მამა პაისი მთაწმინდელი

სულიერი კანონები

როგორ მოქმედებს სულიერი კანონები

- წმიდაო მამაო, რომელ კანონებს ეწოდება სულიერი?

- განგიმარტავ: ისევე, როგორც არსებობს ბუნების კანონები, სულიერ ცხოვრებაშიც არსებობს სულიერი კანონები. ვთქვათ, ადამიანი მაღლა ისვრის რაიმე მძიმე საგანს. რაც უფრო მაღლა და რაც უფრო დიდი ძალით აისვრის მას, მით უფრო სწრაფად დაბრუნდება მიწაზე და მით უფრო მეტად დაომტვრევა. ეს ბუნების კანონია. ხოლო სულიერი კანონების მიხედვით, რაც უფრო მეტად ამაღლდება ადამიანი საკუთარ სულიერ ამპატავნებაზე, მით უფრო ძლიერი იქნება მისი სულიერი დაცემა და საკუთარი სულიერი ამპარტავნების შესაბამისი იქნება მისი სულიერი მსხვრევაც. ამპარტავანი ხომ მხოლოდ გარკვეულ სიმაღლემდე ახერხებს ამაღლებას, მერე კი ეცემა და მარცხდება „რომელმან აღიმაღლოს თავი თასი, იგი დამდაბლდეს“ [1]. ეს სულიერი კანონია.

თუმცა სულიერ და ბუნების კანონებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. ბუნებრივი კანონები არ არის „გულმტკივნეული“ და ადამიანს მათი შეცვლა არ შეუძლია. ხოლო სულიერი კანონები „გულმტკივნეული“ არის იმიტომ, რომ სულიერი კანონების მიხედვით ადამიანს საქმე აქვს თავის შემქმნელთან და შემოქმედთან - მრავალმოწყალე ღმერთთან. ანუ, როდესაც გააცნობიერებს, თუ რა მაღლა „ააფრინა“ საკუთარმა ამპარტავნებამ იგი იტყვის: „ღმერთო ჩემო, რაც მაქვს, არაფერი ჩემი არ არის და კიდევ ამპარტავნებაში ვარ? შემინდე“. და მაშინათვე ადამიანს შეეშველება ღვთის მზრუნველი ხელი, რომელიც წამიერად იპყრობს მას და ნაზად დასვამს მიწაზე. ისე, რომ მისი დაცემა შეუმჩნეველი დარჩება. ამგვარად ადამიანს არ შემუსრავს დაცემა, რამდენადაც მას წინ უძღოდა შემუსვრილება გულისა და შინაგანი სინანული.

სწორედ ასევე ხდება სახარებისეულ კანონებთან მიმართებაში. „რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ“ [2] ანუ: თუკი მე ვინმეზე მახვილს აღვმართავ, სულიერი კანონების მიხედვით, ამას იმით გამოვისყიდი, რომ თავად ჩემზეც აღიმართება მახვილი. მაგრამ, თუ საკუთარ ცოდვას გავაცნობიერებ, თუკი საკუთარი სინდისი „აღმართავს მახვილს“ ჩემზე და მე ღვთისაგან შენდობას ვითხოვ, სულიერი კანონები მოქმედებას შეწყვეტს და მეც მაკურნებელი ბალზამის დარად ღვთის სიყვარულს მივიღებ.

ანუ საღვთო სამართლის სიღრმეში, - ხოლო მისი სამართალი არის უფსკრული, - ვხედავთ, რომ ღმერთი „იცვლება“ მაშინ, როდესაც ადამიანები იცვლებიან. როდესაც გაუგონარი ბავშვი გონს მოდის, ნანობს და სინდისის ქენჯნას გრძნობს, მამა ეფერება მას და ამშვიდებს. ადამიანს შეუძლია, ღვთის გადაწყვეტილება შეცვალოს. ეს კი სახუმარო საქმე როდია. შენ ბოროტება აღასრულე? ღმერთი ამისთვის მუჯლუგუნით დაგსჯის. აღიარე, რომ შესცოდე? ის თავის კურთხევას მოგანიჭებს.

