მამა პაისი მთაწმინდელი

საშინელი საცდურები და ხიბლები

მოღვაწეობა და ხიბლი

– წმიდაო მამაო, ხიბლი მაშინებს.

– სწორადაც იქცევი. ვისაც ხიბლისა და საცდურისა ეშინია, ხიბლში აღარ ვარდება, იმიტომ, რომ ის ყურადღებითაა და მოძღვარს თავის ზრახვებს ამცნობს. ის არაფერს მალავს და ამგვარად შეწევნას იღებს.

– წმიდაო მამაო, რას ნიშნავს ხიბლისაკენ მიდრეკილება?

– ხიბლისაკენ მიდრეკილება იმას ნიშნავს, რომ შენში ცოცხლობს იდეა, თითქოსდა რაღაცას წარმოადგენდე და სხვებს აჩვენებ, რომ ღვაწლს აღასრულებ. ხიბლისაკენ მიდრეკილება ნიშნავს, თვლიდე, რომ გარკვეულ სულიერ დონეს მიაღწიე, რამდენადაც რაღაც ღვაწლს აღასრულებ. სხვებზე კი ფიქრობდე, რომ მათ სულიერი ცხოვრების არსი ჯერაც ვერ შეუცვნიათ და ამპარტავნულად ეპყრობოდე. თუ ადამიანი ეგოისტურად აიძულებს საკუთარ თავს, რომ იღვაწოს და სურს, რომელიმე წმიდანს გაუტოლდეს, რათა ამით სხვათა აღტაცება დაიმსახუროს, – ეს უკვე ხიბლის დასაწყისია. ერთი საქმეა, აიძულო საკუთარი თავი იღვაწოს, ხოლო მეორე – დააძალო მას. ერთხელ ერთ ადამიანს ვუთხარი: „ყურადღებით იყავი, რომ სულიერ ცხოვრებასთან არასწორმა დამოკიდებულებამ ხიბლში არ ჩაგაგდოს. შენ სულიერი საფრთხის წინაშე დგახარ“. „მე და – ხიბლი?! – გაიკვირვა მან, – მე ხომ ხორცსაც კი არ ვჭამ“. ამასთან ეს ადამიანი აღსარებასაც კი არ ამბობდა. თავის ცოდვებს ის ხატს „ეუბნებოდა“. „მართლმადიდებელი ხარ თუ პროტესტანტი? – ვუთხარი მე, რომელ წიგნში წაიკითხე, რომ აღსარება ასე უნდა თქვა“? „რა, განა ქრისტეს ჩემი არ ესმის“? – მომიგო მან. გესმით, რა ხდება?!

– წმიდაო მამაო, ხორციელი მოღვაწეობა ვნებების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება?

– თუ ხორციელი მოღვაწეობა ვნებების დასათრგუნად აღესრულება, მაშინ ეხმარება. ხორცი ითრგუნება და სხეული სულს ემორჩილება. მაგრამ თუკი ვინმე მშრალი მოღვაწეობითაა [1] დაკავებული, შედეგად მას ილუზია ექმნება. ასეთი სახის მოღვაწეობა ხომ სულიერ ვნებებს აყალიბებს, ამპარტავნებას ავითარებს, თვითდაჯერებულობას აძლიერებს და ხიბლისკენ მიუძღვება. მაშინ, როდესაც საკუთარ „მშრალ“ მოღვაწეობას უცქერს, ადამიანი ასკვნის, რომ სულიერად წარმატებულია, ის ამპარტავნდება: „მე ასეთი და ასეთი სულიერი ღვაწლი მაქვს ნატვირთი, ის ძმა კი ამაში მოიკოჭლებს. მე უკვე მივაღწიე ამადა ამ წმიდანის დონეს, იმ წმიდანს კი გადავამეტე“. – და ის კიდევ უფრო მეტს მარხულობს და მეტ მღვიძარებაშია. მაგრამ მისი ყოველგვარი შრომა ამაოდ იხარჯება, იმიტომ, რომ ყოველივე ამას ის ვნებების მოსაკვეთად კი არ აღასრულებს, არამედ იმისათვის, რომ ეგოისტური კმაყოფილება განიცადოს. ერთ ბერს ვიცნობდი, რომელიც ხორციელ ღვაწლს ამპარტავნებით აღასრულებდა. საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ უდიდესი ასკეტი იყო. უკვე იქამდე მივიდა, რომ აღარ ჭამდა, ტანსაცმელს აღარ ირეცხავდა და საშინელ სიმყრალესა და სიბინძურეში იწვა. მისი სამოსი სიბინძურისგან ერთიანად დალპა. ერთხელ ტანსაცმელი ავიღე, რომ გამერეცხა, მაგრამ გასარეცხიც აღარაფერი იყო. ერთხელაც მან მითხრა: „ღირსი იოანე გლახაკი უკვე უკან ჩამოვიტოვე“ [2]. „რას როშავ, შენ გგონია, რომ იოანე გლახაკმა სიწმიდეს სიბინძურით მიაღწია“? – მივუგე მე. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მოვიდა ჩემთან და გამომიცხადა: „ღირსი მაქსიმე კავსოკალიველიც [3] უკან მოვიტოვე“. „მაინც – როგორ მოიტოვე უკან“? – ვეკითხები. „როგორ და უბრალოდ – მთელ ათონის მთას ბზრიალასავით გარს ვუვლი“! „შენცა ხარ რაღა! წმიდა მაქსიმემ უსხეულოთა მდგომარეობას მიაღწია და ბზრიალასავით კი არ ტრიალებდა შენსავით, არამედ – დაფრინავდა“, – ვუპასუხემე. მერე ამ ადამიანმა სიკვდილის ხსოვნის „გამომუშავება“ დაიწყო და გონებაში ჩაინერგა: „ახლა მე ჯოჯოხეთში ვიმყოფები“. კიდევ მცირე ხანი გავიდა და მან ვითომდა სიმდაბლის მოსაპოვებლად დაიწყო ლაპარაკი: „ახლა მე ეშმაკი გავხდი, სატანად ვიქეცი, წავალ და ჩემს მიმდევრებს შევკრებ“. სწორედ ასე ჩავარდა ეს ადამიანი ხიბლში.

 

წარმოსახვასთან ყურადღებით უნდა ვიყოთ

– წმიდაო მამაო, თქვენ ამბობდით, რომ ლოცვის დროს გონება ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სხვადასხვა სურათებს და სხვა მსგავს რამეს უნდა ავარიდოთ, რატომ უნდა გავექცეთ ასეთი სურათების ხილვას?

