– წმიდაო მამაო, რას წარმოადგენს საღმრთო სამართლიანობა?
– საღმრთო სამართლიანობა ის არის, როდესაც შენ აკეთებ იმას, რაც შენს მოყვასს სიმშვიდეს ანიჭებს. მაგალითად, როდესაც ახლობელს რაიმეს უყოფ, მას ნახევარს კი ნუ მისცემ, არამედ, იმდენი გაიმეტე, რამდენსაც თვითონ ითხოვს. თავიდანვე ჰკითხე: „რამდენი გინდა, ნახევარი თუ მესამედი? წაიღე, რამდენიც გსურს“. სხვას კარგი მიეცი, შენთვის კი უარესი დაიტოვე, სხვა შემთხვევაში დიდი ნაწილი გაეცი, შენ კი მცირე იკმარე. წარმოიდგინე, რომ ახლა რომელიმე დამ ათი ქლიავი შემოიტანა. აქედან თუ მე რვას შევჭამ და შენ მხოლოდ ორს დაგიტოვებ, უსამართლოდ მოგექცევი: თუ ხუთს შევჭამ და შენ დარჩენილ ხუთს გარგუნებ, ეს ადამიანური სამართლიანობა იქნება, ხილო, თუ მივხვდები, რომ ქლიავებზე თვალი მიგივიდა, ერთს შევჭამ და გეტყვი: „ძალიან გთხოვ, დანარჩენები შენ შეჭამე, დიდად არ მომწონს და თანაც მუცელს მატკიებს“ – ეს უკვე საღვთო სამართლიანობა იქნება.
– ანუ, რა არის ადამიანური სამართლიანობა?
– ადამიანური სამართლიანობა მაშინ ვლინდება, როდესაც ვინმესთან რამის გაყოფისას, ნახევარს მას მისცემ და ნახევარს შენთვის დაიტოვებ.
– წმიდაო მამაო, სულიერ ცხოვრებაში რა ადგილი უკავია ადამიანურ სამართლიანობას?
– ადამიანური სამართლიანობა სულიერი ადამიანებისათვის კი არ არის დადგენილი, არამედ იმისათვის, რომ დაამუხრუჭოს ამა ქვეყნის მკვიდრნი. თუ სულიერი ადამიანი იმედს ადამიანურ სამართლიანობაზე ამყარებს, ეს ნიშნავ, რომ ის ბრიყვია. იმიტომ, რომ საღმრთო სამართლიანობასთან შედარებით ადამიანური სამართლიანობა ნულის ტოლია. მაგრამ თვით ერის ადამიანიც კი, რომელმაც ამ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწია, როდესაც ადამიანურ სამართლიანობას მიმართავს, ნამდვილ სიხარულსა და სულიერ სიმშვიდეს ვერ გრძნობს.
ვთქვათ, ორი ძმა ფლობს მიწის ნაკვეთს – 10 სტრემის ფართობზე [1]. თითოეული მათგანმა, ადამიანური სამართლიანობიდან გამომდინარე, თავისთვის 5 სტრემა უნდა აიღოს. მაგრამ საღვთო სამართლიანობის მიხედვით თითოეულმა უნდა აიღოს იმდენი, რამდენიც მისთვის აუცილებელია. ანუ, თუ ერთ ძმას შვიდი შვილი ჰყავს, მეორეს ცი მხოლოდ ორი; ანდა – პირველს მაღალი ხელფასი აქვს, მეორეს კი – დაბალი, მიწის უდიდესი ნაკვეთი იმან უნდა აიღოს, ვისაც მეტად უჭირს. თუკი ასეთ შემთხვევაში ერთი ძმა იმდენივეს აიღებს, რამდენსაც –მეორე, ეს უსამართლობა იქნება. თუმცა ხშირად ერის ადამიანი, რაკი იგი სულიერ განსჯას მოკლებულია, არად აგდებს იმას, რომ მის ძმას თავი ძლივს გააქვს. ის საკუთარი ქმედების უსამართლობას ვერ აცნობიერებს. „ოჯახის წევრებს უნდა აუხსნა, რომ შენს ძმას უჭირს, რათა ისინი მიწის უმეტესი ნაწილის გაცემაზე დაითანხმო“. – ეუბნები ასეთ ადამიანს, ის კი გპასუხობს: „რატომ? მე ხომ მამულს შუაზე ვყოფ და მას უსამართლოდ არ ვექცევი“. მაგრამ ის რომ სულიერი ადამიანი ყოფილიყო, ცოლ-შვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, შეძლებდა, ოჯახის წევრები დაეყოლიებინა და გაჭირვებული ძმისთვის მამულის დიდი ნაწილი გადაეცა. თუ გაჭირვებული ძმა ეტყოდა: „შენ მხოლოდ ერთი სტრემა უნდა აიღო“. – მას უხმოდ უნდა მიეღო მხოლოდ ერთი, რათა მას, იმის გამო, რომ უმეტესი ნაწილი დაიტოვა, თავი უხერხულად არ ეგრძნო. როგორც არ უნდა შეხედო, განაწილება ყველაზე სამართლიანად, სახარების მიხედვითაა შესაძლებელი.
