მამა პაისი მთაწმინდელი

ზრახვების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

– წმიდაო მამაო, მსმენია, რომ იტალიასთან ომის დროს ბერძნები ცდილობდნენ, ჯერ მოწინააღმდეგის სიმაგრეები გაენადგურებინათ და შეტევაზე მერე გადასულიყვნენ.

– ამგვარივე საშუალებებით მოქმედებს ეშმაკი. ანუ, იმ მოწინააღმდეგის მსგავსად, რომელიც თვითმფრინავიდან უშენს ყუმბარებს მტრის სიმაგრეებს, რათა გაანადგუროს ისინი, შემდეგ კი საარტილერიო შეტევას წამოიწყებს. ეშმაკი ჯერ ზრახვებით დაცხრილავს ადამიანის გულს, შემდეგ კი პირდაპირ ესხმის მას თავს. ეშმაკი თავს ისე არ დაესხმის კაცს, თუ თავდაპირველად მის ზრახვებს არ გარყვნის, კეთილი ზრახვები ხომ იცავს ადამიანს, ისინი მისი „სანგარია“.

„მემარცხენე“ ზრახვა – ეს უცხო სხეულია და ადამიანი მის მოშორებას უნდა ცდილობდეს. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია, ამ ბრძოლაში ჩაებას, თავს ვერავინ გაიმართლებს იმით, რომ სუსტია და ბრძოლის ძალა არა შესწევს. კეთილი განრზრახვა ხომ წერაქვი ან ურო არ არის, რომ სუსტი ადამიანი მას ვერ მოერიოს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელები უკანკალებს. ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი კეთილად დავინახო. რატომ უნდა მივაქციო ყურადღება რაღაც სიმახინჯეებს?! სინამდვილეში ხომ შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ადამიანი ასე თვითრჯულობის გამო კი არ იქცევა, არამედ საგანგებოდ იმისათვის, რომ თავი დაიმდაბლოს.

– წმიდაო მამაო, მე კი სულ „მემარცხენედ“ და „მემარცხენედ“ „მიმუშავებს“ გონება და ეს ძალიან მაწუხებს. ბრძოლით კი ვიბრძვი, მაგრამ „მარჯვნივ მობრუნება“ არ შემიძლია.

– თუ შენ გაწუხებს ისინი და მათ განდევნას ცდილობ, ეს უკვე გარკვეული წინსვლაა. თუ წარმატების მიღწევა გსურს, მაშინ, როდესაც მაცდური „მემარცხენე“ აზრებით გესხმის თავს, გიბიძგებს, რომ მისკენ შებრუნდე, ამ დროს საჭე მთელი ძალით შემოატრიალე საწინააღმდეგო მიმართულებით, მტერს კი ნურავითარ ყურადღებას ნუ მიაქცევ. სცადე, რომ საკუთარ თავში დანერგო კეთილი აზრები, როგორც უფროსი, ისე უმცროსი დების მიმართ, რომლებიც საკუთარი შინაგანი ღვაწლით არიან დაკავებულნი. ეშმაკი ხომ იმისთვის რყვნის შენს აზროვნებას, რომ შენი სულიერი ზრდა შეაჩეროს. საკუთარი ზრახვები რომ არგიშლიდნენ ხელს, წინ გიგანტური სულიერი ნაბიჯებით ივლიდი. მთელი სულიერი ცხოვრება ზრახვებზეა დამოკიდებული. ზრახვებზეა დამოკიდებული წარმატებები სულიერ ცხოვრებაში.

– წმიდაო მამაო, რა დაგვეხმარება „მემარცხენე“ ზრახვებთან ბრძოლაში?

– საკუთარი თავის მიმართ სიფხიზლე და გამუდმებული ლოცვა. როდესაც საკუთარ თავს ფხიზლად მეთვალყურობ, ფრთხილად იქცევი და კეთილ ზრხვებს ამუშავებ. მაგალითად, როდესაც ფინჯანს ხედავ, ფიქრს იწყებ წმიდა ბარძიმზე, საიდუმლო სერობაზე, ქრისტეზე. მაგრამ თუ სულიერად ფხიზლადარა ხარ, შესაძლოა, გონება უამრავ არასულიერ, ან – პირდაპირ ცოდვილ საგანზე გაგექცეს, ამიტომ შეეცადე, რომ საკუთარ თავში არ შეაგროვო აზრების „ნაგავი“, იმიტომ, რომ მერე ამ ზრახვების განსადევნად მცირეოდენი ძალისხმევა აღარ იკმარებს. იკითხე იესოს ლოცვა და სულიერად მობილიზებული იყავი, თუ გონება სადღაც გაგექცევა, კვლავ უკან დააბრუნე ის. გამუდმებით აკეთე ეს, გონებას ტრიალის საშუალებას ნუ მისცემ. თუკი გონება გამუდმებით იმყოფება არა პირდაპირ ცოდვილი აზრების სფეროში, არამედ – ნეიტრალური საგნების ირგვლივ ტრიალებს, ეს ნეიტრალური საგნები იტაცებენ მასდა მის „ნეიტრალიზებას“ ახერხებენ. სწორედ ამ დროს იფლანგება იგი ამაოდ. ამასთან, დაბნეულობის შედეგად შობილი აზრები გაცილებით მზაკვარია, ვიდრე – აშკარად ბოროტი აზრები. პირველთ ხომ, როგორც წესი, ვერ ამჩნევენ და ამიტომ, არც ცდილობენ მათ თავიდან მოშორებას.

