონდათ. სულიერ ცხოვრებაშიც სწორედ ასეთი ვითარებაა. მაგალითად, ავიღოთ კეთილი ზრახვების მქონე ადამიანი. მას ვინმემ უსამართლოდაც რომ გაარტყას, იტყვის: „ღმერთმა ჩემი ძველი ცოდვების აღსახოცად დაუშვა, დიდება ღმერთს“! ხოლო, თუკი ადამიანს კეთილი ზრახვა არ აქვს, მისი მოფერებაც რომ მოინდომო, იფიქრებს, რომ ხელი დასარტყმელად ასწიე. დააკვირდით მთვრალებს: ბოროტი ადამიანი სიმთვრალეში ყველაფერს ამტვრევს. ხოლო, თუ მთვრალს კეთილი გულიაქვს, ტირის და ყველას ყველაფერს შეუნდობს. ერთი ასეთი გულკეთილი რომ დათვრა, აბურტყუნდა: „შენ მე მეგობრულად არ მიყურებ... კარგი... მე კი შენ ოქროში ჩაგსვამ“!..
როდესაც ვინმე მეტყოდა, რომ ეკლესიაში სრულიად შეუფერებელი ადამიანების დანახვა აბრკოლებს, ვპასუხობდი: „ბუზს თუ ჰკითხავ, აქ ახლომახლო ყვავილები ხომ არ გეგულებაო, იგი პასუხებს, რომ ყვავილებისა არაფერი იცის, მაგრამ აი, თხრილი კი კონსერვის ქილებით, ნაკელითა და ათასგვარი სიბინძურით არის სავსეო. და ბუზი თანამიმდევრულად ჩამოგითვლის ყველა სანარცხეს, სადაც კი ოდესმე ყოფილა. მაგრამ, თუ ფუტკარს ჰკითხავ, ამ მიდამოებში რაიმე უწმინდურება თუ შეგხგედრიაო, ის მოგიგებს: „უწმინდურება?! არა, არ მინახავს, აქიმდენი კეთილსურნელოვანი ყვავილია“! და ფუტკარი დაიწყებს სხვადასხვაგვარი ყვავილების ჩამოთვლას – ბაღისა და ველისას. ხედავ, როგორაა?! ბუზმა მხოლოდ სანარცხეები იცის, ხოლო ფუტკარმა ის, რომ აქვე ახლოს შროშანი ჰყვავის, იქით კი – ოდნავ მოშორებით – გეოცინდები.
როგორც მივხვდი, ზოგი ფუტკარს ჰგავს და ზოგიც – ბუზს. ვინც ბუზის მსგავსია, ყველა სიტუაციაში ცუდს ეძებს და ამით არის დაკავებული. ის სიკეთეს ვერაფერში ხედავს. ხოლო ის, ვინც ფუტკარს ჰგავს, ყველაფერს კეთილად უცქერს. ნაკლულოვანი ადამიანი ნაკლულოვანად ფიქრობს და ზრახავს, ყველაფერთან მიმართებაში სიფრთხილეს იჩენს, ყველაფერს უკუღმა ხედავს; მაშინ, როდესაც კეთილი ზრახვების მქონემ რაც არ უნდა დაინახოს, რაც არ უნდა უთხრან მას, კეთილ ზრახვებს აამოქმედებს. ერთხელ ჩემთან მეორეკლასელი გიმნაზიელი ბიჭუნა მოვიდა [11], მან ჭიშკარზე რკინის ურდულით დამიკაკუნა. თუმცა წასაკითხი წერილების მთელი ტომარა მედგა, გადავ ვწყვიტე, გავსულიყავი და მეკითხა, რა უნდოდა. „აბა, ყმაწვილო, მიბრძანე, რა გნებავს“? – ვეკითხები. ის კი ამბობს: „ეს მამა პაისის სენაკია? მამა პაისი მინდოდა“. „სენაკი კი მისია, მაგრამ თვითონ მამა პაისი არ არის, სიგარეტის საყიდლად წავიდა“. ვპასუხობ მე. „ალბათ სიგარეტისთვის იმიტომ წავიდა, რომ ვინმემ სთხოვა“. კეთილი ზრახვიდან გამომდინარე დაასკვნა ბიჭმა. „თავისთვის უნდა იყიდოს, სიგარეტი გაუთავდა და ცეცხლმოკიდებულივით გავარდა მაღაზიაში, აქ მარტო დამტოვა და ისიც კი არ ვიცი, როდის დაბრუნდება. თუ ვნახავ, რომ აგვიანდება, მეც წავალ“, – ვეუბნები ბიჭს. მის თვალებში კი ცრემლი აკიაფდა და კვლავ კეთილი ზრახვიდან