სახიერმა ღმერთმა პირველქმნილ ადამიანებს მიანიჭა სინდისი – პირველი საღვთო სჯული. ღმერთმა ადამიანების გულებში სინდისი ღრმა ხაზებით ამოკვეთა. და მას შემდეგ თითოეული ადამიანი მემკვიდრეობით იღებს მას. თუკი ადამიანი რაიმეს არასწორად აკეთებს, მაშინ სინდისი, რომელიც მის არსებაში მუშაობს, ამხელს და სინანულისაკენ უბიძგებს. მაგრამ აუცილებელია, რომ სულიერი მოღვაწეობა სწორად წარიმართოს. და გამუდმებით იცდებოდეს სინდისი, რათა მისი ხმის გაგონება, მისი მოსმენა ყოველთვის შეიძლებოდეს. თუ საკუთარ სინდისს არ აღზრდის, ადამიანს არც სულიერი წიგნების კითხვა არგებს რამეს და არც – წმიდა მამათა რჩევების. თუ საკუთარ სინდისს არ გამოცდის, ის ვერც საღვთო მცნებების დაცვას შეძლებს.
– წმიდაო მამაო, განა შეიძლება, რომ სრულიად ვერ ხედავდე საკუთარ სულიერ მდგომარეობას და ვერ ამჩნევდე, რომ გზას ასცდი?
– თუკი ადამიანი სინდისის ხმას არ მისდევს და არ განწმენდს მას, მისი სინდისი ლექის ფენით იფარება და უგრძნობი ხდება. ის სცოდავს და თავს ისე გრძნობს, თითქოს განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდეს.
– წმიდაო მამაო, თუ შეიძლება, გვითხარით, როგორ უნდა ვზრუნავდეთ სინდისის გამოსაცდელად?
– იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, ნამდვილად მივდევთ თუ არა საკუთარი სინდისის ხმას, ყურადღებით უნდა ვაკვირდებოდეთ თავს და ყველაფერს ვეუბნებოდეთ სულიერ მოძღვარს. ხომ შეიძლება, საკუთარი სინდისის დათრგუნვის შედეგად ვთვლიდეთ, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს. ანდა შესაძლოა, დამახინჯებული სინდისიდან გამომდინარე, ადამიანი საკუთარ დანაშაულს ქველმოქმედებად მიიჩნევდეს. ასეც ხდება ხოლმე: ადამიანს ვნებს ის, რომ სინდისი მეტისმეტად მგრძნობიარედ აქცია.
– წმიდაო მამაო, მე შინაგანად განვიკითხავ სხვებს და ამაში საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ. იქნებ ეს იმიტომ ხდება, რომ უგრძნობელად გადავიქეცი?
– დიდი ყურადღებაა საჭირო. როდესაც ადამიანი პირველად სცოდავს, მას შინაგანად რაღაც ამხელს და ის ამას განიცდის. როდესაც ამ ცოდვას გაიმეორებს, ნაკლებად ამხელს სინდისი, ხოლო თუ ის უყურადღებოა და ცოდვის ქმნას განაგრძობს, მისი სინდისი ქვავდება. მაგალითად, თუ ვინმეს რაიმე დანაშაულისათვის შენიშვნას აძლევ, იგი იმისათვის, რომ სინდისის ქენჯნა არ იგრძნოს და არ შეშფოთდეს, საუბრის თემას ცვლის. სწორედ ისე, როგორც ინდუსები, რომლებიც ნირვანაში [1] იძირებიან. ერთმა ყმაწვილმა ჰიმალაის მთებში ხუთი იტალიელი ალპინისტი მოკლა, მიწაში დაფლა და ცნობიერების მოსაკრებად ვარჯიში დაიწყო. ის მიწაზე დაჯდა და ორი საათის განმავლობაში იმეორებდა: „ხე-ხე-ხე“, რათა „სულიერი ვაკუუმიდან“ გამოსულიყო, მომხდარი დაევიწყებინა და გონება არ შეშფოთებოდა. დავუშვათ, მე რომელიმე დას ჩადენილი თვითნებობის გამო ვსაყვედურობ. თუკი ეს და სულიერად სწორად არ იღწვის და გამოსწორებას არ ცდილობს, ჩემი ზრუნვის სამაგიეროდ მას შეუძლია, თქვას: „დღეს საღამოს მწუხრის ზარს ადრე დავრეკავ“! – მხოლოდ იმისათვის, რომ საუბრის თემა შეცვალოს. მერე კი ეშმაკი დაახვევს თავბრუს და ეუბნება მას: „ნუ შეშფოოდები, ეს ხომ იმისთვის უთხარი, რომ ის არ განერვიულებულიყო“. ეშმაკი პოულობს მის გასამართლებელს და იმის მაგიერ, რომ აღიაროს: „ეს იმისათვის გავაკეთე, რომ სინდისის ხმა ჩამეხშო“. ის თავს იმართლებს და ამბობს: „ეს მე იმისათვის გავაკეთე, რომ ბერი არ განერვიულებულიყო“. ხედავს, რას აკეთებს ეშმაკი?! დახვეწილი სამუშაოა! ის მანქანის სახელურს სხვა სიჩქარეზე გადართავს, რომ ჩვენ საკუთარი დანაშაული ვერ დავინახოთ.