– წმიდაო მამაო, ზრახვა მეუბნება: „შენ უკვე ამდენი წელია ცხოვრობ მონასტერში და არანაირი წარმატებისთვის არ მიგიღწევია“.

– მოდი, ერთი მეც მომასმენინე ამას როგორ გეტყვის! თქვენ მეტისმეტად ბევრს უსმენთ ეშმაკს, რა ადვილად გატრიალებთ თითის გარშემო! რატომ უჯერებთ ეშმაკს? რატომ კარგავთ წონასწორობას? დამშვიდდით! ტყუილად ბრაზობთ და ტყუილად გამოდიხართ მდგომარეობიდან, ეშმაკი ილუზიონისტს ჰგავს, ყველაფერს შეცდომილად გაჩვენებთ, ის თავბრუს გახვევთ ბნელი, პესიმისტური აზრებით, რომ დრო წაგართვათ და ლოცვას მოგწყვიტოთ, ასევე – ყურადღება მოგიდუნოთ და მორჩილება დაგათმობინოთ. თუ მცირედ მაინც გამოუვა ის, რომ გონება აგიბნიოთ და მასთან ბრძოლის განწყობილება დაგაკარგინოთ, ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ იგი წინ წავიდეს და ახალი სიმაგრეები დაიკავოს. თუ განმარტოებით შრომობ, ეცადე, ეს წესი დაიცვა: იგალობე რომელიმე საეკლესიო საგალობელი, ადიდე ღმერთი, გულითა და ხმით აღავლინე იესოს ლოცვა. ეს საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ გონების განბნევას გაექცე, ანუ – საჭიროა, ცვალო თემები, თუკი ეშმაკი ახერხებს თემების შეცვლას, შენ მითუმეტეს უნდა შეძლო ეს. ადრეც მითქვამს თქვენთვის, რომ ზოგჯერ მომსვლელთან საუბრისას, სწორედ იმ წუთებში, როდესაც მას რაღაც მისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო უნდა ვუთხრა, ვიღაც შემოდის და ჩემს ყურადღებას იქცევს ასეთ დროს ხმაური, ან რაღაც ამის მსგავსი იპყრობს ჩვენს ყურადღებას, იმისათვის რომ იძულებულნი გავხდეთ და საუბარი შევწყვიტოთ. მაგრამ თუკი მაცდური ფიქრობს ამდენს და ასეთ გეგმებს ხლართავს, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ მასთან დაპირისპირება?! ჭკვიანურად მოიქეცითთა ეშმაკი ხახამშრალი დატოვეთ!

– წმიდაო მამაო, მწუხარება და მოწყინება მტანჯავს, ნამდვილ სატანჯველს განვიცდი.

– აბა უყურეთ, მისთვის ტანჯვა ჯერ არავის დაუვალებია და ეს უკვე იტანჯება! შენ გაქვს თვითშთაგონება, „მემარცხენე“აზრები უკვე შენს მდგომარეობად იქცა და ამიტომ იტანჯები, ახლა „მემარჯვენე“ აზრები გჭირდება. შენ სულიერ წარმოებაში მზაკვრული მექანიზმების რეკონსტრუირება უნდა მოახდისო, რათა ისინი კეთილად იქცეს. ყველაზე გამოსადეგი წარმოებაა ადამიანისათვის ესაა „კეთილი ზრახვების“ ფაბრიკის გახსნა. მაშინ შენი გონება ყველაზე ცუდსა და საძაგელსაც კიკეთილად გარდაქმნის. როდესაც ადამიანის სულს დაინახავ და მასში ანგელოზს აღმოაჩენ, შენც ანგელოზის მსგავსად ზეცაში ამაღლდები. ასეთ შემთხვევაში შენი ცხოვრება ზეიმად, დღესასწაულად იქცევა. მაგრამ თუ ადამიანში მხოლოდ ხრწნადობას ხედავ, თვითონაც ჯოჯოხეთურ ტანჯვას განიცდი.

– წმიდაო მამაო, ხდება, რომ კეთილ ზრახვებს ავამუშავებ, მაგრამ მალევე მოდის „მემარცხენე“ ზრახვები და მთელი ჩემი კეთილი მცდელობა იფუშება, შესაძლოა იმიტომ, რომ კეთილი ზრახვები გულიდან არ მოდის?

– ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ შენი კეთილი ზრახვები გულიდან მოდიოდეს, ხოლო თუ „მემარცხენე“ აზრი შემოგიტევს, თქვი: „ეს რაღაც გარე აზრია, უნდა განვდევნო, საკითხი დახურულია და განსჯას არ ექვემდებარება“.

– წმიდაო მამაო, ხდება, რომ დიდი წვალებით განვდევნი „მემარცხენე“ ზრახვას, მერე კი კვლავ უკან ბრუნდება, ასეთი რამ რატომ ხდება, თუკი „საკითხი დახურულია“?

– აი ასე, საკითხი კი დახურულია, მაგრამ მაცდური არ იხურება და მუშაობას აგრძელებს. ეშმაკი ცოცხალია, არასოდეს კვდება. ერთი მოხუცი ბერი მიამბობდა: „ძაღლს რომ ერთი-ორჯერ მოსცხებ, გარბის, ეშმაკი კი არ გარბის – თავისაზე დგას, აი, ამისთანა სინდისგარეცხილია! წასვლა რომ ვაიძულო, ჩემი სენაკის მფარველი წმიდანის ხატის წინაშე ვანთებ სანთელს, ეშმაკები კი მეუბნებიან: „ეს ჩვენ დაგვინთე სანთელი?“ – „აი თქვე მაცდურებო, – ვეუბნები – თქვენ რად დაგინთებდით?!“ – „დიახაც, – მომიგებენ ხოლმე – შეიძლება, ჩვენთვის არ დაანთე, მაგრამ ჩვენ გაიძულეთ“.

