- როგორ არის შენი და, მოაგვარა ურთიერთობა ქმართან?
- წმიდაო მამაო, ჩემამდე მოდის ხმები, რომ მათ შორის ყველაფერი რიგზე ვერ არის. მაგრამ ის ითმენს და როდესაც საჭიროა, თვითონ იღებს საკუთარ თავზე ყველანაირ ტვირთს.
- ასეც უნდა იყოს. თუკი ხარების წყვილი ერთ უღელშია შებმული და ერთ-ერთ მათგანი მეტად სუსტი ან ზანტია, მეორე ცხოველი დიდ ძალისხმევას ხმარობს და გარკვეულწილად მიათრევს, ქაჩავს მეორეს. ხედავ, როგორ არის: ერის ადამიანები არიან და საკუთარ თავზე კი მუშაობენ. თქვენ კი აქ პრინცესებივით იქცევით! აბა, წარმოიდგინე დედა, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს: ერთი მათგანი გონებრივად ჩამორჩენილია, მეორე - სულიერად ავადმყოფია. მესამე თალასემიით [1] იტანჯება. მეოთხე კაცმა არ იცის, სად დაეხეტება ღამღამობით. ქმართან ურთიერთობაც სატანჯველად ჰქცევია. რამდენი რამის მოთმენა უწევს მას! ასე რომ, თუნდაც მთელი ხმით იყვირე! შენს ტკივილს მაინც ვერავის გააგებინებ. იმიტომ, რომ ზოგიერთ საკითხზე, რომელიც შესაძლოა, რომ შენს სახლში ხდებოდეს, კარის ზღურბლს მიღმა ლაპარაკი არ შეიძლება. მაგალითად, მისი ქმარი უაღრესად განცალკევებული ცხოვრებით ცხოვრობს, მას კი არანაირ ყურადღებას არ აქცევს. საბრალოს იმის ფულიც კი არ აქვს, რომ ბინის ქირა გადაიხადოს, არადა, სადაცაა გაასახლებენ. ის იძულებულია, სამუშაო ეძებოს, სხვადასხვაგვარ ხიფათში იგდებს თავს და მე მთხოვს: „ილოცე, რომ ამ ხიფათებს მაინც გადავურჩე“!
ანდა, ქმარი სვამს, არ მუშაობს და ცოლი იძულებულია, თვითონ იმუშაოს. მაგალითად, მრავალსართულიანი შენობების კიბე რეცხოს. ქმარი კი დუქნებში დადის, შუაღამისას შინ მთვრალი ბრუნდება, სცემს, ფულს თხოვს, მის უფროსებთან მიდის და ცოლის გამომუშავებულ ფულს თვითონ იღებს. ეჰ, რაოდენ დიდი სატანჯველია ყოველივე ეს!
ზოგიერთ ქალს ეს რომ ემართება, სრულიად გასაგებია. მათ უამრავი ცოდვა აქვთ და ამგვარი ტანჯვით გამოისყიდიან ამ ცოდვებს. მაგრამ არიან სხვებიც, რომელთაც ასეთი ცოდვები არა აქვთ. ეს უკანასკნელნი გადატანილი ტანჯვისათვის დიდ ჯილდოს მიიღებენ. ვიცნობ ერთ დედას. ბავშვობაში ის ნამდვილი ანგელოზი იყო. უკეთილშობილესი სული! იგი ოჯახში ყველაზე წყნარი ბავშვი იყო. და რა საშინელ სკანდალების მოყვარულს გაჰყვა იგი! როგორ მოტყუვდნენ მისი ახლობლები! ის გათხოვდა ლოთზე,რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში ზედგამოჭრილი თავაშვებული იყო. მამამისი სვამდა და მანაც მემკვიდრეობით მიიღო ეს ცუდი ჩვევა. და აი, დღეს ეს საბრალო ქალი დამცირებული დადის სხვების სახლებში, თავს იკლავს მუშაობით, ქმარი კი ცემს და დანით ემუქრება. რამდენჯერ უყვირია მისთვის: „იცოდე, აგკუწავ“! და ამ საბრალოს ეშინია, რომ მართლა დანა არ დაარტყას. ნამდვილ წამებას განიცდის. არადა, მას ხომ ოთხი შვილი ჰყავს! ამ უბედურის ახლობლები იქამდე მივიდნენ, რომ გაყრას ურჩევენ, მაგრამ ის ყველას პასუხობს: „ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით მოვითმინო“. და ითმენს. გასაგებია თქვენთვის?! ამ ქალს არც პატერიკები წაუკითხავს, არც წმიდანთა ცხოვრებები და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ითმენს. ერთხელ ვუთხარი: „კარგი, შენი შვილები რა, ყველაფერ ამას ხედავენ და არ ერევიან“? „ისინი ჯერ მხოლოდ თხუთმეტ-თექვსმეტი წლისანი არიან, ჯობს ჯერ, ჯარში წავიდნენ და როდესაც იქიდან დაბრუნდებიან, აი მაშინ კი მოარჯულებენ მამას“. მომიგო მან. ანუ, ვიდრე ისინი ჯარს არ მოივლიან, მას კიდევ ბევრი ცემის მოთმენა მოუწევს.
