– წმიდაო მამაო, როდესაც გავბრაზდები ხოლმე, ნიაღვარსვ ემსგავსები, თავის შეკავება არ შემიძლია.
– და, რად არ შეგიძლია, რომ თავი შეიკავო?
– იმიტომ, რომ საკუთარი აზრისა მჯერა.
– მაშ თუკი ასეა, საკუთარი „მრწამსი“ გქონია, შენი საკუთარი „სარწმუნოების სიმბოლო!“ ეს ეგოიზმის ამბავია. თავს ნუ იმართლებ, სულელური აზრი თვითონვე მოიშორე, ნუ მიიღებ მას.
– როგორ უნდა შევძლო იმის მიხვედრა, რომ აზრი „სულელურია?“
– რაო, განა ესეც არ გესმის?! მაშინ დედა იღუმენიას გაანდე ის და ერთი ამოსუნთქვით მოიშორე ზრახვა, რასაც გეტყვის იღუმენია, ყველაფერში მას უსმინე. თუ სულიერი ადამიანი საკუთარ აზრებს ენდობა, ეს ხიბლის დასაწყისია. მისი გონება ამპარტავნებით ბნელდება, სწორედ ამიტომაა შესაძლებელი, რომ ხიბლში ჩავარდეს. მაშინ უმჯობესი ხდება, რომ მის გონებას ავნოს რაიმე, იმიტომ, რომ ასეთ დროს დანაშაულის შემამსუბუქებელი მიზეზი ექნება.
– წმიდაო მამაო, განა სხვებს არ შეუძლიათ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დახმარება?
– იმისათვის, რომ ამ დღეში მყოფ ადამიანს დახმარებამ სარგებლობა მოუტანოს, თვითონაც უნდა ეხმარებოდეს საკუთარ თავს, უნდა მიხვდეს, რომ დაჯერება საკუთარი აზრისა, რომელიც ჩააგონებს, თითქოს თვითონ ყველაზე უკეთესია, ყველაზე წმიდაა და სხვა – ამის მსგავს რამეს, – მხოლოდ ხიბლის ნიშანია. ასეთ აზრს, თუკი ადამიანი თავისი ნებით იწყნარებს მას, რკინითაც ვერ ამოგლეჯ. ეს ზრახვა რომ განიდევნოს, სიმდაბლეა საჭირო. ზოგჯერ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მთხოვენ, რომ მათთვის ვილოცო. მაგრამ ასეთ კაცს ჩემი ლოცვა რაში დაეხმარება?! თუკი ის დაიტოვებს ბიკფორდის ზონარს, რომელიც მასში ეშმაკმა ჩააბა, მაშინ კვლავ ჰაერში აფრინდება. ეს იგივეა, რომ ადამიანი დენთის კასრზე იჯდეს, ხელში ფითილი ეჭიროს, მის ანთებას ცდილობდეს და ამასთან, შენ გეხვეწებოდეს, რომ აფეთქებას გადაარჩინო.
– წმიდაო მამაო, მე უბრალოდ არანორმალური გავხდი...
– ასეთი რამ ვინ გითხრა? განა ეს შენი საკუთარი აზრია?! ნუ გეშინია, წმიდა მთიდან მე გადევნებ თვალყურს. მახსოვხარ. შენ არანორმალურად არ გადაქცეულხარ... მაგრამ, თუ საკუთარი აზრების ყურისგდებას დაიწყებ, ისინი ნამდვილად გადაგიყვანენ ჭკუიდან. ნუ დაუჯერებ საკუთარ აზრებს ნურც მაშინ, როდესაც ისინი გეუბნებიან, რომ იღუპები და ნურც მაშინ, როდესაც წმიდანობამდე აგამაღლებენ.
– წმიდაო მამაო, როდესაც ადამიანს სტანჯავს აზრი, თითქოს მთელმა ქვეყნიერებამ მისთვის მოიცალა, როგორ უნდა განდევნოს ის?
– ეს აზრი ბოროტისაგან არის, რომელიც ცდილობს, ადამიანი სულიერად დაასნეულოს. ამგვარი აზრის მიმართ განურჩევლობა უნდა შევინარჩუნოთ, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მასზე მინდობა ერთი წუთითაც კი არ შეიძლება. მაგალითად, ეჭვიანი კაცი, როდესაც დაინახავს, რომ ორი ნაცნობი ერთმანეთში ჩუმად საუბრობს, იფიქრებს: „ჩანს, ისინი თავიდან ფეხებამდე მჩხრეკენ, მათგან ამას არ მოველოდი!“ ის ადამიანები კი სინამდვილეში სულ სხვა რამეზე საუბრობენ. თუ ამგვარ აზრებს თავისუფლებას მივანიჭებთ, ისინი უფრო და უფრო გაძლიერდებიან და ადამიანი იქამდე მივა, რომ იმასაც იფიქრებს, თითქოს მას უთვალთვალებენ და დევნიან. ვინმეს კიდეც რომ ჰქონდეს „უეჭველი მტკიცებულებები“ იმასთან დაკავშირებით, რომ გარშემომყოფნი მხოლოდ მისით არიან დაკავებულნი, მან უნდა იცოდეს, რომ ეს „ფაქტები“ მაგიდაზე ეშმაკურად შემოუდგა ვიღაცამდა ეს „ვიღაცა“ მტრის გარდა სხვა არავინაა. რადგანაც ის ცდილობს, რომ ადამიანი მისგან ჩაგონებული აზრის სიმართლეში დაარწმუნოს. რაოდენ მზაკვარი რეჟისორია ეშმაკი!
