მამა პაისი მთაწმინდელი

„აცთუნებდნენ და სცთებოდიან“

ორმოცდაათიანელთა საცდური [2]

– წმიდაო მამაო, ისინი, ვინც ორმოცდაათიანელთა საცდურს მისდევენ, ამბობენ, რომ აქვთ ხილვები, სხვადასხვა ენებზ ესაუბრობენ და ა.შ. ეს ყველაფერი მათი ფანტაზიაა, თუ ეშმაკეული ზემოქმედების შედეგად მართლაც ხდება რამე?

– ეს ეშმაკეული ზემოქმედების შედეგად ხდება. ორმოცდაათიანელთა ერესის მიმდევრობითა და მათი ნათლობის მიღებით ხომ ადამიანები ფეხქვეშ თელავენ ნათლობის საიდუმლოს, რომელიც წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიაში აღესრულა მათზე. „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა, მოსატევებელად ცოდვათა“,– ვამბობთ სარწმუნოების სიმბოლოში. ხოლო ამ სექტანტური ნათლობის მიღებით ეს საბრალოები ეშმაკის ზემოქმედების ქვეშ ხვდებიან და სხვადასხვა გაუგებარ სიტყვებს ამბობენ, ვითომდა სხვადასხვა ენებზე საუბრობენ. „ეს ორმოცდაათიანელთა სული წმინდა მეტყვლებს“, – ამბობენ ისინი. მაგრამ სინამდვილეში ეს ორმოცდაათიანელთა სული წმინდა კი არ არის, არამედ უწმინდურ სულთა მთელი ხროვა. ან რომელ სხვადასხვა ენებზე საუბარზეა ლაპარაკი?! ისინი ათასგვარ ეშმაკეულ აბდაუბდას ამბობენ: თვითონაც არ ესმით, რას როშავენ. თანაც ყველაფერ ამას მაგნიტოფონზე იწერენ, მერე მიდის გარჩევები, რის შედეგადაც ბოლოს დაასკვნიან: „ამ ფირზე „ალილუია“ ერთ ენაზე ამდენჯერ გაისმის, იქ კი – მეორე ენაზე იმდენჯერ“. ან რაა გასაკვირი?! მთელ ამ ბოდვაში სრულიად შესაძლებელია, რომ მოძებნო გარკვეული ბგერები, რომლებიც „ალილუიას“ იქნება მიმსგავსებული – მსოფლიოს რომელიმე ენაზე. განა ეს სხვადასხვა ენებზე ლაპარაკი არ არის ეშმაკეული საქმე?! ისინიკი ამ საშინელებას სული წმინდის მოქმედებად თვლიან და ირწმუნებიან, რომ იმავეს განიცდიან, რაც წმიდა მოციქულებმა ორმოცდამეათე დღეს განიცადეს. ყველაფერი, რაც მათ სწამთ, ღვთის გმობაა და ამიტომ ეს ადამიანები ეშმაკეულები ხდებიან.

– წმიდაო მამაო, ხელახლა რაღად ინათლებიან?

– იმიტომ, რომ ისინი ამბობენ: „მე ჩვილობაში ვარ მონათლული, მაშინ, როდესაც არც კი მესმოდა, ჩემს თავზე რა ხდებოდა, ახლა კი გაცნობიერებული მაქვს, რომ ვინათლები“. ამგვარად ისინი მეორედ ინათლებიან და ვითომ ამართლებენ საკუთარ ცოდვებს (რომლებიც ამ სექტანტურ ნათლობამდე ჩაიდინეს). მაგრამ ეკლესია რომ ყრმათა ნათლობას არ უშვებდეს, რა დაემართებოდა მოუნათლავად გარდაცვლილი ბავშვების სულებს. ამიტომ წმიდა ნათლისღების საიდუმლოს შედეგად ნათლია ყრმის წარმომადგენელია. ის წარმოთქვამს სარწმუნოების სიმბოლოს და პასუხიმგებლობას იღებს ამ ბავშვზე, ვიდრე ის გაიზრდებოდეს. განა ბავშვის მონათვლა მისდამი უსამართლობის გამოვლინებაა? რა თქმა უნდა, არა. პირიქით. ნათელღებული ბავშვი საღმრთო მადლს იღებს იმიტომ, რომ ქრისტეს წმიდა ძღვენს ეზიარება. ხოლო, თუ დიდობაში ნათლობის წმიდა საიდუმლოს რამენაირი ცოდვით შებღალავს, არც ეს ნიშნავს იმას, რომ მისი მეორედ მონათვლაა საჭირო.

 

„ცეცხლზე მავალნი“ [3]

– წმიდაო მამაო, ამბობენ, რომ წმიდა კონსტანტინეს დღესასწაულზე ცეცხლზე მავალნი გახურებულ ნაკვერჩხლებზე დადიან და არ იწვიან. რა მოვლენაა ეს?

– ეს ეშმაკეული მოვლენაა და ამავდროულად – სიცრუე. ხოლო ის, რომ ისინი ნაკვერჩხლებზე ცეკვავენ, ხელში რომელიმე ხატით ან – ჯვრით, ეს უდიდესი ურცხვობაა, იმიტომ, რომ ასეთი საქციელი სარწმუნოების უარყოფას ნიშნავს. ასეთ ადამიანებს საღმრთო მადლი განეშორება და ამიტომ მათ ეშმაკი ეხმარება. ან როგორ არ დაეხმარება ყოველივე ამის შემდეგ ეშმაკი?! მათ ხომ ამ „დახმარების“ უფლება მოიპოვეს?!

