მამა პაისი მთაწმინდელი

საკუთარი ცოდვების გაცნობიერება ღმერთს ჩვენდა მომართ მოწყალეს გახდის

საკუთარი შეცდომების აღიარება

– წმიდაო მამაო, ამბა ისააკი [1] ამბობს, რომ ლოცვისას თავს ბავშვად უნდა ვგრძნობდეთ.

– დიახ, თავს ბავშვად უნდა ვგრძნობდეთ, მაგრამ – ურჩ ბავშვად. უნდა გააცნობიერო, რომ საკუთარი მამა გააწყრე და წუხდე ამის გამო. მაშინ იგრძნობ საღვთო ალერსს. არ უნდა თქვა: „მე ბავშვი ვარ და ამიტომ ღმერთს უნდა ვუყვარდე და მომიტევოს, ასე რომ, შემიძლია, უამრავი ოინი ჩავიდინო“.

– წმიდაო მამაო, წმიდა გრიგოლ ნოსელთან წავიკითხე: იმისათვის, რომ ღმერთს მამა ვუწოდოთ, უვნებელობას უნდა მივაღწიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს „ბრძოლა და მსხვერპლია“ მხოლოდ.

– ნუ ნაღვლობ, სულელო, წმიდა მღვდელმთავარმა ეს ამაო და ცოდვილი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანებისათვის დაწერა. თუმცა, თუკი ცოდვის აღსრულების შემდეგ ადამიანი ღრმად შეიცნობ სთავის დანაშაულს, შეუძლია, რომ ღმერთს მამა უწოდოს.

– წმიდაო მამაო, ღვთის წინაშე უდიდეს მევალედ ვგრძნობთავს და ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია.

– იმ წუთებიდან, როდესაც თავს ღვთის მევალედ იგრძნობ და სიმდაბლით იტყვი: „ვცოდე, ღმერთო ჩემო“! ღმერთი შეგინდობს და თავის მადლს მოგანიჭებს. და თუკი ამგვარ მდგომარეობაში მოგისწრებს სიკვდილი, მაშინ ცხონდები. შენ ტყუილად ხომ არ უწოდებ საკუთარ თავს მევალეს და ამავე დროს დაღმართზე ხომ არ მიექანები?! არა – შენ სწორედაც რომ მოღვაწეობ! შენ ეშმაკეულ მდგომარეობაში როდი ხარ! – ღმერთმა დაგიფაროს! ღვთის მადლით ხომ აქ, მონასტერში დები ავად თუკარგად სინანულში არიან. გარდა ამისა, იცოდე, რომ როდესაც სულიერი ადამიანი თავს სრულიად უვარგისად მიიჩნევს, ამით იგი ღვთის მადლს მოიხვეჭს. საკუთარი ცოდვილობის შეცნობა ხომ ასეთი (სულიერი) ადამიანისათვის განსაბანელად იქცევა ხოლმე. როდესაც ჩემთან საუბარში ვინმე საკუთარ თავს უმაქნისს უწოდებს, მიხარია, რადგან, ადამიანი თუ საკუთარ ცოდვებს შეიცნობს, ის მათგან გათავისუფლდება. ერთხელ ათონზე გადავაწყდი ქოხს, რომელშიც ერთი კაცი კატებთან და ძაღლებთან ერთად ცხოვრობდა, ის ხანძრის შიშით ცეცხლს გასათბობადაც კი არ ანთებდა. ეს ადამიანი ყველასგან მიტოვებული და დავიწყებული იყო. მე შემებრალა იგი, მაგრამ, როდესაც თანაგრძნობა გამოვხატე, მან მომიგო: „ნუ შემიბრალებ, ბერო, მე უნდა ვიტანჯო, რომ იცოდე, რამდენი ცუდი მაქვს ჩადენილი, აღარ შეგეცოდებოდი. ჩემთვის ის პირობებიც კი მეტისმეტად კარგია, რომელშიც ვცხოვრობ“. მაგრამ, რაც არ უნდა დიდი იყოს მისი ცოდვები, განა ღმერთი ასეთ ადამიანს არ აცხონებს?!

ცოტა ხნის წინ [3] საავადმყოფოში რომ ვიყავი, მოვიდა ერთი ქალი, რომელსაც ხშირი სისხლის გადასხმებისაგან მთელი ხელები ნემსით ისე ჰქონდა დაჩხვლეტილი, რომ საშინელი შესახედი იყო და კანზე ერთი მთელი ადგილიც კი აღარ მოუჩანდა. „ჩემში სიკეთის ნასახიც კი არ არის. იქნებ ღმერთმა შემიბრალოს და წამიყვანოს სამოთხეში. მე ხომ ესა და ეს ცოდვა მაქვს და ესადა ეს ნაკლი“. და ის საკუთარ თავს უამრავ ცოდვაში ამხელდა. რა საოცრად დახვეწილი იყო მისი სულიერი ღვაწლი! ამგვარ მდგომარეობაში მყოფ სხვა ადამიანს არც შევხვედრივარ.

– წმიდაო მამაო, გავიგონე, ერთი ადამიანი რომ ამბობდა: „ვფიქრობ, რომ ქრისტე (კაცთა მსაჯული) ჩვენდამი შემწყნარებელი იქნება“. ეს სწორი მოსაზრებაა?

