მამა პაისი მთაწმინდელი

სინანულს უდიდესი ძალა აქვს

„მოეგო თავსა თვისსა...“ [1]

ღმერთი ძალიან ახლოსაა ჩვენთან და ამავე დროს, ის ძლიერ მაღლაა. იმისათვის, რომ ადამიანმა „მოსდრიკოს“ ღმერთი, რათა იგი გარდამოვიდეს და მასთან ერთობაში იმყოფებოდეს, ამ ადამიანმა სიმდაბლე და სინანული უნდა მოიპოვოს. როდესაც კაცის სიმდაბლეს ხედავს, მრავალმოწყალე ღმერთი ზეცამდე ამაღლებს მას და მისდამი უდიდესი სიყვარული აქვს. „ესრეთ იყოს სიყვარული ცათა შინა ერთისათვს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“ [2] – გვეუბნება სახარება.

ადამიანს ღმერთმა გონება იმისათვის მისცა, რომ მან გაიაზროს, რამდენად დიდია მისი ცოდვა და შენდობა ითხოვოს. შეუნანებლობით ადამიანი მეტისმეტად გაქვავდა და გამოთაყვანდა, რადგანაც სინანული და იმ მცირე ჯოჯოხეთისაგან გამოსვლა არ სურს, რომელშიც ცხოვრობს და რომელიც მას იმ უარესი – მარადიული სატანჯველისაკენ მიუძღვება. ამგვარადის საკუთარ თავს იმ მიწიერ სიხარულსაც აკლებს, რომელიც შემდეგ გაცილებით დიდ, მარადიულ სიხარულად უნდა იქცესდა სამოთხეში ღმერთთან ყოფნით გაგრძელდეს.

ღვთისაგან განშორებული ადამიანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის. სახარებაში წერია, რომ შეცდომილი ძე „მოეგო რაი თავსა თვისა, თქუა: აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა“. ანუ ძე შეცდომილმა მას შემდეგ, რაც გონს მოეგო და შეინანა, მამასთან დაბრუნება გადაწყვიტა. ცოდვაში რომ იმყოფებოდა, ის საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა, უგუნურად და უაზროდ ცხოვრობდა, რადგან ცოდვა ჯანსაღ აზრს მოკლებულია.

– წმიდაო მამაო, ამბა ანტონი ამბობს: „თუკი ისურვებს, ადამიანი შეძლებს დილიდან საღამომდე მისწვდეს საღვთო საზომს“ [3]. რა აქვს მას მხედველობაში?

– სულიერი ცხოვრებისათვის მრავალი წელი საჭირო არ არის. თუ შეინანებს, ადამიანს ძალუძს, ერთ წამში ჯოჯოხეთის სატანჯველიდან სამოთხეში გადაინაცვლოს [4]. ადამიანი ადვილად ცვალებადია, ის შესაძლოა, იქცეს ანგელოზად, ან – იქცეს ეშმაკად. ჰოი, რაოდენ დიდ ძალას ფლობს სინანული! ის საღმრთო მადლით იკვებება. თუკი ადამიანი გონებაში თუნდაც ერთ თავმდაბლურ აზრს შეიწყნარებს, მაშინ ის ცხონდება. მაგრამ, თუ იგი ამპარტავნულ აზრს მიიღებს, არ შეინანებს და ამგვარ მდგომარეობაში წამოეწევა სიკვდილი, მაშინ დამთავრდა – ის დაღუპულია! რა თქმა უნდა, თავმდაბლურ აზრს სულიერი სულთქმა, შინაგანი შემუსვრილება უნდა ახლდეს. რადგანაც აზრი არის აზრი, ხოლო, ადამიანს გულიც აქვს. „ყოვლითა სულითა, ზრახვითა და გულითა“ [5] – ამბობს მგალობელი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამბა ანტონი აქ რაღაც უფრო მტკიცე მდგომარეობას გულისხმობს. იმისათვის, რომ კეთილ მდგომარეობას მიაღწიოს ადამიანმა, გარკვეული დროა საჭირო. მე ვწუხვარ, ვნანობ და მეყსეულად ვიღებ შენდობას. თუკი მოღვაწეობრივი სული მაქვს, მაშინ შემიძლია, ნელ-ნელა განვიმტკიცო ჩემი მდგომარეობა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდეს, აქეთ-იქეთ ხეთქებას ვერ ავცდები.

– წმიდაო მამაო, ხანშიშესული ადამიანი შეძლებს, საკუთარ თავს სულიერად დაეხმაროს?

