- წმიდაო მამაო, ერთხელ თქვენ გვითხარით, რომ სიყვარული ზრდის და ამწიფებს ადამიანს.
- ის, რომ უბრალოდ გიყვარდეთ ვინმე, ძალიან ცოტაა. ადამიანი საკუთარ თავზე მეტად უნდა შეიყვაროთ. დედას საკუთარ თავზე მეტად უყვარს შვილები. იმისათვის, რომ შვილები გამოკვებოს, ის მშიერიც კი დარჩება. მაგრამ ამ დროს განცდილი სიხარული იმ სიხარულზე მეტია, მისი შვილები რომ გრძნობენ. ბავშვი ხორციელად იკვებება, დედა კი - სულიერად. ის საკვების გემოს მხოლოდ ხორციელად შეიგრძნობს, მაშინ, როდესაც დედა სულიერად ხარობს.
ზოგიერთ გოგონას შეუძლია, დილის ათ საათამდე იძინოს და ამასთან იმის იმედიც ჰქონდეს, რომ საუზმისთვის დედა გაუცხელებს რძეს. რამენაირი საქმის გაკეთება ამ გოგონას ძალიან ეზარება. მას უნდა, რომ ყველაფერი მზამზარეულად ჰქონდეს და ისე იცხოვროს. უნდა, რომ ყველა მას ემსახურებოდეს. დედასთან პრეტენზიები აქვს, მამასთან პრეტენზიები აქვს, თვითონ კი უსაქმურობით ტკბება. მიუხედავად იმისა, რომ მის ქალურ ბუნებაში იფარება სიყვარული, ეს სიყვარული არ ვითარდება, იმიტომ, რომ ის გამუდმებით იღებს შეწევნასა და კურთხევას, დედის, მამის, დებისა და ძმებისაგან. მაგრამ, როგორც კი დედა ხდება, თანდათანობით იგი იმ თვითდამტენ მოწყობილობას ემსგავსება, რომელიც რაც მეტს მუშაობს, მით მეტად იტვირთება ძალებით, რადგანაც მასში უკვე გაუჩერებლად მუშაობს სიყვარული. ადრე, როდესაც რაიმე ჭუჭყიანთან უხდებოდა შეხება, ზიზღს გრძნობდა და საათობით იბანდა ხელებს სურნელოვანი საპნით. ახლა კი, როდესაც მისი პატარა შარვალში ჩაისვრის და მისი გამოცვლა უწევს, ისეთ გრძნობას განიცდის, თითქოს ხელში მარმელადის კანფეტს იღებდეს! ზიზღს უკვე აღარ გრძნობს. ადრე, როდესაც აღვიძებდნენ, ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას. ახლა, როდესაც მისი ბავშვი ტირის მთელი ღამის განმავლობაში არ იძინებს და ეს სულაც არ უჭირს. ის ზრუნავს თავის ჩვილზე და ხარობს. რატომ? იმიტომ, რომ ის უკვე ბავშვი აღარ არის და იმიტომ, რომ მასში თავგანწირვა და სიყვარული გაჩნდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ დედა უმეტეს თავგანწირვასა და სიყვარულს აღწევს, ვიდრე - მამა. იმიტომ, რომ მამას არ ეძლევა იმდენი ხელსაყრელი შემთხვევა საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღოს, რამდენიც - დედას. დედა მეტად იტანჯება შვილებთან ერთად, მათთან მეტ დროს ატარებს, ვიდრე - მამა. მაგრამ იმით, რომ მთელ თავის არსებას შვილებს აძლევს, ის მეტად „იტვირთება“ კიდეც შვილებისაგან. მამას კი იმდენი წვალებაც არა აქვს შვილებისაგან, რამდენიც დედას და არც მათგან „იტვირთება“, ამიტომ მისი სიყვარული ნაკლებად ძლიერია, ვიდრე - დედის სიყვარული.
რამდენი ატირებული დედა მოდის ჩემთან და მთხოვს: „მამაო, ილოცე ჩემი შვილისათვის“! იცით, როგორ იტანჯებიან ისინი?! მხოლოდ ძალიან ცოტა მამაკაცისაგან მოისმენთ: „ილოცე, ჩემი შვილი გზას ასცდა“. აი, დღესაც მოვიდა ერთი ქალი, - თავის რვა შვილთან ერთად. როგორი კანკალით უბიძგებდა ეს საბრალო წინ თავის პატარებს, რათა ისინი რიგრიგობით მოსულიყვნენ და კურთხევა მიეღოთ. ამგვარად მოსული მამის ნახვა დიდი იშვიათობაა. თვით რუსეთიც დედებმა გადაარჩინეს. მამის ალერსი, თუკი მასში ღვთის მადლი არ ურევია, მშრალია, ხოლო დედის ალერსს, - თვით ღვთის გარეშეც - თავისი სიტკბო აქვს. ბავშვს უყვარს მამა და პატივს სცემს მას. მაგრამ თვით ეს სიყვარულიც მამისადმი დედობრივი სიყვარულისა და სინაზის ძალით ყალიბდება.