- წმიდაო მამაო, როგორ მოვექცეთ იმ ადამიანს, რომელიც აღგზნებული და გაღიზიანებულია?
- მოთმინებით.
- მაგრამ თუკი მოთმინება არ მყოფნის?
- უნდა წახვიდე და იყიდო! სუპერმარკეტებში იყიდება! შეხე: ადამიანი თუ მრისხანებისაგან დუღს, რაც არ უნდა უთხრა, მაინც ვერაფერს გააგებინებ. ასეთ დროს ჯობს, გაჩუმდე და იესოს ლოცვას შეუდგე. ლოცვის გავლენით ის დამშვიდდება, დაწყნარდება და მასთან შეთანხმება ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება. აბა, ნახე: თვით მეთევზეებიც ხომ არ გადიან სათევზაოდ, როდესაც ზღვა ღელავს. ისინი მოთმინებით ელიან, როდის დაწყნარდება ამინდი.
- წმიდაო მამაო, რით შეიძლება ადამიანთა მოუთმენლობის ახსნა?
- ის იმით აიხსნება, რომ შინაგანად მათში ძალიან ბევრი... მშვიდობაა! ღვთის მიერ ადამიანების ცხონება მათსავე მოთმინებაზეა დამოკიდებული. „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“ [2], - ამბობს სახარება. ღმერთი სირთულეებს, სხვადასხვაგვარ განსაცდელებს აძლევს ადამიანს, რათა მან მოთმინება გამოავლინოს.
მოთმინება სიყვარულით იწყება. იმისათვის, რომ ადამიანს ითმენდე და იწყნარებდე, მის გამო გული უნდა გტკიოდეს. მოთმინება იცავს ოჯახს დანგრევისაგან. მე მომიწია იმის ნახვა, თუ როგორ გადაიქცნენ ველური მხეცები კრავებად. თუკი ღმერთზე მინდობა იქნება, ყოველგვარი საქმე სულიერად და ადვილად გადაწყდება. ერთხელ, როდესაც სტომიონის მონასტერში ვცხოვრობდი, კონიცაში [3] შევხვდი ქალს, რომელსაც სახე უბრწყინავდა. ის ხუთი შვილის დედა იყო. მერე ვიხსენებდი ხოლმე მას. მისი ქმარი დურგალი იყო და ძალიან ხშირად ჩემს ოსტატთან ერთად მუშაობდა [4]. თუკი რომელიმე შემკვეთი ამ ადამიანს რაიმე უბრალო შენიშვნას მისცემდა, მაგალითად: „ოსტატო იანის, იქნებ ეს აი, ასე გაგვეკეთებინა“?! ის პირდაპირ აიწყვეტდა ხოლმე. „შენ უნდა მასწავლო, რა როგორ გავაკეთო“?! ღრიალებდა იგი. დაამტვრევდა თავის იარაღებს, მიყრიდა კუთხეში და მიდიოდა. ახლა ისიც წარმოიდგინე, რას იზამდა თავის სახლში, თუ სხვის სახლებში ყველაფერს ამტვრევდა! ამ ადამიანთან ერთი დღის გატარებაც კი შეუძლებელი იყო! ცოლი კი მასთან მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ყოველდღიურად იგი უდიდეს ტანჯვას იტანდა. თუმცა ყველაფერ ამას უდიდესი სიკეთით უდგებოდა და ყველაფერს მოთმინებით ფარავდა. მე ვიცოდი, რაც ხდებოდა მათ სახლში და როდესაც ამ ქალს ვხვდებოდი, ყოველთვის ვეკითხებოდი: „როგორ არის ბატონი იანისი, მუშაობს?“ „ეჰ, ხან მუშაობს და ხანაც - არა.“ მომიგებდა ხოლმე ის. „თქვენი ყოფა-ცხოვრება როგორღა მიდის?“ კვლავ ვკითხავდი მე. „ძალიან კარგად, მამაო!“ მპასუხობდა ის და ამას მთელი გულით ამბობდა. ის არად აგდებდა, რომ ქმარი იარაღებს ამტვრევდა, თანაც ისინი საკმაოდ ძვირფასი იყო. ამიტომ ეს საბრალო ქალი იძულებული იყო, სხვის სახლებში ემსახურა, რომ ოჯახის სარჩენი ფული ეშოვა. ხედავთ, რაოდენი დიდსულოვნებითა და სიკეთით ეკიდებოდა ყველაფერს?! ის ოდნავადაც კი არ განიკითხავდა ქმარს. ამიტომ ღმერთმა მადლით აღავსო იგი და სახე უბრწყინავდა. მან შეძლო, კეთილად აღეზარდა ხუთი შვილი, გზაზე დაეყენებინა ისინი და თითოეული მათგანი შესანიშნავი ადამიანი დადგა.
- წმიდაო მამაო, როგორ ახერხებდა იგი თავისი ქმრის გამართლებას?