– როდესაც ადამიანი ბერდება, მას სინანულის განსაკუთრებული საშუალება ეძლევა, რადგანაც მისი ილუზიები იფანტება. ვიდრე ადამიანი ახალგაზრდა იყო, ხორციელი ძალები ჰქონდა, სირთულეებს არ აწყდებოდა და საკუთარ სისუსტეს ვერ ხედავდა, ფიქრობდა, რომ კარგ მდგომარეობაში იყო. მაგრამ სიბერეში გზად დახვედრილი ტკივილი, რომელიც გამუდმებით თან სდევს, ეხმარება მას, მიხვდეს, რომ რაღაც წესრიგში ვერ აქვს, რომ – სულიერად კოჭლობს; ხოლო, როდესაც ამას მიხვდება, შეინანებს. თუკი ასეთი ადამიანი სულიერ სარგებელს გამოწოვს იმ რამოდენიმე წლიდან, რომელიც მას დარჩენია და გამოიყენებს მის მიერ განვლილი მრავალი წლის გამოცდილებას, ქრისტე არ მიატოვებს და შეიწყალებს ამ ადამიანს.

 

სინანულის ცრემლი

სინანული – ეს ცრემლით ნათლისღებაა. როდესაც ინანიებს, კაცი ხელახალ ნათლისღებას იღებს, ხელახლა იშობა. პეტრე მოციქულმა თავისი უარყოფით რამდენადმე გასცა ქრისტე. თუმცა ის „ტიროდა მწარედ“ [6] და ამიტომ ამ დაცემის შენდობა მიიღო. ანუ სინანულმა განბანა პეტრე მოციქული, კვლავ განწმინდა იგი. აბა შეხედე: ღმერთმა ხომ თავდაპირველად მიწა შექმნა, შექმნა ზღვა, ყველაფერი დანარჩენი, შემდეგ კი აიღო მიწა და შექმნა კაცი. თავდაპირველად ადამიანი იბადება ხორცით, შემდეგ კი წმიდა ნათლისღების საიდუმლოთი ხელახლა იშობა წყლისაგან, რომელიც ღვთის ქმნილებაა და სულიწმიდისაგან, რომელიც არის საღმრთო მადლი. „წყლითა და სულითა“ [7] ხელახლა იშობა ადამიანი და ხდება იგი ახალი კაცი.

– წმიდაო მამაო, ანუ, იმის მსგავსად, როგორც ადამიანის შექმნისას აიღო მიწა და შექმნა იგი, დღეს წმიდა ნათლისღების საშუალებით ის იყენებს წყალს, რათა ხელახლა იშვას ადამიანი?

– დიახ, წყალს განმწმენდელი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ ნათლობისას ღვთისმსახური ადამიანს წყალში შთაფლავს. ადამიანი პირველქმნილი ცოდვისაგან განიბანება, ცოდვებისაგან განიწმინდება, მას საღმრთო მადლი მოეფინება, ის შეიმოს სქრისტეს და ახალ, ხელახლად შობილ ადამიანად იქცევა. როდესაც ქრისტესთან მისულმა ნიკოდიმოსმა ჰკითხა მას, თუ როგორ შეიძლება ადამიანის მეორედ შობა, ქრისტემ მიუგო მას: „ამინ,ამინ, გეტყვ შენ, უკეთუ არა ვინმე იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ [8]. წმიდა ნათლიღების საიდუმლოში ადამიანი განახლდება, იქცევა ღვთის სრულყოფილ ქმნილებად – ცოდვით დაცემის შემდეგ. ამიტომ, თუ ადამიანმა ნათლისღება კვლავ არ შებღალა, მაშინ ის დიდ საღმრთო მადლს მიიღებს. თუკი ადამიანი თავის ცოდვას გააცნობიერებს, თუკი მის გამო ტკივილს იგრძნობს მაშინ იგი სინანულის ცრემლით განიბანება და საღმრთო მადლი [9] კვლავ მივა მასთან.

– წმიდაო მამაო, უკვე მრავალი წელია ჩემი ცოდვების გამო ტირილი აღარ შემიძლია. ცრემლი აღარ მაქვს. ეს იმას ნიშხავს, რომ ჭეშმარიტი სინანული არ მაქვს?

– შენ რა, ამ ცოდვების გამო ტკივილს აღარ გრძნობ?

– ვგრძნობ, მაგრამ, ჩანს, ეს ტკივილი საკმარისად ღრმა არ არის.