გამომდინარე წარმოსთქვა: „როგორ ვღლით წმიდა მამას“! „შენ რა გინდოდა მასთან“? ვეკითხები. „კურთხევა მინდა ავიღო“. მიპასუხა. „რა კურთხევა, შე სულელო, ის ხომ ხიბლშია, ასეთ გზააბნეულ კაცუნას ჯერ არსად შევხვედრივარ, ასე რომ, ამაოდ ელი. რომ დაბრუნდება, ძალიან უხასიათოდ იქნება, თანაც მთვრალი გამოგვეცხადება. ყველაფერთან ერთად შეიძლება, კარგადაც წაგითაქოს“. რა არ ვუთხარი ამ ყმაწვილს, მაგრამ მისი კეთილი ზრახვა არ შეიცვალა. ბოლოს ვუთხარი „კარგი, მე კიდევ ცოტა ხანს დაველოდები მამა პაისის, მითხარი, რა გინდა და გადავცემ“. „მე მისთვის წერილი მაქვს გადასაცემი, მაგრამ დავუცდი, რომ კურთხევა ავიღო“, – მომიგო მან.
ხედავთ?! რაც არ უნდა მეთქვა, ყველაფერს კეთილი ზრახვით იღებდა. მე ვეუბნები: „ეს პაისი ცეცხლმოკიდებულივით გავარდა სიგარეტისთვის“. მას კი ამის გაგონებაზე თვალზე ცრემლი მოადგა და ოხვრა დაიწყო, იფიქრა: „ვინ იცის, რისთვის წავიდა, ალბად კეთილი საქმის გასაკეთებლად“. სხვები ამდენ წიგნებს კითხულობენ და კეთილი ზრახვები მაინც არ აქვთ. გიმნაზიის მეორე კლასის მოსწავლე კი ესოდენ კეთილი ზრახვებითაა სავსე. შენ უნგრევ მას წარმოდგენას, ის კი ხელახლა უკეთესს აგებს და მასზე დაყრდნობით საუკეთესო დასკვნამდე მიდის. ამ ბავშვმა აღტაცება მომგვარა. ასეთი ვინმე პირველად ვნახე.
– წმიდაო მამაო, ხვდება თუ არა წმიდა ადამიანი, ვინ არის ცბიერი და ვინ – არა?
– დიახ, მას შეუძლია, შეიცნოს როგორც ცბიერი ადამიანი, ასევე – წმინდა. ის ხედავს ვინმეს მიერ აღსრულებულ ბოროტებას, მაგრამ ამავდროულად ხედავს ბოროტების მოქმედს და მის „შინაგან კაცსაც.“ ის ხედავს, რომ ეს ბოროტება მაცდურისაგან მოდის, რომ ის ადამიანში გარედან შევიდა. მას სულიერი თვალით დანახული საკუთარი ცოდვები დიდად ეჩვენება, ხოლო სხვათა ცოდვები – მცირედ. თანაც თავს კი არ იტყუებს, არამედ სხვათა ცოდვებს ნამდვილად უმნიშვნელოდ მიიჩნევს! მას შეუძლია, გაიგოს, რომ ვიღაცის მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულია, მაგრამ, ამ სიტყვის კარგი გაგებით – ბოროტი ადამიანის მზაკვრობის გამართლებას ყოველთვის ახერხებს. მას არ სძულს ასეთი ადამიანები და საკუთარ თავზე უარესად არ მიაჩნია ისინი, და შესაძლოა, უკეთესებადაც კი მიიჩნევდეს მათ. უამრავი მიზეზის გამო, სრულიად შეგნებულად იგი ითმენს მათ მიერ აღსრულებულ ბოროტებას. მაგალითად: როდესაც ავაზაკის ბოროტებას ხედავს, იგი თვლის, რომ ამ ავაზაკს არავინ დაეხმარა და ბოროტმოქმედებამდე ამიტომ დაეცა. ამასთან, მას ესმის, რომ შესაძლოა, თვითონ აღმოჩენილიყო ამ უბედურის ადგილას, თუკი ღმერთი არ შეეწეოდა. ბოროტებასთან მსგავსი მიდგომით ასეთი ადამიანი დიდ მადლს იღებს. ცბიერ კაცს კი საწინააღმდეგო რამ ემართება. როდესაც მართლის სიწმინდეს ხედავს, მან არ იცის მისი კეთილი ზრახვების შესახებ, – ისევე სროგორც არაფერი უწყის მათ შესახებ ეშმაკმა.
