მამა პაისი მთაწმინდელი

გმობის ზრახვების შესახებ

როგორი ზრახვები ითვლება გმობად

– წმიდაო მამაო, ვერ ვხვდები, როდის უნდა ჩავთვალო ჩემი აზრები გმობად.

– როდესაც გონებაში წარმოგვიდგება ბილწი სურათები ქრისტესთან, ღვთისმშობელთან, წმიდანებთან, საღვთო და წმიდა საგნებთან, თვით ჩვენს სულიერ მოძღვართან დაკავშირებით და სხვა – ამის მსგავსი, ესაა გმობის ზრახვები. ასეთი ზრახვების თქმაც კი არ შეიძლება ვინმესთან.

– არც მოძღვართან?

– მოძღვართან საკმარისია თუ იტყვი: „გმობის ზრახვები მაქვს ქრისტეს, ღვთისმშობლის, წმიდანების, ჩემი სულიერი მოძღვრის მიმართ“. არცერთი ეს გმობა და ცოდვა ჩვენი არ არის, არამედ ეშმაკისაგან მოდის. ამიტომ სულაც არ არის საჭირო, რომ ეშმაკის ცოდვების გამოც ჩვენ ვწუხდეთ, როდესაც დამწყები ბერი ვიყავი, ეშმაკი რაღაც დროის განმავლობაში მინერგავდა გმობის აზრებს – ეკლესიაშიც კი. ეს მეტისმეტად მაშფოთებდა: ბოროტი გმობის სიტყვებს ჩამაგონებდა წმიდანების მიმართ, იყენებდა ყველა იმ ბილწსიტყვაობას და გინებას, რასაც სხვებისგან ჯარში ყოფნისას ვისმენდი. „ეს ზრახვები ეშმაკისაგანაა – მარიგებდა ჩემი მოძღვარი – რადგან ადამიანს ასე აღელვებს გმობის აზრები, რომელიც წმიდანებთან დაკავშირებით მოსდის გონებაში, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს აზრებიმას კი არ ეკუთვნის, არამედ გარედანაა შემოსული“. მაგრამ მაინც ძალიან ვღელავდი; როცა გმობის აზრები შემომესეოდა, მივდიოდი წმ. იოანე ნათლისმცემლის სამლოცველოში, დავეცემოდი მისი ხატის წინაშე, რომელიც კეთილსურნელებას გამოსცემდა. როდესაც კვლავ ჩნდებოდა მსგავსი აზრები, მე ისევ წინამორბედის ეკვდერში ვისწრაფოდი და ხატისაგან კვლავ კეთილსურნელება გამოდიოდა. ერთხელ საღვთო ლიტურგიის აღსრულებისას, ეკვდერში ვლოცულობდი, როდესაც მგალობლებმა „წმიდაო ღმერთო“ წამოიწყეს, ჩემი ადგილიდან მეც ჩუმი ხმით ავყევი მათ. უეცრად დავინახე, მთავარი ტაძრის კარიდან როგორ ცდილობდა ეკვდერში შემოვარდნას უზარმაზარი, საშინელი ძაღლისთავიანი მხეცი. ურჩხულმა შემომხედა და როდესაც ნახა, რომ „წმიდაო ღმერთოს“ ვგალობდი, ორჯერ ბოროტად დამემუქრა თათით. მე მგალობელ ბერებს შევხედე, ვიფიქრე, რომ შესაძლოა, იმათაც დაინახეს მხეცი, არა! არავის არაფერი შეუმჩნევია... შემდეგ მომხდარის შესახებ მოძღვარს ვუამბე, „მაშ ნახე, ვინ ყოფილა ეს? – მომიგო მან – ეს სწორედ ისაა, ახლა დამშვიდდი?“

– წმიდაო მამაო, ადამიანი ყოველთვის ხვდება, რომ მისი აზრი გმობაა?