– წმიდაო მამაო, ღმერთი დაეხმარება იმ ადამიანს, რომელიც, დაბრკოლებასთან შეხვედრისთანავე, იწყებს დრტვინვას: „ღმერთო ჩემო, რაღა მე დამემართა ასე?!“

– აბა, ასეთ ადამიანს როგორ დაეხმარება?! საფუძველი ის არის, რომ ადამიანმა ყოველივე კეთილი ზრახვით განმარტოს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ნახავს ის სარგებელს, ზოგიერთ ადამიანს (და მის სულიერ ავტომობილს) კარგი ძრავა აქვს, მას ბევრი შესანიშნავი პირობა აქვს სულიერი ცხოვრებისათვის, მაგრამ საჭეს იქით არ ატრიალებს, საითაც საჭიროა, თუკი ის ოდესმე კეთილი ზრახვებისაკენ მიმართავს საჭეს, მაშინ ეს ადამიანი საჭირო კურსის არჩევასა და სწრაფ წინსვლას შეძლებს.

 

კეთილი ზრახვების გამომუშავება

– წმიდაო მამაო, კეთილი ზრახვები თავისთავად მოდის თუ უნდა გამოვიმუშავოთ ისინი?

– ისინი უნდა გამოიმუშავოთ. საკუთარ თავს უნდა დააკვირთეთ, გააკონტროლოთ ის. როდესაც მტერი ცუდ, ბოროტ ზრახვებს მოგიტანს, უნდა ეცადო, განდევნო და კარგი, კეთილი ზრახვებით შეცვალო. თუ ამგვარად იღვაწებ, თავადვე შეიმუშავებ საკუთარ შინაგან განწყობილებას და კეთილად აქცევ მას. მაშინ, როდესაც შენს კეთილ განწყობას ნახავს, ღმერთი გულმოწყალებით გადმოგხედავს და დაგეხმარება, რის შედეგადაც ავი ზრახვები შენში ადგილს ვეღარ იპოვიან. ისინი წავლენ და კეთილი ზრახვები შენს არსებაში უკვე სრულიად ბუნებრივად დაიმკვიდრებენ ადგილს. ამგვარად, კეთილ ჩვევებს გამოიმუშავებ, გულში კი სიკეთე დამკვიდრდება. და მაშინ კი შესძლებ შენს შინაგან ტაძარში მიიღო ზეციური სტუმარი – ქრისტე. თუმცა ეს ერთი-ორი დღის საქმე როდია, საჭიროა დრო და განუწყვეტელი ბრძოლა იმისათვის, რომ სული გამარჯვების გვირგვინით შეიმკოს. როდესაც ეს აღესრულება, მაშინ ბრძოლა საბოლოოდ დამთავრდება. თავისთავად ბრძოლა ხომ საკუთარი ზომაგადასული შინაგანი განხეთქილების გამოვლინებაა, რომლითაც მტერი სარგებლობს.

– წმიდაო მამაო, ესე იგი, კეთილად მზრახველმა ადამიანებმა ამ მდგომარეობას ბრძოლით მიაღწიეს?

– ეს თვით ადამიანზეა დამოკიდებული. ზოგს სულიერი ცხოვრების დასაწყისშივე კეთილი ზრახვები აქვს და წინ მიიწევს, სხვები, თავდაპირველად კეთილი ზრახვები რომ ჰქონდათ, სიფხიზლეს კარგავენ და „მემარცხენე“ ზრახვებით იძლევიან. სხვებს თავდაპირველად კი აქვთ „მემარცხენე“ ზრახვები, მაგრამ საკუთარ თავს დიდი სიფრთხილით ეპერობიან, ახსოვთ, რამდენჯერ დაუცდათ ფეხი და ამიტომ საკუთარ თავს უნდობლობას უცხადებენ. შედეგად კეთილ ზრახვებს მოიხვეჭენ. ერთსადა იმავე ადამიანს შესაძლოა, ზრახვების ნახევარი კეთილი ჰქონდეს და ნახევარი – ბოროტი. ზოგში შესაძლოა, კეთილმა ზრახვებმა გაიმარჯვონ, ზოგში – ბოროტმა. მაგალითად, ადამიანი ბერობას აპირებს. იმისდა მიხედვით, თუ რა მდგომარეობასა და პირობებში ცხოვრობდა იგი ერში, მას სხვადასხვაგვარი კეთილი და ბოროტი ზრახვები ექნება: შესაძლოა, ათი, ოცი, ან სულაც სამოცდაათი პროცენტი მისი ზრახვებისა „მემარცხენე“ იყოს. სულიერი შრომის და საკუთარი თავის კონტროლის დაწყებისთანავე ასეთი ადამიანი ბოროტი ზრახვების განდევნასა და კეთილის შემუშავებას ცდილობს. ამ მცდელობის განმავლობაში, იგი გარკვეული ხნის შემდეგ აღწევს იმას, რომ მხოლოდ კეთილი ზრახვები აქვს. ბოროტი ზრახვების განსადევნად საჭირო დროის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დიდიხანს ატარებდა იგი ბოროტ ზრახვებს ერში. გარკვეული პერიოდის შემდეგ კეთილი ზრახვები ასევე თანდათანობით ქრება და ადამიანს რაღაცნაირი სიცარიელის გრძნობა იპყრობს, ამ ეტაპზე მას აღარც კეთილი და აღარც ბოროტი ზრახვები აღარ აქვს და ამ მდგომარეობას მის არსებაში გარკვეული შფოთი შემოაქვს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი იგი იწყებს კითხვების დასმას: – „რა არის ეს? რა ხდება ახლა? თავდაპირველად ბოროტი ზრახვები მქონდა, მაგრამ მათ დამტოვეს, ადგილი კეთილ ზრახვებს დაუთმეს, ახლა კი საერთოდ აღარანაირი ზრახვები აღარ მაქვს, – არც ცუდი და არც – კარგი“. ყოველივე ამის შემდეგ კი დაცარიელებულ გონებას საღმრთო მადლი ავსებს და საღმრთო განათლება მოდის.

