- წმიდაო მამაო, შევნიშნე, რომ საღმრტო ლიტურგიაზე ჩვილები ხშირად იღიმებიან.
- ისინი მხოლოდ საღმრთო ლიტურგიაზე როდი იღიმებიან. ჩვილები ღმერთთან განუწყვეტელ კავშირში არიან, რადგანაც მათ არანაირი საზრუნავი არ აქვთ. გახსოვთ, რა თქვა ქრისტემ პატარა ბავშვებზე? „ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა“ [1]. პატარები დაკავშირებულნი არიან ღმერთთან და მფარველ ანგელოზთან, რომელიც გამუდმებით მათ გვერდით იმყოფება. ძილში ჩვილები ან იცინიან და ან ტირიან, იმიტომ, რომ ისინი ხან ბედნიერ და ხანაც საშინელ სიზმრებს ხედავენ. ერთ შემთხვევაში ისინი ხედავენ თავიანთ მფარველ ანგელოზს და ეთამაშებიან მას. იგი ეფერება პატარას, ხელში აჰყავს და ისიც იცინის. სხვა შემთხვევაში კი მაცდური რაიმე საშინელებას ანახებს და ისინიც ტირილს იწყებენ.
- რისთვის აშინებს მაცდური ჩვილებს?
- ეს ისევ ბავშვების სასიკეთოდ შემობრუნდება ხოლმე, რადგანაც, როდესაც მაცდური შეაშინებს ბავშვს, ის დამფრთხალი დედას ეძახის. ეს საშინელი სიზმრები რომ არა, ყრმები ასეთი გულმოდგინებით არ მიისწრაფებდნენ დედის კალთისაკენ. ღმერთი ხომ ყოველივეს ისევ ადამიანების სასიკეთოდ იქმს.
- როდესაც ბავშვები გაიზრდებიან, ისევ ახსოვთ მათ, რასაც ბავშვობაში ხედავდნენ?
- არა, ავიწყდებათ. ადამიანს ის რომ ახსოვდეს, რამდენჯერ იხილა თავისი მფარველი ანგელოზი, ამპარტავნებაში ჩავარდებოდა. ამიტომ, ზრდასრულ ასაკში მას ყოველივე ეს ავიწყდება. ღმერთი ბრძნულად აწყობს ყველაფერს.
- ისინი ყოველივე ამას ნათლობის შემდეგ ხედავენ?
- რა თქმა უნდა, ნათლობის შემდეგ.
- წმიდაო მამაო, შეიძლება, რომ მოუნათლავი ბავშვი წმიდა ნაწილებს მივამთხვიოთ?
- რატომ არ შეიძლება? ისიც კი შეიძლება, რომ ჩვილს წმიდა ნაწილით ჯვარი გადავსახოთ. დღეს ერთი ბავშვი ვნახე, რომელიც პატარა ანგელოზს ჰგავდა. „ფრთები სადა გაქვს?“ ვითხე მე. იგი დაიბანა და არ იცოდა, რა ეპასუხა. ათონზე, ჩემს სენაკთან, როდესაც გაზაფხულზე ყვავილები აყვავდებიან, სენაკის ღობეზე დაყოლებულ მარწყვის ბუჩქებზე კარამელებს ვკიდებ. ჩემთან სტუმრები პატარა ბავშვებთან ერთად რომ მოდიან, ვეტყვი ხოლმე მათ. „ბავშვებო, ქენით სიკეთე, მაგ ბუჩქებიდან კანფეტები დაკრიფეთ, იმიტომ, რომ თუ წვიმა წამოვა, დასველდებიან და ძირს ჩამოცვივიან“. ზოგიერთი მოსაზრებული ბავშვი ხვდება, რომ ბუჩქებზე კანფეტები მე მივაბი და ეცინებათ. სხვებს კი ჯერათ, რომ კანფეტები ბუჩქებმა მოისხა. არიან ისეთებიც, რომელთაც არ იციან, დაიჯერონ თუ არა.
- წმიდა მამაო, ბევრ კანფეტებს კიდებთ ხოლმე?
- თუ ვკიდებ, ბევრს. როცა ჩემთან ტკბილეული მოაქვთ, იმით უფროსებს არ ვუმასპინძლდები. როდესაც კარგ ტკბილეულს მომიტანს ვინმე, ათონიადის [2] ბავშვებისთვის ვინახავ ხოლმე. აქაც, მონასტერში გუშინ დავრგე კარამელები და შოკოლადები და აი, დღეს ისინი უკვე აყვავდნენ. შენიშნეთ? რატომაც არა! ამინდი მზიანია, მიწა კი - კარგი, კარგად დაბარეთ და შოკოლადები და კარამელები უცებ გაიზრღებიან! [3] აი ნახეთ, რა შესანიშნავ საყვავილეს მოგიწყობთ! ბავშვებისთვის ტკბილეულის და შოკოლადების ყიდვა აღარ დაგჭირდებათ. აბა რა გეგონათ? თქვენს საკუთარ მოსავალს მოიწევთ!