ის, ვინც სულიერ ღვაწლს აღასრულებს, სხვებს ყოველთვის ამართლებს, საკუთარ თავს კი – არასოდეს. და რაც უფრო წარემატება სულიერად, მით მეტ თავისუფლებას მოიპოვებს, მეტად უყვარს ღმერთი და ადამიანები. მაშინ მას არ შეუძლია, გაიგოს, რას ნიშნავს ბოროტება, მისი აზრები გამუდმებით სუფთაა და ყველაფერს წმინდად და სულიერად უცქერს. მოყვასის დაცემაშიც კი ასეთი ადამიანი სარგებელს პოულობს. ამას საკუთარი თავისათვის საიმედო მუხრუჭად იყენებს, რათა ყურადღებაარ მოადუნოს და არ დაიმსხვრეს. და პირიქით:
ადმიანი, რომელსაც ბოროტი აზრებისაგან არ განუწმენდია თავი, ირგვლივ ყოველივეს მზაკვრულად უცქერს. თავისი მზაკვრობით ის ლაფში სვრის ყოველივე კარგსა და კეთილს. სხვათა სათნოებებიც კი ვერაფერს არგებენ მას, რადგანაც კაცისმკვლელის (ეშმაკის) შავი წყვდიადით დაბნელებული, იგი სათნოებებსაც „მზაკვრული განმარტებითი ლექსიკონით“ განმარტავს. იგი გამუდმებით შფოთავს და თავისი სულიერი სიბნელით ახლობლებსაც აღაშფოთებს. თუ ასეთ ადამიანს გათავისუფლება სურს, მან უნდა გაიგოს, რომ აუცილებელია განწმენდა სულისა, რათა სულიერი ნათელი, გონებისა და გულის სიწმინდე შევიდეს მასში.
– წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ერთი და იგივე ადამიანი ხან მზაკვარია და ხან – კეთილი?
– ასეთ შემთხვევაში იგი შესატყვის გავლენებსა და ცვალებადობას განიცდის. ადამიანი ადვილად იცვლება, მზაკვრული აზრები შესაძლოა, ეშმაკისაგან მოდიოდეს; თუმცა, ისიც ხდება, რომ თვით ადამიანი განიზრახავს მზაკვრობას. ანუ – ხშირად მტერი განსაზღვრულ სიტუაციებს ქმნის, რომ ადამიანებში ბოროტი აზრები გამოიწვიოს. ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი არქიმანდრიტი მოვიდა, მაგრამ მისი მიღება ვეღარ მოვასწარი; როდესაც მეორედ მოვიდა, მძიმედ ვიყავი ავად და კვლავ ვერ შევძელი დავლაპარაკებოდი და კიდევ ერთხელ მოსვლა მეთხოვა. მაშინ ამ არქიმანდრიტმა გადაწყვიტა, რომ მისი ნახვა არ მსურდა, მის მიმართ უარყოფითად ვიყავი განწყობილი. ის მივიდა იმ მონასტერში, რომელსაც ჩემი სენაკი ექვემდებარებოდა და მიჩივლა. ყოველივე ეს მტრის მზაკვრობით მოხდა.
– წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ორი ადამიანი ერთსა და იმავე მოვლენას სრულიად განსხვავებულად უცქერს?
– და განა ყველა თვალი ერთნაირად მკაფიოდ ხედავს?!იმისათვის, რომ ყოველივე მკაფიოდ და სუფთად დაინახო, ძალიან ჯანმრთელი სულიერი თვალი უნდა გქონდეს. თუ სულიერი თვალი ჯანმრთელია, ადამიანი შინაგან სისუფთავეს ფლობს.
– და, რატომ ხდება, წმიდაო მამაო, რომ ერთსა და იმავე მოვლენას ერთი ადამიანი წყალობად თვლის, მეორე კი – უბედურებად?