– წმიდაო მამაო, და რას ნიშნავს ეს – საღმრთო მადლით აღვსება?

– იმ ადამინისათვის, ვისაც ვარსკვლავიც კი არ უნახავს, ძალიან ძნელია ახსნა იმის, – მზე რანაირია, ვინმეს მზე რომ დაახლოებით მაინც წარმოადგენინო, ამისათვის მას ვარსკვლავი მაინც უნდა ჰქონდეს ნანახი.

– წმიდაო მამაო, როგორ მიიღწევა თქვენს მიერ აღწერილი სიცარიელის განცდა?

– ამაში ეხმარება სულიერი საკითხავები, განუწყვეტელი ლოცვა, მდუმარება, ღვთისმოსაური ღვაწლი – ასკეზი. ადამიანი, რომელიც მხურვალედ იბრძვის ბოროტი ზრახვების წინააღმდეგ, შეძლებს, გაცილებით უკეთეს მდგომარეობას მიაღწიოს, ვიდრე ის, ვისაც ბოროტი ზრახვები თითქმის არ ჰქონია. ანუ, ისეთმა ადამიანმა, რომელსაც მოღვაწეობის დასაწყისში ოთხმოცდაათი ბოროტი და ათი კეთილი სრახვა ჰქონდა, შესაძლოა, მოიპოვოს უმეტესად აღმატებული სულიერი მდგომარეობა, ვიდრე იმან, ვისაც ოთხოცდაათი კეთილი და ათი ბოროტი ზრახვა ჰქონდა.

 

გონებისა და გულის განწმენდა

– წმიდაო მამაო, როგორ ხდება გონებისა და გულის განწმენდა?

– უკვე გითხარით, იმისათვის, რომ გონება და გული განიწმინდოს, არ უნდა მივიღოთ ის მზაკვარი აზრები, რომელიც მაცდურს მოაქვს ჩვენთვის, ამასთან არც ჩვენ თვითონ უნდა ვაზროვნებდეთ მზაკვრულად. ყოველთვის კეთილი ზრახვების ამუშავებას უნდა ვცდილობდეთ, არ უნდა გვაცდუნოს სხვების ნაკლოვანებებმა და მათ შეცდომებს შემწყნარებლურად, სიყვარულით უნდა შევხედოთ. როდესაც კეთილი ზრახვები მრავლდება და ადამიანის სული განიწმინდება, ის ღვთისმოსაობითა და სიმშვიდით მოქმედებს. ასეთი ადამიანის ცხოვრება სამოთხედ გარდაიქმნება, სხვა შემთხვევაში ის ყველაფერს ეჭვის თვალით უცქერის და ცხოვრებაც ჯოჯოხეთის სატანჯველად ექცევა.

იმისათვის, რომ განვიწმინდოთ, შრომაა საჭირო. შეიძლება, საკუთარი სულიერი მდგომარეობის უწმინდურობის აღიარება შევძლოთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ მაცდურის ზრახვებს არ შევიწყნარებთ, თუ თავადაც მზაკვრობას არ განვიზრახავთ და ყოველივე იმის მიმართ, რასაც გვეუბნებიან, ან – რასაც ვხედავთ, კეთილ ზრახვებს ავამუშავებთ, მაშინ გონება და გული განიწმინდება. რა თქმა უნდა, თავისი მზაკვრული „დეპეშების“ დროდადრო გამოგზავნას მაცდური არ შეწყვეტს, ეშმაკის საცდურის ისრები იმ შემხვევაშიც კი არ შეწყვეტენ ზუზუნს, თუ სრულიად გავთავისუფლდებით საკუთარი ზრახვებისაგან, მაგრამ, გულგანწმენდილებს ეშმაკის ბრძოლა ვეღარაფერს დაგვაკლებს.

– წმიდაო მამაო, ლოცვა გონების გაწმენდას ხელას უწყობს?

– მხოლოდ ლოცვა საკმარისი არ არის, ვიღაცამ შესაძლოა, ლოცვის დროს ერთი კილო საკმეველი აკმიოს, მაგდამ, თუ გონება სხვათა შესახებ მზაკვრული აზრებითაა სავსე, ლოცვა მას არანაირ სარგებლობას არ მოუტანს. გონება გულს უგზავნის დეპეშას და ადამიანი მხეცად გადაიქცევა. ღმერთს სურს, რომ ჩვენ „გული წმიდა“ [1] გვქონდეს, ხოლო გული წმიდაა მაშინ, როდესაც სხვათა შესახებ ბოროტ ზრახვებს ჩვენში შემოსვლის ნებას არ ვაძლევთ.

