მამა პაისი მთაწმინდელი

„განვვლეთ ჩვენ ცეცხლი და წყალი“ [1]

განსაცდელების ჯვარი

- წმიდაო მამაო, გამუდმებით ვატარებ ჯვარს, რომლითაც თქვენ მაკურთხეთ და ეს ჯვარი სირთულეების დაძლევაში მეხმარება.

- იცით, თითოეული ჩვენგანის ჯვარი (რომელიც ცხოვრებაში დაგვეკისრა) სწორედ ასეთივე ჯვრებია. ისინი სწორედ რომ იმ პატარა გულსაკიდ ჯვრებს ჰგვანან, რომლებსაც ვატარებთ და რომლებიც ცხოვრების განმავლობაში გვიცავენ. აბა, რა გგონია, ჩვენ რაიმე განსაკუთრებული სიმძიმის ჯვრის ზიდვა გვეკისრება? მხოლოდ ქრისტეს ჯვარი იყო მეტისმეტად მძიმე, იმიტომ, რომ მან კაცთა მოდგმისადმი უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარე არ მოისურვა, საღმრთო ძალები თავისთვის გამოეყენებინა. ხოლო ჯვარცმის შემდეგ მან თავის თავზე იტვირთა, ტვირთულობს და კვლავაც იტვირთავს ყოველი ადამიანის ჯვრის სიმძიმეს და თავისი საღმრთო შეწევნით, თავისი ტკბილი ნუგეშით შეგვიმსუბუქებს განსაცდელის ტკივილებს.

სახიერი ღმერთი თითოეულ ადამიანს მისი ძალების შესაბამის ჯვარს აკისრებს. ღმერთი ადამიანს ჯვარს იმისთვის კი არ აძლევს, რომ იგი დაიტანჯოს, არამედ იმისათვის, რომ ჯვრის მიერ კაცი ზეცაში ავიდეს. არსობრივად ხომ ჯვარი სწორედაც რომ ცაში ასასვლელი კიბეა. თუკი მივხვდებით, თუ რაგვარ ზეციურ საუნჯეს ვაგროვებთ ჩვენთვის, როდესაც განსაცდელების ტკივილებს ვუძლებთ, აღარ ვიდრტვინებთ, არამედ ღვთის სადიდებელს აღვავლენთ იმ მცირე ჯვრის ზიდვისას, რომელიც მან მოგვანიჭა. თუ ასე მოვიქცევით, უკვე ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე აღგვავსებს სიხარული, ხოლო იმქვეყნიური ცხოვრებისათვის მოვიპოვებთ პენსიასაც და „ერთჯერად დახმარებასაც“. იქ, ზეცაში ჩვენ გარანტირებული სამფლობელო და მამულები გვექნება, რომელთაც ღმერთი გვიმზადებს. თუმცა, თუკი ვითხოვთ, რომ ღმერთმა განსაცდელი აგვარიდოს, მაშინ იგი ამ სამფლობელოსა და მამულებს სხვებს მისცემს, ჩვენ კი ყოველივე ამას მოვაკლდებით. ხოლო, თუკი მოვითმენთ, მაშინ ღმერთი ყოველივე ამას სულიერ პროცენტებს დაუმატებს.

ადამიანი, რომელიც აქ იტანჯება, ნეტარია, იმიტომ, რაც უფრო მეტად ეწამება ამქვეყნიურ ცხოვრებაში მით მეტ სიკეთეს მიიღებს იგი იმქვეყნად. ეს იმიტომ ხდება, რომ ის აქვე იხდის თავისი ცოდვებისათვის. განსაცდელის ჯვრები გაცილებით აღმატებულია, ვიდრე ის ტალანტები და ნიჭები, რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგვანიჭა. ნეტარია ის ადამიანი, რომელსაც ერთი კი არა, არამედ - ხუთი ჯვარი აქვს დაკისრებული. ტანჯვასა თუ მოწამეობრივ სიკვდილს თან უდიდესი საზღაური მოაქვს. ამიტომ ყოველი ახალი განსაცდელის მოვლინებისას უნდა ვთქვათ: „გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი აუცილებელი იყო ჩემი ხსნისათვის“.

 

განსაცდელი ხელს უწყობს, რომ ადამიანები გონს მოეგნენ

- წმიდაო მამაო, შევიტყვე, რომ ჩემი ახლობლების ტანჯვა არა და არ სრულდება. მათ მწუხარებას ოდესმე თუ ექნება დასარული?

- მოითმინე, დაო და ღმერთის იმედს ნუ დაკარგავ. დააკვირდი ყველა იმ განსაცდელს, რომელიც შენი ახლობლების თავზე მოიწია და გასაგები გახდება, რომ ღმერთს უყვარხართ და ყველა განსაცდელს იმისთვის უშვებს, რომ მთელი თქვენი ოჯახი სულიერად განიწმინდოს. თუკი შენს ოჯახზე მოწევნულ განსაცდელებს ერულად შევხედავთ, ყველანი ძალიან უბედურ ადამიანებად გამოჩნდებით. მაგრამ, თუკი სულიერი თვალით დააკვირდებით, მიხვდებით, რომ თქვენ ბედნიერები ხართ და მარადიულ ცხოვრებაში თქვენი შეშურდებათ იმ ადამიანებს, ამქვეყნად ბედნიერ ადამიანებად რომ ითვლებიან. ყოველივე ამ უბედურების დათმენა შენს მშობლებს ღვაწლად ეთვლებათ. მათთვის ხომ მოღვაწეობის უფრო სულიერი და მადლმოსილი სახე არ იციან (ანუ: პირადი ნებით ნატვირთი ღვაწლი). იმ განსაცდელებში, რომლებიც შენი და კიდევ რამდენიმე სხვა ოჯახზე მოიწია, რაღაც საიდუმლო ნამდვილად იმალება. შენი ახლობლებისათვის ხომ ამდენი ლოცვა აღესრულება! ვინ უწყის ღვთის სამრთალი? ღმერთი ხელის ერთი აღმართვით ყოველგვარ განსაცდელს ბოლოს მოუღებს.

- წმიდაო მამაო, განა არ შეიძლება, რომ ადამიანები ყოველგვარი მწუხარებისა და განსაცდელების გარეშე, რაღაც სხვა საშუალებით მოეგნენ გონს?