მაგრამ ამ საქმეში – ნაკვერჩხლებზე სიარულში – მათ საკუთარი მზაკვრობაც ეხმარება. წარმოდგენისათვის შერჩეულ ადგილზე ცეცხლზე მავალნი წინასწარ მიდიან და ყველაფერს ამზადებენ. ანუ, ისინი წვავენ ჭადრის შეშას, რომელიც ნაკლებ ნაკვერჩხალსა და მეტ ნაცარს ტოვებს, საინტერესოა, რად არ ყრიან კოცონში მუხის ან რომელიმე სხვა ისეთი ხის კუნძებს,რომელთა დაწვის შემდეგ ნაკვერჩხალი დიდხანს არ ქრება?! აბა, ერთი, სხვის მიერ დანთებულ კოცონთან მივიდნენ და იქ იცეკვონ ნაღვერდალზე!

ერთმა კაცმა მითხრა: „აი, სასწაული! ცეცხლზე მავალნი შიშველი ფეხებით დადიან ნაღვერდალზე და არ იწვიან“. „და ეს გაკვირვებს? ეშმაკები უამრავ ადამიანს აგდებენ ჯოჯოხეთის სტანჯველში მრავალი წლის და მრავალი საუკუნის განმავლობაში და ისინიც არ იწვიან! აი, ეს უნდა გიკვირდეს და არა ის, რომ მცირეოდენ ნაკვერჩხალსა და ნაცარზე ვიღაც გაივლის“, – მივუგე მე.

 

ხელახალი განხორციელება [4]

– წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ზოგიერთ განათლებულ ადამიანსაც კი სჯერა ხელახალი განხორციელებისა?

– ხელახალი განხორციელება აწყობთ ადამიანებს, განსაკუთრებით კი – უღმერთო, ურწმუნო ადამიანებს. ეს ცრუსწავლება ეშმაკის უდიდესი მზაკვრობაა. ეშმაკი ამ ადამიანებს განამტკიცებს ცოდვილ ცხოვრებაში იმ განზრახვით, რომ თითქოსდა მათი სულები მიდიან ამ ქვეყნიდან და ხელახლა აქ ბრუნდებიან. „წარმოგიდგენია?! როგორი საქმეა? ერთხელ თუ მარცხი შეგემთხვა, მეორედ წარმატება გელის, როდესაც კვლავ ამ ცხოვრებაში დაბრუნდები. მაგრამ თუ არც მაშინ გაგიმართლა, დაბრუნება ხომ კიდევ მოგიწევს და ბოლოს და ბოლოს, ევოლუციას განიცდი“, – ეუბნება ეშმაკი ხელახალი განხორციელების თეორიის მიმდევრებს. რის შემდეგაც ადამიანები ამბობენ: „არაფერია საშინელი იმაში, თუ კიდევ ერთ ცოდვას ჩავიდენ“. და ყველაფერზე ხელს ჩაიქნევენ ხოლმე. ისინი უყურადღებოდ ცხოვრობენ, არ ინანიებენ. ხედავ, როგორ აბრმავებს ეშმაკი ამ ადამიანებს და ჯოჯოხეთისაკენ მიმართავს მათ?! ხელახალ განხორციელებაზე უარესი ეშმაკეული გამონაგონი და ცრუსწავლება არ მსმენია. ეს მან იმისათვის გამოიგონა, რომ ადამიანები ჯოჯოხეთში შეკრიბოს. ხოლო თუკი ეშმაკი ერთხელ შეძლებს შენს შეპყრობას, როგორ გგონია, უკან დაბრუნების ნებას მოგცემს?! ხელახალი განხორციელების თეორია ინდურ რელიგიათა შორის ყველაზე უარესია.

ერთხელ ჩემთან – სენაკში, გვიან ღამით ერთი ახალგაზრდ ამოვიდა. „ისეთ დროს მოხვედი, რომ მწუხრის წაკითხვას ვაპირებდი“, – ვუთხარი მას „შენ ისევ ამ სისულელით ხარ დაკავებული“? – მიპასუხა მან და წავიდა. მეორე დღეს ის ისევ მოვიდა და საკუთარი ხილვების მოყოლა დამიწყო. „შენ ადრე ჰაშიშით არასოდეს გართობილხარ“? – ვკითხე მე. „კი, ვერთობოდი, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს ხილვები მქონდა, არანაირი ჰაშიში არ მომიწევია“. „იქნებ ხელახალი განხორციელების შესახებ კითხულობდი წიგნებს“? „დიახ“, – მომიგო. სწორედ აქ დაიწვა ის. მან დაიწყო ხელახალი განხორციელების იდეით, ამას დაემატა ეგოიზმი და ეშმაკი უჩვენებდა სიზმრებს, რომელთა მიხედვითაც იგი ათასი წლის წინ დიდი ადამიანი იყო. ფული თავზე ეყარა! შემდეგ ხილვაში ის „ზეცაში იქნა აღტაცებული“, მაგრამ ჯერ „ზეეცაში ჩაწერილი არ იყო“ და ამიტომაც ძირს დაშვება უბრძანეს. ამ მდგომარეობამდე ის ეშმაკმა მიიყვანა. „ყველაფერი, რაც მომიყევი, არასოდეს ყოფილა. შენ კი დაიჯერე“? – ვუთხარი მე.