- კეთილი ზრახვებით. იგი ფიქრობდა: „ის ხომ ჩემი ქმარია, რა მოხდა, ცოტას თუ გამლანძღავს, მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, შეიძლება, უარესი გამეკეთებინა.“ ეს ქალი სახარებას თავისი ცხოვრებით აღასრულებდა და ამიტომაც აღავსო მადლით ღმერთმა. და თუკი ერის ადამიანებიც კი ამჟღავნებენ მოთმინებას და მადლით აღივსებიან, რამდენად მეტი უნდა მოვითმინოთ ჩვენ, ბერებმა, რომელთაც ყოველგვარი შესაძლებლობა გვაქვს სულიერი ცხოვრებისათვის.
რამდენადაც ვხვდები, უდიდესი სკანდალები, არა მარტო ოჯახურ, არამედ - სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ყველაზე უმნიშვნელო საკითხებით არის გამოწვეული. ოჯახში ერთ-ერთმა მეუღლემ მეორის წინაშე თავი უნდა დაიმდაბლოს, მან არა მხოლოდ უნდა გადაამეტოს სათნოებებით მას, არამედ, მისი ყოველგვარი ახირებაც უნდა მოითმინოს. მოვლენებთან ამგვარი დამოკიდებულების გამომუშავებას ძალიან უწყობს ხელს ფიქრი იმაზე, რომ ქრისტემ საკუთარი თავი ჩვენი ცოდვების გამო გაწირა და რომ იგი - სრულიად უცოდველი - გვითმენს ჩვენ - მილიარდობით ადამიანს, მაშინ, როდესაც ჩვენ თავად, თუკი სხვათა ახირებებს მოთმინებით შევხვდებით, საკუთარი ცოდვების ვალს გადავიხდით. სახიერმა ღმერთმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ რაიმე ნიჭის მქონე ადამიანი სხვებს უნდა ეხმარებოდეს, ხოლო, ნაკლულოვანი მის წინაშე თავს იმდაბლებდეს. ყველას ხომ თავისი ნიჭი აქვს. მაგრამ ნაკლიც ყველასათვისაა დამახასიათებელი და მის მოსაკვეთად ყოველი კაცი უნდა იღწვოდეს.
ერთი ადამიანი გემრიელად შევახურე. ნეტა განახათ, როგორ მორჩილებას ავლენს მისდამი მისი ცოლი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალი დიდი უნარებითა და შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული. მასთან შედარებით ეს კაცი პატარა ბავშვივით გამოიყურება. და აი, ქალი, რომელიც ქმრისადმი ასეთ მორჩილებას ამჟღავნებს, გამუდმებით საღვთო მადლს იღებს, ამ მადლს საკუთარ სულიერ ანგარიშზე ინახავს, მაშინ, როდესაც მისი ქმარი - თავისი ეგოიზმით გამუდმებით განაგდებს საღვთო მადლს და სულ უფრო და უფრო ცარიელდება. საბოლოოდ კი ვინ აღმოჩნდება წაგებული? ხედავ: ყველაფრის გასაღები სიმდაბლეშია! მასშია ყოველივეს საფუძველი! სიმდაბლე და მორჩილება. აი, ადამიანი თუ თავის სისუსტეს შეიცნობს და ღვთისაგან შეწევნას ითხოვს, საღვთო მადლი მას აუცილებლად მოძებნის.
- წმიდაო მამაო, ერთი ქალი რჩევას მეკითხება. ქმარმა მიატოვა იგი, ბავშვი წაიყვანა და ორ სხვა ქალს დაუკავშირდა.
- უთხარი მას, რომ რამდენადაც შეძლებს, მოითმინოს, ილოცოს და კეთილად მოიქცეს. დაე, დაიცადოს და ქორწინებას ნუ დაარღვევს. ერთი ადამიანი თავის ცოლს ძალიან შეურაცხმყოფელად ეპყრობოდა, სცემდა, ლანძღავდა, ის კი ყოველივე ამას მოთმინებითა და სიკეთით პასუხობდა, ვიდრე საკმაოდ ახლაგაზრდა ასაკში არ გარდაიცვალა. როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ მისი ნაწილები გახსნეს, ნახეს, რომ ისინი კეთილსურნელებას აფრქვევდნენ [5]. ისინი, ვინც ამას ესწრებოდნენ, განცვიფრებულები დარჩნენ. ხედავთ: ამ ცხოვრებაში ეს ქალი ყველაფრისადმი მოთმინებით გამოირჩეოდა და ამიტომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში გამართლდა.
