მამა პაისი მთაწმინდელი

საკუთარ თავზე დაკვირვებისა და მისი შეცნობის აუცილებლობა

საკუთარი თავის გამოძიება

ჯარში, კავშირგაბმულობის ნაწილში გვქონდა რადიოქსელი, ხოლო რადისტებს – საკუთარი და სხვისი რადიოსადგურების ამოცნობის ცხრილები. რადიოსადგურებს ვაკვირდებოდით და ვიგებდით, რომელი იყო ჩვენი და რომელი – უცხო, რადგანაც ჩვენს რადიოქსელებში ზოგჯერ მტრის რადისტები ერთვებოდნენ. ასევე მართებს ყველა ადამიანს, აკვირდებოდეს საკუთარ აზრებსა და ქმედებებს, რათა მიხვდეს, ცხოვრობს თუ არა სახარებისეული მცნებების შესაბამისად. საკუთარი შეცდომების შემჩნევა და მათ გამოსასწორებლად ბრძოლაა საჭირო. რადგანაც ის, ვინც თავის შეცდომებს უყურადღებოდ ტოვებს, ან თავის ნაკლს არ უფიქრდება, ამის შესახებ მერე მას სხვები ეუბნებიან ხოლმე, მაგრამ ეს სულიერ წარმატებას უკვე ვეღარ მოუტანს. საკუთარი თავის გამოძიება ყოველგვარ კვლევაზე სასარგებლო საქმეა. შესაძლოა, ადამიანმა უამრავი წიგნი წაიკითხოს, მაგრამ თუ საკუთარ თავს არ აკვირდება, წაკითხული მას არაფერს არგებს. ხოლო, როცა თავის თავს იკვლევს, მაშინ შესაძლოა, თვითონ კი მცირედ მიიჩნიოს, მაგრამ სინამდვილეში სარგებელი უაღრესდ დიდი იქნება. უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანის საქციელი სწორი და ზუსტია, მაშინ, როდესაც პირველ შემთხვევაში ის უხეშ შეცდომებს უშვებს და ამას ვერ ხვდება. როდესაც ჩემთან სენაკში სტუმრები მოდიან, ჩამოსასხდომად ჯირკები ეზოს მეორე კუთხიდან მომაქვს. შემჩნეული მაქვს, რომ წასვლისას აზრად არავის მოსდის, ეს ჯირკები თავის ადგილას დააბრუნოს. არც მაშინ, როდესაც ერთი ჯირკი მომაქვს და ისინი ხვდებიან, რომ მათთვის ეს საკმარისი არ იქნება, არავინ ფიქრობს, რომ წამოვიდეს და მეორე თვითონ წამოიღოს, არამედ დგანან და ელიან, როგორ მოვიტან ყველასათვის. ეს ადამიანები ცოტა რომ მაინც დაფიქრდნენ და თქვან: „ჩვენ ხუთი-ექვსი კაცი ვართ, განა ეზოს მეორე ბოლოდან ჩვენთვის ბერს უნდა მოჰქონდეს საკუთარი ხელით ჯირკები“?! მაშინ თითოეული მათგანი ხელს წამოავლებდა ჯირკს და სადაც საჭიროა, იქ გადმოიტანდა.

– წმიდაო მამაო, ერთმა უმცროსმა დამ მკითხა: როდესაც დამწყები ბერი იყო, განა მამა პაისი თავის ბრძოლებში არასოდეს დაცემულა, ნუთუ მას „მემარცხენე“ აზრები არასოდეს ჰქონია, განა განკითხვაში არასოდეს ჩავარდნილაო“?!

– როდესაც ჩემს ბრძოლებში რაიმე ამის მსგავსი ხდებოდა, ან მაშინ, როდესაც მიწყრებოდნენ, ყველას „უბაჟოდ ვაჭრობის“ ნებას ვრთავდი.

– წმიდაო მამაო, რას ნიშნავს, „უბაჟოდ ვაჭრობის“ ნება?

