- წმიდაო მამაო, ერთმა ყმაწვილმა, რომელიც ქორწინებას აპირებს, მკითხა, თუ ოჯახური ცხოვრების რაგვარი დასაწყისი შეიძლება ჩაითვალოს სწორად.
- პირველ რიგში ისეთი გოგონას პოვნას უნდა შეეცადოს, რომელიც მის გულთან ახლოს იქნება. იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის გული თავისებურად ხედავს. ზოგი ერთ ადამიანთან გრძნობს სიახლოვეს, ზოგი კი - მეორესთან. იმას კი არ უნდა უცქერდეს, რომ საცოლე მდიდარი და ლამაზი იყოს. არამედ, პირველ რიგში იმას, რომ იგი უბრალოებითა და სიმდაბლით იყოს შემკული. ანუ, უმეტესი ყურადღება გარეგნობას კი არა - მომავალი მეუღლის შინაგან მშვენიერებას უნდა ექცეოდეს. თუკი ქალიშვილი საიმედოა, თუკი ის ვაჟკაცობითაა დაჯილდოებული, ოღონდაც - არა უმეტესად, ვიდრე ეს ქალის ხასიათს შეჰფერის, - ეს ძალიან დაეხმარება მის მომავალ ქმარს, რომ მასთან ერთად ყველა სირთულე სრული ურთიერთგაგებით გადალახოს და გამუდმებით თავის ტკივილი არ ტანჯავდეს. ამასთან, თუკი ქალს ღვთის შიში და სიმდაბლე ექნება, მაშინ ისინი შეძლებენ, რომ ხელიხელჩაკიდებულებმა გადალოხონ ამა სოფლის ბოროტი მდინარე. თუკი ახალგაზრდა კაცი სერიოზულად უცქერს რომელიმე ქალიშვილს, როგორც თავის მომავალ მეუღლეს, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუკი ის რომელიმე ახლობლის საშუალებით პირველ რიგში ამას ქალიშვილის მშობლებს აცნობებს. შემდეგ იგი პირადად უნდა ესაუბროს ქალიშვილის მშობლებს, ხოლო შემდეგ - თავად ქალიშვილს - თავისი განზრახვის შესახებ. შემდეგ, როდესაც ისინი დაინიშნებიან და დაიწინდებიან, კარგი იქნება, თუ დრო წინდობასა და ქორწილს შორის ძალიან არ გაიწელება. ამ ხნის განმავლობაში ყმაწვილი საცოლეს ისე უნდა უცქერდეს, როგორც დას და უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდეს. თუკი საქმრო და საცოლე ყოველგვარ ძალისხმევას იხმარენ და შეძლებენ უმანკოების შენარჩუნებას ქორწინების საიდუმლოს აღსრულებამდე, ანუ მანამდე, ვიდრე ღვთისმსახური მათ თავზე გვირგვინებს დაადგამს, ამ შემთხვევაში ისინი უხვად მიიღებენ საღვთო მადლს. იმიტომ რომ, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: ქორწინების საიდუმლოში გვირგვინები ვნებებზე გამარჯვების ნიშანია [1].
შემდეგ კი მეუღლეებმა სიყვარულის სათნოება მთელი ძალისხმევით უნდა გამოიმუშაონ. რათა ორნი ყოველთვის ერთობაში იმყოფებოდნენ და რათა მათთან გამუდმებით იმყოფებოდეს მესამე - ჩვენი ტკბილი ქრისტე. რა თქმა უნდა, ვიდრე ახალდაქორწინებულთა ოჯახური ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში არ ჩადგება, ვიდრე ისინი ერთმანეთს როგორც საჭიროა, ისე არ გაიცნობენ, შესაძლოა, გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ. ასეთი რამ ნებისმიერი საქმის დასაწყისში შეიძლება მოხდეს. რამოდენიმე დღის წინ ერთ ბარტყს ვაკვირდებოდი, ის პირველად გამოფრინდა ბუდიდან, რომ საკვები მოეპოვებინა. საწყალი მწერების დაჭერას ვერ ახერხებდა და მიწიდან ერთი მტკაველის სიმაღლეზე დაფრენდა, ამგვარად მან მთელი საათი დაკარგა, ვიდრე პატარა მწერს დაიჭერდა. ჩიტის ცქერისას ვფიქრობდი, რომ ნებისმიერი საქმის დაწყება არც თუ იოლი რამ არის. უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მას შემდეგ, რაც დიპლომს მიიღებს და მუშაობას დაიწყებს, პირველ ხანებში აუცილებლად განიცდის გარკვეულ სირთულეებს. ყოველი მორჩილიც თავისი მონასტრული ცხოვრების დასაწყისში განიცდის სირთულეებს. სირთულეებს განიცდის ოჯახური წყვილიც, რომელიც ეს ეს არის შეუდგა ერთობლივ ცხოვრებას.