ერთ ახალგაზრდას ვიცნობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გონიერია, საკუთარი თავი დააჯერა, რომ თითქოს თვითონ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყოს. ეშმაკის მიერ მიწოდებული აზრების შეწყნარებით ამ ახალგაზრდამ საკუთარ თავს კომპლექსების მთელი რიგი შეუქმნა. მან თვითმკვლელობა სცადა, საშინლად გატანჯა მშობლები, ღმერთმა მას ძალები და შესაძლებლობები მისცა, ეშმაკმა კი ეს ყველაფერი უსარგებლოდ უქცია. ასე იტანჯება ის ყმაწვილი და ტანჯავს სხვებსაც. არანაირად არ შემიძლია ამის გაგება: რისთვის იწყნარებენ ადამიანები ეშმაკის ზრახვებს და გაუსაძლისს ხდიან საკუთარ ცხოვრებას?! მერე კი ღმერთს ადანაშაულებენ იმაში, რაც მათ თავს ხდება. მას კი ჩვენ ესოდენ ძლიერად ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე! ასეთ ადამიანს, რაც გინდა უთხარი, ვერაფერს შეასმენ. ვიდრე თვითონ არ მივა იქამდე, რომ არად აგდებდეს საკუთარ აზრებს, რომელსაც მას მტერი უგზავნის, ყოველგვარი საუბარი მასთან ტყუილუბრალო შრომა იქნება და მეტი არაფერი.
– წმიდაო მამაო, მგრძნობიარობა – ეს სულიერი უძლურება, ავადმყოფობაა?
– არა, ღვთისმოსაობა და მგრძნობიარობა, სიფაქიზე – ესენი ბუნებრივი ნიჭებია, თუმცა, საუბედუროდ ეშმაკი ზოგჯერ ახერხებს, რომ ისინი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ის ხშირად ჩააგონებს მგრძნობიარე და ფაქიზ ადამიანს, რომ მან ყველაფერი მუქ ფერებში წარმოიდგინოს, რომ მას ძალა არ ეყოს რაიმე განსაცდელის გადასატანად. ანდა მისი ნაწილობრივი გადატანის შემდეგ გადაიქანცოს, იმედი გაუცრუვდეს, გაწამდეს და ბოლოს და ბოლოს დასახიჩრდეს. თუკი შეძლებთ, რომ თანდაყოლილი მგრძნობიარობა სწორად წარმართოთ, მაშინ ის ზეცისკენ წაგიძღვებათ. თუ ნებას მისცემთ ეშმაკს, რომ თქვენი ეს თვისება თავისი სურვილისამებრ წარმართოს, მაშინ ის თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდება. თუ ადამიანი საკუთარ ნიჭებს თავის თავს არ მოახმარს, მაშინ მათ ეშმაკი მოიხმარს. ამგვარად ფლანგავს კაცი ღვთისგან მომადლებულ ნიჭებს. იმის მაგიერ, რომ ღმერთს მადლობდეს, ყველაფერი უკუღმა ესმის. თუ მგრძნობიარე ადამიანი საკუთარ აზრებს უჯერებს, ამან შესაძლოა, ის ფსიქიატრიულ საავადმყოფომდე მიიყვანოს. ცხადია, არც გულგრილი ადამიანი იმსახურებს ქებას – თავისი გამუდმებული მისამღერით „ცხოვრებისეულ წვრილმანებზე,“ მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ის ფსიქიატრიულში მაინც არ მოხვდება. სწორედ ამიტომაა, რომ ეშმაკი მგრძნობიარე ადამიანებზე ნადირობს.
ზოგიერთი თავს იტანჯავს აზრით, რომ მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად. ჩანს ეშმაკი ჩააგონებს ამგვარ იდეებს და ცდილობს, დაარწმუნოს, რომ ეს სწორედ ასეა. მტერი შიშს უვლენს ასეთ ადამიანებს, ცდილობს, თავბრუ დაახვიოს და სერიოზული მიზეზის გარეშე მწყობრიდან გამოიყვანოს. რომც იყოს ვინმე მძიმე მემკვიდრეობით, ღვთის მადლის წინაშე ხომ ყოველივე არარაობად იქცევა. გახსოვთ წმ. კვი პრიანე? [1] – ყოფილი ჯადოქარი, რომელიც ეკლესიის იერარქი და ქრისტეს მოწამე გახდა?! და, ღირსი მოსე შავი?! [2] თავდაპირველად იგი ავაზაკი იყო, ხოლო მონაზვნურ ცხოვრებაში ბევრ უდიდეს მამას გარდაამეტა. რაოდენ მაღალ სულიერ მდგომარეობას მისწვდა იგი! როდესაც ის წმ. მაკარიმ მოინახულა, ღირსმა მოსემ ჰკითხა მას: „როგორ მოვიქცე? ხალხი მაწუხებს და უშფოთველობის შენარჩუნებას ვერ ვახერხებ“. – „მოსე, – მიუგო მას ამბა მაკარიმ – შენ ძალიან მგრძნობიარე ხარ. წადი არაბეთის უდაბნოში, იმიტომ, რომ ხალხის თავიდან მოშორებას აქ ვერ შეძლებ“. წმ.მოსემ – ამ ყოფილმა ავაზაკმა – სულიერი სიფაქიზით გარდაამეტა თვით წმ. არსენი დიდს, რომელიც ცნობილ ოჯახში აღიზარდა და განათლებული და კულტურული ადამიანი იყო. ხედავ, რა შეუძლია ღვთის მადლს?! მაგრამ ღირს მოსეზე ისიც უნდა ითქვას, რომ მას უდიდესი სიმდაბლე ჰქონდა.
