მამა პაისი მთაწმინდელი

სნეულებათა შესახებ

ავადმყოფობა ეხმარება ადამიანებს

- წმიდაო მამაო, რას ნიშნავს გამოთქმა „კეთილი სამოთხე დაიმკვიდრე!“

- კეთილად გევლოს სამოთხისკენ!

- წმიდაო მამაო, იქნებ ეს გამოთქმა ნიშნავს: „გისურვებ, რომ კეთილ სამოთხეში მოხვდე“.

- ოდესმე გსმენია, ვინმეს ეთქვა რაიმე არაკეთილი სამოთხის შესახებ? მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, იმისათვის, რომ ტკბილ სამოთხეში მოხვდეს, ადამიანმა ამ ცხოვრებაში ბევრი სიმწარე უნდა იგემოს. ამგვარად მას ხელთ აძლევენ „უცხოეთის პასპორტს“, რომლითაც მრავალ განსაცდელს გადალახავს. რა არ ხდება საავადმყოფოებშ! რა საშინელი ტრაგედიები რა საშინელი ტკივილები სტანჯავთ ადამიანებს! რამდენი საბრალო დედა ოპერაციაზე გაყვანის წინ ფიქრობს თავის პატარა შვილებზე და დარდობს ოჯახზე! რამდენი ოჯახის მამაა დაავადებული კიბოთი, სხივებზე დადის და როგორ იტანჯებიან ისინი! ამ ადამიანებს მუშაობა არ შეუძლიათ. არადა, მათ ხომ ქირაც უნდა იხადონ, თანაც ამდენი ხარჯები აქვთ. თვით ისინიც კი, ვინც შესანიშნავი ჯანმრთელობით გამოირჩევიან, ვერ ახერხებენ ხარჯებს გაუმკლავდნენ და იმათზე რაღა ითქმის, ვინც ავად არის და მაინც მუშაობს, რომ ოჯახურ ხარჯებს რამენაირად თავი გაართვას?! საშინლად მთრგუნავს ადამიანების მწუხარება. რამდენი რამ მესმის ყოველდღიურად! უსასრულო ტანჯვა და სიძნელეები!.. მთელი დღის განმავლობაში ადამიანური მწუხარებისაგან პირი სიმწარით მევსება, საღამოობით კი მშიერი ვწვები, რომ მცირეოდენად დავისვენო. უდიდეს ხორციელ დაღლილობას განვიცდი, მაგრამ ამავდროულად შინაგან განსვენებასაც ვიღებ.

- წმიდაო მამაო, ავადმყოფობა ყოველთვის რგებს ადამიანს?

- დიახ, მას ყოველთვის უდიდესი სარგებლობა მოაქვს. ავადმყოფობები დიდად ეხმარება იმ ადამიანებს, ვინც სათნოებებს არ ფლობენ, რათა ამით მოალმობიერონ (მოისყიდონ) ღმერთი [1]. ჯანმრთელობა ეს უდიდესი საქმეა. მაგრამ იმ სიკეთეს, რაც ადამიანისათვის სნეულებას მოაქვს, მას ჯანმრთელობა ვერ მისცემს. სნეულებას ადამიანისათვის სულიერი სიკეთე მოაქვს. ის ადამიანს ცოდვისაგან განსწმენდს, ზოგჯერ კი მისთვის ზეციური ჯილდოს „გარანტიას“ წარმოადგენს. ადამიანის სული ოქროს გავს, ხოლო სნეულება ის ცეცხლია, რომელიც ამ ოქროს განწმენდს. აბა ნახე, ქრისტემ პავლე მოციქულსაც ხომ უთხრა: „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ-იქმნების“. რაც უფრო იტანჯება ადამიანი ავადმყოფობისაგან, მით უფრო სუფთა და სპეტაკი იქმნება იგი. ოღონდაც იგი უნდა ითმენდეს და სნეულებას სიხარულით იღებდეს.

ერთადერთი, რაც ზოგიერთი ავადმყოფობისას გვმართებს, არის მცირეოდენი მოთმინება. ღმერთი ავადმყოფობას იმისთვის უშვებს, კაცი ნაკლულოვანებათაგან განწმინდოს. ხორციელი სნეულება ხომ სულიერი სნეულების განკურნებაში ეხმარება. ხორციელი სნეულება ადამიანში სიმდაბლეს ბადებს და ამგვარად მისი სულიერი სნეულებების ნეიტრალიზებას ახერხებს. ღმერთი ყველაფრიდან ადამიანისთვის სასიკეთო შედეგს იღებს. ყველაფერი, რასაც ის დაუშვებს, ჩვენთვის სულიერად სასარგებლოა. მან იცის, რა არის აუცილებელი თითოეული ჩვენგანისათვის და ამის შესაბამისად მოგვივლენს სნეულებებს იმისთვის, რომ მათი საშუალებით მივიღოთ ზეციური საზღაური, ანდა იმისთვის, რომ ამ სნეულებებით ცოდვები ვზღათ.

 

ზეციური საზღაური ავადმყოფებისთვის

- როგორ არის დედაშენი?

- ცუდად, წმიდაო მამაო. დროდადრო ტემპერატურა ძალიან იმატებს და ეს მისთვის აუტანლად მტკივნეულია. კანი უსკდება, ერთიანად უწყლულდება და ღამ-ღამობით ძილი მისთვის თითქმის შეუძლებელი ხდება.

- იცი, ასეთი ადამიანები ხომ მოწამეები არიან. თუ მთლად მოწამეები არა, სნახევროდ მაინც ნამდვილად მოწამეები არიან.

- მისი ცხოვრება, წმიდაო მამაო, ერთი გაბმული წამებაა.

- გამოდის, მისი საზღაურიც ორმაგი იქნება. მას ხომ სამოთხე გარანტირებული აქვს. როდესაც ხედავს, რომ ადამიანს ხორციელი სნეულების დათმენა შეუძლია, ქრისტე აძლევს მას ამ სნეულებას. ასე რომ, მიწიერ ცხოვრებაში მცირე ტანჯვის სანაცვლოდ ადამიანი ზეციურ, მარადიულ ცხოვრებაში უდიდეს საზღაურს იმზადებს. ის აქ იტანჯება, მაგრამ ჯილდო ელის იქ - იმ ქვეყანაში, იმიტომ, რომ არსებობს სამოთხე და არსებობს მისაგებელი (ტანჯვისა).

დღეს ჩემთან ერთი ქალი მოვიდა. მას ავადმყოფი თირკმელები აქვს. უკვე დიდი ხანია, რაც ჰემოდიალიზზეა [3]. მან მთხოვა: „მამაო, ძალიან გთხოვთ, ხელზე ჯვარი გადამსახეთ. ვენაზე უკვე ერთი მთელი ადგილი აღარ მაქვს და ნორმალურად ჰემოდიალიზის გაკეთებაც კი აღარ შემიძლია“. მე კი მივუგე: „ხელებზე რომ გაქვს ეგ წყლულები და ჭრილობები, იმქვეყნიურ ცხოვრებაში უფრო ძვირადღირებულ ალმასებად გადაიქცევა, ვიდრე ის ალმასებია, ძვირად რომ ფასობს ამქვეყნად. რამდენი წელია, რაც ჰემოდიალიზზე დადიხარ?“ „თორმეტი.“ მიპასუხა მან. „გამოდის რომ, შენ „ერთჯერად დახმარებასაც“ მიიღებ და „მინიმალურ პენსიასაც“. მერე მან წყლულები მეორე ხელზედაც მიჩვენა და მითხრა, „მამაო, ეს ჭრილობა არ მიხორცდება და მასში ძვალი მოჩანს“. „დიახ, მაგრამ მასში მოჩანს ზეცაც. მოითმინე, კეთილ მოთმინებას გისურვებ. ლოცვით შევთხოვ ღმერთს, რომ ქრისტემ გაამრავღღის შენში თავისი სიყვარული და ტკივილები დაგავიწყოს. რა თქმა უნდა, შემიძლია, სხვა რამეც გისურვო. ის, რომ ტკივილები შეგიმსუბუქდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში საზღაურიც აღარ იქნება იმდენად აღმატებული. აქედან გამომდინარე, უკეთესი ის იქნება, რაც თავდაპირველად გისურვე“. ამ სიტყვებმა ანუგეშა საბრალო ქალი.

