მამა პაისი მთაწმინდელი

ჯადოქრობის შესახებ

რამდენადაც – თქვენი შემწეობის სურვილით – ხშირად მოგითხრობდით ხოლმე სამოთხის, ანგელოზების და წმიდანების შესახებ, ასევე მინდა, დაგეხმაროთ და ცოტაოდენი ჯოჯოხეთის სატანჯველისა და ეშმაკების შესახებ გესაუბროთ. რათა იცოდეთ, ვისთან გიწევთ ბრძოლა. ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი ახალგაზრდა მოვიდა – ტიბეტელი ჯადოქარი. თავისი ცხოვრებიდან მან ბევრი რამ მიამბო. სამი წლის ყრმა დედის მკერდს მოსწყვიტეს და მამამ იგი ტიბეტელი ჯადოქრების ოცდაათკაციან ჯგუფს გადასცა, რათა ამ ადამიანებს მისთვის ჯადოქრობა ესწავლებინათ. ეს ჭაბუკი ჯადოქრობის მეთერთმეტე საფეხურზე ავიდა მაშინ, როცა მისი უმაღლესი საფეხური მეთორმეტეა! როდესაც თექვსმეტი წელიშეუსრულდა, იგი მამის სანახავად ტიბეტიდან შვეციაში ჩავიდა. აქ მოულოდნელად იგი მართლმადიდებელ ღვთისმსახურს გაეცნო და მასთან საუბარი მოინდომა. ახალგაზრდა ჯადოქარს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რას ნიშნავს მართლმადიდებელი მღვდელი. იმ დარბაზში, სადაც საუბარი შედგა, ყმაწვილმ ამოინდომა, ძალა გამოემჟღავნებინა და ეჩვენებინა სხვადასხვ აჯადოქრული ოინი. მან გამოიძახა ერთ-ერთი უსაშინლესი ეშმაკი, სახელად მინა, და უთხრა მას: „წყალი მინდა“. სიტყვის დამთავრებისთანავე ერთ-ერთი ჭიქა თავისით მოსცილდა მაგიდას, მიფრინდა ონკანთან, რომელიც მაშინვე გაიხსნა და ჭიქა წყლით გაივსო. ამის შემდეგ ის მინის დახურული კარის გავლით იმ დარბაზში შემოფრინდა, სადაც მოსაუბრენი ისხდნენ. ახალგაზრდამ ჭიქა აიღო და წყალი დალია. ამის შემდეგ ისე, რომ დარბაზიდან ფეხი არ მოუცვლია, მან მღვდელს მთელი სამყარო, ცა და ვარსკვლავები აჩვენა. მან ჯადოქრობის ოთხი ხარისხი გამოიყენა და სურდა, მეთერთმეტემდე ასულიყო. მან ჰკითხა მღვდელს, თუ როგორ აფასებდა იგი ამ ხელოვნებას. ახალგაზრდა ჯადოქარი მიყვებოდა: „სატანა რომ დაეგმო, მოვკლავდი მას“. მაგრამ მღვდელს არაფერი უთქვამს. ყმაწვილმა ჰკითხა: „შენ კი რად არ მიჩვენებ რაიმე სასწაულს“? „ჩემი ღმერთი თავმდაბალი ღმერთია“. – მიუგო მღვდელმა. შემდეგ ჯვარი ამოიღო, ყმაწვილ ჯადოქარს ხელზე დაუდო და უთხრა: „აბა, კიდევ მოახდინე რაიმე სასწაული“. ახალგაზრდამ მოუხმო მინას – მთავარ ეშმაკს, მაგრამ ფოთოლივით მოცახცახე მინა ვერც მიუახლოვდა მათ. მაშინ ყმაწვილმა თვით სატანა გამოიძახა. მაგრამ ისიც, როდესაც მის ხელში ჯვარი შენიშნა, იმგვარადვე მოიქცა, – მათთან მიახლოებისა ეშინოდა. სატანამ მას მხოლოდ ერთი რამ შეუსრულა: ის სწრაფად ჩავიდა შვეიცარიაში და სასწრაფოდვე დაბრუნდა ტიბეტში. განრისხებულმა ყმაწვილმა ლანძღვა დაუწყო სატანას: „ახლა კი მივხვდი, რომ შენი უდიდესი ძალა სინამდვილეში უდიდესი უძლურებაა“. მაშინ ამ კეთილმა მღვდელმა ახალგაზრდა კაცი მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებებში განსწავლა. მღვდელმა მას უამბო წმიდა მიწის, წმიდა ათონის მთის და სხვა სიწმიდეების შესახებ. შვეციიდან გამგზავრების შემდეგ ყმაწვილი მოგზაურობდა იერუსალიმში, სადაც საღვთო ცეცხლი იხილა. იერუსალიმიდან ის ამერიკაში ჩავიდა, რომ კარგად შეეჯანჯღარებინა თავისი მეგობარი სატანისტები და მათთვის ტვინები გაესწორებინა. ღმერთმა ეს ყმაწვილი საუკეთესო მქადაგებელად აქცია. ამერიკიდან ის ათონის წმიდა მთაზე ჩამოვიდა.

ყრმობაში ამ საბრალოს უსამართლოდ მოექცნენ და ამიტომ სახიერი ღმერთი თავად შეეწია მას და მისი მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ჩაერია მის ცხოვრებაში. მაგრამ უნდა ილოცოთ მისთვის, რადგანაც ჯადოქრები ეშმაკთა ურდოებთან ერთად იბრძვიან მის წინააღმდეგ. თუკი ისინი ასე იბრძვიან ჩემს წინააღმდეგ მაშინ, როდესაც ეს ყმაწვილი დახმარების სათხოვნელად მოდის ჩემთან, ალბათ რამდენად უფრო ძლიერად ებრძვიან მას. როდესაც ღვთისმსახურები მასზე კვეთებულის ლოცვას კითხულობენ, ამ საბრალოს ხელებზე ვენები უსკდება და სისხლი სდის. ეშმაკები საშინლად ტანჯავენ საბრალო ყმაწვილს. ადრე კი, ვიდრე ის მათთან მეგობრობდა, ცუდს არაფერს აკადრებდნენ. მხოლოდ ეხმარებოდნენ და მის ყველა სურვილს ასრულებდნენ. ილოცეთ! თვით მასაც ამჟამად დიდი ყურადღება მართებს. რადგანაც სახარებაში წერია, რომ როდესაც უწმიდური სული ადამიანს ტოვებს, „მაშინ წარვიდეს და მოიყვანნის მის თანა სხუანი შვიდნი სულნი უბოროტესნი მისა და მოვიდის და დაემკჯდრის მუნ და იქმნის უკანაისკნელი კაცისაი მის უძვირეს პირველისა“ [1].