- წმიდაო მამაო, მომლოცველებმა შენიშნეს, რომ კვლებში შოკოლადები და კამფეტები მოჩანდა და გაუკვირდათ: „ალბათ ბავშვებმა გააკეთესო“, ასე თქვეს.
- მერე რად არ უთხარით, რომ ეს ერთმა დიდმა ბავშვმა გააკეთა?
- წმიდაო მამაო, რატომ ანიჭებს ღმერთი ყოველ ადამიანს მფარველ ანგელოზს? განა მას არ შეუძლია, რომ თვითონ დაგვიცვას?
- მფარველი ანგელოზის მინიჭება - ეს შემოქმედის მხრიდან თავისი ქმნილებისადმი უდიდესი მზრუნველობის გამოვლინებაა. მფარველი ანგელოზი ესაა ღვთის განგებულებით დაწესებული - კაცთა სასიკეთოდ. ამისათვის ჩვენ უაღრესად დავალებულები ვართ ღვთისაგან. ანგელოზები განსაკუთრებულად იფარავენ პატარა ბავშვებს. რომ იცოდეთ, როგორ უფრთხილდებიან მათ. ერთხელ ორი ბავშვი თამაშობდა ქუჩაში. ერთს უნდოდა, რომ მეორისთვის ქვა დაერტყა თავში და უკვე უმიზნებდა კიდეც. მეორე ბაკშვი ამ საფრთხეს ვერ ხედავდა. და აი, მფარველმა ანგელოზმა ისე მოაწყო, რომ ამ ბიჭუნამ უცებ რაღაც შენიშნა, მისკენ ისკუპა და ქვა ასცდა.
ერთი ქალი მინდვრად სამუშაოდ რომ წავიდა, თან თავისი პატარაც წაიყვანა. ძუძუ რომ მოაწოვა ბავშვს, აკვანში ჩააწვინა, იქვე დატოვა და თვითონ სამუშაოდ წავიდა. როღესაც უკან დაბრუნდა, მან ნახა, რომ ბავშვს ხელში გველი უჭირავს და დიდი ინტერესით ათვალიერებს. როცა დედამ ბავშვს ძუძუ მოაწოვა, ტუჩების ირგვლივ მას რძე დარჩა. გველი აკვანზე აცოცდა, რძეს ლოკვა დაუწყო და ამ დროს ბავშვმა ხელი სტაცა. ამის დანახვაზე დედამ შეჰკივლა, ბავშვი კივილმა შეაშინა, გველს ხელი უშვა და ისიც გასრიალდა. ღმერთი იფარავს ბავშვებს.
- მაშ რატომაა, რომ ძალიან ბევრი ბავშვი ავადმყოფობისაგან თუ სხვა რაიმე მიზეზით ასე იტანჯება?
- ღმერთმა იცის, თუ რა არგებს თითოეულ ადამიანს და შესაბამისად აძლევს მას -ყოველივე აუცილებელს. ის არავის არ მისცემს რაიმე ისეთს, რაც მას არ გამოადგება. მაგალითად ზოგჯერ ის ხედავს, რომ ხორციელი ნაკლი თუ ხეიბრობა ადამიანისთვის მეტი სარგებლობის მომტანი იქნება, ვიდრე ის, რომ მან თავიდან აგვარიდოს ყოველგვარი ნაკლულოვანება და ჯანმრთელად და უვნებელად დაგვიცვას.
- წმიდაო მამაო, რა დაემართებათ ჩრდილოეთ ეპირის [4] იმ მცხოვრებლებს მოუნათლავად რომ იხოცებიან?
- ეჰ, მათი უმრავლესობა მშობლებმა ჰაერში ნათლობით [5] მონათლეს, ძალიან ბევრმა კი იმ მხარეში ნათლისღება სამშობიარო სახლებში ძიძებისა და მედიცინის დების ხელით მიიღო. ვიცი ერთი შემთხვევა, როდესაც მედდამ ბავშვი თასში წყლით მონათლა. ღმერთი ხედავდა ამ ქალის კეთილ განწყობას... არადა, რაოდენ მადლს ფლობენ ახლადმონათლულები! ერთხელ მოხდა, რომ სამას ორმოცდაათ ადამიანს შორის ახლად მონათლული ქალი გამოვარჩიე. ვიკითხე, ეს ვინ არის მეთქი და მიპასუხეს, რომ ეს იყო თურქი ქალი, რომელმაც წმიდა ნათლისღება მიიღო. სახე უბრწყინავდა და მის გვერდით სხვები პირდაპირ ბარბაროსებად მოჩანდნენ.