სამწუხაროდ, არსებობენ განათლებული ადამიანები, რომელთაც მსგავსი სისულელეებისა სჯერათ. ჩემი სენაკის ახლოს ერთი სახედარი ძოვდა. მეტად მკვირცხლი იყო და ამიტომ ნასერი დავარქვი [5]. ერთხელ მესტუმრა ბერძენი მომლოცველი, რომლიც შვეიცარიაში ცხოვრობდა. მან გაიგონა, რომ სახედარს ნასერს ვეძახდი. როდესაც მან მეორედ მინახულა, ორი ყუთი ტკბილეული მოიტანა, ერთი – უბრალო ყუთით, მეორე კი ძვირფასად შეფუთული. „ეს ტბილეული შენ მოგიტანე“, – მითხრა და უბრალო ყუთი გადმომცა, „ხოლო ეს მეორე – უგემრიელესი ნამცხვრები კი ნასერისაა. მე მაშინათვე მივხვდი, რომ ეს ნამდვილი ნასერია. პირველად რომ შევხვდი, ისე საწყლად შემომხედა, რომ გული მომიკვდა“. ანუ, ის ფიქრობდა, რომ ნასერი ხელახალი განხორციელების შემდეგ ვირად იქცა. თანაც ეს ჯეროდა! „ჩემო ძმაო, სრულ ჭკუაზე ხარ? ამ ვირს ნასერს იმიტომ ვეძახი, რომ ძალიან ცელქია“. ვუთხარი მას. მაგრამ მიუხედავად მთელი ჩემი მცდელობისა, მან არ დამიჯერა. მაგრამ, ჯერ სადა ხარ! კიდევ ერთი შემთხვევას მოგიყვები. რამდენიმე წლის წინ კრეტაზე ჩამოვიდა გერმანელების ჯგუფი, რათა საბერძნეთის ოკუპაციის დროს დაღუპული გერმანელების ხსოვნისათვის პატივი ეცა. როდესაც გერმანელები თავიანთ ღონისძიებას ასრულებდენენ, გვერდით ჩაიარა ერთმა გლეხმა, რომელსაც ნავაჭრით დატვირთული სახედარი მიჰყავდა. ამდენი ხალხის დანახვაზე ვირი აყროყინდა. ერთმა გერმანელმა კი ისე გაიგო, რომ ეს ვირი მისი დაღუპული ძმა იყო, რომელიც ვირის სახით ხელახლა განსხეულდა. რადგანაც „მიხვდა“, რომ ძმამ „იცნო“ და ყროყინით მიესალმა, გერმანელი „სმენაზე“ დადგადა სამხედრო სალმის ნიშნად ხელიც კი ასწია. სასაცილო რომ არ იყოს, სატირალი იქნებოდა! ცაოტაოდენი ფიქრის შემდეგ გერმანელმა მიირბინა გლეხთან და ჰკითხა: „რამდენს ითხოვ ამ ვირში? ყიდვა მინდა“. „ჯანდაბამდის გზა გქონია“! – უპასუხა გლეხმა, მაგრამ გერმანელი ყურს არ უგდებდა, მარკებს ითვლიდა დაუმატებდა და უმატებდა. „გაიარე მეთქი, გზა მომეცი“! – უყვიროდა გლეხი. ის კი კვლავ და კვლავ მარკებს აფრიალებდა, მერე ერთმა მაყურებელმა გლეხს უთხრა: „ნამდვილი სულელი ხარ, ვირში იმდენს გაძლევს, „მერსედესს“ იყიდი, ადექი და მიეცი“. გლეხი შეჩერდა, ვირს აღვირი ახსნა, ბარგი გადმოალაგა და პირუტყვი გერმანელს გადასცა. თვალზე ცრემლმომდგარმა გერმანელმა ხელი დაავლო ვირს და გერმანიაში წაიყვანა.

– წმიდაო მამაო, ამას სერიოზულად ყვებით?

– მეტი სერიოზულობა რომ აღარ იქნება! თვითონაც არ დავიჯერებდი, ერთი ძალიან სერიოზული ადამიანისაგან რომ არ მომესმინა.

 

ინდუისტური ასკეტიკური ვარჯიშები [6]

– წმიდაო მამაო, ინდუსები საკუთარი თავის გარკვეულწილად ფლობას იმიტომ აღწევენ, რომ ამაში ასკეტიკური ვარჯიშები ეხმარებათ, რომლებსაც იოგაში ასრულებენ?

– ამ ვარჯიშებს კი ასრულებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში რას აღწევენ? მართლმადიდებლური თავშეკავება და საერთოდ, სულიერი ასკეზი ყოველთვის ერთი მიზნისკენ არის მიმართული. ესაა სულის განწმენდა. ხოლო სატანური ერული ასკეზი იმ ადამიანებისა, ვის შესახებაც ვსაუბრობთ, იმისათვის აღესრულება, რომ სხეული მოქნილი გახდეს, რომ ხელები და ფეხები ქაღალდის კარაიოზივით [7] ატრიალონ, რომ ამ „ასკეტებმა“ ზოგიერთი უგუნური ადამიანის აღტაცება გამოიწვიონ და რომ მათ დასცინოდნენ ეშმაკები. ის, ვინც ამ აღმოსავლური ასკეზით არის დაკავებული, ბავშვობიდანვე ავარჯიშებს ფეხებს. ერთ ფეხს ერთ მხარზე შემოიდებს, მეორეს – მეორეზე და ამ მდგომარეობაში მჯდარი ლოცულობს. მათ ხელები დაკოჟრილი აქვთ, რადგანაც მთელი საათების განმავლობაში მუშტებს ურტყამენ ღორღით სავსე ტომრებს და მერე ქვისა და აგურის დამტვრევა შეუძლიათ.