– წმიდაო მამაო, შეიძლება, ადამიანი თავის უმნიშვნელო შეცდომებს ამჩნევდეს, მაგრამ უხეშ ცოდვებს ვერ ხედავდეს?
– როგორ არ შეიძლება! ნაცნობი მღვდელი ერთი შემთხვევის შესახებ გვიამბობდა: ერთი ქალი, რომელიც მასთან აღსარებაზე მივიდა, უნუგეშოდ მოთქვამდა, ტიროდა და ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა: „მე მისი მოკვლა არ მინდოდა“. – „მომისმინე, – ამშვიდებდა მას მღვდელი, – თუკი სინანული გაქვს, ღმერთი ცოდვას შეგინდობს, მან ხომ მონანულ დავითს შეუნდო“! – „ხო, ხო, მაგრამ ეს მე არ მინდოდა“! – იმეორებდა იგი. – „როგორ მოკალი“? ფრთხილად ჰკითხა მას მღვდელმა. – „აი, ასე: მე მტვერს ვწმენდდი, უნებურად ჩვარი მოვიქნიე და მოვკალი! არ მინდოდა ამ ბუზის მოკვლა“! და ამ ყველაფერთან ერთად ეს პიროვნება ღალატობდა ქმარს, მან მიატოვა შვილები, დაანგრია ოჯახი და კაცმა არ იცის, სად ცხოვრობდა. მაგრამ ყოველივე ამაზე, როგორც სრულიად უმნიშვნელო რამეზე, ისე ყვებოდა. – „ამ ყველაფრისთვის ეპიტიმიას იმსახურებთ“! – უთხრა მას მღვდელმა, როდესაც მისი „გმირობების“ შესახებ შეიტყო. – „და, რატომ ვიმსახურებ ეპიტიმიას „ამ ყველაფრისთვის“? – იკითხა მან. აბა, მითხარით, ასეთი ადამიანის შველა შესაძლებელია?!
– წმიდაო მამაო, ხდება, რომ მეუბნებიან: „ეს ცოდვა შენს ქვეცნობიერებაში არსებობს, მაგრამ ვერ აცნობიერებ მას“. როგორ შევიცნო ის?
– თუ საკუთარ თავს დააკვირდები, ნახავ, როდესაც ამბობ, ყველაფერი რიგზე მაქვსო, მაშინაც კი გრძნობ, რომ ცუდად ხარ. ამიტომ საკუთარი სულიერი მდგომარეობა უნდა გამოიკვლიო. თუ ადამიანი თავს ცუდად გრძნობს (ხორციელად), ხორციელი ძალების მოკლებას ამჩნევს, მის ანალიზებს ლაბორატორიაში იკვლევენ, უღებენ ტომოგრაფიას, რომ უძლურების მიზეზი გაიგონ. თუ ხედავ, რომ სიმშვიდე დაკარგული გაქვს და ეს გაწუხებს, მაშინ იცოდე, რომ შენში რაღაც წესრიგში ვერ არის და აუცილებელია, მოძებნო ეს უწესრიგობა, რათა მოაწესრიგო. დავუშვათ, რომ რაღაც ცოდვა ჩაიდინე, შენ განიცდი, მაგრამ აღსარებაზე მის შესახებ დუმილს ამჯობინებ. გადის დრო და რაიმე სასიხარულო ამბავი ხდება; სიხარულის განცდა ფარავს ცოდვის ჩადენით გამოწვეულ მწუხარებას და თანდათანობით ივიწყებ კიდეც მას. უკვე ვეღარ ხედავ საკუთარ ცოდვას, იმიტომ, რომ სიხარული თავსახურივით გადაეფარა ზემოდან.