მე მანცვიფრებს აბრაამის დიდსულოვნება. როდესაც აბრაამისა და ლოთის მწყემსებმა საძოვრებისთვის ჩხუბი წამოიწყეს, აბრაამი მივიდა ლოთთან და უთხრა: „ჩვენ საჩხუბარი არაფერი გვაქვს, რომელი მხარე უფრო მოგწონს, მარჯვნივ გინდა წასვლა თუ მარცხნივ? ლოთი ნაწილობრივ ადამიანური სამართლიანობის მიხედვით მოიქცა, მან აირჩია სოდომი და გომორი, ანუ – ის მხარეები, სადაც მწვანე ველები იყო – საუკეთესო საძოვარი ადგილები საქონლისათვის. და რა დაატყდა შემდეგში იქ მას?! ხოლო აბრაამს, რომელიც საღვთო სამართლიანობით იყო აღძრული, სურდა, ლოთისათვის სიხარული მიენიჭებინა. ის, რომ ლოთი კარგ მინდორზე დასახლდა, აბრაამს სიხარულით ავსებდა.
– წმიდაო მამაო, რა არის საღვთო მართლმსაჯულება?
– საღვთო მართლმსაჯულება ეს მრავლის მოთმინებაა, რომელიც საკუთარ თავში სიმდაბლესა და სიყვარულს შეიცავს; ღმერთი უაღრესად კეთილია, მაგრამ ამავე დროს, ის მეტად თანამგრძნობელია და მისი თანამგრძნობლობა მის სამართლიანობას აჭარბებს. შენთვის გასაგები რომ გახდეს, ასეთ მაგალითს მოვიტან: თუკი ადამიანს არასოდეს მისცემია კეთილი შესაძლებლობა, რომ ღვთის შესახებ რამე სმენოდა, ღმერთი მას იმ მდგომარეობის მიხედვით კი არ განსჯის, რომელშიც ის ამ შემთხვევაში იმყოფება, არამედ, იმის მიხედვით, რა მდგომარეობაშიც იქნებოდა, ღმერთის შესახებ რომ სცოდნოდა. სხვაგვარად ხომ ღმერთი სამართლიანი ვერ იქნება. საღვთო სამართალს თავისი მათემეტიკური კანონები აქვს. ზოგჯერ ერთს პლუს ერთი ორს ნიშნავს, ზოგჯერ კი – ორ მილიონს.
– წმიდაო მამაო, რანაირად აღესრულება საღვთო სამართალი იმ ადამიანზე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა?
– ადამიანური სამართალი ამბობს: „ცოდვა ჩაიდინე და უნდა დაისაჯო“! ხოლო საღვთო სამართალი იტყვის: „აღიარე შენი შეცდომა და ინანიებ? მაშ, შენდობას მიიღებ“. განა ასე არ ხდება: როდესაც ადამიანი რაიმე დანაშაულს ჩაიდენს, თუ იგი გულწრფელად მოინანიებს და აღიარებს ჩადენილს, თუნდაც მასზე მცირედი ეჭვიც კი არავის ჰქონდეს, თვით ადამიანური სამართალი ასეთი კაცის მიმართ უაღრესად შემწყნარებელია ხოლმე. და თუ შემცოდე შემწყნარებლობით განისჯება კაცთაგან, რამდენად დიდი იქნება მისადამი შემწყნაერებლობა ღვთისა, რომელიც მართალი და თანამგრძნობელი მსაჯულია.
ყველა ჩვენგანი ღვთის ხელშია. ის გვიყურებს ჩვენ და ყველაფერს დანამდვილებით ხედავს, მისთვის ყოველი კაცის გული გახსნილია. ის ჩვენდამი უსამართლო არ იქნება. რამდენადაც არსებობს ღვთის სამართლიანობა, საღვთო მისაგებელი და – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, – რამდენადაც ჩვენ ღმერთს ვუყვარვართ, არც ერთი სიკეთე, რომელსაც ადამიანი აღასრულებს, ტყილუბრალოდ არ ჩაივლის. ამიტომ იგი, ვინც ადამიანებისადმი სამართლიან დამოკიდებულებას ესწრაფის, სრულიად უვარგისი, განუვითარებელი ადამიანია.