– იმისათვის, რომ ეშმაკმა წარმოსახვის საშუალებით ხიბლში არ ჩაგვაგდოს. წარმოსახვა კარგი რამ არის და თუ მას გონივრულად გამოვიყენებთ, დიდი ძალა აქვს. არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, ნახონ რაღაც პეიზაჟი და ერთი წლის შემდეგ ზუსტად ახსოვდეთ ის ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში და ტილოზე გადაიტანონ. ამის შესაძლებლობას ადამიანს ღმერთი ანიჭებს, ეშმაკი კი ამას თავისი მიზნებისთვის იყენებს. ხიბლით დასნეულებული ადამიანები ნანახსა და წაკითხულს, როგორც თვითონ სურთ, ისე წარმოიდგენენ. მერე კი იჯერებენ, რომ სურათი, რომელიც მათ წარმოდგენაშია დახატული, ნამდვილია. იმისათვის, რომ ამ საბრალოებმა შეწევნა მიიღონ, მათთვის გამუდმებული თვალყურის დევნებაა საჭირო, რამდენადაც ეშმაკი გამუდმებით თავის ნებაზე ატირიალებს მათ.

ამიტომ, როდესაც წარმოსახვით უხვად დაჯილდოებულ ადამიანს ეუბნებიან, რომ ის არასწორად აზროვნებს, მას მართლაც უღირს, რომ დაფიქრდეს და საკუთარი აზრების ბოლოს კითხვის ნიშანი დასვას. ვიცნობდი ერთ უბრალო ქალს, რომელიც მთელი ცხოვრება ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, რომ აქვე – ამ ცხოვრებაში ეხილა ქრისტე, რადგანაც – როგორც თვითონ ამბობდა, იმქვეყნიურ ცხოვრებაში მაინც ვერ იხილავდა მას. მართლაც, როდესაც ის ერთხელ საზიარებლად მივიდა, ბარძიმთან მან იხილა ქრისტე – ყრმის სახით, სისხლიანი თმით. შემდეგ ხილვა გაქრა და ქალმა ზიარება შეძლო. ამ მოვლენის შემდეგ მტერი გამუდმებით ამუშავებდა მის აზრებს იმ მიმართულებით, რომ მას თავი დიდ ვინმედ წარმოედგინა. თანაც გამუდმებით აღაგზნებდა მის ფანტაზიას და „კინოჩვენებებს“ უწყობდა. ერთხელ ათონიდან ჩასული მას ერთ სახლში შევხვდი, სადაც ეს საბრალო თავშეყრილ ქალებსა და კაცებს თავისი ფანტაზიების შესახებ უამბობდა. მისი გონს მოყვანა უზარმაზარ შრომად დამიჯდა. ყველას თვალწინ კარგა გვარიანად შევახურე, რომ მისი ხიბლის მდგომარეობა გამომეაშკარავებინა და სიმდაბლე მოეპოვებინა.

– წმიდაო მამაო, ეს ხილვები მისი ფანტაზიები იყო?

– ფანტაზიები და ხიბლი.

– წმიდაო მამაო, ის რა, მოძღვარს არ უამბობდა ამ ხილვების შესახებ?

– იცი, ასეთ დროს როგორ ხდება ხოლმე? სატანა ასეთ ადამიანებს ატყუებს იმით, რასაც ისინი ხედავენ; ისინი იმდენად გონებადაფანტულები ხდებიან, რომ აზრადაც არ მოსდით, ასეთი ხილვები მოძღვარს უამბონ. რა დახელოვნებულია ეშმაკი! საშინელებაა.

თუ ადამიანი საკუთარ წარმოსახვას არ მოუფრთხილდება, მაცდური შეძლებს, ყველაზე უბრალო, ბუნებრივი მოვლენების საშუალებით ჩააგდოს ის ხიბლში. როდესაც სტომიონის მონასტერში ვცხოვრობდი, მწუხრის კითხვისას, ზამთრობით ღუმელს ვანთებდი ხოლმე. მონასტერში ქალაქიდან მოსული ქალები ამჩევნდნენ, რომ მწუხრზე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კანკელის ხატიდან ტკაცუნის ხმა ისმოდა. ამას მე ყურადღებას არ ვაქცევდი, ქალებმა კი ერთმანეთში ჩურჩული დაიწყეს: „წარმოგიდგენიათ, როდესაც ბერი მწუხრის ლოცვას კითხულობს, ხატი ტკაცუნს იწყებს“. მათი ჩურჩული რომ მომესმა, ვიფიქრე: „მოდი ერთი, ვნახავ, საიდან ისმის ტკაცუნი“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე საღმრთო მოვლენებისა არ მწამს. მწამს, რომ დედა ღვთისა ეცხადება ადამიანებს და ესაუბრება მათ და ისინი, ვისაც შესაბამისი სულიერი მდგომარეობა აქვთ, ხედავენ კიდეც მას. თუმცა ყველა ასეთ შემთხვევაში დიდი სიფრთხილეა საჭირო. სკამი დავიდგი, ზედ ავედი და შევხედე ხატს, რათა გამერკვია, რა ემართებოდა. გაირკვა, რომ დაფა, რომელზედაც ხატი იყო დაწერილი, ძველია, უკანა მხარე შპონებით გამაგრებული. როდესაც ღუმელი დაინთებოდა, შპონები თბებოდა, ფართოვდებოდა და ამის გამო ტკაცუნობდა. ხატი ლურსმნით გავამაგრე და მან ტკაცუნი შეწყვიტა. ყოველივე ამის შემდეგ ქალებს ვკითხე: „აბა, კიდევ გესმით ტკაცუნი“? მათ იუარეს. „აი,ხომ ხედავთ, მსგავს რაღაცას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ“. უდიდესი სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც, თუკი ადამიანში წამოსახვა ერთხელ გაშლის ფრთებს, მთელი მისი ცხოვრება არარაობად იქცევა.

– წმიდაო მამაო, მაშ როგორ უნდა მივხვდეთ, ზებუნებრივი მოვლენა ღვთისაგანაა თუ ეშმაკისაგან.

– ეს აშკარად ჩანს. თუკი მოვლენა ღვთისაგან არ არის, ეშმაკი ადამიანში ამპარტავნულ აზრებს ნერგავს. გარდა ამისა, ეშმაკეული ხილვა ულაზათო ნახელავია, ის თვით ღვთის გმობამდეც კი მიდის. ერთხელ ჩემთან სენაკში ხიბლში მყოფი ადამიანი მოვიდა, რომელიც უწმიდური სულით იყო შეპყრობილი. მე ვესაურე მას და ეს ძალიან გამოადგა. ყველაფერი ამის შემდეგ იცით, მან რა მითხრა?! „ასეთი ბრძნული რაღაცეები პირველად მესმის, ასეთი რამ სახარებაშიც კი არ წამიკითხავს“. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მან მითხრა: „რაც შენ მითხარი, იმაზე უკეთესია, რასაც ქრისტე ამბობს“. ხვდებით, როგორ მოქმედებს ეშმაკი, რომ ამპარტავნული აზრები ჩაგვინერგოს? რაც გინდა თქვი დავიდრე ადამიანი არ შეიგნებს, რომ მას თავისი ძალით არაფრის გაკეთება არ შეუძლია და რასაც აკეთებს, ყველაფერი ქრისტეს ძალით აღესრულება, მანამდე იგი ვერაფერს მიაღწევს, თუნდაც იგი შეპყრობილი ადამიანებიდან ათასობით ეშმაკს განდევნიდეს.