– თუ ადამიანს დიდი სიმდაბლე აქვს, თუკი ის თავის ცოდვებს აცნობიერებს, მაღალ დონეზე განიცდის თავის დანაშაულსდა იტანჯება, მაშინ ქრისტე იქნება შემწყნარებელი მისდამი და შეუნდობს. ეტყვის მას: „ შვილო ჩემო, ნუღარ ფიქრობ ამაზე, ყოველივე ეს შორეულ წარსულს ჩაბარდა“. მაგრამ თუ ადამიანი საკუთარ ცოდვებს ვერ აცნობიერებს და მაინც ჰგონია, რომ ქრისტე მისდამი შემწყნარებელი და გულმოწყალე იქნება, ეს ძალიან სახიფათო მდგომარეობაა. რა გამოდის, რომ ქრისტე ცოდვილებს აჯილდოებს?! საკუთარი თავის კეთილად შეცნობა ღმერთის ლმობიერებას იწვევს, საღვთო შეწევნასა და სამოთხის სიხარულს გვანიჯებს. ჩვენ რომ შემწეობის მიღება საკუთარი თავის შეცნობის გარეშე შეგვძლებოდა, ღმერთი ამასაც არ მოითხოვდა ჩვენგან.

– წმიდაო მამაო, თქვენ „საკუთარი თავის კეთილად შეცნობა“ ახსენეთ. „უკეთურად შეცნობაც არსებობს“?

– დიახ, არსებობს. როდესაც საკუთარ შინაგან კაცზე არასწორი წარმოდგენა გაქვს, თავს იმართლებ და სინდისს იმშვიდებ. ამიტომ, როდესაც ვამბობ, რომ ადამიანი ხვდება თავის შეცდომებს, ვგულისხმობ, რომ ის მცირეოდენ ძალისხმევას მაინც ხმარობს იმისათვის, რომ გამოსწორდეს. მაგალითად, მე შენი ხუთასი ათასი დრაქმა მმართებს. შეხვედრისას გეუბნები: „ხუთასიათასი შენი ვალი მაქვს“. თუმცა ვალის დაბრუნებაზე დიდად არ ვნაღვლობ. უბრალოდ, ვაღიარებ რომ შენი მოვალე ვარ. გადის მცირე ხანი, კვლავ ვიხსენებ ამას და კვლავ გეუბნები: „ხო, ხო, მე ვალი მაქვს“. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს ვალს ვაცნობიერებ. ვალის ჭეშმარიტი გაცნობიერება ის არის ,როდესაც ადამიანი ვეღარ იძინებს, გადახდის საშუალებებზე ფიქრობს. ამ შემთხვევაში სიტყვებს – „შენი ვალი მაქვს“ – ისეთი ტონით წარმოთქვამს, მევალე ხვდება, რომ ამ ვალის გადახდა მას ნამდვილად აწუხებს.

 

საკუთარი ცოდვილობის გაცნობიერება და სულიერ ბრძოლის წარმატებულობა

– წმიდაო მამაო, თუკი ადამიანი სულიერ ბრძოლაში არ წარემატება, შეუძლია, მას საკუთარ თავს უთხრას: „რაც ხარ, იმადვე დარჩები. შენგან უკეთესს არც ველი რაიმეს“.

– საკუთარ მდგომარეობასთან ამგვარმა მიდგომამ შესაძლოა, ხიბლში ჩაგვაგდოს. ასეთი ადამიანი იქნებ იქამდეც კი მივიდეს,რომ თქვას: „ის, ვინც სამოთხეში მოსახვედრია, მაინც მოხვდება, ნეტავი, რიღასთვის უნდა ვიღვაწო“? მაშ, რაღა გამოდის, რომ წმიდანები წმიდანებად უბრძოლველად იქცნენ?! როდესაც ადამიანი ასე ლაპარაკობს, ის ელის, რომ ღვაწლის გარეშე გამოსწორდება და განიწმიდება ცოდვებისაგან. ის იმ მოხუცივით იქცევა, რომელსაც კენკრით პირის ჩატკბარუნება უნდოდა, ამიტომ ბუჩქის ქვეშ პირდაღებული დაჯდა და ელოდა, როდის მოსწყდებოდა ხეს ნაყოფი და ჩაუვარდებოდა პირში.

– წმიდაო მამაო, როგორ უნდა მივხვდე, რომ სულიერად წარვემატები?

– თუკი საკუთარი ცოდვილობის განცდა გაქვს, სულიერი წარმატებაც გექნება. რაც უფრო დიდად გეჩვენება შენი ცოდვები, მით მეტად აცნობიერებ მათ და სულიერადაც უმეტესად წარემატები.

– წმიდაო მამაო, შესაძლოა, ცოდვებს აცნობიერებდე და ამავე დროს სულიერად არ წარემატებოდე?

– როდესაც კაცი აცნობიერებს ცოდვას და მიუხედავად ამისა, უნებურად კვლავ იმეორებს მას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ან ამპარტავნებაშია, ან მიდრეკილია ამპარტავნებისაკენ. ამიტომ ღმერთი არ შეეწევა მის წარმატებულობას.