სიხარული ფარავს ცოდვას, სიღრმეში შედევნის მას, მაგრამ ის შიგნიდან განაგრძობს მუშაობას. ამგვარად ადამიანი თრგუნავს სინდისს და ისიც გაქვავებას იწყებს, გული კი ნელნელა იპოხება. მერე ეშმაკი მისთვის ყველაფრის გამართლებას პოულობს: „ეს უმნიშვნელო საქმეა, ეს კი ძალიან ბუნებრივი რამ არის“. მაგრამ ასეთი ადამიანი სიმშვიდეს ვერ ნახავს, რადგანაც სულის სიღრმეში განდევნილი შფოთი არ ცხრება. ის მოუსვენრობას განიცდის, შინაგან სიმშვიდესა და მყუდროებას მოკლებულია. ის განუწყვეტელ შფოთში ცხოვრობს, იტანჯება და ყოველივე ამის მიზეზის შეცნობას ვერ ახერხებს. იმიტომ, რომ მისი ცოდვები ზემოდან დახუფულია და სიღრმეშია გამოკეტილი. ასეთი ადამიანი ვერ ხვდება ერთ რამეს: ის სწორედ იმიტომ იტანჯება, ცოდვა რომ ჩაიდინა.
– წმიდაო მამაო, თუ ასეთ ადამიანს თვალს აუხელ და ეტყვი, რა არის მისი ტანჯვის მიზეზი, ეს დაეხმარება მას?
– ყურადღებაა საჭირო, რადგანაც თუ თვალს აუხელ, მასში სინდისი გაიღვიძებს, სინდისი მის მხილებას დაიწყებს, და თუ ეს ადამიანი თავს არ დაიმდაბლებს, შესაძლოა, სასოწარკვეთილებამდე მივიდეს. იმიტომ, რომ სიმართლის მიღება მის ძალებს აღემატება. მაგრამ, თუ სიდაბლით მიიღებს, მაშინ საკუთარი სნეულების მიზეზის შეტყობა დაეხმარება.
– წმიდაო მამაო, არიან ადამიანები, რომლებიც გაქვავებული სინდისით იბადებიან?
– არა, გაქვავებული სინდისით ადამიანები არ იბადებიან. ღმერთს გაქვავებული სინდისი არ შეუქმნია. მაგრამ თუ ადამიანი თვალს მიაფარებს თავის ცოდვებს, სიღრმეში შედევნის მათ, მისი სინდისი თანდათანობით ლექის ფენით დაიფარება და აღარ ამხელს.
– წმიდაო მამაო, ასეთი ადამიანი „თვითმართვადი“ ხდება? ის საკუთარი თავისათვის ქმნის კანონებს?
– დიახ, საშინელი საქმეა!
– და ეს არის ხიბლი?
– აბა, რა არის?! სწორედაც რომ ხიბლია!
– წმიდაო მამაო, ხშირად ამბობთ, ადამიანი ყურადღებიანი უნდა იყოსო, რათა არ შებილწოს და არ გარყვნას საკუთარი სინდისი. რა შემთხვევაში ირყვნება სინდისი?