 

ჯადოქრები სხვადასხვა ეშმაკეულ „სიწმიდეებს“ იყენებენ

– წმიდაო მამაო, ვინ არიან „მჩხიბავები“? [2]

– ჯადოქრები. ისინი თავიანთ შელოცვებში იყენებენ დავითის ფსალმუნებს, წმიდანათა სახელებს და – სხვა ამის მსგავსთ. მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად ეშმაკს იძახებენ. ანუ მსგავსად იმისა, როგორც ჩვენ ფსალმუნის კითხვისას მივმართავთ ღმერთს და ჩვენზე ღვთის მადლი გარდამოდის, ისინი თითქოსდა ასევე იყენებენ ფსალმუნსა და სიწმიდეებს და სრულიად საწინააღმდეგო შედეგის მიღებას კი ცდილობენ: გმობენ ღმერთს, განიშორებენ საღმრთო მადლს და ამის შემდეგ რაც კი სურთ, ყველაფერს ითხოვენ ეშმაკისაგან. მიამბეს ერთი ყმაწვილის შესახებ, რომელიც ჯადოქართან მივიდა, რომ რაღაც კონკრეტული მიზნისათვის მიეღწია. ჯადოქარმა მას რომელიღაც ფსალმუნი წაუკითხა და სასურველ მიზანს მართლაც ეწია. მაგრამ მცირე ხანი გავიდა და ამ უბედურმა დაიწყო სანთელივით დნობა და ლღვობა. იცით, რა მოიმოქმედა ეშმაკმა?! მან ხელისგულზე დაიწყო რაღაც კაკლები, მზესუმზირები და ამ ყმაწვილზე ორმოცდამეათე ფსალმუნის კითხვას შეუდგა. როდესაც მივიდა სიტყვებამდე „მსხვერპლ ღმრთისა“ [3], მან ხელი მომუჭა და დასრესილი კაკლები და მზესუმზირები ძირს დაყარა, ანუ ამგვარად შესწირა მსხვერპლი ეშმაკს, რათა მისი თხოვნა შეესრულებინა. ამგვარად, ფსალმუნის საშუალებით ეს ჯადოქარი ღმერთს გმობდა.

– წმიდაო მამაო, მაგიის ზოგიერთი მიმდევარი ამისათვის ჯვარსა და ხატებს იყენებს.

– დიახ, ვიცი. აქედან შესაძლოა, მივხვდეთ, რამდენი სიცრუე იმალება ყველა მათ ქმედებაში. როდესაც წმიდა ნივთებს იყენებენ; ისინი საბრალო ადამიანებს თითზე იხვევენ, ადამიანები ხედავენ, რომ ჯადოქრები ანთებენ სანთლებს, ხატებთან „ლოცულობენ“ და მსგავს ქმედებებს ასრულებენ, ამიტომ ისინი ენდობიან მატყუარებს. ერთი კაცი მიყვებოდა, რომ იმ ქალაქში, სადაც თავად ცხოვრობს, ერთმა თურქმა ქალმა რომელიღაცა ქვაზე ღვთისმშობლის ხატი დადო და ახლა ამ ქვას „ხალხის მშველელ ქვას“ უწოდებს. იმას კი არ ამბობს, რომ ხალხს ღვთისმშობელი ეხმარება, არამედ აცხადებს, რომ მათი მშველელი ქვააო. ის ადამიანები, ვინც ჯანმრთელობას უჩივიან, მირბიან ამ ქვასთან და ჯერათ, რომ განიკურნებიან, მერე კი ეშმაკი რასაც მოინდომებს, იმას უზამს მათ. იმ წუთიდან, რაც ეს თურქი ქალი იტყვის, რომ ხალხს ქვა ეხმარება და არა ღვთისმშობელი, საქმეში მაშინვე ეშმაკი ერთვება, რადგანაც ეს სიტყვები ღვთსმშობლის უარყოფაა. ადამიანებს ღვთის მადლი ტოვებთ და ისინი ეშმაკეულები ხდებიან. ქრისტიანები არიან და განსაკურნებლად რაღაც ქვასთან კი დარბიან, ქვასთან, რომელიც ეშმაკთან ერთად „მკურნალობს“ მათ. შედეგად კი ამას მხოლოდ ვნება მოაქვს. რადგან, განა შეიძლება, ეშმაკისაგან დახმარების მიღება?! ამ ადამიანებს ცოტაოდენი წარმოსახვის უნარი რომ ჰქონდეთ, დაფიქრდებოდნენ. თურქი ქალი მუსულმანია! რა საერთო შეიძლება ჰქონდეს მას ღვთისმშობლის ხატთან? რომც ამბობდეს, რომ ყველაფერ ამას ღვთისმშობელი აღასრულებსო, მაინც უნდა დაფიქრდე: რა კავშირშია მუსულმანი ქალი ღვთისმშობელთან?! ეს კი იმასაც კი აცხადებს, რომ ხალხს ქვა კურნავსო! როდესაც ეს ამბავი შევიტყე, ჩემს ნაცნობს ვთხოვე, ყველაფერი იმ ქალაქის საეპარქიო მმართველობაში შესაბამისი პირებისათვის ეცნობებინათ, რათა შესაბმისი ზომები მიეღოთ და ხალხი საფრთხისაგან დაეცვათ.

– წმიდაო მამაო, ხალხი ჩვენ გვთხოვს ავგაროზებს.