– წმიდაო მამაო, საიდან მოდის ზიზღიანობა?
– რა გეზიზღება შენ?
– ნებისმიერი რამ, რასაც ხელს დავადებ.
– მაშ, იცოდე, რომ ყოველთვის წააწყდები მაგ „ნებისმიერ რამეს“: ჭიებს – ვაშლში, მატლებს – ლობიოში, თმის ბეწვს – პურში.
– წმიდაო მამაო, აი, სწორედ ეგენი მხვდება ხოლმე!
– დიდება შენდა, ღმერთო! ხედავ, როგორ გეხმარება ღმერთი ამ უძლურების დაძლევაში?!
– წმიდაო მამაო, განა ყველაფერი მსგავსი გულისსიტყვებიდან არ მომდინარეობს? ვთქვათ, რომელიმე დას თეფშში თმის ბეწვი ჩაუვარდა, ის ამოიღებს მას და გადააგდებს და ყვეფიაფერი ამით დასრულდება.
– შენ რა, არავითარ შემთხვევაში არ შეგიძლია, რომ გადააგდო?! ეს თმა ხომ მას კურთხევის ნიშნად ერგო! ის ახლა მე გადმომცემს მას და ათონზე თან წავიღებ – როგორც კურთხევას! მახსოვს, სინაზე ყოფნისას ერთ ბერთან ერთად სადღაც მივდიოდი, გზაში ორი ატამი მივეცი. ვხედავ – არ ჭამს. თურმე უნდოდა, რომ ჯერ გაერეცხა ისინი, მაგრამ ჯიბეში ჩადების ეშინოდა, ვაითუ ჯიბეში რომ მიკრობები სხედან ისინიც ატმებზე გადავიდნენო. ასე ეჭირა ხელში მთელი გზა. მისი ძმა მიყვებოდა: – „რვა შვილი მყავს და ჩემი ცოლი მათი სარეცხის დარეცხვას ნაკლებ საპონს ანდომებს, ვიდრე ეგ ერთხელ ხელის დაბანას!“ და რომ იცოდეთ, რა შეემთხვა მას?! იქ –სინაზე თითოეული ბერისთვის გამოყოფილი იყო თითო ბედუინი – დასახმარებლად, მას საჭმელიც მიჰქონდა. ბედუინი, რომელიც იმ ზიზღიან ბერს მიუჩინეს, ყველაზე ჭუჭყიანი იყო. შავი, როგორც ბუხრის მწმენდავი! თვითონაც და მისი ტანსაცმელიც საშინლად ყარდა. ჭუჭყის მოშორებას თუ დაუპირებდი, ჯერ მთელი კვირით ვარცლში უნდა დაგელბო. ან – როგორი ხელები ჰქონდა! ჯობს, არც იკითხო. შალაშინი უნდა აგეღო და ჭუჭყი ნაჭრებად ჩამოგეჭრა. ეს ტურტლიანი დასტაცებდა ხოლმე ხელს ჯამს და გააქანებდა თავისი „უფროსის“ – ბერისაკენ. ყველაზე ჭუჭყიანი ორი ცერი თითი კი აუცილებლად ფაფასა ან წვნიანში ჰქონდა ჩაყოფილი. „მომშორდი, მომშორდი!“ – უყვიროდა ბერი, როგორც კი მას კარის ზღურბლზე დაინახავდა. მან სინაზე ორი კვირაც ვერ გაძლო და ბოლოსდაბოლოს გაიქცა.
ხოლო, თანაცხოვრებულთა მონასტერში, სადაც ადრე ვცხიოვრობდი, იყო ერთი ბერი – ყოფილი პოლიციელი. იგი განათლებული იყო და ამიტომ ტაძარში მკითხველის მორჩილებას ასრულებდა. მან მონასტერში მრავალი წელი იცხოვრა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ირგვლივ ყველაფერი ეზიზღებოდა. კარის სახელურს არც კი ეხებოდა და კარს ფეხით აღებდა. ფეხით აღებდა ეკლესიის კარსაც კი. თუ ურდულის გაღება დაჭირდებოდა, თითის წვერებს მოჰკიდებდა ხოლმე და მერე ხელებს სპირტით იწმენდდა. როდესაც დაბერდა, ღვთის დაშვებით ფეხებმა ლპობა დაუწყო და ზედ მატლი დაეხვა, განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა ის ფეხი, რომლითაც ტაძრის კარს აღებდა ხოლმე. როდესაც მორჩილებას მონასტრის საავადმყოფოში ვასრულებდი და ექთანს ვეხმარებოდი, სწორედ მაშინ მოვიდა იგი სახვევის შესაცვლელად. ექთანმა მისთვის სახვევის შეხსნა დამავალა, თვითონ კი დოლბანდისთვის წავიდა. რა ვნახე, როდესაც სახვევი შევხსენი! მთელი ფეხი მატლით ჰქონდა დაფარული! – „წადი, ზღვაში დაიბანე, მატლი მოიშორე და ისე მოდი, რომ სახვევი დაგადოთ“, – ვუთხარი მას. სადამდე მივიდა იგი! რა საოცარი სასჯელი ეწია! უბრალოდ შეძრწუნებული ვიყავი! – „მიხვდი მიზეზს?“ – მკითხა ექთანმა, – „როგორ ვერ მივხვდი, – მივუგე მე – მიზეზი ისაა, რომ ტაძრის კარს ფეხით აღებს“.
– როგორ, მამაო, ამ მდგომარეობაში მყოფიც კი ის აგრძელებდა ამ საქციელს?
– დიახ, აგრძელებდა და ბერობაში კი დაბერდა!