– თავის დამშვიდებით ადამიანი თრგუნავს სინდისს. როდესაც სინდისის დათრგუნვა დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, კაცი საკუთარ თავში აყალიბებს ახალ სინდისს, სინდისს, რომელიც მისი არშინითაა გაზომილი. ანუ ესაა შერყვნილი სინდისი. თუმცა, ასეთ შემთხვევაში ადამიანი შინაგან სიმშვიდეს კარგავს. რადგანაც გარყვნილი, დამახინჯებული სინდისი შინაგან სიმშვიდეს ვერ მოიტანს. დანაშაულის ჩამდენი ადამიანი სიმშვიდეს ხომ ვერასოდეს იპოვის, თუნდაც სხვები ისეთ სახეს იღებდნენ, თითქოს ვერაფერი შენიშნეს და ეუბნებოდნენ კიდეც: „ნუ ღელავ, შენ დამნაშავე არ ხარ“. ზოგიერთი მათგანი, ვინც ათასი ჯურის გურუსთან ვარჯიშობს და მსგავსი რამეებით არის დაკავებული, როდესაც შენიშნავს, რომ მის თავს კარგი რამ არ ტრიალებს, რჩევისათვის მოდის ჩემთან. მაგრამ, როდესაც დახმარების მიზნით რაღაცის ახსნას ვიწყებ, ჯიუტობს და თავისაზე დგას: „არა, ჩვენს სარწმუნოებაში ყველაფერი სწორია“. – „მისმინე, – ვეუბნები, – თუკი „ყველაფერი სწორია“ და თუ ამ „ყველაფერს“ შენთვის სიმშვიდე მოაქვს, შენი შეკითხვებიანად მე რაღას მომადგები ხოლმე“? აი, ასეთი ადამიანები, რომელბიც სიცრუეში შინაგან სიმშვიდეს ვერ პოულობენ, მაინც თავისაზე დგანან და ცდილობენ, რომ სადმე მიაგნონ მცირეოდენ სიმშვიდეს. მაგრამ ჭეშმარიტ მშვიდობას ისინი ვერასოდეს პოულობენ.
– წმიდაო მამაო, შესაძლებელია, რომ ადამიანმა მთელი ცხოვრება გარყვნილი სინდისით გაატაროს?
– მას შეუძლია, გამოასწოროს თავისი სინდისი, თუკი სიმდაბლით იაზროვნებს, თუ საკუთარ თავს არ მიენდობა და მოძღვართან ერთად იმსჯელებს მასზე.
– ის თუა შესაძლებელი, წმიდაო მამაო, რომ ადამიანმა მეტისმეტი მგრძნობიარობის გამო დაამახინჯოს საკუთარი სინდისი?
– თუკი სინდისი დაუმახინჯდა, ეს უპირველეს ყოვლისა იმის მიმანიშნებელია, რომ მის მგრძნობიარობას ფასი არა აქვს. სიმახინჯეს ხომ სიმახინჯე მოაქვს. ზოგიერთი ამბობს: „მე ძალიან მგრძნობიარე ვარ“! მაგრამ ადამიანებს ბარბაროსულად ექცევა და უმიზეზოდ ესხმის მათ თავს.
– წმიდაო მამაო, იმ ადამიანებს, ყოველთვის თავს რომ იმართლებენ, სინდისზე „ლექის ფენა“ აქვთ გადაფარებული?
– ვინც თავს იმართლებს, სინდისის ხმა შინაგანად მასაც ამხელს, ხოლო, თუ კაცი უგრძნობი არ არის, საკუთარი ცოდვილი ქმედება ტკივილს აყენებს, შემდეგ კი მასთან საღმრთო ნუგეში მიდის. მაგრამ ის, ვინც საკუთარი სინდისი დაამახინჯა, უგრძნობელობამდე ეცემა. ასეთ ადამიანს მის მიერ ჩადენილი უსამართლობა ეამაყება. მინახავს ადამიანები, რომლებიც ისე მიამბობდნენ საკუთარი დანაშაულის შესახებ, თითქოს გმირობის ამბით ტრაბახობდნენ. რადგანაც, როდესაც კაცი თავისი დამახინჯებული სინდისის დახვეწას იწყებს, ეს უკვე უბრალოდ სინდისის გაქვავება კი აღარ არის, არამედ რაღაც – გაცილებით უარესი. ერთხელ, როდესაც კონიცაში [3], სტომიონის მონასტერში ვცხოვრობდი, იქ ერთი კაცი მოვიდა და თქვა: „აღსარების ჩაბარება მინდა“. – „მე მღვდელი არ ვარ“. – დავიწყ ეუარი. მაგრამ მან დაიჟინა: „არა, ეს სწორედ შენ მინდა, რომ გიამბო“. იქვე სიწმიდეების მოსალოცად მოსული რამდენიმე ქალი