– როდესაც ავგაროზს გთხოვენ, ჯვარი მიეცით. ნუ შეკერავთ ავგაროზებს, რადგანაც დღეს ავგაროზებს ჯადოქრებიც იყენებენ. გარედან მათზე ჯვარს ან ხატს ამაგრებენ, შიგნიდან კი უამრავი ჯადოქრული ნივთებით ავსებენ. ხალხი ხედავს გარედან ხატებს და ცდუნდება. აი რამდენიმე დღის წინაც მომიტანეს ავგაროზი, რომელიც ვინმე თურქი იბრაჰიმისაგან მიიღეს, გარედან მასზე ჯვარი იყო გამოსახული. მიამბობდნენ ერთი ჯადოქრის შესახებ, რომელსაც ღვთისა ოდნავადაც არ ეშინოდა. ის მილაკზე გარედან ახვევს სხვადასხვა ხატებს, თავად იმ მილში კი ბეწვს, სხვადასხვა ნაფოტებს, ქინძისთავებს, მძივებ სდა სხვა ამის მსგავს ნივთებს დებს [4]. როდესაც ეკლესიამ ეს ადამიანი ამხილა, მან თქვა, რომ მედიუმი ვარო. ხოლო, რამდენადაც მედიუმებს ჩვენს ქვეყანაში თავისუფლება აქვთ მინიჭებული, ის განაგრძობს ყველაფრის კეთებას, რაც თავში მოუვა. ერთ ადამიანს, რომელსაც ამ ჯადოქარმა მეტისმეტად ავნო, ვუთხარი აღსარებაზე მისულიყო. ის მართლაც წავიდა აღსარების სათქმელად, მერე ისევ ჩემთან დაბრუნდა და მითხრა: „ვერანაირ განსხვავებას ვერ ვგრძნობ ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელშიც აღსარებამდე ვიყავი“. მაშინ მას ვკითხე: „მომისმინე, იქნებ იმ მაცდურის მოცემულ რაიმე ნივთს ატარებ“? „დიახ, მაქვს პატარა კოლოფი, რომელიც გარეგნულად სახარებას ჰგავს“. გამოვართვი ეს კოლოფი, გავხსენი და შიგ უამრავი დახვეული ხატი ვნახე. როდესაც ისინი გავშალე, მათში მძივები, ბეწვები და ნაფოტები აღმოვაჩინე. ამ საბრალოს გამოვართვი ეს ავგაროზი და იგი ეშმაკეული ზემოქმედებისაგან გათავისუფლდა. ხედავ, რას შვება მაცდური?! საწყალი ხალხი ატარებს ავგაროზებს, თილისმებს, თითქოსდა იმისათვის, რომ შემწეობა მიიღონ და სინამდვილეში კი იტანჯებიან. ვინც უმეცრებიდან გამომდინარე ამგვარი ჯადოქრებისაგან მიიღო ეშმაკეული ნივთები, მან უნდა დაწვას ისინი, ფერფლი კი წყალში გადაყაროს. მერე კი აღსარებაზე უნდა მივიდნენ. ეშმაკის ზემოქმედებისაგან გათავისუფლება მხოლოდ ასეა შესაძლებელი. ერთხელ ჩემთან სენაკში მოვიდა ყმაწვილი, რომელსაც მეტად მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და თანაც არაერთი მიმართულებით. ის ოთხ წელზე მეტხანს იტანჯებოდა სულიერად და ხორციელადაც. ჯერ ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა, მერე კი სახლში გამოიკეტა და არც ვინმეს ნახვა სურდა. მისმა ორმა მეგობარმა, რომლებიც რეგულარულად დადიოდნენ წმიდა მთაზე, დიდი გაჭირვებით დაარწმუნეს, რომ მათთან ერთად გამომგზავრებულიყო. ეს იმისათვის გააკეთეს, რომ ჩემთან მოეყვანათ. ურანოპოლისიდან დაფნისამდე [5] გემით მოცურავდნენ. როდესაც გემი ათონის რომელიმე მონასტერს მიუახლოვდებოდა, ყმაწვილს გემბანზე გული მისდიოდა, მეგობრები და იქ მყოფი ბერები იესოს ლოცვას აღავლენდნენ და მის მოსულიერებას გაჭირვებით ახერხებდნენ. ძლივს მოაღწიეს ჩემთან – სენაკში. საბრალომ გული გამიხსნა და მიამბო თავისი ცხოვრების შესახებ. როდესაც მივახვედრე, რომ ეშმაკეული ზემოქმედებისაგან იტანჯებოდა, ვურჩიე, რომ ერთ-ერთი ათონელი სასულიერო პირისათვის მიემართა, მისი რჩევისამებრ მოქცეულიყო და განიკურნებოდა. ის მართლაც მივიდა და აღსარება თქვა. როდესაც ათონიდან უკან დაბრუნებისას ისინი გემზე ავიდნენ, ყმაწვილმა მეგობრებს უთხრა, რომ მღვდელმა მას ზღვაში იმ თილისმის გადაგდება უბრძანა, რომელიც ოდესღაც ერთმა ნაცნობმა მისცა და რომელსაც იგი მუდამ ატარებდა. „მაგრამ მე მისი გადაგდება არ შემიძლია“. – ამბობდა საბრალო. მეგობრები ყველანაირად არწმუნებდნენ, რომ გადაეგდო თილისმა, ის კი თითქოს გაქვავდა და ადგილიდან არ იძვროდა. მაშინ დიდი გაჭირვებით – ხელით გაიყვანეს გემბანზე. მეგობრების დახმარებით ყმაწვილმა მოიხსნა ეს ეშმაკეული თილისმა. მაგრამ იმის ძალაც კი არ ქონდა, რომ ზღვაში გადაესროლა ის. მან მხოლოდ ხელი გაიწოდა და თილისმა ზღვაში თავისით ჩავარდა. წამიერად მან იგრძნო, როგორ მოიპოვეს მისმა ხელებმა თავისუფლება და მისი გატანჯული სხეული წამიერად განმტკიცდა. „სიცოცხლით აღსავსე ახალგაზრდამ გემბანზე ხტუნვა დაიწყო. შემდეგ კი ხელების ძალის გამოცდა გემბანის რკინის სახელურებზე დაიწყო.

 

ჯადოქრობის მიმდევარნი უამრავ სიცრუესაც იგონებენ

– წმიდაო მამაო, ჯადოქრებს ეუწყებათ ხოლმე რაიმე ადამიანის, მისი ცხოვრების შესახებ?