როდესაც ხორცი განსაცდელს ითმენს, სული განიწმინდება. სნეულებათაგან იტანჯება სხეული - ჩვენი ხრწნადი სახლი, მაგრამ ყოველივე ეს ამ სახლის პატრონს მარადიულ სიხარულს მოუტანს იმ ზეციურ სასახლეში, რომელსაც ქრისტე გვიმზადებს. ამ სულიერი ლოგიკით, რომელიც ამა სოფლის ადამიანებისათვის სრულიად ალოგიკურია, მეც გამუდმებით ვხარობ იმ აურაცხელი სნეულებებისა და ტკივილის გამო, ახლა რომ მჭირს. ერთადერთი, რაზედაც არ ვფიქრობ, არის ის ზეციური საზღაური, რომელიც მომავალში მიმელის. ვხვდები, რომ ამ ტკივილებით ვზღავ ღვთისადმი ჩემს უმადურობას, რამდენადაც მისი ჩემდამი გამოვლენილი ქველმოქმედებისა და ნიჭებისათვის შესაბამისი მადლიერებით არასდროს მიპასუხია. ჩემს ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ერთი, მთლიანი სულიერი ნადიმია: ჩემი ბერობაც და ჩემი სნეულებებიც. ღმერთი ყველაფერში კაცთმოყვარებას ავლენს ჩემდამი, უაღრესად შემწყნარებელია ჩემს მიმართ. თუმცა, ილოცეთ, რომ მან ყოველივე ეს ამცხოვრებისეულ ანგარიშზე არ ჩამიწეროს. იმიტომ, რომ ეს უაღრესად დამამწუხრებდა. უდიდესი პატივი ის იქნება, თუკი მისი სიყვარულისათვის ქრისტე უმეტეს წამებას მომაგებს. ოღონდაც ამავე დროს ამ ტკივილების დათმენის ძალაც უნდა მომანიჭოს. საზღაური კი არ მჭირდება.

როდესაც ადამიანს ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვს, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ის წესრიგში ვერ არის. ჯობს, რაიმე ტკიოდეს. ავადმყოფობისაგან იმდენი სარგებელი მივიღე, რაც არ მიმიღია მთელი ასკეზისაგან, ავად გახდომამდე რომ აღვასრულებდი. ამიტომ ვამბობ, რომ თუკი ადამიანი სხვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობით არ არის შეზღუდული, მას ავადმყოფობა ჯანმრთელობას უნდა ერჩიოს. როდესაც ჯანმრთელადაა, ადამიანი მოვალედ რჩება, ხოლო სნეულებისაგან, თუკი მას მოთმინებით მიითვალავს, იგი საზღაურს იღებს. როდესაც თანაცხოვრებულთა მონასტერში ვცხოვრობდი, ერთხელ იქ მოვიდა ერთი წმიდა ეპისკოპოსი, ძალიან მოხუცებული, სახელად იეროთეოსი ერქვა [4]. იგი გადამდგარიყო და წმიდა ანას სკიტში მოღვაწეობდა. წასვლისას, როდესაც ცხენზე ჯდებოდა, შარვლის ტოტები აეწია და ყველამ დავინახეთ მისი საშინლად დასიებული ფეხები. ბერები, მას ცხენზე შეჯდომაში რომ ეხმარებოდნენ, უეცრად შეძრწუნდნენ. ეპისკოპოსი მიხვდა ამას და თქვა: „ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრებია მათ შორის, რითაც კი ღმერთს დავუჯილდოებივარ. მას ვევედრები, რომ ნურასოდეს წამართმევს მათ“.

 

ტკივილის დათმენა

როდესაც რაიმე ავადმყოფობა გვეწვევა, ჯობს, თუ საკუთარ თავს მთლიანად ქრისტეს მივანდობთ. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ სულიერი ტკივილის დროს უმეტესი მოთმინება და ღვთის დიდება გვჭირდება, ვიდრე რკინისებური ჯანმრთელობისას, რიდესაც უდიდესი ხორციელი ღვაწლის ტვირთვა შეგვიძლია. ამ ღვაწლის გამო ჩვენ ხომ უდიდესი ამპარტავნებისა და განდიდების სურვილის საფრთხის წინაშე ვდგებით, თანაც ისე, რომ ვერც კი მივმხვდარვართ ამას და გვეჩვენება, რომ პირადი „კავალერისტული შეტევით“ სამოთხის დაპყრობაც კი შეგვიძლია.

იცით, რამდენი წელია, რაც ტკივილები მაქვს? ზოგჯერ ის ასატანია, ზოგჯერ კი სრულიად აუტანელი ხდება. ტკივილი, რომლის ატანაც შესაძლებელია - სტაბილური მდგომაროებაა. იცით, რამდენის მოთმენა მომიწია ბრონქოექთაზისა [5] და ოპერაციის გამო?! მერე კი დაიწყო ეს ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები. შემდეგ ექვსი თვის განმავლრბაში დისკოთშორისი თიაქარი მაწუხებდა და საშინელი ტკივილი მტანჯავდა. აღარ შემეძლო, იმდენივე მეტანია გამეკეთებინა, რამდენსაც ადრე ვაკეთებდი და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის მოვლაც კი მიჭირდა, ჩემთან მომსვლელ ადამიანუბსაც უნდა დავხმარებოდი. მერე მუცელში რაღაც სიმაგრე გამიჩნდა, მითხრეს, რომ ეს თიაქარი იყო. როდესაც ვიღლებოდი, მტკივდებოდა და სივდებოდა. ერთხელ, წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონის დღესასწაულის წინა დღეს, თიაქარი დამისივდა და ამტკივდ,ა მაგრამ წმიდა პანტელეიმონის სკიტში ღამისთევის ლოცვაზე უნდა წავსულიყავი: „წავალ და რაც იქნება, იქნება“, გადავწყვიტე მე, რამდენადაც ჩემი ყოფნა ამ დღესასწაულზე მართლაც აუცილებელი იყო. ღამისთევაზე ცოტა ხნით ჩამოჯდომა მინდოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ თუ სტასიდიის სკამს გადმოვწევდი და მე დავჯდებოდი, ყველა დაჯდებოდა. ამიტომ ვამჯობინე ფეხზე ვმდგარიყავი და საერთოდ არ დავმჯდარვარ. თორმეტსაათიანი ღამისთევის ლოცვის დროს მეგონა, რომ ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდებოდა. ის-ის იყო სენკში დავბრუნდი, რომ ვიღაცამ ჭიშკრის რკინის რგოლი დააბრახუნა.

„გააღე, მამაო!“ გავიგონე ვიღაცის ხმა. მე გამეცინა. „ეხლა მორჩა, ალბათ შემობრუნებასაც ვერ მოვასწრებ.“ და მართლაც ძალიან მალე მოვიდნენ სხვებიც. მერე კიდევ და კიდევ... ხოლო საღამოს, როდესაც უკანასკნელი სტუმარი გავისტუმრე, ვნახე, რომ ჩემი თიაქარი საერთოდ გამქრალიყო! მაგრამ მეორე დღეს, რომ დავისვენე, ისევ გაჩნდა. მერე უკვე ძალიან მიშლიდა და მტკიოდა, მაგრამ ამავდროულად უდიდეს სიხარულსაც მანიჭებდა. ქრისტემ ხომ ჩემი მდგომარეობა კარგად იცოდა. მან ისიც იცოდა, თუ რა იყო ჩემთვის სასარგებლო. ამიტომ მან ეს თიაქარი კიდევ ხუთ წელს დამიტოვა, რომ იცოდეთ, რამდენი ტანჯვა მაწვნევინა მან!

- წმიდაო მამაო, გახსოვთ ფეხებთან დაკავშირებით პრობლემები რომ გქონდათ?

- ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა. მე ფეხზე დგომაც აღარ შემეძლო. და როდესაც ჩემთან ხალხი მოდიოდა, ძალიან მიჭირდა. მერე ფეხების ტკივილმა გამიარა, მაგრამ ახლა სისხლდენა დამეწყო. ექიმებმა მითხრეს, რომ ამის მიზეზი წყლულოვანი კოლიტი იყო. ახალი ფურცელი გადაიშალა... სისხლის დენისა და ტკივილის შვიდი წელიწადი... მაგრამ მე არ ვმრისხანებდი, მხოლოდ ჩემი სულის სიმრთელისათვის ვლოცულობდი. მიხარია, რომ ღმერთმა ღირსმყო და ამ საჩუქრით დამაჯილდოვა. არ მსურს, რომ ის უკან წამართვას. ღმერთს დიდება ის უშვებს, რომ ავადმყოფობისაგან სარგებლობა მივიღო. ამგვარად ვაბარებთ გამოცდებს მოთმინებაში. დღეს ერთი, ხვალ - მეორე... „მოთმინებაი გიჴმს თქუენ“ [6]. რადგანაც, თუკი ჩვენ არ მოვითმენთ, ანუ - ადამიანები, ვისაც მცირედი ღვთის შიში მაინც შეგვრჩენია, მაშ ერის ადამიანებს რაღა დარჩენიათ? თუმცა ვხედავ, რომ ბევრი ერისკაცი ჩვენ - ბერებს აღგვემატება სათნოებათა აღსრულებაში. ჩემი მშობლები მიამბობდნენ, რომ როდესაც ფარასელები ავად გახდებოდნენ, მაშინვე კი არ გაიქცეოდნენ ხოლმე ხაჯ-ეფენდისთან [7], რომ მას განეკურნა ისინი. არამედ, თავდაპირველად ტკივილს ითმენდნენ. ისინი იმდენს ითმენდნენ, რამდენიც შეეძლოთ - საკუთარი მოთმინების უნარისა და ღვთისმოსაობის შესაბამისად. იმიტომ, რომ ტანჯვას კურთხევად თვლიდნენ. „მოდი, მცირედ მეც დავიტანჯები ქრისტესთვის, ქრისტემ ხომ ჩემი ხსნისათვის უდიდესი ტანჯვა დაითმინა“. ხაჯ-ეფენდისთან განსაკურნებლად მხოლოდ მას შემდეგ მიდიოდნენ, როდესაც დაინახავდნენ, რომ ავადმყოფობა მუშაობაში უშლიდა ხელს და ამის გამო უკვე შინაურები იტანჯებოდნენ. ხედავ, რაოდენი ღვთისმოსაობა ჰქონდათ მათ. თუკი ეს ადამიანები - ერისკაცები, ამგვარად განსჯიდნენ და ითმენდნენ, მე - ბერი როგორღა უნდა განვსჯიდე?! ქრისტემ თქვა: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ [8]. შეხედეთ: მანამდე, ვიდრე ყოველგვარ სიკეთეს ფლობდა, იობის მსხვერპლი ღვთისათვის იმდენად სათნო არ იყო, რამდენადაც სათნო იყო მისთვის მოთმინება იობისა მაშინ, როცა მასზე უდიდესი განსაცდელები მოიწია [9].