 

ეშმაკი ნათლის ანგელოზის სახითაც შეიძლება,მოგვევლინოს

თუკი ადამიანი, რომელსაც უდიდესი სამოთხისეული სიხარული არ გამოუცდია, ანუ, სულიერ გამოცდილებას არ ფლობს, ფრთხილად არ იქნება, შესაძლოა ხიბლში ადვილად ჩავარდეს. ეშმაკი მზაკვარია. ის ადვილად აღძრავს ადამიანის გულს და სასიამოვნო შეგრძნებებს უნერგავს. ამგვარად, ის ადამიანს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს სასიამოვნო შეგრძნება სულიერი მოვლენაა და ხიბლში აგდებს მას. ის ქურდავს გულს და კაცი იწყებს ფიქრს, რომ რაც მას ემართება, სულიერი მოვლენაა. „არანაირ მღელვარებას არ ვგრძნობ“. – ამბობს ასეთი ადამიანი. დიახ, მღელვარებას არ გრძნობ, მაგრამ ის, რაც იგრძენი, ნამდვილი სულიერი სიხარული არ ყოფილა! სულიერი სიხარული ზეციური რამ არის.

ეშმაკს შეუძლია, ანგელოზის ან წმიდანის სახით მოევლინოს. ანგელოზის ან წმიდანის სახით შენიღბული ეშმაკი გარშემო იმ მღელვარებასა და შფოთს ავრცელებს, რომლითაც თვითონაა სავსე. მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ანგელოზი ან წმიდანი სამოთხისეულ სიხარულსა და მხიარულებას ბადებს. მდაბალი, წმიდა ადამიანი, სულიერ გამოცდილებას რომც არ ფლობდეს, ანგელოზს განასხვავებს ნათელი სულის სახით გამოცხადებული უწმიდურისაგან. ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთი ადამიანი სულიერ სიწმიდეს ფლობს და ანგელოზს ემსგავსება ხოლო ეგოისტი და ვნებიანი ადამიანი მზაკვარი ეშმაკის მიერ ხიბლში ადვილად ვარდება. ეშმაკი ნათლის ანგელოზის სახით მოივლინება, მაგრამ საკმარისია, ადამიანმა ერთი მდაბლი აზრი აამუშავოს, რომ ის მაშინვე გაქრება. ერთხელ, როდესაც სტომიონის მონასტერში ვცხოვრობდი, საღამო ხანს ჩემს სენაკში სკამზე ვიჯექი და იესოს ლოცვას ვასრულებდი. უეცრად მომესმა, რომ მონასტრის მიმდებარე შენობიდან, რომელიც მომლოცველებისათვის სასტუმროს ფუნქციას ასრულებდა, სიმებიანი მუსიკალური საკრავებისა და კლარნეტის ხმა ისმოდა. ძალიან გამიკვირდა. „ეს რა მუსიკა ისმის ასე ახლოდან“? ვთქვი ჩემთვის. მონასტრის სატაძრო დღესასწაული უკვე ჩავლილი იყო. სკამიდან წამოვდექი და სარკმელთან მივედი, რომ დამენახა, ეზოშ ირა ხდებოდა. ვხედავ: ირგვლივ სრული სიჩუმე და მყუდროებაა. მაშინ კი მივხვდი, რომ ეს მუსიკა და ხმაური ეშმაკისაგან იყო,– იმისათვის, რომ ლოცვა შემეწყვიტა. სკამზე დავბრუნდი და იესოს ლოცვა განვაგრძე. უეცრად ოთახი კაშკაშა სინათლემ აავსო. ჭერი და ზედა სართული თავს ზემოთ გაქრა, სახურავი გაიხსნა და ცამდე აღმართული სინათლის სვეტი დავინახე. ამ სვეტის თავზე ქერათმიანი ყმაწვილის სახე მოჩანდა – გრძელი თმითა და წვერით, რომელიც მას ქრისტეს ამსგავსებდა. სახის ნახევარი დაფარული იყო, ამიტომ სკამიდან ავდექი, რომ ის მთლიანად დამენახა. ამ წუთებში რაღაც შინაგანი ხმა მომესმა: „შენ ქრისტეს ხილვის ღირსი გახდი“. „ვინ ვარ მე უღირსი, რომ ქრისტე ვიხილო“?! ვთქვი და პირჯვარი გადავისახე. იმავე წუთს ცრუ ქრისტე და სინათლე გაქრა და ჭერი და სახურავი თავის ადგილს დაუბრუნდა.

თუკი ზოგიერთს თავი ისე არა აქვს „ჩარაზული“, როგორც საჭიროა, ბოროტს შეუძლია, ასეთ ადამიანს ამპარტავნული აზრი მიაწოდოს, ხიბლში ჩააგდოს – ფანტაზიისა და ცრუ ნათლის მეშვეობით, რომლებიც მას სამოთხემდე კი არ აამაღლებენ, არამედ ქაოსში გადაისვრიან. ამიტომ არასოდეს უნდა ვითხოვოთ, ნათლის ხილვა, ან – საღმრთო ნიჭების მოხვეჭა. ჩვენი სათხოვარი უნდა იყოს სინანულის განცდის ნიჭი სინანული სიმდაბლეს მოუტანს კაცს, შემდეგ კი ღმერთი მისცემს მას იმას, რაც აუცილებელია. ერთხელ, როდესაც სინაზე წმიდა ეპისტიმიას გამოქვაბულში ვცხოვრობდი, ეშმაკმა მოინდომა... ჩემთვის სამსახური გაეწია. სენაკის სიახლოვეს სამი-ოთხი საფეხური იყო. ღამით, როდესაც გამოქვაბულში ვბრუნდებოდი, ამ საფეხურებზე ჩავდიოდი და გზას სანთებელით ვინათებდი. ერთხელ, ღამით სანთებელა ვეღარ ავანთე. უეცრად კლდის ერთი კუთხიდან სინათლის ძლიერი სხივი დაეცა, თითქოს პროჟექტორი ანათებსო. ირგვლივ ერთიანად განათდა! „არა, ასეთი პროჟექტორებისაგან ჯობს, თავი შორს მეჭიროს“! ვთქვი ჩემთვის. უკან დავბრუნდი და სინათლე მაშინვე გაქრა. აი, ასეთია ეშმაკი! მას არს ურდა, რომ ტყეში სანთებელით მევლო: „ცოდვა არ არის, რომ კაცი ასე იტანჯება, მოდი და მე გავუნათებ”! შევეცოდე მას. აი, როგორი „სიკეთეა“!

– წმიდაო მამაო, როგორ მიხვდით, რომ სინათლე ეშმაკისაგან იყო?

– ეს იგრძნობა, საშინელი საქმეა...

 

სიზმარი ცრუა

– წმიდაო მამაო, ბინძური სიზმრები მტანჯავს.