იყო კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა: ერთი ერულად მცხოვრები ახალგაზრდა, გარკვეულ გრძნობას განიცდიდა გოგონასადმი, რომელიც სულიერი ცხოვრებით გამოირჩეოდა. მხოლოდ იმისათვის, რომ ამ გოგონას მისთვის დადებითად ეპასუხა, ეს ყმაწვილი შეეცადა, სულიერად ეცხოვრა და ეკლესიაში ევლო. ისინი დაქორწინდნენ. მაგრამ გავიდა წლები და კაცი ძველებურ ერულ ცხოვრებას დაუბრუნდა. მათ უკვე მოზრდილი შვილები ჰყავდათ. უფროსი უნივერსიტეტში სწავლობდა. ერთი ქალიშვილი ლიცეუმში, მეორე კი - გიმნაზიაში, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეს ადამიანი გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრობდა. ის ბევრ ფულს შოულობდა, მაგრამ თითქმის მთლიანად თავის უწესო ცხოვრებისათვის ხარჯავდა. უბედური ცოლის მომჭირნეობა იცავდა მხოლოდ მათ საოჯახო მეურნეობას სრული კრახისაგან, თავისი შვილების ჭეშმარიტებაში განმტკიცებას ეს ქალი სწორი რჩევა-დარიგებებით ახერხებდა. ის არასოდეს განიკითხავდა ქმარს, რათა ბავშვებს მამისადმი სიძულვილი არ ეგრძნოთ და სულიერი ტრავმა არ განეცადათ, ასევე იმისათვის, რომ ისინიც იმავე გზას არ დასდგომოდნენ, მათი მამა რომ ადგა. როდესაც ქმარი შინ გვიან ღამით ბრუნდებოდა, ბავშვების წინაშე მის გამართლებას ქალი ადვილად ახერხებდა. ეუბნებოდა, რომ მამას ბევრი სამუშაო ჰქონდა. მაგრამ მაშინ რაღას იტყოდა, როდესაც იგი დღისით, მზისით თავის საყვარელთან ერთად გამოჩნდებოდა ხოლმე?! იცით, როგორ იქცეოდა ეს კაცი, რომელშიც ღვთის შიშის ნასახიც კი არ არსებობდა?! თუმცა მისთვის ადამიანის სახელის წოდებაც არ ღირს, იმიტომ, რომ ადამიანური აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. ის ურეკავდა ცოლს და უკვეთავდა სხვადასხვაგვარ კერძებს, დღისით კი რომელიმე თავის საყვარელთან ერთად სადილად მოდიოდა. საბრალო დედა, იმისათვის, რომ თავისი შვილებისათვის ცუდი ზრახვები აეცილებინა, მათ გულთბილად იღებდა. იგი საქმეს ისე წარმოადგენდა ხოლმე, თითქოსდა მისი ქმრის საყვარელი თავისი მეგობარი ქალი იყო და კაცმა მას მანქანით შეუარა, რომ მათთან სტუმრად მოეყვანა. ის ბავშვებს სხვა ოთახში გაკვეთილების მოსამზადებლად გზავნიდა, რომ რომელიმე უწესო სცენის მომსწრენი არ გამხდარიყვნენ. მისი ქმარი ხომ არად აგდებდა შვილებს და ყოველგვარი გარყვნილი ქმედების ნებას საკუთარ თავს მათ თვალწინაც კი აძლევდა. ეს ძალიან ხშირად მეორდებოდა. ხან ის სულ სხვა საყვარელთან ერთად მოდიოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბავშვები დედას ეკითხებოდნენ: „დედა, რამდენი მეგობარი ქალი გყავს?“ „ესენი უბრალოდ ძველი ნაცნობები არიან“, - პასუხობდა ის. ყველაფერთან ერთად ქმარი მას მოსამსახურესავით და კიდევ უფრო უარესად ეპყრობროდა. ის მას უაღრესად მკაცრად და არაადამიანურად ექცეოდა. მარტო იმაზე იფიქრეთ, თუ ეს ქალი ყოველდღიურად როგორ ემსახურებოდა ორ პირუტყვს, რომლებიც მის სახლს უწმინდურებაში სვრიდნენ და ამავე დროს თავის შვილებს კეთილ ზრახვებს ჩააგონებდა! მას ხომ არც იმის გამოთვლა შეეძლო, ოდესმე ეს უბედურება თუ დასრულდებოდა, რომ საკუთარი თავისთვის ამის თქმა მაინც შეძლებოდა: „ცოტას კიდევ მოვითმენ.