– იგი ხვდება ამას, თუკი ღვთის მიერ მიცემული თავით მუშაობს. მაგალითად, ზოგიერთები ასეთ კითხვას მისვამენ: „წმიდაო მამაო, როგორ შეიძლება, ჯოჯოხეთის სატანჯველი არსებობდეს, ჩვენ მაშინაც კი ვწუხვართ, როდესაც ადამიანს ციხეში ვხედავთ, რაღა ითქმის მათზე, ვინც ჯოჯოხეთში იტანჯება?“ მაგრამ ასეთი მსჯელობა ღვთის გმობაა. ეს ადამიანები საკუთარ თავს ღმერთზე მართლად წარმოაჩენენ. ღმერთმა იცის, რასაც აკეთებს. გახსოვთ ის შემთხვევა, წმ. გრიგოლ დიოლოღოსი [1] რომ მოგვითხრობს? ერთხელ ეპისკოპოსმა ფორტუნატემ ეშმაკეული ქალისაგან არაწმიდა სული განდევნა, განდევნილმა ეშმაკმა გლახაკის სახე მიიღო, ქალაქში დაბრუნდა და ეპისკოპოსს მხილება დაუწყო: „ამ შეუბრალებელმა განმაგდო მე!“ – ყვიროდა იგი. ერთმა ადამიანმა, რომელსაც ეს ყვირილი მოესმა, შეიბრალა „საბრალო!“ – „რა უსამართლობა იყო შენი გაგდება! როგორ იკადრა ამის ჩადენა! აბა, წამოდი და ჩემს სახლში მიგიღებ“. – ეშმაკი შევიდა მის სახლში და მალე მოითხოვა: – „კერას შეშა დაუმატე, თორემ გავიყინები“. მასპინძელმა ცეცხლზე მსხვილი მორები დაამატა, როდესაც კარგად გახურდა, ეშმაკი სახლის პატრონის შვილში შევიდა. შეტევის დროს ეშმაკეული ცეცხლში ჩავარდა და დაიწვა. მაშინ მასპინძელი მიხვდა, ვინ განდევნა ეპისკოპოსმა და ვინ ისტუმრა თვითონ საკუთარ სახლში. ეპისკოპოსმა ფოპტუნატემ იცოდა, რას აკეთებდა, როდესაც ეშმაკეულისაგან არაწმიდა სულს აძევებდა.

 

საიდან მოდის გმობის აზრები?

– წმიდაო მამაო, შეგიძლიათ, გვიამბოთ რაიმე კეთილ გულგრილობაზე?

– კეთილი გულგრილობის მოპოვება აუცილებელია ადამიანისათვის, რომელსაც ეშმაკი სხვადასხვაგვარი ზრახვებით სტანჯავს. ასეთი ადამიანისათვის უკეთესია, თუ ცოტა უგრძნობი გახდება – ამ სიტყვის კარგი გაგებით და თუ ათასნაირი ზრახვების ტყვეობაში არ მოექცევა. გარდა ამისა, კეთილი გულგრილობა აუცილებელია ადამიანისათვის, რომელიც ეშმაკმა, მისი მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, რაღაც კონკრეტული საქმის ან მოვლენის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარე გახადა, თუნდაც ამ ადამიანს ზოგადად, გადაჭარბებული მგრძნობიარობა არც ახასიათებდეს. ასეთ ადამიანსაც გამოადგება, თუ გარკვეული დროით კეთილ გულგრილობას გამოიჩენს. თუმცა ეს მოძღვრის მეთვალყურეობით უნდა ხდებოდეს. ადამიანმა თავისი ზრახვები მოძღვარს უნდა გაუმხილოს და მისი ხელმძღვანელობით მოქმედებდეს.

– წმიდაო მამაო, რატომაა, რომ როდესაც მწუხარება მიპყრობს, გმობის აზრები გამოჩნდებიან ხოლმე?

– შეხედე, რა ხდება: როდესაც დამწუხრებულს გხედავს, ეშმაკი ამით სარგებლობს და შემოგაპარებს ერულ კარამელს – გმობის აზრებს. თუ პირველსავე შემთხვევაში დაეცემი (ანუ ამ ზრახვა-კარამელს მიიღებ), მეორედ უფრო ძლიერად აგაღელვებს და ძალა აღარ გექნება, რომ მას წინ აღუდგე. ამიტომ არასოდეს იყო მწუხარე, კარგს იზამ, თუ ამის სანაცვლიდ რაიმე სულიერს გააკეთებ. სულიერი საქმიანობა ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმარება.