- წმიდა მამაო, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ადამიანი ტკივილს ითმენს, გულისხმობთ იმას, რომ ის გარეგენულად სულ არ იმჩნევს ტკივილს?

- უკიდურეს შემთხვევაში, მან შესაძლოა, გარშემომყოფებს მცირედ აგრძნობინოს, რომ სტკივა. შესაძლოა, მან თქვას კიდეც ამის შესახებ, მაგრამ რამდენად ძლიერი ტკივილი აწუხებს, ამაზე არ ილაპარაკოს. თუკი იგი საერთოდ დამალავს ტკივილს, შესაძლოა, მისმა საქციელმა ბევრი აცდუნოს. მაგალითად, თუ ბერს ტკივილი ტანჯავს და მსახურებაზე მისვლა არ შეუძლია და ამის შესახებ სხვებს არაფერს ეტყვის, შესაძლოა, ამ დროს ვინმე, ვისაც კეთილი ზრახვები არ აქვს, დაბრკოლდეს.

 

ტკივილთან დამოკიდებულება

- წმიდაო მამაო, როგორ ტკივილს უწოდებთ აუტანელს?

- იმ ტკივილს, ცრემლს რომ დაგაღვრევინებს. ეს არც სინანულის ცრემლია და არც - სიხარულისა. ცრემლის რომელ სახეობას მიეკუთვნებიან ეს ცრემლები, თქვენ როგორ ფიქრობთ?

- წმიდაო მამაო, იქნებ მოწამეობის სახეობას?

- რა თქმა უნდა, მოწამეობისას.

- წმიდაო მამაო, როდესაც ძლიერ ტკივილს განვიცდი, მიჭირს ხოლმე ვთქვა: „დიდება შენდა ღმერთო!“

- რად გიჭირს ამის თქმა? იმაზე იფიქრე, რაც ქრისტემ დაითმინა ცემა, დამცირება, მახვილი, ჯვარცმა“ [10] და მან ეს ყოველივე დაითმინა მან „უცოდველმა“ [11] იმისათვის, რომ ჩვენ გადავერჩინეთ. და შენც, როდესაც გტკივა, თქვი: „ქრისტე ჩემო, შენი სიყვარულისათვის მოვითმენ“.

- წმიდაო მამაო, რა არის აუცილებელი ტკივილის დასაძლევად?

- ვაჟკაცობა და ძალისხმევაა აუცილებელი.

- და აუტანელი ტკივილის გადალახვა როგორღა უნდა მოახერხოს კაცმა?

- თუ ის ერის ადამიანია, საერო სიმღერებით შეძლებს ამას, თუ სულიერი ადამიანია - სასულიერო გალობით. ერთხელ მამაჩემს ძლიერი სიცხე ჰქონდა და საშინელი თავის ტკივილი დაეწყო. იცით, როგორ მოიქცა იგი? მარილიანი თევზი ჭამა, ერთი ჭიქა ღვინო დალია და დაიწყო სიმღერა: „გამოიღვიძე, ჩემო საბრალო, უუფლებო ხალხო!“ მერე კიდევ რამდენიმე პარტიზანული სიმღერა იმღერა და თავის ტკივილმა გაუარა. ამგვარადვე, ტკივილის განსადევნად ჩვენც სასულიერო საგალობლები უნდა ვიგალობოთ. მახსოვს, ერთხელ გავცივდი და ისეთი საშინელი თავის ტკივილი დამეწყო, რომ თავი პირდაპირ მისკდებოდა, რას ვიზამდი? ერთი ძალიან ლამაზი გალობა წამოვიწყე და თავის ტკივილი მომეშვა. მართლაცა იესოს ლოცვასთან შეერთებული ფსალმუნთა გალობა ასეთ შემთხვევაში ძალიან შველის. ისინი სულს აფაქიზებენ, ატკბობენ მას, იმიტომ, რომ გამუდმებული მწუხარება და ტკივილი თრგუნავს სულს, გალობა კი აგრილებს მას. გუშინ ღამესაც არ მაძინებდა ტკივილი. ისიც კი ვიფიქრე, რომ თუ განთიადამდე მოვკვდებოდი, ჩემთვის უკვე ერთი გრძელი დღე გათენდებოდა. იმქვეყნიურ ცხოვრებაში ხომ არც დაისია და არც განთიადი... მაგრამ მერე მივიღე... ტკივილგამაყუჩებელი „აბი,“ ვიგალობე ტროპარი- „წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი ჩვენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩვენთვის და ყოველნივე სენნი ჩვენნი განკურნენ“ [12]. ამ აბის ზემოქმედება ხანგრძლივი აღმოჩნდა, მთელი ღამის განმავლობაში მეყო. განა ექიმებს აქვთ ასეთი აბები?

- წმიდაო მამაო, ამბობენ, რომ ღამით ტკივილები ძლიერდება.

- დიახ, ღამით ადამიანი უარესად ხდება. მაგრამ, გარდა ამისა დღისით სხვებთან ურთიერთობა და საუბარი მას ტკივილს ავიწყებს კიდეც. ღამით ავადმყოფი საკუთარ თავთან მარტოდ რჩება, გონება ტკივილს ასდევს და ეჩვენება, რომ ის გაძლიერდა. ავადმყოფობისას ტკივილს ვერსად გაექცევი, მაგრამ ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ სულიერი წყობის სახელური მეორე მხარეს - სხვა სიხშირეზე გადაირთას, რომ ამ ტკივილის დავიწყება შესაძლებელი გახდეს.

- წმიდაო მამაო, ტკივილი, როგორც წესი, იმის მაუწყებელია, რომ ორგანიზმში რაღაც რიგზე ვერ არის. აქედან გამომდინარე, რამდენად ყურადღებით უნდა მოვეპყრათ ტკივილებს?

- უნდა გამოსცადო, რამდენის ატანა შეგიძლია და ყურადღებაც ამისდა შესაბამისად გამოავლინო. აქ ყურადღება აუცილებელია, რამდენადაც, თუკი ძველი ავტომობილი იმავე სიჩქარეს აიღებს, როგორითაც მაშინ მოძრაობდა, როდესაც ახალი იყო, ნაწილ-ნაწილ დაიშლება. ბორბლები ერთ მხარეს გაფრინდება და კარბურატორი კი - მეორე მხარეს. როდესაც წელი მტკიოდა, ფეხზე მდგომი ვეღარ ვლოცულობდი. ხოლო, როგორც კი შევამჩნიე, რომ მდგომარეობა მცირედ გამიუმჯობესდა, წამოდგომა ვცადე. ფეხზე დგომით სკვნილზე ლოცვამ და დიდმა მეტანიებმა წელი ისევ ამატკია. ცოტა ხნით ჩამოვჯექი, მერე კი საკუთარ თავს ვუთხარი: „აბა, კიდევ ერთხელ სცადე!“ იგივე განმეორდა, წელი კვლავ ამტკივდა. ამის შემდეგ უკვე თავს ვიკავებდი ფეხზე დგომით ლოცვისა და მეტანიებისაგან, მაგრამ ზრახვები მშვიდი მქონდა.

- წმიდათ მამაო, როდესაც ვიცი, რომ ტკივილი ჩემს ორგანიზმზე რამენაირი უკუჩვენებით არ აისახება, მას ყურადღებას აღარ ვაქცევ. ხოლო, თუ ვიცი, რომ ტკივილს შესაძლოა, სერიოზული ავადმყოფობა მოჰყვეს, მაშინ კი შევშფოთდები ხოლმე.

- აბა, შეხედე, წელის ტკივილმა შესაძლოა, ორგანიზმში სერიოზული დაავადება არ გამოიწვიოს, მაგრამ ეს ტკივილი ადამიანს ტეხავს, მის პარალიზებას იწვევს. მას განძრევა აღარ შეუძლია. მაგრამ სხვა სახის ხორციელი ტკივილის მოთმენა შესაძლებელია.