შევნიშნე, რომ თუ ის ადამიანი, უსამართლობის მსხვერპლი რომ გახდა, მომხდარს ისე შეხვდება, როგორც ამას საღვთო სამართალი მოითხოვს, მას ღმერთი ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაშ იგაამართლებს. მახსოვს, ომის შემდეგ ორდენების გადმოსაცემად ჩვენთან მოვიდა გენერალი. ამ დღეს მე არ ვიყავი, როდესაც გენერალმა ჩემი გვარი ამოიკითხა, რიგიდან გამოვიდა ერთი ჩემი თანამშრომელი – წამოშობით ფარასიდან და ჩემი კუთვნილი ჯილდო მან მიიღო. სხვა ჯარისკაცებმა არაფერი თქვეს, იმიტომ, რომ იმ დროს ჯარში ასეთ ტყუილისთვის ციხეში სვამდნენ. როდესაც გენერალი წავიდა, ეს ჯარისკაცი დაიმალა, რადგანაც ეშინოდა, რომ დანარჩენები სიკვდილამდე სცემდნენ. მას შემდეგ, რაც ნაწილში დავბრუნდი, ჩემთან მოსვლასაც გაურბოდა. დიდხანს მიარა გარშემო და ბოლოს მითხრა: – მაპატიე, მე ასე და ასე მოვიქეციო. – „ძალიან კარგად მოქცეულხარ, მე რაში მჭირდებოდა ის ორდენი“? – ვუპასუხე მე. შემდეგ იგი ამ ორდენს აღლუმებზე იკეთებდა. ხოლო ორმოცი წლის შემდეგ აქ – მონასტერში თესალონიკის პირველი არმიის ხელმძღვანელი მოვიდა და მომიტანა ჯილდო – ალექსანდრე მაკედონელის ორდენი. ამის დანახვაზე ღიმილი ვერ შევიკავე. დიახ, ორმოცი წლის შემდეგ! და მე გამაოცა იმ ამბავმა, რომ მარშალი სწორედ თესალონიკიდან მოვიდა, ანუ იმ მხრიდან, საიდანაც ის ჯარისკაცი იყო, ჩემი ჯილდო რომ მიითვისა. ხედავთ, როგორ ხდება?! თუ იმას ვესწრაფით, რომ სამართლიანად მოგვექცნენ, ვკარგავთ იმას, რასაც აქ უნდა ვესწრაფოდეთ და იმასაც, რასაც ქრისტე, ამქვეყნიური უსამართლობის დათმენის სანაცვლოდ, იმქვეყნად გვიმზადებს. ანუ სრულიად უსარგებლო რამის გამო ვკარგავთ მთავარს, მარადიულს. რადგანაც ასეა თუ ისე, ყოველივე ამქვეყნიური ხომ არარაობაა. მაშ, რიღასთვის გვჭირდება ყოველივე ეს?!
– წმიდაო მამაო, რას ნიშნავს ის, რომ რაღაცის „უფლება გქონდეს“?
– „უფლების ქონა“ – ეს ერული ლოგიკაა. რაც მეტია ადამიანში ერული, მით მეტი რამის „უფლება აქვს“ მას. და რაც უფრო სულიერია იგი, მით ნაკლები რამის უფლება აქვს. განსაკუთრებით – ბერს: მას მხოლოდ ერთი მოვალეობა აკისრია: არ ჰქონდეს არაფრის უფლება! იმის თქმა მინდა, რომ ბერი არაფერზე არ უნდა იყოს მიჯაჭვული. ქრისტეს სიყვარულისათვის ბერი ყოველივეზე ამბობს უარს... ამიტომ, თუკი ის ცხოვრებაში რამენაირი უფლების მოსაპოვებლად იღწვის, უდიდეს შეცდომას უშვებს. ამგვარი ქცევა ხომ შეურაცხყოფს ქრისტესა და მონაზვნობას. ერის ადამიანებს ბევრი რამის უფლება აქვთ და ამიტომაც არიან ერში. მაგრამ, იმას, რაზედაც ბერს ,ანდა უბრალოდ – სულიერ ადამიანს, – „უფლება აქვს“, იმას ქრისტე მომავალი ცხოვრებისათვის უზოგავს მას.
„უფლების ქონის“ ტენდენცია დღეს მხოლოდ ერში კი არ არის თითქმის მთელი ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი, არამედ – ახალგაზრდა ბერებისთვისაც. ზოგიერთმა მათგანმაარც ის იცის, ბერი რისთვის გახდა, არც ის, – რას ნიშნავს საერთოდ ბერობა. ამიტომაც მათში გამუდმებით არსებობს ეს – „უფლება მაქვს“! ერული სული, (სულიერად) აუხსნელი ლოგიკა, ადამიანური სამართლიანობა – ნებისმიერ საგანთან მიმართებაში ბოჭავს მათ. ეს ადამიანური სამართლიანობა, რომელიც ევროპული სულიდან იღებს სათავეს, დღეს მონაზვნობასაც მსჭვალავს.
თანამედროვე ეპოქაში, მონაზვნურ ცხოვრებაში, არც თუ იშვიათად შეხვდებით ამ სულს: „მე მოყვასს არანაირ უსიამოვნებას არ ვაყენებ და არც ის მინდა, რომ მან მომაყენოს რამენაირი უსიამოვნება. მე ხომ მისი წყენინება არ მინდა. ასე რომ, ყველაფერი რიგზე გვაქვს“. ანდა, როგორც ზოგიერთი ბერი იტყვის: „ჩემი საქმე გავაკეთე, სადაც დახმარება იყო საჭირო, დავეხმარე, რაც უნდა დამემთავრებინა, დავამთავრე: ყველაფერი რიგზე მაქვს, ხოლო სხვა სამუშაო?! ის ხომ ჩემი არ არის. მივდივარ, სენაკში უნდა შევიდე და კანონი შევასრულო“. ასეთი ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი ძმა უძლურებაშია, ან თავი სტკივა და ამიტომ ვერ მუშაობს. ანდა – ნაკლებს მუშაობს იმიტომ, რომ ღამისთევაზე იყო და ძალიან დაღლილი დაბრუნდა. ანდა ამას იტყვიან: „ეს ჩემი ულუფაა და უფლება მაქვს, შევჭამო“. არც კი იფიქრებენ, რომ შესაძლოა, მოყვასი უფრო სუსტია, ანდა, მისი ორგანიზმი მეტ ენერგიას ხარჯავს და მეტი საჭმელი სჭირდება. ყოველივე ამის შედეგად ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ხორციელად სულიერ წიაღში იმყოფებიან, იქამდე მიდიან, რომ თავიდან ბოლომდე ერულად აზროვნებენ და შესანიშნავი ადამიანებიც არიან, ოღონდაც – ერის ადამიანები... იცით,რა ძნელია, იმ ადამიანების ცქერა, თავიდან ბოლომდე ამ სოფელსრომ ეკუთვნიან?! ანუ მე შევნიშნე, რომ მრავალი ბერი, ზოგი – მეტად, ზოგი – ნაკლებად, მარხულობს, ლოცულობს, მსახურებას ესწრება, მორჩილებას ასრულებს, მონაზვნურადაა შემოსილი, მონაზვნური წესით ცხოვრობს; მაგრამ მისი დამოკიდებულება ყველაფრისადმი ერულია და არა – სულიერი. ისინი ზრუნავენ, რომ მათი მისამართით საწყენი სიტყვა არ ითქვას,რომ ვინმე უსამართლოდ არ მოექცეთ. ანუ ეს ბერები ერული სამართლიანობის ჩარჩოებში არიან მოქცეულნი, ზოგიერთი კი აქამდეც ვერ მიდის. აბა მიდი და სცადე მათთან სულიერი ურთიერთგაგება დაამყარო! ეს ბერები ცდილობენ, ყველაფერი ისე მოაწყონ, რომ სამომავლოდ ქრისტეს მათთვის საბუღალტრო ანგარიშების შედგენა გაუადვილონ (რათა იგი მათ წინაშე ვალში არ დარჩეს) ამიტომ, რადგანაც ქრისტე ხედავს უსამართლობის იმ ხარისხს, რომელსაც თითოეული ადამიანი დაითმენს და ხედავს ასევე მის მიერ მსხვერპლის გაღების ხარისხს, რათა ყოველივე ამისათვის შესაფერისი მიუზღას, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ თვითონვე აწარმოონ მისთვის (ქრისტესთვის) (საკუთარი დამსახურების) ანგარიშები.
მე საერთოდაც მაშფოთებს იმ სახის აზროვნება, რომელსაც ზოგიერთ თანამედროვე ბერში ვხედავ. მათი სამართლიანობა სრულიად ადამიანურია! თუმცა, როგორ აისახება ადამიანური სამართლიანობა სულიერ ცხოვრებაში?! ადამიანური სიმართლით თვით ერულ ცხოვრებაშიც კი ვერ წახვალ შორს, ხოლო სულიერ ცხოვრებაში ხომ – ლაპარაკიც ზედმეტია! როდესაც თანაცხოვრებულთა მონასტერში ვცხოვრობდი, იქაური ბერები გამუდმებით მსხვერპლის გაღებას ცდილობდნენ. ეს სული ყველგან იყო გამეფებული: სამუშაოზე, ტრაპეზზე, ისინი პირველ რიგში მოყვასზე ფიქრობდნენ და მერე სამოთხის მკვიდრებივით ცხოვრობდნენ. მაგალითად, ტრაპეზობისას ბერი ცდილობდა, ნაკლები ეჭამა, რომ სხვას მეტი დარჩენოდა; შესაძლოა, არც თვითონ გამოირჩეოდა გოლიათის ჯანმრთელობით, მაგრამ ამას არად აგდებდა. ასეთი ბერი იმაზე კი არ ფიქრობდა, მისი მოყვასი ჯანმრთელი იყო თუ ავადმყოფი, არამედ უბრალოდ – მსხვერპლს იღებდა. ის საკუთარი განსჯის უნარსაც კი არ მოიხმარდა და არ ამბობდა: „ძმა თუ თავის ულუფაზე მეტს შეჭამს, ეს მას ავნებს“. სწორედ იმ წუთიდან, როდესაც ბერი იმაზე ზრუნვას იწყებს, რომ რამენაირად წყენა და ზედმეტი გარჯა თავიდან აიცილოს, რომ მისმა შრომამ დაუფასებლად არ ჩაიაროს, მა სთითქოსდა აღარ სწამს ღმერთის, აღარ სწამს სხვა ცხოვრების არსებობა, აღარ სწამს, რომ თითოეულ ადამიანს მომავალი სამსჯავრო და საღვთო საზღაური ელის. და თუმცა იგი (სხვებზე) ცოტა ზედმეტად გაისარჯა, მისი ეს შრომა ამაო არ იქნება, ამაოდ მხოლოდ პირუტყვები შრომობენ, მაგრამ თვით ეს საბრალო ქმნილებებიც კი საკუთარ თავს ჩვენთვის სწირავენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სწორედ ჩვენს გამო იტანჯებიან. პირველ მამათა შეცოდების შემდეგ ხომ ბუნება ადამიანთან ერთად კვნესის და მასთან ერთად იტანჯება. რა საშინელებაა! ნახეთ,როგორ იტანჯებიან მონადირისაგან დაჭრილი გარეული მხეცები! ისინი, დაწყლულებულები და ფეხებდამტვრეულები ვერსად გაურბიან დიდ მტაცებელ მხეცებს, რომლებიც შეიპყრობენდა გადასანსლავენ მათ. და ამასთან, ამ საბრალოებს უმცირესი სამაგიეროც კი არ ერგებათ. თუკი ადამიანს ეს არ ესმის, ის აღარაა ადამიანი. ღმერთმა მას სწორედ იმისათვის მისცა გონება,რომ მისი საშუალებით სწორად იღვაწოს და თავისი გზა იპოვოს. ახლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ უკანასკნელ სასიცოცხლო ძალები უნდა გამოწუროთ, არამედ იმას, რომ – ღვთისმოსაობა იქონიოთ.