“ და თავი ამით ენუგეშებინა. ეს კოშმარი რამოდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. რამდენადაც ამ წყეულმა ადამიანმა საკუთარ თავზე ეშმაკს ძალიან ბევრის უფლება მისცა, მან საზარელი ეშმაკეული ქმედებები დაიწყო. ის უკვე გიჟივით იქცეოდა, საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა, ყველასა და ყველაფერს ბრალს სდებდა. და აი, ერთხელ ნამთვრალევზე, როდესაც ხორციელი ვნების ჟინმა შეიპყრო, ის ავტომანქანით გაიქცა და პირდაპირ უფსკრულში გადაეშვა. ავტომანქანა მთლიანად დაიმტვრა, თვითონ კი ძალიან მძიმედ დაშავდა და დასახიჩრდა. იგი საავადმყოფოში წაიყვანეს, ექიმებმა ყოველგვარი შესაძლო მკურნალობა ჩაუტარეს და სახლში გაუშვეს. ის უკვე ხეიბარი იყო არც ერთ საყვარელს მისთვის აღარ მიუკითხებია, რამდენადაც ბევრი ფული აღარ ჰქონდა, სახე კი მთლიანად დასახიჩრებოდა. მაგრამ კეთილი მეუღლე და მისი შვილების დედა გამუდმებით უვლიდა და მის უწესო ცხოვრებას არც კი ახსენებდა. ამ ამბავმა შეძრა იგი და სულიერად გარდაქმნა. გულწრფელად ნანობდა და ითხოვდა, მოეწვიათ ღვთისმსახური. მან აღსარება თქვა, რამდენიმე წლის განმავლობაში ქრისტიანულად იცხოვრა, შინაგანი მშვიდობა მოიპოვა და გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ უფროსმა ვაჟმა ბიზნესში მისი ადგილი დაიკავა და ოჯახს არჩენდა. ამ ადამიანის შვილები ძალიან მეგობრულად ცხოვრობდნენ, რადგანაც მათ დედისაგან საუკეთესო პრინციპები ჰქონდათ მემკვიდრეობით მიღებული. ეს დედა გმირი დედაა. იმისათვის, რომ ოჯახი დანგრევას გადაერჩინა, საკუთარი შვილები კი მწარე დარდისაგან ეხსნა, მათი მწარე სასმისები თავად შესვა. მან ოჯახიც გადაარჩინა, იხსნა ქმარიც და საკუთარი თავისთვისაც დიდი ზეციური სასყიდელი გამოიმუშავა. სამოთხეში ღმერთი ამ ქალს საუკეთესო ადგილას დაუმკვიდრებს.
- წმიდაო მამაო, თუკი ოჯახში ქმარი, რომელიც რაიმე ვნებითაა შეპყრობილი, აღიარებს თავის დანაშაულს, აღსარებას იტყვის, მაგრამ მაინც განიცდის საკუთარ თავში ამ ვნების ზემოქმედებას და ცოლს ეტყვის: „მე თქვენ გტანჯავთ: შენც გტანჯავ და ბავშვებსაც. ჯობს, წავიდე და სადმე - თქვენგან შორს ვიცხოვრო. ფულს კი გამოგიგზავნით, რომ თქვენ არ გაწვალდეთ“.
- თუკი ქმარი ნამდვილად განიცდის იმას, რაზედაც ლაპარაკობს, ჩანს, მასში დიდი ღვთისმოსაობაა და მისი ცოლი ვალდებულია, მოითმინოს. მაგრამ უმჯობესია, თუკი ის ქმრის ნათქვამს ადვილად არ ირწმუნებს. ჯობს, რომ საქმის არსს მეტად ჩაუღრმავდეს. შეიძლება, რომ ასეთი რამეც მოხდეს: ქმარი ვითომდა კეთილშობილებიდან გამომდინარე იტყვის: „წავალ, რომ თქვენ არ დაგტანჯოთ.“ სინამდვილეში კი წასვლა იმისთვის უნდა, რომ სხვა ქალს ხვდება. ქორწინება, რომელიც იმ მდგომარეობამდე მივა, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, აზრს კარგავს. ოჯახები არაფრის გამო ინგრევა. რამდენიმე დღის წინ ჩემთან სენაკში ერთი სრულიად გონებადაბნელებული ადამიანი მოვიდა. თავდაპირველად მას ერთ საყვარლთან ორი ბავშვი გაეჩინა. მერე იგი სხვა ქალთან წავიდა. ამ ქალმაც გაუჩინა მას შვილი, მაგრამ მასაც გაშორდა. ამის შემდეგ ის მესამედ დაქორწინდა, მესამე ცოლიც გაყრილი იყო პირველ ქმართან, მასთან ორი შვილი ჰყავდა, ხოლო კიდევ ერთი შემდეგ გაეჩინა. ამ ქალთან მას კიდევ ორი შვილი ეყოლა. „მოიცა, მოიცა,“ ვუთხარი მას, როდესაც ეს ყველაფერი მოვისმინე, „რამდენი დედა და რამდენი მამა ჰყავს თითოეულ ამ ბავშვს?“
აი, ასე იღუპებიან საბრალო ბავშვები. ამათგან ისინი, ვინც სულიერი სიფაქიზით გამოირჩევიან, ვერ ახერხებენ დაძლიონ ის შინაგანი ტკივილი, რომელიც თავს დამტყდარი უბედურებით არის გამოწვეული, ამიტომ სასოწარკვეთილებას ეძლევიან, ანდა, სულაც თვითმკვლელობით ასრულებენ ცხოვრებას. სხვები იმისთვის, რომ თავდავიწყებას მიეცნენ, სმას იწყებენ. სხვები ნარკოტიკებს ეძალებიან. და სად უნდა იშოვონ ფული ამისთვის? ჰეროინის უმცირესი დოზა ოთხი ათასი დრაქმა ღირს. დიდი დოზა კი - ექვსი-შვიდი ათასი [6].