- წმიდაო მამაო, ტკივილი ადამიანს ასასტიკებს?

- თუკი კაცი ტკივილს სულიერად არ მიუდგება, შეიძლება მართლაც გაასასტკოს ის. თუმცა, თუკი მასთან სულიერი დამოკიდებულება ექნება, ის საღვთო ნუგეშინისცემასა და სიმშვიდეს მოიპოვებს. მერე უკვე ავადმყოფობა დღესასწაულად, ზეიმად გადაიქცევა. ადამიანი ხარობს იმიტომ, რომ ის აღმსარებელთა და მოწამეთა შორის შეირაცხება. წმიდა მოწამეები ტკივილს ივიწყებდნენ იმიტომ, რომ მათი ქრისტესადმი სიყვარული აღემატებოდა ამ ტკივილს და ანეიტრალებდა მას.

- მაგრამ განა ის ადამიანი კი არ განიწმინდება, რომელიც ძლიერ ტკივილებს განიცდის, მაგრამ მათთან სულიერი დამოკიდებულება არ აქვს?

- ერის ადამიანი განიწმინდება, მაგრამ ბერი - არა.

 

სხვისი ტკივილის გაზიარება

როდესაც ადამიანს მოყვასის ტკივილი სტკივა, ეს გარკვეულწილად ღვთის ლმობიერებას აღძრავს. ღმერთი ხარობს, რამდენადაც ეს ადამიანი თავისი სიყვარულიდან გამომდინარე ამჟღავნებს, რომ ის ღმერთთან მსგავსებას მოკლებული არ არის და ამიტომ მას საღმრთო ნუგეშს ანიჭებს. ეს საღმრთო ნუგეშინისცემა რომ არ არსებობდეს, ადამიანი მოყვასის ტკივილის თანაზიარობას ვერ გაუძლებდა.

- წმიდაო მამაო, როგორ უნდა ვიგრძნოთ სხვისი ტკივილი?

- თუკი შენ თავად გტკივა, უცხო ადამიანის ტკივილზეც ფიქრდები, თავს მის ადგილას წარმოიდგენ და საკუთარზე უმეტესად მისი ტკივილი გაწუხებს. ანუ შენი საკუთარი ტკივილი სხვისი ტკივილის გაგებაში გეხმარება. ხოლო, როდესაც სხვათა ტკივილს სიხარულით იღებ, მათაც ანუგეშებ, ვისაც სტკივა. თუმცა, რა თქმა უნდა, სულ სხვა რამ არის იმის შეტყობა, რომ ვიღაც ავად გახდა და სულ სხვა, როდესაც - თავად ხდები ავად. სწორედ ამ დროს გესმის ავადმყოფი ადამიანისა. წარსულში, როდესაც სიტყვა „ქიმიოთერაპია“ მესმოდა, მეგონა, რომ ეს „ხიმოთერაპია“ [13] იყო, ანუ, მეგონა, რომ კიბოიან ადამიანებს წამლად წვენებს და ნატურალურ საკვებს აძლევდნენ. საიდან უნდა მცოდნოდა, რა იყო „ქიმიოთერაპია“? თუმცა, ახლა კი გავიგე, რა სატანჯვცლიც ყოფილა!

- წმიდაო მამაო, რა უფრო მძიმე გადასატანია, „ქიმიოთერაპია“ თუ დასხივება?

- უფრო მძიმე? ერთი მეორეს არ ჩამოუვარდება - „ქიმიოთერაპიაც“ და დასხივებაც. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ყველა ეს პროცედურა მადას ართმევს. შენთვის კარგი კვებაა საჭირო, მაგრამ არაფრის ჭამა არ შეგიძლია. ექიმები კი გაძალებენ: „კარგად უნდა ჭამო!“ ჭამით კი უნდა ჭამო, მაგრამ რა უნდა ქნა, თუკი ეს „ქიმიოთერაპიები“ და დასხივებები მადას გიკარგავენ და ცხედრად გაქცევენ? როდესაც დასხივების კურსს გავდიოდი, მიუხედავად იმისა, რომ ერთიანად ვიწვოდი, წყლის დალევა საერთოდ არ შემეძლო. წყალიც კი მეზიზღებოდა. მისგან გულისრევის შეგრძნება მეწყებოდა.

- წმიდაო მამაო, ოპერაციაზე ცოტა ადრე რომ დათანხმებულიყავით...

- მაინც, როგორ „ადრე“? ჩემი გამოჯანმრთელებისათვის არც კი ვლოცულობ, რადგანაც, კიბო რომ მჭირს, ამის საშუალებით იმ ადამიანებთან ერთად ვიტანჯები, ვინც ტანჯვას განიცდის. მე უკეთ მესმის მათი, ვისაც სტკივა და მათ ტკივილს ვიზიარებ. მაგრამ, გარდა ამისა, ტკივილი სულიერად მეც მრგებს. მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ საკუთარი თავის მოვლა და სხვების დახმარება შემეძლოს. თუმცა, დაე ყველაფერი ისე იყოს, როგორც ღმერთს უნდა.

თუკი რაიმუ გტკივა და მას საზრუნავად არ გაიხდი (ანუ, ყურადღებას არ აქცევ მას), მაშინ შენ - თუ შეიძლება, ასე ითქვას - უფლება გაქვს, ღმერთს სთხოვო, რომ მან სხვა ადამიანები გაათავისუფლოს სნეულებისაგან. მაგრამ თვით იმ ადამიანსაც, რომელსაც არაფერი სტკივა, უნდა სურდეს, მცირედ მაინც იტანჯოს ტკივილებისაგან გაწამებული ადამიანებისათვის. ანუ ადამიანს სხვისი ტკივილის, სხვისი დარდის და მწუხარების საკუთარ თავზე აღება უნდა შეეძლოს.

- წმიდაო მამაო, როგორ უნდა აიღოს ადამიანმა საკუთარ თავზე სხვისი წუხილი?

- სიყვარულით. თუ ადამიანი სიყვარულით ეუბნება ვინმეს, „შენი ტკივილი მტკივაო“ ის მის საკუთარ თავზე ტვირთვას შეძლებს. თუმცა, თუკი ნამდვილად აიღებს მას, შემდეგ უკვე დიდი მოთმინებაა საჭირო. ზოგიერთი მოდის და მეუბნება: „წმიდაო მამაო, მინდა, რომ შენი ტკივილი საკუთარ თავზე ავიღო“. ზოგიერთი ამას მართლაც ვაჟკაცურად ამბობს, ზოგიერთმა კი თვითონაც არ იცის, რას ბოდავს. თვითონ ისინი სრულიად არაფრის გამო დარბიან ექმებთან და ძალიან ჩქარა ვარდებიან სასოწარკვეთილებაში. საკუთარი მცირეოდენი ტკივილის ატანა არ შეუძლიათ და ამავე დროს ჩემი ტკივილის ტვირთვას აპირებენ. ჯობს, მათ საკუთარი ტკივილები მოითმინონ, სიხარულით მიიღონ ის მწუხარება, ღმერთი რომ უგზავნის და იმას არ თხოულობდნენ, რომ ვითომდა სიყვარულის კარნახით, სხვისი ტკივილები იტვირთონ. უცებ ღმერთმა მართლა რომ შეუსრულოს თხოვნა, იმ დროისთვის მათ უკვე აღარც კი ემახსოვრებათ, რა ითხოვეს. დრტვინვას დაიწყებენ და შესაძლოა, რომ მომხდარში ღმერთი დაადანაშაულონ.

 

ავადმყოფის მოვლა-პატრონობა

გუშინ საღამოს ღამისთევაზე რომ მივდიოდი, ერთ კუთხეში შევნიშნე მამა პატარა შვილთან ერთად, რომელიც ხეიბრის ეტლში იჯდა. მივუახლოვდი, პატარას მოვეხვიე და ვაკოცე. „იცი, რომ შენ ანგელოზი ხარ?“ ვკითხე მას. მამამისს კი ვუთხარი: „შენთვის უდიდესი პატივია ანგელოზის მოვლა, გიხაროდეს, იმიტომ, რომ ორივე თქვენგანი სამოთხეში მოხვდება“. მათ სიხარულით გაუბრწყინდათ სახეები, იმიტომ, რომ საღმრთო ნუგეშინისცემა მიიღეს.