- ყოველ ჯერზე, ვიდრე განსაცდელს დაუშვებდა, ღმერთი ცდილობდა, რომ ადამიანი სასიკეთო გზებით მოეყვანა გონზე, მაგრამ მას ვერ გაუგეს და ამიტომაც მოავლინა განსაცდელები. შეხედეთ როდესაც გაუგონარი ბავშვი მამას არ უმორჩილება, მამა ჯერ იმას ცდილობს, რომ მას კეთილი სიტყვით გააგებინოს რამე, ნებას აძლევს, გააკეთოს ყველაფერი, რასაც ისურვებს. მაგრამ, თუ ბავშვი არ შეიცვლება, მაშინ მამა კეთილ სიტყვებს სიმკაცრით შეცვლის, რათა თავისი შვილი ამგვარად გამოასწოროს. ასევეა ღმერთიც: როდესაც ადამიანს სიკეთით ვერაფერს აგებინებს, გონს მოსაყვანად განსაცდელს უგზავნის მას. ადამიანები მცირეოდენ ტკივილს, სნეულებასა და სხვა ამდაგვარებს არ განიცდიდნენ, ისინი მხეცებად გადაიქცეოდნენ და საერთოდ ვერ მიუახლოვდებოდნენ ღმერთს.

ეს ცხოვრება ცრუ და ხანმოკლეა. და ძალიანაც კარგი, რომ ესოდენ ხანმოკლეა, რადგან ის უმწარესი ტკივილები, რომლებიც მწარე წამლის მსგავსად კურნავს ჩვენს სულებს, სწრაფად გაივლის. აბა, დააკვირდი: როდესაც ავადმყოფი იტანჯება, მწარე წამალს აძლევენ მას, რადგანაც სნეულებას ტკბილი კი არა, მწარე კურნავს. იმის თქმა მსურს, რომ სიმწარეს სხეულის სიმრთელე და სულის ხსნა მოაქვს.

 

როცა ავად ვართ, მაშინ გვსტუმრობს ხოლმე ქრისტე

ადამიანი, რომელიც განსაცდელებს არ გამოივლის და რომელსაც ტკივილის განცდა არ უნდა და მწუხარების დათმენა არ სურს. რომელსაც არ უნდა, რომ აწყენინონ და შენიშვნა მისცენ, და უზრუნველ ცხოვრებას ესწრაფის, რეალობას სრულიად მოწყვეტილია. „განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებელად“ [2] - ამბობს ფსალმუნთმგალობელი.

აბა, გაიხსენე, ყოვლადწმიდა დედას ჩვენსას - ღვთისმშობელს ხომ სტკიოდა და ჩვენი წმიდა ეკლესიაც ხომ ტკივილებს განიცდის. ამიტომ ჩვენც უნდა გვეტკინოს. ჩვენ ხომ იმავე გზას ვადგავართ, რომელსაც ისინი გადიან. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ ცხოვრებაში განცდილი მცირეოდენი ტანჯვითა და ტკივილით ჩვენი ცოდვების ანგარიშს ვაბარებთ და ამგვარად ვაღწევთ ცხონებას. მაგრამ ქრისტემაც ხომ ტკივილებით გაიარა მიწიერი ცხოვრების გზა. ის გარდამოვიდა ციდან, განკაცდა, ევნო და ჯვარცმა დაითმინა. დღეს კი ქრისტიანებს კარგად ესმით, რომ სწორედ ამგვარად, სწორედ ტკივილის საშუალებით სტუმრობს ხოლმე მათ ქრისტე.

როდესაც ადამიანს ტკივილი ეწვევა, სწორედ მაშინ ესტუმრება მას ქრისტე. ხოლო, როდესაც ადამიანი არანაირ მწუხარებას არ განიცდის, ჩანს ღმერთმა მიატოვა იგი. ასეთი ადამიანი ცოდვების საზღაურს არ იხდის, მას არანაირი სულიერი დანაზოგი არ აქვს გადანახული. რა თქმა უნდა, მე აქ იმათზე ვლაპარაკობ, ვისაც თავად არ სურს, რომ ქრისტესადმი სიყვარულის გამო ტანჯვა მიიღოს. ასეთი ადამინი ამბობს: „მე ჯანმრთელი ვარ, მშვენიერი მადა მაქვს, ვჭამ, რამდენსაც მინდა, უზრუნველად და წყნარად ვცხოვრობ“. და ეს ადამიანი ყოველივე ამის მერე არც კი იტყვის: „დიდება შენდა ღმერთო!“ მას მადლიერებით უნდა შეეცნო ყველა ის სიკეთე, რაც ღმერთმა მიმადლა და ეთქვა: „ამის ღირსი არ ვიყავი, მაგრამ, რამდენადაც მე სუსტი ვარ, ღმერთმა ჩემდამი შემწყნარებლობა გამოავლინა“. წმიდა ამბროსის ცხოვრებაში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ მიიღეს თავად მღვდელმთავარი და მისი თანამგზავრები ერთი მდიდარი ადამიანის სახლში ღამის გასათევად. როდესაც სრულიად უადგილო და გამოუდეგარი სიმდიდრე ნახა, მღვდელმთავარმა იკითხა, ამ მდიდარ ადამიანს თავისი ცხოვრების მანძილზე რაიმე მწუხარება თუ ჰქონდა გადატანილი. მდიდარმა მიუგო: „არა, არასოდეს, ჩემი სიმდიდრე თანდათანობით სულ უფრო და უფრო იზრდება, ჩემი მინდვრები ყოველთვის უხვ მოსავალს მაძლევს, არანაირი ტკივილი არ გამომიცდია, არც კი ვიცი, ავადმყოფობა რა არის“. მაშინ წმიდა ამბროსი ატირდა და თანამგზავრებს უთხრა: მოამზადეთ საზიდრები და დროზე წავიდეთ აქედან, იმიტომ, რომ ამ ადამიანს არასოდეს სწვევია ღმერთი“. და როგორც კი მღვდელმთავარმა და მისმა მხლებლებმა დატოვეს, სახლი წამსვე ჩამოიქცა! ის უზრუნველი, მწუხარებისაგან სრულად თავისუფალი ცხოვრება, ამ კაცს რომ ჰქონდა, სინამდვილეში იმით იყო გამოწვეული, რომ თურმე ღმერთს სრულიად მიეტოვებინა იგი.

