– წმიდაო მამაო, რამდენი ეშმაკი იყო შესული ღადარინელ ეშმაკეულში?
– „ეშმაკნი მრავალნი“ [2] – წერია სახარებაში. რადგანაც შეპყრობილის პირით უწმიდურმა სულმა თავად თქვა, რომ მისი სახელი „ლეგიონია“[3] და ნახეთ, როგორც უწმიდური სულით შეპყრობილ ადამიანში შესაძლოა, მოთავსდეს მრავალი ეშმაკი, ასევე – მორწმუნის გულში შეიძლება, ყველა წმიდანი შეიკრიბოს. ადამიანის გულში ხომ თავად ქრისტე თავსდება! წმიდანებზე რაღა ითქმის?! ეს უდიდესი საიდუმლოა! ერთხელ, როდესაც პატიოსანი ჯვრის სენაკში ვცხოვრობდი, ჩემთან სტუმარი მოვიდა და რკინის უროთი სენაკის გვერდით დააკაკუნა. როდესაც ფანჯრიდან გავიხედე, თვალთა წინაშე საშინელი სანახაობა წარმომიდგა! დავინახე ადამიანი, რომელსაც უკან ეშმაკების მთელი ჯარი მოჰყვებოდა. მას შავი ეშმაკების მთელი ხროვა ერტყა გარს. პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც ამდენი უწმიდური სულის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ეს საცოდავი ექსტრასენსი იყო. საეკლესიო ლოცვების სიტყვებს შორის ის ეშმაკის მოსახმობ სიტყვებს ურთავდა, ქრისტიანულ წიგნებს ოკულტურ ლიტერატურასთან აზავებდა და ყოველივე ამის შედეგად ეშმაკებმა მასზე უდიდესი ძალა მოიპოვეს. საშინელი საქმეა! ამის დანახვამ საშინლად აღმაშფოთა. არიან ფსიქიატრები, რომლებიც ეშმაკისაგან შეპყრობილ ადამიანებს ფსიქიურ ავადმყოფებად თვლიან. არიან თავის მხრივ სასულიერო პირები, რომლებიც ფსიქიურ ავადმყოფებს ეშმაკეულებად მიიჩნევენ. მაშინ, როდესაც შეპყრობილებმა და ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანებმა სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვაგვარად უნდა იმკურნალონ. როგორ დაეხმარება ფსიქიატრი შეპყრობილს?“
– წმიდაო მამაო, ეშმაკეულს შეუძლია იმის მიხვედრა, რა დააშავა და რატომ დაეუფლა მას უწმიდური სული? დიახ, ამის მიხვედრა მას შეუძლია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი გონება უკვე დაზიანებულია. უკანასკნელ შემთხვევაში ეშმაკეულის დახმარება ადვილი არ არის. მაგრამ თუ ის მხოლოდ ეშმაკეულია, ანუ – თუ მისი გონება დაზიანებული არ არის, მასთან ურთიერთგაგება და მისი დახმარება შესაძლებელია. ერთხელ ჩემთან სენაკში მოვიდა ერთი ადამიანი საბერძნეთის ჩრდილოეთიდან, იქ ის ვიღაც ინდუსებთან იყო დაკავშირებული და შედეგად უწმიდური სული დაეუფლა. საშინელ ბინძურ, სალანძღავ სიტვებს ამბობდა და პირიდან ქაფი გადმოსდიოდა. თვალები გაველურებოდა ამ უბედურს და ბუდეებიდან უცვიოდა. „ნუ ამბობ ამ საგმობ სიტყვებს, იმიტომ, რომ ამით ეშმაკს მოუხმობ“. – ვარიგებდი მე, მაგრამ ჩემი არ ესმოდა. თუმცა ამავე დროს დახმარებას მთხოვდა: „დამეხმარე, მარტო შენ შეგიძლია ჩემი დახმარება“. „მომისმინე, – ვპასუხობდი მე, – აბა, როგორ დაგეხმარო, შენ გინდა, რომ შენთვის ვილოცო, რომ ქრისტემ შეგიწყალოს და უწმიდური სულისაგან გიხსნას და ამავე დროს მოუხმობ ამ უწმინდურ სულებს. წადი, აღსარება თქვი, კვეთებულის ლოცვა წაგიკითხონ, მერე დაბრუნდი ჩემთან და კიდევ ვილაპარაკოთ“. „არ წავალ“! – მპასუხობდა ის. „ეჰ, რას ვიზამ, მაშინ ეკლესიაში წავიდეთ და იქ კანდელიდან ზეთს გცხებ“. „არ მინდა, მე ის მინდა, რომ დამეხმარო“. თავისაზე იდგა ის. მერე მომშორდა და ეზოში სხვა სტუმრებთან დაიწყო საუბარი. ამ დროს მე მომლოცველთა ჯგუფს ველაპარაკებოდი იმაზე, რომ ღმერთი განსაცდელს ადამიანზე მისივე ცხონებისათვის უშვებს. ეს რომ მოისმინა, ეშმაკეულმა შორიდანვე დაგვიძახა: „ნეტა საიდან მოიტანე, რომ ღმერთი ადამიანების ცხონებაზე ზრუნავს? ჩვენ ერთი მამა გვყავს ზეცაში და ერთი მამა გვყავს მიწაზე. ხოლო ყველაზე აღმატებული გვყავს კიდევ ერთი მთავარი“. „შეწყვიტე ეგ საეშმაკო ლაპარაკი“! – ვუყვირე მე და იესოს ლოცვას შევუდექი. ის კი ამბობს: „ჰო, აი, ეხლაკი ამირიე“! – „აბა, გასწი აქედან“! – ვუბრძანე მე და ის შორს გადაფრინდა. მერე კი გამოკითხვა დამიწყო: „შენ ვისთან ხარ“? – „ქრისტესთან“, – მივუგე. „ტყუი, ქრისტესთან არ ხარ, იმიტომ, რომ ქრისტე ეს მე ვარ. შენ კი მე მცემ“. ეშმაკი მას ყველაფერს წაღმა-უკუღმა აჩვენებდა.
– წმიდაო მამაო, ამ ყველაფერს თვითონ ეშმაკი ამბობდა?
– დიახ, ეშმაკი. მაგრამ, აბა, შევხედოთ: ღმერთმა ხომ მისცა ამ ადამიანს ძალა, წმიდა მთაზე ჩამოსულიყო. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის ათონზე ჩამოსვლა საბერძნეთის საპირისპირო მხრიდან ხუმრობა როდია! მაგრამ რას გააწყობ?! ის არ გისმენს და უარესად ხდება. უფრო მორჩილი რომ ყოფილიყო, შემწეობას აუცილებლად მიიღებდა.
ის, ვისშიც მეტი ამპარტავნებაა, დაბნელებული ადამიანია. მისი გონება თითქოს გამონაბოლქვი აირითა დაბინდული. საშინელ ცოდვებს აღასრულებს და ამას ვერ ხვდება. ერთმა ადამიანმა პირდაპირ განმიცხადა: „მე ყველა მიყვარს, მიყვარს ეშმაკიც, ის ხომ ბოროტი არ არის“. „აბა, ეს საიდან მოიტანე, ღმერთს რომ ეშმაკისათვის სრული თავისუფლება მიეცა, ის ყველას დაგვტანჯავდა, ვის უნახავს ეშმაკისაგან სიკეთე, რომ შენ ელი“? მივუგე მე. მაგრამ ეს საცოდავი იმდენად იყო გონებადაბინდული, რომ მის დასახმარებლად რაც არ უნდა მეთქვა, მაშინვე იმაზე იწყებდა ლაპარაკს, რომ „მისი გავლენის ქვეშ მოქცევას ვცდილობდი“. მაგრამ განა ამ აზრებისაგან მისი გათავისუფლების მცდელობა გავლენის ქვეშ მოქცევაა?! ეს კაცი შეშლილი კი არ არის, მას ხომ ტვინი უმუშავებს! მან უნდა შეიგნოს, რომ ამგვარი ლაპარაკი ეს იგივეა, რაც ქრისტეს უარყოფა. მტკიცება იმისა, რომ ეშმაკი ბოროტი არ არის, ღვთის გმობაა.