– და მაინც ვერაფერს მიხვდა?
– არ ვიცი, მერე მე იმ მონასტრიდან წავედი და კონიცაში, სტომიონის მონასტერში გადავედი. ვინ იცის, როგორი სიკვდილი ეწია. და ამასთან ზოგიერთი ახალგაზრდა ბერი იმავე მონასტრიდან მოხუცი ბერების თეფშებიდან ნარჩენებს ერთმანეთში ინაწილებდა – როგორც კურთხევას, ისინი მათი ტაბლიდან გადმოცვენილ ნამცეცებს აგროვებდნენ. სხვა ბერები კი ეამბორებოდნენ ხოლმე კარის სახელურს, იმიტომ, რომ მასზე მამების ხელები ეხებოდა. ეს კი, ხატებს რომ მიემთხვეოდა, მხოლოდ ულვაშით ეხებოდა მათ და მასაც დაუყოვნებლივ გულმოდგინეთ იწმენდდა სპირტით.
– წმიდაო მამაო, როდესაც ადამიანს სიწმიდის მიმართ ასეთ დამოკიდებულება აქვს, ეს ღვთისმოსაობის საწინააღმდეგო საქციელია?
– თავდაპირველად უბრალო ზიზღიანობით იწყებენ და მერე უფრო შორს მიდიან. როგორც ეს ბერი: ის არ ემთხვეოდა ხატებს იმის შიშით, რომ იგი, ვინც მანამდე ემთხვია მათ, შესაძლოა, რაღაცით იყო დაავადებული.
– ანუ, იმისათვის, რომ ზიზღიანობა მოიშორო, ასეთ რამეებს ყურადღება არ უნდა მიაქციო?
– ადამიანები იმდენ საზიზღრობას ჭამენ, ისე რომ ვერც კი ამჩნევენ. თუკი ის, ვისაც ავადმყოფობა ან სხვა ამგვარი რამ აშინებს, პირჯვარს გამოისახავს, მას ქრისტე დაეხმარება. იცით, რამდენი სხვადასხვა ავადმყოფობით დაავადებული მოდის ათონზე ჩემი სენაკის გავლით?! და აი, ზოგიერთი მომლოცველი პირჯვარს გადაიწერს, აიღებს საერთო ჭიქას და იქიდან სვამს წყალს, სხვებს კი მასთან მიკარებისაც კი ეშინიათ. რამდენიმე დღის წინ ჩემთან ერთი ადამიანი მოვიდა, მას ერთ დაწესებულებაში ძალიან მაღალი თანამდებობა უკავია. საწყალს ისეთი შიში ჰქონდა მიკრობებისა, რომ გამუდმებით სპირტით წმენდისაგან ხელები ერთიანად ცარცივით გათეთრებოდა. ის მანქანასაც კი სპირტით წმენდდა. წარმოგიდგენია: ესოდენ მაღალი თანამდებობა გაქვს და ასე იქცევი! მე ყუთიდან ლახათ-ლუხუმის ნაჭერი ამოვიღე და მივეცი, მაგრამ მან უარი მითხრა, იმიტომ რომ ტკბილეულს ჩემი ხელი შეეხო. მერე შევთავაზე, რომ თავისი ხელით აეღო ყუთიდან, მაგრამ, ესეც იუარა, ფიქრობდა, რომ ვინც ლახათლუხუმი ყუთში ჩადო, შესაძლოა, სწორედ მას ჰქონდა დაუბანელი ხელი. მაშინ რაღას ვიზამდი?! ავიღე ის ნაჭერი, დავიხარე, მის ჩექმას გადავუსვი და შევჭამე. ამგვარი რამის გამეორებამ მასთან რამდენჯერმე მომიწია და მხოლოდ ამის შემდეგ, დიდი წვალების შედეგად შევძელი, მცირედ გამეთავისუფლებინა ამ უძლურებისაგან. აი, დღესაც მოვიდა აქ ერთი გოგონა, რომელსაც უზომოდ ეშინოდა ავადმყოფობის. როდესაც იმ ოთახში შემოვიდა, სადაც მომსვლელებს ვიღებ ხოლმე, ჩემგან კურთხევა არ აუღია, ეშინოდა, მიკრობები არ შესეოდნენ. მე მისი დახმარება მინდოდა და ბევრი სასარგებლო რამ ვუთხარი, მაგრამ, წასვლისას კიდევ არ აიღო კურთხევა.
– „ხელზე იმიტომ არ გემთხვევი, რომ მიკრობებისა მეშინია,“ – ამიხსნა მან. აბა, რას იტყვით? ამგვარად ადამიანები თვითონვე ხდიან სრულიად აუტანელს საკუთარ ცხოვრებას.
ყველაზე საშინელი ავადმყოფობა ისაა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ჩააგონებს, რომ ის რაღაცითაა დაავადებული. ამ აზრის გამოისობით ადამიანს შფოთი აღრჩობს, აღაგზნებს, მადასა და ძილს უკარგავს, აიძულებს, რომ წამლები მიიღოს. მესმის, როდესაც ნამდვილად ავადმყოფი ადამიანი მკურნალობს, მაგრამ არაფრით არ შემიძლია, გავუგო მას, ვინც სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში წარმოიდგენს, ავად ვარო და მერე თავისივე წარმოდგენის გამო მართლაც ავად გახდება. მაგალითად, ადამიანი სულიერ და ხორციელი ძალებითაა სავსე, მაგრამ არაფრის კეთება არ შეუძლია, იმიტომ, რომ საკუთარ თავს ჩააგონა, ავად ვარო. შედეგად ის მართლაც უძლურდება, როგორც სულიერად, ისე – ხორციელად. და ამასთან, კი არ ცრუობს, არამედ ნამდვილად ასე ჰგონია. როდესაც იჯერებს, რომ რაღაც სენი სჭირს, ადამიანი პანიკაში ვარდება, ნადგურდება და მერე უკვე აღარაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამგვარად სრულიად უმიზეზოდ იგი საკუთარ თავს ავადმყოფად აქცევს.