თუკი ადამიანი აცნობიერებს თავის ცოდვილობას, ეს უდიდეს ძალას მატებს მას და მართლაც დიდი საქმეა. ამის შემდეგ ადამიანი საკუთარი თავის დათრგუნვას, დამდაბლებას იწყებს. იგი ყოველგვარ სიკეთეს ღვთის კაცთმოყვარებასა და სახიერებას მიაწერს და მისდამი უდიდესი მადლიერებით განიმსჭვალება, ამიტომაც ცოდვილები, რომლებიც საკუთარ ცოდვებს აცნობიერებენ, ნანობენ და თავს იმდაბლებენ, ღმერთს მეტად უყვარს, ვიდრე ისინი, ვინც ბევრს იღწვიან, მაგრამ საკუთარ ცოდვილ მდგომარეობას არ ცნობენ და სინანული არ აქვთ.

 

ჩვენი გამოსწორებისათვის ღვთის წყალობა სიმდაბლით უნდა ვითხოვოთ

– წმიდაო მამაო, წმიდა მამები ამბობენ: სინანული ის არის, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ ძველ ცოდვებს აღარ გაიმეორებს და ინანიებს მათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ აღსრულებული ცოდვები გამუდმებით უნდა გვახსოვდეს?

– არა, თითოეული ცოდვის ცალ-ცალკე ხსოვნა საჭირო არ არის. თუმცა საკუთარი ცოდვილობის შეგრძნება გამუდმებით თან უნდა გვდევდეს. გარკვეული ხნის განმავლობაში ადამიანი საკუთარ ცოდვაზე უნდა ფიქრობდეს, შემდეგ კი სიმდაბლით ითხოვოს წყალობა ღვთისაგან. და თუ მასში ამპარტავნება არ არის, ღმერთი დაეხმარება მას. განსაკუთრებით – მგრძნობიარე ადამიანმა, თუ მოინანიებს და ძველ ცოდვებს აღსარებაში იტყვის, ჯობს, შემდეგ დაივიწყოს კიდეც ისინი, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ეშმაკმა მათი ხელახალი გახსენებით დრო წაართვას და ლოცვას მოსწყვიტოს. მაგრამ, თუ ნაკლებად მგრძნობიარე ადამიანი ხედავს, რომ მასში ამპარტავნება იჩენს თავს, ძველი ცოდვების გახსენებას უნდა შეეცადოს, რათა ამით დამდაბლდეს.

– წმიდაო მამაო, შესაძლებელია, ადამიანი საკუთარ ცოდვებს აცნობიერებდეს და ამავე დროს სინანული არ ჰქონდეს?

– შესაძლებელია. თუკი მასში სიმდაბლე არ არის. როდესაც სინანულს ეგოიზმი შეერწყმის, ადამიანი გამუდმებით იწვალებს თავს ასეთი კითხვებით: „როგორ ჩავიდინე ეს საქმე“?! „როგორ შეხედავს ამას ხალხი“?! „რას იფიქრებენ ჩემზე“?! „როგორ მოხდა, რომ აქამდე დავეცი“?! – და იტანჯება. სიტყვებში: „როგორ დამემართა, რომ ეს შეცდომა გავიმეორე“?! – ეგოიზმი იჩენს თავს. ამაში სინანული არ ჩანს. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ მან შესცოდა. ხოლო როდესაც გააცნობიერებს ამას, მდაბლად ითხოვოს ღვთის წყალობა. ასეთმა ადამიანმა უნდა თქვას: „ღმერთო ჩემო, ვცოდე, შემინდე, ასეთი არარაობა ვარ. შემიბრალე. თუ არ დამეხმარები, შესაძლოა, უარესი გავხდე, უკეთესი კი ვერ გავხდები. ჩემით ვერასოდეს გამოვსწორდები“. და როდესაც ამას იტყვის, უნდა ეცადოს, რომ ცოდვა აღარ გაიმეოროს. ბევრი ადამიანი ტკივილს იმის გამო კი არ განიცდიდა, რომ სხვა ადამიანების თვალწინ დაეცა, არამედ, იმიტომ, რომ საკუთარი ცოდვით ღმერთი გააწყრო.

როდესაც ერულად მცხოვრები ადამიანი ერის სულთან კავშირს გაწყვეტს, შემდეგში ის გრძნობს; რომ ეს სული მისდაუნებურად კვლავ თავისკენ ეზიდება. მაგრამ ასეთი ადამიანი სასოწარკვეთილებამ არ უნდა შეიპყროს. ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, წარმატებად ჩაითვალოს ისიც, თუ ამ ცოდვილში კეთილი შფოთი შევა, რომელიც მის სულს ჩადენილ დანაშაულებებში ამხელს; ასევე იმაში, რომ მას შეეძლო, გაეკეთებინა რაიმე სიკეთე და არ გააკეთა. თანდათან მიმდინარეობს ბრძოლა, ადამიანი უნებურად მდაბლდება და კეთილი სასოწარკვეთილება იპყრობს. ანუ მას სასო წარეკვეთება, იმედს კარგავს თავისი „მეს“ მიმართ. მაშინ იგი ყოველგვარ სიკეთეს ღვთის მადლის ზემოქმედებით ხსნის და ჭეშმარიტად ირწმუნებს უფლის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს: „თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი“ [4]. თუკი ამის შედეგად ეს ადამიანი ღვთისმოსაურად მოიქცევა, სიმდაბლით იღვაწებს, სასოებას ღვთის ყოვლადძლიერებაზე დაამყარებს, მაშინ სახიერი ღმერთი შეიწყალებს მას.

 

მწუხარება ჩვენი ცოდვების გამო

– წმიდაო მამაო, როგორ უნდა დაეხმაროს ადამიანი საკუთარ თავს, რომ ჩადენილი ცოდვა აღარ გაიმეოროს?