– ხდება, რომ ისინი ზოგიერთ რამეს ეშმაკისაგან შეიტყობენ. თუმცა თვითონაც უამრავ სხვადასხვაგვარ სიცრუეს იგონებენ. ყოველი თქვენგანი, ვისაც არქონდარიკში [6] უწევს მორჩილების შესრულება, უნდა გაფრთხილდეს. იქ რაც ხდება, უკონტროლოდ არ უნდა დარჩეს. უნდა აკვირდებოდეთ, რა ხალხი სტუმრობს მონასტერს. შესაძლოა, ისეთი ვინმეც მოვიდეს, ვინც ჯადოქრობას მისდევს. ამან არ გაგაკვირვოთ. ერთხელ აქ ღამისთევის ლოცვაზე ორი ადამიანი მოვიდა, ისინი ჯადოქრები იყვნენ. შეუჩნდებოდნენ ხოლმე ადამიანებს და თავბრუს ახვევდნენ მათ. ხალხს ატყუებდნენ, თითქოს მიტროპოლიტ ავგუსტინესთან იყვნენ დაკავშირებულნი [7]. ერთ ქალს უთხრეს: „შენ ჯადო გაქვს გაკეთებული, წამოდი, წავიდეთ შენთან სახლში და ჯადოს ჩვენი ჯვრის საშუალებით მოგხსნით“. ხალხი კი, როდესაც ხედავს, რომ ჯადოქრები მსახურებაზე დადიან და სულიერ საგნებზე საუბრობენ, ფიქრობს: „რაკი მსახურებაზე დადიან, ჩანს, მორწმუნეები არიან“. – და ამ მატყუარებს გულს უხსნიან როგორ ახვევენ ადამიანებს თავბრუს თავიანთი სიცრუით! ერთმა ასეთმა ცრუპენტელამ, მოტყუების მიზნით უთხრა გოგონას: ,,მამა პაისის ჰქონდა ხილვა, რომ მე და შენ უნდა დავქორწინდეთ, მაშ, აიღე ეს ნივთი და დაიკიდე კისერზე, ოღონდაც, არ ნახო, შიგ რა დევს“. და მას რაღაც ჯადოსნური თილისმა მისცა. საბედნიეროდ გოგონამ არ აიღო ეს ნივთი და აღშფოთდა: „ესე იგი, მამაპაისი ამისთანა რამეებს აკეთებს“?! დიდხანს აღარ უფიქრია, დაჯდა და მძაფრი გამონათქვამებით აღსავსე წერილი მომწერა: ოთხი გვერდი ჩაწიკწიკებული ნაწერი! უკანასკნელი სიტყვებით მლანძღავდა. „მლანძღე, მლანძღე, საშიში არაფერია, – ვთქვი წერილის წაკითხვის შემდეგ, – შენი ლანძღვა ბალზამივით დამეფინა. შენ ხომ ნება არ მიეცი, რომ ბოროტს ეცდუნებინე და არ მიიღე ის ეშმაკეული თილისმა“.

– ის თქვენ გიცნობდათ, წმიდაო მამაო?!

– არა, არ მიცნობდა. არც მე ვიცნობდი მას, არც მას და – არც იმ ცრუპენტელას.

 

ეშმაკეული ჯადოქრული ქმედებები

– წმიდაო მამაო, რა უპასუხეთ იმ მოსწავლეებს, დღეს რომ მოვიდნენ და გითხრეს, რომ სული გამოიძახეს?

– რა უნდა მეთქვა?! პირველ რიგში კარგად შევჯორე ისინი. რაც მათ ჩაიდინეს, ყველაფერი ეს ხომ ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა იყო! სწორედ იმ წუთებში, როდესაც ადამიანები იძახებენ ეშმაკს და იღებენ მას, ისინი უარყოფენ ღმერთს. ამიტომაც ვურჩიე მათ ჯერ სინანული, გულწრფელი აღსარება და მომავალში – სიფრთხილე: ეკლესიაში სიარული, მოძღვრის კურთხევით ზიარება, რათა ამგვარად განიწმიდონ. მაგრამ ამ მოსწავლეებს, რამდენადაც ისინი ბავშვები არიან, დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოება აქვთ. ისინი ამით თითქოს თამაშობდნენ. მაგრამ, აი, მოზრდილები რომ ყოფილიყვნენ, ეს ყოველივე მათ სერიოზულად ავნებდა.

– წმიდაო მამაო, კონკრეტულად რა ჩაიდინეს მათ?

– ის, რასაც სხვა მრავალი ადამიანი აკეთებს. ისინი მაგიდაზე წყლით სავსე ჭიქას დგამენ, გარშემო კი წრეში ანბანს ჩაწერენ: ანი, ბანი, განი და ა.შ. მერე წყალში თითებს ყოფენდა იძახებენ სულს, ანუ – ეშმაკს. ჭიქა წრეზე სიარულს იწყებს, ასოების წინ ჩერდება და ამგვარად გამოდის სიტყვა. იმ ბავშვებმა, რომლებიც დღეს აქ იყვნენ მოსულები, გამოიძახეს სული და როდესაც ის მოვიდა, ჰკითხეს: – „ღმერთი არსებობს“? – „ღმერთი არ არსებობს“! მიუგო მათ ეშმაკმა. „შენ კი ვინ ხარ?“ – კვლავ კითხეს ბავშვებმა, – „მე სატანა ვარ“. უპასუხა მან. –„სატანა არსებობს?“ – ჰკითხეს ბავშვებმა. – „არსებობს“. კვლავ უპასუხა მან. ანუ ისეთი სისულელეები, რომ უარესს ვერ მოიფიქრებ. როდესაც კვლავ კითხეს, ღმერთი არსებობს თუ არაო, მან მიუგო, რომ არსებობს. ხან – კი, ხან – არა. ასე რომ უკვე ბავშვებმაც ვეღარ გაარკვიეს, რა ეფიქრათ. ასე მათ დასახმარებლად მოაწყო ღმერთმა. მერე კი ერთმა გოგონამ – მათივე თავყრილობიდან, – აიღო და გატეხა ეს ჭიქა. ეს მან ღვთის ჩაგონებით გააკეთა, რომ სხვა ბავშვებიც გონს მოგებულიყვნენ.

დღეს მრავალი ადამიანი, სხვისთვის ბოროტების გაკეთება რომ სურს, დახმარებისათვის ჯადოქრებს მიმართავს. ამისათვისკი ისინი ცვილის თოჯინებს იყენებენ. ცვილის თოჯინა ეს იგივეა, რაც ჯადოქრის სათამაშო, მისი ჰობი.

– წმიდაო მამაო, რას აკეთებენ ისინი ამ თოჯინებით?

– ისინი ცვილისაგან ამზადებენ თოჯინას, რომელიც ადამიანს ჰგავს. როდესაც მათთან მიდის ვინმე და სთხოვს, რომ მისი მტერი ვთქვათ – დაბრმავდეს, ისინი აიღებენ ნემსს, ამ თოჯინას თვალებს ამოჩიჩქნიან და იმეორებენ იმ ადამიანის სახელს, ვისი დაბრმავებაც სურთ. სხვა ეშმაკეულ ქმედებებსაც აღასრულებენ. და თუ ის ადამიანი, ვისაც ამ ჯადოს უკეთებენ, ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობს და აღსარებას არ ამბობს, ეშმაკეული ქმედება მის თვალებს ასნეულებს. ტკივილისაგან ლამისაა ბუდეებიდან გადმოცვივდნენ. ადამიანი გამოკვლევაზე ექიმთან მიდის, ექიმი კი მას ვერაფერს ეუბნება.