- წმიდაო მამაო, რამდენად მისაღებია, რომ ნათლობისას ბავშვს ორი სახელი დაარქვან?
- თუ მშობლები ჩხუბობენ და ლამისაა ბავშვის სახელის გამო საქმე გაყრამდე მივიდეს, მაშინ თუნდაც სამი სახელი დაარქვან. მაგრამ დღეს ხომ ღმერთმა უწყის, რად გადააქციეს წესიერი, ქრისტიანული სახელები, ვიკი, პეპი, მიმი...
- წმიდაო მამაო, ერთმა ქალმა ორსულობის მეხუთე თვეზე ბავშვი დაკარგა. ბავშვი მკვდარი დაიბადა და ახლა ქალი დარდობს, რომ მასზე ჰაერში ნათლობის წესიც კი ვერ შეასრულა.
- თუ ის თავად არ არის დამნაშავე ამაში, ღმერთზე უმეტესი მინდობა მართებს. ღმერთმა უწყის, როგორ მოექცეს ასეთ ბავშვებს და სად ამყოფოს ისინი.
- წმიდაო მამაო, დედაჩემმა მიამბო, რომ ჩემი ერთ-ერთი ძმა დაბადებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა ისე, რომ მისი მონათლვა ვერ მოასწრო. მე ვურჩიე, რომ ეს ამბავი მოძღვრისათვის ეთქვა.
- თუ მას სურდა მისი მონათლვა, მაგრამ ვერ შეძლო, მას აქვს დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოება. სხვა ქალები საერთოდაც აბორტებს იკეთებენ და საკუთარ შვილებს კლავენ. ჩვენთვის შეუცნობელია განგება ღვთისა. უდიდესი ცოდვა იქნებოდა, თუ იგი ბავშვის მონათვლას დაუდევრობის გამო ვერ შეძლებდა და ამიტომ ბავშვი მოუნათლავი გარდაიცვლებოდა. შენ ამგვარ საკითხებთან მიმართებაში საღი აზრის პოზიციიდან მსჯელობ, ეს რაციონალიზმის ღვთისმეტყველებაა. მახსოვს, ერთხელ ჩემთან მომლოცველების ჯგუფი მოვიდა. მე ამგვარი შემთხვევა ვუამბე: ერთი ბავშვი - ჩრდილოეთ ეპირიდან სამჯერ მონათლეს, ჯერ - პაპამ, მერე - ბებიამ და ბოლოს - დედამ, იმიტომ, რომ თითოეული მათგანი მას მოუნათლავად თვლიდა და ამას ერთმანეთის ჩუმად აკეთებდნენ. ამ ამბავს რომ ვყვებოდი, ერთი მლოცველი წამოხტა და შესძახა: „ეს არაკანონიკურია!“ მე კი მას ვეუბნები: „მისმინე, შენ რა, გგონია, რომ მათ რომელიმე კანონიკურ წიგნში წაიკითხეს, ბავშვი სამჯერ უნდა მოინათლოსო? ამ ყმაწვილმა ხომ სამმაგი კურთხევა მიიღო“.
- ზოგჯერ ადამიანები სიზმრად გარდაცვლილ ახლობლებს ხედავენ და ესაუბრებიან მათ. ამას ღმერთი იმისთვის უშვებს, რომ ისინი სარწმუნოებაში განამტკიცოს და სინანულის გზაზე დააყენოს?
- დიახ. განა ამისთანა ამბების შესახებ არაფერი გსმენიათ? ერთი მთაწმინდელი ბერი წარმოშობით ბულგარეთის ტერიტორიაზე მდებარე სოფლიდან იყო. იქ ბევრი მოუნათლავი ადამიანი ცხოვრობდა. ამ ბერმა მიამბო, რომ, როდესაც ჯერ კიდევ მოუნათლავი ერისკაცი იყო, მან სიზმრად მცირე ხნის წინ გარდაცვლილი თავისი პატარა ძმისშვილი ნახა. ბავშვი მშვენიერი ბაღის გალავნის მიღმა იდგა და ტიროდა. ბაღი კი სავსე იყო მისი ასაკის ბავშვებით, რომლებიც მხირულობდნენ და თამაშობდნენ. „შენ რად არ შედიხარ ბაღში?“ ჰკითხა ამ კაცმა. „აბა როგორ შევალ? მე ხომ მონათლული არ ვარ?“ მიუგო ბავშვმა. ამის შემდეგ ეს კაცი დაუყოვნებლივ წავიდა და მოინათლა, მოგვინებოი კი მოძღვარს უამბო, რა ნახა სიზმრად. ყოველივე ეს იმისთვის დაუშვა ღმერთმა, რომ სხვებიც მიმხვდარიყვნენ, რაოდენი ღირსება აქვს წმიდა ნათლისღებას. ამ შემთხვევის შემდეგ ბულგარეთის სოფლის მოსახლეობამ ბავშვების მონათვლა დაიწყო.