ისინი, ვინც მოთმინებითა და სიყვარულით უვლიან ავადმყოფებს, ხეიბრებსა და სხვა ამისთანა ადამიანებს, თავიანთი მსხვერპლით აღხოცენ საკუთარ ცოდვებს. ხოლო, თუ ცოდვები არ ამძიმებთ, გაბრწყინდებიან. ერთხელ ერთმა ქალმა თავისი ცხოვრებიდან სასწაულებრივი მოვლენის შესახებ მიამბო. მე გავოცდი, რადგანაც ისეთ მოვლენებს, რომლის შესახებაც იგი მომითხრობდა, მხოლოდ წმიდათა ცხოვრებებში თუ შეხვდები. ის კი ჩვეულებრივი, უბრალო ქალი იყო. მაგრამ, როდესაც მან ისიც მიამბო, თუ როგორ გაატარა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი, მივხვდი, რომ მთელი მისი ცხოვრება ერთიანი დიდი მსხვერპლშეწირვა იყო. ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო, როდესაც ავადმყოფების მოვლა დაიწყო იმიტომ, რომ მასთან ოჯახში ავადმყოფი ბებია და პაპა ცხოვრობდნენ. როდესაც გათხოვდა, მასთან მამამთილი და დედამთილი ცხოვრობდნენ, რომლებიც ასევე ავად იყვნენ. მერე მისი ქმარი გახდა ავად. ის საწოლს იყო მიჯაჭვული და ცოლი უვლიდა. ანუ, ამ ქალმა მთელი ცხოვრება ავადმყოფების მოვლაში გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას გამუდმებით სურდა, რომ სასულიერო წიგნები ეკითხა და ეკლესიაში ღამისთევებზე ევლო, მაგრამ საამისოდ დრო აღარ რჩებოდა. მაგრამ რამდენადაც ამისთვის გასამართლებელი მიზეზი ჰქონდა, ღმერთმა თავისი მადლი უხვად მიანიჭა.

- წმიდაო მამაო, იცით, ზოგიერთი ადამიანი ავადმყოფობაში ძალიან ახირებული ხდება.

- დიახ, ეს ნამდვილად ასე ხდება ხოლმე. მაგრამ ჯანმრთელებმა უნდა შეძლონ, გაამართლონ ავადმყოფების დრტვინვა, შფოთი, ბუზღუნი და ახირებები. იმიტომ, რომ მათთვის ეს ბუნებრივია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი თავად ჯანმრთელია და არ შეუძლია, ავადმყოფისა ესმოდეს. ის თვითონ არასოდეს ყოფილა ავად და ამის გამო რამდენადმე სისასტიკეს ავლენს.

ისინი, ვინც საწოლს მიჯაჭვულ ავადმყოფებს უვლიან, ყურადღებით უნდა იყვნენ და შეეცადონ, რომ ისინი დრტვინვამდე არ მიიყვანონ. ადამიანი შესაძლოა, სნეულს მრავალი წლის განმავღობაში უვლიდეს, მაგრამ, ბოლოს თუკი თუნდაც ერთხელ გახდება მისი დრტვინვის მიზეზი, ყველაფერს დაკარგავს. თუ ადამიანის სული დრტვინვით ტოვებს ამ ქვეყანას, მაშინ იგი, ვინც მისი დრტვინვის მიზეზი იყო, დიდ ცოდვაშია ჩავარდნილი. ამიტომ ეშმაკი იწყებს მათი ტანჯვას, ვითომდა „გაფაქიზებული“ სინდისით, იმის გამუდმებული გახსენებით, რომ მათ ადამიანი დრტვინვამდე მიიყვანეს და ის გარდაიცვალა.

- წმიდაო მამაო, ავადმყოფის მოვლისას ადამიანის ძალები მხოლოდ დაღლილობით კი არა, განცდებითაც ილევა იმის დანახვაზე, რომ საყვარელი ადამიანი თანდათანობით ქრება.

- შეხედე: როდესაც ოჯახის ერთი წევრი ხდება ავად, მთელი ოჯახი დარდობს მასზე. მაგრამ, თუ ავადმყოფი ოჯახის მამაა, მაშინ ოჯახი იტანჯება კიდეც და ამავე დროს გაჭირვებაშიც ვარდება. ყველა აფორიაქებულია, ფიქრობენ, გადარჩება თუ არა მამა. თვითონაც იტანჯება და მისი ახლობლებიც იტანჯებიან. ის იფერფლება, იფერფლებიან ისინიც, ვინც მის გვერდით არიან. ხოლო დედაზე ამ დროს ორმაგი დატვირთვა მოდის. მან შვილებზეც უნდა იზრუნოს და საავადმყოფოშიც უნდა იაროს ავადმყოფის მოსავლელად. იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ადამიანი ავად ხდება, მარტო თვითონ კი არ იტანჯება, ძალა ეცლება და სიკვდილი უნდა, არამედ, მისი მომვლელი ახლობლებიც ეცემიან სულიერად, იტანჯებიან და ძალა ეცლებათ. რაც უფრო მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ახლობელი ადამიანები, რამდენადაც მეტად უყვართ ერთმანეთი, მით მეტად უშვებს ღმერთი იმას, რომ ამ ავადმყოფობის დასარულს თვითონ ავადმეოფიც და მისი ახლობლებიც დიდ ტანჯვას და დიდ ტკივილს განიცდიდნენ. ისინი იქამდე მიდიან, რომ ამბობენ: „ნეტავ წაიყვანოს ღმერთმა, რომ დაისვენოს!“ მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ თვითონაც დაისვენებენ. აბა, შეხედეთ, როდესაც რომელიმე ძალიან მეგობრულ ოჯახში მშობლები მოულოდნელად იხოცებიან, ისე, რომ არც თვითონ ისინი და არც მათი შვილები მათი ავადმყოფობის გამო არ იტანჯებიან, ამ დროს დანაკარგით განცდილი ტკივილი, მშობლებთან განშორებით გამოწვეული მწუხარება ძალიან დიდია.

- წმიდაო მამაო, რამდენად მოქმედებს ადამიანის სულიერი მდგომარეობა მის ხორციელ ჯანმრთელობაზე?

- თუ ადამიანს კარგი სულიერი მდგომარეობა აქვს, ეს მის ხორციელ ტკივილს ამსუბუქებს. თუ მას ცუდი სულიერი მდგომარეობა აქვს, ეს ცუდი მდგომარეობა მის ჯანმრთელობასაც აუარესებს. ავიღოთ მაგალითად, კიბოთი დასნეულებული ადამიანი, რომელზეც ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. თუ მას ღმერთი სწამს და მხიარულ სულიერ ატმოსფეროს შეიქმნის, შეუძლია, გაცილებით დიდხანს იცოცხლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი შინაგანმა აშლილობამ შესაძლოა, ის რამოდენიმე დღეში დაფერფლოს. ზოგჯერ სამედიცინო თვალთახედვით, ადამიანი სრულიად ჯანმრთელია, მას კარგი ანალიზები აქვს, მაგრამ თუ მასში არის რაღაც ისეთი, რაც სულიერად ანადგურებს, მაშინ ნამდვილად ავადაა. ავადმყოფობების უმრავლესობა ხომ აშლილობით იწყება. ყველა ადამიანს აქვს რაიმე მტკივნეული ადგილი. ერთ ადამიანს აშლილობა მუცელში „დასცხებს“, მეორეს - თავში.

ავადმყოფობის სამკურნალოდ ყველაზე უკეთესი წამალი ეს ის სულიერი სიხარულია, რომელსაც საღმრთო მადლი სულში ჩაუღვრის ხოლმე ადამიანს. სულიერი სიხარული ყოველგვარი სნეულებისას უდიდეს მკურნალ ძალას ფლობს. ეს სიხარული ჭრილობების გამაცოცხლებელი საღმრთო მალამოა, მაშინ, როდესაც აშლილობა ამ ჭრილობებს კიდევ უფრო აღრმავებს.

 

ავადმყოფის ტანჯვა და ღვთისადმი ნდობა

- წმიდაო მამაო, სწორად თუ იქცევა მძიმედ დაავადებული ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ საკუთარი თავი მთლიანად ღმერთს მიანდოს?

- თუკი მას სხვათა წინაშე მოვალეობები არ აკისრია, ისე უნდა მოიქცეს, როგორც სურს. მაგრამ, თუ ის სხვათა წინაშე რამდენადმე პასუხისმგებელია, მაშინ იმ სხვათა გადასაწყვეტია, უნდა მიმართოს მან ექიმს, თუ თავი მთლიანად ღმერთს მიანდოს. მეც ხომ საკუთარი ნებით არ მივსულვარ ექიმთან... ამაზე რომ არ წავსულიყავი და ეს „უბრალო გამოკვლევა“ არ ჩამეტარებინა, როგორც ექიმმა თქვა, სიმსივნე ნაწლავს მთლიანად გადაფარავდა. მხოლოდ მცირეოდენი სითხის მიღებას შევძლებდი და მერე ყველაფერი დამთავრდებოდა. ხედავთ, რა მოხდა? „უბრალო გამოკვლევაზე“ წავედი და ამ გაჭინაურებულ საქმეში გავეხვიე. ხან ტომოგრაფია დამჭირდა და ხანაც - კარდეოლოგი. სისხლში ცილების დონე ხან მაღლა იწევს და ხანაც ვარდება. ჭრიან, კერავენ, საკერებელს ადებენ. და ბოლოს და ბოლოს, რა გამოვიდა აქედან? საქმე იქით მიდის, რომ სამუდამოდ აქ დავრჩები.