თუ უშვილო ქალი თავის მდგომარეობას სულიერად არ მოეკიდა, ის ძალინ იტანჯება. როგორ გამტანჯა ერთმა ქალმა, რომელსაც შვილი არ უჩნდებოდა. ამ საბრალოს ქმარი მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მათ რამდენიმე სახლი ჰქონდათ, რომლებსაც ეს ქალი აქირავებდა. ამასთან, მას ჰქონდა კიდევ ერთი დიდი სახლი, სადაც ცხოვრობდა ქმართან, რომელმაც იგი ცოლად დიდი მზითევის გამო შეირთო. მაგრამ ყველაფრის კეთება მისთვის მაინც სამძიმო იყო: ბაზარში სიარულიც, სადილის მომზადებაც. არადა, მან მომზადებაც არაფრისა იცოდა. იჯდა სახლში, დარეკავდა რესტორანში და მზა საჭმელი იქიდან მოჰქონდათ. ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ საშინლად იტანჯებოდა და ამიტომ არაფერი ახარებდა. მთელი დღეების განმავლობაში სახლიდან არ გადიოდა: ეს ასე ვერ იყო, ის ისე ვერ იყო... ერთი რამის კეთება თუ მოსაწყენი ეჩვენებოდა, მეორე რამის კეთება ძნელი იყო. შემდეგ უკვე ზრახვები შეუჩნდნენ და იგი იძულებული გახდა, აბების მიღება დაეწყო. მის ქმარს სამუშაო სახლში მოჰქონდა, რომ ის რამენაირად გაემხიარულებინა, ის კი, იმის გამო, რომ არ იცოდა, დრო როგორ მოეკლა, სულს უწუხებდა ქმარს. რა თქმა უნდა, ამ საბრალოს ყელში ამოუვიდა ქალის საქციელი: ბოლოს და ბოლოს ყველაფერთან ერთად, ადამიანმა საკუთარი საქმის კეთება ხომ უნდა მოახერხოს! როდესაც ამ ქალს შევხვდი, ვუთხარი: „მთელი დღეების განმავლობაში სახლში ნუ ზიხარ, ასე ხომ ერთიანად დაობდები. წადი საავადმყოფოში, ავადმყოფები მოინახულე“. მან კი მომიგო: „აბა, იქ როგორ უნდა წავიდე, მამაო“?! „მაშ, აი, რა გააკეთე: როდესაც პირველი ჟამნის კითხვის დრო მოვა, წაიკითხე, თავის დროზე ახლა მესამე ჟამნი წაიკითხე და ასე შემდეგ, ერთ-ორი მეტანიაც შეასრულე“ [1] - ვუთხარი ისევ. „არ შემიძლია“, - მპასუხობს ის. „მაშინ წმიდანების ცხოვრებას მაინც მოკიდე ხელი“. ბოლოს ესღა ვუთხარი, რომ ყველა წმიდა დედის ცხოვრება წაეკითხა, რომ იქნებ რაიმე წაკითხულიდან მის სულს შეხებოდა და ეს დახმარებოდა. ძალინ დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო იმისათვის, რომ ის ნორმალურ კალაპოტს დაბრუნებოდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ მოხვედრილიყო. ამ ქალმა საკუთარი თავი სრულ უმაქნისობამდე მიიყვანა. ძლიერი ძრავა კი იყო, მაგრამ ზეთი გაიყინა მასში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მინდოდა მეთქვა, რომ ქალის გული სრულიად ნადგურდება, თუკი ის სიყვარული, რომელიც მასში ბუნებრივაღ არსებობს, განხორციელებას ვერ იპოვის. ერთი შეხედე: სხვა ქალებს შეიძლება ხუთი, ექვსი, შეიძლება - რვა შვილიც კი ჰყავდეთ, შეიძლება მათ ერთ სულზე გროშიც არ ებადოთ, მაგრამ მაინც სიხარულით სავსენი არიან. მათ კეთილშობილური დიდსულოვნებაც ახასიათებთ, ვაჟკაცური შემართებაც. რატომ? იმიტომ, რომ მათ თავიანთი მიზანი იპოვეს!