– ცრემლის მიხედვით ნურასოდეს დაასკვნი რაიმეს. რა თქმა უნდა, ცრემლი – ეს სინანულის აშკარა ნიშანია, თუმცა არა – ერთადერთი. ზოგიერთი ტირის და ჯერ ისევ ცრემლით სველი თვალებით შეუძლია, იცინოს. გულის ტკივილი და შინაგანი სულთქმა ეს ის შინაგანი ცრემლია, რომელიც გარეგნულ ცრემლს აღემატება. ერთი საბრალო ადამიანი მეუბნებოდა: „რა სასტიკი კაცი ვარ, მამაო, ცრემლის ნასახიც არ გამაჩნია, გული გამიქვავდა, ვაი, როგორი ქვასავით გული მაქვს“! ეს საწყალი უაღრესად მგრძნობიარე იყო და უაღრესად გულქვად კი მიაჩნდა თავი, იმიტომ, რომ ტირილი არ შეეძლო. თუმცაღა, ის მწარედ ხვნეშოდა და ოხრავდა, თანაც აშკარად ჩანდა, რომ ოხვრა და სულთქმა ამ საბრალო ადამიანის გულის სიღრმიდან იყო ამოსული! ვიღაც სხვას კი ტირილი შეუძლია, მაგრამ მეორე წუთას იცინის. ასეთი კაცი გაზაფხულის ცვალებად ამინდს მიაგავს. მაგალითად, ის გაჭირვებულის დანახვაზე ლმობიერებას იგრძნობს, წაუტირებს კიდეც, მერე კი თავისთვის იტყვის: „უყურე ერთი, როგორ თანავუგრძნობ სხვის მწუხარებას“! ანდა ლოცვისას მცირეოდე ნცრემლს დაღვრის და ამბობს: „რაკი ცრემლით ვლოცულობ, ჩანს, ღმერთს ესმის ჩემი“! და ამგვარად იმშვიდებს თავს.

არსებობს უნუგეშო ცრემლიც. ამ ცრემლს ეშმაკი გგვრის. მას სინანულთან კავშირი არა აქვს და ეგოიზმის ნიშანია. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ეგოისტურად დასტირის თავის დაცემას. ის ჭრილობას იღიზიანებს არა იმიტომ, რომ ღმერთი განარისხა, არამედ, იმის გამო, რომ გაუფრთხილებლობა გამოიჩინა და სხვა ადამიანების თვალწინ დაეცა. ასეთ შემთხვევაში ის ორმაგად იტანჯება. სამოქალაქო ომის დროს მტრის ბანდის ერთი ბელადი მახსოვს. დაე, უფალმა ამ კაცს სინანული მიმადლოს! ერთხელ მას ხელში ჩაუვარდა ერთი საბრალო კაცი –ოჯახის უფროსი, რომელსაც ცხრა შვილი ჰყავდა. რადგანაც ეს ადამიანი კომუნისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა, ბანდის მეთაურმა იგი მიწაზე დასცა და სასტიკი ცემა დაუწყო. არადა, ეს საბრალო ოდესღაც მისი ლაქია იყო. „მომისმინე, – ყვიროდა საწყალი კაცი, – როგორ არ გებრალები, მე ხომ ცხრა შვილი მყავს. შენთვის რა დამიშავებია“?! როდესაც ნახა, ბელადი წიხლებით როგორ თელავდა ამ საბრალო კაცს, ერთ-ერთმა ბანდის წევრმა დაუყვირა: „რა გინდა მაგისგან, რა დაგიშავა, არ გებრალება?! მაგას ხომ ოჯახი აქვს“! და მოულოდნელად განსაცვიფრებელი გარდაქმნა მოხდა. ბოროტმოქმედი მწარედ ატირდა, რადგან ამხანაგის შენიშვნა მის ეგოიზმს შეეხო.

ასეთი ცრემლი ეგოისტურია. ის იუდას სინანულს გვაგონებს. ქრისტეს გაცემის შემდეგ იუდა ფარისეველებთან მივიდა, რათა მათთვის ეთქვა: „ვცოდე“! მაგრამ ფარისეველებმა მიუგეს მას: „შენს ცოდვებს ჩვენ რატომ გვიყვები“? [10] ამ სიტყვებმა შეურაცხყვეს იუდა... ის გაბოროტდა, ფარისეველებს ვერცხლი მიუყარა, წავიდა და ეგოიზმით აღძრულმა თავი ჩამოიხრჩო. იუდას რომ შეენანებინა, მისულიყო ქრისტესთან და ეთქვა: „ვცოდე“! – ის გადარჩებოდა.

 

სინანულის უსასრულო ხელსაქმე

– წმიდაო მამაო, რას ნიშნავს ბედნიერების ცრემლი?

– ბედნიერების ტირილი არის სიხარულის ნიშანი, სიხარულისა, რომელიც წარმოიშობა იმისგან, რომ რომელიმე ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვის გამო მწუხარებას განვიცდით. სიხარულის ცრემლში მწუხარება და სიხარულია შეერთებული. სწორედ ამიტომაც ქვია მას სიხარულის ცრემლი. ღვთისმოსაობის გამო ადამიანი წუხს იმაზე, რომ დაამწუხრა ქრისტე. მაგრამ, ამავე დროს, იგი ხარობს კიდეც, რადგან საღმრთო ნუგეშინისცემას გრძნობს. გულწრფელად მონანიე ცოდვილი ღვთისაგან შენდობას იღებს. საღმრთო ნუგეშინისცემას გრძნობს და შეუძლია,სულიერი სიხარული განიცადოს.