აი, სწორედ ამ გზით ადამიანები ბოლოს და ბოლოს სატანის თაყვანისცემამდე დადიან. როდესაც სატანისტებს უცქერ, აშკარა ხდება, რომ ეს ადამიანები ეშმაკს დამონებიან. თვით მათ გარეგნობაზეც კი აღებჭდილა რაღაც ეშმაკეული. ბნელ ძალებს სატანური მუსიკის მეშვეობით საბრალო ბავშვები იქით მიყავთ ,საითაც მოესურვებათ. გამიგონია, რომ თუ როკ-მუსიკის ზოგიერთ ჩანაწერს უკუღმა მოისმენ, სატანის მოხმობის სიმღერები გამოვა. იქამდეც კი დადიან, რომ სატანას „ადიდებენ“: „სატანა,შენ გიძღვნი თავს“! რა საშინელებაა ეს.
– წმიდაო მამაო, ანუ ამპარტავნებას ადამიანის ეშმაკეულობამდე მიყვანა შეუძლია?
– დიახ. დავუშვათ, ადამიანი რაიმე ცოდვას აღასრულებს და თავს იმართლებს. თუკი მისთვისვე სასიკეთოდ ვინმე შენიშვნას მისცემს მას, ამბობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ. დარწმუნებულია, რომ თვითონ უკეთესია იმ ადამიანებზე, ვინც შენიშვნებს აძლევენ და განიკითხავენ მათ. შემდეგ ნელ-ნელა ის წმიდანების განკითხვასაც იწყებს, ჯერ – ახალი წმიდანების, შემდეგ – ძველების. „ამ წმიდანს არანაირი სასწაული არ აღუსრულებია, იმას კი ბევრი ნაკლი ჰქონდა“, – ამბობს იგი. გადის მცირე ხანი და ეს ადამიანი კიდევ უფრო შორს მიდის განკითხვის საქმეში და წმიდა ეკლესიის კრებებს განიკითხავს: „ან ეს საეკლესიო კრებესი, რა გინდა კანონებს რომ არ იღებდნენ“! მისი აზრით თვით საეკლესიო კრებებიც კი ცდებოდნენ. საბოლოო ჯამში კი ადამიანი იქამდე მიდის, რომ აცხადებს: „მაგრამ რატომ გააკეთა ღმერთმა ის, რაც გააკეთა“? რა, განა ადამიანი ასეთ მდგომარეობამდე თუ მივა, ის გონებას კარგავს? არა! ის ეშმაკეული ხდება.
ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი ეშმაკეული მოვიდა, რომელიც საკუთარ თავს ღმერთს უწოდებდა. ის ჩემთან მამასთან ერთად იყო მოსული. ეს ეშმაკეული დადიოდა ერთ ათონელ სასულიერო პირთან, რომელმაც იმის შიშით, რომ ბოროტი სული მასაც თავს დაესხმოდა, უთხრა შეპყრობილს: „მაშ, მაკურთხე“! აბა, ამაზე რას იტყვით? კმარა, ამას თავი დავანებოთ! და მაშინ ამ შეპყრობილმა მამამისს უთხრა: „აი, ნახავ, რომ მამა პაისიც დაადასტურებს, რომ ღმერთი ვარ”! და მამას სანაძლეო დაუდო მთელ ფულზე, რაც ჰქონდა, რომ მას მეც ისე მივიღებდი, როგორც ღმერთს. მაგრამ, როგორც კი სკვნილზე ლოცვა დავიწყე, ეშმაკეული ნაკბენივით შეხტა: „რას ბუტბუტებ მანდ, მე ყველა ცოდვა მაქვს ჩადენილი, რაც კი არსებობს, მე ჩავიდინე ეს ცოდვა... ის ცოდვა... ჩემში არის ეშმაკი, მე ღმერთად ვიქეც, უნდა დამთანხმდე, რომ მე ღმერთი ვარ. შენ კი არაფერი გაგიკეთებია. მარტო ბურტყუნებ და ბურტყუნებ“. რომ იცოდეთ, რა სისაძაგლეებს ლაპარაკობდა! მე განვრისხდი. „აბა, დაიკარგე აქედან, წამხდარო ადამიანო“! – შევუძახე და კარგადაც მოვცხე. აქ კი მთლად გაცოფდა. გამხეცდა. ჯიბიდან ფული ამოიღო და მამას მიუყარა. „აიღე შენი მოგებული, მე წავაგე“.
– წმიდაო მამაო, როგორ უნდა მივხვდეთ, ადამინი შეპყრობილია, თუ სულიერადაა დაავადებული?
– ამის მიხვედრა უბრალო, ღვთისმოსავი ექიმისთვისაც კი შესაძლებელია. ეშმაკისაგან შეპყრობილი ადამიანები სიწმიდესთან მიახლოებისას აღეგზნებიან, კანკალს იწყებენ. აქედან აშკარავდება, რომ მათში ეშმაკია. თუკი ასეთ ადამიანს მცირეოდენი წმიდა წყლის დალევას შესთავაზებ, ან წმიდა ნივთით პირჯვრის გადაწერას მოუნდომებ, წინააღმდეგობას გაგიწევენ, რადგანაც ღვთის მადლი ავიწროებს მათში მყოფ ეშმაკს. მაგრამ, თუ კაცი სულიერი ავადმყოფობით იტანჯება, ის სიწმიდეს წინააღმდეგობას არ უწევს. ჯვრით ხელში ოდნავადაც რომ მიუახლოვდები ეშმაკეულები შფოთავენ, კანკალი ეწყებათ. ერთხელ წმიდა მთის ერთ-ერთ მონასტერში ღამისთევის ლოცვაზე მივედი. მონასტრის ძმებმა გამანდეს ეჭვი, რომ აქ მოსულ მომლოცველთაგან ერთ-ერთი უწმიდური სულით იყო შეპყრობილი. მე სტასიდიაზე ამ ადამიანის გვერდით დავჯექი და ჩემი ჯვრით, რომელშიც პატიოსანი ჯვრის ნაწილია ჩაყოლებული, შევეხე მას. შეპყრობილი აღელდა, წამოხტა და ტაძრის მეორე კუთხეს მიაშურა. როდესაც ლოცვის შემდეგ ხალხი დაიშალა, მასთან საუბრის წამოწყება ვცადე. მაგრამ კვლავ იგივე განმეორდა... და მივხვდი, რომ ეს კაცი ნამდვილად ეშმაკეული იყო. ზოგჯერ ჩემთან სენაკში ბავშვები მოყავთ და მეუბნებიან, რომ ისინი ეშმაკეულები არიან. დასადგენად, არის თუ არა ეს ასე, ვიღებ წმიდა არსენი კაპადოკიელის ნეშტის წმიდა ნაწილს და ერთ-ერთ მუჭში ვმალავ. და უნდა ნახოთ: ორივე ხელი მომუჭული მაქვს. მაგრამ თუ ბავშვი შეპყრობილია, ის შიშით უცქერს იმ ხელს, რომელშიც წმიდა ნაწილი მაქვს დამალული. მაგრამ, თუ ბავშვი შეპყრობილი არ არის და ის მხოლოდ ტვინის რომელიმე ავადმყოფობით იტანჯება, საერთოდ არ რეაგირებს არანაირ სიწმიდეზე, არ უფრთხის მას. ზოგჯერ ბავშვს დასალევად ვაძლევ იმ წყალს, რომელშიც მანამდე წმიდა ნაწილი მქონდა ჩადებული, თუ ბავშვში ეშმაკია, ის ამ წყალს არ სვამს და გარბის. ერთხელ ერთი ეშმაკეული ბავშვი მომიყვანეს. ჯერ ბევრი ტკბილეული მივეცი, რომ მოწყურებოდა, მერე კი ასეთი წყალი მივუტანე. „ჩვენს პატარა იანაკისს უფრო გემრიელი წყალი უნდა დავალევინო, ვიდრე – სხვებს“, – ვუთხარი მე. როდესც ბავშვმა წყალი მოსვა, ყვირილი ატეხა: „ეს წყალი მწვავს, რა არის შიგ“? „არაფერი არ არის“, – ვუპასუხე მე. „რას მიშვრები, მან დამწვა“! – ყვიროდა საბრალო ბავშვი. „ის შენ კი არ გწვავს, არამედ ვიღაც – სხვას“, – ვუპასუხე მე და ბავშვის თავზე ჯვრის გამოსახვა დავიწყე, ის აკანკალდა და კრიზისი დაემართა. მასში ჩაბუდებული ეშმაკი მის სხეულს ატრიალებდა.