 

„ვინც უყვარს, იმას ამხელს უფალი“ [3]

- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ დღეს ადამიანები ასე იტანჯებიან?

- იმიტომ, რომ ღმერთს უყვარს ისინი. შენ, როგორც მონაზონი, დილით ადრე დგები, ასრულებ მონაზვნურ განაწესს, ლოცულობ სკვნილზე, მეტანიებს და სხვადასხვა კანონებს აღასრულებ. ხოლო ერის ადამიანებისათვის კანონი და განაწესი სწორედ ის სირთულეებია, რომელთა გადატანაც მათ უწევთ. ამ სირთულეებისა და ტანჯვის დახმარებით განიწმინდებიან ადამიანები. ტანჯვას მათთვის უმეტესი სარგებლობა მოაქვს, ვიდრე - ერულ უზრუნველ ცხოვრებას, რომელიც მათ არც ღმერთთან დაახლოებაში ეხმარება და არც სულიერი დანაზოგის მოხვეჭაში - ზეციურ ანგარიშზე ჩასარიცხად. ამიტომ ადამიანებმა მწუხარება და განსაცდელები ღვთისგან გამოგზავნილი საჩუქრებივით უნდა მიიღონ.

სახიერი ღმერთი, იმისათვის, რომ შვილები დაიბრუნოს, როგორც კეთილ მამას შეჰფერის, განსაცდელების საშუალებით მათ აღზრდას ცდილობს. ის ამას სიყვარულით, საღვთო სიკეთით აკეთებს და არა - ბოროტებიდან და ერული სამართლიანობიდან გამომდინარე. ანუ იმის სურვილით, რომ მისი ქმნილება გადაარჩინოს, სურვილით, რომ მისმა ქმნილებამ სასუფეველი დაიმკვიდროს, ღმერთი განსაცდელებს უშვებს მასზე. ის განსაცდელებს იმისთვის მიმართავს, რომ ადამიანმა ბრძოლა და ღვაწლი იტვირთოს და გამოცდა ჩააბაროს ტკივილსა და მოთმინებაში, ისე, რომ ეშმაკს არ შეეძლოს თქმა: „რისთვს ანიჭებ მას საზღაურს, ან როგორ გადაარჩენ მას? ის ხომ არ იღწვოდა“. მიწიერი ცხოვრება ღმერთს არ აინტერესებს, მას აინტერესებს მომავალი ცხოვრება. პირველ რიგში იგი ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე ზრუნავს და მხოლოდ ამის შემდეგ - მიწიერ ცხოვრებაზე.

- წმიდაო მამაო, რატომ ხდება, რომ ღმერთი ზოგს უამრავ განსაცდელს უგზავნის, სხვებს კი საერთოდ არანაირ განსაცდელს არ აძლევს?

- რას ამბობს წმიდა წერილი? „ვინც უყვარს, მას ამხილებს უფალი“ [4]. მაგალითად, რომელიმე მამას რვა შვილი ჰყავს. ხუთა მათგანი მამის სახლში ცხოვრობს, სამი კი მიდის სახლიდან და მამას ივიწყებს. თუ მამის სახლში მცხოვრები შვილები რამეს დააშავებენ, მამას შეუძლია, ყური აუწიოს მათ ან - კარგად შეახუროს. ხოლო, თუკი ისინი კეთილგონიერებას გამოავლენენ, მოეფეროს და შოკოლადი მისცეს. მაგრამ მათ, ვინც მამისგან შორს ცხოვრობენ, არც ვინმე შეახურებს და არც მოეფერება. ასევე იქცევა ღმერთი. იმ ადამიანებს, რომლებიც მასთან ცხოვრობენ, ქიმუნჯებს უთავაზებს ხოლმე, თუკი მიუხედავად კეთილი განწყობისა, მაინც შესცოდავენ. ამგვარად ეს ადამიანები თავიანთი ცოდვებისათვის საზღაურს იხდიან. ხოლო, თუკი ღმერთი მათ მართლაც განსაკუთრებულად მაგარ „ქიმუნჯს“ მოახვედრებს, სამაგიეროდ უდიდეს ზეციურ საზღაურს მისცემს. ხოლო ისინი, ვინც შორს ცხოვრობენ ღვთისგან, იგი ხანგრძლივ სიცოცხლეს აძლევს, რათა მათ მოინანიონ. ამიტომ ხშირად ვხედავთ, რომ ერის ადამიანები უმძიმეს ცოდვებს აღასრულებენ და მიუხედავად ამისა, ყოველგვარ მატერიალურ სიკეთეს უხვად ფლობენ და ყოველგვარი მწუხარების გარეშე ხანგრძლივად ცხოვრობენ. ეს საღვთო განგებულებით ხდება, რათა ამ ადამიანებმა შეინანონ. ხოლო, თუ მაინც არ მოინანიებენ, მარადიულ ცხოვრებაში ვერ გამართლდებიან.

 

ღმერთს გული შესტკივა მწუხარე ადამიანებზე

რა სასტიკ წამებას განიცდიან ადამიანები! რამდენი პრობლემა აქვთ მათ! ზოგიერთი მოდის აქ, რომ ორიოდე წუთში მიამბოს თავისი ტკივილის შესახებ და მცირეოდენი ნუგეში მიიღოს. ერთი დატანჯული დედა მეუბნებოდა: „წმიდაო მამაო, დგება წამები, როცა მოთმინება სრულიად მელევა. მაშინ ვითხოვ ხოლმე: „ქრისტე ჩემო, ახლა მცირედ შემასვენე და მერე თუნდ კვლავ მომივლინე ტანჯვა“. როგორ სჭირდებათ ადამიანებს ლოცვა! მაგრამ გარდა ამისა, ნებისმიერი განსაცდელი ამავდროულად ღვთის წყალობაცაა. ეს კიდევ ერთი, დამატებითი „ქულაა“ იმისათვის, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში მოხვდე. მომავალ ცხოვრებში გამზადებული საზღაური არის იმედი, სიხარულს, ნუგეშსა და ძალას რომ მანიჭებს და მამარცხებინებს ტკივილსა და მწუხარებას უამრავი ადამინის გამო რომ განვიცდი. ჩვენი ღმერთი ბაალი კი არ არის, ის სიყვარულის ღმერთია“ იგი მამაა, რომელიც ხედავს, როგორ იტანჯებიან მისი შვილები ათასგვარი განსაცდელითა თუ საცდურით. იგი მოგვიზღავს სამაგიეროს, თუ დავითმენთ ამ მცირე მოწამეობას, რომელიც განსაცდელის სახით - კურთხევის ნიშნად მოგვევლინა.