- წმიდაო მამაო, დასაშვებია, რომ საცოლე საქმროზე უფროსი იყოს?
- არ არსებობს საეკლესიო წესი, რომელიც ამბობს, რომ თუკი ქალიშვილი სამი, ოთხი და თუნდაც ხუთი წლით უფროსია საქმროზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ქორწინება დაუშვებელია.
ერთხელ ჩემთან სენაკში მოვიდა ერთი კაცი, რომელიც ჩიოდა, რომ ცოლთან გამუდმებულმა კონფლიქტებმა მეტისმეტად გაანერვიულა. მე კი მივხვდი, რომ მასა და მის მეუღლეს შორის რაიმე სერიოზული ნამდვილად არ ხდებოდა. ამ კაცს თავისი „კოჟრები“ და „კოპები“ აქვს, ხოლო მის ცოლს - თავისი. ამიტომაა, რომ ისინი ვერ თანხმდებიან. ორივე მათგანისათვის ცოტაოდენი „გათლა“ აუცილებელია. აიღე ორი გაუშალაშინებელი დაფა, ერთს ერთ ადგილას აქვს ნუჟრი, მეორეს - მეორე ადგილას. და თუკი მოვინდომებთ, რომ ისინი ამ მდგომარეობაში შევაერთოთ ერთმანეთთან, საბოლოო ჯამში მათ შორის ნაპრალები დაგვრჩება. მაგრამ, თუკი თითოეულ დაფას სწორედ ისე გააშალაშინებ, როგორც ეს მათთვის არის საჭირო, ისინი ერთმანეთს შესანიშნავად შეეთავსებიან. მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ორივე ერთი შალაშინით გაშალაშინდეს [2].
„ცოლთან საერთო ენის გამონახვას ვერანაირად ვერ ვახერხებ. ჩვენ სრულიად სხვადასხვაგვარი ადამიანები ვართ! იგი ხომ სრულიად განსხვავებული წყობის ადამიანია. როგორ უშვებს ღმერთი, რომ ასეთი შეუსაბამობები მოხდეს?! განა მას არ შეუძლია, ყველაფერი ისე მოაწყოს, რომ მეუღლეებს ერთნაირი ხასიათი ჰქონდეთ და აქედან გამომდინარე მათ სულიერი ცხოვრება შეძლონ“?! ხშირად მეკითხება ზოგიერთი ქმარი. მე კი ვპასუსობ: „ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ხასიათების სხვადასხვაობაში საღვთო ჰარმონია იფარება? სწორედ სხვადა სხვაგვარი ხასიათები ქმნიან ამ ჰარმონიას. წარმოიდგინე, შენ და შენ ცოლს ერთნაირი ხასიათები რომ გქონდეთ! ღმერთმა დაგიფაროთ! წარმოიდგინე, შენც და შენი ცოლიც ადვილად რომ ნაწყენდებოდეთ. თქვენს სახლში ხომ ქვა ქვაზე აღარ დარჩებოდა! ანდა, ორივე მეუღლეს ერთნაირად რბილი, მოკრძალებული ხასიათი რომ ჰქონოდა?! განა ეს მათ გამოადგებოდათ?! თუკი არც შენ და არც შენი ცოლი ზამთარში თოვლსაც კი არავისთვის გაიმეტებთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთისთვის შესაფერისები კი იქნებით, მაგრამ ორივე ერთად ჯოჯოხეთში მოხვდებოდით და იქ საუკუნოდ დაიტანჯებოდით. ან ორივე მფლანგველები რომ იყოთ?! განა საოჯახო მეურნეობის გაძღოლას შეძლებდით?! მთელ თქვენს ქონებას ქარს გაატანდით და ბავშვებს კი ღია ცის ქვეშ დატოვებდით“.