მაგრამ ის განცდები და შეგრძნებები რომლის შესახებაც აღმოსავლური რელიგიის მიმდევრები საუბრობენ, ახსნას საჭიროებს. მაგალითად, როდესაც ისინი ენით ცხვირის წვერს ეხებიან, ანდა პირიქით – შიგნით ჩაიბრუნებენ ენას და მისი წვეროთი ხორხს შეეხებიან, ისინი რაღაცნაირ მღელვარებას განიცდიან, ამ ღიტინში რაღაც სიტკბოებას გრძნობენ და ამბობენ: „ჩვენ ნექტარი (ღმერთების სასმელი) შევსვით“. მერე ეს „ასკეტები“ ყურების გარშემო ნერვებს აწვებიან და რაღაცნაირი ხმები ესმით: „უ-უ-უ“ მუსიკა“! ანდა – თვალებზე ხელს იჭერენ და ნაპერწკლების კრთომას „უცქერენ“. ხდება, რომ ფართოდ გახელილი თვალებით უყურებენ მზეს, მერე თვალებს ხუჭავენ და ხედავენ სინათლეს. ამ დროს კი ამბობენ: „აი, მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა, შეუქმნელი ნათელი ვიხილეთ“! მერე კი ეშმაკი ეუბნება მათ: „ესე იგი, თქვენ, სინათლე გინდათ, მე გაჩვენებთ მას“! ეშმაკი მათ წარმოსახვას აღაგზნებს და ისინი უკვე ხელის თვალებზე დაჭერის გარეშეც ხედავენ „ნათელს“. ჩვენი (მართლმადიდებელი ბერების) მოხიბლვას ხშირად ცდილობს ეშმაკი იმით, რომ გვანახებს სინათლეს, ან – რაიმე მსგავსს. ამას ჩვენ არ ვითხოვთ, ზურგსაც კი ვაქცევთ, ის კი მაინც ცდილობს ჩვენს ცდუნებას. და წარმოიდგინეთ, რა შეიძლება, მოხდეს მაშინ, როდესაც ადამიანი თვითონ ახდენს ეშმაკის პროვოცირებას! ეშმაკი ხომ სწორედ საბაბს ეძებს.

– წმიდაო მამაო, ანუ ეშმაკი მათ სხვადასხვა სურათებს აჩვენებს?

– დიახ, ის უკიდურესად აღაგზნებს, ამახვილებს მათ წარმოსახვას, შემდეგ კი ხიბლში აგდებს მათ.

ზოგიერთი ჩვენი თანამემამულეც მიდის ინდუს მასწავლებლებთან. ინდუსები მათ თავიანთ ენაზე უამრავ საგმობ რამეს ასწავლიან: ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდანების შესახებ. მათგან ზოგმა იცის, რომ ეს გმობაა, ზოგმა კი – არა. და ამგვარად ეს ადამიანები ეშმაკეულები ხდებიან. შემდეგ ისინი „გამოუთქმელი სიტყვების“ გამოთქმას იწყებენ. ისინი გონების დაკარგვამდე, შეურაცხად მდგომარეობამდე მიდიან. ხოლო მათი შემხედვარე ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ მაღალი სულიერი მდგომარეობა აქვთ. მაგრამ სინამდვილეში ეს ეშმაკეული მდგომარეობაა.

 

ინდუიზმი მრავალი ბოროტების მიზეზია

ინდოელები გონიერი ხალხია. ისინი მხოლოდ მიწიერით არ კმაყოფილდებიან და ფიქრობენ იმაზე, რა დევს ბუნების მიღმა. ისინი მდიდარი გულით გამოირჩევიან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვითომდა ფილოსოფიას, სინმდვილეში კი ჯადოქრობასა და მაცდურ სწავლებებს მისდევენ. ინდოელები თავიანთი თეორიებით რყვნიან ევროპელებს. ანდა, შეხედე იმათ, ვინც აღმოსავლური რელიგიური მიმდინარეობების სათავეებთან დგანან. ხარებივით არიან, მაშინ, როდესაც ამ ხალხის უდიდესი ნაწილი შიმშილისაგან იხოცება. ეს მასწავლებლები აქ, საბერძნეთშიც ჩამოდიანდა ხალხს ნირვანათი – უსაქმურობის შესაძლებლობით, ხელახალი განხორციელებით ასულელებენ. ყველაფერთან ერთად ისინი თავიანთ წიგნებში იყენებენ ნაწყვეტებს წმიდა წიგნებიდან: „სათნოთმოყვარეობიდან“, წმიდა მამათა ნაწერებიდან და ხალხს ამით იზიდავენ. წარსულში განა ნახავდი სადმე ქრისტიანს, რომელსაც ინდური თეორიებისა სწამდა?! დღეს კი ზოგიერთი, არც ვიცი, კარგად როგორ გამოვთქვა, წესიერი, დადებითი ადამიანი ამ სისულელეებს უჭერს მხარს და ასეთ მასწავლებლებს უამრავ ფულს უხდის. ინდუიზმმა ჩვენ დიდი ბოროტება მოგვიტანა.

– წმიდაო მამაო, ინდოეთში თუ არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები?

– ძალიან ცოტა. წმიდა თომა მოციქულის მიერ ინდოეთში დაარსებული ეკლესიის რამდენიმე წევრიღაა დარჩენილი. მაგრამ ისინიც აღარ არიან. ზოგიერთი მათგანი კათოლიკე გახდა, სხვები – პროტესტანტები. დღეს ამ ქვეყანაში მართლმადიდებლებს თითებზე დაითვლი.