– საკუთარი შეცდომებისა და ცოდვებისათვის „უბაჟოდ ვაჭრობის“ ნება ნიშნავს იმას, რომ მათ მიმართ სრულიად გულგრილი ხარ. ანუ – ცდილობ, რომ საკუთარი შეცდომის გაცნობიერება სულს არ შეეხოს, არამედ, გვერდი აუაროს მას. თუკი მიწა გაქვავდება და გახეხეშდება, მაშინ, რამდენი წვიმაც არ უნდა ესხუროს მას, წყალს აღარ შეიწოვს. სწორედ ეს ემართება იმ ადამიანის სულსაც, ვინც საკუთარ შეცდომებს „უბაჟოდ ვაჭრობის“ ნებას აძლევს. ასეთი ადამიანის სულის ველი გულგრილობისაგან სასტიკდება, და რაც არ უნდა უთხრან, რაც არ უნდა შეემთხვეს, ოდნავადაც არ აწუხებს. ანუ – დანაშაულს ვერ გრძნობს და არც სინანულს განიცდის. როცა დამწყები ვიყავი და მოულოდნელად შევიტყობდი, რომ ვიღაცამ ვთქვათ, თვალთმაქცი მიწოდა, კი არ ვიტყოდი: „მეტი საქმე არ ჰქონია, თუ ასეთ რამეს ლაპარაკობს“. არამედ იმ მიზეზს ვეძებდი, რამაც მას ამის სათქმელად უბიძგა. „აქ რაღაც ისე ვერ არის, – ვამბობდი მე, – ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, როგორც ჩანს, თავად მე რაღაცაში ვერ გავფრთხილდი. მიზეზი მივეცი და მან ჩემი საქციელი არასწორად გაიგო. ამისთანა რამის თქმას ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებდა, მე ყურადღებით რომ ვყოფილიყავ და გონივრულად მოვქცეულიყავ, მაშინ ეს აღარ მოხდებოდა. მე მოყვასს ვავნე და ამის გამო ღვთის წინაშე პასუხს ვაგებ“. მაშინათვე ვიწყებდი ჩემი შეცდომის მიზეზის ძებნას და მის გამოსწორებას ვცდილობდი. ანუ მე იმას კი არ ვიძიებდი, რატომ თქვა ვიღაცამ ჩემზე ასეთი რამ – შურის, ეჭვის, თუ იმის გამო, რომ რაღაც ნათქვამი არასწორად გაიგო. უბრალოდ, ეს საკითხი სრულიად არ მაღელვებდა. და ახლაც, ნებიმიერ ანალოგიურ შემთხვევაში სწორედ ასევე ვიქცევი. თუკი, ვთქვათ, ვინმე მკაცრ სიტყვებს მეტყვის, ძილი გამიკრთება ხოლმე. ხოლო თუ საქმე მართლაც ისეა, როგორც ის ამბობს, მაშინ საკუთარ თავზე ვწყრები და გამოსწორებას ვცდილობ. მაგრამ ყველაფერი ისეც რომ არ იყოს, როგორც ამ ადამიანმა თქვა და იფიქრა, მე მაინც ვუწყრები საკუთარ თავს და დამნაშავედ მივიჩნევ, რადგანაც ვერ გავფრთხილდი და მოყვასს საცდური მივაწოდე. მთელ დანაშაულს მოყვასს ვერ გადავაბრალებ. იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ განსჯის ჩემს საქციელს ღმერთი და არა იმაზე, თუ როგორ შეაფასებენ მას ადამიანები.

თუკი ადამიანი მომხდარს ასე არ მიუდგება, მას სიკეთეს არაფერი მოუტანს. ხშირად ამბობენ ხოლმე: „ეს კაცი თავს ვეღარ აკონტროლებს“. იცით, როდის ვეღარ აკონტროლებს თავს ადამიანი?! როდესაც მას თვალყურს აღარ ადევნებს. როდესაც ადამიანს რაღაც წესრიგში ვერა აქვს თავში და სწორედ ამის გამო კარგავს თავზე კონტროლს. ეს გარემოება ერთგვარად ამსუბუქებს მის მდგომარეობას, მაგრამ გამართლება არა აქვს იმას, ვისაც თავთან (გონებასთან) არანაირი პრობლემა არ აქვს, მაგრამ, საკუთარ საქციელს გაუფრთხილებლობით ვერ აკონტროლებს.