– წმიდაო მამაო, ძალიან მტანჯავს ზოგიერთი აზრი.

– ისინი ეშმაკისაგან არიან მშვიდად იყავი და ნუ მოუსმენ მათ. შენ მგრძნობიარე, ფაქიზი ადამიანი ხარ, ეშმაკი შენი მგრძნოიიარობით სარგებლობს და გინერგავს ჩვევას, რომ ზოგიერთ მოსაზრებას ზედმეტი ყურადღება მიაქციო. ის მათზე მიაჯაჭვავს შენს გონებას და ტყუილუბრალოდ იტანჯები. მაგალითად, მან შესაძლოა, გმობის აზრები ჩაგინერგოს დედა იღუმენიას ან სულაც ჩემს მიმართ. ყურს ნუ დაუგდებ ამ აზრებს. თუ გმობის აზრებს თუნდაც მცირეოდენ ყურადღებას მიაქცევ, მათ შეუძლიათ, დაგტანჯონ, სრულიად დაგანგრიონ. შენთვის ცოტაოდენი კეთილი გულგრილობაა საჭირო.

გმობის ზრახვებით ეშმაკი ხშირად ღვთისმოსავ და ძალიან მგრძნობიარე ადამიანებს ტანჯავს. ის ძალიან აზვიადებს მათ დაცემას მათსავე თვალში, რათა მწუხარებაში ჩააგდოს. ეშმაკი ესწრაფის, სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს ისინი, რომ თვითმკვლელობით დაასრულონ სიცოცხლე; მაგრამ, თუ ეს არ გამოუვა, მაშინ ცდილობს, უკიდურეს შემთხვევაში, ჭკუიდან შეშალოს და მწყობრიდან გამოიყვანოს ისინი. თუ ამასაც ვერ მოახერხებს, ისიც სიამოვნებას ანიჭებს, რომ მწუხარებასა და მოწყინებაში ჩააგდებს მათ.

ერთხელ შევხვდი ადამიანს, რომელიც გამუდმებით იფურთხებოდა, მის შესახებ მითხრეს, ეშმაკისგან არის შეპყრობილიო. – „ასე არ არის, – მივუგე მე, – ეშმაკეულები ასე არ იქცევიან“. და მართლაც, როგორც დანამდვილებით შევიტყვე, ამ საბრალოს ისეთი არაფერი დაეშავებინა, რომ შეპყრობილი გამხდარიყო. ის ობლობაში იზრდებოდა და მგრძნობიარობით გამოირჩეოდა. ამასთან მემარცხენე აზრები და ცოტა ავადმყოფური წარმოსახვა ჰქონდა. ეშმაკმა ეს ყოველივე კარგად შენიშნა და გმობის აზრების გზავნა დაიწყო, ხოლო, როდესაც ეს აზრები მიუვიდოდა, იმის სურვილით, რომ გმობისაგან გათავისუფლებულიყო, „აფურთხებდა“ მათ. ვინც ამას შორიდან აკვირდებოდა, ყველა თვლიდა, რომ ის შეპყრობილი იყო.

აი ასე: მგრძნობიარე დოყლაპია გმობის ზრახვებს აფურთხებს, სხვები კი ეუბნებიან, ეშმაკეული ხარო!

ხშირად გმობის ზრახვები ადამიანს ეშმაკის შურის გამო მოსდის, განსაკუთრებით – ღამისთევის ლოცვის შემდეგ ხდება, რომ დაღლილობისაგან მკვდარივით ეცემი და მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეგიძლია. აი, სწორედ ასეთ დროს ბოროტმოქმედ ეშმაკს გმობის ზრახვები შემოაქვს შენში. შემდეგ კი, რადგანაც სურს, დაგაბნიოს ან სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდოს, დაგიწყებს ჩაგონებას: – „ასეთი ზრახვები თვით ეშმაკსაც კი არა აქვს, მორჩა, შენ ვეღარ ცხონდები“. ეშმაკს შეუძლია, რომ გმობის აზრები ადამიანში თვით სულიწმიდის მიმართაც კი ჩანერგოს, შემდეგ კი უთხრას, რომ სულიწმიდის გმობა მიუტევებელი ცოდვაა.