ერთი შემთხვევა შემომრჩა მეხსიერებაში: ჩემს ნაცნობს ორი და ჰყავდა. ერთი ძალიან ახალგაზრდა გათხოვდა და ბევრი შვილი გააჩინა. ამ ქალმა საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღო. ყველაფერთან ერთად, ის მკერავი იყო, ტანსაცმელს კერავდა და ღატაკებს სამოწყალოდ აცმევდა. რამდენიმე დღის წინ კი მოვიდა ჩემთან და მეუბნება: „ახლა მე უკვე შვილიშვილებიც მყავს“. ამ დროს მისი გული სიხარულით თრთოდა. მეორე და კი არ გათხოვდა. მაგრამ სულიერი სარგებელი თავისი უზრუნველი ცხოვრებიდანაც ვერ შეიძინა. რა საშინელ მდგომარეობაში იყო იგი! როგორ ცხოვრობდა! ჯობს, არც კი იკითხო! ის ელოდა, როდის მოემსახურებოდა მოხუცი დედა და თანაც ჩიოდა, რომ წესიერად არ მივილისო. ხედავთ, - როგორ არის? ის დედა არ გახდა და ამიტომ შინაგანად მასში არაფერი შეცვლილა. მაგრამ, სხვებს რომ დახმარებოდა, იგი შეძლებდა, გამოევლინა ის სიყვარული, რომელიც ქალურ ბუნებაში ბუნებრივადაა ჩადებული და აქედან დიდ სარგებლობასაც მიიღებდა.
ამიტომ ვამბობ, რომ ქალისთვის აუცილებელია საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება. მამაკაცი, თუკი საკუთარ თავში განსაკუთრებულ სიყვარულს არ გამოიმუშავებს, დიდ დანაკარგს ვერ გრძნობს. მაგრამ ქალი, რომელსაც შინაგანად სიყვარულის დიდი მარაგი აქვს და მას სწორ კალაპოტში არ მიმართავს, ჰგავს ჩართულ დაზგას, რომელსაც საჭირო ნედლეული არ მიაწოდეს, ამიტომ ცარიელი მუშაობს და თვითონაც ხმაურობს და სხვებსაც აწუხებს.
- წმიდაო მამაო, წმიდა მღვდელმთავარი ეგნატე ეგინელი მონაზვნებისადმი გაგზავნილ თავის ერთ-ერთ წერილში მოუწოდებს მათ, არ დაავიწყდეთ, რომ ისინი ქალები არიან და მიბაძონ ღირს დედებს და არა - ღირს მამებს. რატომ ამბობს ამას წმიდა მღვდელმთავარი? იქნებ იმიტომ, რომ ქალებს გამძლეობა აკლიათ?
- ვის? ეს ქალებს აკლიათ გამძლეობა?! მე ხომ პირდაპირ განცვიფრებული ვარ მათი გამძლეობით! მათ ხომ პირდაპირ შვიდი სიცოცხლე აქვთ! ქალის სხეული შესაძლოა, გაცილებით სუსტი იყოს, ვიდრე - მამაკაცისა, მაგრამ მას უფრო ძლიერი გული აქვს. და როდესაც მისი საშუალებით მოქმედებს, იმდენად გამძლეა, რომ მამაკაცის ძალას აჭარბებს. დიახ, მამაკაცს ხორციელი ძალა აქვს. მაგრამ გული, რომელსაც ქალები ფლობენ, მას არ გააჩნია. ერთხელ ერთ კატას ვაკვირდებოდი, რომელიც ჩემთან სენაკში თავის კნუტებთან ერთად მოვიდა: გამხდარი-უგამხდრესი - პირდაპირ ნეკნებს დაუთვლიდი! ერთხელ ჩემს ეზოში დიდი მონადირე ძაღლი შემოვარდა. კურდმა - ასე ეძახდნენ ხვად კატას, - მაშინათვე მოკურცხლა, ეს ძუ კატა კი საომრად მოემზადა. წელი შეზნიქა, საბრძოლო პოზა მიიღო და უკვე მზად იყო, რომ ძაღლს თავს დასხმოდა. პირდაპირ გაკვირვებამ მომიცვა: საიდან აღმოაჩნდა მას ამდენი სიმამაცე?! ხედავ: ის თავის კნუტებს იცავდა!
დედა იტანჯება, ძალებისაგან იცლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერც ტკივილსა და ვერც დაღლილობას ამ დროს ვერ გრძნობს. ის საკუთარ თავს შრომას აიძულებს, მაგრამ რადგანაც უყვარს შვილები, რადგანაც უყვარს თავისი ოჯახი, ყოველივე ამას სიხარულით აკეთებს. ადამიანი, რომელიც მთელი დღეების განმავლობაში მხართეძოზეა წამოწოლილი, გაცილებით მეტად იღლება, ვიდრე - იგი. მახსოვს, როდესაც პატარები ვიყავით, დედაჩვენი იძულებული იყო, რომ წყალი შორიდან ეზიდა. გარდა ამისა, მას საჭმელი უნდა მოემზადებინა, ღუმელი აენთო, ტანსაცმელი გაერეცხა, და მინდორშიც ემუშავა. ყოველივე ამას ვემატებოდით ჩვენ - შვილები და მოსვენებას არ ვაძლევდით მას. როდესაც ერთმანეთში ვჩხუბობდით, მის მრავალრიცხოვან საქმეებს მოსამართლის მოვალეობაც ემატებოდა. მაგრამ ის მაინც ამბობდა: „ეს ჩემი მოვალეობაა. ეს ყველაფერი უდრტვინველად უნდა ვაკეთო“. ის ამ სიტყვებში კეთილ აზრს ატანდა მას უყვარდა ოჯახი, უყვარდა თავისი შვილები და ამიტომ საქმე და საზრუნავი ძალას არ აცლიდა. ის ყველაფერს გულით, სიხარულით აკეთებდა.