– თუკი ადამიანს მართლაც შეაწუხებს ჩადენილი დანაშაული, ის მას აღარ გაიმეორებს. ადამიანის გამოსასწორებლად აუცილებელია, რომ მასში სულიერი შემუსვრილება და გულწრფელი სინანული ერთმანეთს შეერწყას. ამიტომაც ამბობს წმიდა მარკოზ მოღვაწე: თუ ადამიანი რომელიმე ცოდვას ამ ცოდვის შესაბამისი სინანულით არ მოინანიებს, იგი ადვილად გაებმება იმავე ბადეში“ [5]. ანუ – თუ ცოდვა დიდი არ არის, მისთვის ნაკლები სინანულია საჭირო, ხოლო თუ ცოდვა უფრო მძიმეა, მისთვის უმეტესი სინანული უნდა შეიწირებოდეს. თუ საკუთარი დაცემის სიღრმეს არ შეიცნობს და ამის შესაბამისად არ შეინანებს, ადამიანი იმავე და კიდევ უფრო დიდ ცოდვებში ადვილად ჩავარდება.

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენს დაცემებს შესაბამისადარ ვინანიებთ?

– დაცემასა და სინანულს შორის შეუსაბამობას ამტკიცებსის, რომ იმავე ცოდვაში კვლავ ვვარდებით. გარდა ამისა, საკუთარი თავის გამოძიებისას მხოლოდ (სულიერი) დიაგნოსტიკით ნუ შემოიფარგლებით. თქვენ ხომ (სულიერი) მიკრობიოლოგიური გამოკვლევებით უსასრულოდ ხართ დაკავებულნი. როდესაც საკუთარ სულიერ მიკრობს აღმოაჩენთ, ათვალიერებთ მას დაამბობთ: „ეს უნდა განადგურდეს“. თუმცა მკურნალობას მაინც აყოვნებთ. მაშ კარგი: ვთქვათ, დარწმუნდით, რომ ესა თუ ის ავადმყოფობა დაგმართვიათ, მაშინვე იმაზე უნდა დაიწყოთ ფიქრი, თუ როგორ განიკურნოთ მისგან. მხოლოდ ანალიზების გაკეთება რას გარგებთ, თუკი მდგომარეობის გამოსწორებას არ შეეცდებით? თქვენ ამბობთ: „მაქვს რაღაც ერთი ვნება, მაქვს მეორეც“. თქვენ ამ ვნებებისაგან გათავისუფლებას არ ცდილობთ და ვნებულ მდგომარეობაში დარჩენას არჩევთ. ამგვარად საკუთარ ძალებს ქარს ატანთ და საკუთარ თავს ტყუილუბრალოდ ფლანგავთ. თქვენ ფლანგავთ საკუთარ გონებას, საკუთარ გულს. მღელვარება ავად გხდით და მერე აღარაფრის კეთება აღარ შეგიძლიათ. მერე კი, როდესაც გამოჯანმრთელდებით, ხელახლა დაიწყებთ გამოთვლებს: „რა მოხდა ისეთი, რომ ასე ავად გავხდი, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი“? მე იმის თქმა არ მინდა, რომ საკუთარ თავს კვალში უნდა ჩაუდგეთ, მაგრამ ნუ მისცემთ ცოდვებს იმის ნებას, რომ შეუმჩნეველნი დარჩნენ. აბა, ჩემო ძმაო, რაღაც საზღვრებში უნდა გაბრაზდე კიდეც. მაშ, უგრძნობი ხომ ვერ იქნები?! მერე რა: რაიმე არასწორი გააკეთე?! ხომ დაფიქრდი ამაზე?! ხომ მიხვდი, საიდან მომდინარეობდა შენი შეცდომა?! ხომ გააცნობიერე ის?! ხომ აღიარე აღსარებაში?! თუ ეს ასეა, მაშ განაგრძე გზა და ამ შეცდომას ნუღარ გამოეკიდები. მეხსიერებაში მხოლოდ იმისათვის შემოინახე, რომ მომავალში, როდესაც მისი განმეორების საფრთხის წინაშე დადგები, უმეტესი ყურადღება მოიკრიბო. თუ საკუთარი შეცდომების გამოსწორებაზე არ ვზრუნავთ, მათ გამო მღელვარება არაფერს გვარგებს. ცოდვების გამო ტირილი, თუ მათ გამოსწორებას არ ვცდილობთ, იგივეა, რაც ის, რომ დაუსრულებლად დავტიროდეთ ავადმყოფს და მის განკურნებას კი არ ვცდილობდეთ.

– წმიდაო მამაო, მწუხარება მაშინაც კი არ არის საჭირო, როდესაც რომელიმე შეცდომა მართლაც იმსახურებს მწუხარებას?

– ასე არ არის. ასეთ შემთხვევაში მწუხარება საჭიროა. თუმცა მწუხარება ზომიერი და შესაფერისი უნდა იყოს. თუ ჩადენილი შეცდომის გამო ტკივილს არ გრძნობ, მაშინ უგუნურებით ადვილადვე გაიმეორებ მას. ანუ – გამოუსწორებელი რჩები. თუმცა, თუკი სინანულის მწუხარებით დაიწყებ და მერე კი სასოწარკვეთილებამდე მიხვალ, იმას ნიშნავს, რომ საჭიროზე მეტი მწუხარება განიცადე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, რომ საკუთარი თავი მცირედ გაამხნევო და ჩადენილ შეცდომას გარკვეულწილად გულგრილად მოეკიდო.