– წმიდაო მამაო, შესაძლებელია, რომ გმობის აზრები შემოტევა თვითონ ჩვენივე ბრალი იყოს?

– დიახ. შესაძლოა, ადამიანმა თვითონვე მისცეს მიზეზი ასეთი აზრის გაჩენას. თუ გმობის აზრები გადამეტებული მგრძნობიარობით არ არის გამოწვეული, მაშინ ისინი ამპარტავნების, განკითხვის და სხვა მსგავსი ცოდვების გამო მოდიან. ამიტომ, თუკი მოღვაწეობისას ურწმუნოებისა და გმობის ზრახვები გაქვთ, იცოდეთ, რომ თქვენი ღვაწლი ამპარტავნებით აღესრულება. ამპარტავნება აბნელებს გონებას, დასაბამს უდებს ურწმუნოებას და ადამიანი საღვთო მადლის საფარველს მოაკლდება. გარდა ამისა, გმობის აზრები ეძალებიან იმ ადამიანს, რომელიც საჭირო წანამძღვრებს არ ფლობს და დოგმატური საკითხების კვლევას ცდილობს [2].

 

გმობის აზრების დათრგუნვა

– წმიდაო მამაო, ამბა ისააკი ამბობს, რომ ჩვენ ვნებებს „სიმდაბლით ვამარცხებთ და არა – თავმაღლობით“ [3]. ვნების არად ჩაგდება, მასზედ თავის ამაღლება და გმობის აზრების უგულებელყოფა განა ეს ერთი და იგივე არ არის?!

– არა. ვნებათა არად ჩაგდება ამპარტავნებაა, თვითდაჯერებულობა და რაც ყველაზე უარესია – თვითგამართლება. ანუ – შენ თავს იმართლებ და „უარყოფ“ შენს ვნებას, თითქოს ამბობდე: –„ეს ჩემი ვნება არ არის, მას ჩემთან არანაირი კავშირი არა აქვს.“

და არ იღწვი, რომ მისგან გათავისუფლდე. ხოლო გმობის გულისსიტყვები მართლაც უნდა უგულებელსვყოთ, იმიტომ რომ, როგორც უკვე გითხარით, ისინი ნამდვილად ეშმაკისგან მოდის.

– ხოლო თუ ადამიანი სხვებს აჩვენებს თავს, თითქოს რაღაც ვნებით იყოს შეპყრობილი, მაგალითად, საკუთარ თავს ნაყროვანად წარმოაჩენს; ამის გამო იგი ეშმაკის დასაცინი გახდება?

– ამ შემთხვევაში ეს „კეთილი თვალთმაქცობა იქნება“, მაგრამ ის ეშმაკისაგან დასაცინი არ იქნება. ეს შენ დასცინი ეშმაკს, როდესაც ის გმობის აზრებს გაწვდის, შენ კი ამ დროს საეკლესიო საგალობელს გალობ.

– წმიდაო მამაო, როგორ განვდევნოთ გმობის გულისსიტყვები ღვთისმსახურებისას?

– გალობით – „აღაღე პირი ჩემი“ [4] შენ რა, ნოტებით გალობა არ იცი?! ნუ გამოიძიებ ამ გულისსიტყვებს, უბრალოდ არად ჩააგდე ისინი. ადამიანი, რომელიც ლოცვაზე დგას და ამგვარ გულისსიტყვებთან საუბრობს, იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელიც პატაკს აბარებს უფროსს და ამავდროულად ყუმბარას ატრიალებს.

– თუ გმობის გულისსიტყვა მაინც არ დაგტოვებს?