- წმიდაო მამაო, ზოგიერთ მშობელს, ერთმანეთთან სამოქალაქო ქორწინებით რომ არიან დაკავშირებულნი, შვილების მონათვლა სურს, განა ეს შეიძლება?
- რატომ არ შეიძლება?! რა დააშავეს საბრალო ბავშვებმა? ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ქორწინებით დაკავშირებულ მშობლებს შვილების მონათვლა სურთ, იმაზე მიუთითებს, რომ მათში შინაგანად არის რაღაც სიკეთე, რომ ეს ადამიანები ბოლომდე გულგრილები არ არიან. როგორც ჩანს, ისინი სადღაც, რაღაცნაირად ასცდნენ გზას. თუ ვინმეს მათი დახმარება სურს, პირველ რიგში ის უნდა გაარკვიოს, რატომ არ დაიწერეს ჯვარი ეკლესიაში, ხოლო შემდეგ კი - ის, რატომ უნდათ ბავშვების მონათვლა.
- წმიდაო მამაო, თუ მონაზონი მონასტერში წასვლამდე ვინმეს ნათლია იყო, ამჟამად მან, გარდა იმისა, რომ ლოცულობს თავისი ნათლულისათვის, საჩუქრებსაც უნდა უგზავნიდეს მას, - როგორც ეს საერთოდ ერშია მიღებული?
- მონაზონი ასეთი მოვალეობებისაგან თავისუფალია. ბერი თავის ნათლულს მხოლოდ ლოცვებით უნდა შეეწეოდეს. ხოლო მის მშობლებს კი, თუკი სურთ, შეუძლიათ, ამგვარი კავშირი ჰქონდეთ თავიანთი მონაზონი - ქალიშვილის ნათლულთან.
- ანუ მონაზვნის მშობლებს შეუბლიათ, ქალიშვილის ნათლულთან კავშირი ჰქონდეთ, თუკი ისინი თვითონ ისურვებენ ამას?
- დიახ, თვითონ... მონაზონი მათ ამას არ უნდა აიძულებდეს. დაე, იგი ღმერთს ევედროს, რომ უფალმა განანათლოს ისინი. მაგრამ, რაც უნდა იყოს, ნათლიას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. როდესაც მე ჯერ კიდევ ერში ვცხოვრობდი, იყო ცოლ-ქმარი, რომელთაც ჩემმა მშობლებმა აღუთქვეს, რომ მათ ერთ-ერთ შვილს ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრი მონათლავდა. როდესაც ბავშვი შეეძინათ, აღმოჩნდა, რომ ჩემი ოჯახის ყველა წევრი წასული იყო და ამიტომ ამ ცოლ-ქმარმა ბავშვის მონათვლა მე მთხოვა. მაშინ თექვსმეტი წლის ვიყავი და ბავშვის მონათვლა არ მინდოდა, რადგანაც მესმოდა, რომ ამით უდიდეს პასუხისმგებლობას ვიღებდი. ამგვარად რთულ ვითარებაში აღმოვჩნდი და ლოცვა დავიწყე. ღმერთო ჩემო, თუკი ეს ყრმა კარგი ადამიანი უნდა დადგეს, მაშინ წაიღე ჩემი სიციცხლის დარჩენილი წლები და მას მიეცი. მაგრამ, თუკი ის კეთილი ადამიანი არ იქნება, მაშინ ახლავე წაიყვანე შენთან, როდესაც იგი ჯერ კიდევ პატარა ანგელოზს მიემსგავსება.“ - ვევედრებოდი ღმერთს. მე მოვნათლე ბავშვი და პავლე დავარქვი. ერთი კვირის შემდეგ იგი გარდაიცვალა. ის ამჟამად სამოთხეშია და მისი დაკარგვის საშიშროება არ ემუქრება.
- წმიდაო მამაო, როდესაც ოჯახის თავი კვდება, მისმა პატარა შვილებმა უნდა ნახონ მისი ცხედარი?
- ჯობს, რომ - არა. მაშინაც კი, როდესაც მოზრდილ ადამიანს უკვდება ვინმე, ყველანაირად ცდილობს კაცი, რომ მას ეს რაც შეიძლება, რბილად შეატყობინოს და აბა, პატარა ბავშვებზე რაღა ითქმის?
- წმიდაო მამაო, რა ასაკამდე არ უნდა ნახოს ბავშვმა ახლობელი ადამიანის ცხედარი?
- ეს ბავშვის მიდრეკილებებზე, ხასიათზე, განწყობილებაზეა დამოკიდებული.
- შეიძლება ბავშვების წაყვანა მამის საფლავზე?