 

გამოცდილება დაცემებსაც მოაქვს

როდესაც საკუთარ თავს იკვლევთ, დიდად გარგებთ, თუ დროდადრო მთელ თქვენს ცხოვრებას გადახედავთ: ნაბიჯ-ნაბიჯ – ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული. ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ გაარკვიოთ, სად იყავით ადრე, ახლა სად ხართ და წესით სად უნდა იყოთ. თუ წარსულს აწყმოსთან არ შეადარებთ, ვერასოდეს მიხვდებით, რომ თვით მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობასაც რომ ფლობდეთ, სადაც საჭიროა, იქ ჯერ მაინცარ ხართ მისული... ვერ მიხვდებით, რომ ღმერთს განაწყრობთ. ვიდრე ადამიანი ახალგაზრდაა, მის არცთუ სახარბიელო სულიერ მდგომარეობას შესაძლოა, რაღაც გამართლება კიდევაც გამოეძებნოს, მაგრამ თუ ახალგაზრდობის ასაკიდან უკვე გამოსულია და იმავე მდგომარეობაშია დარჩენილი, ან – მხოლოდ მცირეოდენ გამოსწორდა, მას უკვე ვეღარაფერი გაამართლებს.

რაც მეტი წელი გადის, ადამიანს მეტი სულიერი ხედვა მოეთხოვება. ხოლო, როდესაც წარსულის გამოცდილებას ვიყენებთ, წინ მეტი დამაჯერებლობით და სიმდაბლით მივდივართ. ხშირად თვით ცვალებადი ემოციები და დაცემები სულიერ ბრძოლაში ადამიანს ეხმარებიან იმაში, რომ მან ნაყოფიერად და დამაჯერებლად აღასრულოს მაღლისკენ მიმავალი თავისი გზა. სრულიად ბუნებრივია, რომ ყრმა სიარულის სწავლისას კიბიდან დაგორდება და მოაჯირს დაარტყამს თავს, ანდა სკამის ფეხს შეაცოცდება და იქიდან ვარდება. პატარას არ ესმის, რომ თუ სკამის კიდეზე დადგება, შეიძლება, ამ სკამთან ერთად გადაყირავდეს. მაგრამ მოზრდილი ბავშვი გამოცდილებას ითვალისწინებს, წინასწარ ხედავს საშიშროებას და უფრო ფრთხილობს: „ადრე სკამზე ფეხით შევდექი და გადმოვვარდი, ახლა ამას აღარ ვიზამ“. ასევე ხდება სულიერი ბრძოლის დროს. თუ ყველაფერს, რაც ხდება, ყურადღებით დავაკვირდებით და სასიკეთოდ გამოვიყენებთ, გამოცდილებას შევიძენთ, რომელიც უკვე დიდად შეგვეწევა.

მახსოვს, ჩვენთან, სახლში – კონიცაში, ექვსი ცხენი გვყავდა: როგორც ზრდასრული ცხენები, ასევე – კვიცები. ერთხელ მომიწია, რომ ჩვენი ცხენები ძელის ხიდზე გადამეყვანა. ერთი ძელი ჩატყდა და ახალგაზრდა, ოთხწლიან ცხენს ფლოქვი ჩაეჭედა. ამის შემდეგ შევაკეთე ხიდი და ყველა დამპალი ძელი და ფიცარი ახლით გამოვცვალე. თუმცა ამის შემდეგ, როდესაც ცხენებს ხიდზე მივერეკებოდი, ცხენი, ოდესღაც ფეხი რომ იტკინა, შფოთავდა, ხან უკან გაქცევას ცდილობდა, ხან კი ხიდს ერთი ნახტომით გადაევლებოდა ხოლმე. ხედავთ, თუკი ოთხი წლის ცხენი ითვალისწინებდა გამოცდილებას და ფეხს აღარ ადგამდა იმ ხიდს, სადაც ერთხელ ასეთი რამ შეემთხვა, რამდენად მეტად მართებს ადამიანს, საკუთარი დაცემების გამოცდილების გამოყენება.

 

ერთ ადგილას უნდა შეიმწყვდიო მტერი და ისე შეუტიო მას

– წმიდაო მამაო, მე ჯერაც ვერ შევიყვარე სიმდაბლე, თავგანწირვა და უსამართლობის დათმენა.