თუკი მძიმე ხასიათის მქონე, თავისნათქვამა ადამიანი შეირთავს ისეთ ცოლს, რომელსაც რაც გინდა უყო, თავისას მაინც არ დაიშლის და ყველაფერს თავისებურად გააკეთებს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მეუღლეები ერთმანერთისთვის შესაფერისები იქნებიან, განა ასე არ არის?! მაგრამ ერთობლივი ცხოვრების მეორე დღესვე, აუცილებლად თმას დააგლეჯენ ერთმანეთს. ამიტომაც, აბა, ნახე, როგორ აგვარებს ყველაფერს ღმერთი: ის აკეთებს ისე, რომ კარგი, კეთილი ადამიანი ჭირვეულზე ქორწინდება და მაშინ ის მეორე დიდ შეწევნას იღებს. რადგანაც შესაძლოა, ისიც თავიდან კეთილგანწყობილი ადამიანი იყო, მაგრამ შემდეგ ბოროტებამ გაიტაცა.
მეუღლეების ხასიათში არსებული მცირეოდენი სხვაობა ჰარმონიული ოჯახის შექმნას უწყობს ხელს, იმიტომ, რომ ერთერთი მათგანი ავსებს მეორეს. ავტომობილისათვის ორივე პედალი აუცილებელია: ერთი გაზისთვის, - რომ იაროს და მეორე მუხრუჭისათვის, რომ დროულად დამუხრუჭება შეძლოს. ავტომანქანას რომ მხოლოდ მუხრუჭის პედალი ჰქონოდა, ის ადგილიდან დაძვრასაც კი ვერ შეძლებდა; ასევე, მას რომ მხოლოდ აქსელერატორი ჰქონდეს, მაშინ გაჩერებას ვეღარ შეძლებდა. „თქვენ ორივენი ერთ ფეხზე დგახართ, ამიტომაა, რომ ერთმანეთს არ შეეფერებით“. ვუთხარი ერთ წყვილს. ეს ორივე ადამიანი უაღრესად მგრძნობიარე იყო. როდესაც მათ სახლში რაიმე ხდებოდა, ორივეს საბაბი ეძლეოდა და იწყებდნენ მოთქმა-გოდებას: „ვაიმე, ეს რა საშინელი რამ შეგვემთხვა“, - მოსთქვამდა ქმარი. „ვაიმე, ეს ხომ მართლაც უდიდესი უბედურება დაგვემართა“, - ქვითინებდა ცოლი. ანუ - ერთი მეუღლე მეორეს „ეხმარება“, რომ კიდევ უფრო მეტად წარიკვეთონ სასო. ქმარს არ შეუძლია ცოლის გამხნევება და მისთვის თქმა „მოიცა რა, ის რაც ჩვენს თავს ხდება ხომ არც ისე სერიოზულია“! ასეთი რამ ძალიან ბევრ ოჯახში მინახავს.
განსხვავებული ხასიათის მეუღლეები შვილების აღზრდის საქმეში უკეთეს შედეგებს აღწევენ, მეუღლეთაგან ერთ-ერთი გამუდმებით ამუხრუჭებს ბავშვებს, მეორე კი ამბობს: „მოდი რა, ცოტა მეტი თავისუფლება მიეცი მათ“! თუკი ცოლიც და ქმარიც საკუთარ შვილებს მხოლოდ მოუჭერენ და მოუჭერენ ქანჩებს, დაკარგავენ მათ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც მოუწევთ შვილების დაკარგვა, თუკი ორივე ნებას მისცემს მათ, ის აკეთონ, რაც თავში მოუვათ. თუკი მამა და დედა განსხვავებული ხასიათებისანი არიან, მათი შვილები გაწონასწორებულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
მინდა ვთქვა, რომ ოჯახში ყველაფერი აუცილებლია. რა თქმა უნდა, საკუთარი ხასიათის თავისებურებები მეუღლეებმა ერთმანეთს თავს არ უნდა მოახვიონ, არამედ თითოეული მათგანი თავისი ბუნების თავისებურებიდან გამომდინარე უნდა ეხმარებოდეს მეორეს. როდესაც რაიმეს - ძალიან ტკბილს შეჭამ, ის აუცილებლად მარილიან საჭმელს მოგანდომებს. მაგალითად, თუკი ბევრი ყურძენი მიირთვი, მაშინვე მლაშე ყველს მიაყოლებ, რომ სიტკბო გაანეიტრალოს. ანდა, ბოსტნის მწვანილეული, თუკი მეტისმეტად მწარეა, მისი ჭამა შეუძლებელია, მაგრამ, თუ მას ნაკლები სიმწარე ან სიმჟავე დაჰკრავს, მაშინ ის გემრიელიცაა და სასარგებლოც. მაგრამ, თუკი მჟავის მოყვარული ადამიანი იტყვის, რომ ყველაფერი დანარჩენიც ასევე მჟავე უნდა იყოს, ხოლო მწარის მოყვარე მოინდომებს, რომ ყველაფერი გამწარდეს, მესამეს მხოლოდ მარილიანი მოუნდება და ამას დაიჟინებს. ამ შემთხვევაში ისინი ურთიერთგაგებას ვერასოდეს მიაღწევენ.