 

ღმერთის კეთილშობილი შვილები

ზოგიერთმა ადამიანმა ცოდვები მოინანია და ღმერთმაც შეუნდო. სულიერმა კანონებმა შეწყვიტეს მოქმედება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადამიანებს არ ავიწყდებათ საკუთარი ცოდვები. ისინი გამუდმებით ითხოვენ ღვთისგან სასჯელს ამ ცოდვებისათვის, რომ ისინი აქვე, ამქვეყნიურ ცხოვრებაში გამოისყიდონ. და რამდენადაც ისინი თავად მოითხოვენ ამას, სახიერი ღმერთი აღასრულებს მათ ღვთისმოსაურ ვედრებას. სამაგიეროდ იგი თავის ზეციურ შემნახველ სალაროში ინახავს მათთვის საზღაურს და იმ სულიერ პროცენტებს, მათზე რომ გროვდება. ასეთი ადამიანები მადლიერი შვილები არიან ღვთისა, ყველაზე ღვთისმოსავი შვილები. წიგნში „ლიმონარი“ [3] მოთხრობილია ამბა პიმენზე, რომელიც მწყემსი იყო. ერთხელ მას ერთი ადამიანი ესტუმრა და ითხოვა, რომ ამბას მისთვის თავის სენაკში ღამის გასათევად დარჩენის ნება მიეცა. რამდენადაც მას სტუმრებისათვის ღამის გასათევი ადგილი არ ჰქონდა, ამბამ იგი თავის ადგილას დააწვინა, თვითონ კი ღამის გასათევად ერთ-ერთ გამოქვაბულში წავიდა. დილით სენაკში დაბრუნებულს სტუმარმა ჰკითხა: „როგორ გაატარე ღამე ამბა, არ გაიყინე?“ ამბა პიმენმა მიუგო: „არა, ღამე კარგად გავატარე, ერთ გამოქვაბულში შევძვერი და იქ მძინარე ლომი დავინახე. მეც დავწექი და ზურგით მის ფაფარს ჩავეხუტე, ლომის სუნთქვა მთელ გამოქვაბულს აცხუნებდა, გეგონებოდა, ღუმელში ვარო და გაყინვას გადავრჩი“. „არ შეგეშინდა, რომ ლომი შეგჭამდა?“, - ჰკითხა სტუმარმა. „არა, მაგრამ იცოდე, რომ მე ველური მხეცები დამგლეჯენ“. „საიდან იცი ეს?“, - გაუკვირდა კაცს, ამბამ კი უამბო: „ერში მწყემსი ვიყავი, ჩემს ფარას ვაძოვებდი და ერთხელ ჩემმა ქოფაკებმა დაგლიჯეს გზად გამვლელი ადამიანი, შემეძლო, ამ ადამიანს დავხმარებოდი, მაგრამ გულგრილობა გამოვავლინე, მას შემდეგ გამუდმებით ვითხოვ ღვთისაგან, რომ ველურმა მხეცებმა დამგლიჯონ და მჯერა, რომ ღმერთი ამ წყალობას მომანიჭებს“. თუმცა, იმქვეყნიურ ცხოვრებაში ასეთი ადამიანები ყველაზე გამორჩეული ადგილის დამკვიდრებას შეძლებენ.

- წმიდაო მამაო, წმიდა მამათაგან გარდამოცემული ერთ-ერთი წიგნის კომენტარებში წავიკითხე, რომ ცოდვის აღმასრულებელი ადამიანი აუცილებლად უნდა დაისაჯოს, რომ მის მიერ ჩადენილი ბოროტება ზღას.

- არა, ასე არ არის, თუკი ადამიანი ინანიებს, ის აღარ ისჯება, მას ქრისტე შეიწყალებს. წმიდა მამათა წიგნების კომენტარებთან დაკავშირებით დიდი სიფრთხილე გვმართებს, რამდენადაც შესაძლოა, რომ რომელიმე ასეთი „კომენტატორი“, რომელიც თავისთავად ცუდი ადამიანი არც არის, არასწორ განმარტებას გვაძლევდეს. თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ კომენტარების შემდგენელი ყველაფერს სწორად განმარტავს, მაშინ ჯობს, მხოლოდ ის ტექსტები იკითხო, რაც თავად წმიდა მამებს ეკუთვნით. ერთმა კაცმა მითხრა, რომ წინასწარმეტყველი ესაია ხის ხერხით იმისთვის გახერხეს [4], რომ მას კაცთა ცოდვები გამოესყიდა. მაშინ, როდესაც სინამდვილეში თავად წინასწარმეტყველმა სთხოვა ღმერთს, რომ იგი კაცთა ცოდვებისათვის გაეხერხათ და ამ უსაზღვრო სიყვარულმა მოსდრიკა ღმერთი წინასწარმეტყველის სათხოვარის აღსასრულებლად. მაგრამ, რამდენჯერაც გადაატარეს ხერხი წინასწარმეტყველის სხეულს, იმდენი გვირგვინი მიანიჭა მას ღმერთმა. იმისათვის, რომ ცალკეულ საგნებში გაერკვეთ, აუცილებელია, წინასწარ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც მაინც იცოდეთ. აი, ამბა პიმენი, რომელზედაც ახლახანს გიამბეთ, შეძლებდა ესაია წინასწარმეტველის გაგებას, თუმცა, მას განსხვავებული რამ შეემთხვა, რამდენადაც წინასწარმეტველის მსხვერპლი ხალხისთვის იყო გაღებული.