ასეთები არიან ამ თაობის თავისუფალი, გარყვნილი შვილები, მაშ, რაღად გადაიქცევიან სხვები: ის პატარები, რომელთა მშობლები კანონიერად, ავტომატურად გაეყარნენ ერთმანეთს?! რამდენმა ახალგაზრდამ, ნარკოტიკებს რომ არის გადაგებული, გაიარა ამ ზაფხულს ჩემს სენაკში! ამ უბედურების დიდი ნაწილი დანგრეული ოჯახების შვილები არიან. ოცდაშვიდი წლის ახალგაზრდა! სასოწარკვეთილებაშია და დახმარებას ითხოვს. და იცი, რომ დანგრეული ოჯახების შვილებს შორიდავე ეტყობათ. მე სენაკის ახლოს, სკამზე ლახათ-ლუხუმით სავსე ქილა მიდგას. როდესაც ასეთი ბავშვები მოდიან, ქილიდან ლახათ-ლუხუმს იღებენ და ჭამას იწყებენ, მაგრამ საკმარისია, დაინახონ, რომ სენაკიდან ვერანდაზე გავედი, ტკბილეულის ჭამას არ დაასრულებენ და ისე გამორბიან ჩემსკენ, რომ მაკოცონ. ხელები ერთიანად ლახათ-ლუხუმის შაქრის ფხვნილით აქვთ დასვრილი და ყველაფერს ზედ მისვამენ! ამ ბავშვებს სითბო და სიყვარული აკლიათ. მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჰყავთ თუ არა მშობლები. მოდის მამა სახლში, თუ არ მოდის, ცხოვრობს მათთან, თუ არ ცხოვრობს, ამ საბრალოებისათვის მაინც არაფერი იცვლება.
ყურადღება მივაქციე, რომ ქმრებს, რომლებსაც ცოლებთან უთანხმოება აქვთ, ზოგიერთი ღვთისმსახური ეუბნება: „მოითმინე, ასეთია შენი ჯვარი, აბა, რას იზამ?! ასეთი მოთმინებისთვის ღმერთი სამაგიეროს მოგიზღავს“ მერე ამ სასულიერო პირთან მიდის ცოლი, რომელსაც მოძღვარი იმავეს ეტყვის: „მოითმინე, მოითმინე, რომ უფლისგან სამაგიერო მიიღო.“ ანუ, შესაძლოა, რომ მეუღლეთაგან ორივე დამნაშავეა, მოძღვარი კი ორივეს მოთმინებას ურჩევს. ანდა, ორიდან ერთ-ერთია დამნაშავე, მოძღვარი კი ორივეს ეტყვის: „მოითმინე, მოითმინე!“ ასეთ დროს ის, ვინც ოჯახურ არეულობაში დამნაშავეა, თავს იმშვიდებს ფიქრით, თითქოსდა თვითონ უთმენს მეუღლეს, რომელსაც სინამდვილეში ყოველდღიურად აწამებს.
ერთხელ ჩემთან სენაკში მოვიდა ერთი ადამიანი და ჩივილი დაიწყო, რომ ცოლთან ძალიან ცუდად ცხოვრობდა. მათ ოჯახში საქმეს უკვე გაყრის სუნი უდიოდა. არც მას და არც მის ცოლს ერთმანეთის დანახვა არ უნდოდათ. მასწავლებლები იყვნენ და ორი შვილი ჰყავდათ. სახლში ისინი არასდროს ჭამდნენ, ცოლი ერთ რესტორანში სადილობდა, ქმარი - მეორეში. შვილებისთვის კი სენდვიჩებს ყიდულობდნენ და საწყალი ბავშვები, როდესაც მშობლები სახლში მივიდოდნენ, ჯიბეში და ჩანთაში უძვრებოდნენ მათ, რომ ენახათ, დედამ ან მამამ რა მოუტანათ საჭმელად. ბავშვები საშინელი დრამის მონაწილენი იყვნენ. ყველაფერთან ერთად ეს კაცი ერთ-ერთი ეკლესიის გუნდში გალობდა, მაგრამ სადაც ის გალობდა, მისი ცოლი მსახურებაზე იქ არ დადიოდა, ის სხვა ეკლესიაში ესწრებოდა ხოლმე მსახურებას. აი, რამდენად ძლიერი იყო მათი სიძულვილი ერთმანეთისადმი! „რას ვიზამ, მამაო, ჩემი ჯვარი დიდია, ძალიან დიდი, ჩვენს სახლში ყოველდღიურად სკანდალები ხდება“, - მითხრა ამ კაცმა. „მერე, მოძღვართან არ იყავი?“ ვკითხე მე. „დიახ, ვიყავი და მოძღვარმა მითხრა: „მოითმინე, მოითმინე, ძალიან მძიმე ჯვარი გერგო!