- წმიდაო მამაო, განა სისასტიკე არ არის, რასაც ღმერთი უშვებს, განა მას ჩვენზე გული შესტკივა?!

- ადამიანებზე, რომლებიც სნეულებით, ეშმაკებისაგან, ბარბაროსებისაგან და სხვა ამდაგვარებით იტანჯებიან, ღმერთს გული შესტკივა, მაგრამ ეს გულისტკივილი საკუთარ თავში შეიცავს სიხარულსაც იმ ზეციური საზღაურის გამო, რომელიც მათ განუკუთვნა. ანუ, ღმერთი ხედავს იმ ჯილდოს, რომელიც განსაცდელგამოვლილ ადამიანს ზეცაში მიელის. სწორედ ეს „აძლევს ძალას“ ღმერთს, რომ მათი ტკივილი მოითმინოს. ღმერთმა ხომ დაუშვა, რომ ჰეროდეს ამდენი დანაშაული ჩაედინა! [5] ჰეროდემ გაწყვიტა თოთხმეტი ათასი ყრმა და მათი მშობლები, რომლებიც შვილების დაცვას ცდილობდნენ, - ამ მშობლებსაც ხომ ხოცავდნენ ბარბაროსი მეომრები. ისინი წინამძღოლების საამებლად პატარა ბავშვებს კუწავდნენ. და რაც უფრო მეტ ტკივილს გრძნობდნენ ეს ბავშვები, მით მეტად სტკიოდა მათი ტკივილი ღმერთს. მაგრამ რაოდენ ხარობდა იგი იმ აღმატებული დიდებისათვის, რომლითაც ამ ბავშვებს ზეცაში დაუხვდებოდა. ის ხარობდა ამ პატარა ანგელოზების გამო, რომლებიც ანგელოზთა და მოწამეთა დასში შეირაცხებოდნენ. ანგელოზები და მოწამეები!

მწუხარებისას ღმერთი ჭეშმარიტი ნუგეშინისცემით ანუგეშებს ადამიანს. ღმერთი ახლოსაა, ხედავს თავისი შვილების მწუხარებას და როგორც კეთილი მამა გვანუგეშებს კიდეც. ან, რა გგონია, განა მას სურს ნახვა იმისა, როგორ იტანჯება მისი შვილი?! ღმერთი აღრიცხავს მის ყველა ტკივილს, მის ყოველ ცრემლს და შემდეგ ამისთვის მიუზღავს კიდეც. მწუხარებისას მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჭეშმარიტი ნუგეშისცემა. ამიტომ ის ადამიანი, რომელსაც ჭეშმარიტი ცხოვრება არ სწამს, არ სწამს ღმერთი, სულის შემძვრელი განსაცდელებისას მისგან წყალობას არ ითხოვს და სრულ სასოწარკვეთილებას მისცემია. ასეთი ადამიანის ცხოვრება აზრს მოკლებულია. ის ამ ცხოვრებაში გამუდმებით შეუწევნელი, გაწამებული და უნუგეშო რჩება, მაგრამ გარდა ამისა, ის საკუთარ სულს საუკუნო სატანჯველისთვისაც სწირავს.

თუმცა სულიერ ადამიანებს პირადი მწუხარება არც აქვთ, რადგანაც მათზე მოწევნულ ყველა განსაცდელს ქრისტესთან ახლომყოფობით სძლევენ ხოლმე. ასეთი ადამიანები სხვათა მწუხარების სიმწარეს ტვირთულობენ, მაგრამ ამავდროულად ისინი ღვთის უდიდეს სიყვარულსაც იკრებენ. როდესაც ვგალობ, „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო კაცობრივსა განზრახვასა ნუ მიმანდობ“ თუკი მწუხარებას არ განვიცდი, მაშ როგორღა ვთქვა: „ურვამან შემიპყრა მე და არა მაქუს დათმენაი“ [6] როგორ ვიცრუო? განსაცდელებთან სულიერი მიდგომა მწუხარებისათვის ადგილს აღარ ტოვებს, რადგანაც, თუ ადამიანი თავს სწორად, სულიერად განაწყობს, მაშინ ყველაფერი იცვლება. თუკი კაცი თავისი ტკივილის სიმწარეს ტკბილ იესოს მიუპყრობს, მაშინ მთელი მისი სიმწარე და ტანჯვა თაფლად გადაექცევა.

როდესაც სულიერი ცხოვრების საიდუმლოს მისწვდება და იმ საიდუმლო საშუალებებსაც შეიცნობს, რომლითაც ღმერთი მოქმედებს, ადამიანს უკვე აღარ გააწყრობს ის ყველაფერი, რაც მის თავს ხდება. ის სიხარულით იღებს მწარე წამალს, რომელსაც ღმერთი სულის განსაკურნებლად აძლევს. ყველაფერს, რაც ემართება, ეს ადამიანი თავისი ლოცვის შედეგად მიიჩნევს, რადგანაც გამუდმებით სულის განწმენდას შესთხოვს მას. განსაცდელებისადმი ერული მიდგომით კი ადამიანები უაღრესად იტანჯებიან. მაგრამ, რამდენადაც ღმერთი ყველას აკვირდება, თითოეული ჩვენთაგანი მოვალეა, სრულად მიანდოს მას თავი. თუ არა და, ადამიანს ცხოვრება სატანჯველად ექცევა. კაცს უნდა, რომ ყველაფერი მისი სურვილისამებრ ხდებოდეს. მაგრამ რაკიღა ეს ვერ ხერხდება, სული მოსვენებას ვერ პოულობს.

