მამა პაისი მთაწმინდელი

როგორ უნდა მივიღოთ უსამართლობა

საკუთარ თავში უსამართლობასთან სწორი დამოკიდებულება უნდა გამოვიმუშავოთ

– წმიდაო მამაო, როდესაც უსამართლოდ მექცევიან, გული სრულიად მისასტიკდება.

– იმისათვის, რომ გული არ გაგისასტიკდეს, ნურასოდეს იფიქრებ, ნურც იმაზე, ვინც უსამართლოდ გექცევა, ნურც იმის შესახებ, რამდენად დიდია მისი დანაშაული; არამედ, სჯობს, ის გაიაზრო, თვითონ შენ რამდენად დამნაშავე ხარ. აბა შეხედე: როდესაც ადამიანები ჩხუბობენ, თითოეული მათგანი დარწმუნებულია, რომ სწორედ თვითონაა მართალი. ამიტომაა, რომ ხალხი გამუდმებულ უთანხმოებაშია. მაგალითად ორი კაცი მიდის პოლიციაში და ორივე ირწმუნება: – „მან მცემა!“ მაგრამ არცერთი მათგანი არ იტყვის, რამდენი მოხვდა მისგან მეორეს. თანაც ორივე თავის მოქიშპეს სასამართლოში უჩივის. იმაზე თუ ვიფიქრებთ, რომ ქრისტემ საკუთარ თავზე ყველაზე მეტი უსამართლობა იტვირთა, მაშინ უსამართლობას სიხარულით მივიღებთ. იგი – ღმერთი უდიდესი სიყვარულის გამო ჩამოვიდა მიწაზე და საკუთარი თავი ცხრა თვის განმავლობაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წიაღში გამოამწყვდია. შემდეგ ოცდაათი წლის მანძილზე ცხოვრობდა სრული სიმდაბლით, თორმეტიდან ოცდაათ წლამდე ხუროდ მუშაობდა ებრაელებთან. იცით კი, როგორი ხელსაწყოები იყო მაშინ? იმ დროში ხის ხერხებსა და ხის ღოჯებს იყენებდნენ. მას ფიცრებს უწვდიდნენ და ეუბნებოდნენ – „ეს გააკეთე... ის გააკეთე...“ მაგრამ რ აგასარანდი იყო ეს ფიცრები! აბა, შეეცადე და იმ მოუხერხებელი რკინებით, რომელთაც მაშინ შალაშინის მაგიერ იყენებდნენ, რამე გარანდე! იცით, რა მძიმე შრომა იყო?! ხოლო ამის შემდეგ სამი წელი ტანჯვა! ფეხშიშველმა მოიარა საქადაგებლად მთელი მათი მიწა-წყალი – აღმართი და დაღმართი. იგი განკურნავდა სნეულებს, ბრმებს თვალებს უხელდა, ისინი კი მისგან სასწაულებს ითხოვდნენ. იგი შეპყრობილთაგან ეშმაკებს განდევნიდა, ხოლო უმადური ადამიანები თვით მას უწოდებდნენ ეშმაკეულს. მის შესახებ იმდენი წინასწარმეტყველება და წინაუწყება არსებობდა, იგი იმდენ სასწაულს აღასრულებდა! მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ბოლოსდაბოლოს იგი გასცეს და ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯეს.

ამიტომ ისინი, ვინც უსამართლობას ითმენენ, ღვთის ყველაზე საყვარელი შვილები არინ. უსამართლობის დათმენით ხომ ეს ადამიანები გულში უსამართლობათა დამთმენელ ქრისტეს ატარებენ. დევნისას და საპყრობილეში ისინი ისე ხარობენ, თითქოს სამოთხეში იმყოფებოდნენ, იმიტომ, რომ სამოთხე სწორედ იქაა, სადაც – ქრისტე.

– წმიდაო მამაო, შეიძლება, ადამიანის ტვირთი იმდენად მძიმე იყოს, რომ მან მისი ზიდვა ვერ შესძლოს?

– ღმერთი არ დაუშვებს, რომ ჩვენი ტვირთი ჩვენივე ძალებს აღემატებოდეს, ეს განუსჯელი ადამიანები ამძიმებენ სხვა ადამიანების მხრებს გაუსაძლისი ტვირთით. ხშირად სახიერი ღმერთი უშვებს, რომ კეთილი ადამიანები ბოროტების ხელში მოხვდნენ, მათ მიერ ზეციური ჯილდოს მოსახვეჭად.

– წმიდაო მამაო, თუ აქვს რაიმე კავშირი უკმაყოფილებას უმადურობასთან?