– საქმე არც მთლად ისეა, როგორც შენ ამბობ. მე კი არ ვწუხვარ შენზე, რადგანაც ვხედავ, რომ შენში კეთილი შფოთი გაჩნდა. რაკიღა „საკუთარი თავის დანაშაულის ადგილზე წასწრება“ უკვე ისწავლე, ვნებებისაგან გათავისუფლებასაც სწრაფად შეძლებ. ეს კი ნებისმიერ სხვა ღვაწლზე მეტად დაგეხმარება .ის, ვინც „საკუთარ თავს დანაშაულის ადგილზე წაასწრებს“, თავის „ძველ კაცს“ განეშორება და სწორ სულიერ გზას ადგება. ძველი კაცი ჩვენში იტაცებს იმას, რასაც ახალი კაცი ქმნის. როდესაც საკუთარ თავში ძველი კაცის დანაშაულის ადგილზე წასწრებას ვისწავლით, ამით მასთან ერთად წავასწრებთ სხვა ქურდებსაც, რომლებიც ღვთისაგან ნაჩუქარ ყოველგვარ სიკეთე სგვპარავენ. ამგვარად სულიერი სიმდიდრე ჩვენთანვე რჩება.

– წმიდაო მამაო, მაგრამ თუ საკუთარ შეცდომას ძალიან განვიცდი?! მაგალითად იმას, რომ რომელიმე დას უხეშად ველაპარაკე, ეს ჩემთვის სასარგებლო იქნება?

– ეს კი სასარგებლო იქნება, მაგრამ ყურადღებით უნდა იყო, რომ არ გადაამეტო და გონიერი მწუხარების ფარგლებს არ გადასცდე. განიცადე მწუხარება, მაგრამ მწუხარებასთან ერთად განიცადე სიხარულიც, რადგანაც კეთილი შესაძლებლობა მოგეცა იმისათვის, რომ საკუთარი გამოვლენილი ავადმყოფობა შეგემჩნია და განგეკურნა ის. იფიქრე ასე: „რაკი დას უხეშად ველაპარაკე და ცუდად მოვიქეცი მასთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემში შიგნით რაღაც ვნება იყო დაფარული. ახლა კი კეთილი შესაძლებლობა მომეცა: ვნება სააშკარაოზე გამოვიდა, რომ დავინახო და ვუმკურნალო“. თუმცა, რა თქმა უნდა, დისათვის შენდობის თხოვაც აუცილებელია. დაცემა საკუთარი თავის შეცნობაში გეხმარება. ყველაფერი აშკარავდება და თანდათანობით საკუთარ თავზე სასარგებლო სამუშაოს შესრულება იწყება. აბა, ნახე, ზოგჯერ ექიმებიც ხომ იყენებენ ზოგიერთ საშუალებას იმისათვის, რომ ავადმყოფში დამალული სიმპტომები გამოვლინდეს და სწორი დიაგნოზის დასმა შეძლონ. მაგალითად, ავადმყოფს აძლევენ შაქარს, შემდეგ სისხლის ანალიზს უღებენ და აკვირდებიან, მოიმატა თუ არა მასში შაქრის დონემ.

სულიერი ბრძოლის დროს აუცილებელია განვსაზღვროთ ჩვენი ხასიათის ყველაზე სუსტი „კოორდინატები“ – ჩვენი ყველა ნაკლი. – და ამის შემდეგ შევეცადოთ, რომ სწორედ ამ ადგილებზე მივიტანოთ იერიში. როგორც ომში ხდება ხოლმე – რომელიმე რაიონის დაზვერვისას: რუკაზე იმ ადგილებს აღვნიშნავთ, სადაც მტერი იმყოფება, ან – საიდანაც აპირებს ისთავდასხმას, მერე კი ამ ადგილებს განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით, რადგანაც თუ მტრის კონკრეტული ადგილსამყოფელი ცნობილია, გადაადგილება ხომ გაცილებით გვიადვილდება. მებრძოლები გაშლიან რუკას და ამბობენ: „მტერი აქა და აქ იმყოფება. ამიტომ ესა და ეს სიმაღლე უნდა დავიპყროთ, აქეთა მხარე უნდა გავამაგროთ, აქ კი ესა და ეს იარაღია საჭირო“. ანუ: როდესაც მტრის ადგილსამყოფელი ცნობილია, გეგმის დაწყობა შესაძლებელია. მაგრამ ამის შესატყობად აუცილებელია, რომ ვზრუნავდეთ და [საომარი მოქმედებების ადგილს] ვეძებდეთ. ძილი აქ ვერაფერს გვარგებს.