– წმიდაო მამაო, შესაძლებელია, რომ ღვაწლში მყოფი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში სინანულში ცხოვრობდეს?

– დიახ. თუ სწორად მოღვაწეობს, ადამიანი საკუთარ წარმატებას ვერ ამჩნევს. ის მხოლოდ დაცემებს ხედავს და ამიტომ გამუდმებით სინანულშია. მან არ იცის, რომ თავდაპირველად ერთ ეშმაკს ებრძოდა, ახლა კი შესაძლოა, ეშმაკების მთელ მხედრობას ებრძვის. საერთოდ ხომ ასეა: რაც მეტად ცდილობს ადამიანი ვნების აღმოფხვრასა და საკუთარ თავში სათნოების დანერგვას, ამ ვნების ფესვების ირგვლივ მით მეტი ეშმაკი გროვდება (ისინი ამ ვნების ფესვებს ექაჩებიან და მოღვაწეს მის აღმოფხვრაში უშლიან ხელს). ასეთ დროს ადამიანი მეტად წარემატება, თუმცა ამ წარმატებას თვითონ ვერ ამჩნევს. ამგვარ მდგომარეობაში ადამიანმა შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაატაროს – ვიდრე სიკვდილამდე. შესაძლოა, მან ვერ დაინახოს თავისი წარმატება. შესაძლოა, ეგონოს, რომ რადგანაც ეცემა, ერთ ადგილს ტკეპნის. სინმდვილეში კი ასეთი ადამიანი სულიერად წარემატება, რადგანაც მისი ბრძოლა სულ უფრო და უფრო რთულდება და სულ უფრო და უფრო მეტ ეშმაკთან უწევს ომი.

სულიერად მოღვაწე ადამიანისათვის სინანული დაუსრულებელი ხელსაქმეა. როდესაც ვინმე კვდება, მას გამოიტირებენ, მიწას მიაბარებენ და მერე კი ივიწყებენ... ცოდვების გამოტირილი კი გამუდმებით მოგვიწევს. ამიტომაც ეს ღვაწლი აქ გონიერად, ქრისტეს იმედით უნდა აღვასრულოთ, რადგან მან ჯვარცმა დაითმინა იმისათვის, რომ ჩვენ აღვედგინეთ მკვდრეთით.

 

ცხოვრების შეცვლა

იმისათვის, რომ ცოდვით დაცემა აიცილოს თავიდან, ადამიანი ყოველივე იმას უნდა გაურბოდეს, რაც მასში ამ ცოდვის პროვოცირებას ახდენს. მაგალითად, თუკი ლოთს სურს, რომ სმას თავი მიანებოს, მაშინ მან ყველანაირად უნდა მოარიდოს თავი ისეთ ადგილს, სადაც სასმელია. აუცილებელია მცირეოდენი მონდომება და კეთილი განწყობა; ასეთ დროს კი სახიერი ღმერთი სირთულეების გადალახვაში დაგვეხმარება. მაგალითად: ადამიანი რაღაც ვნებით არის შეპყრობილი, ის აღიარებს ამ ვნებას, მის მოსაკვეთად იღწვის, ინანიებს, თავს იმდაბლებს, ყველანაირად განწყობილია, რომ მისგან გათავისუფლდეს. ეს განწყობა იცის ღმერთმა და ამიტომ ეხმარება მას. მაგრამ როგორ მიანიჭებს უფალი მადლს იმ ადამიანს, რომელიც თავად არ ცდილობს, რომ შეიცვალოს და ცოდვის აღსრულებას განაგრძობს?! ღვთის მადლი არ ეკარება იმ ადამიანს, ვისი მდგომარეობაც არასწორია, რადგანაც ეს მას მაინც ვერაფერს არგებს. მადლი რომ ასეთ შემთხვევაში ვინმეს შველოდეს, მაშინ ხომ ღმერთი მას ეშმაკსაც კი უწყალობებდა.

ადამიანი, რომელიც რაიმე ცოდვით დაეცა, მაგრამ ამ ცოდვაში ყოფნას არ განაგრძობს, ცოდვილ აზრებზე უარს ამბობს, ინანიებს თავის დაცემას და იმ მიზნით მოღვაწეობს, რომ ის აღარ გაიმეოროს, ღვთის მადლს შეიწყნარებს და შეწევნას იღებს. თუმცა, თუკი კაცს სინანული არა აქვს და ცოდვას მოდად მიიჩნევს, მისი მდგომარეობა დემონურია.

– წმიდაო მამაო, რანაირად გადარჩა ქრისტეს გვერდით ჯვარცმული ერთერთი ავაზაკი?

– ეს ავაზაკი მესერზე აძვრა და იქიდან სამოთხის ბაღში გადახტა! „ავაზაკმან დაიმკვიდრა სამოთხე“! ანუ თავისი კეთილგონიერებით ამ ავაზაკმა თვით სამოთხის ,,დაყაჩაღებაც“ კი შეძლო.