– დიახ. ასეთი რამაც შესაძლებელია: ვიღაც, როდესაც ადამიანს შენიშვნას აძლევს, მის სასიკეთოდ ირჯება, მაგრამ იგი ამას ვერ ამჩნევს, თავს უსამართლოდ შეურაცხყოფილად გრძნობს და უკმაყოფილებას გამოხატავს. თუ ასეთი ადამიანი საკუთარი თავის მიმართ უყურადღებოა, თავისუფლად შესაძლებელია, იგი თვლიდეს, რომ მას უსამართლოდ ექცევიან მაშინაც კი, როდესაც თვითონ აშკარა წინდაუხედაობით იქცევა და ამიტომ მისგან მეტ სიფრთხილეს მოითხოვენ. ამგვარად, იგი შესაძლოა, სრულ უტიფრობამდე მივიდეს. მაგალითად, მონაზონი, რომელმაც ზეთისხილის ხეები უნდა შეწამლოს, ხსნარში ზედმეტ ქიმიკატებს ურევს და ხეებს ფოთლებს უწვავს, მას შენიშვნას აძლევენ, ხოლო იგი, იმის მაგიერ, რომ საკუთარი შეცდომა გაიაზროს და თქვას: – „შემინდეთ და მაკურთხეთ!“ თავს უსამართლოდ დასჯილად გრძნობს და ტირის. „ისინი უსამართლოდ მექცევიან – ფიქრობს იგი, – ხეების ფოთლები რომ ჭიას გაეყვითლებინა, სიტყვასაც არ დაძრავდნენ, მაგრამ, რაკი მე შემემთხვა ასეთი რამ, ამისთანა ხმაური იმიტომ ატეხეს, ჰოი, ქრისტე ჩემო, მხოლოდ შენ გესმის ჩემი“ და მიდი და იღრიალე! ასეთმა მონაზონმა შესაძლოა, სიხარულიც კი განიცადოს იმ სასჯელის წარმოდგენაზე, რომელიც „უსამართლობის“ გამო მიეგებათ მათ, ვინც მას აწყენინა და მადლობა შესწიროს ამისთვის ქრისტეს. ამგვარი მდგომარეობა ცდომილებაზე უარესია.

 

უსამართლობის დათმენით მობოვებული სიხარული

– წმიდაო მამაო, არის უხინჯო ის სიხარული, რომელსაც განვიცდი, თუ რაიმე დანაშაულის გამო შემახურებენ?

– უცქირე უდრტვინველად, მაგრამ სიხარულით და იმეორე: – „დიდება შენდა ღმერთო, სწორედ ამას ვიმსახურებ!“ საკუთარი წინდაუხედაობის გამო რომ დაისჯები, ამით ნახევარ სიხარულს მიიღებ, მაგრამ, თუ დაუმსახურებლად გლანძღავენ, – შენი მხრიდან სრულიად უმიზეზოდ და სასჯელს კეთილი ზრახვებით იწყნარებ, მაშინ შენი სიხარული სრული იქნება. მე იმისკენ კი არ გიბიძგებ, რომ უსამართლოდ მოპყრობა შენით მოითხოვო, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ეშმაკი ამპარტავნებისაკენ გიბიძგებს, არამედ, იმას უნდა ესწრაფოდე, რომ მიიღო უსამართლობა, როდესაც თავისთავად მოვა და გახარებდეს ის.

უსამართლობასთან მიმართებაში ოთხი სტადია არსებობს. მაგალითად, ვიღაც უსამართლოდ გცემს. თუ შენ პირველ სტადიაზე იმყოფები, მას სამაგიეროდ ურტყამ, თუ მეორეზე ხარ, ძალიან აღელდები, მაგრამ თავს იკავებ და არაფერს ამბობ. მესამე სტადიაზე შენ უკვე აღარც შფოთავ, ხოლო, – მეოთხეზე უდიდეს ბედნიერებას გრძნობ და ხარობ სულით. თუკი ადამიანს რაიმეში უსამართლოდ ადანაშაულებენ, იგი, როდესაც დაამტკიცებს, რომ დამნაშავე არ არის და საკუთარი თავის რეაბილიტირებას მოახერხებს, დიდ კმაყოფილებას განიცდის. ასეთ შემთხყევაში მისი სიხარული ამსოფლიურია, მაგრამ, თუ უსამართლობას სულიერად მიუდგება და საკუთარი უდანაშაულობის მტკიცებას არ შეეცდება, ის განიცდის სულიერ სიხარულს. ანუ, ასეთ შემთხვევაში მას საღმრთო ნუგეში ეძლევა და ღვთის დიდება მის მდგომარეობად იქცევა. იცით, როგორ სიხარულს გრძნობს ადამიანის სული, როდესაც მას უსამართლოდ გაანაწყენებენ და თვითონ კი ამ დროს თავის მართლებას არ მოყვება, არ ცდილობს იმის მიღწევას, რომ მას „ყოჩაღ“ ან „ბოდიში“ უთხრან?! და სიხარული, რომელსაც ეს სული ამჟამად – უსასართლობის დათმენით გრძნობს, უფრო დიდია, ვიდრე ის თავისმართლება რომ განაცდევინებდა. ვინც ამ მდგომარეობას აღწევს, მოწინააღმდეგისადმი მადლობის გრძნობით არის განმსჭვალული იმ სახარულის გამო, რომელიც მან მიწიერ ცხოვრებაში მიანიჭა, ასევე იმ სიხარულისთვისაც, რომელსაც მარადიულ ცხოვრებაში მიიღებს. და რაოდენ განსხვავდება სულიერი –ამსოფლიურისაგან!

სულიერ ცხოვრებაში ათვლის სხვა სისტემა არსებობს: თუ რომელიმე უბრალო ან ულამაზო ნივთს შენთვის იტოვებ, თავს შესანიშნავად გრძნობ, ხოლო თუ მას სხვას მისცემ, ცუდად იგრძნობ თავს; თუ უსამართლობას უდრტვინველად იღებ და მოყვასს ამართლებ, მაშინ მთელი გულით იწყნარებ მრავალგზის უსამართლოდ შეურაცხყოფილ ქრისტეს, მაშინ მოქმედი სულიერი კანონის მიხედვით ქრისტე შენი გულის „არენდის ვადას აგრძელებს“ [1], თავად იქვე რჩება და მშვიდობითა და სიხარულით გავსებს. ჰოი, ჩემო საყვარლებო, თქვენც ეცადეთ, რომ ეს სიხარული გამოსცადოთ! ისწავლეთ, რომ საერო სიხარულით კი არ ხარობდეთ, არამედ ამით – სულიერით. როდესაცამას ისწავლით, ყოველდღიურად აღდგომა გექნებათ.