იდგა. – „ჯობს თქვენ წახვიდეთ“. – მივმართე მათ. – „არაუშავს, დასხდნენ და მოისმინონ“. – ნება დართა ამ კაცმა და დაიწყო თავისი ახალგაზრდობის ამბების მოყოლა: „ახალგაზრდობაში ფეხსაცმლის კერვა უნდა შემესწავლა, მაგრამ სახელოსნოში ჯდომისას მთელი დღე ვყვინთავდი, იცით რატომ?! იმიტომ, რომ ღამ-ღამობით ჩემსავით თავზეხელაღებულ ყმაწვილებთან ერთად საქურდავად დავდიოდი. ჩვენს მხარეში უბნის ბოქაული მარჯვე ბიჭი იყო. ასე გვეუბნებოდა: „აი, ყოჩაღ! ქურდს ღამე უყვარს! ორი ვერძი – მე; დანარჩენი, რასაც წაიღებთ თქვენი იყოს. რადგან საქმე ასე მოგვარდა, შევდიოდით სახლებში, გავიხდიდი ტყაპუჭს და პირველ რიგში ძაღლებს მოვდებდი სიფათში ჩემს შოლტს. კაი, მშვენიერი შოლტი კი მქონდა! მერე შევიდოდით ფარეხში, ავირჩევდით ორ ვერძსა და ცხვრებს, რამდენსაც მოვერეოდით, ვერძები – ბატონ ბოქაულს, ცხვრები კი – ჩვენს ფარეხში! ამის მერე კი ბოქაული, როგორ გგონია, რას იზამდა?! – ჩაგვსხამდა ხოლმე ვირის აბანოში! აი, ეხლა კი მისმინე: ფარეხის პატრონები, რომლებიც ღამე ნახავდნენ, რომ ცხვრები ჩვენ მოვპარეთ, დილით ბოქაულთან მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ: „ასეთმა და ასეთმა ხალხმა გაგვძარცვაო“.– „რაო, ასეთმა და ასეთმა ხალხმაო?! ეგენი ხომ ორივე ციხეში სხედან, თქვენ რა ცილს სწამებთ“?! და მიდი! ცემა-ტყეპით ისტუმრებდა. ერთ ამბავსაც მოგიყვები: ერთხელ მივედით ფარასთან და ვხედავთ: დარაჯი სრულიად ახალგაზრდა ვლაქია [4], მაგრამ ხარივით ჯანმრთელი კია! – „როგორ მივიდეთ ფარამდე? – მეკითხებიან ამხანაგები. – ისინი ხომ ასანთივით ენთებიან ხოლმე“. – „რაო, ასანთივით? – ვუთხარი, – აბა, მაგან მიყუროს! – გადმოვიღე მხრიდან შოლტი და მოვდე ბიჭს კისერზე და გავათავე საქმე! მამამისი კი მხარზე თოკებით მივაბი. ჩვენ იქ საქმე დავატრიალეთ“ – და ყოველივე ამას ის კაცი თავის მოსაწონებლად, სიცილით ყვებოდა. ხედავთ, სადამდე დაჰყავს ადამიანი დამახინჯებულ სინდისს?!
ჩემი ერთი ნაცნობი პოლიციელი კი, რომელიც საბადრაგო სამმართველოში მსახურობდა, გაუჩერებლად ტიროდა იმის გამო, რომ დამნაშავეს, რომლის ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანაც მას მოუხდა, სამხედრო ტრიბუნალმა უამრავი დანაშაულის გამო სასჯელის უმაღლესი ზომა შეუფარდა და დახვრიტა.
პოლიციელმა დახვრეტილების ახლობლების ძებნა დაიწყო, როგორდაც იპოვა და შენდობა სთხოვა მათ. დამნაშავის ამერიკაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ნათესავმა კი მას მოსწერა: „დიდი ხნის წინ უნდა დაეხვრიტათ, მაშინ ხომ ბევრი ადამიანი ცოცხალი დარჩებოდა“!
ხედავთ, რა უზარმაზარი განსხვავებაა ამ პოლიციელისა და იმ ადამიანის მდგომარეობებს შორის, რომლის შესახებაც პირველად მოგიყევით. ერთს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ციხიდან ციხეში გადაყავდა ბოროტმოქმედი და მის სიკვდილში საკუთარ თავს ადანაშაულებდა, მეორე კი თავის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, როგორც გმირობაზე – ისე ჰყვებოდა.
– წმიდაო მამაო, უშველის ადამიანს სხვების ლოცვა, თუკი მას საკუთარი სამყარო აქვს შექმნილი?