– წმიდაო მამაო, რა სჯობს, როდესაც ადამიანი თვითონ ამჩნევს საკუთარ შეცდომებს, თუ – როდესაც ამის შესახებ სხვები მიუთითებენ?

– კარგია, თუ საკუთარ შეცდომებს თვითონვე მიაგნებს, თუმცა იმ შემთხვევაშიც, როცა მათ შესახებ სხვები მიუთითებენ, არ უნდა აღშფოთდეს და სხვათა მხილება სიხარულით მიიღოს. ხომ შეიძლება, ჩვენ საკუთარ თავს ისეთად ვხედავთ, როგორადაც მისი დანახვა გვსურს და არა ისეთად, – როგორიც ის სინამდვილეშია.

– წმიდაო მამაო, სხვები უკეთესად მხედავენ, ვიდრე მე ვხედავ საკუთარ თავს?

– თუ მოვინდომებთ, საკუთარ თავში იმასაც შევამჩნევთ, რასაც სხვები ვერ გვამჩნევენ. ანუ, უბრალოდ, ადამიანისათვის გაცილებით ადვილია, თუ რეაქციას სხვათა შეცდომების მიმართ გამოხატავს და მის მიზეზებსაც ადვილად განსაზღვრავს, რამდენადაც შორიდან მაყურებელი ყოველგვარ მოვლენას საკუთარი განწყობის მიხედვით აფასებს.

– წმიდაო მამაო, შეიძლება, რომ ადამიანი ცდილობდეს, საკუთარითავი ისეთი დაინახოს, როგორიც არის და ეს ვერ მოახერხოს?!

– დიახ. თუკი ამ მცდელობისას ამპარტავნება არ მოიშორა, ის ვერ შეძლებს, საკუთარი თავი ისეთი დაინახოს, როგორიც ის სინამდვილეშია.

 

სხვა ადამიანებში სარკესავით უნდა ვიხედებოდეთ

ადამიანი საკუთარ თავს უკეთ ხედავს, თუ სხვებს ისე უცქერს, თითქოს სარკეში იხედებოდეს. ღმერთმა თითოეული კაცი დააჯილდოვა ისეთი ნიჭით, რომელიც მისი სიკეთისთვის აუცილებლია. იმისდა მიუხედავად, – გამოიყენებს თუ არა ის ამ ნიჭს სასიკეთოდ. თუკი კაცი ნიჭს სასიკეთოდ მოიხმარს, ის სრულყოფილებას აღწევს. ყველა ნაკლიც, – ჩვენი პირადი თვისებაა ის, თუ მშობელებისგან მემკვიდრეობით მიღებული, – ჩვენივე საკუთრებაა. თითოეულმა ჩვენგანმა მათგან თავის დასაღწევად შესაბამისი ბრძოლა უნდა წარმართოს. მაგრამ, ვიდრე მათგან დაგვიხსნია თავი, მოყვასის ნაკლს უნდა ვხედავდეთ და ამით ვსაზღვრავდეთ, თავად ჩვენ სად ვიმყოფებით. მაგალითად, როდესაც მოყვასში რომელიმე ნაკლს შევნიშნავთ, უნდა ვთქვათ: „მოდი, დავაკვირდები, იქნებ იგივე ნაკლი მეც მაქვს“! და თუ აღმოვაჩენთ, რომ ის მართლაც არის ჩვენში, მისგან თავის დასახსნელად უნდა ვიბრძოლოთ.

– წმიდაო მამაო, მაგრამ თუკი გონება მეტყვის, რომ ეს ნაკლი ჩემში არ არის, მაშინ რა უნდა მივუგო მას?