გახსოვთ ის სტუდენტი, რომელიც მრავალი წლის წინ აქ, მონასტერში მოვიდა? მან მითხრა: „ჩემში ეშმაკი ცხოვრობს და საშინლად მტანჯავს, სასტიკად ვიტანჯები მისგან იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად ათასგვარი სისაძაგლის თქმას მაიძულებს. სასოწარკვეთილებმდე მივედი. ვგრძნობ, როგორ მთრგუნავს შიგნიდან, ხან აქ წამიჭერს ხელს და ხან – იქ“, – და საბრალო ყმაწვილი მაჩვენებდა მუცელს, მკერდს, ნეკნებს, ხელებს. ეს სწყალი ძალიან მგრძნობიარე იყო. ამიტომ, იმისათვის, რომ მენუგეშებინა და არაფერი მევნო, ვუთხარი: „ყური მიგდე, შენში არანაირი ეშმაკი არ არის. რაც გემართება, ყველაფერი გარეგანი ეშმაკეული ზემოქმედების ბრალია“. როდესაც ერთად შევედით ტაძარში, მან სთხოვა იქ მყოფ დებს, ელოცათ ღვთის საბრალო ქმნილებისათვის. თავად მე საკურთხეველში შევედი, ავიღე ღირსი არსენის წმიდა ნაწილი, გამოვედი, ამ საბრალოს მივუახლოვდი და კვლავ ვკითხე: „მაშ, რა ადგილას გგვემს და გწვავს ეშმაკი? შენი აზრით, სად გიზის ის?“ მან ხელი გვერდზე დაიდო. „სად, აქ“? – კვლავ ვკითხე და იმ ადგილს წმიდა ნაწილი შევახე. ვაი, როგორ აყმუვლდა! „შენ დამწვი, შენ დამწვი! მე წავალ, წავალ“! ის ყვიროდა, ბილწსიტყვაობდა, ათასგვარ სისაძაგლეს ამბობდა. მაშინ იესოს ლოცვის აღსრულება დავიწყე: „უფალო, იესო ქრისტე, უფალო, იესო ქრისტე, განაშორე უწმიდური სული შენს ქმნილებას“. ლოცვისას საბრალო ადამიანს ჯვარს ვსახავდი წმიდა ნაწილით. ეს დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მერე ეშმაკმა ააკანკალა ეს კაცი, ის ძირს დაეცა და იატაკზე მიცურავა. პირიდან გადმოდენილმა ქაფმა მისი პიჯაკი იატაკის ჩვარს დაამსგავსა. მაშინ ეს უბედური ფეხზე წამოვაყენეთ. ის ქანაობდა და მკვეთრად, ციებიანივით კრთოდა. წონასწორობის შესანარჩუნებლად კანკელს ეყრდნობოდა. ხელებზე ცივი ოფლი დილის ცვარივით ეყარა. მალე ეშმაკი გამოვიდა მისგან და უბედური დამშვიდდა. იგი უწმიდური სულისაგან გათავისუფლდა და ახლა ცოცხალი და ჯანმრთელია, თავს შესანიშნავად გრძნობს.
– წმიდაო მამაო, ეშმაკეულთან საუბრისას რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
– იესოს ლოცვას უნდა აღვასრულებდეთ და ასეთ ადამიანს კეთილად ვეპყრობოდეთ.
– წმიდაო მამაო, ახსოვთ კი ეშმაკეულებს, რას ამბობდნენ ეშმაკეული შეტევის დროს?
– რაღაც ახსოვთ, რაღაც – არა, ჩვენ არ ვიცით, რა აქვს ღმერთს განზრახული, ზოგჯერ იგი უშვებს, რომ ამ უბედურებს ეშმაკეული შეტევის დროს ნათქვამი საკუთარი სიტყვები ახსოვდეთ, რათა ამით სიმდაბლე და სინანული მოიპოვონ.
როდესაც ეშმაკეული რაიმეს ითხოვს, ძნელი მისახვედრია, ასეთ დროს რასთან გვაქვს საქმე: ამ დროს ეშმაკეული შეტევა აქვს, თუ როგორც ადამიანს მართლაც რაღაც ჭირდება. ერთხელ ერთ ეშმაკეულ გოგონას შევხვდი, მას კაზანზაკისის [6] წიგნი ჰქონდა წაკითხული და სჯეროდა ყველა ის ღვთის საგმობი რამ, რაც იქ წერია. ყოველივე ამის შედეგად დაეუფლა მას უწმიდური სული. როდესაც ვესაუბრებოდი, უეცრად ეშმაკეული შეტევა დაემართა და საშინელი ხმით დაიწყო ყვირილი: „ვაიმე,ვაიმე“ ! ახლობლები იჭერდნენ, რომ მისთვის ჯვრის გადასახვა შემძლებოდა. შემდეგ ის აყვირდა: „წყალი, წყალი“! ახლობლებს ვუთხარი, რომ მისთვის წყალი მოეტანათ, მაგრამ მათ იუარეს, ვიღაცას უთქვამს, ეშმაკს არ უსმინოთო. მაშინ ვუთხარი: ,,ახლა ამ საბრალოს სწყურია“. ჩემთვის ცხადი იყო, როდის მოდიოდა მისი წყურვილი ეშმაკისაგან და ნამდვილად როდის სწყროდა. საწყალმა ორი ჭიქა წყალი დალია. მერე მიამბობდა: ისეთ წყურვილს ვგრძნობდი, „თითქოს ჩემში გავარვარებული ნაკვერჩხლები იყო, მთელი სათლი წყალიც რომ დამელია, ჩემში დანთებულ ცეცხლს თითქოს ისიც კი ვერ ჩააქრობდა“. ასე იწვოდა ის!
– წმიდაო მამაო, როდესაც ეშმაკეული ყვირის, როგორ უნდა მივხვდეთ, როდის მეტყველებს მისი პირით ეშმაკი და როდის – თავად ეს ადამიანი?