ღმერთი ყოველივეს სიბრძნით განაგებს. მამაკაცებს მან თავისებური ნიჭები მისცა, ქალებსაც - ასევე თავისებური. მან მამაკაცს მიანიჭა ვაჟკაცობა, რომ იგი რთულ ვითარებაში გამოსავალს პოულობდეს და რომ ქალი ემორჩილებოდეს მას. ამგვარივე ვაჟკაცობა მას ქალისთვისაც რომ მიენიჭებინა, ოჯახის შენარჩუნება ხომ ვერ მოხერხდებოდა.
ეპირში [3] ყვებოდნენ ერთ ქალზე, რომელიც მთელ დასახლებას შიშის ზარს სცემდა. იგი გრძელ, თეთრ მაზარას იცვამდა და ქამარზე დაკიდებულ იატაგანს მუდამ თან ატარებდა [4]. ყაჩაღებს ის საქმეზე მიყავდათ ხოლმე. წარმოგიდგენიათ, ქალი ყაჩაღთა ბანდის წევრი რომ გახდება?! ერთხელ ის მივიდა ერთ მივარდნილ სოფელში, რომელიც მისი სოფლიდან რამდენიმე საათის სავალზე მდებარეობდა, რათა იქ ერთი კარგი ყმაწვილი მოენახა და თავის ქალიშვილზე დაექორწინებინა. რაკიღა ყმაწვილმა წინააღმდეგობა გაუწია, მან იგი შეკრა, მხარზე გაიდო და ასე მიიყვანა თავის სოფელში! თუმცა ასეთი შემთხვევები მხოლოდ ნორმიდან გადახვევად შეიძლება ჩაითვალოს, აბა, სცადე, ქალები ჯარში გაიწვიე და მათგან ქალთა რაზმი ჩამოაყალიბე. მერე კი ათიოდე მოზარდს ფორმა ჩააცვი და შორიდან დაანახე ამ „მებრძოლ“ ქალებს. მაშინვე მთელი რაზმი მოკურცხლავს იფიქრებენ, რომ მტერი თავს დაგვესხაო.
წმიდა წერილი ამბობს: „ქმარი არის თავი ცოლისა“ [5]. ანუ ღმერთმა თავად განსაზღვრა, რომ ქმარი უნდა იყოს მბრძანებელი ცოლისა. ცოლის მბრძანებლობა ქმარზე არის შეურაცხყოფა ღვთისა. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ადამი, რომელმაც ცოლის შესახებ თქვა: „ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“ [6]. ცოლს ქმრისა უნდა ეშინოდეს, ანუ - იგი პატივს უნდა სცემდეს მას. - ნათქვამია სახარებაში. ხოლო ქმარს ცოლი უნდა უყვარდეს [7]. სიყვარული შეიცავს პატივისცემას. პატივისცემა კი შეიცავს სიყვარულს. ის რაც მე მიყვარს, ამავდროულად ჩემი პატივისცემის საგანიც არის. ანუ სიყვარული და პატივისცემა ეს სხვადასხვა რამ კი არ არის, არამედ, სწორედაც რომ ერთი და იგივეა.
თუმცა ადამიანები იხრებიან ამ საღვთო ჰარმონიისაგან და სახარებისეული სიტყვების აზრი არ ესმით. ამგვარად ქმარი სახარების სიტყვების არასწორი განმარტებიდან გამომდინარე ეუბნება ცოლს: „შენ ჩემი უნდა გეშინოდეს“! მოდი და ნუ გაგიკვირდება! შენი რომ შინებოდა, ხომ არც ცოლად გამოგყვებოდა! ზოგიერთი ცოლი კი თავისაზე დგას: „რატომ უნდა ეშინოდეს ქმრისა ქალს? ასეთ რამეს მე ვერ მივიღებ. ეს რა რელიგიაა ასეთი?! დისკრიმინაცია“! მაგრამ ნახეთ, რას ამბობს წმიდა წერილი: „დასაბამი სიბრძნისა არს შიში ღმრთისა“ [8]. ღვთის შიში მის პატივისცემას ნიშნავს, ღვთისმოსაობას, სულიერ კრძალვას, სწორედ ეს შიში აღძრავს ღვთისმოსაურ თრთოლვას, ეს არის რაღაც - ძალიან წმიდა რამ.