ადამიანი მშიერია, თუ მაძღარი, აქებენ მას თუ უსამართლოდ ეპყრობიან, უნდა ხარობდეს და ყოველივეს სიმდაბლითა და მოთმინებით უცქერდეს. მაშინ ღმერთი კურთხევებს ანიჭებს მას, იქამდე, ვიდრე ეს სული არ მივა ისეთ მდგომარეობამდე, როდესაც ღვთის კურთხევას ვეღარ დაიტევს. ღვთის კურთხევას ასეთ ადამიანებზე უკვე აღარანაირი ძალა აღარ ექნება. და რაც უფრო წარემატება ადამიანი სულიერად, მით მეტად შეძლებს ღვთის სიყვარულის დანახვას და დადნება ამ სიყვარულით.

 

მწუხარება და განსაცდელები - ღვთის დაშვებით

ზოგჯერ ჩვენზე მოწევნული განსაცდელები ეს ის ანტიბიოტიკებია, რომელსაც ღმერთი ჩვენი სულიერი ავადმყოფობის განსაკურნებლად გვაძლევს. ეს განსაცდელი დიდ სულიერ შეწევნას გვანიჭებს. ადამიანი ღვთისაგან „მცირე ქიმუნჯს“ იღებს და მას გული ულბება. რა თქმა უნდა, ღმერთმა განსაცდელების მოვლენის გარეშეც იცის, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება თითოეული ჩვენგანი, მაგრამ, რამდენადაც ეს ჩვენ არ ვიცით, ის უშვებს, რომ განსაცდელის გავლით შევიცნოთ საკუთარი თავი, აღმოვაჩინოთ ჩვენში დაბუდებული ვნებები და როდესაც საშინელი სამსჯავროს დღე დადგება, გადაჭღრბგბული პრეტენზიები არ გვქონდეს. რადგანაც ღმერთი კიდეც რომ ხუჭავდეს თვალს ჩვენს ვნებებზე და მივყავდეთ სამოთხეში ისეთები, როგორებიც ვართ, მაშინ იქაც - სამოთხეში უკმაყოფილებისა და მღელვარების ტალღებს ავაგორებდით. ამიტომაც აძლევს ღმერთი ეშმაკს უფლებას, რომ მან აქვე შექმნას საცდურები, რათა ამ საცდურებმა ჩვენგან განდევნოს ვნებების მტვერი, მწუხარებების საშუალებით ჩვენი სულები დაამდაბლოს და განწმიდოს. ამის შემდეგ კი ღმირთი მადლით აღგვავსებს.

ჭეშმარიტი სიხარული იმ სიმწარიდან იშობა, რომელსაც ადამიანი სიხარულით იგემებს ქრისტეს სიყვარულისათვის, რომელმაც თავად იგემა სიმწარე ჩვენი ცხონებისათვის. ქრისტიანი განსაკუთრებულად უნდა ხარობდეს მაშინ, როდესაც მასზე განსაცდელი უმიზეზოდ მოიწევა.

ზოგჯერ ჩვენ ვეუბნებით ღმერთს: „არ ვიცი, შენ როგორ მოქმედებ და ამიტომ სრულად გადმოგცემ თავს, რომ ჩემგან ადამიანი შექმნა“. ხოლო ღმერთს, როდესაც ამ სიტყვებს მოისმენს, სურს, რომ ჩემგან შექმნას არა უბრალოდ ადამიანი, არამედ - რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ადამიანია. ამიტომ იგი ნებას აძლევს ეშმაკს, მოვიდეს და დამტანჯოს და განმცადოს. ახლა, როდესაც კიბოთი ვარ ავად, ვხედავ ეშმაკის ხრიკებს და მეცინება. ეშმაკი ხომ ასეთია! იცით, როგორი საპონით ბანს ეშმაკი ადამიანს, თუკი ღმერთმა მასთან მიახლოებისა და გამოცდის ნება მისცა? ეშმაკი კაცს თავისი ბოროტების ქაფში აბანავებს. აი, რა კარგი საპონი აქვს მას! როგორც გაბრაზებულმა აქლემმა იცის ფურთხება, სწორედ იმგვარადვე იქცევა მსგავს შემთხვევაში ეშმაკი. შემდეგ კი ის ადამიანის „გაწმენდას“ იწყებს. რა თქმა უნდა, ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ჭუჭყი ჩამობანოს მას და გაასუფთაოს; არა, ამას იგი ბოროტებით იქმს. თუმცა თვით ღმერთი ანებებს ეშმაკს მანამდე რეცხოს კაცი, ვიდრე მისი ბინძური ლაქა არ გაირეცხება და ის საბოლოოდ არ გასუფთავდება. ღმერთი ეშმაკს იმის უფლებას რომ აძლევდეს, ისევე რეცხოს კაცი, როგორც აბედით წმენდენ ტანსაცმელს, ადამიანი ერთიანად დაილეწებოდა და ნამსხვრევებად იქცეოდა.

- წმიდაო მამაო, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ცხოვრებაში დაშვებული სხვადასხვა განსაცდელი ღვთის ნებით აღესრულება?

- არა, ღვთის ნებას ნუ ავურევთ ყოველივე იმასთან, რაც მაცდურს მოაქვს. ღმრთი თავისუფლებას ანიჭებს ეშმაკს, რომ მან გარკვეულ მომენტამდე გამოსცადოს ადამიანი. ასევე ადამიანსაც უტოვებს იმის უფლებას, რომ მან ან სიკეთე აღასრულოს, ან ბოროტება. მაგრამ ღმერთი არ იქნება დამნაშავე იმ ბოროტებაში, რომელსაც კაცი აღასრულებს. მაგალითად, იუდა ქრისტეს მოწაფე იყო, მაგრამ განა იმის თქმა შეიძლება, რომ იგი მოღალატე ღვთის ნებით გახდა? არა, ეს თავად იუდამ მისცა ნება ეშმაკს, რომ მას დაუფლებოდა. ერთმა ადამიანმა ღვთისმსახურს უთხრა: „გთხოვ, მამაო, იუდას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადე“. ეს იგივეა, რომ თქვა „შენ, ქრისტე, უსამართლო ხარ, იუდამ რომ გაგცა, ეს შენი ნება იყო. ამიტომ ახლა დაეხმარე მას“.