- წმიდაო მამაო, ჩვენს ეპოქაშიც ვხვდებით მსგავს შემთხვევებს?

- დიახ, რა თქმა უნდა, მახსოვს ერთი შემთხვევა, რომელიც ჩემი ფილოთეოსის მონასტერში ცხოვრებისას მოხდა. ერთმა ადამიანმა ღუმელში დაწვა თურქი, რომელმაც მამამისი აკუწა. შემდეგ მან მოინანია, წმიდა მთაზე მოვიდა, ბერად აღიკვეცა და მონაზვნური ღვაწლის აღსრულებას მთელი გულით შეუდგა. თუმცა დღე და ღამე იმას ევედრებოდა ღმერთს, თვითონაც დამწვარიყო. ერთხელ მონასტერში ხანძარი გაჩნდა, იმ დროს მე კელარი ვიყავი. სათლი წყლით გავავსე, სხვებმა - სხვა ჭურჭელი და ხანძრის ჩასაქრობად გავცვივდით. როდესაც ცეცხლი ჩანელდა, ის ბერი დამწვარი ვიპოვეთ. ეს სცენა დღემდე თვალწინ მიდგას... რა მოხდა? ბერს, რომელზედაც გესაუბრებით, მაშინ უკვე ოთხმოცდახუთი წელი შეუსრულდა და სხვა ბერი უვლიდა, თვითონ ის სამოცდათხუთმეტისა იყო. იმ დღეს, მომვლელმა ბერმა იმისათვის, რომ მოხუცისათვის ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა რევმატიული ტკივილები, ფეხები ნავთიანი ტილოთი გაუწმინდა და გახურებულ ღუმელთან დააწვინა. წიფლის შეშამ ღუმლიდან ცხელი ნაკვერჩხალი გამოსტყორცნა, მწოლიარე ბერს ცეცხლი ფეხებზე მოედო, თავად ისიც დაიწვა და მონასტერშიც ხანძარი გაჩნდა. მე ძალიან ამაღელვა მომხდარმა და ვეღარ ვმშვიდდებოდი. მერე კი მოძღვარმა მითხრა: „ნუ განიცდი, ის თავად ევედრებოდა ღმერთს ამას, რათა წარეხოცა თავისი ცოდვები. რაც მოხდა, ღვთის წყალობა იყო.

 

სულიერი კანონები და ღვთის სიყვარული

- წმიდაო მამაო, სულიერი კანონები ყოველთვის დაუყოვნებლივ მოქმედებენ?

- სხვადასხვაგვარად ხდება. ხშირად გაკვირვებაღა დაგვრჩენია. საკმარისია, ადამიანი სულ ოდნავ გაამპარტავნდეს, რომ მაშინვე მარცხი შეხვდება, ანუ სულიერი კანონი ელვისებურად ამოქმედდება. მაგალითად, მონაზონი რეცხავს მინებს. საკმარისია, მან ამპარტავნებით იფიქროს, რომ ეს სხვა დებზე უკეთ გამოსდის და დაუყოვნებლივ რაღაც ემართება, ერთი უხერხული მობრაობა და - მინა ტყდება. მაგრამ სხვა შემთხვევაში სულიერი კანონები მეყსეულად არ მოქმედებენ.

- წმიდაო მამაო, მაშინ, როდესაც სულიერი კანონები დაუყოვნებლად მოქმედებენ, ეს რისი ნიშანია?