ის თანასწორობა მამაკაცებთან, რომელსაც ზოგიერთი ქალი ესწრაფის, მხოლოდ გარკვეულ საზღვრებში შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს. დღეს ქალები მამაკაცების თანასწორნი არიან როგორც სამუშაოზე, ასევე - ხმის უფლებასთან მიმართებაში. ამიტომ ისინი რაღაც არაჯანსაღი სულით არიან შეპყრობილნი და ფიქრობენ, რომ ყველაფერში მამაკაცების თანასწორნი არიან. რა თქმა უნდა, მამაკაცისა და ქალის სული ერთნაირია. მაგრამ, თუკი ცოლი პატივს არ სცემს ქმარს, ქმარს კი ცოლი არ უყვარს, ოჯახში უთანხმოება წარმოიშობა. ძველ დროში ცოლის მხრიდან ქმრის შეპასუხება ძალიან უწესო და ცუდ საქმედ ითვლებოდა. დღეს კი თავხედური, ენაგატლეკილი საუბარი ძალიან ბუნებრივ რამედ იქცა. რა მშვენიერი დრო იყო ძველად! ერთ ცოლ-ქმრულ წყვილს ვიცნობდი. ქმარი პატარა ტანის, შეუხედავი კაცი იყო. ცოლი კი თვალტანადი, გოლიათური აღნაგობის ქალი. ერთი ცენტნერი მარცვლეულის დატვირთავს მარტო მოახერხებდა. ერთხელ ერთი ასევე გოლიათური აღნაგობის ყმაწვილი შეუჩნდა მას და ამ ქალმა ის ასანთის ღერივით მოისროლა მეორე კუთხეში. მაგრამ, რომ გენახათ, რაგვარ მორჩილებას უცხადებდა ეს ქალი თავის ქმარს, რაოდენ დიდ პატივს სცემდა მას! აი, მხოლოდ ამ ვითარებაში შეიძლება, იყოს ოჯახი მტკიცე და დაურღვეველი. სხვაგვარად ის ვერ გადარჩება.
- მაშ, დედაო, მისწერე მილოცვის წერილი ახლადდაქორწინებულ დიმიტრის?
- მივწერე, წმიდაო მამაო.
- მომეცი ღია ბარათი და ჩემგანაც მივაწერ: „დაე, იმყოფებოდეს თქვენ შორის იესო ქრისტე და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. დიმიტრი, კურთხევას გაძლევ, რომ გაუწყრე მთელ სამყაროს, ოღონდაც არა - მარიამს! ასევე მარიამს ვაძლევ კურთხევას, რომ გაუნაწყენდეს ამქვეყნად ყველას - შენს გარდა“. აბა, ვნახოთ, მიხვდებიან თუ არა ისინი, რას ვგულისხმობ ამაში. ერთხელ ერთმა ადამიანმა მკითხა: „წმიდაო მამაო, ყველაზე მეტად რა აერთიანებს ცოლსა და ქმარს“? - „მადლიერება“. მივუგე მე. ერთ ადამიანს მეორე უყვარს იმისთვის, რასაც ის მას აძლევს. ცოლი ქმარს აძლევს ნდობას, ერთგულებას, მორჩილებას. ქმარი ცოლს აძლევს რწმენას იმისა, რომ იგი მისი მფარველობის, დაცვის ქვეშ იმყოფება, ქალი ოჯახის დიასახლისია, მაგრამ ამავე დროს მისი მსახურია. ქმარი ოჯახის მბრძანებელია, მაგრამ ამავდროულად მისი ტვირთის მზიდავიც.