იშვიათად ღმერთი უშვებს, ზოგიერთმა ღვთისმოსავმა ადამიანმა უდიდესი განსაცდელები გაიაროს იმისთვის, რომ ვიღაც, ვინც უწესო ცხოვრებით ცხოვრობს, გონს მოეგოს და მოინანიოს. ზოგიერთი ადამიანი, განსაცდელების საშუალებით საკუთარი ცოდვების საზღაურს იხდის, მაგრამ ამასთანავე გაუმართლებლად დრტვინავს. ღმერთი შესაძლებლობას აძლევს მას, შეწევნა მიიღოს იმ ადამიანების მოთმინებისაგან, რომლებიც უდანაშაულოდ იტანჯებიან და არ დრტვინავენ. ასეთი ღვთისმოსავი ხალხი ორმაგ საზღაურს იღებს. დავუშვათ, რომ ძალიან კარგი და ღვთისმოსავი ოჯახის უფროსი თავის სახლში ცოლთან და შვილებთან ერთად ზის. მოულოდნელად იწყება საშინელი მიწისძვრა, სახლი მთლიანად ინგრევა, მთელი მისი ოჯახი ნანგრევებში ჰყვება და ისინი ტანჯვა-წამებით იხოცებიან. რატომ უშვებს ამას ღმერთი? იმისათვის, რო არ დრტვინავდნენ სხვები - ისინი, ვინც დამნაშავენი არიან და სასჯელს იმსახურებენ. ამიტომ მას, ვინც მოღვაწეთა მიერ ტვირთულ დიდ ჯვრებზე ფიქრობს, ნურასოდეს აღაშფოთებს საკუთარი მცირე განსაცდელები. ასეთი ადამიანები ხედავენ, მიუხედავად იმისა, როშ თავიანთ ცხოვრებაში სხვადასხვა ცოდვებს აღასრულებდნენ, მაინც ნაკლებად იტანჯებიან, ვიდრე მართლები და ამიტომაა, რომ კეთილგონიერი [7] ავაზაკივით აღიარებენ: „ამ ხალხს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მაინც ამდენ სატანჯველს ითმენს, რაოდენ აღმატებული ტანჯვის ღირსნი ვყოფილვართ ჩვენ?!“ მაგრამ საუბედუროდ ზოგიერთი იმ ავაზაკს უფრო ჰგავს, რომელიც ქრისტეს მარცხნივ იყო ჯვარცმული [8]. ასეთი ადამიანი ტანჯვათა დამთმენელი მართლების შესახებ ამბობს: „ნახე ერთი, მთელი ცხოვრება ჯვარზე ეკიდნენ და მაინც როგორი უბედურება შეემთხვათ“.

ხდება ისიც, - თუმცა ძალიან, ძალიან იშვიათად - როდესაც ღმერთი რომელიმე მისგან შეყვარებულ დიდ მოღვაწეს სიყვარულით დააკისრებს რაიმე უდიდეს განსაცდელს. ამას იმისათვის აკეთებს, რომ გვირგვინით შეამკოს იგი [9].

სხვა შემთხვევაში იგი, ვინც ჭ,ეშმარიტად ქრისტეს მბაძავია, შესთხოვს ღმერთს, რომ მოწყალებით შეუნდოს ადამიანებს ცოდვები და თავის სამართლიან რისხვას ნუ დაატეხს თავს. ასეთი კაცი უფალს ევედრება, რომ მცოდველი ადამიანების სანაცვლოდ თვითონ იგი დასაჯოს, მიუხედავად იმისა, რომ უდანაშაულოა. ასეთი ადამიანი უფალთან მჭიდრო სიახლოვეშია. ღმერთს ხომ უზომოდ მოალმობიერებს და მოწყალეს ჰყოფს თავისი პირმშოს ესოდენი სიყვარული! ღმერთი არა მხოლოდ იმ წყალობას გარდამოავლენს ამ ადამიანზე, რომელიც მან ითხოვა, ანუ: არა მხოლოდ სხვებს შეუნდობს ცოდვებს, არამედ თვით ამ ადამიანის მოწამეობრივ აღსასრულსაც უშვებს - მისი გულმოდგინე ვედრების თანახმად. ამვდროულად ღმერთი მას საუკეთესო სამეფო სასახლეს უმზადებს სამოთხეში - კიდევ უფრო აღმატებული დიდებით სავსეს, რადგანაც ბევრი ადამიანი თავიანთი გარეგანი სამართლის მიხედვით უსამართლოდ განსჯიდნენ ამ ადამიანს და ფიქრობდნენ, რომ თითქოსდა ღმერთი მას საკუთარი ცოდვებისათვის სჯიდა.

 

საღვთო სიყვარულის სანაცვლოდ გამოვლენილი უმადურობა

- წმიდაო მამაო, განსაცდელი ყოველთვის სასარგებლოა ადამიანისათვის?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ თავად ადამიანი როგორ ეკიდება განსაცდელს. ის, ვისაც კეთილი განწყობა არ აქვს, განსაცდელების გამო ღვთის გმობას იწყებს. „რატომ დამემართა ასეთი უბედურება, აბა, შეხედე ამას და ამას ხომ ყველაფერი კარგად აქვს! აბა, რა ღმერთია ის ღმერთი, რომელიც ყოველივე ამას დაუშვებს?!“ დრტვინავენ ეს ადამიანები. ისინი არასოდეს იტევიან: „ვცოდე!“ არამედ, იტანჯებიან. ხოლო, ვინც ღვთისმოსავია, ღმერთს მადლობს. „დიდება ღმერთს! ამ განსაცდელმა მე მასთან მიმიყვანა. ღმერთმა ეს ჩემს სასიკეთოდ დაუშვა.“ წარსულში შეიძლება, ეს ადამიანები ეკლესიაშიც კი არ დადიოდნენ, ხოლო განსაცდელის შემდეგ კი ტაძარში სიარული, აღსარება და ზიარება დაიწყეს. გარდა ამისა, ზოგჯერ ღმერთი უაღრესად სასტიკ ადამიანებს განსაცდელებით ისეთ ღვთისმოსაურ მდგომარეობამდე მიიყვანს, რომ ისინი თავად შემობრუნდებიან ასოთხმოცი გრადუსით და იფერფლებიან იმ ტკივილისაგან, როემლსაც საკუთარი ნამოქმედარი აგრძნობინებთ.