– წმიდაო მამაო, ადამიანმა ჯერ თვითონ უნდა აამუშაოს კეთილი ზრახვები და ღმერთი მხოლოდ ამის შემდეგ დაეხმარება?

– აბა შეხედე: ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ნება იმისა, რომ ღვთის შეწევნა ითხოვოს, თუ კეთილ ზრახვებს თავისი ნებით აამუშავებს. კეთილი ზრახვით ადამიანი თავის მზაკვარ გულს განსწმენდს. მართლაცდა, „გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყვანი ბოროტნი“ [2] და „ნამეტნავისაგან გულისა იტყვინ პირი მისი“ [3]. მაგრამ გარდა იმისა, რომ კეთილი ზრახვების ამოქმედებით ადამიანი გულს განიწმენდს, მას საზღაურსაც მიუზღავს ღმერთი.

 

ეჭვიან ზრახვებს კითხვის ნიშნები დავუსვათ

– წმიდაო მამაო, როგორ შევძლო ეჭვის განდევნა?

– დარწმუნებული კი ხარ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც შენ წარმოგიდგენია?! რაკიღა, როგორც წესი, ყველაფერში ცუდს ხედავ, ყოველ შენს ზრახვას კითხვის ნიშანი დაუსვი. და გარდა ამისა: იმისათვის, რომ საკუთარმა აზრმა არ გაცდუნოს, სხვათა შესახებ კეთილი ზრახვები აამოქმედე. თუ საკუთარ მოსაზრებებს, ერთს კი არა, არამედ – ორ კითხვის ნიშანს დაუსვამ, კიდევ უფრო კარგს იზამ. ხოლო, თუ – სამს, ეს მთლად უკეთესი იქნება. ასეთი საქციელი დამამშვიდებელი და სასარგებლო იქნება შენთვის. და არა მარტო საკუთარ თავს მოუტან სარგებლობას, არამედ – სხვებსაც. სხვაგვარად, როდესაც „მემარცხენე“ ზრახვებს იწყნარებ, შენ შფოთავ, ღელავ, მრისხანებ და საკუთარ სულს აზიანებ. თუკი ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, კეთილი ზრახვებით შეხედავ, დროთა განმავლობაში ნახავ, რომ საქმე სწორედ ისე ყოფილა, როგორც მაშინ დაინახე, როდესაც კეთილი ზრახვები აამოქმედე. ერთ ამბავს მოგიყვები იმისათვის, რომ მიხვდე, თუ რა შეუძლია „მემარცხენე“ ზრახვას: ჩემთან სენაკში ერთი ბერი მოვიდა და მითხრა: – „ბერი ხარლამპე [4] ჯადოქარია, თვითონ ვნახე, როგორ ჯადოქრობდა“. – „რას ამბობ, მრუდედ რომ ხედავ, იმის ბრალია, როგორ არ გრცხვენია ასეთი რამის თქმისა!“ – დავტუქსე მე. – „ასეა, ასე! – დაიჟინა მან, – თვითონ ვნახე, ერთხელ, მთვარიან ღამეში ბერი როგორ ბღაოდა: „ბეეე ბეეე“ და თანაც რაღაც დიდი მოწნული ბოთლიდან ბუჩქებში სითხეს ღვრიდა!“ რაღას ვიზამდი?! თავისუფალი დღე გამოვნახე და ბერი ხარლამპეს სენაკში წავედი. ვეკითხები: – „მამა ხარლამპე, როგორ ხარ, როგორ ცხოვრობ, შენი საქმეები როგორ მიდის, რას აკეთებ ხოლმე? აქ ერთს დაუნახიხარ, რომ დიდი ბოთლიდან ბუჩქებში რაღაცას ღვრიდი და თანაც ბღაოდი“. ბერმა დამანახა: – „იქ, ნერგებში, რამოდენიმე შროშანი ხარობს, სწორედ იმათ ვრწყავდი, ჯერ ვიგალობებდი: – „გიხაროდენ სძალო უსძლოო!” – და ერთ ყვავილს მოვრწყავდი, მერე ისევ ვიგალობებდი: – „გიხაროდენ სძალო უსძლოო! – და ახლა მეორეს დავასხამდი ცოტაოდენ წყალს, მერე ისევ ავავსებდი ბოთლს, ვბრუნდებოდი ყვავილებთან და მორწყვას განვაგრძობდი“. ხედავ, რა ხდება?! ვიღაცამ კი ყოველივე ეს დაინახა და ბერი ჯადოქრად ჩათვალა.