“ მიპასუხა მან. მაშინ მე შევთავაზე: „აბა ერთი ვნახოთ, ვინ ატარებს უფრო დიდ ჯვარს. მოდი, თავიდან დავიწყოთ: როდესაც დაქორწინდით, მაშინაც ასე ჩხუბობდით?“ „არა, რვა წელიწადი ძალიან მეგობრულად გავატარეთ. მე ვაღმერთებდი ჩემს ცოლს, მას ღმერთზე მეტ პატივს ვცემდი! მერე კი იგი სულ სხვა ადამიანი გახდა, დაიწყო ჩემი წამება თავისი წუწუნით, შარიანობითა და უცნაურობებით“. გესმის რა ხდება?! მას ღმერთზე უმეტეს პატივს სცემდა! აი, მერე კი ვუთხარი: „აბა, მოდი ერთი ჩემთან, საყვარელო! ესეიგი, შენ ცოლს ღმერთზე მეტ პატივს სცემდი?! მაშ, ახლა დამნაშავე ვინ არის იმაში, რომ ამ მდგომარეობამდე მიხვედი, შენ, თუ - ის? შენი ბრალია, რომ ღმერთმა თავისი მადლი განაშორა შენს ცოლს.“ მერე კი ვკითხე: „ახლა კი, რას ფიქრობ, როგორ უნდა მოიქცე?“ „ალბათ გავქორწინდებით.“ მომიგო მან. „შენ რა, სხვა რომანი ხომ არ გააბი?“ ვკითხე. „დიახ, მე ერთ ქალთან ვაპირებ წასვლას.“ მპასუხობს ისევ. „გონს მოდი, გამოფხიზლდი, ნუთუ არ გესმის, რომ ყველაფერში თვითონვე ხარ დამანშავე?! და პირველ რიგში ღვთისგან უნდა ითხოვო შენდობა იმისთვის, რომ ცოლს ღმერთზე მეტ პატივს მიაგებდი. მერე კი მიდი შენს ცოლთან და მისგანაც ითხოვე შენდობა: უთხარი მას: „მაპატიე, ეს ჩემი ბრალია, რომ ჩვენი ურთიერთობები აქამდე მივიდა და ისიც, რომ ახლა ჩვენი შვილები იტანჯებიან.“ მერე კი წადი მოძღვართან, აღსარება თქვი, ღმერთს ეცი თაყვანი, ცოლი კი ისე გიყვარდეს, როგორც - ცოლი. ნახავ, რომ თქვენს შორის ყველაფერი მოგვარდება“ დავარიგე მე. ჩემმა შეხურებამ მას ძალიან არგო. მან ტირილი დაიწყო და დამპირდა, რომ ჩემს რჩევას მიჰყვებოდა. მალე უკვე ძალიან გახარებული კვლავ მოვიდა ჩემთან: „გმადლობ, მამაო, შენ ჩვენი ოჯახი გადაარჩინე, ყველაფერი ძალიან კარგად არის, როგორც ცოლთან, ასევე ბავშვებთან ურთიერთობაში“ ხედავთ, რა ხდება?! თვითონაა დამნაშავე და ამბობს კი, რომ „ძალიან მძიმე ჯვარს ატარებს!“
თქვენც ნურასოდეს გაამართლებთ იმ ქალებს აქ, მონასტერში რომ მოდიან და ქმრებს უჩივიან. მე ასეთ შემთხვევაში არც ცოლს ვამართლებ და არც - ქმარს. პირიქით: ერთსაც და მეორესაც დაფიქრებას ვურჩევ. მაგალითად, ქალი იწყებს ჩივილს: „ჩემი ქმარი სვამს, სახლში გვიან ღამით მოდის, ბილწსიტყვაობს.“ მე კი მას ვპასუხობ: „მისმინე: როდესაც მთვრალი მოვა სახლში, კეთილად მოეპყარ, თუ დაძმარებული სახით დახვდები და აუხირდები: „რად მოდიხარ ასე გვიან?“ ან - „ბოლოს და ბოლოს, როდის შეიცვლები?“ ან - „ეს რა საშინელი ბედი მერგო!“ ან - „ეს ყველაფერი ხომ უკვე ერთი და ორი დღე არ გრძელდება!“ ან - „როდემდე უნდა ვითმინო ყოველივე ეს?!“ ეშმაკი ჩასჩურჩულებს მას: „შენ რა, სულ გაგიჟდი, რომ ამ გადარეულს საერთოდაც არ მიატოვებ?! არ ჯობს, წახვიდე და ვინმე სხვასთან დრო მხიარულად გაატარო?!“ ანუ, შენ შესაძლოა, მართალიც ხარ, მაგრამ ეშმაკი სულ სხვა მხრიდან მოუვლის მას. ხოლო, თუკი კეთილად მოეპყრობი, უთქმელად გადაიტან ბევრ რამეს და ილოცებ, მას კი შენს პრეტენზიებს არ განუცხადებ, მაშინ, რაკიღა შენგან ცოტაოდენ სითბოს და სინათლეს იგრძნობს, იგი დაფიქრდება და გამოსწორდება“.