ასევე დიდი ბოროტება მოაქვთ ადამიანებისათვის მედიუმებს, ექსტრასენსებს, „ნათელმხილველებს“ და – მათ მსგავსთ. ხალხს რომ ფულს სძალავენ, ეს კიდევ არაფერია; გარდა ამისა – ოჯახებსაც ანგრევენ. მაგალითად, ადამიანი მიდის „ნათელმხილველთან“ და მას თავის პრობლემებზე ესაუბრება. „აბა შეხედე, – პასუხობს მას იგი – ერთმა შენმა ნათესავმა, შავგვრემანმა, საშუალოზე მომაღლო ქალმა ჯადო გაგიკეთა“. ადამიანი იწყებს იმაზე ფიქრს, თუ ვინ არის ასეთი გარეგნობის ადამიანი. შეუძლებელია, მისი ნათესავებიდან ვინმე ჯადოქრის მიერ აღწერილს არ წაგავდეს. „აი, – ამბობს ეს ადამიანი, რომელმაც თავისი ტანჯვის მიზეზი „იპოვა“. – ესე იგი, მან გამიკეთა ჯადო“! და ამ ქალისადმი სიძულვილით ივსება. იმ საბრალოს კი ამ სიძულვილის მიზეზებზე წარმოდგენაც კი არ აქვს. შესაძლოა, მისთვის სიკეთეც კი სურს, მაგრამ პირველს ამის დანახვა არ უნდა, მისდამი სიძულვილით გული უდუღს და დასანახავად შეიძულა. შემდეგ ის ისევ ჯადოქართან მიდის, რომელიც ეტყვის: „მაშ ასე, ახლა ეს ჯადო უნდა მოგხსნა, ამისათვის კი უნდა გადამიხადო“. ეს ადმიანიც დაბნეული ფიქრობს: „რადგან ამან შეიტყო, ჯადო ვინ გამიკეთა, გამოდის, რომ მართლაც უნდა დავაჯილდოვო“.

ხედავ, რას აკეთებს ეშმაკი?! ის საცდურებს ქმნის. მაშინ, როდესაც კეთილშობილი ადამიანი, დანამდვილებითაც რომ იცოდეს, რომ ვიღაცამ სხვას რაიმე ცუდი გაუკეთა, ამ დაზარალებულს არასოდეს ეტყვის: „იცი, იმან ბოროტება გაგიკეთა“. არა! ის შეეცდება, რომ დაზარალებულს დაეხმაროს. „მომისმინე, – ეტყვის ის, – ნუ შემოუშვებ ათასგვარ ფიქრს, წადი, აღსარება თქვი და ნურაფრის გეშინია“. ამგვარად ის ერთსაც ეხმარება და მეორესაც. ის, ვინც მოყვასს ბოროტება მიაყენა, როდესაც ნახავს, რომ ეს უკანასკენლი მისდამი კეთილადაა განწყობილი, დაფიქრდება, – ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, და შეინანებს.

 

ეშმაკს სიკეთის აღსრულება არასოდეს ძალუძს

– წმიდაო მამაო, ჯადოქარს ავადმყოფის განკურნება შეუძლია?

– ჯადოქარმა რომ ავადმყოფი განკურნოს?! ადამიანი, რომელსაც ეშმაკი ტანჯავს, ჯადოქრმა, შესაძლოა, განკურნოს, თუკი ამ ეშმაკს იგი სხვა ადამიანში გაგზავნის. ჯადოქარი და ეშმაკი ხომ ამხანაგ-მეგობრები არიან. ჯადოქარი ეუბნება ეშმაკს: „ამ ადამიანიდან გამოდი და იმაში შედი“! ანუ, როდესაც განდევნის ეშმაკს რომელიმე ეშმაკეულისაგან, ჯადოქარი ჩვეულებრივ მას ამ ადამიანის ნაცნობებში და ნათესავებში აგზავნის. სწორედ იმასთან, ვინც ეშმაკს ნებას მისცემს, რომ მას დაეპატრონოს. მერე კი ეს ადამიანი რომელზეც ეშმაკი იყო დაუფლებული, ამბობს: „ვიტანჯებოდი და ამა და ამ მკურნალმა განმკურნა“. ეს კი ჯადოქრისათვის რეკლამაა. სინამდვილეში კი ამ ადამიანიდან გამოსული ეშმაკი მისი ნაცნობებისა და ახლობლების სიახლოვეს ტრიალებს. ვთქვათ, რომელიმე ადამიანს ეშმაკი დაეუფლა და ამის შედეგად ის დაკუზიანდა. ჯადოქარს შეუძლია, ეშმაკი მისგან გააძევოს და სხვასთან გაგზავნოს. ეს ადამიანი კვლავ გასწორდება წელში. მაგრამ, თუ მისი დაკუზიანება უბედური შემთხვევის შედეგადაა გამოწვეული, ჯადოქარი მას ვერ განკურნავს. ერთხელ მიამბეს, რომ ვიღაც ქალი, სხვადასხვა წმინდა სიმბოლოებისა და ნივთების საშუალებით ავადმყოფებს „კურნავსო“. როდესაც ეს შევიტყვე, გამაოგნა ეშმაკის „გამონაგონმა ამ ჩანაფიქრმა“. თავისი სეანსის დროს ჯადოქარი ხელში იღებს ჯვარს და საეკლესიო საგალობლებს გალობს. მაგალითად, ის გალობს: „ღვთისმშობელო ქალწულოს..“ და როდესაც მიდის სიტყვებამდე: ,კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა...“ ჯვრის გარშემო ანერწყვებს, ამგვარად ის გმობს ქრისტეს და ამიტომაა, რომ ეშმაკი ეხმარება. ის სხვადასხვა სულიერი სნეულებისაგან, მაგალითად დეპრესიისაგან კურნავს ადამიანებს, კურნავს იმისგან, რაც ეშმაკისაგან დაემართათ. ექიმები ასეთ ადამიანს ვერ მკურნალობენ. მას კი შეუძლია, „განკურნოს“, რადგანაც აძევებს ეშმაკს, რომელიც ავადმყოფის სულს თრგუნავს. მერე კი ამ ეშმაკს სხვა ადამიანთან აგზავნის. ბევრი სნეული ამ ჯადოქრს წმინდანად მიიჩნევს. რჩევებს ეკითხებიან მას, ის კი თანდათანობით ვნებს მათ სულებს, ღუპავს მათ.