– წმიდაო მამაო, ესეიგი თქვენ გსურთ, რომ ჩვენი გულები მოყვასის ტვირთის შემსუბუქებისა და მისთვის სიმშვიდის მინიჭების მხურვალე სურვილით თრთოდეს...
– დიახ, იმიტომ, რომ როდესაც მოყვასის ხვედრის შემსუბუქებას და მისთვის სიმშვიდის მინიჭებას ცდილობ და ამასთან საკუთარ თავს ბოლომდე ღვთის ხელს გადასცემ, ძალებისაგან აღარ იცლები. ხოლო თუ ქანცი გიწყდება და ამის შესახებ სხვას ეტყვი, ჩათვალე, რომ შენმა მთელმა გარჯამ ამაოდ ჩაიარა. როგორ ფიქრობ, დაგაჯილდოებს ქრისტე იმისათვის, რომ საკუთარ მწარე ხვედრზე მოთქვამ?! ასეთ შემთხვევაში ყურის ძირში შემოლაწუნების გარდა ვერაფრით „დაჯილდოვდები“.
შეძლებისდაგვარად ეცადე, რომ სწორედ ის სამუშაო შეასრულო, რომელზედაც ახლა გელაპარაკები, ესაა ის „სულიერი ღვაწლი“, რომლის აღსრულებაც გევალებათ. ვინც ამ ღვაწლს არ აღასრულებს, მას ასკეტური მოღვაწეობაც კი ვერ უშველის, იმიტომ, რომ მისი რადიოსადგური იმავე სიხშირეზე არ მუშაობს ,რომელზეც ღმერთის რადიოსადგური. და ეს თუ ასეა, მაშინ ყველაფერი, ყოველგვარი მარხვა და მუხლთდრეკა ამოდ ჩაივლის... იმის თქმა კი არ მინდა, რომ ყოველივე ეს უსარგებლო საქმეა, არამედ, მხოლოდ იმის, რომ მარტო მოღვაწეობის გარკვეული წესების შესრულება იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა.
– წმიდაო მამაო, რა შემთხვევაში შეიძლება, ადამიანს სამართლიანი ეწოდოს?
– ერული თვალთახედვით სამართლიანი ის ადამიანია, რომელის განსჯა ადამიანურ სამართალს ემყარება. მაგრამ სინამდვილეში სამართლიანი მხოლოდ ის კაცია, რომელიც ადამიანური სამართლიანობით კი არ არის სამართლიანი, არამედ – საღვთო სიმართლით. ამ შემთხვევაში აკურთხებს მას ღმერთი. თუ ჩემს ქმედებებში ერთმანეთში არასოდეს ვურევ საკუთარ „მეს“ და საკუთარ გამორჩენას, ამით, შეიძლება ითქვას, ღმერთს ვაიძულებ, რომ საღვთო მადლი გარდამომივლინოს. ნებისმიერი, ყველაზე სამართლიანი ადამიანური სიმართლე საკუთარ თავში ადამიანურ საწყისს შეიცავს. ხოლო, ვიდრე სულიერ ადამიანში ადამიანური სამართალი ცოცხლობს, სული ცდილობს, რომ ამოიგლიჯოს ეს სიმართლე, ადამიანი კი მის შესანარჩუნებლად იბრძვის, ხან ერთი ძლევს და ხან – მეორე, კაცს კი სულიერი ძალა ეცლება. მაგრამ თუ საღვთო სიმართლეს მოიპოვებს, ადამიანი განიწმინდება და საღვთო განათლებას მოიხვეჭს.
– წმიდაო მამაო, თუკი იმ ადამიანს, ვინც ირწმუნება, რომ უსამართლოდ მოექცნენ, ვეტყვი, რომ საღვთო სამართლიანობა არსებობს, ჩემი სიტყვები დაეხმარება?
– არა. ჯობს, ასე უთხრა: „მოვლენებს სულიერად შეხედე ,როგორც ამას სახარება გვიქადაგებს“. თუ ეტყვი, რომ საღვთო სამართლიანობა არსებობს, ის ხომ დარწმუნდება, რომ მართლაც უსამართლოდ აწყენინეს, მაშინ, როდესაც სინამდვილეში შესაძლოა, თვითონ აწყენინა მათ.