ყველაფერ იმას, რასაც სხვა რელიგიები და რელიგიური მიმდინარეობები სასწაულად მიიჩნევენ, ჩვენი სარწმუნოების სასწაულებთან მცირე კავშირიც კი არა აქვს. ქრისტე ჩვენგან ღვთისმოსაობას ითხოვს. მას სურს, გვიყვარდეს იგი არა იმიტომ, რომ ყოვლადძლიერია... მას რომ სურდეს, წამსვე აღასრულებდა ისეთ სასწაულს, რომ მთელი სამყარო ირწმუნებდა მის უძლეველობას. მაგრამ, ამგვარი ქმედებით ის ადამიანების თავისუფლებას ხელყოფდა. ამიტომ ამბობს ქრისტე: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავს და ვრწმენე“ [8].

მართმადიდებლობაში არის სასწაული და საღვთო მადლი. ინდუიზმში – ჯადოქრობა და ფილოსოფია. ეშმაკი აძლევს ძალას გურუებს, ჯადოქრებსა და მათ მსგავსთ, იმიტომ, რომ ისინი თვითონ აძლევენ ეშმაკს მათზე ბატონობის უფლებას. სწორედ ამგვარად შეუძლიათ ამ ადამიანებს აღსრულება ვითომდა სასწაულისა, რომელსაც აღტაცებაში მოყავს სხვები.

აღმოსავლური რელიგიური მიმდინარეობებით გატაცებული ადამიანი როგორც კი შენიშნავს, რომ ის, ვინც ამ სასწაულებს აღასრულებს არანაირად არ არის ქრისტესთან კავშირში, მაშინათავე უნდა მიხვდეს, რომ ამგვარი „სასწაულმოქმედის“ ყველა ქმედება ეშმაკეული სიცრუეა. ეშმაკს ჭეშმარიტების ლაპარაკი არ შეუძლია. ის მხოლოდ სიცრუეს ლაპარაკობს და შეცდომაში შეჰყავს ღვთის ქმნილება. თუკი აღმოსავლური რელიგიების მიმდევარი ადამიანები წარსულში მცირედ მაინც გაცნობიან ქრისტიანობას და კეთილი განწყობაც აქვთ, ისინი აუცილებლად დაფიქრდებიან იმაზე, რომ ინდუსი ჯადოქრების ცხოვრება უწმიდური და მცდარია, მაშინ, როდესაც მართლმადიდებლობაში ისინი წმიდა ცხოვრებასა და უმაღლეს სულიერ ნიჯებს ხედავენ. მართლმადიდებლობაში ისინი ნახავენ წმიდა ცხოვრებით მოღვაწე და ჭეშმარიტ სასწაულთა აღმასრულებელ ადამიანებს. სიკეთე მართლმადიდებლობაში არის ადამიანის მიერ ღვთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულის გამოვლინება. სიკეთის სხვა ყოველგვარი სახე, რომელიც სხვა სარწმუნოების მიხედვით აღესრულება, ხიბლია და ქრისტეს არ ეფუძნება, თუმცა, თავისთავად მათში გარკვეული დადებითი ადამიანური საწყისები არსებობს. მას, ვინც სწორი მართლმადიდებლური ცხოვრებით ცხოვრობს, აქვს სიმდაბლე, სიყვარული და მოყვასისათვის სრული თავგანწირვის უნარი. ის თავის ასკეტიკურ ღვაწლს მარხვას, მღვიძარებას – ღვთის სიყვარულის გამო აღასრულებს და არა იმისათვის, რომ რაიმე სასიამოვნო განიცადოს.

ქრისტე ამქვეყნად იმისათვის მოვიდა, რომ თავისი ქმნილების გადასარჩენად ჯვარცმა დაეთმინა. იგი ჯერ ჯვარს ეცვა დაშემდეგ აღდგა. სულიერი სიხარულის თხოვნა უბრალო საქმეა. სულ სხვა რამეა, როდესაც ზეციურ სიტკბოებას ქრისტე თავისი სურვილით ანიჭებს ვინმეს. ხოლო ისინი, ვინც სხვადასხვა ინდუისტური რელიგიებით არიან გატაცებულნი, ვთქვათ, იოგით და – ასე შემდეგ, ესწრაფიან, რომ მიაღწიონ ვითომდა სულიერ მდგომარეობას – ექსტაზს. ისინი სიტკბოების განცდას ელტვიან, ან სხვაზე მაღლა სურთ დადგომა და ამასთან სხვათა მიმართ არანაირ თანაგრძნობას, ინტერესს არ განიცდიან.

დავუშვათ, რომ აღმოსავლური რელიგიის მიმდევარი ზის ზღვის ნაპირას და „თვითკონცენტრაციითაა“ დაკავებული. ამ დროს ზღვაში ვინმე რომ იხრჩობოდეს და შველას ითხოვდეს, ეს ადამიანი სრულიად გულგრილი დარჩება, არც კი შეირხევა და თავის ადგილს არ დატოვებს, რათა არ მოაკლდეს იმ ტკბობას, რომელსაც მაშინ განიცდის. მაგრამ თუკი მის ადგილას მართლმადიდებელიბერი იქნება, იესოს ლოცვას რომ ასრულებს, ის მაშინათვე გვერდზე გადადებს სკვნილს და ადამიანას გადაარჩენს.

 

როგორ ცდუნდებიან ადამიანები?

– წმიდაო მამაო, როდესაც მეორედ მოსვლის წინ ილია წინასწარმეტყველი და ენოქი სინანულის საქადაგებლად მოვლენ, შეისმენს სოფელი მათ ქადაგებას, გონს მოეგება?