- წმიდაო მამაო, როდესაც ყველაფერი კარგად მიგვდის, მაშინ უნდა ვამბობდეთ „დიდება შენდა, ღმერთო?“

- რა თქმა უნდა, თუკი სიხარულისას არ ვიტყვით „დიდება შენდა, ღმერთო!“ მაშ მწუხარებაში როგორღა ვიტყვით?! შენ რა, ტანჯვისათვის მადლობას სწირავ ღმერთს და სიხარულისთვის კი მადლობის თქმა არ გსურს? რა თქმა უნდა, თუ ადამიანი უმადურია, ღვთის სიყვარულს იგი ვერ ხედავს. უმადურობა ეს უდიდესი ცოდვაა. ჩემთვის ეს ცოდვა მომაკვდინებელია. უმადურ ადამიანს არაფერი აკმაყოფილებს, მისთვის არაფერს მოაქვს სიხარული. ყოველგვარ ვითარებაში დრტვინავს იგი. ყველა და ყველაფერი დამნაშავეა მის წინაშე. ჩემს სამშობლოში - ფარასაში, ძალიან უყვარდათ ყურძნის ტკბილი. ერთხელ ერთ გოგონას შუაღამისას ყურძნის ტკბილი მოუნდა და ტირილი მორთო. აბა, რაღას იზამდნენ? დედამისს მოუწია, რომ მეზობელთან წასულიყო და იქ ეთხოვა. მცირეოდენი ტკბილი რომ მიირთვა, გოგონა იატაკზე გაგორდა, აღრიალდა, თანაც იატაკს წიხლებს ურტყამდა და ბღაოდა: „დედა, მე არაჟანიც მინდა!“ „შვილო ამ შუაღამისას არაჟანი საიდანღა მოგიტანო?“ ჰკითხა დედამ. არა! „მინდა არაჟანი!“ და იმავე წუთს უნდა გაჩნდეს. წაჩანჩალდა საწყალი დედა მეზობელთან არაჟნისთვის და ისესხა კიდეც. არაჟანიც გასინჯა გოგონამ და კვლავ განაგრძო ტირილი. „ახლა რაღა გატირებს?“ - ეკითხება დედა. „დედა, მინდა, ერთმანეთში აურიო“, - მოითხოვა მან. დედა იღებს ტკბილსა და არაჟანს და ერთმანეთში ურევს. მაგრამ, გოგონა თავისას განაგრძობს, ღრიალს არ წყვეტს. „დედა, ერთად ჭამა არ შემიძლია, ისევ ცალ-ცალკე მომეცი“. მაშინ კი დედას სხვა უკვე აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ გოგონასათვის რამდენიმე გულიანი სილა გაეტყლაშუნებინა! აი, ასე დააშორა ტკბილი და არაჟანი!

იმის თქმა მსურს, რომ ზოგიერთი ადამიანი სწორედ ამ გოგონასავით იქცევა და მაშინ მათზე საღვთო სასჯელი მოიწევა. ჩვენ საკუთარი უმადურობის აღიარება მაინც უნდა შეგვეძლოს. დღისით და ღამით ვმადლობდეთ უფალს კურთხევისათვის. ამგვარი საქციელით ყველაზე მტკივნებულ ადგილზე ვაბიჯებთ მხდალ ეშმაკს, რომელიც თავის მხლებელ დემონებთან ერთად შავი კვამლივით გაქრება, რადგანაც საკუთარი უმადურობის აღიარებით და ღვთისადმი მადლიერებით ეშმაკს ყველაზე მტკივნეულ წერტილში ვურტყამთ.

 

ჩვენი უმნიშვნელო და მოყვასის მნიშვნელოვანი განსაცდელები

ნებისმიერი განსაცდელის წამლად ის კიდევ უფრო მმიმე განსაცდელი გვევლინება, რომელსაც ღმერთი ჩვენს მოყვასს უვლენს. მხოლოდ უნდა შევადაროთ სხვათა განსაცდელი ჩვენს პირად განსაცდელს და როდესაც მათ შორის უდიდეს სხვაობას დავინახავთ, ჩვენდამი ღვთის უსაზღვრო სიყვარულში დავრწმუნდებით, მან ხომ ესოდენ მსუბუქი განსაცდელი მოგვივლინარმით მისდამი მადლიერებას ვიგრბნობთ, თანავუგრძნობთ უმეტესად გატანჯულ მოყვასს და გამუდმებით აღვავლენთ გულასმიერ ლოცვას, რომ ღმერთი შეეწიოს მას. ვთქვათ, მე ფეხის ამპუტაცია გამიკეთეს. ამ დროს ვიტყვი: „დიდება შენდა, ღმერთო, რომ ერთი ფეხი მაქვს, ექიმებს ხომ ჩემი მოყვასისათვის ორივე ფეხის ამპუტირება მოუხდათ. და კიდეც რომ მთლად დავკუტებულიყავი, ფეხებიც და ხელებიც რომ დამეკარგა, მაინც ვიტყოდი: „დიდება შენდა, ღმერთო! რომ საშუალება მომეცი და ამდენი ხნის განმავლობაში ფეხზე დავდიოდი, ხომ არსებობენ დაბადებიდან ხეიბარი ადამიანები?!“

როდესაც შევიტყვე, რომ ერთი ოჯახის უფროსი მრავალი წლის მანძილზე სისხლდენით იტანჯებოდა, ვთქვი: „მე მასთან როგორ მოვალ? ერის ადამიანი თერთმეტი წლის განმავლობაში სიხლდენას ითმენს, გარდა ამისა, მას შვილები ჰყავს, ყოველ დილით ადრიანად უნდა ადგეს და სამსახურში წავიდეს, მაშინ, როდესაც მე სისხლდენას შვიდ წელზე მეტხანს არ გავუტანჯივარ!“ [10] როდესაც ვფიქრობ სხვაზე, მასზე, ვინც ამგვარ ტანჯვას განიცდის, საკუთარ თავს ვეღარ ვამართლებ. ხოლო, როდესაც იმაზე ფიქრს ვიწყებ, რომ მე ვიტანჯები მაშინ, როდესაც სხვები უზრუნველად ცხოვრობენ, რომ ღამ-ღამობით ყოველ ნახევარ საათში წამოდგომა მჭირდება იმიტომ, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს და დაძინება არ შემიძლია იმ დროს, როდესაც სხვებს უზრუნველად სძინავთ, მაშინ საკუთარ თავს ვამართლებ, - თუნდაც ამავე დროს ვდრტვინავდე კიდეც. შენ, დაო, რამდენ ხანს იტანჯებოდი ჰერპესით?