– წმიდაო მამაო, თუკი ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება შეცვალა, ძველი ცოდვილი ჩვეულებების მიხედვით აღარ ცხოვრობს, მაგრამ დროდადრო ძველ ცოდვებში მაინც ვარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სინანული არ აქვს?

– თუკი ის ცდილობს გამოსწორებას და ამავე დროს მაინც ვარდება ცოდვაში, მაშინ მას დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოება აქვს. თავდაპირველად ცხოვრების შეცვლა ადვილი არ არის. მაგრამ, როდესაც დანამდვილებით მიხვდება, რამდენად მძიმეა მის მიერ აღსრულებული ცოდვები, ადამიანი მათ აღარ ჩაიდენს.

ძველად სინანული უფრო გულწრფელი ჰქონდათ. თუ ადამიანი მოინანიებდა, ცოდვას აღარ უბრუნდებოდა. მახსენდება ერთი მონანიე ქალი. როგორ დამეხმარა ის ჭეშმარიტი სინანულის მოხვეჭაში! იგი უაღრესად მოკრძალებულად იქცეოდა, არაფერს ამბობდა. მონაზონივით შავებში ჩაცმული ეს ქალი მოდიოდა ერთ სამლოცველოში, აწესრიგებდა მას, კანდელებს ანთებდა .მარტო მისი ერთი შეხედვაც კი ძალიან სასარგებლო იყო. დღეს კი ვხედავ, ზოგიერთი ადამიანი, რომელმაც სულ ეს ეს არის საკუთარი ცხოვრება შეცვალა, როგორ იწყებს სხვების განსწავლას, თუმცა თვით მასში ჯერაც ისევ მისი ძველი კაცი ცხოვრობს. რა თქმა უნდა, თუკი ვინმემ შეინანა და შეწყვიტა ძველებურად – სიძვასა და გარყვნილებაში ცხოვრება და სულიერი ცხოვრება დაიწყო, ამით სხვებსაც ძალიან დაეხმარება. მაგრამ, თუკი იგი ერთი მდგომარეობიდან მეორეში ჯერ ბოლომდე არც გადასულა და უკვე ცდილობს, რომ თავი სულიერ ადამიანად წარმოიდგინოს და ქადაგებას იწყებს, ეს უკვე ხიბლია.

– წმიდაო მამაო, იქნებ ეს ადამიანები ასე იმისათვის იქცევიან, რომ ამით სხვებს დაეხმარონ?

– დიახ, ასე იმისათვის იქცევიან, რომ სხვებს დაეხმარონ. მაგრამ მათი მოქმედებებში, – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი მეტნაკლებად ცნობილი ადამიანები არიან, – იმალება ამპარტავნული აზრი: „ეხლა დაივიწყებენ კარაისკაკისს [12] და კოლოკოტრონისს [13] და ჩემზე ლაპარაკებენ“. აქედან ჩანს, თუ რამდენად ცოდვილია მათი ქმედების მიზეზები. თუ საკუთარი ცოდვების გამო მართლაც ტკივილს გრძნობენ, მაშინ აჯობებს, რომ ეს ცოდვები გარკვეული დროის განმავლობაშიარ დაივიწყონ და თვითდაჯერებულობას ნუ აჰყვებიან. ისინი უკიდურესად უნდა გაფრთხილნენ. და როდესაც ძველი ცხოვრებიდან სხვადასხვა აზრები და მოვლენები შეახსენებენ თავს, ისე უნდა განაგდონ ისინი, როგორც გმობის ზრახვები. ეს განგდება იმის დასტური იქნება, რომ ისინი უკვე აღარ იწყნარებენ მათდა მათი (სულიერი) ორგანიზმი ამ ზრახვებზე უარყოფითად რეაგირებს. მაგრამ იმისათვის, რომ ნამდვილად შეიცვალოს, ადამიანმა თავისი წარსული უნდა დათრგუნოს და სიმდაბლე მოიხვეჭოს. თუკი ძველი ცხოვრებიდან დაიტოვებს ნაწილს მაინც – ანუ იმას, რასაც უვნებელად ჩათვლის, მაშინ ეს „უვნებელი“ ბევრ მავნე რამესაც გამოიწვევს. ამ წუთიდან, ადამიანი თუ თუნდაც ერთ უმცირეს აზრს, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ფიქრს დაიტოვებს თავისი ძველი კაცის შესახებ, ღმერთი აღარ შეეწევა მას და არაფერი, რასაც ეს ადამიანი მოიმოქმედებს, წმინდა არ იქნება.

– წმიდაო მამაო, როდესაც თავის ცხოვრებას შეცვლის, ადამიანი უნდა შეეცადოს, რომ სხვათა თვალში მის შესახებ არსებული შეხედულებები გამოასწოროს?