– თუკი მას საკუთარი სამყარო აქვს შექმნილი, მაშ დახმარება რიღისთვის ჭირდება?! ადამიანმა მთელი სამყარო შექმნა... განა ეს უმნიშვნელო რამ არის? უყურე: თუკი ვინმემ თავის თავში საკუთარი სამყარო შექმნა, როგორ გგონია, მან სიმშვიდე მოიპოვა და სიხარულს გრძნობს?! ეს სიცრუეა. ხოლო სიცრუე ადამიანს უმეცრებაში ტოვებს. ვთქვათ, ვიღაც იძულებულია, რომ მოყვასის გადასარჩენად ტყუილი თქვას. შეიძლება, ამით სიკვდილისაგანაც კი იხსნას, მაგრამ ეს ტყუილი სანახევროდ მაინც შეირაცხება ცოდვად. ზოგჯერ ადამიანი კეთილი განზრახვით მიდის ტყუილზე, რომ ამით ვინმეს დაეხმაროს და განსაცდელს გადარჩინოს. მაგალითად, მონასტერში საიდუმლოდ მოვიდა ერთი მომლოცველი, რომ თავისი ოჯახური პრობლემის შესახებ მოეთხრო. ცოტა ხნის შემდეგ კი მონასტერს მისი ძმა მოადგა და იკითხა, თქვენთან ასეთი ვინმე ხომ არ ყოფილაო. თუ სიმართლეს იტყვი, ამას მთელი ისტორია მოჰყვება, იმიტომ, რომ პირველი ძმის საიდუმლოს გაამხელ. ამიტომ მოვალე ხარ მიუგო: „არ ვიცი“. რადგანაც თუ იტყვი, რომ ის აქ მოვიდა, შესაძლოა, საქმე ხელის აღმართვამდეც მივიდეს. თუმცა ამჯერად ჩვენ მსგავს შემთხვევებზე არ ვსაუბრობთ, მაინც სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც თუ ასეთი რამ ორ-სამჯერ განმეორდა, შესაძლოა, ადამიანმა თანდათანობით უფრო ღრმადაც შეტოპოს. შეიძლება, ტყუილის თქმა ჩვევაში გადაუვიდეს, აუცილებლობის გარეშეც მიმართოს მას და ამგვარად სინდისი დაიმახინჯოს. ის იქამდეც მივა, რომ გრძელი ზღაპრების შეთხზვას დაიწყებს და ამავე დროს სინდისი ოდნავადაც არ ამხელს. შემდეგ ასეთი „შემთხზველობა“ მთელ მეცნიერებად იქცევა ხოლმე.
როგორ ახერხებს ზოგიერთი ადამიანი, რომ სიცრუეზე სიცრუეს მოხერხებულად აბამს და ამას ძალიან დახელოვნებულად აკეთებს?! იმისათვის, რომ რაღაცაში დაგარწმუნონ, ისინი მთელ ისტორიას შეთხზავენ ხოლმე. ერხელ სენაკში ნაცნობი მესტუმრა და შემთხვევით, მასთან ერთად მოვიდა მისი თანამემამულე ყმაწვილი, რომელსაც მე ვეხმარებოდი. ამ საბრალო ბიჭს თავი მხრებზე ედგა და კეთილი სულის ადამიანი იყო, მაგრამ ცოტა – ზანტი, მუშაობა არ უნდოდა. უსაქმურად ყიალს იყო მიჩვეული. ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში ვიბრძოდი, რომ რამე საქმეს დადგომოდა და ამჯერად უკვე მის თანამემამულეს ვთხოვე: ეცადეთ, ამ ყმაწვილს რაიმე სამსახური მოუძებნოთ. ადრეც მინდოდა დავხმარებოდი, კასტორიაში [5] ჩემს ნაცნობთანაც კი გავგზავნე, რომ მეჭონეობა ესწავლა, მაგრამ იქიდან გამოიქცა; ის ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და საცოდაობა იქნება, რომ გზას ასცდეს. მხოლოდ დედა ჰყავს, მამა კი გარდაეცვალა“. როდესაც ყოველივე ეს მოისმინა, ჩემი ნაცნობი, რომელიც სხვებთან ერთად იყო მოსული, მიუბრუნდა ამ ხალხს და დაიწყო: „დიახ, მე და მამა პაისი ვცდილობდით, ეს ყმაწვილი მეჭონეობის შესასწავლად სასწავლებელში მოგვეწყო, რომ იცოდეთ, რამდენი ფული გადავაყოლე დეპეშებს – კასტორიაში რომ ვგზავნიდი ნაცნობებთან, ვისთანაც ეს სწავლობდა, რომ მისი გამოქცევის შემდეგ დამემშვიდებინა ისინი! აბა, რაღა გვეთქმის?! საშინელი საქმეა! ასეთ რამეზე სჯობს, საერთოდ გაჩუმდე. ესეც ვუთხარი მაშინ მამა პაისის: – კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს მეთქი“. – „რას როშავს ეს კაცი? – გავიფიქრე მაშინ, მაგრამ ჩემი ფიქრი ხმამაღლა არ გამომითქვამს, რომ ეს კაცი არ გამეცა. წარმოიდგინეთ, ცხოვრებაში პირველად შეიტყო იმ ბიჭის შესახებ და მთელი ზღაპარი კი შეთხზა: როგორ ზრუნავდა ჩემთან ერთად მასზე, როგორ „მოვაწყეთ“ მეჭონეობის შესასწავლად და ათასი ასეთი სისულელე! თანაც ისეთი ტონით ყვებოდა, რომ ლამის მეც ეჭვი შემეპარა, სიმართლეს ხომ არ ამბობს მეთქი.