– როდესაც ეშმაკი ლაპარაკობს, ეშმაკეულის ბაგეები არაბუნებრივ მდგომარეობაშია, მექანიკურად მოძრაობს. ხოლო, როდესაც ის ლაპარაკობს როგორც ადამიანი, მისი ტუჩები ბუნებრივად მოძრაობს. როდესაც ეშმაკეულზე კვეთებულის ლოცვა იკითხება და ის ყვირის, ეს შესაძლოა, იმის გამოა, რომ თვით ადამიანი იტანჯება. მაგალითად: მიმართავს ეშმაკს: „წადი, რად არ მიდიხარ“? სხვა შემთხვევაში კი თვით ეშმაკი უტევს ადამაინს, ან მღვდელს, რომელიც მის გამოძევებას ცდილობს. ხდება, რომ ეშმაკი გმობს ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და წმიდანებს. ზოგჯერ ეშმაკი ცრუობს, ზოგჯერ კი ქრისტეს სახელის ძალა აიძულებს მას, სიმართლე ილაპარაკოს. ხდება, რომ ეშმაკეული ადამიანი მის მიერ წაკითხული სულიერი წიგნებიდან წამოიძახებს რასმე. რა გვეთქმის?! ყველაფერი მეტისმეტად არეულ-დარეულია. ამიტომ შეპყრობილთან საუბრისას სიფრთხილე გმართებთ. მის სიტყვებს მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. მაგალითად, შესაძლოა, მან თქვას: „შენ მე მწვავ“. შენ თუ მართლა სწვავ მას და დათანხმდები ამაზე და იტყვი: „მე მას ვწვავ“. მაშინ მორჩა – სულიერად გადაიწვები. თუ იმას დაიჯერებ, რომ შენ წვავ ეშმაკს, სინამდვილეში კი ამის მსგავსიც კი არაფერი ხდება, ორმაგად გადაიწვები. ან მაგალითად, ეშმაკეული ყვირის: „აი, თქვენ, სახიზღარო დედაკაცებო“! ხოლო რომელიმე მონაზონს კი ეუბნება: „შენ კი წმინდა ხარ“! თუკი ეს მონაზონი ეშმაკის ნათქვამს ირწმუნებს, მორჩა, ის დაეცემა! ამიტომ ეშმაკეულთან ექსპერიმენტები საჭირო არ არის.
ერთ მონასტერში ეშმაკეული მიიყვანეს. იღუმენმა ძმები ეკლესიაში შეკრიბა, რომ მისთვის სკვნილზე ელოცათ. ამ მონასტერში წმიდა პართენი ლამფსაიკელი ეპისკოპოსის [7] თავი იყო დაცული. ღვთის მადლმა მეტისმეტად შეავიწროვა ეშმაკი. ძმები სკვნილზე ლოცულობდნენ შეპყრობილისათვის და ამავდროულად იღუმენმა დაავალა ერთ-ერთ მღვდელმონაზონს, ეშმაკეულისათვის კვეთებულის ლოცვა წაეკითხა. ამ მღვდელმონაზონს გარეგნულად ღვთისმოსაური სახე ჰქონდა მიღებული, შინაგანად კი ამპარტავნებას მალავდა. ის გარეგნულად იღწვოდა და ტიპიკონსაც აღასრულებდა, განათლებული იყო და სხვებს სულიერ რჩევებსაც აძლევდა. მაგრამ თვითონ დახმარებას ვერავისგან იღებდა, რადგანაც, როდესაც ძმები ხედავდნენ, რომ ის არასწორად იქცეოდა, პატივისცემის გამო, თქმას ვერ უბედავდნენ. ამ ადამიანს საკუთარ თავზე ილუზიები შეექმნა. ის თავის თავს სავანის ყველაზე ღვთისმოსავ მემკვიდრედ თვლიდა და სხვებსაც ამავე აზრს უნერგავდა. ამ დღეს კი მაცდურმა დრო იხელთა, რომ ეს მღვდელმონაზონი ცუდ დღეში ჩაეგდო. მან ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ ამ საბრალოს ეფიქრა, თითქოსდა შეპყრობილისაგან სწორედ მის მიერ განიდევნებოდა ეშმაკი. და ამგვარად, როდესაც მან შეპყრობილზე კვეთებულის ლოცვის კითხვა დაიწყო, ეშმაკმა დაიყვირა: „ვაიმე! სად მაგდებ, შე უმოწყალოვ“? მღვდელმონაზონმა იფიქრა, რომ ეშმაკი წუხს, რადგანაც ლოცვებს სწორედ ის კითხულობს, მაშინ, როდესაც სინამდვილეში ეშმაკს სხვა ძმების ლოცვები სდევნიდა. საბრალო მღვდელმონაზონმა ეშმაკს უთხრა: „ჩემში შემოდი“. წმიდა პართენის ცხოვრებიდან ცნობილია, რომ მან მსგავს შემთხვევაში მართლაც მიმართა ეშმაკს სწორედ ამგვარად. მაგრამ ის ხომ წმიდანი იყო? ნამდვილად მოხდა ასეთი რამ წმიდა პართენის ცხოვრებაში. ის ეშმაკს დევნიდა ერთი შეპყრობილი ადამიანიდან. ეშმაკი ყვიროდა: „ვაიმე, ვაიმე, საით წავიდე“? მაშინ წმიდა პართენიმ უპასუხა: „ჩემში შემოდი“. ხოლო ეშმაკმა მიუგო მას: „მხოლოდ შენი სახელის ხსენებაც კი დამწვავს მე, პართენი“! – და განეშორა შეპყრობილ ადამიანს, რომელსაც ტანჯავდა. და აი, ამ მღვდელმონაზონმა, რომელზედაც გესაუბრებოდით, მოინდომა, რომ საკუთარი თავისაგან წმიდა პართენი შეექმნა და ამის ნაცვლად ეშმაკეული გახდა. ამ წუთებიდან ეშმაკი დაეუფლა მას. შემდეგ ის წლების განმავლობაში იტანჯებოდა და სიშვიდეს ვერსად ჰპოვებდა. ის გამუდმებით მოძრაობდა და ერთ ადგილზე ვერ ჯდებოდა. ხან ერში ტრიალებდა, ხან – ათონის წმიდა მათაზე. რა არ გადაიტანა ამ საცოდავმა! მდგომარეობამ, რომელშიც იმყოფებოდა, სულიერ გამოფიტვამდე და ხორციელ დაუძლურებამდე მიიყვანა. ის ციებიანივით კრთოდა. ოდესღაც ხომ კარგი მღვდელი იყო! ახლა კი – ამ მდგომარებაში – წმიდა ლიტურგიის აღსრულება აღარ შეეძლო ნახეთ, რას აკეთებს ეშმაკი?!
– წმიდაო მამაო, არსებობს რაიმე კავშირი ყავის მოხმარებასა და ეშმაკეულს ქმედებებს შორის?
– როდესაც ადამიანის ნერვული სისტემა გაღიზიანებულია და ის ბევრ ყავას სვამს, ნერვები კიდევ უფრო ეძაბება; ეშმაკიკი ამ მდგომარეობით სარგებლობს. ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ ყავაა ეშმაკეული, არა. მაგრამ ეშმაკი კოფეინის ნერვებზე ზემოქმედებას იყენებს და ეშმაკეული უარესად ხდება.
– წმიდაო მამაო, სადღაც წერია, რომ ეშმაკი შეპყრობილი ადამიანის გულში სახლდება, მაგრამ არ სურს, რომ ეს ადამიანი მიხვდეს ამას და იესოს ლოცვით წინ აღუდგეს მას. ეს ნამდვილად ასეა?