არა... მე ნამდვილად მტკივა სული. ვიცნობდი ერთ ადამიანს, რომელიც რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში, მარხულობდა, სხვა ქრისტიანულ წესებსაც ასრულებდა და ეგონა, რომ სულიერად ცხოვრობდა. ამასთან მას ხუთი ბინა ჰქონდა, ორი ხელფასი და – არცერთი შვილი, უპოვართათვის კი სამოწყალოდ ერთ დრაქმასაც არ გაიღებდა. ერთხელ ვუთხარი: „კი მაგრამ, შენ ხომ ამდენი გაჭირვებული ნათესავი გყავს, რად არ ეხმარებიმათ? ამდენ ფულს რა უნდა უყო? ქვრივებსა და ობლებს გაუნაწილე“. და იცით, ამაზე რა მიპასუხა?! „გამოდის, რომ რაკი ჩემი და ქვრივია, მისგან ბინის ქირა არ უნდა ავიღო“? ეს რომ გავიგონე, ძარღვებში სისხლი გამეყინა. აი, ეს არის სწორედ სიმართლე ამა სოფლისა! „თუკი უქონელი და უპოვარი ბავშვები ჩემი კი არა, – სხვისი შვილები არიან, მათზე პასუხისმგებლობა მე არ მეკისრება. მე არავის ვაწყენინებ, ღმერთმა დამიფაროს იმისგან, რომ ვინმეს რაიმე საწყენი გავუკეთო“! ფიქრობს ასეთი ტიპის ადამიანი. ამგვარი ხალხი საკუთარი აზრების დაწყნარებას ახერხებს, მაგრამ ჭეშმარიტი სიმშვიდე მათთვი სუცხოა. ისინი ადამიანური ლოგიკით, ერული სამართლიანობით ხელმძღვანელობენ და თანდათან უფრო და უფრო გულგრილები ხდებიან ყოველივე იმის მიმართ, რაც მათ თვალწინ ხდება, რაც ძალიან სერიოზულია და მათ ჩარევას მოითხოვს. ყოველივე ამის შემდეგ რანაირადღა შეძლებენ ისინი, შეიგრძნონ რაიმე სულიერი?! არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, ვითაცას მთელი სახლი შესწირონ, მაგრამ ამავე დროს, თუკი ვინმე ბინის ქირის გადახდას დაუგვიანებს, მზად არიან, სასამართლოში უჩივლონ მას. როგორ ახსნით თქვენ ამ ამბავს?
– წმიდაო მამაო, ეს ადამიანური სამართლიანობით აიხსნება?
– ეს ადამიანური სიმართლეც აღარ არის. ასეთების ადამიანური სიმართლე ჩირადაც არ ღირს. ასეთები ასიათას დრაქმას მესწირავენ ვინმეს, მერე კი ტაქსის მძღოლს ასი დრაქმისთვის ედავებიან და პოლიციაში დაარბენინებენ. აბა, როგორ ახსნით ამას?
– წმიდაო მამაო, შესაძლოა, ისინი მთლად ჭკუაზე ვერ არიან.
– არა, სწორედაც რომ ჭკუაზე არიან.
– იქნებ მოწყალებას ამპარტავნებით გასცემენ, რომ ამით სიამოვნება იგრძნონ.
– აი! სწორედ ამაშია საქმე. ისინი ამპარტავნებით გასცემენ ბევრს და ამას ღვთის სადიდებლად არ აკეთებენ, არამედ იმისათვის, რომ თვითონ გაითქვან სახელი. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, მსხვერპლად შესწირონ ყველაფერი, რაც კი აბადიათ, მაგრამ სიყვარული კი არ აქვთ.
დღეს ადამიანთა შორის ბატონობს რაღაც უწმიდური სული. თვით სულიერი ადამიანებიც კი იურიდიულ სამართლიანობას ესწრაფიან და ამავდროულად ირწმუნებიან, რომ ღმერთი სწამთ. „შენ ამის უფლება გაქვს... მე იმის უფლება მაქვს“. ნეტავ ადამიანთა შორის ეს „საღი აზრის სახარება“, ეს საშინელი „საღი აზრი“ არ იყოს გამეფებული! „ბრიყვი არ ვეგონო ვინმეს“! – ამბობენ ასეთი ადამიანები. იცით კი, რომ ქრისტეანები იქამდე დადიან, რომ ერთმანეთს სასამართლოში უჩივიან?! ისინი სასამართლოს არ უნდა მიმართავდნენ, თუნდაც სიმართლემართლაც მათ მხარეს იყოს. და მით უმეტეს, რომ ისინი არ არიან მართლები. სწორედ ამიტომაა, რომ ზოგიერთები ასეთი ქრისტიანების გამოისობით რწმენას კარგავენ. ხალხი ხედვს, რომ ზოგიერთი არც ეკლესიაში დადის, არც ღამისთევებს ესწრება, და მიუხედავად ამისა, არ ეცემა იქამდე, სადამდეც – ზოგიერთი ქრისტიანი, რომელიც ეკლესიაში დადის ღამისთევებს ესწრება, აღასრულებს ყველაფერს, რაც საჭიროა და ამავე დროსვიღაც საბრალოს სასამართლოში დაატარებს იმის გამო, რომ მისი ცოტაოდენი ფული მართებს. და ამას მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის აკეთებს, რომ „თავისი უფლებები აღადგინოს“. ერთხელ ერთ კაცს, რომელიც აპირებდა სასამართლოში ეჩივლა ღატაკისათვის, რომელსაც ცოტაოდენი ფული ასესხა, ვკითხე: „ძალიან გიჭირს, თუ იმ შენს მოვალეზე მეტი შვილი გყავს, ან იქნებ ცოლი გაძალებს ჩივილს და ეს მძიმე მდგომარეობაში გაგდებს?“ მან კი მომიგო: „არა! ამას იმისათვის ვაკეთებ, რომ სამართლიანობას მივაღწიო“.