– თუ ასე მოხდა, მაშ იცოდე, რომ სადღაც შენში მან შესაფერის ადგილს მიაგნო. ყველაზე შედეგიანი საშუალება ამ დროსის იქნება, თუ ეშმაკს არად ჩააგდებ. გმობის გულისსიტყვების უკან ხომ სწორედ იგი – მზაკვრობის მასწავლებელი იმალება... როდესაც გმობის გულისსიტყვები გებრძვიან, სჯობს, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში თავად არ ჩაება – თვით იესოს ლოცვითაც კი; იმიტომ, რომ მისი წარმოთქმისას ჩვენს მღელვარებას გამოვამჟღავნებთ, ეშმაკი სუსტ ადგილზე გმობის აზრების ისრებს დაგვიშენს. ასეთ დროს უმჯობესია, თუ რაიმე საეკლესიო საგალობელს იგალობებთ. შეხედეთ, პატარა ბავშვიც კი, რომელსაც სურს, თანატოლს აგრძნობინოს – არად გაგდებო, მას სიტყვას სიმღერით აწყვეტინებს, რაიმეს – „ჰერი-ჰერის...“ მაგვარს წაიმღერებს. ასეთივე საქციელი გვმართებს ეშმაკთან. მაგრამ საერო სიმღერებით კი ნუ შევეცდებით ვაჩვენოთ, რომ არად ვაგდებთ, არამედ – წმიდა საგალობლებით. საეკლესიო გალობა – ეს მხოლოდ ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა კი არ არის, არამედ – ეშმაკის უგულებელყოფა. ამგვარად, ეშმაკს კარგად მოხვდება – ერთი თუ მეორე მხრიდან და ის სიბრაზისაგან გულზე გასკდება.

– წმიდაო მამაო, ასეთ მდგომარეობაში მყოფს გალობა მიჭირს და წმ. ზიარებაზე მისვლაც კი მიძნელდება.

– ეს ძალიან სახიფათოა! ეშმაკი ცდილობს, კუთხეში მიგიმწყვდიოს, იგალობე კიდეც და ეზიარე კიდეც. ეს გულისსიტყვები ხომ შენ არ გეკუთვნის. ამაში მაინც გამოიჩინე ჩემი მორჩილება! იგალობე ერთხელ „ღირს არსი“, რომ ეშმაკმა მიიღოსის, რასაც იმსახურებს და გაცლა ამჯობინოს. შენთვის არ მიამბია ერთი ათონელი ბერის შესახებ? თორმეტი წლის ობოლი მოვიდა იგი წმ. მთაზე, ხორციელი დედის სიყვარულს სრულიად მოკლებული იყო და ამიტომ მთელი თავისი სიყვარული დედა ღვთისას მიუძღვნა, მისდამი ისეთივე გრძნობა ჰქონდა, როგორიც თავისი მშობელი დედისადმი. რომ გენახა, როგორი ღვთისმოსაობით აღასრულებდა მეტანიებს მისი ხატის წინაშე! და აი, მტერი სწორედ მის ამ სიყვარულს გაეთამაშა და გმობის გულისსიტყვები შეუსია, საბრალო! ხატებთანაც კი ვეღარ მიდიოდა. როდესაც მისმა სულიერმა მამამ ეს შეიტყო, ხელი მოჰკიდა და აიძულა, შეხებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმმშობლის ხელებსა და სახეს და ასევე მაცხოვარს – იმავე ხატებზე. ეშმაკმა მაშინათვე გაქცევა ამჯობინა. რა თქმა უნდა, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებზე, პირდაპირ სახეზე მიმთხვევა გარკვეულწილად კადნიერებაა. მაგრამ სულიერმა მამამ ბერს ამის გაკეთება იმისთვის აიძულა, რომ მისგან მტანჯველი გულისსიტყვები განედევნა.

 

როდის მოდიან გმობის ზრახვები ჩვენივე მიზეზით

– წმიდაო მამაო, როდესაც ჩემში გმობის ზრახვების შემოსვლას [5] ვიგრძნობ, მაგრამ არ შევითვისებ მას, ამ დროს რაიმე ბრალი თუ მედება?

– თუ შენ შემოსწყრები და არ მიიღებ ამ გულისსიტყვას, მაშინ უბრალო ხარ.