– სხვისი აზრის შეცვლის ეგოისტური მცდელობა საჭირო არ არის. თუკი ადამიანი თვითონ ცდილობს, რომ გამოსწორდეს, ხალხის აზრიც თავისთავად შეიცვლება. ხოლო, თუ მისმა ძველმა, ცოდვილმა ცხოვრებამ საზოგადოებასა და მის გარემოცვაში რაიმე ცუდი კვალი დატოვა, როდესაც ის სწორ, ქრისტიანულ ცხოვრებას დაიწყებს, ეს კვალი თავისთავად წარიხოცება. სინანულში მყოფი ადამიანი სხვებს არაფერს უნდა ეუბნებოდეს. თვით ღმერთი ილაპარაკებს ხალხთან მისი სინანულის სიტყვებით.

 

„ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის“ [14]

– წმიდაო მამაო, სასარგებლოა საკუთარი ცოდვების ჩაწერა იმისათვის, რომ აღსარებისას არ დაგვავიწყდეს?

– თუკი ჩემს მიერ ჩადენილი ცოდვა მართლაც ტკივილს მაყენებს, ის არ დამავიწყდება. სინდისი მამხელს. სული მტკივადა ამიტომ ჩადენილი ცოდვა გამუდმებით მახსოვს. ცოდვის ჩადენიდან, ვიდრე აღსარებამდე ეს ცოდვა ჩემში „მუშაობას განაგრძობს“. ის აწყლულებს ჩემს გულს და მამხელს მე, ანუ – მე ვიტანჯები და ღვთისაგან ამ ტანჯვის შესაბამის სამაგიეროს ვიღებ. თუმცა, თუკი ჩადენილ ცოდვაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ცოდვა ოდნავადაც არ მიწყლულებს გულს. მე ვივიწყებ მას და გამოუსწორებელი ვრჩები. ამიტომ, ზოგიერთი ადამიანი, როდესაც მას რაიმე შეცდომასთან დაკავშირებით შენიშვნას აძლევენ, იცინის, თითქოს ყველაფერი ეს უმნიშვნელო რამ იყოს. სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქვს ბევრს თავის ცოდვასთან, ანუ – სრულიად სატანური.

გახსოვთ, რას ამბობს დავით წინასწარმეტყველი? „უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის“ [15]. და კიდევ: „ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის“. მიუხედავად იმისა, რომ მონანიების შემდეგ უფალმა შეუნდო დავითს, იგი, საკუთარი ღვთისმოსაობიდან გამომდინარე – შინაგან ტკივილს გრძნობდა და ამიტომ უფალი გამუდმებით საღმრთო ნუგეშინისცემას უგზავნიდა მას. ზოგიერთი ადამიანი კი გამუდმებით (სულიერი) „თვითანალიზითაა“ დაკავებული და ეს საქმე სრულიად ფიტავს მის არსებას. ის დაუსრულებლად სკურპულოზურად იწერს ჩადენილ ცოდვებს – თითქოსდა იმის გამო, რომ სულიერად იღწვის. ამ ცოდვებს ნაწილებად „ახარისხებს“, თავბრუს იხვევს, მაგრამ ამით მისი გამოსწორება არ ხდება. არადა, საკუთარ დიდ ცოდვებს რომ ამჩნევდნენ და მათი გამოსწორებისათვის ზრუნავდნენ, მაშინ მცირე ცოდვები თავისთავად გაქრებოდა.

– წმიდაო მამაო, თუკი ადამიანი სინანულით არ ცხოვრობსდა ამავე დროს ღმერთს ადიდებს, მის ამ ქება-დიდებას შეიწირავს ღმერთი?

– არა. ღმერთი როგორ მიიღებს ამგვარ სადიდებელს?! პირველ რიგში სინანულია აუცილებელი. თუკი ადამიანი ცოდვაში ცხოვრობს, რას არგებს მას, თუკი იტყვის: „დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი“! ეს ხომ უსირცხვილობაა! აი, ერთადერთი სადიდებელი, რომლის წარმოთქმაც ასეთ ადამიანს შეეფერება: „გმადლობ შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, რომ არ გარდამოავლენ ელვას ჩემს დასაფერფლად"! იმიტომ, რომ ამგვარი სადიდებელი სინანულს შეიცავს.

 

იძულებითი სინანული

– წმიდაო მამაო, ამბა ისააკი წერს: „ყოველგვარი სინანული, რომელიც უნებურად აღესრულება, სიხარულს არ შეიცავს და არც სასყიდელს იმსახურებს“. როგორ შეიძლება, ადამიანი თავისდაუნებურად ინანიებდეს?