რაოდენ კეთილი ზრახვები აქვს ზოგიერთ ერის ადამიანს! სხვები კი – საცოდავები – როგორ იტანჯებიან ისეთი საგნების გამო, რომელთა მსგავსი ბუნებაში არ არსებობს და რომდებსაც ეშმაკიც კი ვერ მოიფიქრებდა! ერთხელ, როდესაც საშინელი, ხანგრძლივი გვალვის შემდეგ წვიმა წამოვიდა, ჩემი გული ისეთი მადლიერებით აღივსო ღვთისადმი, რომ საკუთარ სენაკში მჯდომი აღტაცებული ვიმეორებდი: – „ღმერთო, მილიონ, მილიარდ მადლობას გწირავ!“ არ ვიცოდი, რომ ამ დროს სარკმელთან ერთი ერისკაცი იდგა და მისმენდა. მერე, როდესაც შემხვდა, მითხრა: – „მამაო, მაშინ რომ მოგისმინე, დავბრკოლდი. მესმოდა ეს „მილიონები“ და „მილიარდები“ და მეტი არაფერი, ამიტომ ვიფიქრე: –,,აი, თურმე რა ხილი ყოფილა ეს ჩვენი მამა პაისი“ და როგორ ამეხსნა მისთვის?! მე ღმერთს წვიმისთვის ვწირავდი მილიონ, მილიარდ მადლობას და იმას კი ეგონა, რომ ფულს ვითვლიდი. მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ღამით ჩემს გასაქურდადაც დაეპირებინა მოსვლა! პირველ რიგში კი მე დამადგებოდა შავი დღე, მაგრამ ისიც რომ ვერაფერს იპოვიდა!

ერთხელ ავადმყოფი ბავშვის მამა მოვიდა ჩემთან, მე ის სენაკის ეკლესიაში შევიყვანე, მისი უბედურება მოვაყოლე და დახმარების სურვილით ვუთხარი: – „იმისათვის, რომ შვილი გამოგიჯანმრთელდეს, შენც უნდა გააკეთო რაიმე, მაგრამ რა? მეტანიებს შენ არ ასრულებ, მარხვას არ იცავ, ფული, იმისათვის, რომ მოწყალება გასცე, არა გაქვს, ამიტომ ღმერთს ასე მიმართე: – „ღმერთო ჩემო, მე არაფერი მაქვს ისეთი, რასაც შესაწირად გაკადრებდი ჩემი შვილის ჯანმრთელობისათვის, მაგრამ იმას მაინც შევეცდები, რომ მოწევა მივატოვო“. ამ სიტყვებმა იმოქმედა უბედურ მამაზე და მან აღმითქვა, რომ ჩემს რჩევას გაითვალისწინებდა. ვიდრე მას სენაკიდან გავისტუმრებდი, ურდულის გასაღებად მივბრუნდი, მან თურმე ჯიბიდან ამოიღო სანთებელა და სიგარეტი და ტაძარში, მაცხოვრის ხატთან დადო. ეს მე არ შემინიშნავს. შემდეგ ჩემთან ერთი ყმაწვილი მოვიდა რაღაცის სათქმელად, საუბრის შემდეგ სენაკიდან გასვლასაც არ დაელოდა, სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. – „ყმაწვილო, აქ მოწევა არ შეიძლება, სადმე, შორს წადი და იქ მოსწიე“, – ვუთხარი მე. – „შენთან ეკლესიაში მოწევა კი შეიძლება? მომიგო პასუხად. ეკლესიაში სიგარეტისა და სანთებელის დანახვაზე ამ ბიჭმა იფიქრა, რომ მე ვეწევი. არც მიფიქრია მისი გადარწმუნება, ისე წავიდა, რომ შეხედულება არ შეუცვლია. კარგი, ვთქვათ, ვეწევი კიდეც, განა ამას ტაძარში გავაკეთებდი?! ხედავთ, რა არის მცდარი აზრი?!

– წმიდაო მამაო, რა სახით ვნებს სულს ეჭვიანობა და უნდობლობა?

– რაც ეჭვიანობაა, ზიანიც იგივე მოაქვს. ხოლო უნდობლობას სულიერი სნეულება, გამოფიტვა მოსდევს.

– როგორ განიკურნება ეს ავადმყოფობა?

– კეთილი ზრახვებით.

– წმიდაო მამაო, თუკი ადამიანი ერთხელ ნახავს, რომ მისი ეჭვი არ გამართლდა, არ დადასტურდა, განა ეს არ დაეხმარება, რომ თავისი შეცდომა გააცნობიეროს?

– ერთხელ თუ არ გამართლდა, მისთვის ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, მაგრამ ორჯერ თუ შეცდა, უკვე სერიოზულაად დაშავდება. სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ ხომ მძიმედ ვცოდავთ, თუ საქმე სინამდვილეში ისე კი არ არის, როგორც წარმოგვედგინა, არამედ, თუნდაც – სულ ოდნავ ვცდებით. მახსოვს, თანაცხოვრებულთა მონასტერში რომ ვცხოვრობდი, მოხუცი ბერი დოროთე დიდ მარხვაში ყაბაყებს წვავდა, ერთმა ძმამ როდესაც დაინახა, რომ ბერი ყაბაყებს ტაფაზე აწყობდა, გადაწყვიტა, თავისი შთაბეჭდილებები ჩემთვის გაეზიარებინა: – „წამო ერთი, გავერთოთ, მამა დოროთე თევზს წვავს! აი, ამხელა დიდრონი თევზებია“ – „რას ამბობ, შეუძლებელია! – მივუგე მე – მამა დოროთე დიდ მარხვაში თევზს როგორ შეწვავს?!“ – „ძალიანაც შესაძლებელია, – დაიჟინა მან – ჩემი თვალით ვნახე, როგორ წვავდა“. მამა დოროთე ათონის მთაზე 15 წლის ბიჭი მოვიდა და ძმებისთვის ღვიძლი დედასავით იყო. როცა ნახავდა, რომ რომელიმე ბერი ჯანმრთელობას უჩიოდა, ეტყოდა: – „აქ მოდი, საყცარელო, ერთი საიდუმლო უნდა გაგანდო, – და ავადმყოფს ტახინით [6], ბერძნული კაკალით და ამდაგვარი რამეებით ანუგეშებდა, მოხუც ბერებზეც ასევე ზრუნავდა. რას ვიზამდი? მივდივარ მამა დოროთესთან და ვხედავ, რომ ყაბაყებს წვავს მონასტრის საავადმყოფოსათვის!