– ამას ასე თქვენს წინაშე ამბობდა?
– სწორედ ასე! და თანაც სხვების თანდასწრებით.
– და რას გრძნობდა ამ დროს?
– რა უნდა ეგრძნო? მთელი ამ სიცრუის თხრობისას რაღაც ეგოისტურ კმაყოფილებას განიცდიდა, თუმცა შემდეგ მოსვენებას ვეღარ იპოვიდა, როგორ ფიქრობთ, ის მშვიდად ყოფნას შეძლებს?
– ხოლო თუ ადამიანი, რაღაც ამბავს მოყოლისას ოდნავ აზვიადებს?
– ხო, ცოტა მარილს მოაყრის არა?!
– ამას პატივმოყვარეობის გამო აკეთებს?
– აბა, სხვა რის გამო? ადამიანი რაღაცას ცოტათი რომ აზვიადებს ეს ეგოიზმისა და პატივმოყვარეობის გამოისობით ემართება.
– რა გამოასწორებს ასეთ ადამიანს?
– სიცრუეს თავი უნდა ანებოს. უნდა იცოდეს, რომ ტყუილი, თუნდაც მას ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებები ახლდეს, მაინც ცოდვად რჩება.
– წმიდაო მამაო, ხომ შეიძლება, ასეთი რამ მოხდეს: რაღაცას გვაძლევენ, ვიღაცა დახმარების ხელს გვიწვდის, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დავიმსახურეთ.
– ნახე, რა ხდება: თუ გეტყვი – „დაო, შენ სიწმიდის ზღვარს მიაღწიე“! ამ სიტყვების გაგონებამ შესაძლოა, მცირე ხნით ბრიყვული ღიმილიც კი მოგგვაროს, მაგრამ შინაგანი სიმშვიდე არ გექნება. სიცრუე ადამიანს სიხარულს ვერ მოუტანს, ისევე, როგორც მშვიდად ვერ იქნება ის უსამართლო ადამიანი, რომელიც სხვებს ჩაგრავს და ამბობს „ეს ჩემია“! აბა, ნახე უკვე რამდენი ხანია მას შემდეგ, რაც თურქებმა კონსტანტინეპოლი აიღეს ,მაგრამ, როგორც კი იქ ჩასულ ბერძენს დაინახავენ, თურქები გრძნობენ, რომ სხვისი მიიტაცეს და ისე უცქერენ, თითქოს პატრონი დაბრუნდა. არადა, ისინი ხომ თურქები არიან და თანაც – ამდენი წელი გავიდა!
ადამიანისათვის მშვიდ სინდისზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი არსებობს. თუკი სინდისი არც იმაში გამხელს, რომ რაღაცის გაკეთება შეგეძლო და არ გააკეთე, ეს უდიდესი საქმეა. ასეთ შემთხვევაში ადამიანი გამუდმებით შინაგანი სიხარულითაა სავსე და მთელი მისი ცხოვრება დღესასწაულია, ზეიმია. ეს შინაგანი დღესასწაული ადამიანს სულიერ ძალას აძლევს.