არ არსებობს უდიდესი სიხარული, ვიდრე ის, რომელსაც უსამართლობის დათმენისას იღებ. რა კარგი იქნებოდა, ადამიანები რომ უსამართლოდ მექცეოდნენ! მთელი გულწრფელობით გეუბნებით: უტკბესი სულიერი სიხარული სწორედ უსამართლო მოპყრობისას განმიცდია. იცით, როგორ ვხარობ, როდესაც ვინმე შეცდომილს მიწოდებს?! „დიდება შენდა ღმერთო, – ვამბობ, – ამ სიტყვისთვის ხომ სასყიდელს მივიღებ, წმინდანი რომ ეწოდებინათ ჩემთვის, მაშინ თვითონ ვიქნებოდი მოვალე“. არ არსებობს ქვეყნად უტკბესი რამ, ვიდრე უსამართლობის დათმენაა.

ერთხელ ვიღაცამ ჩემი სენაკის გვერდით კუტიკარის რკინის ურდულზე დააკაკუნა. სტუმრების მიღების დრო ჯერაც არ დამდგარიყო, გარეთ გავიხედე და ნათელი სახის ყმაწვილი შევნიშნე, რადგანაც საღმრთო მადლს ასე აშკარად გაებრწყინებინა, როგორც ჩანს, მან პირადი გამოცდილებით შეიგრძნო რაღაც – უაღრესად სულიერი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გადაუდებელი საქმეები მქონდა, ყველაფერი გადავდე, კარი გავუღე და სენაკში შემოვიწვიე. წყალი მივუტანე და რაკი ვხედავდი, რომ მასში დიდი სულიერება იფარებოდა, მისი ცხოვრების შესახებ გამოკითხვა ფრთხილად დავუწყე. – „რას საქმიანობ, ყმაწვილო?“ – ვკითხე. – „რა საქმიანობა, მამაო, მე ხომც იხეში გავიზარდე, ეხლა 26 წლის ვარ და ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ციხეში მაქვს გატარებული“, – მომიგო მან. –„ამისთანა რა ჩაიდინე, რომ ციხეში აღმოჩნდი?“ – გავიკვირვე. – „ბავშვობიდან ძალიან მიმძიმდა უბედური ადამიანების ცქერა, ყველა გაჭირვებულს სახელით – პირადად ვიცნობდი, როგორც ჩვენს, ისე – მეზობელ მრევლში, იმ ხალხს, ვისაც უჭირდა, ან რაიმე გამოუვალ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ჩვენი მრევლის მღვდელი და მამასახლისი კი აგროვებდნდნ და აგროვებდნენ ფულს და მას შენობების, დარბაზების და ეკლესიის კეთილმოწყობისათვის ხარჯავდნენ. საცოდავ, გაჭირვებულ ადამიანებს არად აგდებდნენ. არ შემიძლია, განვსაჯო, ნამდვილად იყო თუ არა საჭირო ამდენი მშენებლობები. უბრალოდ, იმაზე ვლაპარაკობ, რომ ძალიან ბევრ გაჭირვებულს ვხედავდი; და აი, მაშინ დავიწყე შემოწირული ფულის ჩუმად აღება, მთლიანად არ ვიღებდი, არამედ – მხოლოდ აუცილებელს. ვყიდულობდი პროდუქტს, პირველი მოხმარების საგნებს და ღარიბებს სახლის კართან ვუტოვებდი. ამის შემდეგ ძალიან მალე, რადგან არ მინდოდა, რომ დაეჭირათ სრულიად უდანაშაულო ადამიანები, მივედი პოლიციაში და განვაცხადე: – „ეკლესიიდან ფული მოვიპარე და დავხარჯე“. – მეტი არაფერი მითქვამს, მცემდნენ, ნაძირალას და ქურდს მიწოდებდნენ, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. მერე ციხეში ჩამსვეს. ამგვარად გრძელდებოდა რამოდენიმე წელიწადი. ჩვენს ქალაქში ოცდაათი ათასი ადამიანი ცხოვრობს, თითოეული მათგანისათვის ქურდი და ნაძირალა ვიყავი. ვდუმდი და მიხაროდა... ამგვარად გავატარე ციხეში მთელი სამი წელი.'ხოგჯერ მხოლოდ ეჭვის გამო მიჭერდნენ, როდესაც სადმე ქურდობა მოხდებოდა, სრულიად უმიზეზოდ მე მაბრალებდნენდა როცა ნამდვილ დამნაშავეს დაიჭრდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ მათავისუფლებდნენ.

მაგრამ, თუ დამნაშავის დაჭერას ვერ შეძლებდნენ, სასჯელის ვადას მთლიანად ვიხდიდი. ამიტომაც გითხარი, მამაო, რომცხოვრების უმეტესი ნაწილი ციხეში გავატარე მეთქი“.