– დიახ. იმიტომ, რომ ეშმაკს შეპყრობილ ადამიანში ყოფნის გარკვეული დრო აქვს. ის შესაძლოა, დაიმალოს ადამიანში, წყალზე ჩუმად და ბალახზე შეუმჩნეველად იმყოფებოდეს მასში. მაგრამ თუ იესოს ლოცვით შეებრძოლებიან, შევიწროვდება და შესაძლოა, იძულებული გახდეს, დატოვოს ეს ადამიანი. იესოს ლოცვა – ეს ეშმაკის წინააღმდეგ მიმართული მძიმე არტილერიაა. ერთხელ სენაკში მომიყვანეს ერთი შეპყრობილი ყმაწვილი, რომელიც გამუდმებით იესოს ლოცვას იმეორებდა. ამ საბრალოს მამა ბერი ჰყავდა, მაგრამ მერე იგი განიმოსა, ერში დაბრუნდა და დაქორწინდა. და იმ საწყალს ეშმაკეული შვილი შეეძინა. ღმერთმა ეს იმისათვის დაუშვა, რომ ბავშვს ეზღა ცოდვა და ამით მამა გადაერჩინა; ამასთან, ჩვენ, ბერებს გვქონოდა ცხადი მაგალითი ბერისა, რომელიც დაბრუნდა ერში და საშინელ სამაგიეროს იღებდა. საუბრისას ეშმაკმა შეპყრობილს შეუტია და მან ქათამივით კრიახი დაიწყო. „რა დაგემართა“? – ვკითხე მე, ამავდროულად ვამბობდი: „იესო ქრისტეს სახელით, უწმიდურო სულო, განეშორე ღვთის ქმნილებას“! „თვითონაც მინდა, რომ განვეშორო, იმიტომ, რომ ეს ადამიანი საშინლად მტანჯავს. ის ხომ შეუჩერებლად ლოცვებს ბუტბუტებს. ოჰ, როგორ მინდა პაკისტანში წასვლა და მცირეოდენი ამოსუნთქვა”!
– წმიდაო მამაო, რატომ არ გამოდიოდა ეშმაკი ამ ყმაწვილიდან, ის ხომ იესოს ლოცვას ასრულებდა?!
– ჩანს, თვითონ მანაც მისცა ეშმაკს გარკვეულწილად უფლება საკუთარ თავზე. მაგრამ ეშმაკსაც ხომ ჰყავს თავისი „უფროსობა“ და ბრძანებებს მათგან იღებს.
– წმიდა მამაო, კონკრეტულად რა სიტყვებით უნდა ვილოცოთ შეპყრობილთათვის?
– პირველ რიგში უნდა ვადიდოთ ღმერთი. უნდა ვთქვათ: „გმადლობ შენ, უფალო, რომ შემეწიე და მეც ასეთ მდგომარეობაში არ ვარ. მაშინ, როდესაც შესაძლოა, ამ საბრალოს ადგილას აღმოვჩენილიყავ და მაშინ ჩემში ხუთი-ექვსი კი არა, ათასობით ეშმაკი იცხოვრებდა! გევედრები, უფალო, შეეწიე შენს მონას, რომელიც ასე იტანჯება“! ანუ, ჯერ გულისმიერი ლოცვა უნდა აღესრულოს, მერე კი ვედრებას იესოს ლოცვით გავნაგრძობთ: „უფალო, იესო ქრისტე, შეიწყალე მონა შენი“.
ზოგჯერ, როდესაც შეპყრობილისათვის ვლოცულობთ, თვითონვე ვხდებით მიზეზი იმისა, რომ ეშმაკი არ ტოვებს მას. ეს იმიტომ ხდება, რომ ამპარტავნებით ვლოცულობთ. თუკი თუნდაც მხოლოდ ერთ ამპარტავნულ აზრს მივიღებთ, მაგალითად, ვიფიქრებთ: „ახლა მე ჩემი ლოცვით იმას ვიზამ, რომ ეშმაკი ტყვიასავით გამოვარდება შეპყრობილიდან”! მაშინ ეს აზრი მყისვე წინ აღუდგება საღმრთო შეწევნას და ჩვენვე მივცემთ საშუალებას ეშმაკს, რომ დარჩეს ამ უბედურ ადამიანში.
როდესაც უწმიდური სულით შეპყრობილი ადამიანებისათვის ვლოცულობთ, ეს ყოველთვის სიმდაბლით, ტკივილითა და სიყვარულით უნდა ვაკეთოთ. მახსენდება ერთი ეშმაკეული ქალი, რომლის გამოც განსაკუთრებულად ძლიერად მიწუხდა სული. ამ უბედურმა დაუთმო ცოდვას, ეშმაკს „ხო“ უთხრა და მას შემდეგ მრავალი წელია არაწმიდა სულისაგან იტანჯება. ეშმაკი სწვავს მის ხორცს. ის და მისი ქმარი სხვადასხვა მონასტრებში მოგზაურობენ, თან თექვსმეტი წლის ქალიშვილი დაჰყავთ. ღამეებს ეს ოჯახი ტაძრებში ათევს და ღამისთევის ლოცვას აღასრულებს. მამაკაცი რომ ყოფილიყო ეს საბრალო, გულში მაგრად ჩავიხუტებდი... რადგანაც თუკი საღვთო სიყვარულით აღსავსე – შეპერობილს გულში მაგრად ჩაიკრავ, ამით მასში დაბუდებულ არაწმიდა სულს ძლიერად დატანჯავ.
თუ ეშმაკეულს არ აწყენინებ და სიტყვას არ შეუბრუნებ, არამედ გულს გატკენს მისი მდგომარეობა, მცირე თუ დიდიხნით ეშმაკი დატოვებს მას. სიმდაბლე ყველაზე ძლიერი, შოკისებური დარტყმაა ეშმაკისათვის. ერთ მონასტერში მომლოცველთაგან თაყვანისაცემად წმიდა ნაწილები გამოაბრძანეს; მოულოდნელად, ერთი მომლოცველი, რომელშიც უწმიდური იმყოფებოდა, მიახტა იღუმენს და ხმამაღლა დაიღრიალა: „შენ რა?! გინდა,რომ ამ ნაწილების თაყვანისცემა გვაიძულო“? იღუმენმა სიმდაბლითა და სიკეთით უპასუხა: ,,არა, ძალით კი არა. მხოლოდ თქვენი თავისუფალი კეთილი ნების მიხედვით“. მაშინ მან იღრიალა: „მე კი ძალით მივალ“. ეშმაკეული მივარდა წმიდა ნაწილებს და თაყვანი სცა მათ. ხედავთ, იღუმენის სიმშვიდე და სიმდაბლე თვალში არ მოუვიდა ეშმაკს. ეშმაკებს ხომ სიმდაბლისა და სიკეთისა ეშინიათ.
– წმიდა მამაო, ეხმარება ეშმაკეულებს იმ წმიდანის მადლი, რომელთა დღესასწაულზეც ეს საბრალოები ტაძარში მიდიან?
– სჯობს, თუ ეშმაკეულები სატაძრო დღესასწაულებზე არ ივლიან, იმიტომ, რომ ისინი ხალხს ხელს უშლიან ლოცვაში. ტაძარში კი უწესრიგობა იქმნება. ჯობს, სხვა დღეს მივიდნენ, რომ წმიდა ნაწილებსა და ხატებს სცენ თაყვანი. იმ შემთხვევაშიც კი,როდესაც მისმა ახლობლებმა იციან, რომ ტაძრის დღესასწაულზე შესაძლოა, იყოს ადამიანი, ვისაც მათი დახმარება შეუძლია, მაინც არ უნდა წაიყვანონ იქ ეშმაკეული დღისით, როდესაც ბევრი ხალხია შეკრებილი. ჩვენ ხომ რეკლამა არ გვინდა.