რაღას ეტყვი? რა თქმა უნდა, აქ თავის როლს თამაშობს აღზრდა, რომელიც ბავშვობაში მიიღო ზოგიერთმა ეკლესიის გარშემო არსებულ ზოგიერთ წრეში. აი, უკვე რამოდენიმე წელია ჩემი მეხსიერებიდან არ გადადის ასეთი შემთხვევა: ერთ საბავშვო სახლში მორჩილებას ასრულებდნენ მოწყალების დები – ერთ-ერთი ქრისტიანული ერთობიდან, მათ გაუთხოვრობის აღთქმა ჰქონდათ დადებული. მოულოდნელად ერთი ბავშვი ავად გახდა, მას ჭირდებოდა გამოკვლევა, რომელიც რადიაციულ დასხივებასთან იყო დაკავშირებული. ექიმმა დებს სთხოვა დახმარება, მაგრამ არცერთი მათგანი არც კი გაინძრა: რადიაციისა შეეშინდათ. დავიწყოთ იქიდან, რომ რამდენადაც მათ გაუთხოვრობის აღთქმა ჰქონდათ დადებული, საკითხი განხილვას საერთოდ არცკი ექვემდებარებოდა. გათხოვება რომ ჰქონოდათ განზრახული, მათი გამართლება რამდენადმე შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ ისინი ხომ სულიერი ადამიანები იყვნენ, მსხვერპლშეწირვის უნარი იმ შემთხვევაშიც კი უნდა გამოევლინათ, ოჯახის შექმნა მოსალოდნელი რომ ყოფილიყო. სულიერი საქციელი ის იქნებოდა, რომ ამ დებს ერთმანეთში დავა მოსვლოდათ, თუ რომელი დაასწრებდა, გამოეყენებინა თავისი უფლება და მსხვერპლი გაეღო. მაგრამ იმ შემთხვევაში საქმე იმით დასრულდა, რომ ექიმის დახმარება ითავა სხვა მოწყალების დამ, რომელიც ქრისტიანულ ერთობას არ ეკუთვნოდა. ეს გოგონა არა მარტო სულიერი ცხოვრებით არ ცხოვრობდა, არამედ, გათხოვებასაც კი აპირებდა! მაგრამ სწორედ მან შეიბრალა პატარა. მაგრამ ყველაზე უარესი ის არის, რომ ასეთ ადამიანებს მსგავსი რამის გამო სინდისი არ აწუხებთ. ისინი ამბობენ: „ეს ყველაფერი (საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის უნარი) ჩვენთვის არ არის. ჩვენ სულიერი სამუშაოსთვის ვცხოვრობთ“. მათ შორის შესაძლოა, ასეთი რამაც მოისმინოთ: „რას ვიზამთ?! ვიღაცას მსხვერპლის გაღება მოსწონს, მე კი მშვიდი, უზრუნველი ცხოვრება მირჩევნია“. ზოგჯერ ისინი განსჯიან კიდეც იმ ადამიანს, ვინც მსხვერპლს იღებს და ამბობს, რომ სულიერი მდგომარეობისათვის ჯერაც ვერ მიუღწევია. მაგრამ ქრისტე სუფევს იქ, სადაც კეთილშობილება და დიდსულოვნებაა; იქ, სადაც არის თავგანწირვის სული, სისადავე და სურვილი იმისა, რომ შეუმჩნეველი დარჩე.
– მაგრამ, წმიდაო მამაო, თუკი ხედავ, რომ ადამიანი საფრთხეშია, განა, დაღლილობის მიუხედავად, მის დასახმარებლად არ უნდა ისწრაფოდე?
– დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ, იცით, შევნიშნე, რომ მრავალი სულიერი ადამიანი საკუთარ თავში ერულ სიბრძნეს ამკვიდრებს. მათ თავიანთი საკუთარი საერო „სახარება“ შექმნეს. „სახარება“, რომელიც მათ თარგზეა მოჭრილი. ასეთი ადამიანები ამბობენ: „ქრისტიანს პირადი ღირსების შეგრძნება უნდა ჰქონდეს! არ შეიძლება, მას სახეში სიბინძურე ესროლო, არ შეიძლება, რომ ის სულელივით გამოიყურებოდეს“. ანუ, ასეთი ადამიანები ყველაფერს ერული ლოგიკითა და სიმართლით განსჯიან. „მე ამის უფლება მაქვს, მე მას არ ვაწყენინებ და ნურც თვითონ მაწყენინებს“. – იტყვის ასეთი კაცი. და ამის შემდეგ თავს იმშვიდებს იმით, რომ სიმართლე მის მხარესაა. ამ ადამიანში ერული სიმართლის გამოვლინებას ვხედავთ. ღვთისმოსაობა მას არა აქვს და თავგანწირვა მას არა აქვს, ერთი სიტყვით, არაფერი არა აქვს. მან თავისი საკუთარი „სახარება“ შექმნა და ღმერთთან არანაირი ნათესაობა არ გააჩნია. და ყოველივე ამის შემდეგ განა შესაძლებელია, რომ მასზე საღვთო მადლი გარდამოვიდეს?!