ყურადღებით მოვისმინე მისი მონათხრობი და ვთქვი: – „აი რა, ყმაწვილო, მართალია, ყველაფერი რაც შენ მომიყევი, ერთი შეხედვით ძალიან კარგი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში კარგი მასში არაფერია, ასე მეტად ნუღარ მოიქცევი, მე რაღაცას გირჩევ, ჩემს რჩევას დაუჯერებ?“ – „დავუჯერებ! – მითხრა მან, – „აუცილებელია, რომ მშობლიური ქალაქიდან წახვიდე. გაემგზავრე იქ, სადაც არავინ გიცნობს. მე ვიზრუნებ, რომ იქ კეთილ ადამიანებთან მოხვდე, მუშაობა დაიწყე და შეძლებისდაგვარად დაეხმარე გაჭირვებულებს. უკანასკნელი პურის ნაჭერი გაუყავი მათ, იმიტომ, რომ ამას უმეტესი ფასი აქვს, ვიდრე იმას, რასაც აქამდე აკეთებდი. მაგრამ თუკი ადამიანს გლახაკისათვის მისაცემი არფერი აქვს და ამის გამო გული სტკივა, იგი უმეტეს მოწყალებას აძლევს. ის მას მოწყალებას თავისი გულის სისხლით მიაგებს. როდესაც ადამიანი მოწყალებას იმიტომ გასცემს, რომ მას აქვს გასაცემი, ამ დროს იგი სიხარულს განიცდის, მაგრამ, თუკი არაფერი აქვს, გულისტკივილს გრძნობს“.– ახალგაზრდამ მომისმინა, დამპირდა, რომ ყველაფერს შეასრულებდა და გახარებული წავიდა.

შვიდი თვე გავიდა და კორიდალის [2] ციხიდან წერილი მივიღე, კონვერტი გავხსენი და წავიკითხე: „მამაო, ალბათ გაგაკვირვებს ,რომ შენი ამდენი დარიგებისა და შენთვის მოცემული პირობის შემდეგ ისევ ციხიდან გწერ; მაგრამ იცოდე, რომ ამჟამად ვიხდი სასჯელს, რომელიც ადრე უკვე მოვიხადე; რაღაც საბედისწერო შეცდომა მოხდა, მადლობა ღმერთს, რომ ადამიანთა შორის არ არსებობს სამართლიანობა. ის რომ ქვეყნად არსებულიყო, ეს დიდი უსამართლობა იქნებოდა სულიერი ადამიანებისადმი, რომლებიც ამის გამო ზეციურ საზღაურს დაკარგავდნენ“. – ეს რომ წავიკითხე, განვცვიფებული დავრჩი ამ ახალგაზრდა კაცით, რომელმაც ასეთი მხურვალებით იტვირთა სულიერი ცხოვრება და საერთოდაც ასე ღრმად ჩასწვდა ცხოვრების უღრმეს აზრს. ქურდი ქრისტესთვის! მან საკუთარ თავში ადგილი დაუთმო ქრისტეს. ის ღვთისათვის შეშლილი იყო, სადღესასწაულო სიხარულს განიცდიდა.

– წმიდაო მამაო, ეს სიხარული იქიდან მოდიოდა, რომ ადამიანები მას შეურაცხყოფდნენ?

– ეს სიხარული მოდიოდა იქიდან, რომ ის უსამართლობას ითმენდა. ის ერის ადამიანი იყო, არც წმიდანთა ცხოვრებას და არც წმიდა მამათა თხზულებებს არ კითხულობდა. და მიუხედავად იმისა, რომ ციხეში დაუმსახურებლად ჩასვეს, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ქურდად, ნაძირალად და არამზადად თვლიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მას კიცხავდნენ და შეურაცხჰყოფდნენ, – ყოველივე ამის მიუხედავად ის თავს არ იმართლებდა და ყოველივეს ესოდენ სულიერად იღებდა! ახალგაზრდა კაცი! – და იმაზე კი არ ზრუნავდა, რომ რეპუტაცია აღედგინა, არამედ იმაზე, რომ – სხვებს დახმარებოდა. დიდ და ნამდვილ ქურდებს ხშირად ეთხელაც კი არ სვამენ ციხეში, ამ ბედშავმა კი ერთი და იმავე ქურდობის გამო ორჯერ მოიხადა სასჯელი. რამდენჯერ უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში, ვიდრე დამნაშავეს იპოვიდნენ! თუმცა იმ სიხარულს, რომელსაც იგი გრძნობდა, მთელი ქალაქი ერთად ვერ განიცდიდა. მათი ოცდაათიათასი სიხარული ვერ გადაწონის ერთ იმისთანა ბედნიერებას, მას რომ ჰქონდა.

აი, ამიტომ ვამბობ, რომ სულიერ ადამიანს მწუხარება არ ეკარება. როდესაც ადამიანში სიყვარული მრავლდება და მისი გული ღვთის მიერ აღინთება, მწუხარება მასში ადგილს ვეღარ იპოვის. ადამიანები ასეთ პიროვნებას მწუხარებასა და ტკივილს მიაგებენ და ამავე დროს მისი ქრისტესადმი უდიდესი სიყვარული ამარცხებს მათ.

 

უსამართლობის დათმენა სასარგებლო საქმეა

– წმიდაო მამაო, ხდება, რომ რომელიმე და უსამართლოდ მომეპყრობა, მე ამის მიღება არ შემიძლია და მისდამი გული მიცივდება.

– აბა, ერთი მოიცადე! რას გვასწავლის ეკლესია? როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში? ან თვით შენ რა შემთხვევაში მიიღებ მეტ სარგებელს? კარგი, ვთქვათ, საქმე სწორედ ისეა, როგორც შენ გგონია, – ანუ შენ დამნაშავე არა ხარ. თუკი უსამართლოდ მოგექცნენ, სარგებელს შენ იღებ, ხოლო იმ დას, რომელმაც თავის გასამართლებლად ცილი შენ დაგწამა, მერე უკვე სინდისის ქენჯნა შეაწუხებს, იგი მოინანიებს და შენდამი სიყვარულს იგრძნობს. აქედან გამომდინარეობს არა ერთი სიკეთე, არამედ, ერთდროულად – ორი და სამი. ამით გეძლევა კარგი შესაძლებლობა, გამდიდრდე და მოხეტიალე ბოშა ქალიდან კეთილშობილ ქალბატონად იქცე. რატომ გინდა, როვ კვლავაც ბოშად დარჩე, როდესაც ღმერთი შესაძლებლობას გაძლევს, რომ გამდიდრდე და შენი სიმდიდრე სხვებსაც გიუზიარო?!