დიდი სიფრთხილეა საჭირო. ჯადოქრებისაგან და ჯადოქრობისაგან თავის არიდება ისევე აუცილებელია, როგორც გველსა და ცეცხლს არიდებს თავს კაცი. არ შეიძლება, რომ სრულიად სხვადასხვა საგნები ერთმანეთში ავურიოთ. არანაირი სიკეთის გაკეთება ეშმაკს არ შეუძლია. ის მხოლოდ იმ სნეულებებს „კურნავს“, რომელსაც თვითონვე იწვევს.

მოხდა ასეთი შემთხვევა: ერთი ყმაწვილი ჯადოქრებს დაუკავშირდა და თვითონაც ჯადოქრობა დაიწყო. შემდეგ ის ავად გახდა და ბოლოს და ბოლოს საავადმყოფოში დააწვინეს. საავადმყოფოში რამდენიმე თვის განმავლობაში იწვა და მამამისმა უამრავი ფული დახარჯა, რადგან იმ დროს დაზღვევა და ამის მსგავსი რამ არ არსებობდა. ექიმები მისი სნეულების მიზეზის გაგებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. ყმაწვილი საშინელ მდგომარეობამდე მივიდა. და რა მოიმოქმედა მაშინ ეშმაკმა? ის წმიდა ნათლისმცემლის სახით, რომელიციმ მიდამოს მფარველად ითვლებოდა, გამოეცხადა ამ ყმაწვილს. „ნათლისმცემელმა“ უთხრა მას: „განგკურნავ, თუ მამაშენი ეკლესიას ააშენებს“. ყმაწვილმა ხილვის შესახებ მამას უამბო, საბრალო მამამ კი თქვა: „ეს ხომ ჩემი შვილია, ყველაფერს გავიღებ იმისათვის, რომ ის გამოჯანმრთელდეს“. ჭაბუკის მამამ აღთქმა დადო, რომ წმიდა ნათლისმცემელის სახელზე ეკლესიას ააშენებდა. ეშმაკმა დატოვა ავადმყოფი და ყმაწვილი განიკურნა. ეშმაკმა „სასწაული“ აღასრულა. ამ განკურნების შემდეგ ჭაბუკის მამამ თქვა: „აღთქმა დავდე, რომ ეკლესიას ავაშენებდი, ახლა კი ამ აღთქმის აღსრულების დრო დადგა“ .მოჭარბებული ფული ამ ხალხს არ ჰქონდა და ამიტომ ტაძრის ასაგებად ყველა მიწის ნაკვეთი გაყიდეს. ყმაწვილის მამა გაკოტრდა და შვილები ცის ქვეშ დარჩა. „აი, რა მოაქვს მართლმადიდებლობას“! განრისხდნენ ისინი და იეღოველები გახდნენ. ხედავთ, რას აკეთებს ეშმაკი? დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მანამდე იმ მხარეში იეღოველები არ ყოფილან და მან მოიფიქრა, რომ იეღოველთა თემები აქაც გაევრცელებინა.

 

რა შემთხვევაში იძენს ჯადოქრობა ძალას?

– წმიდაო მამაო, რა შემთხვევაში იძენს ძალას ჯადოქრობა?

– თუკი ჯადოქრობამ ადამიანზე იმოქმედა, ჩანს, მან საკუთარ თავზე უფლება მიანიჭა ეშმაკს. ანუ, მან ეშმაკს რაღაც სერიოზული მიზეზი მისცა და მერე თავი სინანულითა და აღსარებით არ მოიწესრიგა. თუ ადამიანი აღსარებას ამბობს, მასში ნიჩბითაც რომ დაფლან ჯადო, ვერაფერს ავნებს. ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც ადამიანი აღსარებას იტყვის და სუფთა გული აქვს, ჯადოქარს, მის საწინააღმდეგოდ ეშმაკთან თანამშრომლობა აღარ შეუძლია.

ერთხელ ჩემთან სენაკში შუახნის ადამინი მოვიდა. ის მეტად თავხედური და უცერემონიო სახით შემოვიდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორიდან დავინახე, მივხვდი, რომ ეშმაკის ზემოქმედების ქვეშ იყო მოქცეული. „ილოცე ჩემთვის. უკვე დიდი ხანია, საშინელი თავის ტკივილი მტანჯავს და ექიმები მიზეზს ვერ პოულობენ“. „შენში ეშმაკია, – მივუგე მე, – იმიტომ, რომ თვითონვე მიეცი ნება, დაგპატრონებოდა“. „არა, მე ისეთი არაფერი ჩამიდენია“. – დამიწყო მან დარწმუნება. „ცუდი არაფერი გაგიკეთებია?! კი მაგრამ ის გოგონა როგორ მოატყუე, დაგავიწყდა? ის კი ჯადოქართან წავიდა და ჯადო გაგიკეთა! ახლა წადი, იმ მოტყუებულ გოგონას შენდობა სთხოვე, მერე კი აღსარება თქვი. გარდა ამისა, იმისათვის, რომ გამოჯანმრთელდე, კვეთებულის ლოცვის წაკითხვაა საჭირო შენზე. მაგრამ, თუ არ მიხვალ, საკუთარ ცოდვას არ გააცნობიერებ და არ მოინანიებ, მაშინ მთელი ქვეყნიერების სასულიერო პირები რომ შეიკრიბონ და შენთვის ილოცონ, ეშმაკი მაინც არ გამოვა შენგან“. როდესაც ჩემთან ასე უსირცხვილოდ მოდიან ადამიანები, მათ ნართაულად საუბარს აღარ ვუწყებ, არამედ საგნებს საკუთარ სახელებს ვარქმევ ხოლმე.