ჩვეულებრივ ვამბობთ ხოლმე: „თავდაპირველად ავადმყოფები უნდა შეეცადონ, რომ მათ ადამიანურად მიიღონ დახმარება. ხოლო, იქ, სადაც უკვე ადამიანური დახმარება ვეღარაფერს გახდება, მათ ღმერთი შეეწევა“. მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ როდესაც ადამიანურ შეწევნას მიიღებენ, მძიმე სნეულებით გატანჯული ადამიანები კიდევ უფრო მეტად იტანჯებიან. ისინი იძულებეულები არიან, გაიარონ ჭეშმარიტი მოწამეობის გზა. მათ უნდა გაუძლონ უამრავ გამოკვლევას, ოპერაციას, ორგანოების გადანერგვას, ქიმიოთერაპიას, დასხივებას. მათ უჩხვლეტენ ხელებს იმისათვის, რომ წვეთოვანი დაუდგან. საბრალოებს ვენები უსკდებათ, ცხვირიდან - მილებით კვებავენ. ძილიც კი არ შეუძლიათ. და ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ გაკეთდეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც ადამიანურადაა შესაძლებელი. მიხვდი, რა ხდება? საქმე ისე, უბრალოდ არ გვარდება. მაგალითად, ჭრილობაში დაგროვდა ჩირქი და ამ ჩირქის მოსაცილებლად გაჭრა ხდება აუცილებელი. მერე კი ყველაფერი კარგად თავდება. არა, აქ ადამიანი ნამდვილ კარუსელზე ტრიალს იწყებს. ამიტომ არ უნდა ვამბობდეთ: „ყველაფერი რიგზეა, ეს ავადმყოფი კარგი ექიმების ხელში მოხვდა“ და თავს ამით არ უნდა ვიმშვიდებდეთ. არა, ჩვენ მხედველობაში უნდა გვქონდეს შემდეგი: იმისათვის, რომ ავადმყოფმა ექიმებისაგან დახმარება მიიღოს, მან ნამდვილი განსაცდელი და ტანჯვა უნდა გამოიაროს. ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ იმისათვის, რომ ქრისტემ მას მოთმინება მიანიჭოს და განანათლოს მისი ექიმი იმიტომ, რომ ექიმს, განსაკუთრებით თუკი მას სიმდაბლე არ მოუპოვებია, ბევრი შეცდომის დაშვება შეუძლია.

შეხედე: როდესაც სახლი ინგრევა, პატრონი ხომ მასში დარჩენას ვეღარ შეძლებს. ისევე, როგორც სხეულის პატრონი სული ვეღარ დარჩება თავის სახლში - სხეულში, თუკი ის დაირღვევა. დღეს კი პატრონის თავის სახლში - სხეულში დატოვებას რკინისა და ფოლადის, ასევე ა, ბ, ც ვიტამინების მეშვეობით ცდილობენ. ანუ, ცდილობენ, რომ ავადმყოფს მეცნიერების საშუალებით დაეხმარონ. მაგრამ ყველა ავადმყოფს როდი ეშველება! და ამ დახმარების შედეგად გრძელდება მათი ცხოვრება ტკივილთან ერთად, ან უფრო სწორად - გრძელდება მათი გამუდმებული ტკივილი. მხოლოდ მეცნიერება ხომ არასოდეს კმაროდა მასთან ერთად სარწმუნოება და ლოცვაა საჭირო. ზოგჯერ აქ, მონასტერშიც კი ვხედავ, რომ ის დები, ვინც ერში ექიმები იყვნენ, ცდილობენ, ავადმყოფს უფრო მეტად დაეხმარონ სამედიცინო ჩარევით, ვიდრე - ღმერთზე მინდობითა და ლოცვით.

თუმცა, გულისმიერ ლოცვას შეუძლია, ეს დები უმაღლესი სამედიცინო დიპლომების მფლობელებად გარდაქმნას, რამდენადაც, თუკი ისინი გულისმიერ ლოცვას მოიხვეჭენ, ადამიანური მეცნიერების იმედზე აღარ იქნებიან. თუკი ადამიანი საკუთარ თავში მთელი კაცობრიობისადმი გულმტკივნეულ სიყვარულს გამოიმუშავებს, ამ დროს საღმრთო ძალები ამოქმედდებიან. მთავარია, რომ სულში ღრმა სიმდაბლე არსებობდეს, რომ ადამიანი არ გაამპარტავნდეს და არ შეურაცხყოს ღმერთი იმით, რომ ეს ძალები თავის საკუთრებად ჩათვალოს, ჩვენ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტეს თვით იმ ავადმყოფების აღდგინება შეუძლია, რომელთაც ექიმები ვერ კურნავენ. მაგრამ იმისათვის, რომ საქმეში ქრისტე ჩაერიოს, სერიოზული მიზეზი უნდა არსებობდეს. ხოლო ავადმყოფისათვის მლოცველი ძალიან მორწმუნე და ქრისტესთვის თავდადებული ადამიანი უნდა იყოს.

- წმიდაო მამაო, ანუ თუ ადამიანები იტანჯებიან, მათ სამედიცინო დახმარებას არ უნდა მიმართონ?

- არა, ჩემო ძმაო, ეს სულაც არ მიგულისხმია! არ მითქვამს, რომ ავადმყოფს ჟანგბადი არ უნდა მიაწოდო და გაუშვი დადაიხრჩოს. მხოლოდ იმისთვის მინდოდა ხაზი გამესვა, თუ როგორ იტანჯება ავადმყოფი, თუ მხოლოდ ადამიანურ დახმარებას იღებს და რომ ჩვენ უნდა ვევედროთ ქრისტეს, შეეწიოს სნეულს და ის აღარ იტანჯებოდეს. თუ ავადმყოფობა გაჭიანურდება, ვევედროთ ქრისტეს, რომ ერთი ხელის მოსმით დაასრულოს ის, რადგანაც, როდესაც ქრისტე რომელიმე სნეულს ხელს დაადებს, ის გამოჯანსაღდება. მერე უკვე აღარც წამალი სჭირდება, არც შხამი. ხოლო, თუ ის ადამიანის სახეს ალერსიანი ხელით შეეხება, ეს კიდევ უფრო უკეთესია. მაგრამ თუ ჩაიხუტებს კიდეც, მაშინ ადამიანური ტკივილი მსუბუქდება. ეს თქვენთვის გასაგებია? თუმცა ამისათვის დიდი სარწმუნოებაა საჭირო. თუკი თავად სნეულს რწმენა არა აქვს, ის არ გამოჯანმრთელდება.

 

ავადმყოფი ბავშვები

- წმიდაო მამაო, დღეს რომ მშობლებმა მოიყვანეს, ის ავადმყოფი ბავშვი ძალიან იტანჯება.

- არაუშავს. თანდათანობით მისი ავადმყოფობა გაივლის. მაგრამ ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მგრძნობიარე ადამიანი იქნება და თავისი ავადმყოფობა მუდამ ემახსოვრება. ეს მგრძნობიარობა მას სულიერად დაეხმარება.

- წმიდაო მამაო, სისხლის გათეთრებით დაავადებული ბავშვებიც ძალიან იტანჯებიან.

- ასეთ ბავშვებს ძალიან ეხმარება საღმრთო ზიარება. ბევრი ბავშვი საღმრთო ზიარებამ განკურნა კიდეც. ას ორმოცდამეხუთე ფსალმუნის წაკითხვისას ვევედრებით უფალს, რომ განკურნოს ისინი, ვინც სისხლდენით იტანჯებიან [15]. ამ დროს სისხლის გათეთრებით დაავადებული ბავშვებისთვისაც ვილოცოთ. ასევე იმისათვის, რომ საავადმყოფოებში ყველა თალესამიით დაავადებული ბავშვისთვის საკმარისი სისხლი ჰქონდეთ [16]. ეს ბავშვები იმ ყრმებზე მეტად იტანჯებიან, ჰეროდემ რომ გაწყვიტა [17]. ავადმყოფობისაგან გაწამებულ პატარა ბავშვებს დიდი საზღაური ელით, რადგანაც ისინი უცოდველები არიან. რომ იცოდეთ, იმ ქვეყნად რამდენ ბავშვს ვნახავთ მოწამეობრივად აღსრულებულ, ანგელოზების დასთან შერთულ ბეთლემში მოწყვეტილ ყრმებთან ერთად. ორი თვის ჩვილს ოპერაციას და ნემსებს უკეთებენ, წვეთოვანს უდგამენ! როგორ გინდა, რომ ამ ნამცეცა ხელზე ვენა მოძებნო?! მათ კი უკეთებენ და უკეთებენ ნემსებს. ბავშვს თავის ტვინის სიმსივნე აქვს და მას ასხივებენ, პატარა თავი უზარმაზარ ელექტრო სადენებს შორის დევს. უფროსებსაც კი არ შეუძლიათ ასეთი რამის გადატანა და რაღა ითქმის ბავშვებზე?

- წმიდაო მამაო, ეს ბავშვები ბოლოს და ბოლოს გამოჯანმრთელდებიან თუ კვდებიან?

- ეჰ, ბევრი მათგანი, რა თქმა უნდა, კვდება. მაგრამ განა მშობლებს შეუძლიათ, რომ სამედიცინო დახმარების გარეშე დატოვონ ისინი.