- კი, ბავშვების საფლავზე წაყვანა შეიძლება. მათ უნდა უთხრათ: „მამა ამქვეყნიდან ზეცაში გადავიდა საცხოვრებლად. თუ თქვენ კარგი ბავშვები იქნებით, ის გესტუმრებათ ხოლმე“. მახსოვს, როდესაც ბებიაჩემი გარდაიცვალა, მე სახლიდან წამიყვანეს, რომ დაკრძალვა არ მენახა და მისი სიკვდილის ამბავი არ გამეგო. იქ მე მართობდნენ და მეთამაშებოდნენ. როდესაც სახლში დამაბრუნეს, დავიწყე გამოკითხვა: „ბებია სადღაა?“ „მოვა, მოვა“ - მეუბნებოდა ყველა. მე ბებიას დაბრუნებას ველოდი, მაგრამ დრო რომ გავიდა, გავიგე, რომ ის გარდაიცვალა. ბავშვებს საყვარელი ადამიასის მკვდრად ნახვა არაფერს არგებთ.
- წმიდაო მამაო, როდესაც პატარა ბავშვებს დედა უკვდებათ, ამას ძალიან მტკივნებულად განიცდიან ხოლმე.
- ბავშვები უფრო მეტად ობლდებიან დედის და არა - მამის დაკარგვისას. დედის დაკარგვას მათთვის უდიდესი ტკივილი მოაქვს. იშვიათად ხდება, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვები დედას კარგავენ, დედის მაგივრობას მათ მამა უწევთ ხოლმე. თუმცა სამოთხეში ასეთი ბავშვები დიდ ნუგეშს იგრძნობენ. ისინი მიიღებენ იმას, რაც აქ მოაკლდათ. ობლები სამოთხეში ნაკლები „გამსვლელი ქულით ჩაირიცხებიან“. ისევე როგორც საზღვარგარეთელი ბერძნები ირიცხებიან ჩვენს უნივერსიტეტებში უგამოცდოდ, რაკიღა ამას მოქმედი კანონი ითვალისწინებს. ანუ: ობლებზე საღვთო სამართლის კანონები ვრცელდება და სამოთხეში მოსახვედრად მათთვის ნაკლები შრომაა საჭირო, მაშინ, როდესაც სხვა ადამიანებმა ამისათვის არცთუ მცირე ღვაწლი უნდა იტვირთონ. მშობლების სითბოსა და ალერსს მოკლებულ ბავშვებს მე ბედნიერად და ნეტარად მივიჩნევ. მათ ხომ ამქვეყნადვე შეძლეს, რომ ღმერთი მამად მოეპოვებინათ და ამავე დროს „შემნახველ სალაროში“ მშობლების ის სინაზე და სიყვარულიც გადაინახეს, რომელიც ამქვეყნად მოაკლდათ და რომელიც შემდეგ მათ სულიერ პროცენტებს დაუგროვებს.
თუმცა სახიერი ღმერთი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც დაეხმარება ასეთ ადამიანებს, იმიტომ, რომ იმავე წამს, როდესაც მშობლები მიჰყავს ამქვეყნიდან, იგი - თუ შეიძლება ასე ითქვას, - მოვალე ხდება, რომ მათ შვილებზე იზრუნოს. გახსოვთ, რას ამბობს დავით წინასწარმეტყველი?! „ობოლი შეიწყნაროს“ [6]. ღმერთს ბუნებრივად უფრო მეტად უყვარს ასეთი ბავშვები და მათზე მეტად ზრუნავს. მათ ამქვეყნიურ ცხოვრებაში მეტ „სულიერ უფლებას!“ აძლევს, ვიდრე - სხვა ბავშვებს. თუ ობოლი ბავშვი კეთილი საქმის საკეთებლად ხელს გამოიღებს, უდიდეს წარმატებას მიაღწევს. ხოლო, თუ იტყვის: „მე ხომ ვიტანჯები, მოდი და სხვებსაც დავტანჯავ“, ამით იგი საკუთარ თავს ავნებს.
- წმიდაო მამაო, ობლობის უარყოფითი გავლენის კვალი ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში ემჩნევა?