– ზრახვა კი მეუბნება, რომ დას ვკითხო, როგორ მიიღო ჩემი საქციელი. და რატომ დამწამა ცილი.

– აბა რა! განა ეშმაკი მოითმენს, რომ ცოტაოდენი სულიერი დანაზოგი შეგარჩინოს?! ის თავის მართლებას გაიძულებს, რომ ამით საკუთარი თავიდან ქრისტე გააძევო.

– წმიდაო მამაო, მაგრამ მე მაინც ვისურვებდი, რომ ზოგჯერ მაინც ეპატიებინათ შეცდომები ჩემთვის.

– გინდა, რომ გამართლებდნენ?! კარგი, ვთქვათ, გაგამართლეს, ამით სულიერად შეიძენ თუ – დაკარგავ?

– დავკარგავ.

– მაღაზია რომ გქონოდა, რას ისურვებდი – სარგებლის ნახვას თუ – დანაკარგისას?

– სარგებლის.

– მაშ ასე: თუკი არ გვინდა, რომ მატერიალურ, ამაო საგნებთან დაკავშირებით დავკარგოთ რაიმე, მაშინ რაოდენ მეტად უნდა ვეცადოთ, რომ სულიერ საგნებთან მიმართებაშიც არ ვკარგავდეთ ბევრს. ერის ადამიანები მატერიალურ გამორჩენას მისდევენ და ხელიდან არ უშვებენ მას. – და განა სულიერ ადამიანებს ეპატიებათ, თუ სულიერ გამორჩენაზე არ იზრუნებენ?! მაგრამ ერის ადამიანები იმდენს რას კარგავენ?! ფულის გაფლანგვით ისინი მხოლოდ მატერიალურ ქონებას კარგავენ, მაშინ როდესაც ჩვენ, თუკი უსამართლობას არ მოვითმენთ, ქარს ვატანთ სულიერ, ზეციურ ქონებას. მთელ ამ ქონებას აქ – მიწაზე ვფლანგავთ. მაშ, რატომ უნდა ვანაცვალოთ ზეციური – მიწიერს? გარდა ამისა, საბრალო ერის ადამიანები სულიერ უმეცრებაში იმყოფებიან, მაშინ, როდესაც ჩვენთვის ცხოვრების სულიერი აზრი დაფარული არ არის. მონაზვნები იმისთვის გავხდით, რომ ზეციური მოგვეხვეჭა, მაგრამ, გამოდის, რომ მიზანი ერთი გვაქვს და მეორე მხარეს კი მივდივართ. თუ ერის ადამიანს დააწყლულებენ, გვემენ ან დევნიან, მისთვის ეს ძალიან მწარეა. ჩვენ კი, მონაზვნები ყოველივე ამას თვითონ უნდა ვესწრაფოდეთ, ყოველივე ამას ქრისტეს სიყვარულით უნდა ვითმენდეთ. ჩვენ უნდა ველტოდეთ უპატიობას, შეურაცხყოფას, უარყოფას; რამდენადაც ისინი სულს გვიმდიდრებენ. ოჯახის ადამიანი თავის გამართლებას ცდილობს, იმიტომ, რომ ცხოვრებისეული საზრუნავი აქვს. ის ხომ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ თვითონ და მისმა საბრალო ბავშვებმა, – თუკი თვითონ რეპუტაცია შეელახა ან გაკოტრდა. ამიტომ ერის ადამიანებს დანაშაულის შემამსუბუქებელი მდგომარეობა აქვთ; მაშინ, როდესაც ჩვენ ასეთ რამეს მოკლებულნი ვართ.

როდესაც უსამართლოდ მოგვეპყრობიან, ამ უსამართლობის მიღებით არსობრივად ჩვენ სიკეთეს ვიღებთ. მაგალითად, ცილი დამწამეს და ციხეში უსამართლოდ გამომამწყვდიეს. რას ვიზამ? ჯერ ერთი, რამდენადაც არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, ჩემი სინდისი დამშვიდებულია. მეორე – ზეციური სასყიდელი მელის. განა ჩემთვის უმეტესი სიკეთის მოგება შეიძლებოდა?! ამიტომ კი არ ვდრტვინავ, არამედ ღმერთს ვადიდებ.

„როგორ გითხრა მადლობა შენ, ღმერთო ჩემო, რომ ეს დანაშაული მე არ ჩამიდენია?! მართლა ჩემი ჩადენილი რომ იყოს, სინდისის ქენჯნას ხომ ვერ გავუძლებდი!“ – მათთვის, ვინც ასე ფიქრობს ციხე სამოთხედ იქცევა. ან სხვა მაგალითი ავიღოთ: ვიღაცამ უსამართლოდ დამარტყა. „დიდება შენდა, ღმერთო! – ვამბობ მე – იქნებ ამგვარად ჩემს რომელიმე ცოდვას გამოვისყიდი, მეც ხომ აღმიმართავს ხელი მოყვასზე. ან ტყუილუბრალოდ გამლანძღეს, მე კი მადლობას ვწირავ: „დიდება შენდა, ღმერთო, მე ამას დავითმენ შენი სიყვარულისათვის, როგორც შენ დაითმინე ჩემთვის ყვრიმლისცემა და შეურაცხყოფა“.