– როდესაც ბინძურ სიზმარს ნახავ, არ უნდა დაიწყო იმის გახსენება, რა და როგორ იყო. თუ დღისით შენი ცდუნება ვერ შეძლო, ეშმაკი ხომ ღამით მოდის ხოლმე. ზოგჯერ ღმერთიც აძლევს ნებას მაცდურს, რომ მან ძილში გამოგვცადოს. რათა დავინახოთ, რომ ძველი კაცი კვლავ ცოცხლობს ჩვენში. ხდებ აისიც, რომ მტერი ძილის დროს უახლოვდება ადამიანს და უჩვენებს სიზმრებს, რათა გამოღვიძების შემდეგ ეს ადამიანი შფოთმა მოიცვას. ამიტომ სიზმრებს ნურავითარ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ: პირჯვარი გადაიწერე, ჯვარი გადასახე ბალიშს, მასზე ჯვარი და ორიოდე პატარა ხატი დააწყვე და დაძინებამდე იესოს ლოცვა შეასრულე. რაც უფრო მეტ მნიშვნელობას მიანიჭებ სიზმარს, მით უფრო ხშირად მოვა შენს გამოსაცდელად ეშმაკი. ეშმაკი თავის სიზმრებს მარტო მოზრდილ ადამიანებსკი არა, ბავშვებსაც აჩვენებს. ეშმაკი თვით მძინარე ყრმებსაც კი უახლოვდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პატარა ანგელოზები არიან. ისინი შიშით კრთიან და დამფრთხალები ტირილით ეხუტებიან დედებს. ზოგჯერ კი მძინარე ბავშვებთან ანგელოზები მიდიან და ისინი ძილში იღიმებიან, უდიდეს სიხარულსგან იცდიან და ეღვიძებათ. ასე რომ, ბოროტის მიერ მოტანილი სიზმრები ძილის დროს ადამიანის წინააღმდეგ მიმართული მტრის შემოტევაა.

– წმიდაო მამაო, თუ ძილის დროს გაურკვეველ სულიერ სიმძიმეს გრძნობ, ეს რაღაა?

– ასეთი მდგომარეობის მიზეზი ზოგჯერ, შესაძლოა, შფოთიანი მდგომარეობა იყოს, რომელშიც ადამიანი დღის განმავლობაში ცხოვრობს, ან – სხვადასხვაგვარი შიშები, ეჭვები და ასე შემდეგ. და ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, ეშმაკი იყენებს. მას შეუძლია, ეს შიშები და ეჭვები ნებისმიერ კომბინაციაში წარმოადგინოს, ოღონდაც ადამიანი შეაცბუნოს. ზოგჯერ ადამიანს იმდენად ფხიზლად ძინავს, რომ ჰგონია, რომ არ სძინავს და ლოცულობს, რომ ეს სიმძიმე, სულს რომ უხუთავს, განეშოროს.

ზოგჯერ კი ესეც ხდება: ეშმაკს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი სახე – თვით ანგელოზისა და მოივლინოს ძილში. ერთხელ ერთ სნეულს წმიდა არსენი კაპადოკიელის სახით გამოეცხადა და უთხრა: „მე წმიდა არსენი ვარ, მოვედი, გითხრა, რომ მოკვდები, გესმის ჩემი? მოკვდები“! ეს კაცი საშინელებამ შეიპყრო. მაგრამ წმიდანი ასე არასოდეს ლაპარაკობს. ავადმყოფს სიკვდილი კიდეც რომ ელოდეს და მას წმიდანი გამოეცხადოს ამის საუწყებლად, ის მშვიდად და კეთილად ეტყვის: „ღმერთი ხედავს შენს ტანჯვას და ამიტომ გაგიყვანს ამ ქვეყნიდან. ეცადე, მოემზადო“. წმიდანი არასოდეს ეტყვის ავადმყოფს: „გესმის ჩემი? შენ მოკვდები“!

– რატომ ყვირიან ხოლმე ზოგჯერ ადამიანები ძილში?

– როდესაც ყვირის, უკეთესიცაა, ამ დროს ხომ მას ეღვიძება. ბევრი სიზმარი შფოთითაა გამოწვეული. როდესაც ადამიანი შფოთავს ან დაღლილია, ეს შფოთი და დაღლილობა შინაგანად ტანჯავს მას და ის მღელვარე სიზმრებს ხედავს. დღისით მრავალ ადამიანს ვხვდები და მათ პრობლემებს ვისმენ. მერე კი სიზმარში ვიღაცას ვეჩხუბები: „აი, შე უღმერთო, შენ არაფერი გადარდებს“. და საკუთარი ყვირილი მაღვიძებს.

– წმიდაო მამაო, შესაძლებელია, ადამიანმა საკუთარი სიზმრების მიხედვით გაიგოს, რა მოვლენები ხდება სინამდვილეში?

– არა. სიზმრებისათვის მნიშვნელობის მინიჭება არ შეიძლება. როგორიც უნდა იყოს სიზმარი – სასიამოვნო თუ არასასიამოვნო, მას არ უნდა დავუჯეროთ, იმიტომ, რომ ხიბლის საფრთხე არსებობს. სიზმრების ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტიხომ სიცრუეა. ამიტომ ამბობენ წმიდა მამები, რომ არ უნდა ვერწმუნოთ სიზმარს. ღვთისაგან მომდინარე სიზმარი ძალიან ცოტაა, მაგრამ თვით მათი განმარტებისათვისაც დიდი სიწმიდე და უამრავი მონაცემია საჭირო – მართალი იოსების [4] და დანიელ წინასწარმეტყველის [5] მსგავსად, რომლებსაც საღმრთო მადლი ჰქონდათ. „გიამბობ, რა ნახე სიზმრად და რას ნიშნავს ის, რაც ნახე“, – უთხრა დანიელმა ნაბუქოდონოსორს. მაგრამ რა მდგომარეობას იყო მიწვდომილი დანიელ წინასწარმეტყველი! ის ხაროში ლომებთან ერთად იჯდა და მშიერი ლომები მას არ გაკარებიან [6]. როდესაც ამბაკუმმა დანიელს საჭმელი მიუტანა, მან თქვა: „ნუთუ ღმერთმა გამიხსენა მე“ [7]. არადა, დანიელწინასწარმეტყველი თუ არ ახსოვს ღმერთს, მაშ ვიღა უნდა ახსოვდეს მას?!

– წმიდაო მამაო, ზოგიერთი ადამიანი სიზმარს არ ხედავს.

– და ძალიანაც კარგი, თუ არ ხედავს. ფულს არც ბილეთზე ხარჯავენ და არც – ბენზინზე. სიზმარში რამდენიმე წამში შეიძლება იმ მოვლენის ნახვა, რაც დღეებისა და საათების განმავლობაში შეიძლება გრძელდებოდეს. იმიტომ, რომ სიზმარში დრო არ არსებობს. სწორედ ასე უნდა გაიგოს ადამიანმა ფსალმუნის სიტყვები: „ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარხდა“ [8]

 

სიფრთხილე ხილვებთან დაკავშირებით

– რა ვუპასუხოთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ხილვებს გვიამბობენ, გვიყვებიან; რომ მათ რომელიმე წმიდანი იხილეს და – ამის მსგავს ამბებს?