– აქ იმ ადამიანზეა საუბარი, რომელიც იძულებულია, მოინანიოს, იმიტომ, რომ ის სხვათა თვალწინ დაეცა, თუმცა ამავე დროს მას სინანული არა აქვს. წმიდა ისააკის სიტყვები მე ასე მესმის.

– ანუ უნებური სინანულიც არსებობს?

– დიახ, არსებობს უნებური სინანული. მაგალითად, როდესაც მსურს, არასასურველ მოვლენებს გავექცე, გთხოვ, მაპატიო ბოროტება, შენ რომ მოგაგე. თუმცა, ამავე დროს შინაგანად არ ვიცვლები. მზაკვრობაში დახელოვნებული ადამიანი ისეთ სახეს იღებს, თითქოს ნანობდეს, ის მზაკვრულად მოქმედებს, მოჩვენებითი სიკეთით მიმართავს ადამიანებს, შენდობას თხოვს მათ, რათა შეაცდინოს ისინი. თუმცა, არც ის არის სინანული, როდესაც ასეთი ადამიანი მიდის ღვთისმსახურთან და მასთან ამბობს აღსარებას, რადგანაც ამ დროს მხოლოდ ჯოჯოხეთში მოხვედრა აშინებს. მისთვის მთავარი ამოცანა სინანული კი არ არის, არამედ ის, რომ ჯოჯოხეთს გაექცეს. ჭეშმარიტი სინანული საკუთარი ცოდვების შეგრძნებაა, მათ გამო ტკივილის განცდა, ღვთისაგან შენდობის გამოთხოვა და მხოლოდ ამის შემდეგ – აღსარება. მხოლოდ ამგვარად ეწვევა ადამიანს საღმრთო ნუგეშინისცემა. ამიტომ მე ყოველთვის სინანულსა და აღსარებას ვურჩევ ადამიანებს. მხოლოდ აღსარების მომხრე არასოდეს ვარ.

შეხედე: როდესაც მიწისძვრა იწყება, მაშინათვე აშკარავდება, რომ ის, ვინც სიკეთის ხმას მიყვება, ძლიერ აღელდება, შეინანებს და ცხოვრებას ცვლის. სხვები კი – დიდი უმრავლესობა – წამიერად მოდის გონს, მაგრამ, როგორც კი საშიშროება იკლებს, ხელახლა წარსული ცხოვრების წესს უბრუნდება. როგორც ერთმა ადამიანმა მიამბო, მის ქალაქში ძლიერი მიწისძვრა მოხდა; „რაო, შეგაქანათ კარგად, მერე გამოგაფხიზლათ ამ მიწისძვრამ“?! ვკითხე მაშინ. „გამოფხიზლებით კი გამოგაფხიზლათ. – შევნიშნე მერე, – მაგრამ ისევ ძალიან მალე კი დაიძინებთ“!

 

სინანულს ადამიანისათვის საღმრთო ნუგეშინისცემა მოაქვს

– წმიდაო მამაო, რა არის საღმრთო ნუგეში?

– საღმრთო ნუგეში რა არის?! იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ ეს, ერთ მაგალითს მოვიტან. მაგალითად, ბავშვი უბრალო ნივთს აფუჭებს, ვთქვათ, მამამისის რაიმე იარაღს ტეხს, მერე კი ნერვიულობს და ტირის, რადგან საკუთარი დანაშაული ძალიან დიდად მიაჩნია. თუმცა, რაც უფრო მეტად ტირის და იტანჯება თავისი დანაშაულის გამო, მით მეტად ეფერება და ეალერსება მამა. დაამშვიდებს კიდეც მას: „არაფერია, შვილო, ნუ ნერვიულობ, დიდი უბედურება არ მომხდარა, ახალს ვიყიდით“. ბავშვი კი, რაკი მამის ალერსიან განწყობას ხედავს, კიდევ უფრო მეტად ტირის და ამბობს: „როგორ არ ვიტირო, სწორედ ეხლა გვჭირდება ეს იარაღი, მე კი ის გავტეხე“. „შვილიკო, საშინელება არ მომხდარა, ეს ძველი იარაღი იყო“. მაგრამ ბავშვი მაინც არ მშვიდდება. და რაც უფრო მწარედ ტირის იგი, მით მეტად იკრავს გულში მამა, კოცნის და ეფერება. ასე რომ, რაც მეტად წუხს და დარდობს ადამიანი თვის ცოდვილ მდგომარეობას ან ღვთისადმი უმადურობას, რაც მეტ ღვთისმოსაურ ცრემლს აფრქვევს, იმის გამო, რომ განარისხა ღმერთი – მამა თავისი, მით მეტ საღვთო ნუგეშსა და სიხარულს ანიჭებს მას ღმერთი და მით მეტი ნეტარებით აღავსებს მას. თუმცა ამ ადამიანის მწუხარება მტკივნეულია, მაგრამ, ამავე დროს მასში არის იმედი და ნუგეში.