კიდევ ერთი ადამიანი მიამბობდა, რომ მისი ცოლი უწმინდური სულითაა შეპყრობილი, რომ ის სახლში საშინელ სკანდალებს აწყობს, შუაღამისას წამოხტება, ყველას აღვიძებს და სახლს თავდაყირა აყენებს. „აღსარება თქვით“? – ვკითხე მე. – „არა“. – მომიგო მან. „ალბათ თქვენ თავად მიეცით ბოროტს თქვენზე გაბატონების ნება“. ამ ადამიანმა თავისი ამბავი მიამბო და ბოლოს იმის მიზეზსაც მივადექით, რაც მის ცოლს ემართებოდა. ეს კაცი, როგორც გაირკვა, იყო ერთ ხოჯასთან, მან სახლში მოსაპკურებლად მისცა წყალი, რომელიც ვითომდა ბედნიერებას მოუტანდა მის ოჯახს. ეს ადამიანი ამ ეშმაკეული წყლით სახლის პკურებას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ეშმაკმა კი მის სახლში არცთუ სახუმაროდ მოიკიდა ფეხი.

 

როგორ ირღვევა ჯადო

– წმიდაო მამაო, თუკი ჯადოქრობამ უკვე იმოქმედა ადამაინზე და გამოაჩინა თავისი ძალა, მისგან როგორ უნდა გათავისუფლდეს იგი?

– ჯადოქრობისაგან გათავისუფლება სინანულითა და აღსარებით შეიძლება მხოლოდ. იმიტომ, რომ პირველ ყოვლისა, ის მიზეზი უნდა მოიძებნოს, რის გამოც ჯადოქრობამ იმოქმედა ადამიანზე. მან უნდა აღიაროს თავისი ცოდვა. მოინანიოს და აღსარება თქვას. ჯადოსაგან გატანჯული რამდენი ადამიანი მოდის ჩემთან სენაკში და მთხოვს: „ილოცე ჩემთვის, რომ ამ სატანჯველისაგან გავთავისუფლდე“. ისინი დახმარებას ჩემგან ითხოვენ. მაგრამ, ამავე დროს, საკუთარ თავში არ იხედებიან, არ ცდილობენ გაიგონ, რით დაიწყო მათში არსებული ბოროტება, რათა ეს მიზეზი მოიკვეთონ. ანუ ამ ადამიანებმა უნდა გაიგონ, თუ რაშია მათი დანაშაული. ანუ, მათ უნდა გაარკვიონ, რატომ აქვს ასეთი ძალაუფლება ჯადოქრობას მათზე. მათ უნდა შეინანონ და აღსარება თქვან, რათა ეს ტანჯვ-აწამება დასრულდეს.

– წმიდაო მამაო, თუკი ადამიანი, რომელსაც ჯადოს გაუკეთებენ, ისეთ მდგომარეობამდეა მისული, რომ საკუთარი თავის დახმარება აღარ შეუძლია? ანუ, თუ ის უკვე ვეღარ შეძლებს, აღსარება თქვას, ისაუბროს ღვთისმსახურთან? ასეთ შემთხვევაში სხვები შეძლებენ მის დახმარებას?

– მისმა ახლობლებმა სახლში უნდა მოიწვიონ ღვთისმსახური, რათა მან ავადმყოფზე ზეთის კურთხევის საიდუმლო შეასრულოს, ან – წყლის კურთხევის ლოცვა. ადამიანს, რომელიც ამ მდგომარეობაშია, დასალევად წმიდა წყალი უნდა მივცეთ, რათა ეშმაკი მცირედ მაინც განეშოროს და ქრისტე მცირედ მაინც შევიდეს მასში. ერთი ქალი, რომლის შვილიც სწორედ ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სწორედ ასე მოიქცა და მისმა შვილმა შეწევნა მიიღო. ის მიამბობდა, რომ მისი ვაჟი ჯადოს ზემოქმედებისაგან საშინლად იტანჯებოდა. „ის აღსარებაზე უნდა წავიდეს“. ვუთხარი მე. „მამაო, როგორ წავა აღსარებაზე ასეთ მდგომარეობაში“? „მაშინ მოიწვიე შენი მოძღვარი, წყლის კურთხევის პარაკლისი შეასრულოს და შენს შვილს ეს წყალი მიეცი სასმელად. თუმცა დალევს კი?! ვურჩიე მე. „დალევს“. მიპასუხა ქალმა. „მაშ, წყლის კურთხევის პარაკლისით დაიწყე, მერე კი ეცადე, რომ მღვდელს ესაუბროს. თუ აღსარებას იტყვის, შეძლებს, რომ შორს განდევნოს ეშმაკი“. და მართლაც: ამ ქალმა დამიჯერა და აქედან სარგებლობა მიიღო. გავიდა მცირე ხანი, მან აღსარების თქმა შეძლო და გამოჯანმრთელდა. იცით, რა მოიფიქრა ერთმა საბრალო ქალმა? მისი ქმარი ჯადოქრებს გადაეყარა და სამკერდე ჯვრის გაკეთებაც კი არ სურდა. იმისათვის, რომ მცირედ მაინც დახმარებოდა, მან პატარა ჯვარი მოქარგა და პიჯაკის საყელოში ჩუმად ჩააკერა. ერთხელ მისი ქმარი ხიდით მდინარის გადაღმა უნდა გადასულიყო. როდესაც ის ხიდზე ავიდა, რაღაც ხმამ დაუძახა: „ანასტასი, ანასტასი, გაიხადე პიჯაკი, რომ ერთად გადავიდეთ ხიდზე“. საბედნიეროდ, ცუდი ამინდი იდგა და ამიტომ მან მიუგო: „რად უნდა გავიხადო? სასტიკი სიცივეა“! „გაიხადე, – ეუბნებოდა იგივე ხმა – რომ ამ ხიდზე გადავიაროთ“. აი, ესეც ეშმაკი! მას ამ ადამიანის მდინარეში გადაგდება სურდა, მაგრამ საყელოში ჩაკერებული ჯვრის გამო ამას ვერ ახერხებდა. ბოლოს და ბოლოს ხიდის კიდესთან რომ მივიდა, მისი გადაგდება მაინც შეძლო. მთელი ღამე ეძებდნენ ახლობლები და ბოლოს ხიდზე დაგდებული იპოვეს. სიცივე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ის გაიხდიდა პიჯაკს და ეშმაკი მდინარეში ჩააგდებდა. ეს ადამიანი ტანსაცმელში ჩაკერებულმა ჯვარმა გადაარჩინა. მისი საბრალო ცოლი მორწმუნე იყო. აბა, სარწმუნოება რომ არ ჰქონოდა, საყელოში ჯვარს ხომ არ ჩააკერებდა!

 

ჯადოქრებისა და ეშმაკების თანამშრომლობა

– წმიდაო მამაო, განა ადამიანი, რომელიც წმიდა ნაწილს ფლობს ჯადოქრებს ვერ დაეხმარება?