– წმიდაო მამაო, მაშ როდის არის ადამიანი დამნაშავე გმობის გულისსიტყვებში?!

– დამნაშავეა, როდესაც კი არ გაწყრება, რომ ასეთი აზრები აქვს, არამედ გულხელდაკრეფილი დაჯდება და საუბარს დაიწყებს მათთან. და რაც მეტ გმობის აზრებს მიიღებს, მით მეტად გაეხვევა ეშმაკის შფოთში. გმობის აზრების განხილვითა და გონებაში მათთან საუბრით ხომ შენ გარკვეულწილად ეშმაკეულობას ეზიარები.

– მაშ როგორ განვაგდოთ ასეთი ზრახვები?

– თუ ადამიანი მასზე შემოსეულ ამგვარ აზრებს შემოსწყრება და საუბარს არ გაუბამს მათ, მაშინ, რაკიღა საკვებს ვერ იპოვიან, თვითონვე დაიხევენ უკან. ხე მოურწყველობით ხმება. ხოლო ის, ვინც თუნდაც მცირეოდენად დაიწყებს ტკბობას ამგვარი გულისსიტყვებით, საკუთარ თავში საკვებს აძლევს მათ, „რწყავს“ „ძველ კაცს.“ ასეთ შემთხვევაში გულისსიტყვები ადვილად არ „ხმებიან.“

– მე კი, წმიდაო მამაო, ზოგჯერ ასეთი რამ მემართება: ვიღებ გმობის აზრებს, ვურიგდები მათ, შემდეგ მივხვდები ხოლმე, მაგრამ მათ განდევნას უკვე ვეღარ ვახერხებ.

– იცი, რა გემართება შენ?! გარკვეულ ეტაპზე რაღაცაზე გადაერთვები, გონება გაგებნევა და პირდაღებული ბუზების თვლას იწყებ, მაშინ ეშმაკუნა მოგეპარება და დაღებულ პირში კარამელს ჩაგჩრის. შენ მის წუწნას იწყებ, მის გემოს გრძნობ და უკვე გიჭირს გადმოფურთხება. მაშინვე უნდა გადმოაფურთხო, როდესაც „სიტკბოს“ მცირედ შეიგრძნობ.

– წმიდაო მამაო, თუ მცირე ხნით მივიღებ გმობის გულისსიტყვებს და შემდეგ მალევე განვდევნი მათ?

– ასეთ შემთხვევაში ეშმაკი გაძლევს შაქარყინულს, შენ მას აფურთხებ, მაგრამ არა – მაშინათვე. გარკვეული ხნის შემდეგ დაუყოვნებლივ გადმოფურთხება უნდა ისწავლო. სხვა შემთხვევაში, შაქარყინულით მოტყუებულს ეშმაკი შემდეგ მწარე ბალახის წვენს შეგასმევს და დაგცინებს კიდეც.

 


[1] - წმ. მღვდელმთავარი გრიგოლ დიოლოღოსი – „საუბრები იტალიელი მამების და სულის უკვდავების შესახებ“.

[2] - ანუ სულიერი წანამძღვრები – ღვთისმოსაობა, სიმდაბლე, ეკლესიის მორჩილება და გარეგნული წანამძღვრები – განათლება, ნიჭი, ცოდნა და ა.შ.

[3] - წმ. ისააკ ასური – სამოღვაწეო სიტყვა

[4] - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულის პირველი გალობის ძლისპირის დასაწყისი სიტყვები.

[5] - ასკეტიკურ ლექსიკონში „პრირაჟენიე“ ეწოდება გონების განსჯას ან გულის მოძრაობას, რომელსაც თან არ ახლავს წარმოსახვა. ცოდვილი წარმოსახვის და ოცნებების გაჩენა და შეყოვნება მეტყველებს ისეთ ზრახვებთან „სოსლოჟენიე“-ზე, რომელიც ცოდვისთვის დათმობას ნიშნავს და სინანულით განიკურნება. წმ. მარკოზ მოღვაწე – 200 თავი სულიერი კანონის შესახებ.