თუმცა მან, ვისაც სურს, საღმრთო ნუგეშინისცემა მიიღოს, ნუგეში არასოდეს უნდა ითხოვოს. ასეთმა ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი ცოდვა, მოინანიოს ის და მაშინ საღმრთო ნუგეშინისცემა თავისთავად მივა მასთან. ერთხელ წმიდა მთაზე რაღაც საცდური გაჩნდა და ძმათაგან ზოგიერთმა სრულიად შეილახა რეპუტაცია. ერთ-ერთი მათგანი შემთხვევით შემხვდა და მეუბნება: „როგორ მინდოდა, მენახე, რომ შენ დაგემშვიდებინე“. მას ჩემი ნახვა და ნუგეში იმიტომ ჭირდებოდა, რომ, როგორც ჩანს, კარგად მოხვდა. და მინდა გამოვტყდე, რომ იგი, ვინც მას მოსცხო, ძალიანაც სწორად მოიქცა. გაკვირვებით ვუსმენდი ამ ბერს. იყო დამნაშავე და ამავე დროს ნუგეშს ითხოვდე?! მას რომ ნუგეში არ ეთხოვა, არამედ სიმდაბლით ეთქვა: „ვცოდე, ღმერთო ჩემო“! მაშინ საღვთო ნუგეშინისცემა მთელს მის შინაგან არსებას მოეფინებოდა. ის კი დამნაშავე იყო და თანაც ჩემგან ითხოვდა, მეთქვა: „ნუ ნერვიულობ, არაფერია, არც მთლად დამნაშავე ხარ, სხვების ბრალიც არის, ისინიც ხომ დამნაშავეები არიან“. მითხარი ერთი, გეთაყვა, განა ამას ნუგეში ჰქვია?! ეს ნუგეში კი არა – დაცინვაა. საღმრთო ნუგეშს სინანული შობს.

– წმიდაო მამაო, როდესაც ადამიანი ცოდვით დაცემის შემდეგ სინანულში იმყოფება, მაგრამ ამავდროულად სულიერ და ხორციელ მოტეხილობას გრძნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სინანული არასწორია?

– პირველ დღეს სულიერი და ხორციელი მოტეხილობა გამართლებულია, მაგრამ, თუ ამ კაცში ჭეშმარიტი სინანულია, შინაგან მწუხარებასა და ტკივილს სწრაფად დაძლევს და ამასთან, საღმრთო ნუგეშსაც მიიღებს.

– დიახ, მაგრამ ის ხომ არც თავის ამ ცოდვებს ივიწყებს?

– არა, ცოდვებს არ ივიწყებს. ასეთი ადამიანი წუხს და ნუგეშინისცემულია. კვლავ წუხს და კვლავ ნუგეშინისცემულია. ის საკუთარ თავს გვემს ამ ცოდვის გამო, ღმერთი კი ალერსიანად ეფერება; ის ისევ თავში იცემს, ღმერთი კვლავ ეფერება მას. სწორედ ეს არის სინანული, რომელსაც კაცისთვის საღმრთო ნუგეში მოაქვს.

 


[1] - ლუკ 15, 17.

[2] - ლუკ. 15,7.

[3] - „ღირსსახსოვარი მონათხრობები წმიდა და ნეტარ მამათა მოღვაწეობის შესახებ“

[4] - მოცემულ შემთხვევაში ბერს მხედველობაში აქვს არა ადამიანის იმქვეყნიური ხვედრი, არამედ ცოდვილის წამოდგომა დაცემისაგან და მისი მიწიერი ცხოვრებისეული მდგომარეობის ცვალებადობა.

[5] - სავედრებელი ლოცვა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა. გალობა 7.

[6] - მათ. 26,75. და ლუკ. 22, 62.

[7] - იოან. 3, 5.

[8] - იოან. 3, 5.

[9] - მოცემულ კონტექსტში, როდესაც ბერი ამბობს: „მოვალს მადლი ღმრთისა“, გულისხმობს, რომ მონანულ ცოდვილში ღვთის მადლი ხელახლა იწყებს მოქმედებას და ავლენს თავის ძალას.

[10] - მათ. 27, 3-5.

[11] - პარაკლიტონი, ხმა 1. კვირის საცისკრო იპაკოდან.

[12] - გიორგი კარაისკაკისი (1782-1827) – ელადის ეროვნული გმირი. 1821 წლის საბერძნეთის რევოლუციის გამოჩენილი მოღვაწე.

[13] - თეოდორე კოლოკოტრონისი (1770-1843) – ელადის ეროვნული გმირი. 1821 წლის საბერძნეთის რევოლუციის გამოჩენილი მოღვაწე.

[14] - ფს. 50, 5.

[15] - ფს. 37, 19.

[16] - ღირსი მამა ისაკ ასური – „სამოღვაწეო სიტყვა“.