– წმიდაო მამაო, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი საქმეები სათნოა ღვთისთვის?
– ადამიანს შინაგანი ხმა აქვს.
– საკუთარი შინაგან ხმას უნდა მივენდოთ, თუ სხვათა დამოწმება აუცილებელია?
– მე იმ ადამიანზე ვლაპარაკობ, ვისაც სინდისი შეურყვენელი აქვს. და არა მასზე, ვინც საკუთარი სინდისი გარყვნა. შეურყვნელი სინდისის ხმა უტყუარია. ასეთ შემთხვევაში ადამიანი გრძნობს სიმტკიცეს, იმედს და სიმდაბლით ამბობს: „მე სამოთხისთვის არ ვვარგივარ და საუკუნო სატანჯველს ვიმსახურებ, მაგრამ მწამს, რომ ღვთის სიყვარული და მოწყალება არ დამტოვებს“. ის გრძნობს ამას, იმიტომ, რომ იღწვის, გულხელდაკრეფილი არ ზის და თავს არ იმშვიდებს – ღმერთი მაინც მიშველისო.
სინდისი! – ეს საშინელი საქმეა. არ არსებობს უფრო შემწველი ცეცხლი. არ არსებობს უმეტესი ჯოჯოხეთური სატანჯველი, ვიდრე – სიდისის ქენჯნა. სინდისის მხილება ეს ყველაზე საშინელი და ყველაზე მტანჯველი ჭიაა, რომელიც ღრღნის ადამიანს. ისინი, ვინც ჯოჯოხეთში იმყოფებიან, საუკუნოდ დაიტანჯებიან, რადგან მუდამ გააწამებთ აზრი იმის შესახებ, მათ მიწიერი ხანმოკლე წლების გამოისობით სამოთხე დაკარგეს, თუმცა ის მიწიერი ცხოვრების წლებიც სინდისის ქენჯნით და შინაგანი შფოთით იყო სავსე. გარდა ამისა, ჯოჯოხეთურ სატანჯველში მოხვედრილი ადამიანი ვერ დაიკმაყოფილებს ვნებას და ეს მისთვის კიდევ უფრო მტანჯველი იქნება.
– წმიდაო მამაო, პრაქტიკულად რანაირია სინდისის ის „მოწამეობა“, რომელსაც ბერი უნდა განიცდიდეს?
– სინდისის „მოწამეობა“ მარტო ბერებისათვის კი არ არის დადგენილი, არამედ – ყველა ადამიანისათვის, ხოლო ბერები გარდა ამისა, მოღვაწეობის ტკბილი ტანჯვით ეწამებიან. თუმცა, არსობრივად, იმ ადამიანისათვის, ვინც სწორად მოღვაწეობს, სინდისის „მოწამეობა“ არ არსებობს. რადგანაც, რამდენადაც დიდია მის მიერ განცდილი სულიერი ტკივილი, ანუ, რაც უფრომეტად სტკივა მას, – იქნება ეს საკუთარი უწმინდურობისა, თუ უფლის ვნებათა გამო, – მით მეტია მისთვის ბოძებული საღმრთო ნუგეში. თუ ადამიანის სინდისი მშვიდია, მაშინ მწუხარება, შფოთი და სხვა ამის მსგავსი – რომც ჰქონდეს გულში – საღვთო ნუგეშინისცემას მაინც შეიგრძნობს.
[1] - აქ ბერს მხედველობაში აქვს იოგას და მედიტაციის ტექნიკა, რომელსაც აღმოსავლური რელიგიის მიმდევრები იმისათვის იყენებენ, რომ ეგრეთწოდებული ნირვანის მდგომარეობას მიაღწიონ, რომელიც მათ ესმით, როგორც გათავისუფლება.
[2] - მეფ. 12, 13.
[3] - კონიცა – ქალაქი დასავლეთ საბერძნეთში, სადაც მამა პაისიმ ბავშვობისა და სიყმაწვილის წლები გაატარა.
[4] - ვლაქები – ბალკანური წარმოშობის ხალხი, ცხოვრობდნე ნსაბერძნეთის მთიან რაიონებში და რომანულ დიალექტზე საუბრობდნენ.
[5] - კასტორია – ქალაქი დასავლეთ საბერძნეთში, ბეწვეულის მრეწველობის მსხვილი ცენტრი.