- აბა, რას ამბობ?! ობოლი ბავშვები შესაძლოა, მცირეოდენ შებოჭილები იყვნენ, გარკვეულწილად უხერხულობასა და მორცხვობას გრძნობდნენ. მათ ხომ ის სიცოცხლე და სიხარული აკლიათ, რომლითაც სხვა ბავშვები ყელამდე არიან სავსეები. თუმცა ეს შებოჭილობა მათთვის ერთგვარ მუხრუჭად იქცევა და ცხოვრებაში ეხმარება კიდეც. თანაც ამავე დროს ისინი იმქვეყნიური ცხოვრებისთვის დანაზოგის გადადებას ახერხებენ. შენ ხომ არ გგონია, რომ ამ შებოჭილობას ღმერთი ვერ ხედავს? განა იგი მათ შემდეგში არ დაეხმარება? ამიტომ ობოლი ბავშვი, განსაკუთრებით - დედით ობოლი, მხურვალე სიყვარულით უნდა ჩავიკრათ გულში, რათა თავდაპირველად ის გათბეს, მორცხვობა გაუქრეს და თავისი გული გაგვიღოს. ხოლო თუკი მასში ღვთისმოსაობას ვხედავთ, მოვალენი ვართ, რომ მისი განსაკუთრებული განსულიერება მაქსიმალურად დავამუხრუჭოთ, რათა მას - თავისი უდიდესი მადლიერების გამოხატვის მცდელობისას - ძალა სრულიად არ გამოეცალოს. წმიდა არსენი კაპადოკიელი დედით და მამით ობოლი იზრდებოდა. მას რომ თავის ობლობასთან სწორი სულიერი დამოკიდებულება არ ჰქონოდა, საშინლად გაწამდებოდა და ფსიქიკური პრობლემები შეექმნებოდა. თუმცა, აბა ერთი ნახე, როგორ მართებულად იქცეოდა იგი. რა საოცარ ღვაწლს აღასრულებდა! ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება იმან მოახდინა, რომ მისი ძვლები (წმიდა ნაწილები) ბამბასავით, ღრუბელივით რბილი იყო. როდესაც მისი ნაწილების ამოღებისას სამარიდან ნეკნებსა და ხერხემალს ვიღებდი, შეხებისთანავე მტვრად იქცა ისინი. შედარებით მყარი იყო ხერხემლის ორი მალა, მენჯ-ბარძაყის და წვივის დიდი ძვლები. საოცარი საქმეა, როგორ შეეძლო, რომ ასეთ ავადმყოფს, ფეხით გაევლო უზარმაზარი მანძილი? ის ისე დადიოდა, თითქოს ჰაერში დაფრენდა. აქ ჩანს ზებუნებრივი ძალა, რომელსაც მას ღმერთი აძლევდა. და განა ქრისტეს ობლის გაზრდის ძალა არ ექნება?
იმისათვის, რომ ერული დაცემის ტკბილ გორაკზე ფეხი არ დაუცდეთ და ამან სული შფოთით არ აუვსოთ; იმისათვის, რომ ყოველივე ამის გამო ღმერთს არ დაშორდნენ, ბავშვები გამუდმებით უნდა გრძნობდნენ, რომ მათთვის უფროსების რჩევა-დარიგება აუცილებელია, - განსაკუთრებით ყმაწვილობის კრიტიკულ ხანაში. ბავშვებმა მორჩილების აზრი უნდა შეიცნონ. ისინი უნდა ხვდებოღნენ, რომ მშობლებისადმი მათი მორჩილება მათსავე სასიკეთოდ შემობრუნდება. ასე რომ, სიხარულით უნდა მორჩილებდნენ და თავისუფლად მოძრაობდნენ სულიერ სივრცეში.
თქვენ არასოდეს დაფიქრებულხართ, რამდენად შეზღუდულია პატარა ბავშვის თავისუფლება?! ცხრა თვის განმავლობაში ის დედის მუცელშია გამოკეტილი. ახალშობილს აკვანში აბამენ, გადის ხუთი-ექვსი თვე და მას გარს მაღალ ბადეს შემოავლებენ. მოზრდილ ბავშვს მარტო სადმე გასვლის ნებას არ რთავენ, რომ არ დავარდეს, ან კიბიდან არ დაგორდეს. ბავშვი რომ თავისუფლად გაუშვა, ის ხომ წაიქცევა და რამეს ივნებს. ყოველივე ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ ბავშვი უსაფრთხოდ იზრდებოდეს. ერთი შეხედვით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიება ბავშვს თავისუფლებას უზღუდავს, მაგრამ ყოველივე ამის გარეშე იგი არსებობის პირველი დღეებიდანვე სიკვდილის საფრთხის ქვეშ იქნებოდა. თუმცა ბავშვები, - განსაკუთრებით კი უმცროსი ასაკის ბავშვები - ვერ ხვდებიან, რომ მათი შეზღუდვა