– ისინი, ვისაც კეთილი განწყობა აქვს, გაიგებენ. ვისაც კეთილი განწყობა არ აქვს, ის კი ვერ გაიგებს და ცდუნდება.ქრისტემ გაგვაფრთხილა, რომ დიდი ყურადღება გვმართებს, „რამეთუ აღდგნენ ქრისტემტყუარნი და ცრუწინაისწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა და ნიშებსა, რაითა აცთუნნენ, უკეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა“ [9].

არიან ადამიანები, რომლებიც ზოგიერთ მაცდურს წინასწარმეტყველად მიიღებენ, რამდენიმე წლის წინ ერთი პროტესტანტი გაუჩერებლად დადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში, მას ჰქონდა ტყავის ჩემოდანი, რომელზედაც ეწერა: „მე ილია წინასწარმეტყველი ვარ“. ამ პროტესტანტს ეცვა მოკლესახელოებიანი ტანსაცმელი, თან ჰქონდა წმიდა წერილი – ინგლისურ ენაზე და ხალხს არწმუნებდა, ციდან ჩამოვედიო. როდესაც მისი რწმენისა და რელიგიური მიმდინარეობის შესახებ ეკითხებოდნენ, იგი პასუხობდა: „ეჰ, დღეს ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ქვეყნად ვცხოვრობდი, არანაირი რელიგია არ არსებობდა“. გესმით?! გამოდის, რომ კათოლიციზმს, პროტესტანტობას, ორმოცდაათიანელობას, ნებისმიერ ერესს შორის იგი განსხვავებას ვერ ხედავდა. განა ყოველივე ამის შემდეგ აშკარა არ არის, რა წინასწარმეტყველიც იყო?! ან, რამდენი წერილი მოწერა! მთელი მისი წერილები წმიდა წერილის ციტატებითა და სხვადასხვა პროტესტანტული იდეებით იყო სავსე. ის სხვებსაც მთელ გროვა წერილებს უგზავნიდა, ზოგს – ინგლისიდან, ზოგს – სხვა ადგილებიდან. ზოგმა დაუჯერა და ისიც კი უნდოდათ, ერთ-ერთ ჟურნალში გამოექვეყნებინათ, რომ მოვიდა ილია წინასწარმეტყველი. „თქვენ ჭკუაზე ხართ?! ეს რა დაგიპირებიათ!“ – ვუთხარი ამ ხალხს. საწყლები,მთლად თავბრუ ქონდათ დახვეული.

მხოლოდ იმის მოსმენაც კი, რასაც მაცდუნებელი ამბობს, ცოდვაა ადამიანისათვის. ზოგი ამბობს: „თუ ირწმუნებ, რომ რაიმე მოვლენა უნდა მოხდეს, ის მართლაც მოხდება“. ასეთი რწმენა საკუთარი „მეს“ რწმენაა, თუმცა ამგვარ რწმენაში ეშმაკი მალავს თავს. ასეთი ადამიანები საკუთარ „მეს“ აღმერთებენ და საღვთო მადლს აკლდებიან. ვიღაცეები კი ცდილობენ, რომ ასეთი ადამიანები დააბნიონ. ერთი ასეთი მაცდუნებლი, ასე 45 წლის კაცი საკუთარ თავს ხაკის [10] საღვთისმეტყველო სკოლის კურსდამთავრებულად ასაღებდა და სხვადასხვა ინდუისტურ რელიგიებს ქადაგებდა. მე მას ვუთხარი: „მაშინ, როცა მთელ ამ ინდუისტური სისულეების გაკეთილშობილებასა და გავრცელებას ცდილობ და თანაც ამავდროულად თავს ხაკის კურსდამთავრებულად აცხადებ, საკუთარ თავსაც ვნებ და ხალხსაც, ფრთხილად იყავი: შეიძლება შეპყრობილი გახდე“.

– წმიდაო მამაო, რატომაა, რომ სხვადასხვა ფსევდორელიგიური მიმდინარეობების გამავრცელებლები საბერძნეთში ცდილობენ, რომ თავი არარელიგიური დაწესებულებების: კლუბების და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებად გაასაღონ? რატომ არ ამხელენ, რომ მათი სწავლება რელიგიური შინაარსისაა?

– ამას ხალხის საცდუნებლად აკეთებენ. აი ნახე: ჯერ ხომ კიდევ წმიდა მოციქულთა სწორმა კონსტანტინე დიდმა გააუქმა წარმართობა და მთელს რომის იმპერიაში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა. დღეს კი სურთ, რომ კვლავკერპთაყვანისმცემლობაში დაგვაბრუნონ. ნებადართულია მეჩეთების მშენებლობა (სახელმწიფო დონეზე), ვიღაც გურუები აარსებენ საკუთარ მონასტრებს, ატარებენ ლექციებს, აარსებენ სხვადასხვა პროზელიტურ ცენტრებს. მასონები ჩვენში თავისუფლად მოქმედებენ, იეღოველები – ასევე. მართლმდიდებლობის წინააღმდეგ სხვადასხვა რელიგიური სწავლებების მთელი სიმრავლეა ამხედრებული. მაგრამ ყოველივე ეს დიდხანს არ გასტანს, ქაღალდის ხუხულასავით დაემხობა.

საბრალო ადამიანები ყოველგვარი ამ ცრუსწავლებით არიან გატაცებულნი, იმიტომ, რომ ღმერთს განეშორნენ და გონება აქვთ დაბნელებული. ორმა ყმაწვილმა მიამბო, რომ ისინი მოგზაურობდნენ წმიდა მიწაზე და როდესაც ქებრონში აბრაამის საფლავის თაყვანისსაცემად ჩავიდნენ, ისინი მხოლოდ იმ პირობით შეუშვეს, რომ თავზე ებრაულ ქუდებს დაიხურავდნენ. მაგრამ, თუკი თავზე იმ ნივთს იდებ, რაც ებრაულ საკულტო მსახურებაშია გამოყენებული, მაშ რაღა აზრი აქვს მართლმადიდებლურ მომლოცველობას?!