– წმიდაო მამაო, მაშინ როგორღა მოვიქცეთ თუ ეჭვი საქმით დადასტურდა?

– ასეთი ეჭვი ერთხელ კიდეც რომ გამართლდეს და დადასტურდეს, განა ეს იმას ნიშნავს, რომ მსგავსი ეჭვები გამუდმებით გამართლდება? გარდა ამისა, საიდან იცი: შესაძლოა, ღმერთმა ამ ეჭვის დადასტურება იმიტომ დაუშვა, რომ ადამიანისათვის, რომელზედაც ეჭვი გქონდა, სიმდაბლის მაგალითი მიეცა?!

რაღა თქმა უნდა, თავად ჩვენც დიდი სიფრთხილე გვმართებს. ხალხს მცდარი დასკვნების გამოტანის საშუალება არ უნდა მივცეთ, მაგალითად, თუ ვინმეს შენზე მცდარი, „მემარცხენე“ აზრი გაუჩნდა, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს, როგორც პირადადმისი არაკეთილგანწყობა, ასევე ისიც, რომ ამგვარად ფიქრის მიზეზი მას შენ მიეცი. მაგრამ, თუ ადამიანი შენზე – მიუხედავად შენი სიფრთხილისა – ფიქრობს ცუდს, მაშინ ღმერთს მადლობა შესწირე და მისთვის ილოცე.

 

ზრახვებთან საუბარი

– წმიდაო მამაო, როდესაც ამპარტავნული ზრახვები მომეძალება, საშინელ ტანჯვას განვიცდი.

– შენ რა, ასეთ ზრახვებს საკუთარ თავში დიდხანს აჩერებ ხოლმე?

– დიახ.

– რატომ აკეთებ ამას? კარი მიუხურე მათ. თუ ასეთ აზრებს შენში ინახავ, ეს გვნებს, ზრახვა ქურდის მსგავსად შემოდი სშენში, შენ კარს უღებ მას, შეგყავს სახლში, საუბარს გაუბამ, მერე კი ის გაგძარცვავს. განა შეიძლება საუბრის გაბმა ქურდთან? მასთან არა მარტო საუბარს უნდა გაექცე, არამედ, კარიც მჭიდროდ უნდა ჩაურაზო, რომ შინ არ შემოვიდეს. კარგი, ვთქვათ, არ საუბრობ ზრახვებთან, ან შიგნით რად უშვებ მათ? მაგალითს მოგიტან: ვთქვათ, აზრად მოგივიდა, რომ შენ შეგიძლია, გახდე იღუმენია, იმას კი არ ვგულისხმობ, თითქოს მართლა ასეთი აზრები გაქვს, მაგრამ მაგალითად მომაქვს. მაშ ასე: მოგივიდა ასეთი აზრი, კარგი. როგორც კი მის მოსვლას იგრძნობ, უთხარი მას: – „მშვენიერი რამ არის, გინდა იღუმენიაობა? კარგი: ჯერ საკუთარი თავის იღუმენია გახდი. ამას რომ იტყვი, მაშინათვე შეწყვიტე საუბარი ეშმაკთან, განა მასთან ლაყბობა შეიძლება? აბა ნახე: როდესაც ეშმაკი ქრისტეს გამოსაცდელად მივიდა, ქრისტემ უთხრა მას: – „წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო!” ქრისტემ თუ ამგვარად მიმართა მას, „აბა აქედან დაიკარგეო“, ჩვენ რაღად უნდა გავუბათ საუბარი?!

– წმიდაო მამაო, „მემარცხენე“ აზრებს, მათი წარმომავლობის დადგენის მიზნით თუ გავესაუბრები, ეს ცუდია?

– ცუდი ის არის, რომ შენ ზრახვებს კი არ ესაუბრები, როგორც თვითონ გეჩვენება, არამედ – ეშმაკს. მასთან საუბარში დროს სასიამოვნოდ ატარებ, მაგრამ შედეგად იტანჯები. ასეთ „მემარცხენე“ ზრახვებთან საერთოდ ნუ ისაუბრებ. საბრძოლო ყუმბარა მზად გქონდეს და მაშინვე დაუშინე მტერს, რომ ის მოისრას. ეს ის ყუმბარებია, რომლებიც მაშინვე კი არ ფეთქდება, არამედ – ორი-სამი წუთის შემდეგ. „მემარცხენე“ ზრახვა ამ ყუმბარების მსგავსია: თუ მას მაშინათვე განაგდებ, ვერაფერს დაგიშავებს, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც სიფხიზლეს კარგავ და იესოს ლოცვას მიატოვებ, თავის დაცვა აღარ შეგიძლია. გარეთ მყოფი ეშმაკი „დეპეშას“ გიგზავნის, როცა ამ დეპეშას მიიღებ, კითხულობ მას, იჯერებ, რაც იქ წერია, მერე კი არქივში ინახავ. ეშმაკი აი, სწორედ ამ „დოსიეს“ გახსნის შენი ბრალდებისათვის.