- კარგის! ასეთ შემთხვევაში ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ მას ღვთის სიყვარული იფარავს. რამდენადაც იგი თავის ყველა შეცდომას ცალკ-ცალკე ზღავს (და ამიტომ მათი გადახდა ერთად - მომავალ ცხოვრებაში არ მოუწევს). მაგრამ, თუკი რომელიმე ადამიანის ცხოვრებაში სულიერი კანონები არ მოქმედებენ, ეს ძალიან სახიფათოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი - შვილი სრულიად განეშორა ღმერთს - მამას, რომ ის მამის სახლში არ ცხოვრობს. ეს ის ადამიანები არიან, ვისი საქციელიც ყოველთვის ამპარტავნულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არაფერი ემართებათ. ანუ - მათი ამპარტავნება იქამდე მივიდა, რომ ის უკვე ადამიანურიც კი აღარ არის. მან უკვე თავის უმაღლეს მწვერვალს - ეშმაკეულ ამპარტავნებას (სატანურ მდგომარეობას) მიაღწია. ასეთი ადამიანიც ეცემა, მაგრამ ეცემა უკვე მწვერვალის სულ სხვა კუთხიდან. ის პირდაპირ ჯოჯოხეთში ეცემა, ეს ლუციფერისეული დაცემაა, მაგრამ ისინი, ვინც მწვერვალის იმავე მხარეს არ იმყოფებიან, მის დაცემას ვერ ხედავენ. ანუ, ის ადამიანები, რომელთა შესახებაც ახლა ვლაპარაკობდი, სულიერი კანონების ზემოქმედებას ამ ცხოვრებაში არ განიცდიან. მათ მდგომარეობას ყველაზე უკეთ ასახავს მოციქულის სიტყვები: „ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძვირესისა მიმართ, აცთუნებდნენ და სცთებოდიან“ [5].

- წმიდაო მამაო, შესაძლებელია, რომ ადამიანის ხელით შექმნილი რამ გაფუჭდეს იმის გამო, რომ ამ ნივთის შემქმნელი მისით ტკბება?

- დაიხ, იმიტომ, რომ აქ სულიერი კანონები მოქმედებს. ღმერთი თავის მადლს განაშორებს მას და ვიღაც აფუჭებს ამ ნივთს, ხელოვნების ნაწარმოებია ის, თუ - სხვა რამ. ეს იმისათვის ხდება, რომ გონს მოვიდეს იგი, ვინც საკუთარმა ქმნილებამ ამპარტავნებამდე მიიყვანა.

- წმიდაო მამაო, ესე იგი, თუკი ვინმე სხვის გაკეთებულს აფუჭებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სულიერი კანონები მოქმედებენ?

- დიახ, რა თქმა უნდა.

- ისე არ შეიძლება მოხდეს, რომ ადამიანმა გაუფრთხილებლობის ან უვიცობის გამო გააფუჭოს?

- ასე იშვიათად ხდება. ამიტომ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავმდაბლობით იცხოვრეთ. იფიქრეთ იმაზე, რომ ჩვენ საკუთარი არაფერი გვაქვს. ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, ღვთისგანაა ბოძებული. ყველაფერი, რაც გვაქვს, ღვთისაა. ჩვენი საკუთარი - მხოლოდ ცოდვებია. თუკი თავს არ დავიმდაბლებთ, სულიერი კანონები ჩვენთან მიმართებაში გამუდმებით იმოქმედებენ, მანამდე, ვიდრე ჩვენი ეგოიზმი სრულად არ შეიმუსრება. და თანდათანობით ღმერთი ყველაფერს ისე მოაწყობს, რომ ჩვენ იქამდე ვმდაბლდებოდეთ, ვიდრე სიკვდილი არ მოგვისწრებს.

- წმიდაო მამაო, შესაძლებელია, ადამიანი ვერ ხვდებოდეს, რომ მასთან მიმართებაში სულიერი კანონები მოქმედებენ?

- თუკი ადამიანი საკუთარ თავს არ აკვირდება და არ ფრთხილობს, მას არაფერი ესმის და ამიტომ შეწევნასაც ვერ ღებულობს. ის ამ დროს ვერანაირ სარგებლობას ვერ ნახულობს.

- წმიდაო მამაო, ანუ, სულიერი კანონები მხოლოდ მაშინ წყვეტენ მოქმედებას, როდესაც ადამიანი მდაბლდება?