– სჯობს, ასეთ ადამიანებს ურჩიოთ, რომ ფრთხილად და თავშეკავებით იყვნენ. ხილვებისადმი ასეთი დამოკიდებულება კარგია, რადგან ყველა ადამიანს არ შეუძლია იმის გარჩევა, ხილვა ღვთისაგან იყო, თუ – არა. მაგრამ ხილვა რომც იყოს ღვთისაგან, პირველ ჯერზე ადამიანმა არ უნდა შეიწყნაროს ის. როდესაც ღმერთი ნახავს, რომ მისი ქმნილება – ადამიანი ხილვას არ იწყნარებს, კი არ განაწყენდება – პირიქით: ლმობიერებას გამოავლენს. ხილვისადმი ასეთი დამოკიდებულება ხომ ადამიანის სიმდაბლეზე მიანიშნებს. თუკი ის, ვინც ადამიანს ეცხადება ნამდვილად წმიდანია, მაგრამ ადამიანი ამ ხილვას არ იწყნარებს, ღმერთმა იცის, რა საშუალებით უნდა გამოუცხადოს ეს ამ ადამინის სულს და მიიყვანოს იქ, სადაც საჭიროა .სიფრთხილე აუცილებელია, იმიტომ, რომ წმიდანის მაგიერ შესაძლოა, ეშმაკი გვესტუმროს, რომელიც „ტელევიზორს“ ჩაგვირთავს და თავის გადაცემას წარმოგვიდგენს.

მახსოვს ერთი ქალი, რომელსაც ადამიანთაგანი არავინ დაეხმარა და ამიტომ ღვთის შეწევნა მოიპოვა. ღმერთმა ამ ქალის დახმარება ინება და მას ხილვა მიჰმადლა. მაგრამ ამ ხილვის შემდეგ ეშმაკმა ამ ქალს ამგვარი აზრი ჩააგონა: „იქნებ ღმერთმა ამგვარი ხილვის ღირსი იმისათვის გაგხადა, რომ რაღაც დიდი მისია გაკისრია“?! მას შემდეგ, რაც ქალმა ეს სიტყვები ირწმუნა, ეშმაკმა მუშაობა დაიწყო და ის მთლიანად ზეგავლენის ქვეშ მოაქცია. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ღმერთმა მაინც შეიწყალა ეს ქალი. მას კვლავ ჰქონდა ხილვა და ესმა ხმა: „მისწერე წერილი მამა პაისის და შენი ხილვა უამბე“. მან წერილი მომწერა და თავისი ყველა ხილვა მიამბო. ჩვეულებისამებრ მაცდურს კარგად დაენგრია ის. დიახ, ყველა ხილვა ნამდვილი იყო, მაგრამ – ეშმაკისაგან მოვლენილი. მთელი ამ ხილვებიდან მხოლოდ პირველი და უკანასკნელი იყო ღვთისაგან. რაკი მისი გონს მოსვლა და ხიბლისაგან გათავისუფლება სურდა, ღმერთმა უკანასკნელი ხილვა მოუვლინა. საბოლოოდ ამ საბრალომ შეისმინა ჩემი რჩევები და ეშმაკეული ხილვებისაგან თავის დახსნა შეძლო.

 

ხიბლში მყოფი ადამიანის განმასხვავებელი ნიშნები

– წმიდაო მამაო, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანი ხიბლშია?

– ეს მისი გარეგნული შესახედაობითაც კი აშკარაა. ხიბლში მყოფი ადამიანი რაღაც ცრუ „უვნებელობითაა“ მოსილი. ის მდაბალი და მოკრძალებული ჩანს, მაგრამ მასში საკუთარ თავზე განსაკუთრებული წარმოდგენაა დამალული. თუ ხიბლში მყოფ ადამიანს თვალებში ჩახედავთ, შეამჩნევთ, რომ ყველა დანარჩენს ის უცქერს როგორც არარაობებს, როგორც – ჭიანჭველებს. მაგრამ მისი ამოცნობა საუბრის მიხედვითაც შესაძლებელია. მახსოვს ერთი ხიბლში მყოფი ადამიანი, რომელსაც ბევრი წმიდანად თვლიდა. ის ყვებოდა, რომ თითქოს ქრისტე ცხენზე ამხედრებული გამოეცხადა მას, თითქოს ქრისტეს ხელში ღვინის ფიალა ეჭირა და დასალევად მისცა მას, რის შემდეგაც თითქოსდა მან წინასწარჭვრეტის ნიჭი მიიღო. ერთხელ, როდესაც ეს „მჭვრეტელი“ ხალხთან საუბრობდა, ვიღაცამ ჰკითხა: „რატომ მეც არ შემიძლია სასწაულების აღსრულება“? „იმიტომ, რომ შენ ესა და ეს ცოდვები გაქვს ჩადენილი“. მიუგო მანდა იმ ცოდვების ჩამოთვლა დაიწყო, რომელიც ამ ადამიანს ნამდვილად ჰქონდა აღსრულებული. საბრალო კაცი პანიკამ მოიცვა და ამ ამბის მოსაყოლად ჩემთან მოვიდა. მე კი ვუთხარი: „ყური მიგდე, ნუთუ გგონია, რომ წმიდანები ადამიანებს ხალხის დასაცინად ხდიან. ადამიანს დასაცინად მხოლოდ ეშმაკი აქცევს. ნუთუ ვერ ხვდები, რომ იმ ადამიანის პირით ეშმაკი მეტყველებს. რასაც ის ამბობს, ჭეშმარიტება რომც იყოს, ამ ჭეშმარიტებას ეშმაკი წარმოსთქვამს“.

ერთმა ქალმა მიამბო, როგორ შეხვდა იგი ერთ ეშმაკეულს, რომლის შესახებაც ხმები დადიოდა, თითქოსდა ის უწმიდურ სულებს დევნიდა და სხვა ამის მსგავს სასწაულებს აღასრულებდა. ამ „სასწაულმოქმედმა“ ორი ქალი ერთ გაუქმებულ სამლოცველოში შეიყვანა. როგორც კი ტაძარში შევიდნენ, მან აიღო ოლარი და ჩაიცვა. ქალს ძალიან გაუკვირდა, ერის ადამიანი რომ ოლარით იმოსებოდა. „შენ მოძღვარი ხარ“? – ჰკითხა მან. „რას წარმოადგენენ ვითომ ეს მოძღვრები“! – მიუგო მან და მღვდლების განკითხვას მოჰყვა. ასე რომ საბრალო ქალები მიხვდნენ, რომ ის ხიბლში იყო, მაშინვე წამოცვივდნენ ფეხზე და იქაურობა დატოვეს.