 

ჩვენთვის საკუთარი თავის ყვედრებაა საჭირო და არა – სასოწარკვეთილება

– წმიდაო მამაო, განა შესაძლებელია, რომ სულიერი გზის დასაწყისშივე საკუთარი ცოდვილი მდგომარეობა ღრმად იყოს გააზრებული?

– როდესაც სულიერ ცხოვრებას ვიწყებთ, ღმერთი ჩვენდამი სიყვარულიდან გამომდინარე არ უშვებს, რომ საკუთარი ცოდვილი მდგომარეობა გავიაზროთ. რათა ამ სიმძიმემ არ გაგვანადგუროს. ძალიან ბევრი ფაქიზი და ღვთისმოსავი სული ვერ შეძლებდა, საკუთარი ცოდვილობის შეცნობა დაეთმინა და რაიმე უბედურებას შეემთხვეოდა. ამიტომ ღმერთი თვალს გვიხვევს და ერთად თავმოყრილ ჩვენივე ცოდვებს ვერ ვხედავთ. მაგალითად, შესაძლოა, ჩვენი ლაბადის სახელოები ჩიტის სკორეთი იყოს დასვრილი, მაგრამ ამას ვერ ვამჩნევთ და გვგონია, რომ ეს ყვავილების ფურცლებია. მაგრამ, როდესაც სულიერ ბრძოლაში თანდათანობით წარვემატებით, ღმერთი უშვებს, რომ საკუთარი შეცდომები დავინახოთ. ამასთან, იგი იმის ძალასაც გვაძლევს, რომ ვიღვაწოთ და ეს შეცდომები გამოვასწოროთ. თუკი გამოცდილება არ არსებობს, ასეთი ღვაწლი შედეგს ვერ მოიტანს. სწორედ ასევე ხდება ღვთის ქველისსაქმეთა გაცნობიერებისას. სულიერი გზის დასაწყისში ადამიანს ღვთის ქველმოქმედება რომ ეხილა, მას სულიერი სისხლდენა დაეწყებოდა. რადგანაც ერთდროულად ამის ხილვაც და საკუთარი უმადურობის გაცნობიერებაც ადამიანს დატანჯავს და დაადნობს.

– წმიდაო მამაო, მე კი ვერ ვხედავ ჩემს შეცდომებს, გული ქვასავით მაქვს.

– ზოგჯერ ღმერთი უშვებს, რომ ჩვენმა თვალებმა ვერ დაინახონ, გული კი გაქვავებული დარჩეს. რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ეშმაკი შეძლებს, სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდოს. ადამიანი საკუთარ ცოდვილ მდგომარეობას გონივრულად უნდა მიუდგეს. სინანული, რომელსაც სულიერი ტანჯვა და სასოწარკვეთილება ახლავს, ღვთისაგან არ არის. ასეთ სინანულში ეშმაკის ხელი ურევია. ადამიანი ფრთხილად უნდა იყოს, რადგან, როდესაც ეშმაკი „მარჯვნიდან“ სინანულით შეუტევს, „მარცხნიდან“ სასოწარკვეთილებაში აგდებს მას. ეშმაკს შეუძლია, გადატეხოს ადამიანი, როგორც სულიერად, ისე – ხორციელად და სრულიად უმაქნისად აქციოს ის. ანუ მას სრულიად სხვა შემუსვრილება მოაქვს: – სულიერი შფოთით სავსე შემუსვრილება გულისა. მაგალითად, შესაძლოა, ეშმაკმა ადამიანს უთხრას: „შენ იმდენად დიდი ცოდვილი ხარ, რომ ვერ ცხონდები“. ეს ისეთი სახით გააკეთოს, თითქოს ადამიანის სულზე ზრუნავდეს, ეშმაკი მასში სასოწარკვეთილებასა და შფოთს აღძრავს. და რად უნდა მისცე ეშმაკს იმის ნება, რომ რაც მოესურვება, ყველაფერი აკეთოს?! როდესაც გეტყვის: „შენ ცოდვილი ხარ“, უპასუხე: „მერე, ეს რა შენი საქმეა? ცოდვილი რომ ვარ, ამას მაშინ ვიტყვი, როდესაც თვითონ მომინდება, და არა მაშინ, როცა შენ მოისურვებ“.

– წმიდაო მამაო, რატომ ეწვევა ხოლმე ხშირად სულს მოწყინება?

– მოწყინება და შინაგანი შფოთი ძალიან ხშირად სინდისის ქენჯნით არის გამოწვეული, რაც თავისთავად იქიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარეა. ასეთ შემთხვევაში მან აუცილებლად აღსარება უნდა თქვას, რათა ისეთ მდგომარეობაში იყოს, რომ მოძღვრისაგან დახმარების მიღება შეძლოს. რადგანაც თუკი ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარეა, შესაძლოა, მის მიერ ჩადენილი ცოდვა ძალიან მცირე იყოს, მტერმა კი მისსავე თვალში მეტისმეტად გააზვიადოს. ამ ცოდვას ის მიკროსკოპით ანახებს, რომ სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს და სრულიად დააუძლუროს.