– ასე მიუგე: „მე ბევრი სხვა – უმეტესი ნაკლი მაქვს, ჩემი მოყვასის ეს ნაკლი კი ჩემს ნაკლთან შედარებით მართლაც რომ არაფერია“. ზოგჯერ შეიძლება, შენი ნაკლი მართლაც მცირედი იყოს, მაგრამ მის გასამართლებლად მიზეზიც ნაკლები გაქვს. თუკი ადამიანი საკუთარ თავს გამოიკვლევს, მიხვდება, რომ მისი ცოდვები მოყვასის ნაკლს აშკარად აღემატება. შემდეგ კი ის უკვე სათნოებების დანახვასაც იწყებს სხვაში. მაშინკი იტყვის: „მოდი ერთი, ვნახავ, მეც თუ მაქვს ეს სათნოება? არა! ვაი-ვაი, ჯერაც როგორ ვარ დაშორებული სასურველ სულიერ მდგომარეობას“! თუკი ამგვარად იღწვის კაცი, მას ყოველგვარი მოვლენა და მდგომარეობა ეხმარება, იგი იცვლება – ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით – და თანდათანობით სრულქმნილებისაკენ მიდის. მისთვის სასარგებლოა წმიდანების, მოღვაწეების მაგალითები; იგი ხომ თვით ერის ადამიანებისგანაც კი იღებს თავისთვის სასარგებლოს. მაგალითად, როდესაც ქრისტიანი ხედავს, რომ ერისკაცი საკუთარ თავს არად აგდებს და თავგანწირვას არ ერიდება, ის, მსგავსი სულიერი ღვაწლის აღსრულებისას იტყვის: „განა მე ასეთი ღვთისმოსავი ვარ?! აბა, სადა ვარ?! და სულიერი ადამიანი კი მქვია“! ამგვარად ის ცდილობს, მიბაძოს იმ სიკეთეს, რომელიც სხვაში დაინახა. ჩვენ – ანუ თითოეულ ადამიანს ხომ ამდენი საქმე გვაქვს! სახიერი ღმერთი კი ყველაფერს ჩვენს სასიკეთოდ წარმართავს.

 

ვინც საკუთარ თავს ნამდვილად შეიცნობს, მას სიმდაბლე მოუპოვებია

– წმიდაო მამაო, მე კი საკუთარ ნაკლს მაშინ აღმოვაჩენ ხოლმე, როდესაც უკვე გვიანია, ანუ მას მერე, რაც შევცოდავ.

– ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ის დაცემამდე დაინახო. თუ გეტყვიან, რომ რაღაც სიკეთე გააკეთე, ამის გამო კმაყოფილებას ნუ იგრძნობ. ქებას ნუ მიიღებ და ნუ მიითვისებ.

– ამაში რა დამეხმარება?

– შეიცანი საკუთარი თავი. თუკი ადამიანი საკუთარ თავს შეიცნობს, მაშინ ყოველგვარი სხვა საკითხი იხურება. ამის შემდეგ ქება უცხო სხეულად გადაიქცევა: ასეთ კაცს ქება უკვე ვეღარ შეეთვისება. მაგალითად, თუ ადამიანმა იცის, რომ ის მაწანწალაა, თავს მეფედ ვეღარ მიიჩნევს. საკუთარ თავს თუ მეფის ასულად წარმოიდგენ, გამოდის, რომ ჭკუაზე შემცდარხარ.

– თუკი წინასწარ მომზადებული ვიქნები იმისათვის, რომ ქება არ მივიღო, ეს დამეხმარება იმ ბრძოლაში, რომლის შესახებაც ახლა ვლაპარაკობდით?

– რა თქმა უნდა; ეცადე, რომ მომზადებული დახვდე. მაგრამ ეს ზოგჯერ გამოგივა და ზოგჯერ – არა. ამოცანა საკუთარი თავის შეცნობაა. თუკი საკუთარ თავში ძველ კაცს ვერ შეიცნობს, ადამიანი სიმდაბლეს ვერ მოიხვეჭს. ამიტომ შინაგანად ,სულიერად მასში (ეგოიზმის) ატომი აღარ გაიხლიჩება, ეს კი აუცილებელია სულიერ ორბიტაზე გასასვლელად. და ამგვარად, ადამიანი ერის ორბიტაზე რჩება.

– წმიდაო მამაო, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ საკუთარი თავი არასწორად შევიცნო?