– ყოველი ადამიანი ამათუიმ მოვლენას თავისი პირადისრახვების მიხედვით განმარტავს. ნებისმიერ მოვლენასა თუ გამოვლინებას შესაძლოა, შევხედოთ როგორც ცუდი, ასევე –კარგი მხრიდან. ოდესღაც ასეთი რამ შევიტყვე: ერთი მონასტრის გარშემო მშენებლობა წამოიწყეს, ნელ-ნელა ირგვლივ უამრავი ნაგებობა წამოიმართა და თანდათანობით მონასტერი საერო შენობებით გარშემორტყმული აღმოჩნდა. მწუხრის მსახურება აქ შუაღამისას აღესრულებოდა – ცისკართან ერთად. ღვთისმსახურებაზე ერის ადამიანებიც დადიოდნენ შემოგარენიდან. ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთ დამწყებ ბერს მსახურებაზე წასვლისას სენაკის კარის დაკეტვა დაავიწყდა და მასში ვიღაც ქალი შევიდა. როდესაც ბერმა ამის შესახებ შეიტყო, საშინლად აღელდა: „ეს რა უბედურებაა, სენაკი შებილწულია, ყველაფერი დამთავრდა, დავიღუპე“ ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ მან სპირტის ფლაკონს დაავლო ხელი, იატაკზე წამოაქცია და ცეცხლი წაუკიდა. „იატაკის დეზინფექცია! ცოტაცდა მთელი მონასტერი დაიწვებოდა. სენაკის იატაკი კი დაწვა მან, მაგრამ ვერ დაწვა საკუთარი ზრახვები. არადა, სწორედ მათი დაწვა მართებდა, იმიტომ, რომ ბოროტება ზრახვებში იმალებოდა. კეთილი ზრახვები რომ აემუშავებინა, ბერი საკუთარ თავს ეტყოდა, რომ ქალი მის სენაკში ღვთისმოსაური განზრახვით შევიდა, კურთხევის, მონაზვნური მადლის მისაღებად. ამით ეს ბერი სულიერად შეიცვლებოდა და განადიდებდა ღმერთს.
ადამიანის სულიერი მდგომარეობა მისი ზრახვების ხარისხის მიხედვით იცნობა. ადამიანები საგნებსა და მოვლენებზე იმისდა მიხედვით მსჯელობენ, რაც თვითონ აქვთ თავში. როდესაც სულიერება არ გააჩნიათ, მცდარი დასკვნები გამოაქვთ და სხვების მიმართ უსამართლონი არიან. მაგალითად, ვისაც სურს,რომ მის მიერ გაღებული მოწყალება საიდუმლოდ დარჩეს და ამიტომ ღამით აღასრულებს ამ ღვაწლს, იგი ღამით ქუჩაში გამვლელ ხალხზე ცუდად არასოდეს იფიქრებს. ხოლო ის, ვინც ღამეებს ცოდვის ქმნაში ატარებს, თუ ღამე დაგვიანებულ გამვლელს შენიშნავს, იტყვის: „ოჰ, ეს პირუტყვი, სად დაეხეტებოდა მთელი ღამე?“ იმიტომ, რომ საკუთარი გამოცდილების მიხედვით მსჯელობს. ანდა მაგალითად, თუ კეთილი ზრახვების მქონე ადამიანი ზემო სართულიდან კაკუნს გაიგონებს, გაეხარდება: მეტანიებს აღასრულებენო, ხოლო იგი, ვისაც ბოროტი ზრახვები აქვს, ბოროტად ჩაიბურტყუნებს: „მთელი ღამე გამათენებინეს!“ ერთნი გალობის ხმაზე სიხარულით აივსებიან, მეორენი კი განაწყენდებიან: – ეს რა სიმღერებს გაჰკივიანო.
გახსოვთ, როგორი დამოკიდებულებები გამოხატა ქრისტეს მიმართ ორმა მასთან ერთად ჯვარცმულმა ავაზაკმა?! ორივემ იხილა ჯვარზე მიმსჭვალული ქრისტე, ორივე გრძნობდა, როგორ შეიძრა მიწა, ორივე ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებოდა! და ამ დროს რას იზრახავდა ერთი და რას – მეორე?! პირველი, რომელიც მის მარცხნივ ეკიდა, გმობდა ქრისტეს და ამბობდა: „შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩუენცა [12]“. მეორე – მარჯვნივ ჯვარცმული – ამგვარად აღიარებდა: „ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების, ხოლო ამან არარაი უჯერო ქმნა“ [13]. პირველი მარადიულ სატანჯველში წავიდა, მეორე კი – ცხონდა.