ზოგჯერ ჩემთან სენაკში მოდიან სრულიად დათრგუნული ადამიანები. – „ვგრძნობ, რომ შიდსი მჭირს“, – მეუბნებიან ამას და თანაც სჯერათ კიდეც. – „შენ რა, რაიმე ისეთი შეგემთხვა?“ – ვეკითხები. – „არა, მსგავსი არაფერი ყოფილა“. – „მაშ, ტყუილუბრალოდ ღელავ, წადი, გამოიკვლიე, რომ ეგ აზრები დაძლიო“. – ვურჩევ მე. – „მაგრამ, ანალიზებმა რომ აჩვენონ, რომ ნამდვილად შიდსი მაქვს!“ – შეშინებულები მპასუხობენ ისინი. ასე არ მიჯერებენ და თავს იტანჯავენ. ხოლო ისინი, ვინც მიჯერებენ და გამოკვლევაზე მიდიან, რწმუნდებიან, რომ არანაირი შიდსი არა აქვთ; უნდა ნახოთ, როგორ იცვლება მათი სახეები და ცხოვრების აზრი უბრუნდებათ. პირველნი კი – ამგვარი განწყობის გამო – შესაძლოა, ლოგინად ჩავარდნენ და ჭამაზედაც უარი თქვან. მაგრამ კარგი, დავუშვათ, რომ ნამდვილად შიდსი გაქვს. ღმერთისთვის ხომ გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. თუკი უფრო სულიერად იცხოვრებ, აღსარებას იტყვი, ეზიარები, ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდები, მაშინ ღმერთი შეგეწევა.
– წმიდაო მამაო, რატომ იწყებს ადამიანი იმის ფიქრს, რომ ავად არის?
– ის ამას საკუთარ თავს თანდათანობით თვითონვე ჩააგონებს. ხშირად ასეთი ეჭვებისათვის შესაძლოა, არსებობდეს კიდეც რაღაც მცირე, უმნიშვნელო საბაბი, რომლის საშუალებითაც საკუთარი წარმოსახვა ადამიანს ამგვარ რამეს აფიქრებინებს და ისიც ბუზისგან სპილოს ქმნის. როდესაც სტომიონში ვცხოვრობდი, კონიცაში იყო ერთი ცოლშვილიანი კაცი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ტუბერკულოზი სჭირდა. საკუთარ ცოლსაც კი არ იკარებდა სიახლოვეს. – „არ მოხვიდე, თორემ გადაგედება“, – ეუბნებოდა მას. საწყალი ქალი გრძელი ჯოხის ბოლოზე კიდებდა კალათს და საჭმელს ისე აწვდიდა შორიდან. საბრალო, სრულიად გადაიქანცა და ჩამოხმა. უბედური ბავშვები შორიდან უცქერდნენ „ჭლექიან“ მამას, მას კი სინამდვილეში არანაირი ჭლექი არ ჰქონდა. საქმე იმაში იყო, რომ მზეზე არასოდეს გამოდიოდა და მთელ დღეებს პლედში შეფუთნული ოთახში ატარებდა. ამიტომაც სახე გაუყვითლდა და დაიჯერა, რომ ტუბერკულოზი ჭირდა. როდესაც ყოველივე ეს მიამბეს, რაღას ვიზამდი, ავდექი და სახლში მივედი. ჩემს დანახვაზე „ავადმყოფმა“ დაიკვნესა: „ახლოს არ მოხვიდე, მამაო, რომ შენც არ გადაგედოს, შენთან, მონასტერში ხომ იმდენი ხალხი მოდის! ხედავ, ჭლექმა სულ დამრია ხელი“. – „კი მაგრამ, ვინ გითხრა, რომ ჭლექი გაქვს?“ – ვკითხე მე. ამ დროს ცოლმა გასამასპინძლებლად ბერძნული კაკლის ნახარში მოიტანა. – „აბა, ერთი პირი დააღე, – ვეუბნები მე, – ახლა მე უნდა დამიჯერო“. რაღას იზამდა, დააღო პირი, მან ხომ არ იცოდა, რას ვაპირებდი. მაშინ ავიღე ერთი ტკბილი კაკალი, ჩავუდე პირში, რამდენჯერმე დავატრიალე, მერი კი მე თვითონ შევჭამე. – „არა, არა, ნუ აკეთებ ამას, გადაგედება!“ – იყვირა „ჭლექიანმა“. – „რა გადამედება, შენ ხომ არაფერი გჭირს, მე რა, გადარეული ვარ, რომ მართლა ჭლექი გქონდეს და ასე ვიქცეოდე?! აბა, ეხლა წამოდექი და ჰაერზე გავიდეთ!“ – შევუძახე მე, მერე მის ცოლს მივუბრუნდი და ვუთხარი: – „მოაშორე ეს წამლები და პლედი!“ წამოვაყენე და ერთად გამოვედით ჰაერზე. სამწლიანი „პატიმრობის“ შემდეგ ის განცვიფრებული უმზერდა ქვეყნიერებას. მერე ნელ-ნელა სამუშაოზეც დაიწყო სიარული. აი, რა შეიძლება, დაგმართოს თვითშთაგონებამ, თუ მას ამის ნებას მისცემ.