– ჩვენ ხომ არასწორ მდგომარეობაზე არ ვსაუბრობთ! ის, ვინც საკუთარ თავზე სწორ წარმოდგენას შეიქმნის, სიმდაბლეს მოიპოვებს. ხოლო, როდესაც ადამიანი სიმდაბლეს მოიპოვებს, მასთან აუცილებლად მოდის საღმრთო მადლი.

საკუთარი თავის შესაცნობად მოღვაწე ადამიანი იმ კაცს ჰგავს, მიწის სიღრმეში რომ ჩადის და იქ სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებს. რაც უფრო ვღრმავდებით თვითშემეცნებაში, მით უმდაბლესად ვხედავთ საკუთარ თავს. ამგვარად მდაბლდება ადამიანი, ხოლო მარჯვენა უფლისა თანდათანობით აღამაღლებს მას. და ბოლოს, როდესაც ადამიანი ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავს შეიცნობს, სიმდაბლე უკვე მის მდგომარეობად იქცევა და მადლი ღვთისა მის გულში ვრცელ „არენდას“ მოიპოვებს. ასეთ ადამიანს ამპარტავნება აღარ ემუქრება. მაგრამ ისკი, ვინც თავის თავზე ასე არ მუშაობს და პირიქით – სულიერ ნაგავს ახალსა და ახალს ამატებს, ის ნაგვის მთას წამომართავს, მცირე ხნით ამაყად ზის მის მწვერვალზე და სინამდვილეში კი ამ დროს ძირს მიექანება.

 

უნდა მივხვდეთ, რა სნეულებით ვართ დაავადებული

– წმიდაო მამაო, ხშირად ვამჩნევ სხვა ადამიანების ნაკლსდა განვიკითხავ მათ.

– საკუთარი დაავადება თუ იცი?

– არა.

– აი, სწორედ ამიტომ ამჩნევ სხვების ავადმყოფობას. საკუთარ სნეულებას რომ ხედავდე, სხვა ადამიანების დაავადებებზე წარმოდგენაც კი არ გექნებოდა. იმის თქმა კი არ მინდა, რომ მათ ტკივილს არ თანაუგრძნო; არამედ, მათ ნაკლზე ყურადღების გამახვილებას უნდა ანებო თავი. თუკი ადამიანი საკუთარი თავის შეცნობას არ ცდილობს, მზაკავარი მისთვის სამუშაოს გამოძებნის და ამ ადამიანის საზრუნავი სხვების მდგომარეობა გახდება. ხოლო მაშინ, როდესაც საკუთარ თავზე მუშაობს, კაცი საკუთარ თავსაც შეიცნობს და მოყვასსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც მას არასწორი წარმოდგენები აქვს, საკუთარ თავთან მიმართებაში მცდარ დასკვნებს აკეთებს; ხოლო, როდესაც სხვებსაც იმავე კრიტერიუმებით აფასებს, სხვებთან დაკავშირებითაც შეცდომებს უშვებს.

– წმიდაო მამაო, ყველაზე მეტად რა უწყობს ხელს ადამიანის გამოსწორებას?

– პირველ რიგში ნება და სურვილი. ნება და სურვილი ეს – გარკვეულ შემთხვევაში – კეთილი ნიადაგია. ამის შემდეგ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ავად არის და შესაბამისი სულიერი ანტიბიოტიკების მიღება დაიწყოს. თუკი ხორციელად ავადმყოფი სნეულებას მალავს, ოდესმე, ბოლოს და ბოლოს, ისე – თვითონაც რომ ვერ მიხვდება, სისუსტე ძირს დასცემს და სამედიცინო ჩარევა ვეღარაფრით დაეხმარება.

ვთქვათ, ადამიანმა იცის, რომ ტუბერკულოზისაკენ აქვს მიდრეკილება და ამის გამო მადას დაკარგავს. „რატომ არ ჭამ“? ეკითხებიან მას, ის კი მიუგებს: „რაღაც ეს საჭმელი არ მომწონს“. ამის გამო ნელ-ნელა ძალა ეკარგება და სიარულიც უჭირს. „რა დაგემართა, ძლივს მოძრაობ“? უკვირს ხალხს. „ნელა სიარული მომწონს, გადარეულივით ხომ არ ვირბენ“. პასუხობს ის. მალავს, რომ ძალა გამოელია და ფეხს ვეღარ აბიჯებს. მერე ხველა ეწყება. როდესაც კითხავენ, რატომ ახველებო, პასუხობს – ალერგიის ბრალიაო. მალავს, რომ ჭლექმა უკვე ფილტვები გამოუხრა და საშინლად დაუზიანა. გადის დრო და ავადმყოფი სისხლის ხველებას იწყებს. „ეს რაღაა“? ეკითხებიან მას. ის კი კვლავ იმავეს იმეორებს: „არაფერია, ხახის ლორწოვანი გარსის ანთება მაქვს“.