[1] - წმიდა მამათა ასკეტიკურ ლექსიკონში ეს სიტყვა „ზრახვა“ შეიძლება, აღნიშნავდეს როგორც უბრალოდ აზრს, რომელიც გონებაში აღმოცენდება, ასევე სულიერ მოძრაობას, რომელიც სიკეთის ან ბოროტებისაკენ არის მიმართული. ასევე „ზრახვა“ შეიძლება, აღნიშნავდეს კეთილ ან ბოროტ გატაცებას, რომელიც გონების, სინდისის, გრძნობისა და ნების მიერ არის მოპოვებული. ნებისმიერ საქმეს ზრახვა უსწრებს, ამიტომ იმისათვის, რომ სულიერი ბრძოლა სწორად წარიმართოს, ის პირველ რიგში ზრახვების გადამოწმებისაკენ უნდა იყოს მიმართული. იმისაკენ, რომ კეთილი და ბოროტი ზრახვები ერთმანეთისაგან განირჩეს. ყველა ქრისტიანი უნდა აღასრულებდეს ამ ღვაწლს ,მაგრამ განსაკუთრებულად მასში მონაზვნობა უნდა ჩაღრმავდეს.
[2] - 4 მაკაბ. 1, 6.
[3] - 2 მაკაბ. 6, 7.
[4] - იოან. 7, 24.
[5] - შეად. 1 კორ. 6, 19; და: 3. 16.
[6] - იხილე მათ. 3,16; მარკ. 1, 10; ლუკ. 3,22; და იოან. 1, 32.
[7] - ღვთისმოსაობა – ამ სიტყვას მამა პაისი არაერთგზის იყენებს, როდესაც სულიერ ცხოვრებაში ღვთისმოსაობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. თუმცა ბერძნული სიტყვა, რომელიც ვთარგმნეთ, როგორც „ღვთისმოსაობა“, რამდენადაც მის ზუსტ, ქართულ შესატყვისს ვერ მივაგენით, რუსულად ნათარგმნია,როგორც „Любочестие“, ბერძნული სიტყვა გულისხმობს დიდსულოვნებას, მსხვერპლის გაღების უნარს, სულიერი იდეალებისათვის და ზნეობრიობისათვის მატერიალურის გაწირვას.
[8] - ურანოპოლისი – წმიდა მთის უახლოესი საერო დასახლება. პატარა დაბა ათონის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთის სანაპიროზე.
[9] - ათონიადა – (ათონის საეკლესიაო აკადემია) ათონის წმიდა მთაზე განთავსებული დახურული სასწავლო დაწესებულება ბიჭებისათვის. დაარსდა 1753 წელს. საშუალო სკოლის საგნებთან ერთად ათონიადის აღსაზრდელები სწავლობენ ღვთისმეტყველებას და საეკლესიო გამოყენებით დისციპლინებს (წმიდა წერილს, წმიდათა ცხოვრებებს, ლიტურგიკას, ძველბერძნულენას, საეკლესიო გალობას, ხატწერას).
[10] - როგორც ძველი მონაზონთა ჩანაწერები მოგვითხრობენ, ერთხელ ცნობილი ყაჩაღთა ბანდის მეთაურმა კარგად გამაგრებული დედათა მონასტრის გაძარცვა მოინდომა. ამ მიზნით მან ქალურად გადაიცვა, მონასტრის ჭიშკართან მივიდა და ღამის გასათევი ითხოვა. იღუმენიამ და დებმა ის დიდი პატივით მიიღეს, როგორც უდიდესი მოღვაწე. მონასტრის ყველა მოწმე შეიკრიბა, რომ მისგან კურთხევა აეღო. წყალი, რომლითაც „ამბამ“ ფეხები დაიბანა, მონაზვნებმა „სიწმიდედ“ დაინაწილეს. ერთი სნეული და სარწმუნოებით განიბანა ამ წყალში და განიკურნა. ყველას გასაკვირად ის თავად წამოდგა სარეცელიდანდა თავად ეახლა „ამბას“ კურთხევის ასაღებად. აღსრულებულმა სასწაულმა შინაგანად შეცვალა ბანდის მეთაური. მან შეინანა და მონაზვნის სამოსში დამალული მახვილი გამოაჩინა. მალე ისიც და მისი ბანდის წევრებიც ბერები გახდნენ და მკაცრი მოღვაწეობრივი ცხოვრება დაიწყეს.
[11] - დაახლოებით 11-12 წლის ბავშვები.
[12] - ლუკ. 23, 39.
[13] - ლუკ. 23, 41.