და რაც უფრო მეტი წელი გადის, დედას მით უფრო მეტად უყვარს ოჯახი. ის უკვე ისეთი ახალგაზრდა აღარ არის, ადრე რომ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამუდმებით მეტი და მეტი თავგანწირვით იღებს საკუთარ თავს მსხვერპლად, რათა შვილიშვილების გაზრდაც შეძლოს. მას სულ უფრო და უფრო მცირე ძალები შერჩა, მაგრამ თავის ყველა მოვალეობას გულით ასრულებს. და მისი ძალა თვით მისი ქმრის ძალას აღემატება და იმ ძალასაც - ახალგაზრდობაში რომ ჰქონდა.
- იცით, წმიდაო მამაო, ქალები ავადმყოფობაშიც გაცილებით ცივსისხლიანები არიან, ვიდრე - მამაკაცები.
- იცი საქმე რაშია?! დედა ძალიან ხშირად მდგარა საკუთარი შვილის ავადმყოფობის პირისპირ. ამიტომ მან იცის, თუ რა არის ავადმყოფობა - ზოგადად. მას ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება აქვს. მას ახსოვს, რამდენჯერ აუწია სიცხემ მის პატარას და რამდენჯერ დაუვარდა. მას უამრავი სხვადასხვა სცენა აქვს ნანახი: მაგალითად, ბავშვი, რომელიც იხრჩობოდა, ან - გონებას კარგავდა, როგორ მოვიდა გონს - მისი ხელის შემორტყმით ლოყაზე. მამაკაცს ეს ყოველივე არ უნახავს და ამიტომ მას ასეთი გამოცდილება არ აქვს. ამიტომ, როდესაც გაიგებს, რომ ბავშვს სიცხემ აუწია, ან - ფერი დაკარგა, მამაკაცი პანიკაში ვარდება და იწყებს ყვირილს: „ბავშვი იღუპება! ახლა რაღა უნდა ვქნათ, რა გვეშველება?! აბა, სასწრაფოდ ექიმს დავურეკოთ“!
ბავშვის აღზრდა ორსულობიდან იწყება. თუკი მუცლადღებული დედა ნერვიულობს და შფოთავს, მის საშოში ჩასახული ნაყოფიც ასევე აღგზნებულია. ხოლო, თუ დედა ლოცულობს და სულიერად ცხოვრობს, მის წიაღში მყოფი ჩვილიც იკურთხება. ამიტომ, როდესაც ქალი დაორსულდება, იესოს ლოცვას უნდა აღასრულებდეს, სახარებას კითხულობდეს, საეკლესიო საგალობლებს გალობდეს, სულიერ მღელვარებას არ უნდა მიეცეს. მაგრამ, ამავე დროს ახლობლებიც ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა არ ააღელვონ ის. ამ შემთხვევაში ახალშობილი ბავშვი კურთხეული იქნება და მშობლებს სირთულეები არ შეექმნებათ, არც მის ყრმობაში და არც მერე, როდესაც გაიზრდება.
შემდეგ, როდესაც ბავშვი დაიბადება, დედამ ძუძუთი უნდა კვებოს ის და რაც უფრო დიდხანს იზამს ამას, უკეთესი იქნება. დედის რძე აჯანსაღებს ბავშვებს. ძუძუთი კვებისას ჩვილი არა მხოლოდ იკვებება დედის რძით, არამედ ამავე დროს იგი იღებს სიყვარულს, სინაზეს, ნუგეშს, უსაფრთხოებას და ამგვარად ყალიბდება იგი ძლიერი ხასიათის ადამიანად. მაგრამ, ამავდროლად ძუძუთი კვება თავად დედასაც ეხმარება. თუ დედები შვილებს ძუძუთი არ კვებევენ, მათ ორგანიზმში ანომალიები იჩენს თავს და ეს შესაძლოა კიბოთი და ძუძუს მოკვეთით დასრულდეს.