– წმიდაო მამაო, ეს ადამიანი ყველაფერ ამას იმისათვის აკეთებს, რომ მისი ავადმყოფობა სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს?

– დიახ, ის ამას თავისი ავადმყოფობის დასაფარად აკეთებს. ასე, მალავს, მალავს და მერე უკვე ტუბერკულოზი მწვავე ფორმას იღებს: ფილტვები ულპება, ყელიდან სისხლი ისე მოსდის, როგორც – გამსკდარი მილიდან, ფეხზე უკვე ვეღარ დგება და მისი სნეულების შესახებ გარშემო ყველა შეიტყობს ხოლმე. თუმცა ამ დროს სნეულება უკვე იმ სტადიაშია გადასული, რომ შეჩერება შეუძლებელია. მაგრამ მას რომ ავადმყოფობა დასაწყისშივე ეღიარებინა, ეთქვა, რომ მცირედ მომატებული სიცხის მიზეზი ტუბერკულოზია და ემკურნალა, ჯანმრთელზე ჯანმრთელი გახდებოდა. ასევე ხდება ხოლმე სულიერ ცხოვრებაშიც: ის, ვინც თავის ვნებებს ამართლებს, საბოლოოდ ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ მოექცევა და შეუძლებელია, ეს შეუმჩნეველი დარჩეს. მაგრამ იცი, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ეშმაკის ზემოქმედებას განიცდის?! ეშმაკის გავლენაში მყოფი ადამიანი სასტიკდება, მხეცდება ყალყზე დგება, სხვებს თავხედურად, უსირცხვილოდ ელაპარაკება და არც ვინმეს დახმარების მიღება სურს.

ამიტომ ყველაფრის საფუძველი ისაა, რომ ადამიანმა საკუთარი ავადმყოფობა შეიცნოს და ეს სიხარულს ჰგვრიდეს. ამის შემდეგ კი მკურნალობას უნდა შეუდგეს და შესაფერისი წამლები მიიღოს. გარდა ამისა, ის მადლიერებას უნდა გრძნობდეს თავისი ექიმის – მოძღვრისადმი და წინააღმდეგობას არ უწევდეს მას. მაგალითად: ავადმყოფს სისხლს უსხამენ, იგი ხელს უწვდის ექიმს, რომელიც ნემსით შედის ვენაში, სტკივა, მაგრამ ითმენს, რაგანაც იცის, რომ გადასხმა უშველის. ან რაოდენ იტანჯება ის, ვისაც ქირურგიულ ოპერაციას უკეთებენ! მაგრამ მიუხედავად ტკივილისა, ავადმყოფი განკურნების იმედით ოპერაციაზე თანხმდება.

– წმიდაო მამაო, თუკი მე ვიცი, რომ ვიღაცის მკაცრი შენიშვნა გამომადგება, მაშ რატომ არ შემიძლია, რომ ეს შენიშვნაისე მივიღო, როგორც რაღაც სასიამოვნო?

– კარგი, ვთქვათ და, შენიშვნა არ გსიამოვნებს, ის მაინც გესმის, რომ მასში სიმართლეა?

– დიახ, ეს მესმის.

– თუ გესმის, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, აბა ვნახოთ: მწარეზე მწარე აბს ავადმყოფი ტკბილ კამფეტზე უმეტესი სიამოვნებით იღებს, რადგანაც ესმის, რომ ეს აბი მისთვის სასარგებლოა. თუ მწარე წამალს არ დალევს, ის არ განიკურნება. ადამიანმა თავისი უძლურება უნდა შეიცნოს, შესაბამისი წამალი მიიღოს, რათა შემდეგში ქრისტემ განამტკიცოს იგი.