მერე მოდის ქმარი და თავისას იწყებს: „ცოლს შავ დღეში ვყავარ, უნდა, რომ თავის ჭკუაზე მატაროს...“ მე კი ვეუბნები: „აი, შე უსირცხვილოვ! შენი ბავშვები და შენგან გატანჯული ცოლი შუაღამემდე ელოდებიან, როდის დაბრუნდები სახლში, შენ კი მთვრალი გამოცხადდები შინ, იწყებ ბილწსიტყვაობას! სირცხვილი და თავის მოჭრა! შენ რა, ცოლი იმისთვის შეირთე, რომ მთელი ოჯახი აწამო?!“
მაგრამ, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შესაძლოა, ცოლიც მართალი იყოს და ქმარიც. ერთხელ ჩემთან მოვიდა მომლოცველთა ჯგუფი, რომელთაც ვუამბე, რამდენად უმანკო ადამიანი იყო მაკრიანისი [7]. ის სულიერი და ხორციელი სიწმიდით გამოირჩეოდა. როდესაც ეს მოისმინა, ერთი ჩემი მსმენელი ზეზე წამოიჭრა და იყვირა: „ესღა გვაკლდა, რომ ახლა მარკიანისი შეგვერაცხა წმინდანად?“ „რატომ არ იყო წმიდანი?“ ვკითხე მე. „იმიტომ, რომ ცოლს სცემდა“ მიპასუხა მან. „მომისმინე და გეტყვი, თუ რა ხდებოდა მათ შორის. როდესაც მარკიანისს ჯიბეში თუნდაც ერთი გროში მოეძევებოდა და მათთან რომელიმე ფულიანი ქვრივი მივიდოდა, მარკიანისი ამ ქალს ფულს აძლევდა. მისი საბრალო ცოლი ტიროდა და ეჩხუბებოდა: „შენ ხომ შენი შვილები გყავს, რატომ მიეცი მას ფული?“ მოსთქვამდა იგი. მაშინ ის ცოლს კარგად შეახურებდა და ეტყოდა: „შენ ქმარი გყავს, რომელიც გინახავს, ამ საცოდავს კი - არა. აბა, ვინ იზრუნებს მასზე?“ ავუხსენი მე ამ კაცს.
გარდა ამისა, როდესაც მეუღლეთაგან ერთ-ერთი სულიერად ცხოვრობს, მას, მიუხედავად თავისი სიმართლისა, „უფლება არ აქვს,“ მართალი იყოს. სულიერი ადამიანი ხომ მოვალეა, რომ უსამართლობას სულიერად მიუდგეს. ანუ, ყველაფერს ისე უნდა ხედავდეს, როგორც ამას საღმრთო სამართლიანობა მოითხოვს. ის იმას უნდა ესწრაფოდეს, რაც სხვებს მოუტანს სიმშვიდეს.
რადგანაც, თუკი ვინმე სისუსტის გამო შეცდომას უშვებს, მას გარკვეულწილად დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოებები აქვს. მაშინ, როდესაც მეორე, რომელსაც უკეთესი სულიერი მდგომარეობა აქვს, მაგრამ პირველს გაგებით არ ეკიდება, მისკენ არ მიდის - გაცილებით მეტად სცოდავს. თუკი სულიერი ადამიანებიც კი ყველაფერს ერულად მიუდგებიან, ანუ - ერული, ადამიანური სამართლიანობის პოზიციიდან, - მაშინ სადმადე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ყველაფერმა? იქამდე, რომ მათ გამუდმებით საერო სასამართლოში მოუწევთ სირბილი. სწორედ ამით არის გამოწვეული ადამიანების ტანჯვა.
[1] - თალასემია - მემკვიდრული ჰემოლიტური ანემია.
[2] - მათ. 10, 22.
[3] - კონიცა - ქალაქი დასავლეთ საბერძნეთში. აქ გაატარა ბერმა ბავშვობისა და სიყმაწვილის წლები. 1958-1960 წლებში ნეტარხსენებული მამა პაისი სტომიონის მონასტერში მოღვაწეობდა, რომელიც კონიცასთან ახლოს მდებარეობს.
[4] - ახალგაზრდობაში მამა პაისი ხუროს ხელობას სწავლობდა.
[5] - საბერძნეთში მიცვალებულთა ნაწილებს 3-4 წლის შემდეგ მიწიდან იღებენ, განბანენ და საგანგებო ძვალშესალაგებში ათავსებენ. თუკი გარდაცვლილის სხეული ბოლომდე გახრწნილი არ არის, ისევ საფლავში აბრუნებენ და მისთვის ლოცვას აძლიერებენ.
[6] - წარმოთქმულია 1990 წელს. 4000 ბერძნული დრაქმა დაახლოებით 12 ამერიკული დოლარია.
[7] - იოანისის მარკრიანისი (1797-1864) გენერალ-მაიორი, ელადის ეროვნული გმირი. თურქების წინააღმდეგ ერთ-ერთი თავგანწირული მებრძოლი საბერძნეთის რევოლუციისა და განმათავისუფლებელი მოძრაობის შესახებ. იოანისის მაკრიანისის ცხოვრება არის ღვთისა, მოყვასისა და მამულისადმი თავგანწირული სიყვარულის შესანიშნავი მაგალითი.