- წმიდაო მამაო, აქვს კი რაიმე აზრი იმას, რომ ნაადრევი მშობიარობის შედეგად დაბადებულ ბავშვებს პედიატრები სიცოცხლეს უნარჩუნებენ?

- ექიმებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ და ამავე დროს ილოცონ ამ ბავშვებისათვის. ეს ექიმები ღმერთს უნდა ევედრებოდნენ. „ღმერთო ჩემო, თუ ეს ბავშვი გადარჩება, მთელი დარჩენილი სიცოცხლე ტანჯვა მოუწევს, მაშინ გევედრები, წაიყვანე ის ახლავე“. ამავე დროს, მათ იმაზეც უნდა იზრუნონ, რომ ბავშვი წმიდა ნათლისღების გარეშე არ დარჩეს. მაშინ ეს ბავშვები თავიანთ ექიმებს სამოთხეში დანთებული სანთლებით დახვდებიან.

ხოლო, როდესაც ბავშვები უკვე იმ ასაკში იმყოფებიან, როდესაც რაღაცის გაგება შეუძლიათ, ექიმებს უდიდესი ყურადღება მართებთ, რათა დიაგნოზის გამოცხადებით მათი ტრამვირება არ მოხდეს. ერთ რვა წლის ბავშვს ექიმმა უთხრა: „შენ დაბრმავდები“. ბავშვის მამა ჩემთან მოვიდა და პირდაპირ ამ ბავშვის თანდასწრებით მომიყვა, „ჩვენ მას გამოკვლევებზე საზღვარგარეთ დავატარებდით, გვითხრეს, რომ ის დაბრმავდება“. ასეთი რამ სრულიად ჯანმრთელმა ბავშვმაც რომ მოისმინოს, შესაძლოა, შინაგანმა აშლილობამ პირდაპირ სუსტ ადგილზე დაარტყას. აბა, ავადმყოფ ბავშვზე რაღა ითქმის.

 

იმისათვის, რომ სნეული გამოჯანმრთელდეს, რამენაირი მსხვერპლი უნდა გაიღოს

თუ ღვთისაგან რაიმეს ვითხოვთ და თავად მსხვერპლად არაფერს ვიღებთ, მაშინ ჩვენს ვედრებას დიდი ფასი არა აქვს. თუ გულხელდაკრეფილი ვზივარ და ვამბობ: „ღმერთო ჩემო, გევედრები, განკურნე ესა და ეს ავადმყოფი!“ თავად მე კი ამ დროს არანაირ მსხვერპლზე არ მივდივარ, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ჩემს კეთილ სურვილებს გამოვთქვამ (ანუ სიტყვებს ქარს ვატან). ხოლო, თუკი სიყვარული მაქვს, თუკი მე მაქვს მსხვერპლის გაღების უნარი, მაშინ ქრსსტე, როდესაც ამას დაინახავს, შეასრულებს ჩემს თხოვნას, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს სხვას წაადგება. ამიტომ, როდესაც ადამიანები სნეული ახლობლებისათვის ლოცვას გთხოვენ, უთხარით მათ, რომ თავადაც ილოცონ, ანდა, ეცადონ, რომ საკუთარი ნაკლოვანებებისაგან გათავისუფლდნენ.

მოვა ჩემთან ზოგიერთი და მთხოვს: „განმკურნე, შევიტყვე, რომ ჩემი დახმარება შენ შეგიძლია“. თუმცა, ეს ადამიანები ყოველგვარი პირადი ძალისხმევის გარეშე ცდილობენ, დახმარება მიიღონ. მაგალითად, შენ ეუბნები ადამიანს: „ტკბილს ნუღარ ჭამ, გაიღე ღვთის წინაშე ეს მსხვერპლი, რომ იგი დაგეხმაროს“. ის კი გპასუხობს: „რატომ, განა ღმერთს დახმარება უმსხვერპლოდ კი არ შეუძლია?“ ამგვარად, ასეთ ადმაინებს არ შეუძლიათ, მსხვერპლი თუნდაც საკუთარი თავისათვის გაიღონ. აბა, სხვისთვის როგორღა გაწირავენ თავს?! მაგრამ არიან ისეთებიც, ტკბილს რომ არ ჭამენ მხოლოდ იმისათვის, რომ ღმერთი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს დაეხმაროს, ან - საერთოდ რომ არ იძინებს, რათა ქრისტემ ცოტაოდენი ძილი უწყალობს უძილობისაგან გატანჯულ ადამიანებს. ამგვარი ქმედებით ასეთი კაცი ღმერთის მონათესავე ხდება. და მაშინ ღმერთი ადამიანებს თავის მადლს ანიჭებს.

როდესაც ადამიანი მეუბნება, რომ რომელიმე ავადმყოფი ახლობლისათვის ლოცვა არ შეუძლია, ვურჩევ, რომ ამ ავადმყოფი ახლობლისთვის მსხვერპლი გაიღოს, გაიღოს მსხვერპლად რაღაც ისეთი, რაც პირადად მის ჯანმრთელობას ავნებს.

ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი ადამიანი გერმანიიდან მოვიდა. მას ჰყავდა ქალიშვილი, რომელიც თანდათანობით პარალიზებული ხდებოდა. ექიმებმა მასზე ხელი აიღეს. საბრალო მამა სრულ სასოწარკვეთილებას განიცდიდა. „შენი შვილის ჯანმრთელობისათვის რამენაირი მსხვერპლი გაიღე. მეტანიების აღსრულება შენ არ შეგიძლია, ლოცვა შენ არ შეგიძლია, აბა, სხვა რა უნდა გააკეთო?!. კარგი: რამდენ ღერ სიგარეტს ეწევი დღეში?“ „ოთხ-ნახევარ კოლოფს“. მიპასუხა მან. „დღეში ერთი კოლოფი მოსწიე, ხოლო ის ფული, რომელსაც სამ-ნახევარ კოლოფზე ხარჯავდი, რომელიმე ღატაკს უწყალობე“, - ვუთხარი მას. „მამაო, ოღონდაც ჩემი შვილი გამოჯანმრთელდეს და მოწევას საერთოდ დავანებებ თავს“, - მითხრა ამ კაცმა. „არა, როდესაც ის გამოჯანმრთელდება, ამას უკვე ფასი აღარ ექნება, მოწევა ახლავე უნდა მიატოვო. დაანებე თავი სიგარეტს, ნუთუ შვილი არ გიყვარს?!“, - შევეპასუხე მე. „ჩემი შვილი არ მიყვარს? მე ხომ მისი გულისათვის შემიძლია, მეექვსე სართულიდან გადავხტე“, - მომიგო მან. „იმას კი არ გეუბნები, მეექვსე სართულიდან გადახტი მეთქი, ასე ხომ შენს შვილს უპატრონოდ დატოვებ და თვითონაც სულს წააგებ, არამედ გირჩევ, რომ მოწევა მიატოვო და მიატოვო პირდაპირ ახლავე“ - ვეუბნებოდი მე. მაგრამ მას მოწევაზე უარის თქმა არაფრით არ სურდა და ბოლოს და ბოლოს ჩემგან ატირებული წავიდა. აბა, ასეთი ადამიანის დახმარებას როგორ შეძლებ? მაგრამ ისინი, ვინც მისმენენ, შეწევნას აუცილებლად იღებენ.

მეორედ კიდევ ერთი ადამიანი მოვიდა, რომელსაც ფეხით სიარულისაგან სული ეხუთებოდა. მივხვდი, რომ ბევრს ეწეოდა და ვუთხარი: „ახირებული კაცი ხარ, ამდენს რატომ ეწევი?! ასე ხომ ავად გახდები?!“ ცოტა რომ დაისვენა, მითხრა. ჩემი ცოლი ძალიან ავადაა და შეიძლება მოკვდეს, გევედრები, ილოცე, რომ სასწაული მოხდეს, ექიმებმა თავიანთი უძლურება აღიარეს. „გიყვარს შენი ცოლი?“ ვკითხე მე. „მიყვარს“, - მიპასუხა. „მაშ რატომ არ გინდა, რომ თავად შენ დაეხმარო მას. თვითონ გააკეთა ყველაფერი, რაც კი შეეძლო, ექიმებმაც ყველაფერი იღონეს. შენ ახლა მოხვედი ჩემთან და მთხოვ, რომ მეც გავაკეთო ყველაფერი ის, რაც შემიძლია ანუ, ვილოცო, რომ ღმერთი დაეხმაროს. მაგრამ, შენ რა გააკეთე იმისათვის, რომ დახმარებოდი?!“ „მე რისი გაკეთება შემიძლია, წმიდაო მამაო?“ გაუკვირდა მას. „თუ მოწევას თავს დაანებებ, შენი ცოლი გამოჯანმრთელდება“. ამ დროს ვფიქრობდი: თუკი ღმერთი დაინახავს, რომ მისი ცოლისთვის გამოჯანმთელება სულიერად სასარგებლო ვერ იქნება და ამიტომ მას არ განკურნავს, ეს კაცი ხომ მაინც მიატოვებს მოწევას და ყველა იმ ბოროტებისაგან გათავისუფლდება, რაც თამბაქოს მოაქვს. გავიდა ერთი თვე და ეს ადამიანი ჩემთან გახარებული, მადლობის სათქმელად მოვიდა. „წმიდაო მამაო, მოწევა მივატოვე და ჩემი ცოლი გამოჯანმრთელდა“, - მახარა მან. ცოტა ხნის შემდეგ მან კვლავ მომნახა. ძალიან აღელვებული იყო და მიამბო, რომ ნელ-ნელა კვლავ დაიწყო მოწევა და ცოლი ისევ მძიმედ ჰყავდა ავად. მაშინ ვუთხარი: „ახლა უკვე თავად იცი წამალი, თავი ანებე მოწევას“.