ცოლ-ქმარი ერთმანეთთან განწმენდილი სიყვარულით უნდა იყოს დაკავშირებული. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ერთმანეთისაგან ნუგეშინისცემა მიიღონ და ისეთი მდგომარეობა შეინარჩუნონ - საკუთარი სულიერი მოვალეობების შესანარჩუნებლად. იმისათვის, რომ თანხმობით იცხოვრონ, მათ უპირველეს ყოვლისა ცხოვრებას საფუძვლად სიყვარული უნდა დაუდონ, - სწორედ ის ძვირადღირებული სიყვარული, რომელიც სულიერ კეთილშობილებაში, თავგანწირვაში მდგომარეობს და არა - ცრუ, ერული, ხორციელი სიყვარული. თუკი სიყვარული და თავგანწირვა არსებობს, ერთი ადამიანი ყოველთვის აყენებს საკუთარ თავს მეორის ადგილას, შეუძლია, გაუგოს მას, მისი ტკივილი განიცადოს. ხოლო როდესაც მოყვასს თავისი მტკივნეული გულის კარს გაუღებს, ამ დროს ადამიანი გულის კარს უღებს ქრისტეს, რომელიც თავისი გამოუთქმელი სიხარულით კვლავაც აღავსებს მას.
როდესაც მეუღლეთაგან ერთ-ერთს მეორე უყვარს, შორს მყოფიც კი - თუკი ამგვარი რამ მდგომარეობამ მოითხოვა, მასთან მაინც ახლოს იქნება, იმიტომ, რომ ქრისტესმიერმა სიყვარულმა მანძილი არ იცის. მაშინ, როდესაც, თუ მეუღლეებს შორის, ღმერთმა დაიფაროს და, სიყვარული არ არსებობს, ერთად ყოფნისასაც კი შესაძლოა, რომ არსობრივად ერთმანეთისაგან სრულიად დაშორებულები იყვნენ. ამიტომაა, რომ მეუღლეთაგან თითოეული უნდა ცდილობდეს, მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში შეინარჩუნოს სიყვარული მეორისადმი და საკუთარ თავს გამუდმებით მსხვერპლად სწირავდეს მას. ხორციელი სიყვარული გარეგნულად აერთიანებს ერის ადამიანებს, ოღონდაც - მხოლოდ იქამდე, ვიდრე ისინი ამგვარი ხორციელი სიყვარულისთვის აუცილებელ ერულ თვისებებს ფლობენ. როდესაც ეს ერული თვისებები ქრება, ხორციელი სიყვარული ერთმანეთს აშორებს ადამიანებს და ისინი დაღუპვის პირას აღმოჩნდებიან ხოლმე. მაგრამ, თუკი ცოლ-ქმარს შორის ნამდვილი, ფასეული სულიერი სიყვარული არსებობს, ის ფაქტი, რომ ისინი ნელ-ნელა კარგავენ ხორციელი სიყვარულისათვის აუცილებელ სხვადასხვა თვისებებს, მათ კი არ აშორებს ერთმანეთისაგან, არამედ, პირიქით - კიდევ უფრო მტკიცედ აკავშირებს. როდესაც მხოლოდ ხორციელი სიყვარული არსებობს, ცოლი, მას შემდეგ, რაც შეიტყობს, რომ მისი ცხოვრების თანამგზავრმა სხვა ქალს შეხედა, მას თვალებში მარილმჟავას შეასხამს და სამუდამოდ დააბრმავებს. ხოლო თუკი ქალს ის ჭეშმარიტი სიყვარულით უყვარს, მის გამო უდიდეს ტკივილს განიცდის და ფრთხილად, აკურატულად ცდილობს მის დაბრუნებას ჭეშმარიტ გზაზე. სწორედ ამგვარად მოდის საღმრთო მადლი.