 

ხიბლი და შეშლილობა

– წმიდაო მამაო, ხიბლში მყოფი ადამიანი რომელიმე სულიერი სნეულებითაა დაავადებული?

– ყოველთვის არა. ხიბლი ერთია, სულიერი სნეულება კი – მეორე. ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ ხიბლში ვარდება. სხვა კი ხიბლში ვარდება და სულიერად სნეულდება. ათონის წმიდა მთაზე ერთ ბერს ვიცნობდი, რომელიც არავის უგდებდა ყურს. ის მონასტრიდან წავიდა და ათონზე დაეხეტებოდა. ოთხჯერ თუ ხუთჯერ მოვიდა ჩემთან ვითომდა კურთხევის ასაღებად, რომ ასკეტური ცხოვრება დაეწყო და ყოველ ჯერზე ვურჩევდი იმავე მონასტერში დაბრუნებას, სადაც აღიკვეცა. ბოლოს და ბოლოს მან სენაკი იყიდა და იქ ცხოვრობდა. ამგვარი მეუდაბნოე ცხოვრების მეშვიდე თვეს ის ჩემთან სენაკში მოვიდა. „დაბრუნდი შენს მონასტერში“, – კვლავ ვურჩიე. „ახლა მე უკვე ავიღე მონასტრისაგან წამოსვლის ცნობა და უკან აღარ მიმიღებენ“, – მომიგო მან. „ფრთხილად იყავი, ძალიან დიდი ყურადღება გჭირდება, ბოლოს და ბოლოს რომელიმე ბერს მაინც მიეკედლე, რომ მორჩილებაში იცხოვრო და შენს ნებაზე არ იყო“, – ვარიგებდიმე. „მე ღვთის ნების მორჩილებაში ვიქნები“, – მომიგო ამაზე. „მიდი, მიდი, რომელიმე მონასტერს თხოვე, რომ მიგიღონ“, – ვარწმუნებდი კვლავ. „მე მეუდაბნოე გავხდი და ახლა უკან დავბრუნდე?! წადი და შენ თხოვე“, – გამომიცხადა ბოლოს. „,მარტო როგორ იქნები, თუ გინდა, მივალ და შენს მაგიერ მე ვითხოვ, რომ მიგიღონ“, – შევთავაზე, რადგან მისი დახმარება მსურდა. „აი,რა, – მითხრა მან, – ყურადღებით მომისმინე, თუ დაყუდებული ცხოვრება აღარ გსურს და მონასტერში გინდა დაბრუნება, წადი და შენ თვითონ დაბრუნდი“. როდესაც ვნახე, რომ ასე ურცხვად იქცეოდა, თავი დავანებე. მცირეოდენი დრო გავიდა და შევიტყვე, რომ ამ ბერს უწმიდური სული დაეუფლა და გარდა ამისა, ჭკუიდან შეცდა. მას ეშმაკი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახით გამოეცხადა და უთხრა: „შვილო, თუ შემომივრდები და თაყვანს მცემ, სულიწმიდის შვიდ ნიჭს გიბოძებ“. საბრალომ იფიქრა: „ახლა მე სულიწმიდის შვიდ ნიჭს მივიღებ და ყველას თავს გადავამეტებ“. მიწაზე დაემხო და თაყვანი სცა ეშმაკს. როგორც კი მიწას დაემხო, უწმიდური სული დაეუფლა მას. მაგრამ ამ ეშმაკეული ზემოქმედების შედეგად მისი სულიერი მდგომარეობაც ძლიერად შეირყა. მან მოინდომა პროტეპისტატი [9] გამხდარიყო, მივიდა წმიდა კინოტში, შენობაში მყოფი ბერები გასაღებით ჩაკეტა, პროეპისტატის კვერთხი აიღო და თავმოწონებით დაეშვა კიბეზე. კარიესელი ბერები განცვიფრდნენ, როდესაც დაინახეს, რომ წმიდა კინოტის კიბეზე ახალი „პროეპისტატი“ ჩამოდიოდა. რამდენიმე ბერი კარიესის მახლობლად შეუმჩნეველდ მიუახლოვა ავადმყოფს ჯიპით, ბერებმა ის ავტომანქანაში ჩასვეს და სულით ავადმყოფთა საავადმყოფოში წაიყვანეს. მისი ეშმაკეული მდგომარეობა დღეისათვის მცირედ გაუმჯობესდა, მაგრამ სულიერი ავადმყოფობა ძველებურად დარჩა.

– წმიდაო მამაო, განა ყველა ხიბლში მყოფი ადამიანი გარკვეულწილად ეშმაკეულიც არ არის?

– აბა, რა არის?! ის მარტო ეშმაკეული კი არ არის. ხიბლში მყოფს შესაძლოა, იმაზე მეტი ეშმაკი ჰყავდეს დაპატრონებული, ვიდრე – შეპყრობილს. თუმცა საერთოდ, ხიბლი ერთი რამ არის, ეშმაკეულობა კი – მეორე.

 

ხიბლში მყოფებს უნდა ვუფრთხილდეთ

ქვეყანაზე მოიძებნება ორი-სამი სასულიერო პირი, რომელთა მცირეოდენი ღვთისმოსაობა მათ გონებაში დიდ არეულობასთან არის შეთავსებული. ეს სასულიერო პირები თავბრუს ახვევენ ადამიანებს. ისინი ყველას ეშმაკეულის დიაგნოზს უსვამენ. არავისი ეყურებათ. „მე მღვდელი ვარ და ამიტომ უფლება მაქვს“, – ამბობენ ისინი. თუ ასეთი შემთხვევების შესახებ გიამბობთ ვინმე, ხალხს აუხსენით, რაც ხდება. აიძულეთ ისინი, დაფიქრდნენ, იმიტომ, რომ ასეთი სასულიერო პირები ბოროტებას მიაგებენ ეკლესიას. ადამიანებს, ვინც ასეთი მღვდლები სგავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი, უთხარით: „მოძებნეთ სხვა მოძღვარი და მისგან მიიღეთ სულიერი საზრდო, რომ გაძლიერდეთ“. ეს „სულიერი მამები“ იქამდე მიდიან, რომ ჩემს სახელს, თვით ჩემს ფოტოსურათს იყენებენ, რომ ხალხს შთაბეჭდილება შეუქმნან, თითქოსდა ჩემთან მეგობრობდნენ.

გასაგებია, რომ ეს მოძღვრები დიდი ჭკუა-გონების მქონე ადამიანები არ არიან და ეს ერთგვარად ამსუბუქებს მათ დანაშაულს. მაგრამ არსებობენ ისეთი ეშმაკეულები, რომლებიც ძმარს ღვინოდ შეგნებულად ასაღებენ. ერთი ასეთი ადამიანი – ყოფილი ეკონომისტი დადის დღეს მთელ ჩრდილოეთ საბერძნეთში და თავს ჩემს მორჩილად ასაღებს. ამბობს, რომ მან ჩემგან მჭვრეტელობის ნიჭი და კიდევ ხუთიოდე სხვა ნიჭი მიიღო. ამგვარად აცდუნებს იგი ხალხს და ფულს აგროვებს.