 

ლოცვა სნეულთათვის

- წმიდაო მამაო, მოვიდნენ ადამიანები, რომელებიც გთხოვენ, რომ ავადმყოფი ბავშვისთვის ილოცოთ. თანაც გეკითხებიან განიკურნება თუ არა იგი. რა ვუპასუხოთ?

- ასე უპასუხეთ: „ბერი ვლოცებს, ქრისტეს უყვარს ეს ბავშვი და იმას გააკეთებს, რაც მისთვის უკეთესი იქნება. თუ დაინახავს, რომ როცა ბავშვი გაიზრდება, ეს მისავის უკეთესი იქნება, იგი შეისმენს ბერის ლოცვას. მაგრამ, თუ ქრისტემ იცის, რომ მოზრდილობისას ამ ბავშვს კეთილი სულიერი მდგომარეობა არ ექნება, ახლავე წაიყვანს თავისთან და ამას იმიტომ იზამს, რომ უყვარს ის“. ქრისტე ხომ ამბობს: „ითხოვე და მოგცემ“ [18]. მაგრამ ღმერთი მომცემს იმას, რასაც ვითხოვ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მე თავად მივუძღვნი მას საკუთარ თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ მიბოძებს იგი სიცოცხლეს? განა იმისათვის, რომ ღმერთს განვეშორო? როდესაც სნეულისათვის ვლოცულობ, ვხარობ მაშინ, თუ ის გამოჯანმრთელდა და მაშინაც, თუ ის გარდაიცვალა.

- წმიდაო მამაო, როდესაც პირადად ჩვენი ჯანმრთელობისთვის ვლოცულობთ, ამ დროს სწორად ვიქცევით?

- უმჯობესი იქნება, თუ ღვთისაგან ცოდვებისაგან გათავისუფლებას ვითხოვთ. ანუ, უპირველესად ღვთის სასუფეველს უნდა ვითხოვდეთ და ვეძიებდეთ. როდესაც უფალს ხორციელი სნეულებისაგან განკურნებას ვთხოვთ, ამით საკუთარ ზეციურ ქონებას ვფლანგავთ. თუმცა, თუკი იმ ტანჯვის დათმენა არ შეგვიძლია, ავადმყოფობას რომ მოსდევს, მაშის განკურნება უნდა ვევედროთ და იგი იმისდა შესაბამისად მოიქცევა, რაც ჩვენთვის სასარგებლო იქნება.

- წმიდაო მამაო, დაეხმარება სნეულს ჩვენი ლოცვები, თუკი ის თავად ღმერთს სულ სხვა რამეს სთხოვს?

- თუ ავადმყოფი ღმერთს ევედრება, რომ მხოლოდ ის განკურნოს და სხვა ავადმყოფებისთვის არ ლოცულობს, არასწორად იქცევა. აი, მაგალითად შენ დაო, როდესაც ერში იყავი, საავადმყოფოში მუშაობდი, როგორ იქცეოდი მაშინ, როდესაც ავადმყოფს იესოს ლოცვის წარმოთქმა არ შეეძლო?

- მე თვითონ ვასრულებდი მას, წმიდაო მამაო.

- შენ, რა თქმა უნდა, სწორად იქცეოდი, მაგრამ თვითონ ავადმყოფსაც უნდა აღევლინა ლოცვა.

- ის თვითონაც ლოცულობდა. ამბობდა: „ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, შემეწიე ღა მაცხოვნე მე“. მაგრამ, წმიდაო მამაო, განა ტკივილის მოთმენა კი არ არის ლოცვა?!

- აი, ყოჩაღ! დიახ, რა თქმა უნდა, ესეც ლოცვაა! როდესაც ავადმყოფი გთხოვთ, რომ ამა და ამ დღეს ილოცოთ მისთვის, იმიტომ, რომ სწორედ ამ დღეს იკეთებს ოპერაციას, ლოცვა დაუყოვნებლივ დაიწყეთ და ამისთვის იმ დღესა და საათს ნუ დაელოდებით, როდესაც ის საოპერაციოში უნდა შეიყვანონ. ასევე მსახურებისას, როდესაც ღვთისმსახური წარმოსთქვამს: „ყოველთა უძლურებასა შინა მყოფთათვის...“ თანაგრძნობით იგალობეთ: „უფალო შეგვიწყალენ“. თუ თქვენ ფილტვებში ბლომად ჰაერს დააგროვებთ, მთელი ხმით „უ-უ-უ - ს“ იტყვით და მხოლოდ იმას შეეცდებით, რომ ეს „უფალო შეგვიწყალენ“ რაც შეიძლება, მუსიკალურად იმღეროთ, მაშინ თქვენი გონება მთლიანად ამ „უ-უ-უ - ს“ და ამის მსგავს სისულელეებს გაჰყვება თან, მაშინ, როდესაც საბრალო სნეულები, გაწამებულები და გატანჯულები მცირეოდენ შეწევნას მაინც ელიან ჩვენგან. ავადმყოფებს ხომ ტკივილი ტანჯავთ. შენ გული არ შეგტკივა! ასე რომ, ილოცე მათთვის, რომ მათ შეწევნა მიიღონ. თუ შენ თავად ტკივილისაგან არ ოხრავ და ხეიბრის საწოლს მიჯაჭვული არ კვნესი, სნეულთათვის აღვლენილ ლოცვაში მაინც აღავლინე სულთქმა. თუ ჯანმრთელი ადამიანები მცირეოდენს მაინც არ ილოცებენ ავადმყოფებისთვის, მაშინ ძალიან მალე ქრისტე ეტყვის მათ: „თქვენ ჯანმრთელები იყავით და არ ლოცულობდით მათთვის, ვინც იტანჯებოდა. „არა გიცნი თქუენ!“ [19].

თუკი ჩვენ არ ვლოცულობთ სნეულთათვის, ავადმყოფობა ბუნებრივად განვითარდება. მაშინ, როდესაც, თუ მისთვის ვილოცებთ, შესაძლოა, სნეულების თვისობრივი მიწდინარეობა შეიცვალოს, ამიტომ ყოველთვის ილოცეთ ავადმყოფებისთვის.

 


[1] - ღმერთის მოლმობიერების (მოსყიდვის) ცნება მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში არ ფლობს იმ იურიდიულ შინაარსს, რომელიც მას დასავლეთის ეკლესიის ღვთისმეტყველებაში აქვს. აქ ის გამოხატავს ღვთის მიერ კაცთმოყვარებით შემცოდე ადამიანზე მოვლენილ სასჯელს - მისივე ცხონებისათვის.

[2] - კორ. 12,9.

[3] - ჰემოდიალიზმი - სისხლის დიალიზი და ულტრაფილტრაცია „ხელოვნური თირკმლის“ აპარატის საშუალებით.

[4] - ესთიგმენის მონასტერში - 1953-1955 წლებში.

[5] - ბრონქოექტაზია - ბრონქებისა და ბრონქიოლების გაფართოება წვრილი ბრონქების ხანგრძლივი ანთების ან დაცობის შედეგად.

[6] - ებრ. 10,36.

[7] - ასე უწოდებდა ფარასის მოსახლეობა ღირს არსენი კაპადოკიელს.

[8] - ლუკ. 21,19.

[9] - ნახ. წიგნი იობისა.

[10] - ნახ. მათ. 27,26-44; მარკ. 15,15-32; ლუკ. 23,23-43; იოან. 19,1-23.

[11] - ნახ. ეს. 53,9.

[12] -  ორმოცი სებასტიელი მოწამის ტროპარი. ხსენება აღესრულება 9 მარტს.

[13] - ბერძნულად წარმოითქმის „წვენების თერაპიის“ მსგავსად.

[14] - წარმოთქმულია 1994 წლის ივნისში - აღსასრულამდე ერთი თვით ადრე.

[15] - ამგვარ შემთხვევაში წმიდა არსენი კაპადოკიელი 145-ე ფსალმუნს კითხულობდა.

[16] - ნახ. შენიშვნა 9, გვ. 184.

[17] - ნახ. მათ. 2,16.

[18] - ნახ. მათ. 7,7; მარკ. 11, 24; ლუკ. 11,10; იოან. 16,24.

[19] - ნახ. მათ. 25,12.