ძველ დროში დედას რძე თუ ჰქონდა, მას შეეძლო, გამოეკვება როგორც თავისი პატარა, ასევე მეზობლის ჩვილი. დღეს კი ზოგიერთ დედას საკუთარი შვილისთვისაც უჭირს ძუძუს წოვება. დედა, რომელიც თავს არიდებს ბავშვის ძუძუთი კვებას, მას უსაქმურობისა და სიზარმაცის „მიკრობებსაც“ გადასცემს. ოდესღაც შესქელებული რძის ქილებზე გამოსახული იყო დედა, რომელსაც ბავშვი ჰყავდა გულში ჩაკრული, დღეს კი ამავე ქილებზე ხატავენ ყვავილებით შემკულ „მუმუს“ (ძროხას). დედები შვილებს ძუძუთი არ კვებავენ და ამიტომ ბავშვები ნუგეშინისცემის გარეშე იზრდებიან. ვინ მისცემს მათ სინაზესა და სიყვარულს?! განა რძის ქილა - ზედ ძროხის სურათით?! ჩვილები წოვენ საწოვარას, გაყინული რძის და მინის ბოთლის იმედზე არიან და მათი გულიც თანდათან იყინება. მერე კი როდესაც უკვე გაიზრდებიან, ნუგეშს კვლავ ბოთლში, - ოღონდაც უკვე დუქნებში ეძებენ. საკუთარი სულიერი შფოთის განსადევნად ისინი სმას იწყებენ და ალკოჰოლიკები ხდებიან.
თუკი ბავშვები თავად არ მიიღებენ სინაზეს, მაშინ მომავალშიც აღარ ექნებათ ეს სინაზე, რათა საკუთარ შვილებს გადასცენ. ასე იწვევს ერთი უბედურება მეორეს. მერე კი მოვლენ დედები და დაიწყებენ შეკითხვებს: „ილოცე, მამაო, ჩემს შვილს რატომ ვკარგავ?!“
- წმიდაო მამაო, ქალის მუშაობა რამდენად გამართლებულია?
- ქმარი რას ამბობს ამაზე?
- თვლის, რომ ეს ცოლის გადასაწყვეტია.
- ქალისთვის ადვილი არ არის სამუშაოს დატოვება და საკუთარი ცხოვრების მალიანად ბავშვებისათვის მიძღვნა, თუკი მას ქორწინებამდე განათლება აქვს მიღებული. ხოლო, ის ქალი, რომელსაც განათლება არ მიუღია და რაიმე უბრალო სამუშაოს ასრულებს, მას ზედმეტი გართულების გარეშე დატოვებს.
- წმიდაო მამაო, მე მგონია, რომ თუ ქალს შვილები არ ჰყავს, მუშაობა მისთვის კარგიც არის.
- ანუ, შენი თქმით ისე გამოდის, რომ თუ მას შვილები არ ჰყავს, აუცილებლად პროფესიულ საქმიანობას უნდა ასრულებდეს? ხომ არსებობს ბევრი სხვა საქმეც, რომლის გაკეთებაც მას შეუძლია? რა თქმა უნდა, როდესაც მას შვილები ჰყავს, უკეთესია, სახლში დაჯდეს. სხვაგვარად მათ მოვლას როგორ შეძლებს?
- წმიდაო მამაო, ბევრი ქალი იმასაც ამბობს, რომ მისთვის მუშაობა აუცილებელია, რამდენაღაც თავის გატანა უჭირს.
- თავის გატანა იმიტომ უჭირთ, რომ უნდათ, ყველაფერი ჰქონდეთ: ტელევიზორი, ვიდეომაგნიტოფონი, პირადი ავტომობილი და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ უნდათ მუშაობა. საბოლოო ჯამში კი ის გამოდის, რომ ისინი ვერ აბედნიერებენ საკუთარ შვილებს და კარგავენ მათ. თუ ოჯახში მხოლოდ მამა მუშაობს და მცირედითაც კმაყოფილდებიან, ასეთი პრობლემები აღარ იქმნება. ხოლო, როდესაც ცოლიც მუშაობს და ქმარიც, ვითომდა იმიტომ, რომ მათ ფული არ ჰყოფნით, ოჯახი იბნევა და თავის ჭეშმარიტ აზრს კარგავს. და ყოველივე ამის შემდეგ რაღა დარჩენათ ბავშვებს?! დედები უფრო მეტი უბრალოებით რომ ცხოვრობდნენ, არც თავად მათ გაუწყდებოდათ ქანცი და მათი შვილებიც ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ. ერთმა კაცმა შვიდი ენა იცოდა, მისი ცოლი კი დიდი ძალისხმევით ცდილობდა, ოთხი ენა ესწავლა. გარდა ამისა, ეს ქალი კერძო გაკვეთილებს ატარებდა და სამუშაო ფორმის შესანარჩუნებლად აბებს იღებდა. ამ წყვილს ჯანმრთელი ბავშვები შეეძინათ, მაგრამ საბოლოოდ ისინი სულიერად დაავადებულები გაიზარდნენ. მერე უკვე ცოლ-ქმარი დახმარების სათხოვნელად ფსიქოანალიტიკოსებთან დარბოდა.