 

ზეციური სალაროს განძი

– წმიდაო მამაო, მწყინს, რომ სხვებს ჩემზე კარგი აზრი არ შეექმნებათ ხოლმე.

– რა კარგია, ეს რომ მითხარი! დღესვე დავიწყებ ლოცვას იმისათვის, რომ სხვებს არასოდეს ჰქონდეთ შენზე კარგი აზრი. იმიტომ, რომ მათი კარგი აზრი, ჩემო თავქარიანო, არას გარგებს. ღმერთი ფიქრობს ჩვენზე და ადამიანებს ნებას აძლევს, უსამართლოდ მოგვეპყრან და შეურაცხგვყონ იმისათვის, რომ ამით რომელიმე ჩვენი ცოდვა გამოვისყიდოთ, ანდა მომავალი (სულიერი) ცხოვრებისათვის დავაგროვოთ კაპიტალი. მაგრამ ვერ ვხვდები, თქვენ რომელი სულიერი ცხოვრება გინდათ? ჯერ ისიც ვერ გაგიგიათ, რაშია თქვენი სულიერი გამორჩენა. გსურთ, რომ მთელი (სულიერი) კაპიტალი აქვე გაფლანგოთ, ზეცისათვის კი არაფერს იტოვებთ. რატომ იგებ ყველაფერს ასე? რა წიგნებს კითხულობ? კითხულობ „ევარგეტინოსს“[3] განა იქ არ წერია, როგორ უნდა იქცეოდე? სახარებას კი კითხულობ? ყოველდღიურად იკითხე.

– წმიდაო მამაო, მე კი, როდესაც რაიმე კეთილ საქმეს გავაკეთებ, მწყინს ხოლმე, თუ მას სხვები არ აღიარებენ.

– მისმინე, რომელი აღიარება გსურს: ადამიანებისაგან თუ ქრისტესგან? განა არის რაიმე, რაც ქრისტესგან აღიარებაზე მეტ პატივს მოგიტანს?! და რა სარგებლობაა იმაში, ადამიანები ყურადღებას რომ გაქცევენ?! თუკი ადამიანები აქვე აღიარებენ შენს მიერ აღსრულებულ სიკეთეს, მაშინ, შემდგომად ამისა, – მარადიულ ცხოვრებაში გეტყვიან: „მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა“. უნდა გვიხაროდეს, თუ ჩვენი შრომა სხვათათვის შეუმჩნეველი რჩება და (ადამიანური) მისაგებელის გარეშე გვტოვებენ, იმიტომ, რომ უფალი იწირავს მას და მარადიული სასყიდლით მოგვიზღავს. რამდენადაც საღვთო საზღაური არ არსებობს, შევეცადოთ, რომ გარკვეული, – თუნდაც ძალიან მცირეგანძი ღმერთის „შემნახველ სალაროში“ დავაგროვოთ. ჩვენდამი გამოვლენილი უსამართლობა უდიდეს ლოცვა-კურთხევასავით უნდა მივიღოთ. რამდენადაც უსამართლობის სანაცვლოდ ჩვენს (სულიერ ბანკში) ანგარიშზე გარკვეული თანხა – ზეციური კურთხევა ირიცხება.

– წმიდაო მამაო, მაგრამ თუ ადამიანი უდრტვინველად იღებს ყოველგვარ უსამართლობას, მაგრამ არა იმიტომ, რომ მომავალ სამსჯავროზე ფიქრობს, არამედ იმის გამო, რომ იგი თვლის: ასე უკეთესია, ასეთი საქციელი უფრო სწორია.

– მაგრამ, განა აზრი იმის შესახებ, რომ ასე უკეთესია, მას ბოლოსდაბოლოს მომავალ სამსჯავროზე ფიქრთან არ მიიყვანს? ოღონდაც იგი უნდა გაფრთხილდეს, რომ ასე მხოლოდ იმიტომ კი არ იქცეოდეს, რომ „უბრალოდ კარგი ადამიანია“ და რომ „ევროპელები სწორედ ასე იქცევიან“; არამედ იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ღვთის ხატება არის თავად და აუციელებელია, რომ ყველაფერში შემოქმედს ემსგავსებოდეს. თუკი ადამიანის საქციელი სწორედ ამ აზრით არის ნაკარნახევი, მაშინ ის სწორ იმიმართულებით მოძრაობს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ იგი ევროპულ ჰუმანიზმში გადავარდება.

 

წმიდა თვალთმაქცობა

– წმიდაო მამაო, რამდენი განდეგილია [7] წმიდა მთაზე?