მაგალითად, ასეთ ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანს შესაძლოა, ეშმაკმა შთააგონოს, რომ მან მეტად გაანაწყენა მოყვასი, რომ მას დიდი სირთულეები შეუქმნა და ა.შ. ამით ეშმაკი ადამიანს აღაშფოთებს და ძალს აცლის მას. თუკი ეშმაკი მართლაც ჩვენი სულებისათვის ზრუნავს, რად არ მიდის იგი უგრძნობი ადამიანის სინდისის გამოსაცდელად? მაგრამ აქ პირიქით ხდება, იმისათვის, რომ უგრძნობმა ადამიანმა რაიმე არ განიცადოს, ეშმაკი მას შთააგონებს, რომ დიდი ცოდვები მცირედ და უმნიშვნელოდ მიიჩნიოს.

ადამიანმა საკუთარი თავი ისეთად უნდა დაინახოს, როგორი ცსინამდვილეშია და არა ისეთად, როგორადაც მას ეშმაკი წარმოადგენინებს. ის ხომ მხოლოდ ერთზე ზრუნავს: რამენაირად ბოროტება მოგვაგოს. ადამიანმა სასო არასოდეს უნდა წარიკვეთოს, – მთავარია, რომ სინანული ჰქონდეს, რადგანაც მისი ცოდვები ეშმაკისაზე გაცილებით მცირეა და თანაც მას დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოებებიც აქვს – ის ხომ მიწისაგანაა შექმნილი, მაგრამ გაუფრთხილებლობით დაეცა და გაჭუჭყიანდა.

იმისათვის, რომ სულიერი ბრძოლა სწორად წარიმართოს, (ჩვენი სულიერი მანქანის) ბორბალი იმის საწინააღმდეგო მხარეს უნდა დავატრიალოთ, საითაც მის დატრიალებას ეშმაკი ცდილობს. თუ ეშმაკი ცდილობს, რომ საკუთარ თავზე დიდი შთაბეჭდილება შეგვიქმნას, ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავში ნაკლის შემჩნევა უნდა ვისწავლოთ. თუ ჩაგვაგონებს, რომ არარაობას წარმოვადგენთ, ასეთ შემთხვევაში ვთქვათ: „ღმერთი შემიწყალებს“. თუკი ადამიანი ასე იქცევა, ანუ – უბრალოებით, ღმერთზე მინდობით და მისი იმედით, მაშინ მის ცხოვრებაში შემოდის სინანული და სიმდაბლე და იგი სულიერ სიმაღლეზე აჰყავს.

– წმიდაო მამაო, იქნებ საკუთარი თავის ყვედრება სულიერ ბრძოლაში არ ეხმარება?

– ეხმარება, თუმცა გონიერებაა საჭირო. მაგალითად, შესაძლოა, ადამიანმა საკუთარ თავს უთხრას: „ეჰ, რა განუსჯელი ვინმე ვარ“! თუმცა საკუთარი თავის ყვედრებას სიმდაბლე უნდა ახლდეს, რათა ეშმაკის გაბითურება შევძლოთ; თანაც ეს ვაჟკაცურად უნდა გავაკეთოთ და არა – საკუთარი ბედნავსობის განცდით. ჩვენთვის თვითყვედრებაა საჭირო და არა – სასოწარკვეთილება.

თუ ადამიანს სწამს, რომ ის არანაირ სიკეთეს არ აკეთებს, – ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, – მას საკუთარი თავის, თავისი„მეს“ მიმართ სასო წარეკვეთება. თუკი მას ჯერა, რომ თავისი საქმიანობით ნულს ნულზე ამატებს და მიუხედავად ამისა, ღვთის იმედით მაინც მოღვაწეობას განაგრძობს, ეს იმის ნიშანია, რომ მან სულიერ სიმწიფეს მიაღწია. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ღმერთი მის მიერ კეთილი ნებით მოპოვებულ უამრავ ნულს ნახავს, შეიბრალებს და ამ ნულების თავში ერთიანს დაუსვამს. ამგვარად მისი ნულები ცენტრში გადაინაცვლებენ და იგი სულიერად გამდიდრდება. თუკი ადამიანს სიმდაბლე აქვს მოპოვებული, საკუთარი თავისადმი უიმედობაში კეთილი სულიერი მდგომარეობა იმალება.

 

სულიერი ღვაწლი – გამადიდებელი შუშით

– წმიდაო მამაო, გამუდმებით როგორ უნდა გრძნობდეს ადამიანი საკუთარ ცოდვილობას?

– ადამიანი შეძლებს, დაინახოს საკუთარი ცოდვილობა, თუკი ყურადღებით გამოიკვლევს თავს. რაც მეტი ყურადღებით იკვლევს თავს კაცი, მით მეტ ცოდვებს ხედავს მასში.

– ამგვარ მოღვაწეობას როგორ შეძლებს ის, ვინც მრავალი საზრუნავით არის დამძიმებული?

– ძალიანაც კარგად. თუკი ასეთი ადამიანი დღის განმავლობაში თუნდაც მცირე ხანს დაუთმობს იესოს ლოცვას, ანდა, საკუთარი სულიერი დანაკარგებისა თუ შენაძენის აღსარიცხად გამონახავს დროს. აბა, შეხედეთ: საბაყლოს პატრონი ფულს ყოველდღიურად ითვლის. საკუთარი ნამატი და დანაკლისი თუ არ აღრიცხა, გაკოტრდება, ვალი დაედება და შესაძლოა, ციხეშიც მოხვდეს.