– წმიდაო მამაო, როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც უსაფუძვლოდ ჰგონია, რომ ავად არის?
– იმისათვის, რომ ასეთ ადამიანს ეშველოს, მას მოძღვარი უნდა ჰყავდეს, ენდობოდეს და ემორჩილებოდეს მას. მოძღვარს უნდა გაუმხილოს თავისი ზრახვები, ის კი დამოძღვრავს მას: –„ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ, აი, ამის მიმართ კი პირიქით, ყურადღებით იყავი“. თუ ადამიანი მოძღვარს არ ენდობა და მისას არ ისმენს, ამგვარი აზრები მოსვენებას არასდროს მისცემს. იცი, რას ნიშნავს, როდესაც ადამიანები დახმარებას გთხოვენ და თვითონ თითს თითზე არ აკარებენ?! აი, მაგალითად, ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავაშვებულად ცხოვრობს და სულიერი აშლილობა აწუხებს, მოდის ჩემთან თამბაქოს კვამლისაგან ჩაწითლებული თვალებით და დახმარებას მთხოვს. ამასთან, რაღაც ცრუ ღვთისმოსაობით არის შეპყრობილი: მთხოვს, რომ ჩემი სენაკის ტაძრის კანკელიდან მივცე ხატი, და ამასთან, სენაკში კბილებში სიგარეტგაჩრილი შემოდის. – „ჩემო ძმაო, – ვეუბნები, – ამ სიგარეტისაგან თვალები ცოფიანი ძაღლივით გაქვს ჩაწითლებული, მე ამ სენაკში მოხუცებსაც კი არ ვაძლევ მოწევის ნებას, აქ მხოლოდ საკმეველი იკმევა ხოლმე“. მაგრამ ის გაჯიუტდა და თავისი განაგრძო. მოდის დახმარებას მთხოვს და საკუთარ აზრს კი არ თმობს: – „რატომ არ გინდა დამეხმარო?! გაიძახის, ანუ განკურნება სურს, მაგრამ – რაღაც მაგიური საშუალებებით (ანუ – უშრომელად), ისე რომ, არანაირი ძალისხმევა არ დასჭირდეს. მე ვეუბნები: – „შენ სასწაულისთვის არ ვარგიხარ, შენ ხომ ავადაც არა ხარ და მხოლოდ საკუთარი აზრებისა გჯერა“. ამ ყმაწვილს რომ მორჩილება გამოვჩინა, ეშველებოდა კიდეც. შევნიშნე, რომ ის ადამიანი, ვინც ჩემს დარიგებას ყურად იღებდა, სწრაფად მიდიოდა წინ და მის ცხოვრებაში ყველაფერი თავისთავად ლაგდებოდა. ხოლო, თვით ეს ადამიანი და მისი ოჯახის წევრებიც სიმშვიდეს მოიპოვებდნენ. ერთხელ ერთი ღვთისმსახური მოვიდა მონასტერში, აქ მას გალობაში მონაწილეობა შესთავაზეს, მან იუარა, როდესაც მიზეზი ჰკითხეს, მიუგო, რომ ფსალმუნში ნათქვამია: –„ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა“. მან დაიჟინა, რომ გალობა ცუდი საქმეა, რადგანაც ეშინია „ორპირი მახვილისა“, რომელიც მასზე აღიმართება, თუკი „ხმას“ „აღიმაღლებს.“ – „ჩვენო საყვარელო, ჩვენო ძვირფასო, ჩვენო ოქრო, ეგ ყველაფერი სინამდვილეში ისე არ არის, როგორც შენ გგონია“ – ეუბნებოდნენ მას ბერები, მაგრამ ის თავისას გაიძახოდა. აბა, მიდი და ასეთ ადამიანთან საერთო ენა გამონახე! რას უზამ?! მისი „განმარტება“ მართებულიც რომ ყოფილიყო, სხვა, თუნდაც შემცდარი, ადამიანებისადმი მორჩილება ამ შემთხვევაში მადლს მოახვეჭინებდა და ეს იქნებოდა უდიდესი წყალობა, იმიტომ, რომ მორჩილება ღვთის წინაშე დიდად ფასობს.
როგორ იტანჯებიან ამის მსგავსად ადამიანები წლების განმავლობაში, იმიტომ რომ საკუთარი აზრებისა სჯერათ და სხვებს არ უსმენენ. რაც არ უნდა უთხრა და გაუკეთო მათ, ყველაფერს უკუღმა განმარტავენ. ბოროტება ხომ არ ჩერდება იმაზე, რომ ადამიანი ერთხელ დაიჯერებს საკუთარ აზრებს! ბოროტება მრავლდება და იზრდება. ადამიანი უფრო და უფრო განამტკიცებს თავის თავში საკუთარი მოსაზრებებისადმი ნდობას და ყოველივე ამან იგი შესაძლოა, სულიერ აშლილობამდე მიიყვანოს. მაგალითად, ადამიანი აშენებს სახლს, – „ეს როგორ აშენებ, – ეუბნებიან მას, – ჩამოინგრევა და ნანგრევებში მოყვები“. თუ იგი მშენებლობის დასაწყისშივე ყურად იღებს რჩევას, ახლადდაწყებული მშენებლობის შეჩერება და კვლავ დაწყება უფრო ადვილია, მაგრამ დამთავრებულ შენობაზე ხელის აღმართვა გაცილებით ძნელია. – „იცოდე, შეიძლება, დაგიტანოს!“ – ეუბნებიან მას, თვითონაც ხედავს, რომ შენობა დიდხანს ვერ გაძლებს, აცნობიერებს საშიშროებას, მაგრამ ფიქრი იმაზე, თუ რამდენი ფული და შრომა დახარჯა ამ მშენებლობაზე, უფლებას არ აძლევს, დაარღვიოს იგი. ამგვარად, მას ვერ გადაუწყვეტია, საკუთარი ხელით შექმნილი მოსპოს და ბოლოს და ბოლოს თვითონ აღმოჩნდება მისი ნანგრევების ქვეშ.