– წმიდაო მამაო, ის სასულიერო პირია?

– არა, ერისკაცია. ერთხელ ათონზე შემხვდა, მაგრამ დაიმალა, რომ არ დამენახა. „ჭეშმარიტი პირმშო“! კარგია, რომ დალევა უყვარს. სასმელის სუნს აფრქვევს, ხალხი ხედავს, როგორ ბარბაცებს და ეჭვდებიან.

ეჰ, რა ბევრია ასეთი მატყუარა, რომელიც ხალხის ტკივილების ხარჯზე ცხოვრობს და ამ ტკივილს კომერციად აქცევს! ერთმა ასეთმა ვიგინდარამ უთხრა ქვრივ ქალს: „შენი ქმრის ერთი ხელი სამარეში არ თავსდება, იმიტომ, რომ მას ლოცვა ჭირდება“. „ახლა რაღა ვქნა? ფულს მივცემ ამ კაცს, რომ ჩემ იქმრისათვის ილოცოს“, – იფიქრა ქალმა. საკმაოდ ბევრი ფული მიიღო მისგან და გარკვეული ხნის შემდეგ კვლავ უთხრა: „პირველი საშიშროება უკვე დავძლიეთ, შენი ქმრის მდგომარეობა საკმაოდ გაუმჯობესდა“. საბრალო ქალი განაგრძობდა მატყუარასთვის ფულის გადახდას. ბოლოს ის მთელი მისი ქონების ნახევარს დაეპატრონა თითქოსდა იმისათვის, რომ ქალის ქმრის სულს სიმშვიდე მოეპოვებინა.

არიან ისეთი ხიბლში მყოფი ადამიანებიც, რომლებიც ცხვირში რაღაცის დუდღუნით ჯვარს სახავენ ავადმყოფებს და ვითომდა კურნავენ მათ. ხალხი კი ტყუვდება, აღსარებაზე არ მიდიან, სახლში ღვთისმსახურს არ იწვევენ, რომ მან ზეთის კურთხევის საიდუმლო შეასრულოს, ან – შესაბამისი ლოცვები წაიკითხოს. თუმცა ამ მატყუარებთან კი მიდიან. თანაც ამ თვლთმაქცებს უამრავ ფულს უხდიან. მიამბეს, რომ ერთ სოფელში ორმა ხიბლში მაცდუნებელმა ადამიანმა ძალიან სარფიანი საქმე წამოიწყო – ნამდვილი კოოპერატივი შექმნეს. მაგალითად, ეშმაკი რომელიმე მათ თანასოფლელს ძლიერ თავის ტკივილს მოუვლენდა, ანდა კვლავ ეშმაკის მანქანებით ვინმეს წელი გაუკავდებოდა. ამის შემდეგ ეშმაკი ერთ-ერთს – ამ ორი მაცდუნებელი ადამიანიდან მიადგებოდა და ეტყოდა: ამას და ამას ძლიერი თავის ტკივილი აქვს, ამა და ამ მიზეზით“. და ისიც, როდესაც დროს მოიხელთებდა, ეტყოდა თანასოფლელს: „ვიცი,თავი რატომაც გტკივა“. და იქვე მოუყვებოდა მისი ავადმყოფობის „მიზეზებს“. „მართალია, ხედავ, როგორ მიხვდი, – უკვირდაავადმყოფს – ახლა რა უნდა ვქნა, რომ გამოვმჯობინდე“? „წადი ამა და ამ კაცთან და ის მოგარჩენს“. მიუთითებდა მეორე მაცდუნებელზე. ხედავთ, რა ცბიერება განიზრახა ეშმაკმა, რომ ხალხი ხიბლში ამყოფოს?! ორი ცდუნებული „სამედიცინო კოოპერატივში“ გააერთიანა. ერთი დიაგნოზს სვამდა, მეორე კი ვითომდა კურნავდა! ეშმაკმა ეს იმისათვის მოიმოქმედა, რომ ადამიანები ეკლესიისაგან შორს ამყოფოს.

 

ხიბლში მყოფთა იაფი ნიჭები

– წმიდაო მამაო, რატომაა, რომ, როდესაც პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან ადამიანები ხშირად მიმართავენ მაცდუნებლებს?

– იმიტომ, რომ ეშმაკის ნიჭები იაფია და მათი მოხვეჭა ადვილია. მკითხავი ხომ მასთან მისულისაგან ბევრს და რთულს არაფერს ითხოვს. ის ამშვიდებს, ამართლებს ადამიანთა ვნებებს. და ეს საბრალოები იმის სანაცვლოდ, რომ ცოდვები მოინანიონ, იმის მაგიერ, რომ სასულიერო პირთან მივიდნენ და აღსარება თქვან, მოძებნიან ასეთ მკითხავებს, ანუ – თვით ეშმაკს და პრობლემის გადაჭრას მათ სთხოვენ. მერე კი იტანჯებიან და ვერ გებულობენ, რომ ეშმაკმა შეკრა ისინი და მათზე ძალაუფლება მოიპოვა.

– წმიდაო მამაო, რატომ უჯერებს ხალხი ასეთ მაცდუნებლებს?

– ხალხს თავბრუ აქვს დახვეული. იცით, რამდენი ვინმეა ისეთი, ვინც ირწმუნება, რომ ხალხი სწორი გზით მიყავს?! თავად კი მხრებზე აქვთ წამოკიდებული ტომარა, რომელშიც სხვა ვინმე კი არა, თვით ეშმაკია დამალული. თუმცა სახიერი ღმერთი არ უშვებს, რომ ეშმაკი მთლად შეუმჩნევლად დარჩეს. ხანდახან იმ ტომრიდან, რომელსაც მატყუარები დაატარებენ, ეშმაკს რქა ან კუდი გამოუჩნდება, ხალხი ხედავს ამას და შეშინებული ყვირის: „ეს რა არის? რქა! კუდი“ „რას ამბობთ, რა რქა, რის კუდი?! ეს ხომ უბრალოდ... ბადრიჯანია“, – ამშვიდებენ მათ მატყუარები, რათა კვლავ თავის ნებაზე ატრიალონ ისინი და ყოველივე ეს წარმოაჩინონ როგორც კარგი და სასრგებლო რამ.