- რვა თვის მანძილზე, წმიდაო მამაო.

- ხედავ? ერთს ამ ავადმყოფობით ორი თვე უწევს ტანჯვა, სხვას - ათი, კიდევ სხვას - თხუთმეტი. მე მესმის შენი. შენთვის ძალიან მტკივნეულია. ზოგიერთები ამ ავადმყოფობას სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს. მაგრამ, თუკი ერის ადამიანი, რომელსაც ორი-სამი თვით გააწამებს ეს სნეულება და ძლიერი ტკივილი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანს, შეიტყობს, რომ სულიერი ადამინი ამ ავადმყოფიბით მთელი წელია იტანჯება და ამავე დროს ითმენს და არ დრტვინავს, ის მაშინათვე უდიდეს ნუგეშს მიიღებს. „აი, რა მოხდა, ორიოდე თვეა, რაც ავად ვარ და უკვე სასოწარკვეთილებამ შემიპყრო, სხვა კი მთელი წელია იტანჯება და არ წუწუნებს. თანაც მე ხომ ცოდვებს ჩავდივარ, მაშინ, როცა ის სულიერად ცხოვრობს“. ამგვარად, ამ ადამიანისთვის ჭკუა არავის დაურიგებია, მაგრამ მან უამისოდაც უკვე მიიღო შეწევნა.

 

მწუხარება, ადამიანები რომ გვანიჭებენ

- წმიდაო მამაო, თუკი კაცი ღვთის სიყვარულით ითმენს ადამიანებისაგან ტკივილსა და უსამართლობას, ეს მოთმინება მას ვნებათაგან განწმენდს?

- რომ მეკითხეა კიდეც?! განა მხოლოდ განწმენდს, არამედ, მის დისტილირებასაც ახდენს. განა ამ მოთმინებაზე აღმატებული არსებობს რიმე? ამგვარად ადამიანს ძალუძს, საკუთარი ცოდვებისათვის ზღოს. აბა, ნახეთ: დამნაშავეს რომ დაიჭერენ, სცემენ, ციხეში სვამენ, ის იქ თავის მცირე „კანონს“ აღასრულებს. და თუკი ასეთი ადამიანი გულწრფელად მოინანიებს, საუკუნო ტყვეობისაგან დაიხსნება. განა უბრალო საქმეა, თუ მიწიერი სატანჯველის სანაცვლოდ, ადამიანი საზღაურად მარადისობაში გახსნის ანგარიშს?!

სიხარულით დაითმინეთ ნებისმიერი მწუხარება. ყოველგვარი მწუხარება, რომელსაც ადამიანები მოგვაგებენ, უფრო ტკბილია, ვიდრე ის ტკბილი „სიროფები“, რომელთაც ჩვენი მოყვარული ადამიანები გვასმევენ. აბა, შეხედე, „ნეტარებების“ მცნებებში ქრისტე ხომ არ გვეუბნება: ნეტარ იყვნენ, როცა თქვენ გაქებდნენო. არამედ: „ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდნენ და გყვედრიდნენ“. და კიდევ: „და თქუან სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის“. როდესაც ადამიანი უსამართლობისა და ლანძღვა-გინების მსხვერპლი ხდება, ის სულიერ კაპიტალს ზეციური სალაროსათვის აგროვებს. ხოლო, თუკი ლანძღვა, რომელსაც ის იღებს, დამსახურებულია, მაშინ თავისი ცოდვების საზღაურს იხდის. ამიტომ, ჩვენ არა მარტო უდრტვინველად უნდა მოვითმინოთ ის ხალხი, ვინც დაბრკოლებას გვიქმნის, არამედ, მათდამი მადლიერებას უნდა ვგრძნობდეთ. იმიტომ, რომ ეს ადამიანები გვაძლევენ კეთილსასურველ შესაძლებლობას, რომ სიყვარულის, სიმდაბლისა და მოთმინების მოსახვეჭად ვიღვაწოთ.

რა თქმა უნდა, ცილისმწამებლები ეშმაკთან თანამშრომლობენ. მაგრამ ჩვეულებრივ ძლიერი ქარი ამტვრევს და თხრის იმ უღონო ხეებს, სუსტი ფესვები რომ აქვთ. ის ხეები კი, რომელთა ფესვებიც ღრმადაა წასული, ძლიერი ქარი ეხმარება, რომ ფესვები კიდევ უფრო ღრმად გაიდგან.

უნდა ვილოცოთ ყველასათვის, ვინც ჩვენზე ავს ამბობს და ვთხოვოთ ღმერთს, რომ მიანიჭოს მათ სინანული, განათლება და სიმრთელე. ჩვენ ამ ადამიანების მიმართ არანაირი სიძულვილი არ უნდა დავიტოვოთ საკუთარ თავში. მხოლოდ და მხოლოდ განსაცდელის შედეგად დაგროვილი გამოცდილება უნდა შემოვინახოთ. უნდა მოვიშოროთ მთელი სიმწარე (წყენა და სიძულვილი) და გვახსოვდეს ღირსი ეფრემ ასურის სიტყვები: „თუკი შენ ცილისწამებას დაითმენ და ყოველივე ამის შემდეგ გამოაშკარავდება, რომ სინდისი სუფთა გაქვს, ნუ გაამპარტავნდები, არამედ, სიმდაბლით იღვაწე უფლისათვის, რომელმაც კაცთა ცილისწამებისაგან გიხსნა“.

 


[1] - ფს. 65, 1.

[2] - ფს. 65, 1.

[3] - იგავნ. 3,12.

[4] - იხილე იქვე.

[5] - ნახ. მათ. 2,16.

[6] - იხილე ჟამნი.

[7] -ნახ. ლუკ. 23,39.

[8] - იხილე იქვე.

[9] - წმიდა სინკლიტიკას ხსენება აღესრულება 5 იანვარს.

[10] - 1988 წელს ბერს გამუდმებული ნაწლავური სისხლდენა ჰქონდა.