– წმიდაო მამაო, ზოგიერთმა ადამიანმა არ იცის, რა თქვას აღსარებაზე, რატომ?

– ეს იმის ნიშანია, რომ მათთვის საკუთარ თავზე სულიერი მუშაობა სრულიად უცხოა. თუკი სულიერ ღვაწლს არ აღვასრულებთ, საკუთარ თავში თვით უხეშ შეცდომებსაც კი ვერ ვამჩნევთ ხოლმე. უნდა შევძლოთ, ჩვენი სულიერი თვალის განწმენდა. ბრმა ვერაფერს ხედავს. ცალთვალა ადამიანი ხედვს ,მაგრამ – ცუდად; ყველაფერს კარგად მხოლოდ ის ხედავს, ვისაც ორი, ჯანმრთელი თვალი აქვს. მაგრამ, თუკი თვით ასეთ ადამიანსაც კი ხელთ აქვს ტელესკოპი და მიკროსკოპი, მას შეუძლია, ძალიან მკაფიოდ დაინახოს ისიც, რაც ძალიან შორსაა და ისიც, რაც ახლოსაა. ნებისმიერი ხატის ამოკვეთა მე შემიძლია სამ დღეში დავასრულო, მაგრამ შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში დავდებ ხოლმე, მერე კვლავ ხელში ავიღებ და ბევრ ნაკლს შევნიშნავ. ერთ ხატზე შეიძლება, ვიმუშაო მთელი კვირა, მთელი თვე, ორი წელიც კი. თუ მოვინდომებ, შესაძლოა, მასზე ხუთი წელიც ვიმუშაო. თუმცა ასეთ შემთხვევაში მას გამადიდებელი შუშით ვაკვირდები. მინდა ვთქვა,რომ სულიერ მოღვაწეობას დასასრული არ აქვს. რაც მეტად წარემატება კაცი სულიერად, მისი სულის თვალები მეტად იწმინდება. და მაშინ საკუთარ ცოდვებს სულ უფრო და უფრო დიდად ხედავს იგი. ამგვარად ადამიანი მდაბლდება და მასზე საღვთო მადლი გადმოდის. „მე წყეული ცოდვილი ვარ“. – ამბობდნენ წმიდანები და სჯეროდათ ეს, რადგანაც მათი სულიერი თვალი (სულიერ) მიკროსკოპად იყო ქცეული. რაც მეტად წარემატებოდნენ, მით ძლიერ სულიერ მიკროსკოპს მოიპოვებდნენ და ამის გამო თავს უდიდეს ცოდვილებად თვლიდნენ. მაგალითად, ახლა შეუიარაღებელი თვალით ვუცქერ ჩემს ხელს და ის ლამაზად მეჩვენება. მაგრამ, თუ გამადიდებელი შუშით დავხედავ, მაშინ ეს ბეწვები, ახლა რომ ძლივს მოჩანს, კვიპაროსის ტყედ იქცევა! როდესაც საკუთარ თავზე ამგვარ სულიერ ღვაწლს აღასრულებთ, თქვენში ძველ კაცს თრგუნავთ.

ჩვენი ძველი კაცი – ეს ჩვენში მცხოვრები ბოროტი „მოქირავნეა“, იმისათვის, რომ ის წავიდეს, საცხოვრებელი უნდა დავუნგრიოთ და ახალი შენობის აგება დავიწყოთ – ახალი ადამიანის შენება.

 

უნდა მივხვდეთ, რა სნეულებით ვართ დაავადებული

– წმიდაო მამაო, ხშირად ვამჩნევ სხვა ადამიანების ნაკლსდა განვიკითხავ მათ.

– საკუთარი დაავადება თუ იცი?

– არა.

– აი, სწორედ ამიტომ ამჩნევ სხვების ავადმყოფობას. საკუთარ სნეულებას რომ ხედავდე, სხვა ადამიანების დაავადებებზე წარმოდგენაც კი არ გექნებოდა. იმის თქმა კი არ მინდა, რომ მათ ტკივილს არ თანაუგრძნო; არამედ, მათ ნაკლზე ყურადღების გამახვილებას უნდა ანებო თავი. თუკი ადამიანი საკუთარი თავის შეცნობას არ ცდილობს, მზაკავარი მისთვის სამუშაოს გამოძებნის და ამ ადამიანის საზრუნავი სხვების მდგომარეობა გახდება. ხოლო მაშინ, როდესაც საკუთარ თავზე მუშაობს, კაცი საკუთარ თავსაც შეიცნობს და მოყვასსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც მას არასწორი წარმოდგენები აქვს, საკუთარ თავთან მიმართებაში მცდარ დასკვნებს აკეთებს; ხოლო, როდესაც სხვებსაც იმავე კრიტერიუმებით აფასებს, სხვებთან დაკავშირებითაც შეცდომებს უშვებს.

– წმიდაო მამაო, ყველაზე მეტად რა უწყობს ხელს ადამიანის გამოსწორებას?

– პირველ რიგში ნება და სურვილი. ნება და სურვილი ეს – გარკვეულ შემთხვევაში – კეთილი ნიადაგია. ამის შემდეგ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ავად არის და შესაბამისი სულიერი ანტიბიოტიკების მიღება დაიწყოს. თუკი ხორციელად ავადმყოფი სნეულებას მალავს, ოდესმე, ბოლოს და ბოლოს, ისე – თვითონაც რომ ვერ მიხვდება, სისუსტე ძირს დასცემს და სამედიცინო ჩარევა ვეღარაფრით დაეხმარება.