გარდა ამისა, ადამიანები გარს არ უნდა შემოერტყან ეშმაკეულს, რომელსაც შეტევა აქვს. რამოდენიმე დღის წინ ერთი საბრალო ეშმაკეული ბავშვი ჩიოდა ჩემთან: „მე საფრთხობელად ვიქეცი“! როდესაც მას ეშმაკეულობის შეტევა დაემართა, მის გარშემო ხალხი ყორნების გუნდივით შეიკრიბა. ეს ჩემი სენაკის სიახლოვეს ხდებოდა. „წადით აქედან, ეს ხომ საცირკო სანახაობა არ არის“. – ვეუბნებოდი მათ. მაგრამ არ მისმინეს და არ მიდიოდნენ. ადამიანები ვერ გრძნობენ, რომ თუ ვინმეს რაიმე ნაკლი აქვს და ეს ნაკლი სხვების თვალწინ გამომჟღავნდა, ის სხვათა დასაცინი ხდება.
– წმიდა მამაო, საღმრთო ზიარება ეხმარება ეშმაკეულებს?
– მათთვის, ვინც ეშმაკეული დაიბადა, ხშირი ზიარება ყველაზე მოქმედი წამალია, რადგანაც არაწმიდა სული მათში მათივე მიზეზით არ შესულა. თუკი ასეთი ადამიანი არ დრტვინავს, ვიდრე საღმრთო მადლი არ განკურნავს არაწმიდა სულისაგან, მას დიდი სამაგიერო ელის. ასეთი ადამიანები თავიანთი მოთმინებით მოწამეებს ემსგავსებიან და ამიტომ მათთვის ხშირი ზიარება აუცილებელია. მაგრამ, თუკი ადამიანი თავისი უყურადღებობის გამო გახდა შეპყრობილი, მისთვის აუცილებელია სინანული, აღსარება და იმისათვის, რომ განიკურნოს – ღვაწლის აღსრულება. ხოლო ზიარება მისთვის მოძღვრის კურთხევით არის შესაძლებელი მაშინ, როდესაც დაწესებულ ეპიტიმიას შეასრულებს. თუკი ასეთი ადამიანი სინანულისა და აღსარების გარეშე ეზიარება, უწმიდური სული უმეტესი ძალით დაეუფლება. როდესაც ერთი ეშმაკეული ბარძიმთან საზიარებლად მიიყვანეს, მან წმიდა ძღვენი გადმოანერწყვა. ქრისტემ საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად, იქამდე დამდაბლდა, რომ თავისი სისხლი და ხორცი მისცა ადამიანებს, ეს უბედური კი ამ სისხლსა და ხორცს აფურთხებს. რა საშინელებაა! ეშმაკი არ იღებს დახმარებას!
– წმიდაო მამაო, შეიძლება, რომ ეშმაკეულის სახელი პროსკომიდიაში მოსახსენებლად გადავცეთ?
– დიახ, რა თქმა უნდა. როდესაც ღვთისმსახური მტკივნეული გულით მოიხსენიებს შეპყრობილ ადამიანს, ამით ის უდიდეს შეწევნას იღებს.
– წმიდაო მამაო, ზოგჯერ ხდება, რომ ეშმაკეული მოინანიებს, აღსარებას იტყვის, რეგულარულად ეზიარება, მაგრამ კვლავ ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ რჩება. რატომ?
– ეშმაკი არ მიდის, რადგანაც ამ ადამიანის სულიერი მდგომარეობა ჯერაც არ არის სტაბილური. როცა ღმერთი მაშინვე ეხმარება ადამიანს, რომ ეშმაკეული მდგომარეობიდან გამოვიდეს, მაშინ ეს ადამიანი მეყსეულად კვლავ მიზეზს აძლევს ეშმაკს, რომ მასში დაბრუნდეს. ამიტომ ღმერთი – თავისი უსაზღვრო სიყვარულით – ნებას რთავს ბოროტებას, რომ მან ნელა, თანდათანობით დაიხიოს უკან. ამგვარად ადამიანი იხდის სასჯელს მის მიერ აღსრულებული ცოდვისთვის, ამასთან საკუთარ სულიერ მდგომარეობასაც ნელ-ნელა ამყარებს. და რაც უფრო განამტკიცებს თავის სულიერ მდგომარეობას, მით უფრო უკან იხევს ცოდვა. ასე რომ, რამდენად სწრაფად გათავისუფლდება ადამიანი ეშმაკეული ზემოქმედებისაგან, თვით მასზეა დამოკიდებული. ერთხელ ერთმა მამამ, რომელსაც ეშმაკეული შვილი ჰყავდა, მკითხა: „როდის გამოჯანმრთელდება ჩემი შვილი“? მე კი მივუგე: „როცა საკუთარ სულიერ მდგომარეობას განამტკიცებ, მაშინ შენი პირმშოც მიიღებს შეწევნას“. ეს საბრალო ბავშვი სულიერად ცხოვრობდა, მამა კი უშლიდა და ამბობდა, რომ გავგიჟდები, თუ ჩემი შვილი ცხოვრების წესს არ შეიცვლისო. მერე მამა თვითონვე დაატარებდა ვაჟს უწესო სახლებში. შედეგად ბავშვი ცოდვამ ჩაითრია და უწმიდური სული დაეპატრონა. როდესაც მასში მყოფი ეშმაკი შემოუტევდა, საბრალო ბიჭი უწმიდური განზრახვით შეპყრობილი, საკუთარ დედას მივარდებოდა ხოლმე. იმისათვის, რომ ამ საშინელებისაგან თავი დაეცვა, უბედური დედა იძულებული გახდა, ერთ-ერთ კუნძულზე გამგზავრებულიყო. მამამ შეინანა და ცდილობდა, სულიერად ეცხოვრა, მაგრამ ვაჟი არ გამომჯობინებულა. ის მხოლოდ მას შემდეგ განიკურნა, რაც მამამისმა მასთან ერთად მოიარა ყველა მონასტერი და წმიდა ადგილი, წაიკითხა და კარგად გაითავისა ყველა წმიდანის ცხოვრება და საბოლოოდ განმტკიცდა სულიერ მდგომარეობაში.
– წმიდა მამაო, დღეს ჩვენს მონასტერში მოიყვანეს ეშმაკეული ქალი და გვთხოვეს, დაგვეძახა მღვდლისათვის, რომ მასზე კვეთებულის ლოცვა წაკითხულიყო. როგორ უნდა მოვქცეულიყავით?
– ამ შემთხვევაში ახლობლებისათვის უნდა გეთქვათ, რომ ამ საბრალო ადამიანის მოძღვრის გადასაწყვეტი იყო, დაუყოვნებლივ უნდა წაკითხულიყო კვეთებულის ლოცვა თუ – არა. რადგან, თუკი მასში ეშმაკი იმყოფება, ეს იმას ნიშნავს, რომ ან მან თვითონ, ან მისმა მშობლებმა ჩაიდინეს სერიოზული ცოდვა და სწორედ ამის გამო მოიპოვა ეშმაკმა ძალაუფლება ამ საბრალოზე. ეშმაკი ხომ თან მოჰყვება ხოლმე ცოდვას. თუკი ცოდვის აღსრულების შემდეგ ადამიანები არ მოინანიებენ და აღსარებას არ იტყვიან, მაშინ ცოდვა არ ტოვებს მათ და შესაბამისად – არ ტოვებს ეშმაკი. ან იქნებ ღმერთმა ამ საბრალოს ეშმაკეულობა დაუშვა რაღაც სულ სხვა მიზეზით, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით.