აბა, რაღა გვეთქმის! საშინელი სულიერი ორომტრიალია გამეფებული! პარიზში ერთი რომაულ-კათოლიკური ტაძრის შესასვლელში გამოკრულია წარწერა: „ვატარებთ იესოს ლოცვის გაკვეთილებს – იოგას მეთოდით“. სადამდე დაეცნენ?! მერე კი ასეთ „მლოცველებს“ თავში რაღაცეები აერევათ და ჭკუიდან გადადიან. თვითონაც არ იციან, რას ითხოვენ. ზოგიერთმა რომის კათოლიკემ და პროტესტანტმა შეიტყო, რომ მართლმადიდებლური ნათლობისას ადამიანი იცვლება, ხელახლა იშობა. ეს ადამიანები რატომღაც თვლიან, რომ თუ ისინი პირჯვარს მართლმადიდებლურად გადაიწერენ, მათი ფსიქიკა კვლავ ნორმაში ჩადგება. ერთ პროტესტანტს სურდა, რომ მართლმადიდებელი გამხდარიყო. როდესაც ის ადამიანი, ვისაც მან მონათვლ ასთხოვა, ჩემთან მოვიდა, ვუთხარი: „ყური მიგდე, ნუ მონათლავ, ამისათვის ის მზად არ არის“. მან კი მომიგო: „არა, პირჯვარს თუ გადაიწერს, ამით დიდ შეწევნას მიიღებს“. „მაგრამ ის ხომ მზად არ არის ნათლობისათვის, ნუთუ ეს არ გესმით“? –ვურჩევდი მე. მათ ყური არ მიგდეს, წაიყვანეს ეს პროტესტანტი ზღვაზე და იქ მონათლეს. ორი-სამი დღის შემდეგ ის მოდის ჩემთან სენაკში და მიცხადებს: „მოვინათლე, მაგრამ ნათლობამ ფსიქიკური მდგომარეობა ვერ გამიუმჯობესა“. მე გავიკვირვე: „კი მაგრამ, განა იმისათვის მოინათლე, რომ შენი ფსიქიკა გამოსწორებულიყო?! აბა ვნახოთ: შენ რომ ნათლობის აუცილებლობა გეგრძნო, შენ რომ მისი ღირსება შეგეცნო, მაშინ სწორედ ამ საიდუმლოს დიდებულების გამო ისწრაფებდი მონათვლას და მაშინ შენი ფსიქიკური მდგომარეობაც ნორმალური გახდებოდა. მაგრამ ახლა, რადგანაც მხოლოდ ფსიქიკის მოსაწესრიგებლად მოინათლე, რაღა გამოასწორებს შენს მდგომარეობას?! გგონია, ფსიქიკა მაგიურად გამოგისწორდება“?

ეს ხალხი სასწაულს ჯადოქრობაში ურევს. მათ ოქროსა და სპილენძის გარჩევა არ შეუძლიათ. აბა, შევხედოთ: რომელიღაც პროტესტანტს შეუძლია, მოინათლოს მართლმადიდებლურად, მერე კათოლიკე გახდეს, მერე კი გამოაცხადოს: „არა, რაღაც არც ეს მომეწონა“! და ისევ პროტესტანტობას დაუბრუნდეს, ან სულა ც– მართლმადიდებლობას. ერთმა კათოლიკემ მართლმადიდებლობა მიიღო, ბერად აღიკვეცა და ცხრა წლის განმავლობაში მონასტერში ცხოვრობდა. ერთხელ ჩემთან სენაკში მოვიდა და გამომიცხადა: როგორც მართლმადიდებელს საერო ცხოვრებით არასოდეს მიცხოვრია, ამიტომ ერში უნდა დავბრუნდე და დავქორწინდე“. აბა, ერთი, უსმინე! და ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც უხსნი, რა მძიმე ცოდვაა ამგვარი ფიქრი, ის გპასუხობს: „რატომაა მძიმე ცოდვა? არაფრით არ მისმის“.

 

დაბრუნება მართლმადიდებლობასთან

დღევანდელ მდგომარეობაში ადამიანები სიამოვნებას იმაში პოულობენ, რაც უცნაურია და არა იმაში, რაც სწორია. მაგალითად, ისინი მიემგზავრებიან ინდოეთში, რომელიც დედამიწის მეორე მხარესაა და ჯადოქრობითაა ცნობილი. ხოლო ათონის წმიდა მთას, რომელიც მათ სამშობლოშია და ქრისტეში ჭეშმარიტი ცხოვრების საიდუმლოს ინახავს, ისინი არ იცნობენ და არად აგდებენ. ერთი სტუდენტი მიამბობდა, რომ იყო ინდოეთში და იქ სამნახევარი წელი იცხოვრა. ის ცდილობდა, გარკვეულიყო და გაეგო, თუ რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი. ბოლოს და ბოლოს ერთმა ინდოელმა მას უთხრა: „აქ რისთვის ჩამოხვედი, რასაც ეძებ, ის მართლმადიდებლობაშია, სინათლე იქიდან მოდის, წადი ათონის წმიდა მთაზე და იქ იპოვი იმას, რასაც დაეძებ“ [11]. ასე დაბრუნდა ყმაწვილი საბერძნეთში და ათონზე მოვიდა.