აუცილებელია. თუმცა, როდესაც გაიზრდებიან, ვეღარც იმას გრძნობენ, რომ უკვე სულ სხვაგვარი შეზღუდვა ჭირდებათ და თავისუფლებას ესწრაფიან. მაგრამ აბა, ეს რა თავისუფლებაა?! უფლება იმისა, რომ დახეიბრდე?! ასეთი თავისუფლება ღუპავს ბავშვებს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ვიდრე სწავლას არ დაამთავრებენ, ვიდრე ხელში დიპლომი არ ექნებათ, ვიდრე ზრდასრულები არ გახდებიან, - რომ სწორად მოქცევა შეძლონ, - მათი შეზღუდვა აუცილებლია. თუნდაც ერთხელ რომ შეემთხვეთ რაიმე ცუდი, შეიძლება, ამის გამო დაიღუპონ კიდეც. ბავშვებმა შეზღუდვა აუცილებლობად უნდა აღიქვან და მიხვდნენ, რომ ეს არის კურთხევა ღვთისა. ისინი მადლობას უნდა უხდიდნენ თავიანთ მშობლებს, მათ რომ ზღუდავენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ მშობლები სიყვარულიდან გამომდინარე ზღუდავენ მათ. არც ერთი დედა და არც ერთი მამა შვილის თავისუფლებას ბოროტების და სიძულვილის გამო არ შეზღუდავს, - თუნდაც მისი საქციელი უკიდურესად მკაცრი და სასტიკი ჩანდეს. და თუკი მშობლები თავიანთ შვილებს ქანჩებს, ცოტა არ იყოს, მაგრად უჭერენ, ამაშიც დიდი სიყვარული იფარება. ისინი ამას კეთილი განწყობიდან გამომდინარე აკეთებენ, რომ ბავშვები უფრო მეტად გონებამოკრებილები, ყურადღებიანები იყვნენ და თავს საფრთხეში არ იგდებდნენ. მებაღე ნერგებს როდესაც რგავს, მეტი სიმყარისათვის სარზე აბამს მათ და შეიძლება, ამ დროს მცირედ დააზიანოს კიდეც ისინი, თუმცა სახიერი ღმერთი მსწრაფლ აღადგენს ხოლმე მცენარის დაზიანებულ ქერქს. თუკი ღმერთი ხის ქერქსაც კი უფრთხილდება. რამდენად გაუფრთხილდება იგი ადამიანს - თავის ქმნილებას. განა მაშინ, როდესაც მშობლები ცოტა ზედმეტად მოუჭერენს ბავშვს ქანჩებას და მცირედ ავნებენ ამით, ღმერთი ამ ჭრილობას არ განკურნავს?
გარდა ამისა, შვილები უნდა ესაუბრებოდნენ მშობლებს, უნდა უმხელდნენ თავიანთ ზრახვებს. როგორც ბერს ჰყავს მონასტერში მოძღვარი, რომელსაც თავის ზრახვებს ანდობს და შეწევნასაც იღებს მისგან. ასევე ბავშვიც უნდა უმხელდეს ფიქრებს მშობლებს. კარგი იქნება, თუ ბავშვი ჯერ დედას ეტყვის აღსარებას და მერე - მოძღვარს. ბავშვი რომ ფეხს იტკენს, მშობლები ექიმთან მასთან ერთად მიდიან და არკვევენ, როგორ უნდა უმკურნალონ ჭრილობას, რომ ის მორჩეს. მათ სწორედ ასევე უნდა იცოდნენ შვილის სულიერი პრობლემები, რომ მისი დახმარება შეძლონ. თუ ბავშვი თავის პრობლემებზე მხოლოდ მოძღვარს ესაუბრება, მშობლები მის დახმარებას როგორ შეძლებენ? მათ ხომ არ ეცოდინებთ, რა აწუხებს შვილს.
ნიჭიერი, განსჯის მოყვარე და წარმოსახვის მქონე ბავშვები ხშირად სირთულეებს აწყდებიან და იტანჯებიან. ასეთ ბავშვებს სურვილი აქვთ, რომ ყველაფერი თვითონ მოაგვარონ და ისეთი რამის კეთებას ესწრაფიან, რაც მათ ძალებს აღემატება. მათ ძლიერი გონება აქვთ, თუმცა დამუხრუჭება არ შეუძლიათ. ისინი საკუთარ თავზე ატარებენ ექსპერიმენტებს, თითქოს უნდათ გაარკვიონ, რამდენი სიმტკიცე აქვთ. სწორედ ამის გამო იტანჯებიან ისინი. მათ რომ მორჩილება შეეძლოთ, განსჯის უნარი დიდ წარმატებას მოუტანდა. ის ბავშვები, რომელთაც განსჯისა და მსჯელობისადმი ასეთი მიდრეკილება არ აქვთ, სირთულეებს არ აწყდებიან, მაგრამ თავის მხრივ, ისინი შინაგანად არ იღწვიან და ცხოვრებაზე არ ფიქრობენ, - ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.