– წმიდა მამაო, ეშმაკეულებს კვეთებულის ლოცვა შველით?
– სხვადასხვა ეშმაკეულს – სხვადასხვაგვარად. კვეთებულის ლოცვა ყველაზე მეტად ქმედითია, როდესაც ის ეკითხება პატარა ბავშვს, რომელსაც არ ესმის აღსარების არსი. ასევე კვეთებულის ლოცვა შველის იმ ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც გონება აქვს დაკარგული და აღსარება არ შეუძლია. თუკი ეშმაკეული სრულ ჭკუაზეა, ყველაზე მეტად ის უშველის, რომ იპოვოს მიზეზი –თავისი დანაშაული, რომლის გამოც შეპყრობილი გახდა. მან უნდა შეინანოს, აღსარება თქვას და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ეს აუცილებლი იქნება, მას კვეთებულის ლოცვა წაეკითხოს. ხომ შესაძლოა, ეშმაკმა მაშინაც დატოვოს ადამიანი, როდესაც მას აღსარების შემდეგ მიტევების ლოცვა წაეკითხება.
ზოგიერთი ღვთისმსახური ერთად აგროვებს მათ, ვინც უწმიდური სულითაა შეპყრობილი და მათაც, ვინც ავადაა და ყველას ერთად უკითხავს კვეთებულის ლოცვას. მახსოვს, როგორ მოიყვანეს კვეთებულის ლოცვაზე პარკინსონით დაავადებული კაცი. დღესაც ჰყავდათ აქ ერთი ხანში შესული ადამიანი და ამბობდნენ, უწმიდური სულითაა შეპყრობილიო. ამ საბრალოს მარცხენა ხელი უკანკალებდა. დროდადრო მას შეტევა ემართებოდა. „რამდენი ხანია, რაც ამ მდგომარეობაში ხარ“? – ვკითხე. „ბავშვობიდან“, – მიპასუხა მან. გამიკვირდა. მერე შევნიშნე, რომ მას თავზე, მარცხენა მხარეს შეჭყლეტილი ჰქონდა, როგორც ჩანს – სამშობიარო ტრავმის შედეგი და ის, რაც მას ჭირდა, სწორედ ამის მიზეზით იყო. წამოიდგინეთ: კაცი ავად არის, ამ დროს კი ეუბნებიან, რომ მასში არაწმიდა სულია დაბუდებული, უკითხავენ კვეთებულის ლოცვას, უბრძანებენ: „გამოდი, უწმიდურო სულო. და შედეგად ის მხოლოდ ხალხის დასაცინი ხდება. ასე არ შეიძლება! რამდენ ბავშვს თვლიან ეშმაკეულად, როცა მათში არანაირი ეშმაკი არ არის სინამდვილეში. ერთხელ ოცი წლის ყმაწვილი მომიყვანეს. მასზე ამბობდნენ, შეპყრობილიაო. მას დასალევად წმიდა წყალი მივეცი, მაგრამ რეაქცია არ ქონია. „როგორ ვლინდება ყველაფერი ის, რის შესახებაც მელაპარაკებით, რამდენი ხანია, რაც ამით იტანჯება“? – ვკითხე მამამისს. „ჩვენ მაღაზია გვაქვს და ბიჭი 16 წლის იყო, როდესაც იქ მისი მოკლული პაპის ცხედარი მიიტანეს; ეს უცნაურობები სწორედ იმ ხანიდან დაეწყო“. მიპასუხა მან. და აი, რა მოხდა: საწყალმა ბავშვმა უბრალოდ ნერვული მდგომარეობა გადაიტანა. მის ადგილას მოზრდილი ადამიანი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, განცდილის შემდეგ მასაც კი შერყეოდა ჯანმრთელობა. ბავშვზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! და ნახეთ, რა ხდება: ამ საბრალოს ეშმაკეულად არ მიიჩნევენ?!
– წმიდაო მამაო, შეიძლება, რომ კვეთებულის ლოცვა ხმამაღლა კი არა, – ჩუმად, უხმოდ იკითხებოდეს?
– ასე ჯობს კიდეც. კვეთებულის ლოცვაში მთავარი ისაა, რომ ის ტკივილით, თანაგრძნობით ითქმოდეს და არა – ამპარტავნებით. როდესაც სასულიერო პირი ხმამაღლა და ამპარტავნულად უბრძანებს უწმიდურ სულს: „გამოდი, უწმიდურო სულო“! ეს ანრისხებს ეშმაკს, ის აფთრდება, ეშმაკეულის ეგოიზმზე ზემოქმედებს და შესაძლოა, ესეც კი უთხრას მას: „ნახე, მთელი ქვეყნის წინაშე სასაცილოდ აგიგდო, მიდი, მაგ მღვდელს კისერში მოსცხე“. უწმიდური სულის მიერ აღძრული ეშმაკეული სასულიერო პირის ცემას იწყებს, შედეგად კი გაქცევა ეშმაკს კი არა, თავად მას უწევს – თავის კურთხევანთან ერთად. ერთხელ ერთმა მღვდელმა კვეთებულის კითხვისას ეშმაკეულს უთხრა: „გიბრძანებ შენ, არაწმიდა სულო, გამოდი ამ კაცისაგან“! „ხოდა, სწორედ იმიტომ არ გამოვალ, რომ შენ მიბრძანებ“! მიუგო ეშმაკმა შეპყრობილის ბაგით. ამიტომაც ვურჩევ ღვთისმსახურებს, რომ კვეთებულის ლოცვის კითხვისას ნურასოდეს დაიწყებენ ამგვარი სიტყვების ხმამაღლა ძახილს: „გამოდი, უწმიდურო სულო“! შეიძლება, კაცმა იფიქროს, რომ ეშმაკი ყრუა! არც ეშმაკეულის ახლობლებს ვურჩევ, ყველას ამცნონ, რომ კვეთებულის ლოცვის წასაკითხად სახლში ღვთისმსახური მოიწვიეს. სჯობს, სხვებმა იცოდნენ, რომ მოძღვარი პარაკლისის შესასრულებლად მოვიდა. ხოლო, კვეთებულის ლოცვა, იმისათვის, რომ სხვების ყურადღება არ მიიქციოს, სჯობს, დაბალი ხმით იკითხონ.
რაც არ უნდა თქვა, ის ადამიანი, ვის არსებაშიც ეშმაკი იმყოფება მეტისმეტად იტანჯება. ასეთი ადამიანი ხომ მდაბლდება, თანაც იგვემება ეშმაკისაგან! ერთხელ სტავრონიკიტას მონასტერში უწმიდური სულით შეპყრობილ 23 წლის ყმაწვილს შევხვდი. ძვალი და ტყავი! საშინელი სიცივე იდგა. ტაძარში ღუმელი ენთო. ხოლო მოკლესახელოებიანი მაისურით შემოსილი ბიჭი კარიბჯეში იჯდა. ამას ვერ გავუძელი, მივედი და თბილი ბეწვის სვიტერი მივეცი. „ეს სვიტერი ჩაიცვი, ნუთუ არ გცივა“? ვუთხარი მე. „რის სიცივე, მამაო, ერთიანად ვიწვი“, – მომიგო მან. ნახეთ, რა ხდება?! ეს ყველაზე უარესი წამებაა.