ერთხელ აქ, მონასტერში მოვიდა ერთი ასეთი კამპანია – სწორედ ასეთი მაცდუნებლის თაოსნობით. მატყუარამ გარს შემოიკრიბა ეს ხალხი და თავი სულიერ მოძღვრად წარმოუდგინა. „თქვენ რომელიმე ქრისტიანულ ორგანიზაციას წარმოადგენთ“? – ვკითხე მათ. მათ პასუხი არ გამცეს. „მაშ – რომელიმე საზოგადოებას“? კვლავ დუმდნენ. „მოძღვარი გყავთ“? კვლავ დუმილი. მერე ისინი სათითაოდ მოდიოდნენ ჩემთან და მეტანიას ასრულებდნენ. ამ მაცდურმა იმისათვის მოიყვანა ხალხი ჩემთან, რომ ისინი ხიბლში ემყოფებინა. მერე იტყვის: „ჩვენ მამა პაისისთან ვიყავით და მან დაგვლოცა“. გასაგებია?! მე არ უნდა შევხვედროდი მათ, რადგან თავისთავად ის ფაქტი, რომ შევხვდი, ხელს აძლევს ამ ადამიანს. ის ძალიან საეჭვოდ გამოიყურება. ხოლო მის უბედურ მიმდევრებს, რომლებიც მუხლებზე იდგნენ, ეტყობოდათ, რომ ამ მატყუარას მიერ იყვნენ ცდუნებულნი.

– წმიდაო მამაო, თქვენ არაფერი გითქვამთ?

– თქმით კი ვუთხარი, მაგრამ მზაკვარი, როგორც კი ისინი აქაურობას დატოვებენ, სხვა რამეს ეტყვის მათ. არ დააყოვნებსდა კვლავ თავის ჭკუაზე მოაქცევს.

– წმიდაო მამაო, მაცდუნებლებისაგან თავის დაცვა როგორ უნდა შევძლოთ?

– ეს შესაძლებელია, თუ ჩვენი ეკლესიის წიაღში დავრჩებით. რა თქმა უნდა, თუ ადამიანი მაცდუნებელს უმეცრებით მისდევს, ღმერთი მას არ მიატოვებს. მიეხმარება ასეთ ადამიანს, რომ საკუთარი შეცდომა გაიგოს და ჭეშმარიტებას დაუბრუნდეს.

 

ხიბლში მყოფის გამოსწორება

– წმიდაო მამაო, რა დაეხმარება ადამიანს, რომელიც მაცდური იდეებით არის შეპყრობილი, რომ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს?

– ამაში მას თავისი ცუდი მდგომარეობა ეხმარება. ასევე – აღსარების თქმა მოძღვართან და მისთვის ყველა აზრისა და ზრახვის გაზიარება, მისი მორჩილება და ყოველგვარი რჩევის შესრულება. ასეთი ადამიანი გამუდმებით შეწყალებას უნდა სთხოვდეს ღმერთს, რათა საღმრთო მადლი დაბრუნდეს მასთან. ანუ, იმისათვის, რომ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს და ცხონდეს, მან აუცილებლად სიმდაბლე უნდა მოიპოვოს.

აი, ნახე: სამსჯავრო და სამართალი ღვთისა არის უფსკრული. ეჰ, სიყვარულს ხომ საზღვარი არა აქვს! ერთი ადამიანი, რომელსაც თავი მაცდური იდეებით ჰქონდა გამოტენილი, ხშირად ჩამოდიოდა ათონზე და ჩემთან სენაკში მოდიოდა. რაც არ უნდა მეთქვა, არაფერი ეყურებოდა. ყველაფერს უკუღმა იგებდა.მას შემდეგ კი, რაც ათონის მთა დატოვა, ქადაგებდა და ხალხს დიდად ვნებდა. ის ამბობდა, თითქოს ქადაგება მე დავაკისრე და ასე ურევდა ხალხს თავგზას. ერთხელ, დიდი ხნის წინათ კურთხევის ნიშნად მივეცი რამოდენიმე წიგნი, ის ამ წიგნებსაც კი ყველას უჩვენებდა, რათა მათ ერწმუნათ, რომ რჩევა-დარიგებებსის ჩემგან იღებდა. მაგრამ ერთხელ, ერთ-ერთი ამგვარი „ქადაგებისას“ საღმრთო მადლმა საერთოდ მიატოვა ის და ყველაზე უკანასკენლი გამონათქვამებით დაიწყო გმობა ქრისტესი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა. როდესაც მგმობელური სიტყვები მოისმინეს, ხალხი საშინელებამ შეიპყო და ყველა გაიქცა. მერე კი პოლიციის ავტომანქანა მოვიდა და ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეს. ხედავთ, სადამდე მიდის ღვთის სიყვარული?! ღმერთი უშვებს, რომ მისი სახელი გმონ, ოღონდაც მისმა ქმნილებამ საფრთხე იგრძნოს და განერიდოს ბოროტებას.

– წმიდაო მამაო, ვთქვათ, რომელიმე ცთუნებული ადამიანი მიხვდა, რომ ხიბლშია და მოინანია, მისი მიმდევრებიც მოინანიებენ?

– თუკი სინანული ჭეშმარიტია, თავი უნდა დაიმდაბლოს და უთხრას თავის მიმდევრებს, რომ არასწორად იქცეოდა და შეეცადოს, რომ ისინი სწორ სულიერ გზაზე დააყენოს. თუმცა, როდესაც ასეთი ადამიანის მაცდუნებელი იდეები გამოაშკარავდება, თავად კი კვლავ იმავე მდგომარეობაში რჩება, მისი მიმდევრებ ირბილად და აკურატულად უნდა გავაფრთხილოთ, გავათვითცნობიეროთ. ზოგიერთი მაცდუნებელი ხომ იქამდე მიდის, რომ თავის იდეებს ეკლესიის წიაღში ავრცელებს. ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ ამგვარი ადამიანების მიმდევრები, როდესაც შეიტყობენ, რომ რასაც მათ ასწავლიდნენ, მცდარი იყო, ცდუნდებიან და ზურგს აქცევენ ეკლესიას.

 


[1] - „მშრალს“ ბერი ისეთ ასკეზს, მოღვაწეობას უწოდებს, რომელიც თვითმიზნურად აღესრულება და არა - როგორც გულის განწმენდისა და ქრისტეში სრულყოფის საშუალება.

[2] - ღირსი იოანე გლახაკის ხსენება 15 იანვარს აღესრულება.

[3] - ღირსი იოანე კავსოკალიველის ხსენება აღესრულება 13 იანვარს.

[4] - შეად. შესაქმ. 37, 5-11.

[5] - შეად. დან. 2, 25-46.

[6] - შეად. დან. 6, 16. და ქვემოთ.

[7] - შეად. დან. 14, 30-42.

[8] - ფს. 89, 5.

[9] - ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტი წმიდა მთის 20 მონასტრის წარმომადგენლებისაგან შედგება. წმიდა კინოტის სხდომებზე ის საერთო საკითხები განიხილება, რომელიც წმიდა მთის მონასტრებს ეხება, ხდება მათი მოღვაწეობის კოორდინირება. ყოველდღიური საკითხების გადასაწყვეტად ყოველწლიურად ინიშნება წმიდა ეპისტასია, რომელიც ოთხი ადამიანისაგან –ეპისტასისაგან შედგება. პროტეპისტასი წმიდა ეპისტასიისა და წმიდა კინოტის წინამძღოლია.