– განა ასეთ ადამიანის დახმარება შესაძლებელია?
– შესაძლებელია, თუკი მას ეს სურს. მაგრამ, როგორ დაეხმარები, როდესაც უხსნი, რომ რაღაც არასწორად გააკეთა და ის კი თავს იმართლებს? მაგალითად, ერთი ახალგაზრდა კაცი შაქრიანი დიაბეტით არის ავად და ისე, რომ არც კი იცის, რამდენად სერიოზული საფრთხე ემუქრება მის ჯანმრთელობას, ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ხუმრობაა. ექიმი ეუბნება: –„შაქრიანი დიაბეტი სერიოზული დაავადებაა და დიეტა უნდა დაიცვა“. თუკი ახალგაზრდა ექიმს დაუჯერებს, სერიოზული გართულებები არ იქნება, მაგრამ, როგორ მიაღწევ მასთან ურთიერთგაგებას, თუ ასეთ რამეს იტყვის: – „რა დიდი რამეა ეს დიბეტი?! ტკბილსაც შევჭამ, იმიტომ, რომ როცა ტკბილს ვჭამ, მცხელა, ხოლო, როდესაც მცხელა, შემიძლია, პლედის გარეშე დავიძინო, ან თოვლში ფეხშიშველმა ვიარო“. როგორ მიაღწევ ურთიერთგაგებას იმ ადამიანთან, რომელიც თავისას არ იშლის?!
– წმიდაო მამაო, თუკი ამ ყმაწვილს საკუთარი ზრახვისა სჯერა, ეს ბუნებრივია?
– თუ ყმაწვილს თავისი ზრახვისა სჯერა, ე.ი. მასში ბევრი ეგოიზმია.
– როგორ უნდა მიხვდეს იგი ამას?
– ის ამას გაიგებს, თუ მაგალითად, თავისი ბავშვობიდან რომელიმე შემთხვევას გაიხსენებს, რომელიც დაანახებს, ეგოიზმის რა პროცენტი იყო მაშინ მასში. ერთხელ მოხდა ისე, რომ ორ ბიჭუნას ვაკვირდებოდი: ერთმა აიღო ბამბით გატენილი ბალიში, რომელიც ძალიან ადვილად ასწია, ხოლო მეორე იმავე ბალიშის ასაწევად რომ მივიდა, ისეთი სახე მიიღო, თითქოს ბალიშს კი არა, – ბეტონის ტომარას იღებდა. ამ მეორე ბიჭუნაში ეგოიზმი სჭარბობდა, მაგრამ როდესაც ის ცოტა გაიზრდება, მიხვდება, რომ მისი მოქმედება ეგოიზმით იყო გამოწვეული, იგი აღიარებს ამ ცოდვას და ამგვარი აღიარებით ღვთის მადლს მოიხვეჭს, ის მიიღებს ამ ცოდვის შენდობას და გათავისუფლდება მისგან. აბა, სხვაგვარად როგორ იქნება?! ღმერთი ხომ სამართლიანია!
– წმიდაო მამაო, ვთქვათ, მე ვფლობ გარკვეულ გამოცდილებას, თუ ამ გამოცდილებას დავეყრდნობი, ვხედავ, თუ როგორ განვითარდება ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვიმყოფები, ამაშიც არის საკუთარ თავზე მინდობა?
– ნუ აკეთებ დასკვნებს შენით! როდესაც უფალმა პეტრე მოციქულს მოუწოდა, მან მისკენ მიმავალი გზა წყალზე გაიარა, მაგრამ, როგორც კი მოციქულმა საკუთარი ზრახვების თანახმად დაუშვა, რომ შესაძლოა, ჩაძირულიყო, მან მართლაც ჩაძირვა დაიწყო და ქრისტემაც დაუშვა ეს: რაკი შენ ამბობ, რომ იძირები, მაშინ ჩაიძირე!