– როგორ ვერ დაეხმარება! აქ შენ იმ ადამიანზე ლაპარაკობ, რომელსაც ცოტაოდენი ღვთის შიში აქვს. იგი ყურადღებით უნდა იყოს. რადგანაც ამგვარი ცხოვრებით ის მცდარ გზაზე დგას. მიუხედავად ამ მცირედი შიშისა ღვთის წინაშე ის მაინც თავის საყვირზე დაკვრას განაგრძობს. რაღა ითქმის ჯადოქარზე, რომელიც ეშმაკთან თანამშრომლობს! ასეთ ადამიანს რანაირად დაეხმარები?! შენ მას სულიერ საგნებზე ესაუბრები, ის კი მაინც ეშმაკთან რჩება. ჯადოქარს ვერაფრით დაეხმარები. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჯადოქრის სიახლოვეს იესოს ლოცვას აღასრულებ, ეშმაკი ფრთხება და ჯადოქარი თავისი საქმის გაკეთებას ვეღარ ახერხებს.

ერთი კაცი ავად იყო. მასთან სახლში „დასახმარებლად“ მივიდა ჯადოქარი, ისეთი თვალთმაქცი – ძნელად რომ შეხვდები! ავადმყოფი იესოს ლოცვას ასრულებდა. ის ძალიან უბრალო ადამიანი იყო და მასთან მისული კაცის ჯადოქრობის შესახებ არ იცოდა. ამიტომაც მოხდა, რომ ღმერთი ჩაერია მოვლენათა განვითარებაში. აი, ნახეთ, რა მოიმოქმედა ღმერთმა იმისათვის, რომ საწყალი კაცი მიმხვდარიყო, ვისთან ჰქონდა საქმე: ავადმყოფი იესოს ლოცვას ასრულებდა, ეშმაკებმა კი ჯადოქარს ცემა დაუწყეს. თანაც ისე, რომ ჯადოქარი თვითონ თხოვდა დახმარებას იმ ადამიანს, ვის სახლშიც მის „განსაკურნებლად“ მივიდა.

– წმიდაო მამაო, ავადმყოფმა თავისი თვალით ნახა ეშმაკი?

– მას ეშმაკი არ დაუნახავს. მან ნახა, რომ წარმოუდგენელი რამ ხდებოდა: ჯადოქარი ყვიროდა: „მიშველეთ“! იატაკზე ეცემოდა, ტრიალებდა, ხელებს იფარებდა და უხილავი მტრის დარტყმებისაგან თავს იცავდა. ასე რომ, არ გეგონოთ, ჯადოქრებს ტკბილი ცხოვრება აქვთ და ეშმაკები ყოველთვის უსრულებენ ყველაფერს, რასაც ითხოვენ. ეშმაკისათვის ისიც საკმარისია, რომ ჯადოქარმა ერთხელ უარყო ქრისტე. თავდაპირველად ჯადოქრები ხელშეკრულებას დებენ ეშმაკთან, რომ ის მათ დაეხმაროს და რამდენიმე წლის განმავლობაში ეშმაკი მათ ბრძანებებს ემორჩილება. მაგრამ გაივლის მცირე ხანი და ეშმაკი ეტყვის ჯადოქარს: „რატომ უნდა გელოლიავო“? ხოლო, თუ ჯადოქარი ვერ შეუსრულებს დავალებას ეშმაკს, იცით, რა დღე ადგება მას?!

მახსოვს, სენაკის ეზოში ვესაუბრებოდი იმ ახალგაზრდა ტიბეტელ ჯადოქარს, რომლის შესახებაც ადრე გიყვებოდით. მოულოდნელად მან ხელი მტაცა, ხელები ზურგს უკან გამიკავა და გამომწვევად მითხრა: „აბა, მოვიდეს ხაჯეფენდი! და გიშველოს“! „აბა, ეშმაკო, დაიკარგე აქედან“! შევძახე მაშინ მე, ვუბიძგე ამ ღვთის მგმობელს და ის ძირს დაეცა. აბა, ხომ არ მოვუსმენდი, როგორ გმობდა წმიდანს?! მაშინ ის წამოხტა და მოინდომა ფეხი დაერტყა ჩემთვის, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლო. მისი ფეხი პირდაპირ ჩემი ტუჩების წინ გაჩერდა. ღმერთმა დამიფარა. მე ის ეზოში მდგარი დავტოვე და სენაკში შევედი. ცოტა ხნის შემდეგ ვხედავ: ის მეზობელი სენაკის წინ ამოსული შაბმბნარიდან გამოვიდა, ერთიანად ეკლებითა და მცენარეების ტოტებით იყო დაფარული. „სატანამ დამსაჯა, – მითხრამან, – რაკი შენი დამარცხება ვერ შევძელი. ტევრში სწორედ მან შემითრია“.

წყვდიადის შავი ძალები უძლურია. ეს ღვთისაგან განშორებული ადამიანები აძლევენ მათ ძალას. იმიტომ, რომ ღვთისგან განშორებით ადამიანები ეშმაკს საკუთარ თავზე უფლებას ანიჭებენ.

 


[1] - მათ. 12, 45.

[2] - სჯულის კანონი – VI მსოფლიო საეკლესიო კრების 61 კანონი.

[3] - ფს. 50, 19.

[4] - VI მსოფლიო საეკლესიო კრების 61 კანონი განსაზღვრავს, რომ „დამცავი თილისმების დამამზადებელი“ ექვსწლიანი ეპიტიმიით უნდა დაისაჯონ. ხოლო შეუნანებლობის შემთხვევაში მათ განაშორებენ ეკლესიისაგან. კანონს მხედველობაში ჰყავს ჯადოქრები, რომლებიც ამზადებენ თილისმებს და მათში სხვადასხვა საჯადოქრო ნივთებს დებენ (მაგალითად, თმას, ბეწვს, ფრჩხილებს, გველის და ღამურის კანს). ჯადოქრები ამ ნივთებს ჯადოქრობის საშუალებით ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ აქცევენ.

[5] - დაფნისი – წმიდა მთის ცენტრალური ნავსადგური.

[6] - არქონდარიკი – სტუმრების მისაღები ადგილი ბერძნულ მონასტრებში.

[7] - ავგუსტინე (კანდიოტისი) – (დაიბადა 1907 წ.) – ფლორინის მიტროპოლიტი (1967-1999).

[8] - ანუ – წმ. არსენი კაპადოკიელი.