როდესაც ჯარში ვმსახურობდი, სამხედრო აეროდრომის ერთი რადისტი ჩემთან ნაწილში უწყებებისთვის მოდიოდა ხოლმე [3] და მასთან ურთიერთობა მქონდა. ის სასულიერო განათლებას ფლობდა და ჯარში თანამშრომლებთან ხშირად ქადაგებდა კიდეც. თუმცა მას ყველა „იეზუიტს“ [4] ეძახდა, იმიტომ, რომ არა მარტო თავგანწირვა იყო მისთვის უცხო, არამედ, სხვისთვის უმცირესი დახმარებაც კი არ შეეძლო. ზოგჯერ ვთხოვდი ხოლმე: „შენ ხომ მაინც აეროდრომზე მიდიხარ, წაუღე ეს უწყებები ამა და ამ რადისტს“. ის კი მპასუხობდა: „არა, მე საკუთარ უწყებებს წავიღებ, თავისთვის თვითონ მოვიდეს“. ის თავს იმით იმშვიდებდა, რომ სხვას უსამართლოდ არ ექცევა. მაგრამ ქრისტე ამბობს: როდესაც ერთი სარბიელის გავლას უბრალოდ კი არ გთხოვენ, არამედ – მოითხოვენ შენგან, შენ ამ დროს ორი უნდა გაიარო [5]. ის არ გეუბნება: „თუ ვინმე უბრალოდ მოითხოვს შენგან მოსასხამს, მას სამოსიც მიეცი“. არამედ გიქადაგებს: „ვინცმ ოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას“ [6]. ქრისტე ამას გვიქადაგებს, ხოლო სულიერი ადამიანი ამბობს: „მე იმისათვის მოვედი, რაც ჩემია, თავისი კი თვითონ წაიღოს“. ეს იგივეა, რომ მან თქვას: „მნახეს რა სულელი. მე ერთი ვერსის გავლა მევალება, ესენი კი მაიძულებენ, ორი გავიარო“. აბა, რას იტყვით?! რანაირად შეიძლება, რომ ასეთ ადამიანს საღვთო მადლი მიუახლოვდეს?! მაგრამ, თუკი ვინმე გულწრფელად მიიღებს ამ სახარებისეულ სწავლებას და მაშინ, როდესაც მას ერთი ვერსის გავლას სთხოვენ ,მეტს გაივლის, სწორედ მასში ამოქმედდება ქრისტე. ხოლო იგი, ვინც ამ ადამიანს აიძულებს ეს მანძილი მასთან ერთად გაიაროს, სულიერად იცვლება და განცვიფრებული მოიქექავს კეფას: „აი, ეს კი საქმეა, მე მას მხოლოდ ერთ ვერსზე გაყოლა ვთხოვე, ეს კი ნახე, რა მანძილზე გამომყვა. აი, ამას ჰქვია სიკეთე“! ქრისტეს რომ ის ერული ლოგიკა ჰქონდეს, რომელიც დღეს მრავალ „სულიერ“ ადამიანს შორისაა გამეფებული, მაშინ ის არ მიატოვებდა თავის ზეციურ საყდარს, რათა გარდამოსულიყო მიწაზე, ტანჯულიყო და ჩვენგან – ბედკრული ადამიანებისაგან – ჯვარცმა დაეთმინა. თუმცა სწორედ (ადამიანურად რომ ვთქვათ) ქრისტეს ამ წარუმატებლობაში დამალულია კაცთა მოდგმის გამოხსნის საიდუმლო! მართლაც და, რა არ გადაიტანა მანჩვენი ხსნისათვის! მან იმდენად დაიმდაბლა თავი, რომ ადამიანები ყვრიმალზე სცემდნენ და ეუბნებოდნენ: „თქვი, ვინ დაგარტყა? ანუ ებრაელებმა ქრისტეს დაცინვით გასართობი იშოვეს! იცით, რა სიმწარე გადავიტანე ბავშვობაში, როდესაც ვნახე, თუ როგორ თამაშობდნენ სხვა ბავშვები რიკტაფელას?! ებრაელებმა ხომ ქრისტესთან სწორედ ეს თამაში წამოიწყეს! „აბა, იწინასწარმეტყველე ვინ დაგარტყა“? რა საშინელებაა ყოველივე ეს! ჩვენ კი ვესწრაფით ქრისტიანობას ჯვარცმის გარეშე. „ქრისტიანობას მეყსეული აღდგომით“ [7]. ჩვენ ქრისტიანობასა და მონაზვნობას ისე გადავაკეთებთ ხოლმე, როგორც მოგვესურვება. ჩვენ არ გვინდა, რამით შემოვისაზღვროთ.
თუმცა, ზებუნებრივის განსაცდელად მოვალენი ვართ საკუთარ ბუნებაზე აღმატებულად ვცხოვრობდეთ.
[1] - სტრემა – ფართობის საზომი, აღნიშნავს 1000 კვ.მ.-ს.
[2] - შესაქმ. 13, 1-13.
[3] - ჯარში ბერი რადისტი იყო.
[4] - იეზუიტები – XVI საუკუნეში ეგნატე ლოიოლას მიერ დაარსებული კათოლიკური ორდენი, რომელიც მკაცრი შინაგანი პრინციპით იყო ცნობილი და მიზნის მისაღწევად უკიდურეს ზომებს მიმართავდა. გადატანითი მნიშვნელობით იეზუიტს უწოდებენ ისეთ ადამიანს, ვინც ფორმალურად მკაცრად იცავს ღვთისმოსაობის ყველა პრინციპს, მაგრამ ამავე დროს შესაბამის სულიერ მდგომარეობაში არ იმყოფება.
[5] - მათ. 5, 41.
[6] - მათ. 5, 40.
[7] - ლუკ. 22, 64.