– არ ვიცი, ამბობენ, რომ – შვიდი [8]. ბოლო წლებში მოღვაწეობისათვის წყნარი, მშვიდი ადგილის მონახვა მეტად გაჭირდა. ამიტომ, ვიდრე წმიდა მთაზე მარტოდცხოვრებულთა მონასტრები კიდევ არსებობდა, ზოგიერთი ბერი ახერხებდა, რომ მოღვაწეობისათვის გარკვეული პირობები მოენახა. მაგალითად, გარკვეული ხნით რომელიმე ადგილას მოღვაწეობის შემდეგ ისინი ბოლოს იტყოდნენ: „არა, აქ რაღაც ისე ვერ ვარ, წავალ და რომელიმე მარტოდცხოვრებულთა მონასტერში ვიშრომებ, ფულს დავაგროვებ“. გარშემომყოფები იჯერებდნენ, რასაც ის ამბობდა. მოღვაწე გადადიოდა მარტოდცხოვრებულთა მონასტერში, იქ სამი-ოთხი თვე იმუშავებდა, მერე კი ხელფასის სერიოზულ მომატებას ითხოვდა, როდესაც ამაზე უარს ეტყოდნენ, იგი ამბობდა: „ასე მუშაობა კარგს არაფერს მომიტანს, მივდივარ!“ აიღებდა ცოტაოდენ ორცხობილას, წავიდოდა მონასტრიდან, რომელიმე გამოქვაბულს შეაფარებდა თავს და მოღვაწეობას დაიწყებდა. მონასტერში დარჩენილებს კი ექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ მან სხვაგან იშოვა სამუშაო, როდესაც მათ ჰკითხავდნენ – ესა და ეს მამა სად არისო, ისინი მიუგებდნენ: „დიახ, აქ იყო, მაგრამ რა წუნია აღმოჩნდა! აქ ფულის დასაგროვებლად მოვიდა, ხელფასის მომატებას ითხოვდა, წარმოიდგინეთ, ბერი და – ფულის მომატებას ითხოვს! აბა, რა ბერი ის იყო?!“ მოღვაწე კი ამგვარად ორგვარ სარგებელს იღებდა: მოღვაწეობისა და ცრუ ბრალდების მეშვეობით. ამას ემატებოდნენ ქურდებიც, რომლებიც, როდესაც შეიტყობდნენ, რომ მას ფული ჰქონდა, გამოქვაბულში მიუცვივდებოდნენ, სცემდნენ, მაგრამ ვერაფერს პოულობდნენ.

– წმიდაო მამაო, მაგრამ თუკი და საკუთარ თავს მალავს, მის სათნოებებს როგორღა მივბაძო?

– ის რა, შენი აზრით მთლად სულელია, რომ საკუთარ თავს არ მალავდეს?! უდიდეს ღვაწლს წმიდანები სათნოებათა მოსახვეჭად კი არ აღასრულებდნენ, არამედ – მის დასაფარად. იცით, რას აკეთებდნენ ქრისტესთვის სულელნი?! თავდაპირველად ისინი გაურბოდნენ ამ სოფლის თვალთმაქცობას და სახარებისეული ჭეშმარიტების სფეროში შედიოდნენ, მაგრამ მათთვის ესეც ცოტა იყო და უფრო შორს მიდიოდნენ – წმიდა თვალთმაქცობისაკენ ქრისტეს სიყვარულისათვის. ამის შემდეგ მათ უკვე აღარ აინტერესებდათ არც ის, რას გაუკეთებდნენ; არც ის, მათზე რას იტყოდნენ. მაგრამ ამისათვის უდიდესი სიმდაბლეა საჭირო. დანახეთ: თუ ერის ადამიანს რაიმე უსიამოვნოს ეტყვი, ის განაწყენდება, თუ რაღაცის გამო არ შეაქებ, გაბრაზდება; მაშინ,როდესაც ქრისტეს მიერ სულელებს უხაროდათ, რომ ხალხს მათზე ცუდი აზრი ჰქონდა. ძველ დროში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც თავს ეშმაკეულებად აჩვენებდნენ, – იმის სურვილით, რომ სათნოებები დაეფარათ და საკუთარი თავის შესახებ ყოველგვარი კეთილი აზრი გაენადგურებინათ სხვების თვალში.ფილოთეოსის[10] მონასტერში რომ ვცხოვრობდი, იმ დროს, როდესაც ის მარტოდცხოვრებულთა იყო, იქ ერთი ბერი ვნახე, რომელიც ადრე ვიგლის [11] მონასტერში მოღვაწეობდა; როდესაც დარწმუნდა, რომ იქაური მამები ხვდებოდნენ მის ასკეტურ ღვაწლს და სულიერ წარმატებებს, მან მოძღვრისგან კურთხევა აიღო და იქაურობა დატოვა. „ესღა მაკლდა, ყელში ამომივიდა ეს დაობებული ორცხობილა, წავალ რომელიმე მონასტერში სადაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იკვებებიან, იქ ხორცსაც კი ჭამენ და ადამიანურად ვიცხოვრებ! გიჟი კი არ ვარ აქ დავრჩე!“ ასე გადავიდა იგი ფილოთეოსის მონასტერში და იქ თავს ეშმაკეულად აჩვენებდა. როდესაც მისმა სულიერმა ძმებმა გაიგეს, რომ იგი „შეპყრობილი“ გახდა, ერთმანეთში ალაპარაკდნენ: „საწყალი, შეპყრობილი გამხდარა, აბა რა! მოსალოდნელიც იყო, აქედან გაიქცა, წარმოგიდგენიათ, დაობებული ორცხობილა მობეზრდა. ხორცის ჭამა მოინდომა“. ხოლო ეს „შეპყრობილი?!“აი, იგი რას აკეთებდა: ფილოთეოსში ოცდახუთი წელი გაატარადა ამ ხნის განმავლობაში არც საჭმელი მოუმზადებია თავისთვისდა არც დასაძინებლად დაწოლილა. მთელი ღამეების განმავლობაში მონასტრის დერეფნებში ფარნით დადიოდა და ძილს ებრძოდა. როდესაც უკიდურესად გადაიქანცებოდა, მოღვაწე ცოტახნით შეჩერდებოდა და მიეყრდნობოდა კედელს, მაგრამ როგორც კი ძილი მოერეოდა, იგი ხტოდა და ჩურჩულით იესოს ლოცვას იმეორებდა: „უფალო,იესო ქრისტე...“ შემდეგ კი ლოცვას გონებაში – უხმოდ განაგრძობდა, მაგრამ დროდადრო ბაგიდან ხმამაღალი ლოცვა დასცდებოდა ხოლმე და ის სხვებსაც ესმოდათ. სხვა ბერებს შორის რომ მოხვდებოდა, მოღვაწე სთხოვდა მათ:„ილოცე, ილოცე, რომ ეშმაკი განვიდეს ჩემგან!“ ერთხელ ერთმა თხუთმეტი წლის ყმაწვილმა ბერმა მითხრა მასზე: – „რა უნდა ამ შეპყრობილს?“ – „ასე ნუ ამბობ, ამ ადამიანმა ცოტა სათნოებები როდი მოიხვეჭა და შეპყრობილად მხოლოდ თავს აჩვენებს.“ – მივუგე მე. შედეგად ეს ახალგაზრდა ბერი მას მოკრძალებით ექცეოდა. ხოლო, როდესაც მოღვაწე გარდაიცვალა, მის ხელში ნახეს ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზედაც მონასტრის ძმების სახელები იყო ჩამოწერილი. თითოეული ბერის სახელის გსწვრივ ბერს რაიმე ზედმეტი სახელი მიეწერა; ეს მან იმისათვის გააკეთა, რომ სიკვდილის შემდეგაც გაენადგურებინა ყოველგვარი უმცირესი კეთილი აზრი, რომელიც შესაძლოა, მაინც არსებობდა მის შესახებ. შემდეგ მისმა ნაწილებმა კეთილსურნელება გამოსცეს. ხედავ, რა მოხდა?! მას თავის დაფარვა სურდა, მაგრამ საღმრთო მადლმა სხვათა წინაშე განაცხადა იგი.