აბა, შეხედე თავმდაბალ ადამიანს: მას არ სჯერა საკუთარი ზრახვების, მაშინაც ცი – სასწაული რომ მოიმოქმედოს. იორდანიაში იყო ერთი ძალიან უბრალო ღვთისმსახური, რომელიც სასწაულებს აღასრულებდა. იგი ლოცვას აღავლენდა ავადმყოფ ადამიანებსა და ცხოველებზე და ისინი განიკურნებოდნენ, მუსულმანებიც კი, რამე რომ აწუხებდათ, მასთან მიდიოდნენ და ისიც განკურნავდა მათ. საღმრთო ლიტურგიის აღსრულების წინ ეს მღვდელი სვამდა რაიმე ცხელ სასმელს, ორცხობილას მიატანდა და მერე, მთელი დღის განმავლობაში აღარაფერს იღებდა. ხმა იმის შესახებ, რომ იგი ლიტურგიის წინ ჭამდა, პატრიარქამდე მივიდა და პატრიარქმა საპატრიარქოში მოიხმო იგი. მღვდელმა არ იცოდა, რისთვის დაიბარეს. ის მივიდა საპატრიარქოში და სხვებთან ერთად ელოდა მიღებას პატრიარქთან. ქუჩაში საშინელი სიცხე იყო, ფანჯრების დარაბები დახურული იყო და ჭუჭრუტანიდან მისაღებში მზის სხივი შემოდიოდა. მღვდელს მზის სხივი თოკი ეგონა და რადგან ოფლად იყო გაღვრილი, ანაფორა გაიხადა და მასზე ჩამოკიდა. ამის დანახვამ მისაღებში მასთან ერთად მყოფი ადამიანები განაცვიფრა. ერთერთი მათგანი პატრიარქთან მივიდა და უთხრა – „მღვდელმა, რომელიც ლიტურგიამდე საუზმობს, თავისი შესამოსელი მზის სხივზე დაკიდა!“ პატრიარქმა კაბინეტში მოიხმო იგი და გამოკითხვა დაუწყო: – „აბა, მიამბე, როგორ მიდის შენი ცხოვრება, ხშირად წირავ, როგორ ემზადები წირვისათვის?“ ეს მღვდელი პასუხობს: – „აი, როგორ: ჯერ ცისკარს წავიკითხავ, მერე მეტანიებს შევასრულებ, მერე ჩაის მოვამზადებ, რაიმე მსუბუქს შევჭამ და მსახურებაზე მივდივარ“. – „რატომ ჭამ ლიტურგიის წინ?“ – ეკითხება პატრიარქი. ღვთისმსახური კი მიუგებს: – „ლიტურგიამდე თუ ცოტას შევჭამ, წმიდა ძღვენის მიღების შემდეგ [6] ქრისტე ზემოთ აღმოჩნდება, მაგრამ თუ წირვის მერე ვჭამ, მაშინ ქრისტე ქვემოთ იქნება“. აღმოჩნდა, რომ იგი ამგვარად ღვთისმოსაობის კარნახით იქცევა. ანუ – კეთილი განზრახვა აქვს. პატრიარქმა უთხრა: – „არა, ეს სწორი საქციელი არ არის, ჯერ წმიდა ძღვენი მიიღე და მერე ჭამე ცოტაოდენი“. მღვდელმა მეტანია შეასრულა და მორჩილებით მიიღო ნათქვამი.
მინდოდა, მეთქვა, რომ მიუხედავად ამ ღვთისმსახურის ასეთი მაღალი სულიერი მდგომარეობისა, მიუხედავად იმისა, რომ იგი სასწაულებს აღასრულებდა, მან შენიშვნა უბრალოებით მიიღო, მასში არ იყო თვითნებობა. საკუთარ ზრახვებზე რომ ყოფილიყო მინდობილი, ასე იტყოდა: – „ეს ვინ არის, რომ მითითებებს მაძლევს მე – ადამიანს, რომელიც ადამიანებსა და პირუტყვს განვკურნავ და სასწაულებს აღვასრულებ! არა, ჩემი ქმედება გაცილებით მართებულია, ახლა რომ ამას მოვუსმინო, ვახშამი ხომ ზემოდან დააცვივდება ქრისტეს“.
მე მივხვდი, რომ მორჩილება ძალიან ეხმარება კაცს. თვით ის ადამიანიც კი, ვინც დიდი გონებრივი შესაძლებლობებით არ გამოირჩევა, მორჩილების საშუალბით, ბრძნად და ფილოსოფოსად გადაიქცევა. კაცი, ჭკვიანი იქნება ის თუ – სულელი, ჯანმრთელი თუ სნეული (სულიერად თუ ხორციელად), თუკი – ზრახვებისაგან გატანჯული – მორჩილებას გამოავლენს, იგი გათავისუფლდება ამ მტანჯველი ზრახვებისაგან. მორჩილება – ეს გათავისუფლებაა.
ყველაზე დიდი ეგოისტი ისაა, ვინც საკუთარი ზრახვების მიხედვით ცხოვრობს და არავის არაფერს ეკითხება. ასეთი ადამიანი თავს ინადგურებს. თუ კაცი თვითნებაა, თვითდარწმუნებული და თვითმაამებელი, რაც არ უნდა გონიერი და ჭკვიანი იყოს, ის გამუდმებით იტანჯება. დაბნეულია, თვითონვე იკრავს ხელ-ფეხს, სულ ახალი და ახალი პრობლემების წინაშე დგება. იმისათვის, რომ გზა იპოვოს, მან გული მოძღვარს უნდა გაუხსნას და სიმდაბლით ითხოვოს მისგან შემწეობა. მაგრამ ბევრი მოძღვრის მაგიერ ფსიქიატრთან მიდის. თუ ფსიქიატრი მორწმუნე აღმოჩნდება, მაშინ მას მოძღვართან მიიყვანს, ურწმუნო კი იმით შემოიფარგლება, რომ რამენაირ აბებს მისცემს. თუმცა თავისთავად აბები პრობლემას ვერ გადაჭრის. იმისათვის, რომ ადამიანებმა სწორი დამოკიდებულება შეარჩიონ იმასთან დაკავშირებით, რაც მათ ემართებათ, იმისათვის, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს და აღარ დაიტანჯონ, მათთვის სულიერი შეწევნა აუცილებელია.
[1] - წმ. მღვდელმოწამე კვიპრიანეს ხსენება 2 ოქტომბერსაღესრულება.
[2] - წმ. ღირსი მოსე შავის ხსენება 28 აგვისტოს აღესრულება.
[3] - ღირსსახსოვარი თხრობანი წმიდა და ნეტარ მამათა მოღვაწეობის შესახებ.
[4] - ფს. 149.
[5] - მათ. 14, 28 – 31, 5.
[6] - ერისკაცთა ზიარების, ლიტურგიის განტევების და ანტიდორის გაყოფის შემდეგ წმ. ბარძიმიდან დარჩენილ წმ. ძღვენს მიიღებს.