– წმიდაო მამაო, როდესაც აღმოსავლურ რელიგიურ კულტებთან დაკავშირებული ადამიანი ამას მოინანიებს, წმიდა მართლმადიდებლი ეკლესია კვლავ მიიღებს მას თავის წიაღში?

– ასეთი ადამიანისათვის დიდი სინანულია საჭირო. თუ იგი ისურვებს, რომ კვლავ მართლმადიდებლობას დაუბრუნდეს და გახდეს წევრი ეკლესიისა, მაშინ მისი წესების მიხედვით, წერილობით უნდა უარყოს აღმოსავლური კულტების მიმდევრობა, აღიაროს მართლმადიდებლი სარწმუნოება, ამის შემდეგ კი სასულიერო პირის მიერ მას წაეკითხება ლოცვები, ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან დაბრუნების შესახებ და ეცხება მირონი.

ვხედავ, რომ ჩვენი თანამემამულე ახალგაზრდები, რომელთაც სახარებიდან ერთი სტრიქონიც კი არ წაუკითხავთ, ბრაჰმანულ და ბუდისტურ ლიტერატურას, ყურანს და სხვა ამის მსგავს წიგნებს კითხულობენ. ისინი ინდოელ გურუებთან დადიან. შემდეგ ყოველივე ეს აღარ მოსწონთ და ბრუნდებიან მართლმადიდებლობაში, მაგრამ ამ დროს ისინი ათასგვარი აღმოსავლური კულტების მიერ უკვე მრავალი სახის სულიერი მიკრობით არიან დასნებოვნებულნი. ადამიანები სნეულდებიან და მერე უკვე ძალიან ძნელად აგნებენ ჭეშმარიტებას. იქნებ ადამიანმა ჯერ საკუთარი, პირადი გამოცდილებით შეიცნოს მართლმადიდებლობა და მერე, თუკი არ მოეწონება, დატოვოს იგი. დაე, შეისწავლოს მან მართლმადიდებლობა და მერე შეადაროს სხვადასხვა რელიგიურ სწავლებებს. მართლმადიდებლობასთან ზიარებით ხომ ადამიანი სწავლობს ნამდვილი და ყალბი ოქროს გარჩევას; ასევე იმის მიხვედრას, თუ რამდენად სუფთაა ეს ოქრო, ან რამდენი კარატია ის. ასეთ ადამიანს ვერ მოატყუებ, ყველაფერს, რაც ბრწყინავს, ის ოქროდ არ მიიღებს.

აი, რას მივაქციე ყურადღება: მართლმადიდებლობას მხოლოდ ეგოისტები ტოვებენ. თავმდაბალი ადამიანი არასოდეს დატოვებს მართლმადიდებლობას.

 


[1] - 2 ტიმ. 3, 13.

[2] - ორმოცდაათიანელები – პროტესტანტული მიმდინარეობის სექტა. დაარსდა აშშ-ში 1970 წელს. ორმოცდაათიანელთა ერეტიკული წარმოდგენის მიხედვით ისინი „სულიწმიდის ნათლობას“ იღებენ, რის შედეგადაც თითქოსდა ქარიზმატულ ნიჭებს იძენენ. ესაა: „უცხო ენებზე მეტყველება“, წინასწარმეტყველება და ა.შ. ორმოცდაათიანელები ეკლესიის შესახებ აღიარებენ მხოლოდ საკუთარი სექტის სწავლებას, რომელიც ხლისტურ შეხედულებებს მისდევს, არ სცნობენ წმიდა გარდამოცემას.

[3] - „ცეცხლზემავალნი“ – იმ წარმართული ჩვეულების მიმდევრები, რომელიც გახურებულ ნაღვერდალზე სიარულს გულისხმობს. გავრცელებულია მაკედონიისა და თრაკიის ზოგიერთ დასახლებაში.

[4] - ხელახალი განსხეულება – ცრუ რელიგიური წარმოდგენა, რომლის თანახმადაც ხორციელი სიკვდილის შემდეგ სული სხვა ადამიანის ანდა ცხოველის სხეულში შედის და დაბადებისა და სიკვდილის დაუსრულებელი ციკლი აღესრულება.

[5] - ნასერ ჰამალ აბდელი (1928-1970) – ეგვიპტის პრეზიდენტი 1956-1970 წლებში.

[6] - ამ თავში ბერის მიერ გამოთქმული აზრი მხოლოდ ინდუიზმს კი არ ეხება, არამედ, ზოგადად ახალი ეპოქის – რელიგიურ მიმდინარეობებს, რომლებიც იოგისა და მედიტაციის ტექნიკას იყენებენ.

[7] - კაპაიოზი – ბერძნული ხალხური ჩრდილების თეატრის მთავარი გმირი.

[8] - იოან. 20, 29.

[9] - მარკ. 13, 22.

[10] - კუნძულ ქალკის საღვთისმეტყველო სკოლა – მსოფლიო საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულება. დაარსდა 1844 წელს. შედგებოდა სამი გიმნაზისტური და ოთხი აკადემიური კლასისაგან. 1971 წელს თურქეთის მთავრობამ დახურა საღვთისმეტყველო განყოფილება, ხოლო გიმნაზია – 1984 წელს.

[11] - ცნობილია, რომ კეთილად განწყობილ ადამიანს ღმერთი თავის ნებას სხვადასხვაგვარი საშუალებებით განუცხადებს. ერთ-ერთ მაგალითად გვევლინება ვირი, რომელიც იმისათვის, რომ ბალაამი ღვთის ნების საწინააღმდეგო ქმედებას არიდებოდა, ადამიანის ენაზე ამეტყველდა (შეად. რიცხვ. 22, 18-35.)