ამიტომ ადამიანზე იმის მიხედვით ნუ შევიქმნით აზრს, რაც გარედან ჩანს. რადგანაც მიხვედრა იმისა, თუ რა იმალება მასში, ჩვენს ძალებს აღემატება.

 


[1] - არენდატორებს, რომლებიც ფლობენ რაიმე საცხოვრებელან სამუშაო დაწესებულებას, უფლება აქვთ, გაგრძელონ არენდა მას შემდეგაც, რაც მისი ვადა ამოიწურება.

[2] - ერთ-ერთი ცენტრალური ციხე საბერძნეთში.

[3] – „ევერგეტინოსი“ – წმ. მამათა ასკეტიკური სწავლებების სისტემატური კრებული, რომელიც კონსტანტინეპოლის მონასტრის ევერგეტისის დამაარსებელმა და იღუმენმა პავლემ შეადგინა დაახლოებით XI საუკუნეში, ხოლო XVIII ს – ს ბოლოს პირველად გამოსცა წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელმა.

[4] - ლუკ. 16, 25.

[5] - როდესაც ევროპიზაციაზე საუბრობს, ბერი არ ამცირებს დასავლეთ ევროპის ხალხებს, არამედ, სურს, რომ ქვეყნიდან ევროპისათვის დამახასიათებელი რაციონალიზმის სული განდევნოს.

[6] - ჰუმანიზმი – მოძრაობა კულტურაში, რომლის ცენტრშიც თვითმართვადი, ანუ – ეკლესიისა და ღმერთისაგან სრულიად მოწყვეტილი ადამიანი დგას; ეს მიმდინარეობა ევროპაში შუასაუკუნეების ეპოქის შემდეგ განვითარდა.

[9] - ერთხელ, 1950 წელს, როდესაც მამა პაისი ათონზე პირველად ჩავიდა და კავსოკალივიდან წმ. ანას სკიტისაკენ მიმავალ ბილიკს ეძებდა, შეხვდა განდეგილს, რომლის სახე სინათლეს ასხივებდა. „შესახედად იგი სამოცდაათი წლისას ჰგავდა, ჩაცმულობის მიხედვით, შეგეძლოთ დაგესკვნათ, რომ ხალხთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა, ყველაფრიდან ჩანდა, რომ ჩემს წინაშე წმიდანი იდგა. როდესაც მამა პაისიმ ჰკითხა მეუდაბნოეს, სად ცხოვრობდა, მან მიუგო: „იქ“ და მთის მწვერვალზე ანიშნა. მოგვიანებით გამოცდილმა მამებმა დაუდასტურეს მამა პაისის, რომ მთის მწვერვალზე მართლაც ცხოვრობდა თორმეტი უცნობი განდეგილი.

[8] - წარმოთქმულია 1988 წლის ნოემბერში.

[9] - მარტოდცხოვრებულთა მონასტერი წარმოადგენს თანაცხოვრებულთა (კინოვიალური) მონასტრის საპირისპიროს, ესაა სავანე, რომელსაც მართავს არა იღუმენი, არამედ – ეპიტროპები. მის წევრებს მონაზვნური ცხოვრების პირადი წესი აქვთ შემუშავებული, ერთად არ ტრაპეზობენ და აღსრულებული მორჩილების მიხედვით იღებენ ფულად გასამრჯელოს მონასტრისაგან, წმ. მთის უკანასკნელი მარტოდცხოვრებულთა მონასტერი გადაკეთდა თანაცხოვრებულად 1992 წელს.

[10] - 1956-58 წლებში.

[11] - ვიგლი – უდაბნოს მონატერი ათონის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

[12] - სულიერი ძმები – ბერები, რომლებიც ერთიდაიმავე ბერის მიერ აღიკვეცნენ.