არსებობენ ეშმაკეულები, რომლებიც თავიანთი ბუნებით განსაკუთრებული მგრძნობიარობით გამოირჩევიან. ასეთ ადამიანებს ეშმაკი უნერგავს, რომ ისინი ვერ ცხონდებიან და თვითმკვლელობისაკენ უბიძგებს. რა საშინელებაა! ეს სახუმარო საქმე როდია! ერთ ეშმაკეულს ვიცნობდი, რომელმაც ღვთისმსახურებსაც კი თავი მოაბეზრა. ის ტაძარში მოდიოდა, რომ მისთვის კვეთებულის ლოცვა წაეკითხათ, მღვდლები კი აგდებდნენ. მაშინ ეშმაკმა მას ჩემზე დაუწყო ლაპარაკი. „იმასთანაც ნუ მიხვალ, არც ის მიგიღებს“. ეშმაკმა სასო წარუკვეთა მას.
მახსოვს ერთი ეშმაკეული, რომელიც წმიდა არსენი კაპადოკიელის მადლით გათავისუფლდა ეშმაკისაგან. რა განსაცდელები აღარ მოუწყო ამის შემდეგ მას ეშმაკმა! უკვე არაწმიდა სულისაგან დახსნილი ის მონასტერში მოვიდა, რომ წმიდა არსენის ნაწილებისათვის ეცა თაყვანი. მაგრამ მონასტერი დაკეტილი დახვდა. მაშინ ჭიშკრის სიახლოვეს ეშმაკი წმიდა არსენის სახით გამოეცხადა მას და უთხრა: „შენი ფეხი აღარ ვნახო აქ. არც მე და არც პაისის შენი ნახვა არ გვსურს“! ამგვარად ეშმაკმა გააგდო ის. გესმის?! ამის შემდეგ ამ საბრალომ წმიდა არსენის გმობა და ჩემი ლანძღვა დაიწყო. ხო, კარგი, მე ლანძღვას ვიმსახურებ კიდეც, მაგრამ წმიდანის გმობა! შედეგად ეს უბედური კვლავ ეშმაკეული გახდა. დიახ, თუ ადამიანი უბრალოდ, უსირცხვილოდ იქცევა, მას საღმრთო მადლი განეშორება. იმათზე კი მითუმეტეს, რა ითქმის, ვინც წმიდანებს გმობენ! შემდეგ ის ათონის მთაზე ჩამოვიდა, ჩემს სენაკთან დადგა და აყვირდა: „რა დაგიშავე, რომ ჩემი ნახვა არ გინდა? რატომ არ გინდა ჩემი დახმარება? გინდა, რომ ასე ვიტანჯო?“ მე კი მივუგე: „ბრიყვო, ვინც შენ გამოგეცხადა და გაგაგდო, ეშმაკი იყო, ის წმიდანი არ ყოფილა. წმიდანები ადამიანებს არ აგდებენ“. მაგრამ ის ყურს არ მიგდებდა და თავისაზე იდგა. იცით, როგორ იტნაჯებიან, როგორ ეწამებიან ყოველდღიურად ეს საცოდავები?
ბევრი ეშმაკეული სხვების გამოსაფხიხლებლად იტანჯება. როდესაც ეშმაკეულების ტანჯვას ხედავენ, სხვები გონს მოდიან, ფიქრდებიან და სინანულს განიცდიან. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეშმაკეულებს სხვებზე მეტი ცოდვა აქვთ. მაგრამ ღმერთი უშვებს, რომ ისინი ეშმაკეულები გახდნენ. შედეგად ისინი მდაბლდებიან, მორჩილებას იძენენ, ცოდვებს გამოისყიდიან და სამაგიეროს იღებენ. თუმცა სხვებსაც, ვინც მათ ტანჯვას უცქერენ, დიდი სარგებლობის მიღება შეუძლიათ.
რა თქმა უნდა, ვიღაცამ შესაძლოა, თქვას, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მიუხედავად მძიმე და მრავალი ცოდვისა ,ეშმაკეულები არ გამხდარან. რატომ ხდება ასე? აი, რატომ: როდესაც ადამიანი სრულ გულქვაობამდე მიდის, ის ეშმაკეული თავდასხმების სამიზნე უკვე აღარ ხდება, იმიტომ, რომ ღმერთი ხედავს, რომ ამისაგან ის უკვე ვერანაირ სარგებელს ვეღარ მიიღებს. ჩვენთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ეს გარკვეულწილად ღმერთის კიდევ ერთი წყალობაა ცოდვილი ადამიანის მიმართ, რათა ის დამდაბლდეს, შეინანოს და ცხონდეს.
[1] - შეად. ლუკ. 8, 26. და ქვემოთ.
[2] - ლუკ. 8,.30.
[3] - ლუკ. 8, 30. ლეგიონი – რომაული ჯარის შენაერთი სამიდან ექვსი ათასი ჯარისკაცის ოდენობით.
[4] - ბერი ამბოს, რომ ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს კარგი, მორწმუნე ფსიქიატრის სამედიცინო მკურნალობა და სასულიერო პირის სულიერი დახმარება ჭირდება. მაშინ, როდესაც უწმიდური სულით შეპყრობილისთვის (იმ შემთხვევაში, თუ გონება ჯანმრთელი აქვს) აუცილებელია, გამოიძიოს საკუთარი დანაშაული, რათა უწმიდური სულისაგან გათავისუფლდეს.
[5] - ბერს მხედველობაში აქვს ზოგიერთ ჩანაწერში (აუდიო-ჩანაწერი იგულისხმება) არსებული ინფორმაცია, რომელსაც მსმენელი ქვეცნობიერად იღებს. როკ-მუსიკის ბერძენი მკვლევარი ქალის ე. დადის წიგნში „როკ-მუსიკა“ მოტანილია 16 მაგალითი, როდესაც როკ და პოპ-მუსიკის ბერძენი და დასავლელი ცნობილი შემსრულებლები თავიანთ სიმღერებში და ჩანაწერებში ქვეცნობიერის დონეზე მსმენელს სატანის თაყვანისცემის, ნარკოტიკების მოხმარების და გარყვნილებისაკენ მოუწოდებენ.
[6] - ნიკოს კაზანდზაკისი (1885-1957) – ცნობილი ბერძენი ღვთისმგმობელი და ანტიქრისტიანული მწერალი. ავტორი წიგნისა „უკანასკნელი ცდუნება“ (რომელმაც სახელი გაითქვა მ. სკორცეზის მიერ გადაღებული ფილმით) და კიდევ სხვა წიგნებისა, რომელბიც გმობენ ქრისტეს ეკლესიას და წმიდა ქრისტიანულ სარწმუნოებას.
[7] - წმიდა პართენი ლამპსაკიელის ხსენება აღესრულება 7 თებერვალს.
[8] - ნახეთ: მამა პაისი „მთაწმინდელი მამები და მთაწმინდური ისტორიები“
[9] - ბევრ ბერძნულ მონასტერში, რომელიც ათონის მთაზე არ მდებარეობს, კვირის მანძილზე, მარხვის დღეებში (ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს) – მთელი დღის განმავლობაში სავანის კარი არ იღება, რათა ამ დროს ბერებმა შეძლონ, ერთან ურთიერთობა შეწყვიტონ და მხოლოდ საკუთარ თავზე იმუშაონ. სხვა დღეებში სავანე განსაზღვრულ საათებში იღება, ამ დროს მომლოცველებს შეუძლიათ მოინახულონ და მოილოცონ მონასტერი და მისი სიწმიდეები.