ამიტომ ვურჩევ ხოლმე დედებს, რომ გაიმარტივონ ცხოვრება, რათა ბავშვებისთვის მეტი ყურადღების დათმობის საშუალება ჰქონდეთ. შვილებს კი ეს ძალიან ჭირდებათ. სულ სხვა საქმეა, როდესაც დედას ოჯახში აქვს რაღაც საქმე, რომელზედაც გადართვა შეუძლია მაშინ, როდესაც ბავშვებზე საზრუნავით დაიღლება. როდესაც სახლში ზის, დედას შეუძლია, ერთდროულად ბავშვებსაც მიაქციოს ყურადღება და სხვა საქმეც აკეთოს. ეს ეხმარება ოჯახს იმაში, რომ გაექცეს უამრავ უხერხულობას. დღეს ბავშვები დედობრივი სიყვარულის „შიმშილს“ განიცდიან. მაგრამ ისინი მშობლიურ დედაენას ვერ სწავლობენ იმიტომ, რომ დედა მთელ დღეებს სამსახურში ატარებს, ხოლო ბავშვები სხვის, ხშირად - უცხოელი ქალის მეთვალყურეობის ქვეშ ყავს დატოვებული. უდედმამო ბავშვთა თავშესაფრის აღსაზრდელები, თუ ისე მოხდა, რომ აღმზრდელთა შორის გამოჩნდა ქალი ქრისტიანული საზოგადოებიდან, რომელსაც დაუქორწინებლობის აღთქმა აქვს დადებული, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ის ბავშვები, რომელთაც მშობლები იმ ქალებს მიუგდებენ ხოლმე, რომლებიც მათ მოვლაში ფულს იღებენ! და იცით, სადამდე მიდის ხოლმე ეს ყველაფერი?! იქამდე, რომ ბავშვს, რომელსაც ასე აკლია დედა, მთელი ხროვა ძიძები ახვევია თავს!
- წმიდაო მამაო, როგორ უნდა მოაგვაროს დიასახლისმა საკუთარი საქმეები და საზრუნავი, რომ დრო ლოცვისთვისაც დარჩეს? როგორი დამოკიდებულება უნდა იყოს ლოცვასა და სამუშაოს შორის?
- ჩვეულებრივ ქალებმა საქმეში ზომა არ იციან. მათ სურვილი აქვთ, რომ საქმესა და საზრუნავს ახალი და ახალი საქმე და საზრუნავი დაუმატონ. რამდენადაც ქალებს მდიდარი გული აქვთ, ისინი წარმატებით შეძლებდნენ საკუთარი სულის „საშინაო მეურნეობის“ მოწესრიგებას, მაგრამ ამის სანაცვლოდ გულს ისინი ათასგვარ წვრილმანზე ფლანგავენ. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გვაქვს, მაგალითად ათასგვარი ლამაზი ორნამენტით, ზოლებითა და სხვა ამის მსგავსით შემკული ფუჟერი, ეს შემკულობა მას რა თქმა უნდა, ხელს არ უშლის იმაში, რომ თავისი დანიშნულება შეასრულოს. ქალები კი მიდიან მაღაზიაში და დაუწყებენ გამყიდველს ახსნას: „არა, არა, მე მინდა, რომ ეს ზოლი სწორედ აქამდე ჩამოდიოდეს, ნახატი კი ქონდეს აქ, და არა - იქ“. ხოლო თუ სადმე ყვავილია დახატული, პირდაპირ გული უხარით! სწორედ ამგვარად ფლანგვს ქალი მთელ თავის პოტენციალს. ძალიან იშვიათად შეხვდები მამაკაცს, მსგავს რამეს ყურადღებას რომ აქცევს. მისი მაგიდის ლამპა შავია თუ ყავისფერი, მამაკაცი ხშირად ვერც კი ამჩნევს ამას. ქალი კი - პირიქით. მას ძალიან უხარია და ამ ლამაზ ნივთს თავისი გულის ნაწილს უძღვნის. მეორე ნაწილს მეორე „სილამაზეს“ ჩუქნის და ყოველივე ამის შემდეგ ქრისტესთვის რაღა დარჩება? მთქნარება და დაღლილობა ლოცვის დროს! რაც უფრო შორდება ქალის გული ლამაზ ნივთებს, მით უფრო მტკიცედ უახლოვდება იგი ქრისტეს. ხოლო, თუკი გული ქრისტეს მიუძღვნა, მაშინ ის უდიდეს ძალას იძენს. რამდენიმე დღის წინ შევხვდი ქალს, რომელიც მთელი არსებით ქრისტეს ეკუთვნოდა, როგორ ელავდა მასში რაღაც ტკბილი ნათება! ყოველგვარ საქმეს ის უდიდესი მხურვალებით აღასრულებდა. წარსულში ის თანამედროვე ერის ქალი იყო, თუმცა - კეთილად განწყობილი და აი, მისი ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე აინთო ნაპერწკალი. მან გადაყარა თავისი ოქროს სამკაულები და ძვირფასი ტანსაცმელი. დღეს ის საოცარი უბრალოებით ცხოვრობს. იღწვის, სულიერად მუშაობს საკუთარ თავზე. რა საოცარი თავგანწირვითაა აღსავსე მისი ყველა მოქმედება! ის არის მოშურნე და მიმბაძველი წმიდანებისა, - ამ სიტყვების საუკეთესო გაგებით. იცით კი, რამდენს ლოცულობს სკვნილზე, როგორ მარხულობს, რამდენ დროს უთმობს ფსალმუნის კითხვას?!. საოცარი საქმეა! მოღვაწეობა დღეს მის საკვებად იქცა.