– წმიდაო მამაო, როდის ითვლება „მემარცხენე“ ზრახვის გაჩენა დაცემად?

– აი, შემოდის ზრახვა, შენ კი მას დაუყოვნებლივ განდევნი, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ისტუმრებ და ესაუბრები მას, ეს უკვე დაცემაა. შეიძლება, ასეც იყოს: ვთქვათ ის მოდის, შენ ცოტა ხნით იღებ მას, მაგრამ შემდეგ განდევნი. ეს სანახევრო დაცემაა, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაშიც ივნებ რაიმეს: ეშმაკმა ხომ შენი გონება შებილწა! ანუ ამ უკანასკნელ შემთხვევაში თითქოს ეშმაკისთვის გეთქვას: – „დილა მშვიდობისა, როგორ ხარ? კარგად?! ჩამოჯექი, გაგიმასპინძლდები, რაო? შენ რა ეშმაკი ხარ? მაშინ, მიბრძანდი!“ კი მაგრამ, ხომ ნახე, რომ ეშმაკი იყო, შიგნით რაღად უშვებდი?! მაგრამ რაკიღა უკვე გაუმასპინძლდი, ის კვლავაც მოვა.

 

ზრახვებთან მორიგება

– წმიდაო მამაო, რატომაა, რომ მონასტერში სხვადასხვაგვარ იცუდი ზრახვები მისაფრდებიან, მაშინ, როდესაც ერში ამისთანა რამ არ მემართება? მე თვითონ ვაძლევ მათ ამის ნებას?

– არა, შე ჩერჩეტო, გაუშვი, მოვიდნენ და წავიდნენ, განა თვითმფრინავები მონასტრის თავზე რომ დაფრენენ და სიმშვიდეს გირღვევენ, ამის ნებართვას შენგან იღებენ? იგივე ხდება ზრახვებთან დაკავშირებით. ამ ზრახვებს ეშმაკი ჩაგაგონებს, იმედს ნუ დაკარგავ, ისინი გადამფრენ ფრინველებს ჰგვანან, რომლებიც ცაში მოფრთხიალენი მეტად წარმტაცად გამოიყურებიან, შენ კი პირდაღებული უცქერ და ტკბები. თუმცა, როდესაც ეს ფრინველები ძირს დაეშვებიან, შენს სახლში ბუდეს გაიკეთებენ და ბარტყებს გამოჩეკენ, მთელ სახლს აბინძურებენ.

– მაშ, რატომაა წმიდაო მამაო, რომ ასეთი აზრები მომდის თავში?

– ეს ეშმაკი მუშაობს, მაგრამ თვით შენშიც არის რაღაც მღვრიე ნალექი, რომლის გაწმენდა ჯერაც არ დაგიწყია. მაგრამ თუ ამ ზრახვებს არ მიიღებ, არც პასუხისმგებლობას კისრულობ. მიუშვი ძაღლები, დაე, გიყეფონ და ქვას ნუ დაუშენ მათ, რადგან ვიდრე მათთვის ქვის სროლას არ შეწყვეტ, არც ისინი შეწყვეტენ ყეფას, მერე კი ამ ბევრი ქვისაგან თავისთვის „მონასტერს“ ან სახლს აიშენებენ, – რამდენადაც ამისთვის სამშენებლო მასალა ეყოფათ. ბოლოს უკვე შენთვის აღარ იქნება ადვილი მათი აშენებულის დანგრევა.

– წმიდაო მამაო, როდის ხდება შერიგება ზრახვებთან?

– როდესაც მათ კარამელივით წოვ. შეეცადე, რომ მათით არ დატკბე დიახ – მათით, გარედან შაქრის მინანქარით რომ არიან დაფარულნი, ხოლო, შიგნიდან – მწარე შხამით სავსენი, თორემ შედეგად მწარე იმედგაცრუებას მიიღებ. ადამიანებისაგან ჩვენში დანერგილი ავი ზრახვები დიდი მღელვარების მიზეზი ნუ გახდება. მსგავსი ზრახვები ხომ მხოლოდ ანგელოზებისა და სრულყოფილებამდე ამაღლებული ადამიანებისთვის არის უცხო. მღელვარება მაშინაა გამართლებული, როდესაც ადამიანი მოასწორებს თავისი გულის ნაწილს და ამ აეროდრომზე მიიღებს „ვეტრმფრენებს,“ ანუ – ეშმაკებს. თუკი ასეთი რამ მოხდა, საჭიროა დაუყოვნებლივ აღსარება, აეროდრომის გადახვნა და იქ ნაყოფიერი ხეების დარგვა, რათა გული კვლავ სამოთხის ბაღად გადაიქცეს.

 


[1] - ფს. 50, 12.

[2] - მათ. 15, 19.

[3] - ლუკ. 6, 45.

[4] - ბერი ხარლამპი (1914 – 1998 წწ.) მთაწმიდელი ბერი, მოღვაწეობდა კაპსალში, მამა პაისის თანამედროვე.

[5] - ცნობილი სიტყვები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაუჯდომელიდან, რომელიც ადიდებს მის საღვთო მუცლადღებას, შობასა და უხრწნელ ქალწულებას.

[6] - კუნჟუტისგან დამზადებული ფაფისმაგვარი მასა.

[7] - ლუკ. 4, 8.

[8] - სიტყვათა თამაში: ბერძნულში მგელი, მფრინავი და ვერტმფრენი ერთნაირად გამოითქმის.