ვთქვათ, ადამიანმა იცის, რომ ტუბერკულოზისაკენ აქვს მიდრეკილება და ამის გამო მადას დაკარგავს. „რატომ არ ჭამ“? ეკითხებიან მას, ის კი მიუგებს: „რაღაც ეს საჭმელი არ მომწონს“. ამის გამო ნელ-ნელა ძალა ეკარგება და სიარულიც უჭირს. „რა დაგემართა, ძლივს მოძრაობ“? უკვირს ხალხს. „ნელა სიარული მომწონს, გადარეულივით ხომ არ ვირბენ“. პასუხობს ის. მალავს, რომ ძალა გამოელია და ფეხს ვეღარ აბიჯებს. მერე ხველა ეწყება. როდესაც კითხავენ, რატომ ახველებო, პასუხობს – ალერგიის ბრალიაო. მალავს, რომ ჭლექმა უკვე ფილტვები გამოუხრა და საშინლად დაუზიანა. გადის დრო და ავადმყოფი სისხლის ხველებას იწყებს. „ეს რაღაა“? ეკითხებიან მას. ის კი კვლავ იმავეს იმეორებს: „არაფერია, ხახის ლორწოვანი გარსის ანთება მაქვს“.

– წმიდაო მამაო, ეს ადამიანი ყველაფერ ამას იმისათვის აკეთებს, რომ მისი ავადმყოფობა სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს?

– დიახ, ის ამას თავისი ავადმყოფობის დასაფარად აკეთებს. ასე, მალავს, მალავს და მერე უკვე ტუბერკულოზი მწვავე ფორმას იღებს: ფილტვები ულპება, ყელიდან სისხლი ისე მოსდის, როგორც – გამსკდარი მილიდან, ფეხზე უკვე ვეღარ დგება და მისი სნეულების შესახებ გარშემო ყველა შეიტყობს ხოლმე. თუმცა ამ დროს სნეულება უკვე იმ სტადიაშია გადასული, რომ შეჩერება შეუძლებელია. მაგრამ მას რომ ავადმყოფობა დასაწყისშივე ეღიარებინა, ეთქვა, რომ მცირედ მომატებული სიცხის მიზეზი ტუბერკულოზია და ემკურნალა, ჯანმრთელზე ჯანმრთელი გახდებოდა. ასევე ხდება ხოლმე სულიერ ცხოვრებაშიც: ის, ვინც თავის ვნებებს ამართლებს, საბოლოოდ ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ მოექცევა და შეუძლებელია, ეს შეუმჩნეველი დარჩეს. მაგრამ იცი, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ეშმაკის ზემოქმედებას განიცდის?! ეშმაკის გავლენაში მყოფი ადამიანი სასტიკდება, მხეცდება ყალყზე დგება, სხვებს თავხედურად, უსირცხვილოდ ელაპარაკება და არც ვინმეს დახმარების მიღება სურს.

ამიტომ ყველაფრის საფუძველი ისაა, რომ ადამიანმა საკუთარი ავადმყოფობა შეიცნოს და ეს სიხარულს ჰგვრიდეს. ამის შემდეგ კი მკურნალობას უნდა შეუდგეს და შესაფერისი წამლები მიიღოს. გარდა ამისა, ის მადლიერებას უნდა გრძნობდეს თავისი ექიმის – მოძღვრისადმი და წინააღმდეგობას არ უწევდეს მას. მაგალითად: ავადმყოფს სისხლს უსხამენ, იგი ხელს უწვდის ექიმს, რომელიც ნემსით შედის ვენაში, სტკივა, მაგრამ ითმენს, რაგანაც იცის, რომ გადასხმა უშველის. ან რაოდენ იტანჯება ის, ვისაც ქირურგიულ ოპერაციას უკეთებენ! მაგრამ მიუხედავად ტკივილისა, ავადმყოფი განკურნების იმედით ოპერაციაზე თანხმდება.

– წმიდაო მამაო, თუკი მე ვიცი, რომ ვიღაცის მკაცრი შენიშვნა გამომადგება, მაშ რატომ არ შემიძლია, რომ ეს შენიშვნაისე მივიღო, როგორც რაღაც სასიამოვნო?

– კარგი, ვთქვათ და, შენიშვნა არ გსიამოვნებს, ის მაინც გესმის, რომ მასში სიმართლეა?

– დიახ, ეს მესმის.

– თუ გესმის, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, აბა ვნახოთ: მწარეზე მწარე აბს ავადმყოფი ტკბილ კამფეტზე უმეტესი სიამოვნებით იღებს, რადგანაც ესმის, რომ ეს აბი მისთვის სასარგებლოა. თუ მწარე წამალს არ დალევს, ის არ განიკურნება. ადამიანმა თავისი უძლურება უნდა შეიცნოს, შესაბამისი წამალი მიიღოს, რათა შემდეგში ქრისტემ განამტკიცოს იგი.

 


[1] - წმიდა ისაკ ასური.

[2] - წმიდა გრიგოლ ნოსელი

[3] - 1994 წელს.

[4] - იოან. 15, 5.

[5] - „სათნოთმოყვარეობა“