- წმიდაო მამაო, ერთმა დედამ მითხრა, ფიზიკურად ძალიან სუსტი ვარ და მეტისმეტად ვიღლები. საკუთარი საქმეების კეთებასაც კი ვერ ვასწრებ და არც ლოცვისთვის მრჩება დრო.
- იმისათვის, რომ ლოცვისთვის დრო დარჩეს, მან თავისი ცხოვრება უნდა გაამარტივოს. უბრალოების დახმარებით დედა შესაძლოა, დიდად წარემატოს. დედას მხოლოდ მაშინ შეუძლია თქვას, დავიღალეო, როდესაც მან თავისი ცხოვრება კი გაამარტივა, მაგრამ საქმეს მაინც ვერ ასდის, რადგანაც ბევრი შვილი ჰყავს. მაგრამ, თუკი იგი უამრავ დროს კარგავს იმაზე, რომ მისმა სახლმა უცხო ადამიანებზე შთაბეჭდილება მოახდინოს, მაშინ აქ სათქმელი აღარაფერი რჩებაზოგიერთი დედა, მხოლოდ იმის გამო, რომ სურვილი აქვს, მის სახლში ყველა ნივთი თავის ადგილას იდოს, ავიწროებს და სულს უხუთავს თავის პატარებს იმით, რომ ნებას არ აძლევს, ადგილიდან დაძრან სკამი ან ბალიში. ასეთი დედები ბავშვებს ყაზარმული დისციპლინით ცხოვრებას აიძულებენ და ყოველივე ამის გამო ბავშვები, რომლებიც ნორმალურები დაიბადნენ, მთლად ნორმალურები ვერ იზრდებიან. თუკი გონიერი ადამიანი იმ სახლში, სადაც ბევრი ბავშვი იზრდება, ნახავს, რომ ყველა ნივთი თავის ადგილას დევს, აუცილებლად დაასკვნის, რომ აქ ან გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვები ცხოვრობენ, ანდა, დედა გამოირჩევა გადაჭარბებული სიმკაცრით და საომარი დისციპლინით ზრდის მათ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ბავშვების სულში შიში სახლდება და სწორედ ამ შიშის გამოა, რომ ასეთი დისციპლინით ცხოვრობენ. ერთხელ აღმოვჩნდი ოჯახში, სადაც ბევრი ბავშვი იყო. როგორ მახარებდნენ ეს პატარები თავიათი ბავშვური ანცობით, რომელსაც ახშობდა ერული წესრიგი, მათ რომ მოუწოდებდა: „ყველა ნივთი თავის ადგილას“! ეს წესრიგი უდიდესი უწესობაა, რომელიც თანამედროვე ადამიანს ძალ-ღონეს აცლის.
ძველ დროში სულიერი წიგნები არ იყო და დედებს არ შეეძლოთ, ეკითხათ ისინი და საკუთარ თავს ამით დახმარებოდნენ. დღეს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით გამოდის წმიდა მამათა წიგნები, ბევრი მათგანი თანამედროვე ენაზეც არის ნათარგმნი, მაგრამ სამწუხაროდ, დედების უმრავლესობა გვერდს უვლის მათ და ამის მაგიერ მთელ დროს უთმობს ათასგვარ უაზრობას, ანდა უზომოდ ბევრს მუშაობს, რომ ყველაფერზე ხელი მიუწვდებოდეს.