ერთხელ ჩემთან სენაკში ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მოვიდა. იგი ექიმი იყო. შევნიშნე, რომ ნათელი სახე ჰქონდა და ამიტომ მისი ცხოვრების შესახებ დელიკატურად გამოვკითხე. „მამაო, მე მართლმადიდებლი ქრისტიანი ვარ, მაგრამ უკანასკენლ დრომდე არც მიმარხულია და არც ეკლესიაში დავდიოდი ხშირად. ერთხელ, ღამით, როდესაც ჩემს საძინებელში მუხლზე მდგარი ღმერთს ვევედრებოდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში დამხმარებოდა, ოთახი რაღაცნაირმა ტკბილმა შუქმა გაავსო. ეს საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა, არაფერი მინახავს, გარდა სინათლისა და საკუთარ თავში რაღაცნაირ, გამოუთქმელ სიმშვიდეს ვგრძნობდი“. - მიამბო მან. მე განცვიფრებული დავრჩი, რადგანაც მივხვდი, რომ ეს ადამიანი შეუქმნელი ნათლის ხილვის ღირსი გახდა. ამიტომ ვთხოვე მას, ეამბნა ჩემთვის, თუ რა უძღოდა წინ ამ მოვლენას. „მამაო, ცოლიანი ვარ და სამი ბავშვი მყავს. ჩვენი ოჯახური ცხოვრება კარგად დაიწყო. თუმცა შემდეგ ჩემმა ცოლმა, რომელსაც სახლისა და ბავშვების მოვლისათვის მოთმინება არ ყოფნიდა, მოითხოვა ჩემგან, რომ გასართობად გვევლო - მის მეგობრებთან ერთად. მე მასთან დათმობაზე წავედი. გავიდა ხანი და მან განმიცხადა, რომ მეგობრებთან ერთად გართობა ახლა მარტო სურდა. ამასაც შევეგუე და ბავშვების მოვლა თვითონ დავიწყე. ყოველივე ამის შემდეგ მას აღარ სურდა, შვებულება ჩემთან ერთად გაეტარებინა და ფული მთხოვა, რომ შვებულებაში მარტო წასულიყო. შემდეგ კი მთხოვა, მისთვის ცალკე ბინა ამეღო. მე ესეც შევუსრულე. მაგრამ ის ამ ბინაში თავის საყვარლებს იღებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი, რომ სხვადასხვა საშუალებებით, რჩევებით, თხოვნით დავხმარებოდი მას, რათა შეებრალებინა ჩვენი შვილები. მაგრამ ის არანაირ თხოვნას არ ითვალისწინებდა. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ მან ჩემგან საკმაოდ დიდი თანხა მიიღო და გაუჩინარდა. ვეძებდი ყველგან, სადაც კი შეიძლება ყოფილიყო, ვკითხულობდი, მაგრამ ყოველგვარი მცდელობა ამაო აღმოჩნდა, მისი კვალიც კი არსად ჩანდა. და აი, ერთხელ შემატყობინეს, რომ ის აქ, საბერძნეთში ჩამოვიდა და ერთ-ერთ ყველაზე გარყვინილ ბუნაგში სხეულით ვაჭრობდა. ნამდვილად ვერ აღვწერ იმ მწუხარებას, რომელიც ამ საშინელმა დაცემამ განმაცდევინა. ტანჯვით აღსავსე მუხლზე დავდექი და ლოცვა დავიწყე, „ღმერთო ჩემო, დამეხმარე, რომ ვიპოვო იგი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მან სული არ წარიწყმიდოს, არ შემიძლია, ავიტანო ის მდგომარეობა, სადამდეც ის დაეცა. - ვლოცულობდი მე, - და აი, სწორედ მაშინ მოივლინა ის ნათელი და ჩემი გული სიმშვიდით აავსო“. - მიამბო მან. მე კი მივუგე: „ძმაო, ღმერთმა დაინახა შენი მოთმინება, შენი სიკეთე, შენი სიყვარული და ეს ნუგეში მოგანიჭა“. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ერისკაცები განგვსჯიან ჩვენ. ხედავთ, რა ხდება? ამერიკელი ექიმი, ასეთი ცოლის, ასეთი პირობების, ასეთი გარემოცვის პატრონი და ხედავთ, - რისი ღირსი გახდა?!
[1] - გვირგვინები ახლადდაქორწინებულთა თავებზე არის გამარჯვების სიმბოლო, ნიშნად იმისა, რომ ისინი უბიწოდ მიეახლებიან ცოლ-ქმრულ სარეცელს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ დაუთმეს ცოდვას.
[2] - აქ ბერი გულისხმობს მოძღვრის მუშაობას მეუღლეებთან. ეს მუშაობა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც ცოლსა და ქმარს ერთი მოძღვარი ჰყავს. ანუ - მათი კოჟრები და ნუჟრები ერთი რანდით ითლება.
[3] - ეპირი - ოლქი დასავლეთ საბერძნეთში.
[4] - იატაგანი - დიდი, მოღუნული თურქული ხანჯალი.
[5] - ეფ. 5, 23.
[6] - შესაქ. 2, 23.
[7] - შეად. ეფ. 5, 33.
[8] - იგავნ. 1, 7.