იცით, რამდენი სტუდენტია, გამოცდისათვის კარგად რომ მოემზადა, ყველაფერი ზეპირად ისწავლა და მაინც ჩაჭრისა ეშინია? მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგად სწავლა შეუძლიათ, ასეთ სტუდენტებს შიში პანიკაში აგდებთ. თუმცა, მათ რომ სიმდაბლით ითხოვონ, „ილოცეთ, იმიტომ, რომ ჩემით კარგად სწავლა არ შემიძლია, თქვენი ლოცვა კი გამოცდებს ჩამაბარებინებს“! სიმდაბლის გამოისობით ისინი ღვთის მადლსა და საღმრთო განათლებას მიიღებენ. გარდა ამისა, მანამდე, ვიდრე გამოცდაზე გავიდოდნენ, სტუდნეტებმა თავიანთი მფარველი წმიდანის მიმართ უნდა ილოცონ და ისიც მათი რწმენისა და ღვთისმოსაობის მიხედვით შეეწევა.
- წმიდაო მამაო, ერთმა გოგონამ, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს, მომწერა, „ზრახვა მეუბნება, რომ სულიერ წარმატებას ვერ მივაღწევ, გამოდის, რომ ბოლომდე ასეთი უნდა დავრჩე.“
- აი, საოცრება! ზის ევროპაში და ასეთ დასკვნებს აკეთებს! ის ევროპაში იმისთვის ხომ არ წასულა, რომ იქ სულიერი წარმატებისთვის მიეღწია და არც იმისთვის, რომ იქ სამუდამოდ დარჩეს. არამედ - მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღოს ცოდნა, მის სპეციალობას რომ სჭირდება. დაე ეცადოს, ის სულიერი მდგომარეობა შეინარჩუნოს, რომელიც ახლა აქვს და იქ სულიერ წარმატებას ნუ ესწრაფის. საკუთარ თავს ძალას ნუ დაატანს და ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანს. არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა და ამის გამო თავის გატანჯვა. დაე მან თავისი იქ ყოფნა სამხედრო სამსახურის მოხდად ჩათვალოს. ჯარში ჯარისკაცი ოფლიანი სახით შრომობს, ქანცი უწყდება, ზოგჯერ სხვები მას უაღრესად მკაცრად ეპყრობიან. ევროპაში კი მას ადამიანები ძალიან თავაზიანად ექცევიან, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად მაინც ასეა, ეს თვალთმაქცობა ხომ ევროპული მენტალიტეტისთვისაა დამახასიათებელი. შესაბამისად იგი უნდა ელოდეს, რომ ამგვარივე პრობლემებს შეხვდება, იმიტომ, რომ საბერძნეთშიც იმავეს ვხედავთ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ საბერძნეთში, რამდენადაც ჩვენ მართლმადიდებელი ხალხი ვართ, არსებობს სულიერი შეწევნა მათთვის, ვინც საკუთარ სულზე ზრუნავს. მცირეოდენი მოთმინება და მცირეოდენი ყურადღებაა საჭირო და პრობლემები დაიძლევა. რაკიღა იქ აღმოჩნდა, თავისუფალი დრო მთლიანად კითხვასა და ლოცვას უნდა მიუძღვნას, რომ სულიერადაც იკვებებოდეს. ის ძალისხმევა, რომელსაც სწავლის მისაღებად მოიხმარს, დაეხმარება, რომ თავიდან ფეხებამდე მასში ჩაიძიროს. დაეხმარება, რომ თავი გამუდმებით სავსე ჰქონდეს და მაშინ ბოროტი ზრახვები და ყმაწვილური საცდურები მისთვის უცხო იქნება.
[1] - მათ. 18,10
[2] - ათონაიდა - სკოლა პატარა ბიჭებისათვის - ათონის წმიდა მთაზე.
[3] - წინა დღეს ბერმა გამოფუღრულ ლატანში „ჩარგა“ კარამელები და სხვადასხვა ტკბილეული და ეს ყოველივე აყვავებული და მშვენიერი რომ გამოსულიყო, იასამნის რტოებით მორთა.
[4] - ჩრდილოეთ ეპირი - ბალკანეთის ნახევარკუნძულის ნაწილი, რომელიც ბერძნებითაა დასახლებული. 1912 წლიდან ის ალბანეთის ტერიტორიას მიუერთეს.
[5] - ბერძნული პრაქტიკის მიხედვით, თუ ახალშობილი ბავშვის სიცოცხლეს რაიმე უშუალო საფრთხე ემუქრება, მასზე შეიძლება, ეგრეთწოდებული „ჰაერში ნათლობის“ წესი შესრულდეს. ნებისმიერი ნათელღებული კაცი ან ქალი ხელში აიყვანს ჩვილს და ჰაერში სამჯერ გამოსახავს ჯვარს მისი მიმართულებით, თანაც წარმოთქვამს: „ნათელს იღებს მონა (მხევალი) ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ. და ძისათა, ამინ. და სულისა წმიდისათა, ამინ“. თუ ნათელღებული ყრმა გარდაიცვალა, იგი მონათლულად ითვლება, ხოლო თუ გამოჯანმრთელდა, ნათლობის საიდუმლო მასზე სრულად აღესრულება.
[6] - ფს. 145, 9.