- დიახ, ძირითადად ისინი აღარ მოქმედებენ მაშინ, როდესაც ადამიანი სიმდაბლეს მიაღწევს, ანდა მაშინ, როდესაც მას უკვე აღარაფერი მოეკითხება. ერთ მაგალითს მოგიტან: ერთი ქალი გამუდმებით სცემდა ქმარს, ის კი ვერსად ვერაფერს ამბობდა, იმიტომ, რომ მასწავლებელი იყო და რეპუტაციას უფრთხილდებოდა. მაგრამ, მასთან დაკავშირებით ამოქმედდა სულიერი კანონები. ამ კაცს მამა ბავშვობაში გარდაეცვალა, ქვრივი დედა მცირე პენსიას ზოგავდა, რომ შვილს ესწავლა და მასწავლებელი გამხდარიყო. ის კი მადლიერების სანაცვლოდ სცემდა დედას. რა საშინელება გადაიტანა ამ საბრალო ქალმა! როდესაც ბიჭი გაიზარდა და დაქორწინდა, ღმერთმა დაუშვა და ცოლმა მას ცემა დაუწყო. ღმერთმა ეს იმისათვის დაუშვა, რომ მას თავისი ცოდვები ეზღა. მაგრამ იცით, შემდეგ რა მოხდა? ეს კაცი მოკვდა და მისმა შვილმა ცემა დაუწყო მის ქვრივს, ანუ - დედამისს. ამგვარად ქალმაც გამოისყიდა თავისი ცოდვები. როდესაც ბიჭი გაიზარდა, დაოჯახდა. გოგონა რომელიც მან შეირთო, არა მხოლოდ სცემდა მას, არამედ მთლად დალაგებული ვერ იყო და თან მღეროდა ხოლმე: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი...“ ხედავთ, როგორ მოაწყო ყველაფერი ღმერთმა, იმისათვის, რომ ამ ადამიანსაც ეზღა თავისი ცოდვები? თუმცა ამის შემდეგ სულიერმა კანონებმა მათთან დაკავშირებით მოქმედება შეწყვიტა, იმიტომ, რომ მის უბედურ შეშლილ ცოლს არაფერი მოეკითხებოდა.

- წმიდაო მამაო, თუკი ადამიანი ცოდვით დაეცა, მაგრამ წუხს და ნანობს მომხდარს, ის მაინც ამგვარად გამოისყიდის თავის სულიერ ვალს - ცოდვას?

- ის ღვთის წინაშე საკუთარ მოვალეობას აცნობიერებს, თუ ეგოისტურ მწუხარებას განიცდის? თუკი თავისი მოვალეობა აქვს გაცნობიერებული, მაშინ თავის დაცემის საზღაურს აღარ იხდის. მაგრამ, თუკი ეს ყველაფერი გაცნობიერებული არ აქვს, მაშინ ღმერთი უშვებს, რომ ყოველივე ზღას. მაგალითად, ქრისტიანი მოვალეა, რომ სხვებს მოწყალებას აძლევდეს. თუკი გულქვა ადამიანი მოწყალებას არ გასცემს, არამედ აგროვებს და აგროვებს ფულს. მას თავს დაესხმიან მძარცველები, სცემენ, ფულს ართმევენ და ის ამგვარად იხდის თავისი ცოდვების საზღაურს. თუ ჩვენ სულიერი ვალი გვადევს, მაგრამ ამქვეყნიურ ცხოვრებაში მას არ ვიხდით, ეს ძალიან ცუდის ნიშანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა მიგვატოვა. ხოლო, თუ ადამიანი არ ისჯება და ამავე დროს გამუდმებით კურთხევას იღებს ღვთისაგან, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ მან რაღაც კეთილი საქმე აღასრულა და ქრისტე ამ კეთილი საქმისათვის აჯილდოებს მას და ორმაგად და სამმაგად მიუზღავს - ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ცხოვრებაში. თუმცა თავისი შეცდომებისათვის ეს ადამიანი არ ზღავს და თავისთავად ესეც ცუდია. ვთქვათ მე რაღაც სიკეთე ათი პროცენტით შევასრულე, ქრისტე ამისთვის ოცი პროცენტით მაჯილდოებს და მე არც ვწუხვარ რამეს და არც რამე მადარდებს. მაგრამ ამავე დროს, ჩემი ცოდვების საზღაური გადახდილი არ მაქვს.

როგორც წმიდა ისაკ ასური ამბობს, ამ ცხოვრებისეული უბედურება ჯოჯოხეთის სატანჯველს ამცირებს [6]. ანუ, მსგავს შემთხვევაში ადამიანზე სულიერი კანონების ზემოქმედება იწყება და ჯოჯოხეთის სატანჯველი ნაწილობრივ მაინც დაიხსნება.

 


[1] - ლუკ. 18, 14; ასევე მათ. 23,12.

[2] - შეად. მათ. 26, 52.

[3] - ნახ. ნეტარი იოანე მოსხი - ლიმონარი.

[4] - წმიდა წინასწარმეტყველ ესაიას ცხოვრება.

[5] - 2 ტიმ. 3,13.

[6] - წმიდა ისაკ ასურის „სამოღვაწეო სიტყვა“.