იმის მაგიერ, რომ უსულო საგნებზე სკურპულოზურად და სქოლასტიკურად ზრუნავდნენ, დედებისთვის უმჯობესი იქნება, თუკი მთელ დროს ბავშვების აღზრდას დაუთმობენ. დაე, ქრისტეზე ელაპარაკოს მათ, წმიდათა ცხოვრება წაუკითხოს. ამსთანავე დედა საკუთარი სულის განწმენდაზეც უნდა ზრუნავდეს, რათა სულიერად ანათებდეს. დედის სულიერი ცხოვრება შეუმჩნევლად, უხმაუროდ შვილების სულებსაც დაეხმარება. ამგვარად მისი შვილებიც სიხარულით იცხოვრებენ და თვითონაც ბედნიერი იქნება, იმიტომ, რომ მასში ქრისტე იქნება დავანებული. თუკი დედას იმის დროც კი არ ექნება, რომ „წმიდაო ღმერთო“ წაიკითხოს, როგორ იკურთხებიან მისი შვილები?
- წმიდაო მამაო, როგორ უნდა მოიქცეს დედა, თუ მას ბევრი შვილი ჰყავს და ამავე დროს ბევრი საზრუნავი აქვს?
- განა მას არ შეუძლია, რომ როდესაც საქმეს აკეთებს, ამავე დროს ლოცულობდეს? მე იესოს ლოცვა დედამ მასწავლა. ბავშვები რომ ვიყავით და ჩვენი ცელქობის გამო ის გასაწყრომად მზად იყო, მესმოდა ხოლმე როგორ იწყებდა ლოცვას: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. როდესაც ღუმელში პურს გამოსაცხობად შედებდა, დედა წარმოსთქვამდა: „სახელითა იესო ქრისტესითა და ყოვლაწმიდისა ღვისმშობელისათა“. როდესაც ცომს ზელდა, ან საჭმელს ამზადებდა, მაშინაც გამუდმებით იესოს ლოცვას აღასრულებდა. ამგვარად იკურთხებოდა თავად ის და იკურთხებოდა ის საჭმელი და პური, რომელსაც ის ამზადებდა, იკურთხებოდნენ ისინიც, ვინც ამ საკვებს მიიღებდა.
რამდენ დედას, წმიდა ცხოვრებით რომ ცხოვრობდა, შვილებიც წმიდა და უმწიკვლო ჰყოლია! მაგალითისათვის წმიდა ბერის ხაჯი-გიორგის დედა ავიღოთ. ამ კურთხეული დედის რძეც კი ყრმა გაბრიელის (ასე ეძახდნენ ერში ხაჯი-გიორგის) მოღვაწეობას შეეწეოდა! ამ ქალმა ორი შვილი შობა, რომლებიც შემდეგ თავიანთ ცოლებთან ქალწულებაში ცხოვრობდნენ და მეუღლეებს ერთმანეთი და-ძმასავით უყვარდათ. ხაჯი-გიორგის დედა ბავშვობიდანვე მოღვაწეობრივი სულით გამოირჩეოდა, მისი და კი მოღვაწე - მონაზონი იყო. იგი ხშირად ნახულობდა მონაზონ დას, გათხოვების შემდეგაც ხშირად ჩადიოდა მასთან - თავის შვილებთან ერთად. გაბრიელის მამაც ღვთისმოსავი ადამიანი იყო. ის სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა და ამიტომ უმეტეს დროს მოგზაურობაში ატარებდა. ეს კი მის მეუღლეს საშუალებას აძლევდა, უბრალოდ ეცხოვრა და ამაო საზრუნავზე დიდი დრო არ დაეხარჯა, [2] თანაც თან წაეყვანა თავისი ვაჟი და სხვა ქალებთან ერთად ღამისთევის ლოცვაზე ევლო. მსახურებები ზოგჯერ გამოქვაბულში აღესრულებოდა, ზოგჯერ კი - სხვადასხვა სამლოცველოებში. ამიტომ იყო, რომ შემდეგში მისმა შვილმა სიწმიდის ამ საფეხურს მიაღწია.
დედის კურთხევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუკი დედას სიმდაბლე და ღვთის შიში აქვს, სახლში ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა. მე ვიცნობ ახალგაზრდა დედებს, სახე რომ უბრწყინავთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალებს არავინ ეხმარება. როდესაც ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა ყოველთვის ვხვდები, თუ როგორ მდგომარეობაში არიან მათი დედები.
[1] - ჟამნი - მოკლე ღვთისმსახურება, რომელიც დღის საღვთისმეტყველო ციკლის შემადგენელი ნაწილია. იკითხება განსაზღვრულ დროს. ემთხვევა დროის იმ აღრიცხვას, რომელიც რომაულ ეპოქაში იყო მიღებული. პირველი ჟამნი იკითხება დაახლოებით დილის 6 საათზე, მესამე - დაახლოებით 9 საათზე, მეექვსე - დაახლოებით შუადღისას და მეცხრე ნაშუაღამევს, - დაახლოებით 3 საათზე.
[2] - შეად. ლუკ. 10,41.